მთავარი,სიახლეები

„ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა, ამ ადგილს უკავშირდება“ – ქალები ფაბრიკის სახლებიდან

07.10.2022 • 7615
„ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა, ამ ადგილს უკავშირდება“ – ქალები ფაბრიკის სახლებიდან

ლერმონტოვის ქუჩა 94 ა ამ მისამართზე ბათუმში საბჭოთა დროის  კორპუსი დგას.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპუსია, არაფრით გამორჩეული, მაგრამ 1980 წელს, როცა ამ სახლის მშენებლობა დასრულდა ეზოში დიდი ჟრიამული იდგა. ყველა ახალმოსახლე ერთად გადმოვიდა: ერთად მოაყენეს დიდი სატვირთო მანქანები ახალი სახლისთვის საჭირო ახალი ნივთებით, ახალი ავეჯით, ყველას სახლი კრიალებდა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, რადგან ახალმოსახლეები ერთად მუშაობდნენ, ერთ დიდ სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც სახლიდან არც ისე შორს, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე იდგა.

ამ კორპუსს „ჭაობში“ ასეც ეძახდნენ: ფაბრიკის სახლები.

მარტივად ამოსაცნობი ამბავია: სამკერვალო ფაბრიკის მკერავებს, მუშებს, სპეციალისტებსა და ტექნოლოგებს ლერმონტოვის ქუჩის #94-ში 1980 წელს საცხოვრებელი ბინები გადასცეს სიმბოლურ ფასად.

ბათუმის სამკერვალო ფაბრიკა რამდენიმე დღის წინ დაანგრიეს. ნგრევა ამ ქალაქისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა, სამკერვალო ფაბრიკა კი არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილა და არც არქიტექტურით გამოირჩეოდა, თუმცა მისმა ნგრევამ ბევრი დარდი აუშალა „ფაბრიკის სახლებში“ მცხოვრებლებს, რომლებმაც ცხოვრების თითქმის ნახევარი გაატარეს მის კედლებში.

სამკერვალო ფაბრიკის შენობის ნანგრევები ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე

ფაბრიკის სახლის ყველა მცხოვრები ერთმანეთს იცნობდა. შაბათ-კვირას დილის ყავას ერთად სვამდა მთელი სადარბაზო, აი ასე:

„დააკაკუნებდა პირველი სართულის ლამარა ცენტრალური გათბობის რადიატორზე და ამოდიოდა ხმა პირველიდან მეხუთემდე. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მზად იყო ყავა და უნდა ჩავსულიყავით“  – იხსენებს 82 წლის გულნარა სინაურიძე.

იგი ამბობს, რომ სამკერვალო ფაბრიკის შენობის ნგრევა მისთვის ახალგაზრდობასთან გამოთხოვების ტოლფასია.

ლერმონტოვის 94 ა – „ფაბრიკის სახლები”

„მართლა დაანგრიეს? სულ დაანგრიეს?“ – გვეკითხება გულნარა და აგრძელებს:

„ჩემი ქმარი, ანზორი, იქ გავიცანი. 19 წლის ვიყავი მანდ რომ დავიწყე მუშაობა. 33 წელი ვიმუშავე. კონტროლიორი ვიყავი. მე და ჩემი შეყვარებული ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, პრაქტიკას გავდიოდით თავიდან ერთად სამკერვალო ფაბრიკაში. ლექციებსაც იქ ვისმენდით ხანდახან.

გულნარა სინაურიძე

ლეილა, მადონა, ნანული, ინეზა… ბევრი მეგობარი მყავდა ფაბრიკაში. ჩემი შეყვარებული ქსოვილებს ჭრიდა, მე საყელოებს, სახელოს, ქსოვილის სიგრძე-სიგანეს ვამოწმებდი. მთელმა ფაბრიკამ იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. მეგობრები ყველაფერში გვეხმარებოდნენ.

ფაბრიკაში ლექციებს რომ ვისმენდი, მოდიოდა ჩემი მეგობარი ელიჩკა და ჩუმად მეუბნებოდა: ანზორი გელოდება აივანზეო. ლექტორი არ იმჩნევდა და მიშვებდა.

ეზოში გამოვდიოდით, მანდარინების ხეები იდგა ეზოში, აუზი და შადრევანიც ჰქონდა ფაბრიკას.

მართლა დაანგრიეს? ვერ ვიჯერებ. ჩემი ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა ამ ფაბრიკას უკავშირდება.

ახალი წელი სამკერვალო ფაბრიკაში

ეს ვაჟბატონი კინოში მეპატიჟებოდა, თეატრშიც. დავყავდი აჭარულ ხაჭაპურსა და ნაყინზე, ბულვარში ვსეირნობდით ხშირად, დამყავდა ჩემი ,,კუდები“ ფაბრიკიდან. მერე დავქორწინდით. ანზორთან ერთად ძალიან ბევრჯერ მაქვს კინო „თბილისში“ ნანახი „ჯარისკაცის მამა“, ხშირად აჩვენებდნენ“ – იხსენებს 82 წლის გულნარა.

გულნარა სინაურიძე მეუღლესთან ერთად

„ხშირად ვაკითხავდი მშობლებს ფაბრიკაში, ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა ეს შენობა. რომ გავიგე უნდა დაენგრიათ, გული მომეწურა. არ მინდა დანგრეულ შენობასთან გავლა“ – ამბობს ქეთი ჭახნაკია.

„სამკერვალო ფაბრიკას ჰქონდა ბაღიც თანამშრომლების შვილებისთვის. სანამ ბაღში მიმიყვანდა მამა ფაბრიკის სასადილოში უკვეთდა ჩემთვის აჭარულ ხაჭაპურს და კაკაოს. უფრო გემრიელი ხაჭაპური არსად შემხვედრია.

ხანდახან ჩამსვამდნენ დედაჩემის თანამშრომლები ქსოვილებით დატვირთულ ურიკაში და დამაგორებდნენ აქეთ-იქით, ისე მიხაროდა! ყველა იქ იყო: დედას მეგობრები, ჩემი ნათლია, მშობლები – სახლში ვგრძნობდი თავს“ – იხსენებს ქეთი.

ქეთი ჭახნაკია

ელია კარტულიდი 35 წელი მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკაში ჯერ კონტროლიორად, მერე ბუღალტრად. 20 წლისამ დაიწყო მუშაობა. აქვე გაიცნო კაცი, ვისზეც დაქორწინდა:

„რობი დახურულ საამქროში მუშაობდა, ეს იყო ჩვენთვის პაემნების ადგილი.

ცოტა ხნის წინ მოვიდა ჩემი შვილიშვილი და მითხრა: ბებო, ნახე, შენს სამკერვალო ფაბრიკას ანგრევენ, ფოტოები გადავიღეო. ფოტოს რომ დავხედე მეგონა რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და მშობლიური დავკარგე. ამ კედლებში გავიცანი ადამიანი, ვისთან ერთადაც 51 წელი ვიცხოვრე, ამ შენობაში მივეცით ერთმანეთს პირობა, რომ სულ ერთად ვიქნებოდით.

ელია კარტულიდი სამკერვალო ფაბრიკაში

ამ კედლებში ჩვენმა შრომამ გამოიღო შედეგი და მოგვცეს პირველი სახლი.

სულ მემახსოვრება მისი მწვანე ეზო, მანდარინის ბუჩქები და დიდი აუზი. 9 წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე.

ფაბრიკის სახლებში ბინა რომ გამოგვიყვეს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდით პირველ დღეებში, პულსი გვიჩქარდებოდა ბედნიერებისგან.

ელია კარტულიდი

2000 მხოლოდ მკერავი მუშაობდა ამ ფაბრიკაში.  კერძო საკუთრებაში რომ გადავიდა ეს შენობა და ძველი თანამშრომლები წამოვიდნენ, ზოგი სახლში დარჩა, ზოგმაც პატარ-პატარა სამკერვალოები, ატელიეები გახსნა ქალაქში“- გვიყვება ელია.

ელია კარტულიდი მეგობართან ერთად სამკერვალო ფაბრიკის ეზოში

80 წლის ლუიზა დვალიც სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი თანამშრომელია. 48 წელი იმუშავა სამკერვალო ნაწარმის ტექნოლოგად და კონსტრუირების სპეციალისტად. იხსენებს, რომ დიდი პასუხისმგებლობის გამო ძალიან ბევრს მუშაობდა:

„დილით მივდიოდი და საღამოს გვიან ვბრუნდებოდი. ბაღში ყველაზე გვიანობამდე ჩემი შვილები რჩებოდნენ, ვერ ვაკითხავდი დროზე. ვკერავდით სამხედრო ფორმებს, სამხედრო თეთრეულს, 23 წლის ვიყავი მუშაობა რომ დავიწყე.

ხშირად მესიზმრება ადგილი, სადაც ვმუშაობდი. არ ვიცი რატომ. ალბათ რახან იქ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი.

ნეტა რატომ დაანგრიეს შენობა? მახსოვს, რომ სპეციალისტების მიერ ძალიან მყარ ნაგებობად იყო შეფასებული. იმდენად მყარი ტექნოლოგიებით ააგეს 30-იან წლებში, თავის დროზე, რომ დამჭერი კოლონები არ სჭირდებოდა სართულებს. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რაც იქ ვმუშაობდი, არ მახსოვს შენობაში ან წყალს გაეჟონოს, ან რაიმე პრობლემა შექმნილიყო.

ლუიზა დვალი

გათვლილი იყო შენობა იმაზე, რომ დერეფნებში უმძიმესი ურიკებით ქსოვილების დიდი მასა ეტარებინათ.

ნეტავ რატომ დაანგრიეს. ალბათ ცვლილებებია საჭირო და უნდა ავყვეთ? არ ვიცი“ – ამბობს ლუიზა დვალი.

_______________________

ამავე თემაზე:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: