მთავარი,სიახლეები

გამოჩნდა, რომ მკაცრი კანონი არ იღებს შედეგს – ინტერვიუ მოზარდების ლიბერალურად დასჯაზე

08.10.2022 • 980
გამოჩნდა, რომ მკაცრი კანონი არ იღებს შედეგს – ინტერვიუ მოზარდების ლიბერალურად დასჯაზე

მოზარდებში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნების დასჯის კუთხით ლიბერალური მიდგომები ამოქმედდა – განრიდება პატიმრობის ნაცვლად. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 2016 წლიდან მოქმედებს.

პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის ჯამური მაჩვენებელი იყო 665 [აქედან 203 შემთხვევაზე დევნა დაიწყო, ხოლო 462 განრიდება გაფორმდა]. 2017 წელს – 746, 2018 წელს – 848, 2019 წელს – 813… კოდექსის ამოქმედებამდე კი, მაგალითად, 2013 წელს არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის 907 შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წელს – 696, 2015 წელს – 669. 

რას აჩვენებს ეს ციფრები და რეალურად რა გამოწვევის წინაშე დგანან მოზარდები, როცა კანონი ძირითადად მათი განრიდებით დასჯით შემოიფარგლება? – ამ თემაზე საუბარი ვთხოვეთ დანაშაულის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მოზარდებთან მუშაობენ, თუმცა კომენტარი ვერ მივიღეთ. საუბარზე უარი გვითხრეს შსს-ში, სადაც ამ კუთხით სპეციალიზებული სამართალდამცველები მუშაობენ.

„ბათუმელები“ ეკა ბესელიას ესაუბრა, რომელიც „არასრწულოვნების მართლმსაჯულების კოდექსის“ მიღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო პარლამენტში. ამჟამად იგი არასამთავრობო ორგანიზაციის „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

  • ქალბატონო ეკა, თქვენთვის რას აჩვენებს არასრულწლოვანთა დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა – ლიბერალური მიდგომების ამოქმედების შემდეგ კლება არ არის, თუმცა არც გაზრდილა მაჩვენებელი. 

„არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიღება იყო უდავოდ პროგრესული გადაწყვეტილება, ეს არის დემოკრატიის სტანდარტი და აუცილებელი ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მსგავსი პოზიტიური შეფასებები ჰქონდათ მაშინ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებს აქვთ განსხვავებული მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ: ეს უნდა იყოს ჰუმანური, ლიბერალური მიდგომა, განსხვავებული მართლმსაჯულება.

გამოჩნდა ამ სტატისტიკით ის, რომ ეს მიდგომა არის სწორი და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა არ იღებს კარგ შედეგს არცერთი მიმართულებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც ჩანს, ეს მაინც უნდა გვაშფოთებდეს, რადგან ტენდენცია უნდა იყოს შემცირებისკენ. კლება ნიშნავს, რომ რეფორმა მუშაობს, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება.

იყო კიდეც მოლოდინი, რომ შესაძლოა გარკვეულ მომენტში მომატებულიყო ეს მაჩვენებელი და შემდეგ იქნებოდა კლება, მაგრამ რეფორმა არ არის და ვერ იქნება მხოლოდ ერთი შეცვლილი კანონი – მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვლა ვერ გამოიღებდა შედეგს.

  • რა არის სხვა ფაქტორები, რის გამოც რეფორმას არ აქვს უფრო პოზიტიური შედეგი? 

პირველ რიგში, ეს არის განათლების სისტემა, ეს მოზარდები ხომ სკოლის მოსწავლეები არიან, სკოლაში ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. აი, რა შეიცვალა კონკრეტულად კანონში კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის?

მნიშვნელოვანია ასევე თვითმმართველობის როლი, სხვადასხვა აქტივობაში მოზარდების ჩართვა, მათი ცხოვრების წესი, სოციალური გარემო. ყველაფერი გასათვალისწინებელია, რაც ხელს უწყობს მოზარდს გარდატეხის ასაკში სოციუმთან ადაპტირებას.

  • მიგაჩნიათ, რომ დასავლური პრაქტიკის მსგავსად, თუკი  მოზარდებს ექნებათ რეალიზების სხვა შესაძლებლობა, მაგალითად, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტადიონი, საცურაო აუზი, გასართობი სივრცე, დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი შემცირდება? 

რა თქმა უნდა, ეს იმუშავებს ყველაზე კარგად. ჩვენი რეფორმის ნაკლი არის ის, რომ რეფორმა არ არის კომპლექსური პროცესი. როცა კანონმდებლობას არბილებ, მეორე მხრივ, მას უნდა ახვედრებდე შეცვლილ, გაუმჯობესებულ გარემოს. მხოლოდ კანონის შეცვლა გამოსავალი არ არის. ამ საკანონმდებლო ცვლილებას კი არ მიჰყვა ის ფაქტორები, რაც განაპირობებს არასრულწლოვნის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე ხელის აღებას. ამიტომაც, არ გვაქვს ჩვენ დღეს სახარბიელო სურათი.

როცა ვიღებდით ამ კანონს, იყო დისკუსია, რომ ამას სჭირდებოდა შესაბამისი პირობების შეცვლა. ყველა დანაშაულის ჩადენას აქვს თავისი მიზეზები და აქაც ეს იყო სოციალური, ფსიქოლოგიური ფაქტორები. მაგალითად, მიტოვებული ბავშვები ბებია-ბაბუას ამარა, მშობლები უცხოეთში, მათ აკლდათ და ახლაც აკლიათ ზრუნვა, ძალიან რთული სოციალური გარემოა მათ ირგვლივ, ვიცით, რომ ბავშვებზე გავლენა შედარებით იოლია…. ცხადია, ამ რისკებს სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

  • სტატისტიკის მიხედვით, არასრულწოვანთა კოდექსის ამოქმედების შემდეგაც, ყველაზე გავრცელებული დანაშაული მოზარდებში ისევ ქურდობაა. როცა ჟღერდება ქუჩაში მანქანის დამტვრევის, ან სხვა შემთხვევების შესახებ, ხშირად აქტიურდება პოზიცია, რომ საჭიროა კანონის გამკაცრება. 

რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება არაა გამოსავალი. როცა არასრულწლოვანს უშვებ ციხეში, მიიღებ ჩამოყალიბებულ, სრულწლოვან კრიმინალს. ასე რომ, ამის დაშვება არანაირად არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამას სხვა მეთოდებით: განათლებით, სოციალური, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით.

მანქანებს რაც შეეხება და ქურდობას – ამოქმედდა სქემა, როცა სრულწლოვნები იყენებენ არასრულწლოვნებს ბრმა იარაღად, რადგან იციან, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებენ. აქაც შესაბამისი ინფორმაციის მიტანა საჭირო არასრულწლოვნამდე შესაბამისი ფორმით, რომ მას იყენებენ და რამდენად ცუდია ეს მისთვის.

აქ გამოძიებაც სხვაგვარად უნდა მუშაობდეს, უნდა გადიოდნენ კვალზე და გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ არასრულწლოვნებს.

  • რა იყო მოტივაცია 2015 წელს, როცა ამ კანონის მიღებას დათანხმდა მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობა? 

მაშინ არ იყო ასე ღია და აგრესიული ზურგშექცევა ევროსაბჭოს და ევროკავშირის მიმართ. იმ პერიოდში ჩვენ ვდგამდით რეფორმისტულ ნაბიჯებს და არაერთი დასავლური გამოცდილება გავიზიარეთ… ამ დროს გვქონდა პროგრესული ხედვა და ტემპიც, რომ წინ გვევლო.

  • „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ ამოქმედების წელს, ანუ 2016 წელს დაფიქსირდა არასრულწლოვნების მხრიდან ჯამურად დანაშაულის ჩადენის 665 შემთხვევა. 2017 წელს – 746, 2018 წელს – 848, თუმცა ამ კანონის მიღებამდეც იყო ზოგიერთ წელს მაღალი მაჩვენებელი, მაგალითად, 2013 წელს, დაფიქსირდა 907 შემთხვევა. შესაძლოა, არ არის მკვეთრი კლება, მაგრამ არც მატებაა. ხომ არ აჩვენებს ეს ციფრები იმას, რომ ლიბერალური მიდგომები უნდა ამოქმედდეს სხვა კატეგორიებზეც, მაგალითად, ნარკომომხმარებლებზე? 

რა თქმა უნდა, მე ვემხრობი ლიბერალურ მიდგომების ამოქმედებას, მათ შორის, ნარკომოხმარების ნაწილში. ჩვენ უნდა მიგვეღო ცალკე რეფორმა ამ კუთხით, ვმუშაობდით კიდეც ამაზე, დიდი ჭიდილი იყო, გახსოვთ და საბოლოოდ, გაჩერდეს  პროცესი. ეს იყო მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების დანაპირების და ვალდებულების შეუსრულებლობა.

ამ შემთხვევაში დისკუსია იყო რისკებზე, მაგრამ რეფორმა არ არის ერთი კონკრეტული კანონის მიღება, ეს არ შეიძლება იყოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეტაპები აქვს რეფორმებს, ფუნდამენტი, მერე უნდა ამოიყვანო კედლები, მერე სახურავი… ჩვენთან ფრაგმენტულად და უსისტემოდ ხდება ყველაფერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: