მთავარი,სიახლეები

„პუტინს ახლა მხოლოდ 3 გზა დარჩა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

07.10.2022 • 1755
„პუტინს ახლა მხოლოდ 3 გზა დარჩა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„დიდი აჯაფსანდალია რუსეთის გენერალურ შტაბში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სამხედრო მობილიზაციის პროცესს აკვირდება რუსეთში. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს დაზამთრების იმედი აქვთ: „ორ თვესაც მაგიტომ იძახიან, მობილიზებულები რომ შეიყვანონ ფრონტის ხაზზე“, ამასობაში კი, უკრაინელებს კონტრშეტევის კარგი ტემპის პარალელურად, ახალი აღჭურვილობაც მიუღიათ დასავლეთიდან.

„ეს ახალი ჭურვი ფეთქდება გარკვეულ სიმაღლეზე – თუ სანგარი გადახურული არ არის, ქვეითი ვერ იქნება დაცული ნამსხვრევებისგან,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და ხსნის, როგორ იხევენ რუსები სწრაფად ხერსონის მიმართულებაზე: „მუდმივად არიდებენ თავს ალყაში ბრძოლას და ცდილობენ დატოვონ საფრთხის შემცველი ტერიტორია“ – შენიშნავს იგი და აღწერს, როგორ გამაგრდნენ რუსები ამჯერად წინასწარ გამზადებულ თავდაცვით რაიონებში.

რა იქნება ახლა? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, გვითხარით, რა არის ბარიერი, რის გამოც უკრაინელებს უწევთ წარმატებული კონტრშეტევის შეჩერება? – ოქტომბრის დასაწყისიდან ხერსონის ოლქში დაახლოებით 400 კმ 2 ტერიტორია გაათავისუფლეს უკრაინელებმა.

ეს არაა შეჩერება, შენელებაა მხოლოდ. გრძელდება შეტევები სხვადასხვა ინტენსივობით. შენელების უმთავრესი მიზეზია გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლი, ამ დროს საჭიროა მეორე ეშელონების და რეზერვების შემოყვანა, საკომენდანტო საათის შემოღება და ასე შემდეგ. გარკვეული წარმატების შემდეგ საჭიროა ამ წარმატების გამყარება.

მეორე ფაქტორია ის, რომ ფრონტის სიგანე მცირდება და რუსებს შედარებით უადვილდებათ წინააღმდეგობის გაწევა, ანუ ისინი ზრდიან კონცენტრაციას. მოგეხსენებათ, ადრე თუ 1000 კილომეტრზე იყო გადაჭიმული 100-ათასიანი დაჯგუფება, ახლა ეს სიგრძე მცირდება, რაც საშუალებას აძლევს რუსებს შეამჭიდროვონ დაცვითი წყობა.

არის ბუნებრივი ფაქტორიც: თავსხმა წვიმები ნაადრევად დაიწყო და ამან საკმაოდ გაართულა შეტევაში მყოფი დანაყოფების სიჩქარე… გააჩნია, როგორი იქნება შემდგომი დინამიკა, შესაძლებელია, შეტევები განაგრძო, რომ ტემპი არ დაკარგო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე იღებ ტაქტიკურ, ან ოპერატიულ პაუზას, რათა შეძლო გადაჯგუფება, დამატებით ძალების შემოყვანა, გეგმების შეცვლა, რაც  ჩვეულებრივი მოვლენაა.

  • „უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ის ლუგანსკის ოლქში გრძელდება“ – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვითარებას უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე. თქვენ რა შემთხვევაში ელოდებით ამ კონტრშეტევის კულმინაციას?

თუ სამხედრო ხელოვნებას სწორად მივყვებით და სწორად იქნება გადანაწილებული საბრძოლო საშუალებები, ეს კულმინაცია წესით არ უნდა დადგეს და მას თავი უნდა აარიდოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რაც, მაგალითად, ვერ შეძლეს რუსებმა. თქვენთან ინტერვიუებში გამოვთქვამდი მოსაზრებას, რომ რუსები ლისიჩანსკის აღების შემდეგ აიღებდნენ ოპერატიულ პაუზას, ეს იყო ლოგიკური იმისთვის, თავი დაეღწიათ კულმინაციის წერტილისთვის. ეს არის წერტილი, როდესაც თავდაცვაში მყოფი დანაყოფი ვეღარ აგრძელებს თავდაცვის განხორციელებას და შეტევაში მყოფი დანაყოფი ვერ აგრძელებს შეტევას. ოპერატიული და ტაქტიკური პაუზა არსებობს იმისთვის, არ მიხვიდე კულმინაციამდე, არ გამოიფიტო და ბოლო ამოსუნთქვამდე მისვლა.

არ აიღეს რუსებმა ეს ოპერატიული პაუზა და ამიტომაც მივიდნენ ამ მდგომარეობამდე: ვეღარ განაგრძობენ სრულფასოვან შეტევას მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ მინიმალურად გადაადგილდებიან ბახმუტის მიმართულებით.

  • უკრაინელების კონტრშეტევას როგორ დაახასიათებდით, რა სახის წარმატება მოიპოვეს ამ ეტაპზე? 

ჯერჯერობით ეს არის ტაქტიკური წარმატება ხერსონის მიმართულებით, ხარკოვის მიმართულებით კი, უკრაინამ მოიპოვა ოპერატიული დონის წარმატება, ვინაიდან ხარკოვის ოლქი გათავისუფლდა და ინიციატივა გადავიდა მთლიანად უკრაინელების მხარეს, უკვე ლუგანსკის მიმართულებაზე არიან მისულები.

  • ტაქტიკური წარმატება რას გულისხმობს? 

ტაქტიკური წარმატება ოპერატიული წარმატებისგან განსხვავდება მასშტაბით, დროით და მიღებული შედეგით. ოპერატიული წარმატება ფართომასშტაბიანია და ამ დროს რადიკალურად იცვლება ვითარება, დაპირისპირების ხასიათი.

  • რუსი პროპაგანდისტები პირდაპირ ეთერში საუბრობენ გარკვეულ მარცხზე და ასევე აცხადებენ, რომ 2 თვე სჭირდებათ ვითარების შესაცვლელად, ანუ ახალი გამარჯვებისთვის. ამ ორ თვეში რას გადაათამაშებენ რუსები არმიაში, რაც უკრაინისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს, მათივე გადასახედიდან?

რუსები 2 თვეს იძახიან იმიტომ, რომ გათვლა აქვთ ზამთარზე, უნდათ, რომ ტემპი შენელდეს და მობილიზებული ძალები შეიყვანონ. საუბარია 200 ათას სამხედრო მოსამსახურეზე, რომელსაც, მიუხედავად დაბალი ხარისხისა, შეუძლია, გააძლიეროს თავდაცვა. ეს ძალები შეტევისთვის ნაკლებად ვარგისია, მაგრამ ამით რუსებს შეუძლიათ გაზარდონ თავდაცვის სიმჭიდროვე და სიღრმე.

პუტინს ახლა მხოლოდ 3 გზა დარჩა: ეს არის რეზერვისტების სრულად შეყვანა უკრაინაში, ბელარუსის ჩართვა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, რასაც იმედია, ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთში და ვერ გამოიყენებს. თუკი ომის დასაწყისში მიმაჩნდა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის 100-დან 3 პროცენტზე ნაკლები, ახლა ეს არის დაახლოებით 20 – 25 პროცენტი.

  • თქვენი დაკვირვებით, გაგრძელდება რუსების უკან დახევა? „აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ „რუსეთის არმია იძულებული გახდა ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვრიდან ბერისლავის რაიონისკენ დაეხია უკან“, ასევე: „უკრაინელთა კონტრშეტევა ხელს უშლის რუსებს, მოწინავე პოზიციებზე გადაისროლონ დამატებითი საბრძოლო მასალები, რეზერვები და მობილიზებული სამხედროები“.

რუსები იხევენ უკან, ამცირებენ თავდაცვის გადაჭიმულობას და უჭირთ თავდაცვის ორგანიზება. რეალურად, ამ შემადგენლობით რუსებს შეუძლია მხოლოდ 300 – 400 კილომეტრამდე სრულად თავდაცვითი ზოლის ორგანიზება.

ახლა მიდის ბრძოლები დუჩასთან, სადაც უკრაინელები ცდილობენ მორიგი რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევას. რუსები მუდმივად არიდებენ თავს ალყაში ბრძოლას და ცდილობენ მაქსიმალურად დატოვონ საფრთხის შემცველი ტერიტორია. შიში აქვთ, რომ ალყაში მოხვედრილ დანაყოფებს ვერ მიეხმარებიან, ალყაში მოქცეულებიც ვერ გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით და ტოვებენ ტერიტორიას. იმის გამო, რომ შეამცირეს თავდაცვის გადაჭიმულობა და დაიხიეს უკან, უკვე გამაგრდნენ წინასწარ გამზადებულ თავდაცვით რაიონებში. ვნახოთ შემდეგი დინამიკა, როგორი იქნება.

  • რაზე მოუწევს რუსებს პრიორიტეტის მინიჭება, როცა ორი მიმართულებაა: დონბასი და ხერსონი-ზაპოროჟიე? 

დიახ, რუსეთი დილემის წინაშეა: მას შეუძლია დაიცვას დონეცკი-ლუგანსკი, ან ხერსონი-ზაპოროჟიე, ორივეს თანაბრად დაცვა პრობლემაა და ორივე მიმართულებით შეტევების განხორციელება ასევე უჭირს უკრაინასაც.

ასევე უკრაინისთვის და რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულება, ვიდრე ზოგადად დონბასი.

აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო მიუახლოვდებიან უკრაინელები დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებს, უფრო და უფრო დიდი წინააღმდეგობა დახვდებათ: ადგილობრივ მოსახლეობას უკან დასახევი გზა აღარ ექნება და ასევე: უკრაინელებს მოუწევთ ბრძოლა იქ წინასწარ მომზადებულ თავდაცვით პოზიციებთან, რასაც ომის დაწყებამდე, რვა წლის განმავლობაში აშენებდნენ ლუგანსკელები.

რუსებისთვის კი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მოიგონ დრო და მოასწრონ მობილიზებულების შეყვანა ფრონტის ხაზზე.

  • ზამთრის პირობებში რა პირობებში შეიძლება გაგრძელდეს ომი? 

ამ ეტაპზე სტრატეგიული უპირატესობა არის უკრაინელების ხელში და დღეს უკრაინელები ირჩევენ დარტყმის მიმართულებას, დარტყმის მეთოდს და დროს. ეს სურათი არა მგონია, შეიცვალოს, თუმცა ტემპი შენელდება. გასათვალისწინებელია ცუდი ამინდი, როდესაც სუ 25-ები ვერ დაფრინავენ, გადაადგილება რთულია. სავარაუდოა, რომ უკრაინას შეექმნება გადაადგილების სირთულეები შეტევის დროს, რუსულ დანაყოფებს კი, მომარაგების სირთულეები შეექმნებათ, გააჩნია გზების მდგომარეობას. შესაბამისად, ეს დაპირისპირება ზამთარში მიიღებს უფრო სტატიკურ ხასიათს.

რუსეთს ასევე აქვს გათვლა, რომ ზამთარს და ენერგორესურსების თემას გამოიყენებს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად.

  • ამ ტემპით, რაც აქვთ უკრაინელ მებრძოლებს, რა პერსპექტივას ხედავთ? 

ლიმანის გათავისუფლებას დასჭირდა დაახლოებით 3 კვირა. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ქალაქი იქნება ამ გზაზე? გახსოვთ ალბათ ზოგიერთი ქართველი მებრძოლის გზავნილი, ოქტომბრამდე ხერსონს დავიბრუნებთო, მესმის მათი საბრძოლო სულისკვეთების, მაგრამ ასე ადვილად არ გამოდის. უკრაინელებმა შეძლეს 20 კილომეტრით წინ წაწევა, თითოეული სანტიმეტრით წინ წაწევა უკრაინისთვის უზომოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ გასათავისუფლებელი ძალიან ბევრია.

ინიციატივა უკრაინელების ხელშია, მაგრამ უკრაინა ჯერ კიდევ არ არის იმ კონდიციაში, რომ ფართომასშტაბიანი, ოპერატიული კონტრდარტყმა განახორციელოს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებზე ერთდროულად. დარტყმები იქნება, ჯერ-ჯერობით ეს პროცესი გრძელდება კიდეც და უკრაინა წარმატების შესაბამისად შეცვლის დარტყმის მიმართულებასაც. თუ დაინახავს, რომ აქვს ხელშესახები წარმატება ხერსონის მიმართულებით, მთავარი მიმართულება გახდება ხერსონი-ზაპოროჟიე.

  • უტინზე საუბრის დროს ერთ-ერთ გამოსავლად ახსენეთ ბელარუსია. გამოვა ბელარუსის ამ ომში იმ ფორმით ჩართვა, როგორც ეს რუსეთს წარმოუდგენია? 

ეს იქნება საშუალება, რომ მინიმუმ მიაჯაჭვოს უკრაინული ძალები რუსეთმა ბელარუსის საზღვარს…. შესაძლოა, ბელარუსის ძალები არ იყოს გადამწყვეტი, არც მოტივაციით, არც ბრძოლისუნარიანობით, თანაც, უკრაინელები აძლიერებენ თავდაცვის რაიონებს ბელარუსის მიმართულებაზე და ეს იოლი არ იქნება. არაა გამორიცხული, სამხედრო ძალების ამ მიმართულებაზე დაკავების გარდა, იყოს ტაქტიკური დარტყმები ჩრდილოეთის მიმართულებიდან, უკრაინას რომ გადაუჭრან რუსებმა დასავლეთიდან მომარაგება.

იმედი მაქვს, რომ ლენდ-ლიზის მიღება სხვა შესაძლებლობას მისცემს უკრაინას. როგორც იცით, დამატებით ახალი ჰაიმარსები გადასცეს: ჰაიმარსებით უკრაინელებმა რუსებს 400-ზე მეტი რუსული სამიზნე გაუნადგურეს, მართვის პუნქტები, საწყობები, თუმცა ეს ჯარების თავმოყრის რაიონების და საცეცხლე ბატარეების წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია, დიდ ფართობზე არ იშლება და უფრო წერტილოვანი დარტყმებისთვისაა გამოსადეგი.

იგეგმება M30A1 -ის, ანუ ალტერნატიული ქობიანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, მიაწოდეს კიდეც. აქამდე ამერიკელებს ჰაიმარსებისთვის ჰქონდათ კასეტური რაკეტები – M 26, ერთ რაკეტაში იყო დიდი რაოდენობით მცირე ზომის ბომბი და ზალპი 2.5 კვადრატულ კილომეტრს ფარავდა ფაქტობრივად. მათ ერაყში გამოსცადეს ეს იარაღი და გამოჩნდა, რომ ყველა ჭურვი არ ფეთქდებოდა. ეს საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას, ასევე საკუთარ ჯარებს შეტევის დროს, ხოლო M30A1 -ებს კი, აქვთ სპეციალური გარსი, რომელიც 180 ათას ნამსხვრევავდ იშლება და ფარავს თითქმის იგივე ტერიტორიას, რასაც ერთი კასეტური ჭურვი. ეს 4 ფეხბურთის სტადიონის ზომის ტერიტორიაა.

იგეგმება M30A1 -ის, ანუ ალტერნატიული ქობიანი რაკეტების მიწოდება, შესაძლოა, მიაწოდეს კიდეც. აქამდე ჰაიმარსებისთვის ჰქონდათ კასეტური რაკეტები – M 26, ერთ რაკეტაში იყო 7700 ცალი ჭურვი და 2.5 კილომეტრს ფარავდა ფაქტობრივად, მაგრამ ერაყში გამოცადეს ეს იარაღი და გამოჩნდა, რომ ყველა ჭურვი არ ფეთქდებოდა. ეს საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას, ასევე ჯარებს შეტევის დროს, ხოლო M30A1 -ებს კი, აქვთ სპეციალური გარსი, რომელიც 180 ათას ნამსხვრევად იშლება და ფარავს იგივე ტერიტორიას, რასაც ერთი კასეტური ჭურვი. ეს 4 ფეხბურთის სტადიონის ზომის ტერიტორიაა.

გარდა ამისა, ეს ჭურვი ფეთქდება გარკვეულ სიმაღლეზე – თუ სანგარი გადახურული არ არის, ქვეითი ვერ იქნება დაცული ნამსხვრევებისგან. შესაბამისად, ეს დამატებით ახალი ძალაა უკრაინული შეიარაღებული ძალებისთვის.

  • ამ სიახლის გარდა, უკრაინის სატანკო პარკის ნახევარი უკვე ბრძოლაში მოპოვებული რუსული ტანკებია. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელებმა, სავარაუდოდ 440 რუსული საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანმანქანა მოიპოვეს.

ბუნებრივია, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დანაკარგები. რუსებს თანამედროვე ტანკების რაოდენობა ნამდვილად შეუმცირდათ. გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსებმა დაიწყეს T 90-ების წარმოება, მაგრამ ამ წარმოებას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა, რაც არ აქვთ: ნავიგაციის სისტემა, დამიზნების საშუალებები. ეს თუ არ ექნება თანამედროვე ტანკს, მაშინ ეს იგივე T 34 გამოდის.

  • ამ თემას გავაგრძელებ: დაახლოებით 500-მა მობილიზებულმა თქვა, რომ მათ მისცეს იარაღი, მაგრამ მიატოვეს ისე, რომ საკვების ყიდვაც კი პირადი დანაზოგებით უწევთ. რით აიხსნება ასეთი ქაოსი მობილიზაციის პროცესში? ასევე, უკრაინული მხრის თქმით, თბილი ტანსაცმელი და ჯავშანჟილეტები სურდა რუსეთს თურქეთისგან ეყიდა, მაგრამ მას უარი უთხრეს. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს შემოსოს მობილიზებულები?

რუსეთს მობილიზებულებისთვის საწყობი და მომარაგების ბაზები აქვს ურალს იქეთ, ციმბირისკენ, იქიდან მომარაგების ჩამოტანას დრო დასჭირდება. ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანი იქნება ეს მომარაგება, თანამედროვე შეიარაღება და ზამთრის აღჭურვილობა ერთ კაცზე ჯდება 10 ათასი დოლარი, ვგულისხმობ ჯავშანჟილეტის, ჩაფხუტის, ავტომატის ჩათვლით. რუსულ მედიაში იყო ინფორმაციაც, რომ მილიონ-ნახევარი სამხედრო კომპლექტი დაიკარგა.

რუსეთმა დაახლოებით 2 კვირაში მოაგროვა ეს 200 ათასი კაცი, ძალიან სწრაფად მოუყარეს ხალხს თავი და ამიტომაც გამოჩნდა ეს ხარვეზები. ეჭვი მაქვს, რომ ამას მაინც დაალაგებენ, რადგან ასე თუ ისე რუსეთში მობილიზაცია მუშაობდა.

  • რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დანიშნა – გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდ ჟურავლიოვი შეცვალა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის და რა იცით ამ გენერლის შესახებ?

იმდენჯერ შეცვალეს უკვე ეს მეთაურები და იმდენად არაფრისმთქმელი გვარებია, აღარც ვითვლი, გაუთავებელი ცვლა მიდის გენერლების. ზოგადად დიდი აჯაფსანდალია რუსეთის გენერალურ შტაბში. იქ უკვე მხოლოდ პუტინი იღებს გადაწყვეტილებებს და თვითონ აყენებს აქეთ-იქით ხალხს. აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული ამბები ხდება.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ, უშველის პუტინს „ზამთრის ეფექტი“? 

მე მგონია, რომ შეაფერხებს უკრაინელების კონტრშეტევას და ერთგვარად ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა.

ჩემი აზრით, მომავალი გაზაფხულისთვის გამოჩნდება გარდატეხა, რის ნიშნებიც ახლა უკვე ჩანს და ვამბობდი კიდეც, რომ სექტემბრისთვის გამოჩნდებოდა ეს. ვადებში დაემთხვა ის, რასაც აქამდე ვამბობდი. ღმერთმა ქნას, ამჯერად მე შევცდე და ერთ თვეში დასრულდეს ყველაფერი უკრაინის სასიკეთოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: