ყირიმის ხიდის აფეთქება, რუსეთის მარცხი ფრონტზე და „ნაწილობრივი მობილიზაცია“ – სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას აჩენს კრემლისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ; რუსეთში იზრდება ეჭვი, შეუძლია თუ არა პუტინს მიაღწიოს უკრაინის დაპირებულ „დენაციფიკაციას“; ისმის ბრალდებები სპეცსამსახურებისა და თავდაცვის უწყებისადმი – ამან კი შესაძლოა პუტინის რეჟიმი სერიოზულად შეარყიოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).
ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო წარუმატებლობასთან და „ნაწილობრივი მობილიზაციის“ პრობლემებთან ერთად, ომის მომხრე ნაციონალისტური საზოგადოების მხრიდან, უკვე კრემლისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირდაპირ კრიტიკას იწვევს.
„ზოგიერთმა სამხედრო ბლოგერმა ტელეგრამში გააკრიტიკა პუტინი იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო პირდაპირი რეაგირება მნიშვნელოვან მოვლენებზე და დასძინა, რომ რთულია პუტინის გარშემო გაერთიანება, როდესაც მისი ძალაუფლება საიდუმლოებებს ეყრდნობა.
სხვებმა აღნიშნეს, რომ პუტინი მუდმივად უყურადღებოდ ტოვებდა ისეთ ინციდენტებს, როგორიც იყო „მოსკვას“ ჩაძირვა ან „აზოვსტალის“ მებრძოლების გაცვლა. ზოგიერთმა სამხედრო ბლოგერმა ისიც კი განაცხადა, რომ პუტინმა შური უნდა იძიოს ქერჩის ხიდის აფეთქების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიჩუმე „სისუსტედ“ აღიქმება.
ამ საზოგადოების მხრიდან პუტინის პირდაპირი კრიტიკა უპრეცედენტოა. სამხედრო ბლოგერები და ნაციონალისტური ჯგუფები პუტინის მიზნებს ღიად უჭერენ მხარს და ამ დრომდე წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სამხედრო მეთაურობას ან თავდაცვის უწყებას აკისრებდნენ,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
როგორც ISW-ი აღნიშნავს, ომის მომხრეთა ბანაკისგან ასეთი კრიტიკა შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ ამ საზოგადოებას უკვე ეჭვი ეპარება – შეუძლია კი პუტინს უკრაინის „დენაციფიკაციის“ დაპირების შესრულება.
ინსტიტუტის ცნობით, რუსი ნაციონალისტების, პროპაგანდისტებისა და ჩინოვნიკების სხვა ნაწილი უკრაინაში მარცხში სპეცსამსახურებსა და თავდაცვის უწყებას ადანაშაულებენ, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე შესაძლოა შეარყიოს პუტინის რეჟიმი.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიტიკის ფონზე, პუტინი სამხედრო მეთაურების გადაადგილებას განაგრძობს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა მათზე გადაიტანოს.
„კრემლმა განაცხადა, რომ არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა საკუთარ თავზე აიღო მთელი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეთაურობა. ომის მომხრეთა ნაციონალისტური საზოგადოება სუროვიკინის დანიშვნას ენთუზიაზმით შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ თავისი სისასტიკით ცნობილი სუროვიკინი საკმარისი იქნება ომის ტრაექტორიის შესაცვლელად.
პუტინს არ შეუძლია იმ ერთადერთი რამის გაკეთება, რასაც მისგან ელექტორატი მოითხოვს – ომის მოგება. უმაღლესი მეთაურების გადაადგილება ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან უშლის ხელს რუსეთის ოპერაციას, ლოგისტიკას, თავდაცვის წარმოებას და მობილიზაციას. „განტევების ვაცები“ კრიტიკას პუტინს მხოლოდ დროებით ააცილებენ,“ – მიიჩნევს ISW-ი.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პუტინის პრობლემებს ვერც ვითარების ესკალაცია გადაჭრის, იქნება ეს ჩვეულებრივი თუ ბირთვული:
„თუ პუტინი მართლაც მზად იქნება გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ, ის ამით მხოლოდ დროებით შეაჩერებს უკრაინელთა კონტრშეტევას. ასეთი შეტევები არ მისცემს საშუალებას რუსეთის არმიას, დაიპყროს უკრაინა და მიაღწიოს თავის მიზნებს, რომლებსაც მისგან რუსი ნაციონალისტები მოითხოვენ.“
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
- უკრაინის ძალები შევიდნენ სტელმახოვკაში და განაგრძობდნენ წინსვლას აღმოსავლეთში ლუგანსკის ოლქის მიმართულებით;
- რუსეთის არმია წარუმატებლად უტევდა ბურდაკოვს, ხერსონის ოლქისა და რუსეთის საზღვრებთან და ტერნოვს, ლიმანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით;
- უკრაინული წყაროების ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდეევკის რაიონებში, უკრაინის არმიამ მტრის 30-მდე შეტევა მოიგერია;
- წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის ძალების შეტევა დონეცკის სამხრეთ-დასავლეთში;
- რუსეთის არმიამ ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კვარტალებს;
- უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს საკუთარი ოჯახები ხერსონის ოლქიდან – ყირიმში, სტარობელკიდან კი ლუგანსკში გადაჰყავთ.






