მთავარი,სიახლეები

ქვეყანას, სადაც არ არიან პოეტები, გამარჯვება არ შეუძლია – უკრაინელი ავტორი ბათუმის ფესტივალზე

07.10.2022 • 858
ქვეყანას, სადაც არ არიან პოეტები, გამარჯვება არ შეუძლია – უკრაინელი ავტორი ბათუმის ფესტივალზე

ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მესამე დღის სტუმარი სერჰი ჟადანი იყო. ცნობილი უკრაინელი მწერალი, პოეტი და მუსიკოსი.

სერჰი ჟადანი ხარკოვში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო.

რა შეუძლიათ პოეტებს და რა შეუძლია ლიტერატურას ომის დროს? – ამ კითხვას სერჰი ჟადანმა და მისმა თანამოაზრეებმა თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობით გასცეს პასუხი.

ოდესის ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება, სერჰი ჟადანი გერმანიიდან ჩაერთო. ის იქ თავის მუსიკალურ ჯგუფ „სობაკი ვ კოსმოსი“-სთან ერთად საქველმოქმედო კონცერტებს მართავს და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თანხას აგროვებს.

სერჰი ჟადანთან გამართული დისკუსიის მოდერატორი ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი იყო. გთავაზობთ  რამდენიმე ნაწყვეტს დისკუსიიდან.

სერჰი ჟადანი:

„რამდენიმე დღეა გერმანიაში ვარ. სადაც გვაქვს საქველმოქმედო კონცერტი და ვაგროვებთ თანხას ჩვენი მეომრებისთვის. მანამდე მე ვიყავი ხარკოვში, გვქონდა ლიტერატურული ფესტივალი. ეს ძალიან უცნაური გამოცდილებაა. ქალაქში, რომელიც იბომბება, ტარდება ფესტივალი. რეგულარულად ბომბავენ ხარკოვს და მუდმივად არის ნგრევა. მუდმივად არიან დაჭრილები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩავატარეთ ფესტივალი, რომელსაც ჰქვია „მეხუთე ხარკოვი“. ეს ფესტივალი ისეთია, როგორადაც ჩვენ ვხედავთ ჩვენ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას გამარჯვების შემდეგ. ჩამოვიდნენ მთელი ქვეყნიდან მუსიკოსები, მწერლები, დიდი აუდიტორია იყო.

განსხვავებული ემოციაა, როდესაც ფესტივალზე მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად არიან მეომრები და ისინი შემდეგ ბრუნდებიან თავის პოზიციებზე. მხოლოდ 30-40 კილომეტრი გვაშორებს რუსეთთან საზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ უკან დაიხიეს ჩვენი ქალაქიდან რუსებმა, მაინც რჩება საფრთხე.

ჩვენ მოხალისეებად ვმუშაობთ, ვეხმარებით ხალხს, უკრაინელ ჯარს და შიგადაშიგ ორგანიზებას ვუკეთებთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ომის დროს, იმიტომ, რომ კულტურის ხმა ისმოდეს.

ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური გამოფენა ბავშვების ნახატების. ერთ-ერთ სარდაფში გავაკეთეთ სტუდია, სადაც ბავშვებმა დახატეს. უცნაური ამბავია, რომელიც მხოლოდ ახლა შეიძლება მოხდეს. ძალიან ნათელ ფერებში იყო შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია დაბომბვის დროს.

სინამდვილეში ეს გამოცდილება ძალიან ზღვარზეა. ეს ყველაფერი ხდება ძალიან სისხლიანი ამბების ფონზე. ბევრი დაჭრილია, ბევრი ახლობელი დაიღუპა, სამწუხაროდ. ეს ნამდვილი ომია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის დროს ჩვენს თავს არ ვკარგავთ. ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს ფასეულობებზე. მაქსიმალურად ვინარჩუნებთ იმ ფასეულობებს, რომელიც იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ყველანაირად ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი.

ასევე უცნაური გამოცდილებაა, როდესაც ბევრ ადამიანს ცნობ ქალაქში. ბევრი ადამიანი გავიდა ხარკოვიდან, ვიღაც დაბრუნდა, ნაწილი. მაგრამ ცოტა ხალხია მაინც. მიუხედავად ამისა, არის ეს შეგრძნება, რომ შენ ხარ იმ ქალაქში, შენს ქალაქში, სადაც ყოველთვის დაგიჭერენ მხარს. შენ ხარ თითქოს დაცულ ქალაქში. ეს არის ქალაქი ციხესიმაგრე. ეს არის უკრაინის პირველი ფორპოსტი, რომელიც გარშემორტყმული იყო რუსების მიერ. მიუხედავად ამისა არის ეს შეგრძნება, რომ ეს არის ქალაქი, რომელიც მზად არის შეხვდეს და შეებრძოლოს მტერს“.

რა ფუნქციური ძალა აქვს ხელოვნებას, რომელსაც შეუძლია მივიდეს ადამიანიდან ადამიანამდე, გულიდან გულამდე, ჰკითხა დისკუსიის მოდერატორმა რატი ამაღლობელმა სერჰი ჟადანს.

სერჰი ჟადანი:

„ეს ძალიან საინტერესო და რთული შეკითხვაა. უკრაინაში სხვადასხვა აზრია ამის შესახებ. ღირებულებების შესახებ. იმის შესახებაც, რომ კულტურა უნდა შეწყდეს, რაღაც დროით. მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება დაპაუზდეს კულტურა. კულტურა ეს არ არის გართობა. ეს არის ფასეულობებთან დაკავშირებული, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული რამ. ის, როგორ პოზიციონირებას ვაკეთებთ საკუთარი თავის, როგორ ვგრძნობთ თავს. რა თქმა უნდა, პოეტები არ იგებენ ომს. მათ არ შეუძლიათ გააჩერონ ომი. მათ არ შეუძლიათ დაბომბვა გააჩერონ. ვერცერთი საუკეთესო სონეტა ისე ვერ დაიცავს, როგორც ჯავშანჟილეტი, მაგრამ ქვეყანა, სადაც არ არიან პოეტები, მას არ შეუძლია გაიმარჯვოს – პოეზია არის გარკვეული თავისუფლების, ძალის გამოვლინება.

გარკვეული სიყვარულის გამოვლინება.

ასე თუ ისე ეს არის ყველაზე დიდი, მაღალი დონის კონცენტრაცია ენისა, რასაც აქვს ძალა, აქვს თავდაჯერებულობა. ეს არის კულტურული კოდები და ძალიან ეფექტურად არის ეს ჩადებული პოეზიაში.

მთელი ომის, ამ რვა თვის განმავლობაში ისევ გრძელდება სიმღერების დაწერა. ისევ კითხულობენ, ისევ უსმენენ პოეზიას და ისევ ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა.

რადგან ჩვენ გვესმის რის გამო ვიბრძვით. ჩვენ არ ვიბრძვით პოლიტიკური ამბიციებისთვის. და არა იმიტომ, რომ ვიღაც გვეზიზღება პუტინი ან სხვა ვინმე. ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუ არ დავიცავთ თავს, ჩვენ უბრალოდ გაგვანადგურებენ და ვეღარ ვიარსებებთ, ვეღარც ქვეყანა, ვეღარც ხალხი, ვეღარც ერი.

და პოეზიაში იკითხება ჩვენი ერთობლივი კოდები. ჩვენ ვკითხულობთ პოეზიას, ჩვენ ვგრძნობთ, გვიყვარს თუ არა პოეზია. ეს არის ის რაღაცები, რაც გვაერთიანებს. აერთიანებს სივრცეს, დროს, ყველას გვაერთიანებს.

თითქოს ერთი შეხედვით ფუნქციონალურად კულტურა ვერ შეაჩერებს ომს, მაგრამ კულტურის გარეშე საზოგადოება, ხალხი ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ვაკუუმი ჩნდება, რომელიც ივსება შიშით, სასოწარკვეთილებით და ძალიან არაპროდუქტიული სხვა რამეებით.

ამიტომ კულტურული ცხოვრება გრძელდება და ხარკოვში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ის არის როგორც მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის, ასევე მეომრებისთვის.

მეომრებისთვის აუცილებელია იგრძნონ, რომ მათ ზურგს უკან არიან არა შეშინებული ადამიანები, არამედ ძლიერი ადამიანები. რომელთა იმედიც შეიძლება ჰქონდეს ყველას.

კიდევ ერთი რამ, რომელიც ეხება ენას.

ძალიან კარგად მახსოვს თებერვლის დასარული და მარტის დასაწყისი, როდესაც ქაოსი იყო და ძალიან შეიცვალა გარემოებები. აი, ის ლოკალური ომი, რომელიც დონბასში იყო გახდა ტოტალური.

გახდა ყოველი უკრაინელის ცხოვრების ნაწილი და რეფლექსიად იქცა. თითქოს რაღაცამ შეწყვიტა სუნთქვა. თითქოს რაღაცამ შეგიწყვიტა. თითქოს ვეღარ საუბრობ ხმამაღლა.

ეს ძალიან ნათელი იყო.

იმიტომ, რომ ომი არის მაქსიმალური გამოვლინება ბოროტების და ეს ძალიან აწვება ფსიქიკას. ყველაფერს, შენს სულს. ძალიან რთულია, რომ ის სიტყვები იპოვო, ის ემოციები გამოხატო, რაც შენ გაქვს. ემოციები კი უამრავია. გადავსებულია თითქოს სივრცე, ჰაერი ამ ემოციებით.

პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მე არ შემეძლო წერა. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი – ვერც ვკითხულობდი, ვერც ვწერდი. ტექსტების ლოგიკას ვერ ვაგებდი.

რეალობა აღმოჩნდა ჩემს რეფლექსიებზე უარესი და უფრო საშიში. აზრზე რომ მოსულიყავი, როგორმე შენი სუნთქვა რომ აგეწყო რეალობისთვის, ამას დრო დასჭირდა. მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს ხდება. რა თქმა უნდა, ცოტა დაწყნარებისკენ მიდის, მაგრამ ძალიან რთულია სიტუაცია, იმიტომ, რომ ისევ იხოცება ხალხი. ჩვენ არ ვკარგავთ კონცენტრაციას. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო თავდაჯერებულობა. და ისეთი სიმშვიდე, სიწყნარე, რომელიც ამავდროულად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ.

ახლა ჩვენ ვიწყებთ სიტყვების მოძებნას, რომ გამოვხატოთ ჩვენი ემოციები. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.

მე გამოსვლა  დავიწყე იმით, რომ ჩვენ არ ვართ ხარკოვში. ვართ გერმანიაში.

პირველი თვეების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ მოხალისეობრივი კონცერტებით დავდიოდით  საავადმყოფოებში, ჰოსპიტლებში ხალხისთვის ვუკრავდით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კონცერტები ჩატარდეს. რომ წონასწორობა ვიგრძნოთ, ჩვენც და სხვებმაც. ამიტომ მუდმივად გვაქვს გამოსვლები უკრაინაშიც და საზღვარგარეთაც.

ვიცი, რომ ბევრი უკრაინელია ახლა საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ იგრძნონ  თავი მიტოვებულებად. მნიშვნელოვანია ყველამ იგრძნოს, რომ ჩვენ ყველანი ვრჩებით უკრაინელებად და ყველა შეძლებს დაბრუნებას თავის მშობლიურ ქალაქებში.

შეიძლება აღარ არის ვიღაცის  სახლები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, ავაშენებთ ისევ. ეს ემოციური მიჯაჭვულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

კულტურა ალბათ არის ყველაზე საუკეთესო საშუალება, რომ შენებს დაუძახო. ეს არის ის უნივერსალური სფერო, რომელიც ყველაზე კარგად გვაერთიანებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: