მთავარი,სიახლეები

დინოზავრი კუდს იქნევს, რადგან სულს ღაფავს – გოზმანი პუტინზე და იმაზე, რა ელის რუსეთს

09.10.2022 • 1494
დინოზავრი კუდს იქნევს, რადგან სულს ღაფავს – გოზმანი პუტინზე და იმაზე, რა ელის რუსეთს

72 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ გოზმანი, ორი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ერთი კვირის წინ გამოვიდა ციხიდან და მაშინვე დატოვა რუსეთი. Настоящее Время-სთან ინტერვიუში ის პუტინის რეჟიმს სწრაფ კრახს უწინასწარმეტყველებს და ჰყვება იმის შესახებ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთში.

  • ადრე ამბობდით, რომ არ გინდოდათ რუსეთის სამუდამოდ ან დიდი ხნით დატოვება, თუმცა სპეციალური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ თქვით, რომ იმ მომენტში ასეთი არჩევანი გქონდათქვეყნიდან წასვლა ან ციხეში სიკვდილი. რა ხდებოდა ამ 30 დღის განმავლობაში, ვიდრე დაკავებული იყავით, რის გამო გაგიჩნდათ შეგრძნება, რომ შეიძლებოდა ციხეში მომკვდარიყავით?

არა იმიტომ, რომ იქ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა. როდესაც პირველად დამაკავეს, შეიძლებოდა მეფიქრა, რომ უბრალოდ გაფრთხილება სურდათ, თქმა: „მისმინე, სულ გამოშტერდი? უკვე ამდენი ნიშანი მოგეცით და მაინც არ გესმის, აგერ კიდევ ერთი ნიშანი“, მაგრამ როდესაც გამოსვლისას, კარამდეც კი ვერ მივაღწიე, ისე დამიჭირეს მეორედ, უკვე გასაგები გახდა, რომ ჩემთვისაც იმავეს ამზადებდნენ, რაც ილია იაშინსა და ვლადიმირ კარა-მურზას გაუკეთეს, სისხლის სამართლის ბრალდებას რომელიმე სერიოზული მუხლით. ციხე – 20 წელი იქნება თუ 5 წელი – არაა ჩემი ასაკის ადამიანებისთვის.

მე საკმაოდ ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ჩემი ასაკის ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ გადარჩება რუსეთის ციხეში. ეს გარდაუვალი სიკვდილია. ამიტომაც, როდესაც რაღაც სასწაულით გამომიშვეს (ვფიქრობ, იქ რაღაც დიდი არეულობა აქვთ), არჩევანი, ფაქტობრივად, არ მქონია.

არ მიმაჩნია, რომ ემიგრანტი ვარ, მიმაჩნია, რომ გაძევებული ვარ. ეს გადასახლებაა და არა ემიგრაცია.

  • რა სხვაობაა ემიგრაციას, თუნდაც იძულებითსა და განდევნას შორის და განდევნილის როლში რა საქმიანობას აპირებთ?

სხვაობა ისაა, რომ გადასახლებულს არ ეკითხებიან – მას აძევებენ. ჩემთვის არ უკითხავთ, მე სინამდვილეში არჩევანი არ მქონია. მე რომ უფრო ახალგაზრდა ვყოფილიყავი, შეიძლებოდა მეფიქრა, რომ გადავიტანდი რამდენიმე წელიწადს ციხეში, გამოვიდოდი იქიდან და ვიქნებოდი ნელსონ მანდელა ან ჩვენი ქვეყნის ნელსონ მანდელებიდან რომელიმე. რადგანაც მე ასეთი შანსი არ მაქვს, არჩევანი ასეთია – ან სიკვდილი ან წასვლა. არ მიმაჩნია, რომ ეს თავისუფალი არჩევანია, რადგან ჩემთვის უბრალოდ არ უკითხავთ. ესაა სხვაობა. ემიგრაციაა, როდესაც ადამიანები იფიქრებენ, აწონ-დაწონიან და გადაწყვეტენ, რომ მათთვის ასე უკეთესია.

ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ. პირველ რიგში, დაბრუნების იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. ეგრევე დავბრუნდები, როგორც კი ეს რეჟიმი ჩამოინგრევა. ის კი ძალიან მალე ჩამოინგრევა. არ ვფიქრობ, რომ აქტიურად შევძლებ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას, რადგან უცხოეთიდან ამის გაკეთება სერიოზულად არ გამოვა. რაც აზრიანად მომეჩვენება, იმაში მივიღებ მონაწილეობას. ისე, ბევრი რამის დაწერა მინდა, რაც რუსეთში ვერ მოვასწარი – იქნებ აქ მოვახერხო.

  • ამ 30 დღის განმავლობაში, როდესაც დაკავებული იყავით, ახერხებდით ახალი ამბებისთვის თვალის დევნებას? ძალიან დატვირთული 30 დღე იყო და თუ გეჩვენებათ, რომ ვითარება ფრონტზეც, რუსეთშიც და მსოფლიოშიც ამ ერთ თვეში ამოყირავდა? რა შთაბეჭდილება გაქვთ?

დიახ, რა თქმა უნდა, სრულიად გასაოცარია. მე ზაფხულში ჩამსვეს და შემოდგომაზე გამოვედი. ჩავჯექი რუსეთის ერთ საზღვრებში და გამოვედი რუსეთის ფედერაციის სხვა საზღვრებში. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. რასაკვირველია, ბევრი რამ შეიცვალა. დეტალებში ყველაფერს ვერ ვკითხულობდი, თუმცა ადვოკატი მოდიოდა და მიყვებოდა. როგორც კი გამოვედი, ეგრევე ინტერნეტში შევძვერი და იქიდან რამდენიმე დღე არ გამომიყვია თავი.

  • და საბოლოოდ, როდესაც ინტერნეტიდანგამოძვერით“, რა დასკვნამდე მიხვედით, იმის მიხედვით, რაც ამასობაში მოხდა, როგორ სამყაროში ვართ ახლა?

პირველ რიგში, ჩემი აზრით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში საბოლოოა. სიტუაციის შებრუნების ვერანაირ ვარიანტს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, უკვე დამთავრებულია. შეიძლება გადაისროლო იქ გაუწვრთნელი ჯარისკაცები და მათ იქ ან დახოცავენ, ან დაასახიჩრებენ; ცხადია, შეიძლება, ისროლო ატომური ბომბი, მაგრამ საერთოში, უკვე ვეღარაფერი შეიცვლება.

გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს უკვე ამ რეჟიმის აგონიის ბოლო სტადიაა: ჩემი აზრით, ეს ის დინოზავრია, რომელიც კუდს იქნევს, რადგან სულს ღაფავს. რატომ? იმიტომ, რომ პირველ რიგში, უკრაინაში გამარჯვების სტრატეგია უკვე აღარ არსებობს. მეორე – იმიტომ, რომ უკვე ნათელია – ინგრევა და ჯოჯოხეთისკენ მიექანება ეკონომიკა. მესამე – იმიტომ, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს პირველად მოუხდა კამათი თავის მხარდამჭერ გუნდთან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ეუბნებოდნენ: „დასცხე ხოხლებს, დასცხე პინდოსებს“. მაგრამ ის მათთან სახლებში შევიდა და მათი შვილები გამოიყვანა, მათ კი ეს არ უნდათ, არავითარ შემთხვევაში.

ისინი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ ამ ომს, მაგრამ სავარძლებიდან. სავარძლებიდან უჭერენ ომს მხარს, მაგრამ ასე – არა. ბრძოლა არ უნდათ. უკვე ნათელია ელიტების უკმაყოფილება. თუ მიაქციეთ ყურადღება, კრემლის დარბაზში, სადაც რუსული მიწების შემოერთება გამოცხადდა, როდესაც უკრაინის მიწები რუსეთს შეუერთეს, იმ დარბაზში არცერთი ბედნიერი სახე არ ჩანდა.

  • კმაყოფილი სახეები არ ჩანდა, დიახ.

ერთიც კი. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამას უნდა დავაკვირდეთ და არა იმას, რას ამბობს ის. პრინციპში, რასაც ის ამბობდა, მეც კი შემეძლო წინასწარ დამეწერა მისთვის – არაფერი მოულოდნელი. აი, დაკვირვება დამკვირვებლებზე, როდესაც უყურებ, როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს, ძალიან საინტერესოა. და ეს, რასაკვირველია, ასევე დასასრულია.

  • რა მოხდება რუსეთში მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე უკრაინა გაიმარჯვებს?

ორ სცენარს ვხედავ. და აჯობებს, უკეთესი სცენარით წავიდეს საქმე უკვე მანამდე, ვიდრე უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებს ბრძოლაში  – თუნდაც იმიტომ, რომ ასე ნაკლები ადამიანი დაიღუპება. სცენარი ორია, ჩემი აზრით, რეალისტური და არა ისეთი, რომ მარსელები ჩამოფრინდებიან ან დემოკრატიული რევოლუცია მოხდება.

თუ ავიღებთ რეალურ სცენარებს, პირველი ასეთია: როდესაც და თუ უკრაინელთა დარტყმების ქვეშ დაეცემა ფრონტი, დაიწყება მასობრივი გაქცევები და ამას სახელმწიფოს საბოლოო ნგრევა მოჰყვება.

ვამბობ საბოლოოს, რადგან ის უკვე ისედაც ინგრევა. აი, გუშინ თუ გუშინწინ მომიყვნენ ამბავს, რომელმაც ძალიან გამახარა: ბევრ რუსულ სკოლაში ორშაბათობით დროშის აღმართვა შეწყვიტეს. გახსოვთ ხომ, იყო ასეთი ბრძანება, რომ დროშა უნდა აღემართათ, ჰიმნი ემღერათ და კიდევ რაღაც სისულელეები?

  • დიახ, პატრიოტული აღზრდა.

ზუსტად. მითხრეს, რომ ბევრ პროვინციულ ქალაქში ამის გაკეთება შეწყვიტეს – უბრალოდ შეწყვიტეს და მორჩა. ეს მიხეილ გორბაჩოვის სიტუაციას მაგონებს, როდესაც ის, თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში, გამოსცემდა უამრავ ბრძანებას, რომლებსაც ყურადღებას აღარავინ აქცევდა. საერთოდ აღარავინ. სახელმწიფო იშლებოდა. ახლაც ზუსტად იგივე ხდება. თუმცა მიხაილ სერგეევიჩის დროს (მე დიდი პატივისცემითა და მადლიერებითა ვარ მის მიმართ გამსჭვალული, თუმცა ეს ფაქტია) იყო სტრუქტურები, რომლებსაც შეეძლოთ ძალაუფლება გადაებარებინათ. ვგულისხმობ სახელმწიფო ძალაუფლებას, პარტიულ ხელისუფლებებს ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებში და იმ გუნდს, რომელიც იქმნებოდა და შეიქმნა ბორის ელცინის გარშემო.

სხვათა შორის, იგივე მოხდა 1917 წელსაც, მონარქიის დაცემის შემდეგ: სახელმწიფო დუმა, რომლისგანაც ამას ცოტა თუ ელოდა, უცებ იქცა უმაღლეს სახელმწიფო ძალაუფლებად ქვეყანაში და რაღაც დროის განმავლობაში ამ ფუნქციას ასრულებდა კიდეც.

ჩვენ ახლა ფედერალურ დონეზე ასეთი სტრუქტურები არ გვაქვს, საერთოდ არა. ამიტომაც სახელმწიფოს ჩამოშლა ნიშნავს, რომ გაჩნდება უამრავი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეიარაღებული ფორმირება, რომლებიც ერთმანეთს დაუწყებენ ბრძოლას. ისინი ტერიტორიული ნიშნით შეიქმნება – ერთი ოლქი მეორე ოლქის წინააღმდეგ, ერთი გუბერნატორი მეორე გუბერნატორის წინააღმდეგ. ნაწილობრივ ეს იქნება გაურკვეველი სამხედრო ფორმირებები: შოიგუს ერთგული სამხედროები, ზოლოტოვის ერთგული სამხედროები, კადიროვის ბანდფორმირებები, პრიგოჟინის ბანდფორმირებები და ასე შემდეგ. ეს იქნება სრულიად საშინელი სურათი, ველურად ბევრი სისხლი. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.

  • და კადიროვსა და პრიგოჟინს სურთ ასეთი სცენარი? ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს ისინი ძალიან აქტიურად ჩნდებიან მედიასივრცეში. ნათელია, რაღაც დამატებითი პოპულარობის მოხვეჭას ცდილობენ.

ვფიქრობ, მათ ეს არ უნდათ, მაგრამ ამისთვის მზად არიან. მათ სხვა რამ სურთ: მათ სურთ თავის მხარეს გადაქაჩონ უმაღლესი მთავარსარდალი და ტახტთან უფრო ახლო ადგილი დაიკავონ. უმაღლესი მთავარსარდალი კი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი, ისე იქცევა, როგორც ივან გროზნი, რომელიც ოპრიჩნინას ქმნიდა. კადიროვის ფორმირებები, პრიგოჟინის ფორმირებები – ეს ის ბრძოლისუნარიანი ოპრიჩნიკები არიან, რომლებსაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ქმნის.

მაგრამ არსებობს მეორე სცენარიც, უფრო სასიკეთო. მე და თქვენ ახლა ყველაზე საშინელი ვარიანტი განვიხილეთ. უფრო უკეთეს სცენარს მე ვუწოდებდი „სასახლის გადატრიალებას“. როცა ვამბობთ „სასახლის გადატრიალებას“, წარმოგვიდგენია, სათუთუნე, შარფი, მონარქის მკვლელობა და სხვ. სულაც არაა აუცილებელი. ის შეიძლება უსისხლოც იყოს.  გადატრიალება – ეს უბრალოდ მმართველის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა და ის მშვიდობიანად შეიძლება მოხდეს. მე სწორედ ამ მშვიდობიან გზას მივესალმებოდი.

თუ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან დაახლოებული ადამიანები მისი უმაღლესი გარემოცვიდან, ისინი, ვისაც ის რაღაცნაირად, ადამიანურად ენდობა (მაქვს წარმოდგენა კონკრეტულ გვარებზეც, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს) მივლენ მასთან და ეტყვიან: „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ან ვალოდია, ჩვენ – ტრ**ში ვართ, ერთ კვირაში ჩამოგვკიდებენ, შენც და ჩვენც. მოდი, ასეთი ვარიანტი: შენ ავად გახდი, შენ დაიღალე, გასაგებია. ჩვენ შენ „ელბასის“ ტიტულს განიჭებთ, ერის მამად გაცხადებთ, კიდევ რამე ასეთი, სამხედროებით ვარტყამთ ალყას შენს სასახლეს გელენჯიკში, რომ იქ არავინ შეგაწუხოს და შენ ადგილას, დაჯდება ვასია. ვასიას ყველა ვიცნობთ, ვასია დამჯერი არარაობაა, რაც ნიშნავს, რომ თვითონ არც არაფერს გააკეთებს. ვასიას ჩვენ დავავალებთ, რომ ნელ-ნელა უკან დაიხიოს, გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეცადოს მოელაპარაკოს დასავლეთს და ასე შემდეგ. მოდი, მოვიქცეთ ასე“.

ის, რა თქმა უნდა, შეიძლება არ დათანხმდეს, რადგან მას საბოლოოდ არავისი სჯერა და ალბათ, იმედი მაქვს, შემდეგ სცენარი უფრო გამკაცრდება.

მმართველი პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორება – ესაა შედარებით სასიკეთო სცენარი, რადგან ის ვასია, რომელიც მის ადგილას დაჯდება, რა თქმა უნდა, შეიძლება სრული ნაძირალა და კიდევ უფრო უცნაური ადამიანიც კი იყოს, ვიდრე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩია.

  • და ნამდვილი სახელი გაქვთ?

არა. ნებისმიერი ვინმე შეიძლება იყოს. ეგაა სწორედ საქმე, ხომ გესმით.

  • სულერთია?

აბსოლუტურად. თუ მედვედევი შეიძლება იყოს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ნებისმიერი. ვინც უნდა იყოს ეს ვასია, როგორი ნაძირალა და იდიოტიც გინდა იყოს, ის რუსული ელიტისთვის მთავარ საკითხს გადაწყვეტს: ესაა იზოლაციიდან გამოსვლა, სანქციების მოხნა, შესაძლებლობა – ისარგებლონ მთელი თავისი მოხვეჭილი ქონებით.

ვფიქრობ, ქვეყნის ბედი ნაკლებად აღელვებთ, ვიდრე საკუთარი ციხესიმაგრე ესპანეთში. დაე, კიდევ ერთი ორასი ათასი კაცი გაწყდეს, რა პრობლემაა, მაგრამ აი, ციხესიმაგრე ესპანეთში დაენანებათ. იმის შანსი, რომ ჩააკითხონ ცოლს, საყვარელს, ძაღლს ესპანეთში ან იტალიაში, ეს უდავოდ მნიშვნელოვანია. და ეს ვასია ამას გააკეთებს. ეს კი ნიშნავს საერთო ლიბერალიზაციას ქვეყანაში. სხვათა შორის, სასახლის გადატრიალება არაა აუცილებელი ამით დასრულდეს, ის შეიძლება დასრულდეს გარდამავალი სამხედრო დიქტატურის ფორმირებით, რაღაც იმის მსგავსით, როგორიც 1917 წლის შემდეგ გენერალ ლავრ კორნილოვის შეუმდგარი მმართველობა, შეუმდგარი დიქტატურა იყო.

ესეც შეიძლება, მაგრამ ეს იქნება გარდამავალი დიქტატურა და დროთა განმავლობაში, ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ესაა შედარებით მშვიდი სცენარი.

  • 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა. ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტზე. შეგიძლიათ ივარაუდოთ, როგორ გაატარებდა ის ამ დღეს?

არა, მე მასთან პირადი ნაცნობობის პატივი არ მქონია – მე მაქვს მხოლოდ პატივი, ვიყო მისი ერთ-ერთი პერსონალური მტერი, ოპონენტი და ა.შ. ჩემთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მისგან თავის დაქნევას მოითხოვდა, ის ჩემს საქმეებს იცნობდა, მე ეს ვიცი. რა თქმა უნდა, მე მას ისე არ ვიცნობ რომ ვთქვა, როგორ გაატარებს ის საკუთარ დაბადების დღეს. ეს არცაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, სხვა რამ: დავინახოთ არა ის, თუ როგორი ადამიანია, არამედ ის, რაც გააკეთა – დიდი გზის ეტაპები.

ნახეთ: 1992 წელს ის 40 წლისაა, კაგებეში წარუმატებელი კარიერით, აშკარად წარუმატებელით ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ, ყველა გზა ღიაა, ფანტასტიკური დროა, რათა მის წინაშე ყველა კარი გაიხსნას. 2002 წელი – 50 წლისაა. დიდი ქვეყნის პრეზიდენტია, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ, მის კისერზე უკვე ჩეჩნეთის ომი და საშინელი ამბებია: აფეთქებები, სახლების აფეთქებები. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს მან ჩაიდინა, მაგრამ ეს მოხდა. მის კისერზე უკვე ბევრი რამაა, მაგრამ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ რჩება იმედი.

2012 -ში 60-ისაა. მას შეეძლო გამხდარიყო პატივსაცემი ავტორიტეტული ვეტერანი, მაგრამ არჩია კონსტიტუციის სული დაერღვია და დაბრუნებულიყო. და ახლა მის კისერზე უკვე სისხლია, ბევრი სისხლი, დემონსტრაციების დარბევა, მოღალატეები, მეხუთე კოლონა. და უკვე აღარავის აქვს იმედი და უკვე გასაგებია, რომ ეს ჩიხია.

და ახლაც: ომი, მასობრივი მკვლელობები, სრული იზოლაცია, ქვეყნის მორალური კრახი, ქვეყნის ეკონომიკური კრახი. და წინ ჯოჯოხეთია, მეტი არაფერი.

  • ამ სიტყვების შემდეგ, ცოტა ხანი პაუზაა საჭირო. მე ვიკითხე, როგორ შეიძლება პუტინმა გაატაროს ეს დღე, რადგან კრემლში განაცხადეს, რომ არანაირი ზეიმი მის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით არ იქნებოდა. თქვეს, რომ ახლა ზეიმის დრო არაა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უკანონო ანექსიას აღნიშნავდნენ, სხვათა შორის, ძალიან ფართოდაც. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა მათ ლოგიკაში ამ ერთ ვირაში: ეს საომარი მოქმედებებია (თუმცა კონტრშეტევა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო), თუ არ უნდათ, ზედმეტად შეახსენონ პუტინს, რომ უკვე პენსიონერია? რა შეიძლება იყოს არგუმენტი?

ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო ისტორიაა. ის ასაკს არ მალავს, ცნობილია, რომ 70 წლისაა, მაგრამ მაინც ცდილობს ახალგაზრდობა ითამაშოს. ეს არასწორია. ასეთ სიტუაციაში, მაგალითად, რონალდ რეიგანი აჩვენებდა, რომ ის ჯანმრთელი ადამიანი იყო, მაგრამ 40 წლის კაცად არ მოჰქონდა თავი. ფრანკლინ რუზველტი ეტლით დადიოდა და დიდი პრეზიდენტი იყო. მან კი ვერ შეძლო (ეს, ვფიქრობ, ადამიანური პრობლემაცაა და არამხოლოდ პოლიტიკური) გადასულიყო ახალ ეტაპზე, მას ეს როგორღაც არ გამოუვიდა.

რაც შეეხება იმას, რატომ არ აღნიშნავენ. პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ ხმაურიანად არც არასდროს აღუნიშნავთ მისი დაბადების დღე, ეს არც მომხდარა. შესაძლოა, მას ეს უბრალოდ არ მოსწონს. ბოლოს და ბოლოს, ის მეფეა, არ სურს – არ აკეთებს. დაბადების დღეებზე, ზოგჯერ თავის საუკეთესო მეგობართან, სერგეი შოიგუსთან ერთად სადღაც ტაიგაში მიდიოდა ხოლმე. საერთო ჯამში, მას ეს ნამდვილად არ უყვარს.

კი, მეც გავიგე, რომ ისინი დსთ-ს ლიდერების მოწვევას აპირებდნენ 70 წლის იუბილეზე. თუ ნამდვილად აპირებდნენ ამას (არ ვარ დარწმუნებული, რადგან ეს შეტყობინებები მაშინ მოდიოდა, როდესაც ჯერ კიდევ ვიჯექი), მაშინ ეს დამარცხების აღიარებას ნიშნავს. არ მგონია, რომ ის კარგ განწყობაზე იყო.

მთავარ ფოტოზე: ლეონიდ გოზმანი, მოძრაობა „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ პრეზიდენტი.

წყარო: Настоящее Время

თარგმანი: თამარ რუხაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: