მთავარი,სიახლეები

ბელეტაჟის ადგილზე, 580 კვ.მეტრ მიწაზე 11-სართულიანი კორპუსს აშენებენ

08.10.2022
ბელეტაჟის ადგილზე, 580 კვ.მეტრ მიწაზე 11-სართულიანი კორპუსს აშენებენ

ბათუმში, გორგასლის 104/106-ში, შპს „კომფორტ ბილდინგი“ 11 სართულიანი კორპუსის  მშენებლობას ამ ადგილზე არსებული ერთსართულიანი სახლისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. როგორც მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია.

ბათუმი, გორგასლის #104/106

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა. მშენებლობა 580 კვ.მეტრზე იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტს არ ექნება პროპორციული რაოდენობის პარკინგის ადგილი და ის ვერ დააკმაყოფილებს მოქმედი კოდექსის მოთხოვნებს, ასევე 41-ე დადგენილებას.

საქმე ისაა, რომ პროექტი მერიასთან ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედებამდე, ძველი რეგულაციებით არის შეთანხმებული. როგორც მერიაში ხსნიან, მერს არ შეუძლია წლების წინ უკვე შეთანხმებულ პროექტზე განმცხადებელს უარი უთხრას. ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაშიც, ნებართვის შესახებ ბრძანებაში წერია, რომ პროექტი 2016 წლის 7 მარტს არის შეთანხმებული.

სამშენებლო კოდექსის ამოქმედებისა და რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, ბათუმში, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ბევრი პროექტი, რომელიც ძველი რეგულაციებითაა გაცემული.  მერიაში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევაში მხოლოდ არქიტექტურული ნაწილი რომც იყოს შეთანხმებული, მფლობელს უარს ვეღარ ეტყვიან და ვერც ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებას მოსთხოვენ: „წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოში გვიჩივლებს და მოგვიგებს კიდეცო“.

მერიაში ამბობენ, რომ ასეთი პრაქტიკა აქვთ.

პროექტის რენდერი

ნებართვის მიხედვით, გორგასლის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის საცხოვრებელი ფართობი 2817 კვ.მეტრია. პარკინგისთვის კი მხოლოდ 181.8კვ/მეტრია გათვალისწინებული.

ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ბრძანებაში მოცემული ინფორმაციით ირკვევა ისიც, რომ კომპანია აჭარის მთავრობის არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამაში“ იღებს მონაწილეობას. მერი კომპანიას სთხოვს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი და საბანკო გარანტია წარუდგინოს.

კომპანია „კომფორტ ბილდინგი“ 2020 წელს კახა დევაძემ დააფუძნა.

რენდერი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: