დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პირველი გვარდიის სატანკო არმია, სავარაუდოდ, ლუგანსკის ქალაქ სვატოვოში, თავდაცვის ხაზზე გადაიყვანეს.
„ელიტურად მიჩნეულმა არმიამ ომში მძიმე დანაკარგები განიცადა, მათ შორის სექტემბერში, ხარკოვიდან უკან დახევისას. არმიის შემადგენლობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ გააძლიერეს ახალმობილიზებული რეზერვისტებით, თუმცა შემადგენლობის რაოდენობა მაინც ბევრად ნაკლებია 25 ათას კაცზე – დამტკიცებულ ნორმაზე,“ – წერს უწყება 8 დეკემბრის რელიზში.
დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკვე დაასრულა ტრანშეების სისტემის მოწყობა სვატოვოსა და რუსეთის საზღვარს შორის 60-კილომეტრიან მონაკვეთზე.
„ამ სამუშაოების ხანგრძლივობის მიუხედავად, თავდაცვითი ნაგებობების სიღრმე გაურკვეველია. პირველი გვარდიის სატანკო არმიისა და სხვა ფორმირებების თავდაცვითი ოპერაციების წარმატება დიდწილად მათ ურთიერთშეთანხმებულ პოზიციებზე იქნება დამოკიდებული,“ – აღნიშნავს დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვამ რუსეთის ელიტურ არმიას რელიზი ჯერ კიდევ სექტემბერში, ხარკოვის ბრძოლების შემდეგ მიუძღვნა. მაშინ დაზვერვა წერდა, რომ ამ არმიამ სერიოზული დანაკარგი ჯერ კიდევ ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევამდე განიცადა და იმ მომენტისთვის უკვე საკმაოდ დასუსტებული იყო.
„პირველი სატანკო არმია იყო რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა,“ – მიუთითებდა დაზვერვა.
უწყების შეფასებით, პირველი გვარდიის სატანკო არმიისა და აღმოსავლეთ ოლქის სხვა ფორმირებების სერიოზული დანაკარგები NATO-ს წინააღმდეგობისთვის განკუთვნილ რუსეთის ძალებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.
„ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლო“, „ციხე-ქალაქი“, „გმირების ქალაქი“ – ბოლო კვირებია სწორედ ასე მოიხსენიებენ სოციალურ ქსელებში ბახმუტს, ერთ დროს 70-ათასიან ქალაქს, რომელსაც ახლა თითქმის ყველა მხრიდან უტევს რუსეთის ჯარი.
ბახმუტზე რუსეთის არმია ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში, სევეროდენცკისა და ლისიჩანსკის აღების შემდეგ გადაერთო.
დასავლელი ანალიტიკოსებიცა და უკრაინელი ჩინოვნიკებიც ამბობენ, რომ რუსეთი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს.
რა ხდება ბახმუტში, საიდან და როგორ უტევს რუსეთის არმია, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ეს ქალაქი რუსებისთვის და დიდი მსხვერპლის მიუხედავად, რატომ არ თმობს მას უკრაინა.
ამის ახსნას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ თავისი კორესპონდენტებისა და ბახმუტის დასაცავად მებრძოლი სამხედროების დახმარებით ცდილობს.
რა ხდება ბახმუტის მიმართულებაზე
აგვისტოს დასაწყისში ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ მისი აზრით, რუსები ნამდვილად არ აპირებდნენ ბახმუტზე პირდაპირ შეტევას – ისინი გეგმავდნენ, ქალაქისთვის შორიდან მოევლოთ და ის ოპერატიულ ალყაში მოექციათ.
ასეთი მანევრის ჩრდილოეთ საზღვარი სოლედართან უნდა გასულიყო, სამხრეთისა კი – ზაიცევოსა და ოპიტნესთან.
ახლა, დეკემბრის დასაწყისში, ნათელია, რომ ეს გეგმა არ შეცვლილა. რუსები სოლედარის აღებას ცდილობენ, ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფლებიდან მიიწევენ წინ და ამავდროულად ქალაქის აღმოსავლეთ საზღვრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უტევენ.
ბახმუტზე შეტევა ერთდროულად სამი მიმართულებიდან მიდის და ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთი ტაქტიკურ წარმატებასაც აღწევს.
ბახმუტის მიმართულების ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილები – სოლედარი და კურდიუმოვკა
სოლედარი – ბახმუტის მიმართულების ჩრდილოეთ საზღვარი
სოლედარი ევროპაში მარილის უმსხვილესი მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო „არტემსოლითაა“ ცნობილი. შეტევების მიუხედავად, ქალაქი ჯერჯერობით რუსებისთვის მიუწვდომელ მიზნად რჩება.
პირველი – იქ ბევრი და კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციაა. მეორე – სოლედარი სიმაღლეა. მესამე – სოლედარში უკრაინას საკმაოდ ძლიერი ბრიგადები ჰყავს, მათ შორის ლეგენდარული 93-ე ბრიგადა „ხოლოდნი იარი“.
ზაფხულის შემდეგ რუსებმა სოლედართან დაკავშირებით პრაქტიკულად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. სამხედროები, რომლებიც ქალაქს იცავენ და რომლებსაც „უკრაინსკა პრავდა“ ელაპარაკა, ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე სოლედარის აღმოსავლეთ კიდესთან დგას, КНАУФ-ის სამშენებლო მასალების ქარხანასთან, რომელიც მათ ჯერ კიდევ ზაფხულში დაიკავეს.
„მათ თუ რამე წინსვლა აქვთ, მხოლოდ მინიმალური, ტაქტიკური. სტრატეგიული უპირატესობა ჩვენია. ცოტა შემოიწევენ – გავყრით, შემოიწევენ – გავყრით და ასე,“ – ეუბნება გამოცემას 93-ე ბრიგადის სამხედრო.
რუსეთის არმია გამუდმებით და ქაოსურად ბომბავს სოლედარს, რომლის აღებაც დღემდე ვერ მოახერხა.
ერთ დროს 10-ათასიან ქალაქში, უდიდესი რისკის მიუხედავად, რამდენიმე ასეული მცხოვრები მაინც რჩება.
ორი საფლავი სოლედარში
ზაბახმუტკა – ბახმუტის განაპირა რაიონი, ბახმუტის მიმართულების აღმოსავლეთ საზღვარი
ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც რუსები ყველაზე ახლოს მივიდნენ ქალაქ ბახმუტთან.
ყველა სამხედრო, ვინც ბახმუტის მიმართულებაზე იბრძვის, „უკრაინსკა პრავდას“ უდასტურებს, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები.
ზაბახმუტკის რაიონი გარკვეულწილად გამოყოფილია ქალაქის ძირითადი ნაწილისგან და მდინარე ბახმუტკის გადაღმა მდებარეობს. მდინარეზე არსებული მთავარი ხიდი რუსებმა 22 სექტემბერს დაანგრიეს, რამაც ძალიან გაართულა ლოგისტიკა როგორც უკრაინელი სამხედროებისთვის, ისე ზაბახმუტკაში დარჩენილი მოქალაქეებისთვის.
კუდრიუმოვკა-მაიორსკი (საორიენტაციო სოფლები) – ბახმუტის მიმართულების სამხრეთ საზღვარი
სწორედ ამ ნაწილში აქვთ ახლა რუსებს შედარებით მეტი წარმატება.
სექტემბრიდან მათ დაიკავეს კოდემა, ოდრადოვკა, ზაიცევო და სხვა სოფლები.
სამხედროების თქმით, ბახმუტთან ახლოს მდებარე ოპიტნე ნაწილობრივ უკრაინელთა კონტროლქვეშაა.
ყველაზე მძიმე ბრძოლები ახლა კურდიუმოვკის, ზელენოპოლიესა და ანდრეევკის სიმაღლეებისთვის მიდის. რუსები ყველა ფლანგიდან უტევენ.
„კურდიუმოვკის ზემოთ მათ დიდი წინააღმდეგობა დახვდებათ, სივერსკი დონეც-დონბასის არხი, იმას ნამდვილად ვეღარ გადალახავენ. თუმცა თითოეული ბუჩქისთვის ვიბრძვით, რადგან შეიძლება ახლა რამდენიმე სოფლის დაკარგვა საშინელება არ იყოს, ჩვენ მათ დავიბრუნებთ საბოლოო ჯამში, მაგრამ ადამიანებს, ადამიანებს ვეღარ დავიბრუნებთ,“ – ამბობს ბატალიონის მეთაური პეტრო კუზიკი, რომელიც ბახმუტის სამხრეთ მიმართულებაზე იბრძვის.
შეტევა ბახმუტისკენ აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან
არტილერიის, საბრძოლო შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის შეფარდება ბახმუტის მიმართულებაზე რუსების სასარგებლოდაა.
რუსეთის არმია ცდილობს, მცირე წინსვლას მაინც მიაღწიოს და თუნდაც ნელა, მაგრამ საბოლოოდ გავიდეს ბახმუტ-კონსტანტინოვკის მაგისტრალზე (Т0504) ჩასივ-იარამდე – ბახმუტის დაცვისთვის მნიშვნელოვან სიმაღლემდე.
რატომ იხოცებიან რუსები ბახმუტისთვის
„ბახმუტის ბრძოლების ისტორია – ეს კონკრეტულად სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ისტორიაა. „ვაგნერმა“ გადაწყვიტა, დაუმტკიცოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათ მეტი შეუძლიათ, უფრო კარგად მომზადებულები არიან, ვიდრე რუსეთის რეგულარული არმია. აგერ, მათ ხერსონიდან დაიხიეს, ჩვენ კი აქ ვდგავართ,“ – უხსნის „უკრაინსკა პრავდას“ ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების მე-4 ბრიგადის სამხედრო, კრისტინა კუდრიავა, რომელიც ახლა სწორედ ბახმუტის მიმართულებაზეა.
კრისტინას მონაკვეთზე „ვაგნერელები“ ორ ჯგუფად იყოფიან – გაწვრთნილები და ყოფილი პატიმრები. პირველი ჯგუფი მეთაურობაშია. ისინი ხარისხიანად, ზუსტად გეგმავენ ოპერაციებს, კარგად აკვირდებიან საკუთარი ჯარისკაცების გადაადგილებას, იყენებენ დაშიფრულ კავშირებს. მეორე ნაწილს ფრონტზე ორ-სამკვირიანი ზერელე მომზადების შემდეგ უშვებენ და საზარბაზნე ხორცად იყენებენ.
„ერთმა ტყვე „ვაგნერელმა“ გვითხრა: აგერ, თქვენ დღეს ორმოცდაათი კაცი მოკალით, საღამოსვე მოიყვანეს ამდენივე შემცვლელად. ასს მოკლავთ – ასს მოიყვანენ,“ – ჰყვება პეტრო კუზიკი.
„ისინი ცდილობენ ჩვენს პოზიციებთან რაც შეიძლება ახლოს მოვიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნან ცეცხლი. ვერ ვიტყვი, რომ „ვაგნერი“ ღირსეული მოწინააღმდეგეა, მაგრამ მათთან ბრძოლა ნამდვილად რთულია,“ – დასძენს კრისტინა კურდიავა.
გარდა იმისა, რომ ბახმუტი „ვაგნერისთვის“ და კრემლისთვისაც ერთგვარი პიარკამპანიაა, ბახმუტს რუსეთისთვის სრულიად პრაქტიკული გამოყენებაც ექნება. მისი დაკავება რუსეთს ნაწილობრივ გაუხსნის გზას სხვა მიმართულებებისკენ და საშუალებას მისცემს ზამთარში, ყინვის დროს, ქალაქში განალაგოს თავისი არმიის დაახლოებით ორი დივიზია.
რატომ არ თმობს უკრაინის არმია ბახმუტს
არც გენშტაბი და არც პრეზიდენტის ოფისი არ ასახელებენ ომში უკრაინელთა დანაკარგებს, მათ შორის, არც ბახმუტის მიმართულებაზე.
თუმცა სამხედროებთან რეგულარული საუბრის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ბახმუტის დაცვა უკრაინის არმიას ძალიან ძვირი უჯდება.
მაგალითად, ბახმუტის სამხრეთი საზღვრების დასაცავად ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთ დანაყოფს თავისი 93 ბრძოლისუნარიანი სამხედროდან მხოლოდ 7 დარჩა. უმრავლესობამ საშუალო სიმძიმის კონტუზია ან სხვა ტიპის დაზიანება მიიღო.
რატომაა ეს ქალაქი ასე მნიშვნელოვანი?
პირველი მიზეზი ნათელია: ის უკრაინული ქალაქია.
მეორე: ბახმუტზე გადის ორი მნიშვნელოვანი მაგისტრალი – კონსტანტინოვკისა და სივერსკის, რომლებზეც რამდენიმე დღის წინ თავის ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც წერდა.
სივერსკის მაგისტრალიდან იხსნება გზა კრამატორკისა და სლოვიანსკისკენ, რომლების სრულად დაკავება რუსებმა 2014 წელს ვერ შეძლეს.
მესამე და ყველაზე მთავარი: როგორც სამხედროები განმარტავენ, ბახმუტის ბრძოლების არსი არამხოლოდ ქალაქის დაცვა, არამედ მტრის შეკავება და მისი საერთო ბრძოლისუნარიანობის შესუსტებაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – უკრაინა ბახმუტის მიმართულებაზე უნდა იდგეს ტიტანურად და მტრის რაც შეიძლება მეტი ძალა გაატაროს საკეპ მანქანაში.
***
შეძლებს კი რუსეთის არმია ბახმუტის ალყაში მოქცევას?
ასეთი პერსპექტივა ჯერჯერობით ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ რუსები მიზნების მისაღწევად არავის და არაფერს ინდობენ.
ბახმუტის სამხრეთით რუსი სამხედროების წარმატების მიუხედავად, უკრაინის არმია უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებს რუსეთის შეტევის შეკავებას და აკონტროლებს კრიტიკულად მნიშვნელოვან მაგისტრალებს, რომლებიც შესაძლოა მთავარი უკან დასახევი გზები იყოს.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის არმიამ უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა მოახერხა, მარიუპოლი იყო.
„ალბათ, რუსეთი თავის შეტევით პოტენციალს ამ მიმართულებაზე ვერ ამოწურავს. სავარაუდოდ, ვერც ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ჩვენი ძალებით მათ აქედან განდევნას“, – უპასუხა ამ ტექსტის ერთ-ერთმა რესპონდენტმა კითხვას „რა იქნება შემდეგ“, – „ჩვენ გადაგვარჩენს მხოლოდ საბრძოლო საწყობების აფეთქება, ლოგისტიკის გზების დანაღმვა და დასავლეთის შეიარაღება“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1 , ხოლო დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.
თურქეთში, კონიის პროვინციაში, ჩამოვარდა ე.წ. რეაქტიული აერობატიკის, საჰაერო მანევრების ჯგუფში შემავალი თვითმფრინავი. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში ჩიტების მოხვედრა გახდა.
თვითმფრინავში მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, მან კატაპულტირება მოახერხა, თუმცა დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოცემა Politico აქვეყნებს თავის ყოველწლიურ რეიტინგს, რომლის სათავეშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია – გამოცემის აზრით, 2022 წელს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანი.
„ევროპა იცვლება. იმის გაგებაც – რას ნიშნავს იყო ევროპელი. და ეს დიდწილად იმ უკრაინელი კომიკოსის დამსახურებაა, რომელიც პრეზიდენტი გახდა,“ – ამ სიტყვებით იწყებს Politico უკრაინის პრეზიდენტზე ტექსტს, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – „ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპელი“.
გამოცემა იხსენებს, რომ წელს პირველად არ დასხმია რუსეთი უკრაინას თავს, იხსენებს 2004 წელს, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომ პერიოდს, 2014 წლის ღირსების რევოლუციას და დასძენს, რომ ამ უკანასკნელ თავდასხმამდე ევროპას ბევრი არაფერი გაუკეთებია.
„მიზეზი, რატომაც ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ვოლოდიმირ ზელენსკია, ფიგურა, რომელსაც ევროპა არა მხოლოდ ენდობა, არამედ აღფრთოვანებულია მისით. უბრალოდ შეხედეთ, ევროპელი ლიდერები როგორ გარბიან კიევში, რათა ფოტო გადაიღონ 44 წლის დიდებულ კაცთან, უკვე კულტად ქცეულ მწვანე ზეთისხილისფერ მაისურში,“ – წერს Politico.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სწორედ ზელენსკიმ დაარწმუნა ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინას უკავშირდება. ზელენსკიმ „აიძულა ევროპა, გაეკეთებინა ის, რაც მას სურდა“.
Politico აღნიშნავს, რომ კონტინენტის ყველაზე გავლენიანი ადამიანის გარდა სია სამ ნაწილად იყოფა – მოღვაწეები, მეოცნებები და დამანგრევლები – თითოეული ძალაუფლების განსხვავებულ და თავისებურ ტიპს წარმოადგენს.
რეიტინგში მოხვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, როგორც წლის „ლუზერი“ (ხელმოცარული ადამიანი) – მის შესახებ ტექსტი ამ სიტყვებით იწყება: „პუტინის ოცნებას დიად რუსეთზე ახდენა არ უწერია“.
რეიტინგში შედიან უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთის პრემიერი სანნა მარინი და ევროპის სხვა ლიდერები.
Politico დასძენს, რომ რეიტინგი შედგა „გავლენიანი ადამიანების მოსაზრებებზე, ექსპერტთა ცოდნასა და ჟურნალისტების შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით“.
მას შემდეგ, რაც ახალდაბის საჯარო სკოლაში ბოლო გაკვეთილის დამთავრების მაუწყებელი ზარი დაირეკა, მეექვსე კლასის საკლასო ოთახის ინტერიერი შეიცვალა. კლასი, სადაც 4 მერხი იდგა, დებატკლუბის სივრცედ იქცა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მალვინა ზოიძეს, კლასში თეთრი დაფა შემოაქვს, სკოლის ბიბლიოთეკარს, ნარგიზ ქათამაძეს – ლეპტოპი და პროექტორი. დაფას კედელზე ამაგრებენ, ცდილობენ პროექტორი გაასწრონ. ამასობაში პატარა ოთახი ბავშვებით ივსება. სხვადასხვა ასაკის ბავშვები დებატკლუბში სადებატოდ შეიკრიბნენ.
ახალდაბის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 29 ბავშვი სწავლობს. სკოლა პატარაა და საკლასო ოთახების გარდა არც ერთი დამატებითი ოთახი არ არის, სადაც ბავშვები საგაკვეთილო პროცესს მიღმა დროს გაატარებენ.
სოფლად მცხოვრები ბავშვების პრობლემებზე საუბრისას მალვინა ზოიძე პირველ რიგში საკმარისი სივრცის არარსებობას ასახელებს.
„სკოლაში საგაკვეთილო პროცესის გარდა დამატებით აქტივობებსაც ვატარებთ. არის კლუბები, სხვადასხვა პროექტი, მაგრამ გვაქვს პრობლემა – არ არის დამატებითი სივრცე, სადაც ამ აქტივობებს განვახორციელებთ. ამიტომაც იძულებულნი ვართ, ასეთი სივრცეები მოვიწყოთ ჩვენ თვითონ.
სხვადასხვა საკლასო ოთახს ვირჩევთ დებატების მოსაწყობად. სტანდარტულ საკლასო ოთახს უცებ გადავაქცევთ ხოლმე დებატკლუბად. კლუბში მყავს მეხუთე-მეთორმეტე კლასი გაერთიანებული. ესეც იმიტომ, რომ სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი. მხოლოდ მეშვიდე-მეთორმეტე კლასით არ გროვდებოდა საკმარისი ოდენობა.
თავიდან მეშინოდა ასეთი ჯგუფის შექმნის, მაგრამ ორი-სამი დებატის ჩატარების მერე მივხვდი, რომ არაფერი არ იყო საშიში. ბავშვები იმდენად აქტიურები და მოაზროვნეები აღმოჩნდნენ. პირიქით, მიხარია, რომ ეს იდეა განვახორციელე,“ – გვიხსნის მალვინა ზოიძე.
ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე ამბობს, რომ სკოლაში ფართის პრობლემა 2023 წელს გადაწყდება.
„რა თქმა უნდა სივრცე პრობლემური იყო, მაგრამ აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესყიდულია პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს 2023 წლისთვის სკოლას მიუშენდეს დამატებითი ფართი”, – ამბობს თემურ დავითაძე.
ახალდაბის საჯარო სკოლას არ აქვს სასპორტო დარბაზი, ხოლო ფეხბურთის მოედანს ახლა არემონტებენ.
სკოლის დირექტორის თქმით, მართალია სკოლას სპორტდარბაზი არ აქვს, მაგრამ ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული.
„მოქმედებს სპორტული წრეები, გვაქვს მუსიკის წრე, ნორჩ შემოქმედთა წრე და ხელსაქმეთა წრე. ასევე გვაქვს მხატვრული წრე,“- ამბობს თემურ დავითაძე.
ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი დავითაძე ამბობს, რომ სკოლაში არის ქართულის, გეოგრაფიის, მათემატიკის კლუბები, მაგრამ არ არის ადგილი, სადაც ამ კლუბებში გაერთიანებული მოსწავლეები შეიკრიბებიან. ამიტომ ხან რომელ კლასში უწევთ ოთახის გადაკეთება და ხან რომელში.
„სკოლაში არაა ცეკვის წრე. თუ ვინმეს ცეკვის სწავლა სურს, შუახევში უნდა წავიდეს. მაგრამ შუახევში რომ წახვიდე, აქ ტრანსპორტის პრობლემა იჩენს თავს. ამიტომ ვერ ახერხებენ ბავშვები იქ სიარულს,“ – გვიხსნის ლიზა.
ნარგიზ ქათამაძე
სკოლას ბიბლიოთეკის საკითხიც მოსაგვარებელი აქვს. წლების განმავლობაში ბიბლიოთეკა სოფლის გამგეობის შენობაში იყო განთავსებული, მაგრამ ახლა რემონტის გამო შენობის დატოვება მოუწიათ.
„შემოსასვლელში, პირველ სართულზე, კიბის ქვეშ თეთრი ტომრები დაინახეთ? წიგნებია მაგ ტომრებში,“ – გვეუბნება ნარგიზ ქათამაძე, ახალდაბის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი და იმ ოთახის კარს გვიღებს, სადაც წიგნები დროებითაა შენახული.
იმის გამო, რომ სკოლაში საკმარისი ადგილი არ არის, ბიბლიოთეკა ერთ პატარა ოთახშია განთავსებული, სადაც წიგნები არ ეტევა. ამიტომ წიგნადი ფონდის დიდი ნაწილი ისევ ტომრებშია ჩაწყობილი.
„სასკოლო სახელმძღვანელოები იატაკზე გვიწყვია, რომ გავცეთ კლასების მიხედვით. ახალი წიგნები დავალაგეთ მხოლოდ თაროებზე“, – ამბობს ნარგიზ ქათამაძე.
სკოლის დირექტორის თქმით, მას შემდეგ რაც რემონტი დასრულდება, ბიბლიოთეკა ახალგარემონტებულ შენობაში გადავა. მანამდე კი წიგნები სკოლაში გადმოიტანეს.
„ბიბლიოთეკა სოფლის სახლში იყო განთავსებული, რომლის რემონტიც მიმდინარეობს. რემონტი მალე დასრულდება, მის დასრულებამდე წიგნადი ფონდი გადმოვიტანეთ საკლასო ოთახში და ხდება მისი მიზნობრივი გამოყენება. მადლობა უნდა ვუთხრა აჭარის განათლების სამინისტროს, რომელმაც გასულ წელს გადმოგვცა 4500 ლარის ღირებულების უნიკალური წიგნადი ფონდი. ასე რომ ბავშვებს ყველანაირი საშუალება აქვს იმისათვის, რომ მათთვის სასურველი მხატვრული ლიტერატურა მიიღონ,“ – ამბობს თემურ დავითაძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 93 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +340]
ტანკი – 2 937 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 5 911 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 1 925 ერთეული [+2]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 603 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 528 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 164 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
341 თვითმფრინავი
181 ვერტმფრენი
2 643 უპილოტო საფრენი აპარატი
392 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 030 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
920 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 668 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 507 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, პუტინის ამ განზრახვაზე მისი გამოსვლები მიუთითებს.
ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს ეყრდნობიან. 7 დეკემბერს ვლადიმერ პუტინი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ამ შეხვედრაზე განაცხადა ერთ-ერთი კითხვის პასუხად, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხანგრძლივი პროცესია,“ ახალი ტერიტორიების დაკავება კი – მისი თვალსაჩინო შედეგი.
ამ შეხვედრაზე პუტინმა კიდევ ერთხელ ახსენა პეტრე I და, ფაქტობრივად, თქვა, რომ დღეს რუსეთს აქვს ის, რისთვისაც ჯერ კიდევ პეტრე I იბრძოდა – აზოვის ზღვა.
„ეს მითითება რუსულ იმპერიალისტურ ისტორიაზე ცხადად წარმოაჩენს პუტინის ახლანდელ მიზნებს უკრაინაში, როგორც ღიად იმპერიალისტურსა და მაქსიმალისტურს. პუტინი განაწყობს რუსეთის შიდა აუდიტორიას გაჭიანურებული და მომქანცველი ომისთვის, რომლის მიზანიც ახალი უკრაინული ტერიტორიების დაპყრობაა,“ – წერს ISW-ი.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის საინფორმაციო სივრცეს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა პუტინის განცხადებებზე. ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა უკრაინა სირიას შეადარა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ჯარებმა ბრძოლის ველზე გამარჯვებების მიღწევა მხოლოდ ოპერაციიდან წლების შემდეგ დაიწყეს.
„როგორც ჩანს, პუტინს არ სურს შიდა იმპულსის დაკარგვა და შეტევების თუნდაც მცირე ხნით შეწყვეტაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მიზნებზე უარის თქმაზე, რომლებიც, როგორც თავად ხშირად მიანიშნებს, რუსეთის იმპერიის აღდგენას გულისხმობს,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:
რუსეთის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო საზოგადოების საბჭოს პუტინი რეალურად ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის იყენებს;
NATO-გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის კომენტარებში დაადასტურა ISW-ის ადრინდელი შეფასება, რომ ოპერატიული პაუზა 2022-2023 წლის ზამთარში რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს;
ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, რუსებმა უკრაინის დასაბომბად ისევ გამოიყენებს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები „შაჰიდ-136“;
რუსეთის ზეწოლამ ბელარუსში ომში ჩასათრევად, შესაძლოა, ბელარუსელ სამხედროებში განხეთქილება გამოიწვიოს;
რუსეთის ჯარები სავარაუდოდ ზრდიან კონტრშეტევები ტემპს ხარკოვის აღმოსავლეთ ნაწილში და ლუგანსკის დასავლეთ ნაწილში;
რუსები განაგრძობენ შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკა-დონეცკის მიმართულებაზე;
ხერსონის დასავლეთ ნაწილში გრძელდება თავდაცვითი პოზიციების გამაგრება და რუსული ჯარების გადაჯგუფება;
ოპოზიციური რუსული მედია იუწყება, რომ ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად მობილიზაციის ღონისძიებები გაგრძელდება;
საოკუპაციო ხელისუფლებამ მარიუპოლი რუსეთის ჯარებისთვის სამხედრო და ლოგისტიკურ ბაზად გადააქცია.
ხშირად ადამიანები საკუთარ ცოდნასა და უნარებს ისეთ სამსახურში ხარჯავენ, რაც მათ თავდაპირველ მოლოდინს არ შეესაბამება. შედეგად დასაქმებულები კარგავენ დროს, რესურსს და უწევთ სამუშაო ადგილის ხშირი ცვლა, რაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.
განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია კარიერის დაგეგმვა და კონსულტაციების მიღება ამ სფეროს სპეციალისტებისგან მანამ, სანამ სამსახურის ძიებას შეუდგება დასაქმების მსურველი.
საქართველოში ეს მიდგომა ახალია, თუმცა საკანონმდებლო ბაზით უკვე განსაზღვრულია, რომ განათლების ყველა ეტაპზე ახალგაზრდებს და არამხოლოდ მათ, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისზე.
სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ 8 დეკემბერს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები.
კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტი (LINKS)“ – ასე ჰქვია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ბათუმში სამუშაო შეხვედრა.
LINKS-ის წარმომადგენელი, ზურაბ სამარღანიშვილი ამბობს, რომ კარიერული კონსულტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ადრეული პერიოდიდან დაეხმაროს ადამიანებს მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარი კარიერის დაგეგმვის პროცესში:
„დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვინ რას ვაკეთებთ, რადგან პროფესიულ სასწავლებლებს აქვთ ვალდებულება, მსგავსი სერვისი მიაწოდონ თავიანთ სტუდენტებს, სკოლაში არის საკანონმდებლო ბაზით განსაზღვრული, რომ განათლების ყველა ეტაპზე უნდა მოხდეს სერვისის მიწოდება.
გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა აქტორი, იქნება ეს არასამთავრობო სექტორი თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროვაიდერი, ამ კონსულტაციებს სთავაზობს მსურველებს, მაგრამ უნდა არსებობდეს კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სერვისების მიწოდების განსაზღვრული სტანდარტი.
კარიერული კონსულტირების სერვისების აქტუალობა რამდენიმე გარემოებითაა განპირობებული. პირველ რიგში, არსებობს კონსესუსი იმის თაობაზე, რომ ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა დასაქმების პრაქტიკის გაუმჯოებესების და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ამასთანავე, ეფექტიანია იმ ტიპის სერვისები, რომლებიც არა ფრაგმენტული, არამედ სისტემური ხასიათისაა და წარმოადგენს უწყვეტი განათლების მნიშვნელოვან კომპონენტს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე”- ამბობს ზურაბ სამარღანიშვილი.
მისივე თქმით სისტემური ხედვის ჩამოყალიბებისა და პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა და რიგ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხსენებული სერვისების მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იყოს განათლების თითოეულ საფეხურზე.
ზურაბ სამარღანიშვილი – პროგრამა LINKS-ის წარმომადგენელი (LINKS – ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტი)
მისივე განმარტებით, კარიერული კონსულტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში დასაქმების პრაქტიკას აუმჯობესებს, რადგან ახალგაზრდებს სწორი მოლოდინი ექმნებათ სამუშაო ადგილებზე.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო აჭარაში LINKS-ის პროექტის ფარგლებში მომზადებული შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს.
მონიტორინგის თანახმად, ბიზნესორგანიზაციების უმრავლესობა ან საქმის კურსში არ არის, ან არ თანამშრომლობს კარიერული კონსულტირების სერვისების მიმწოდებლებთან ახალი კადრების მოძიების პროცესში.
მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომით მიიჩნევს, რომ აღნიშნული სერვისების მიღება სწრაფი დასაქმების გარანტიას იძლევა.
კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორი სოფიო ვასაძე.
ეს ორგანიზაცია დასაქმების ორ პროექტს ახორციელებს გურიაში. აქვთ დასაქმების ხელშეწყობისა და სწავლების ცენტრი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში:
„კარიერული დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისს ათობით ახალგაზრდა იღებს ჩვენთან, გურიაში. მათ პირველი მოსვლიდან დასაქმებამდე რადიკალურად შეეცვალათ ხედვა მას შემდეგ, რაც ნახეს, რეალურად რა იყო მათი შესაძლებლობები, მოლოდინები და რეალობა.
ეს სერვისები უფასოა, ფინანსდება ევროკავშირის და სახელმწიფოს მიერ. თუმცა ქვეყანაში არ გვაქვს კარიერული კონსულტირების ერთიანი სტანდარტი და დღევანდელი შეხვედრაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ამის გამოსაკვეთად, თუ როგორ ხორციელდება სერვისი სხვადასხვა უწყებასა და დაწესებულებაში,“ – ამბობს სოფიო ვასაძე.
სოფიო ვასაძე – ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორი
8 დეკემბრის შეხვედრაზე ზურაბ სამარღანაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ არასამთავრობოსექტორი, საერთაშორისოდონორი–ორგანიზაციებისმნიშვნელოვანიმხარდაჭერით, ზრუნავსკონსულტირების და კარიერის დაგეგმვისსერვისებისგანვითარებაზესაქართველოში.
უშუალოდაჭარისრეგიონში კი რამდენიმეორგანიზაციამუშაობსახალგაზრდებისთვისამსერვისებზეხელმისაწვდომობისგასაზრდელად.
„მორიგიგამოწვევასხვადასხვასაზოგადოებრივიჯგუფისინფორმირებულობასუკავშირდება. ერთიმხრივ, კერძოსექტორისმნიშვნელოვანინაწილმა არ იცის ზემოთხსენებულისერვისებისარსებობისშესახებდა, როგორცესპროექტისფარგლებშიჩატარებულიშრომისბაზრისმონიტორინგისშედეგადგაირკვა, საწარმოთაუმრავლესობაახალიკადრებისშერჩევისასპრაქტიკულადარმიმართავსკარიერისდაგეგმვისადაკონსულტირებისსერვისებისპროვაიდერებს.მეორემხრივ, რიგშემთხვევაშიმცდარიაბენეფიციარებისაღქმები, მათ ხშირად ჰგონიათ, რომამკონკრეტულისერვისისმიღებისშედეგადავტომატურადდასაქმდებიან” – განმარტავს პროექტ LINKS-ის წარმომადგენელი.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტი“ (LINKS) ხორციელდება „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას სამუშაო ადგილების მოძიებაში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის მეშვეობით.
კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების სერვისების განვითარება – დისკუსია ბათუმში
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია, ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.
აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) .
უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურეებს უნივერსალურ ჯარისკაცებს უწოდებენ, რადგან მათ მრავალმხრივი სამხედრო უნარები აქვთ. ამ ისტორიის გმირიც, კაპიტანი ვადიმ მანკო ასეთი პროფესიონალი იყო.
ვადიმი ტაქტიკური მედიცინის ოფიცერი იყო აღმოსავლეთის ტერიტორიული ადმინისტრაციის ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმში.
მის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს.
ვადიმმა 2017 წელს ეროვნული გვარდიის აკადემია დაამთავრა და სამხედრო სპეციალობით ძირითადი შემადგენლობის ოფიცერი იყო, ასევე მთარგმნელ-რეფერენტი. ცოდნისა და უნარების საშუალებით ვადიმი მზვერავის, ყუმბარმტყორცნის, ჯავშანტექნიკის მსროლელ-ოპერატორისა და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორობასაც ახერხებდა.
თანამებრძოლები მას იხსენებენ, როგორც კეთილშობილ, საიმედო ადამიანს, რომელიც მზად იყო საკუთარი სიცოცხლე გაეღო სხვების გადასარჩენად. ასეც მოიქცა ბოლო ბრძოლის დროს, რომელსაც შეეწირა კიდეც.
13 აგვისტოს ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე სოსნოვკას მახლობლად რუსი ოკუპანტები უკრაინელების ჯავშანტრანსპორტიორს ჩაუსაფრდნენ, რომელშიც სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფი იმყოფებოდა კაპიტან ვადიმ მანკოს ხელმძღვანელობით.
აფეთქებამ საგრძნობლად დააზიანა მანქანა, ყველაზე მეტად ვადიმი დაზარალდა, მთელ სხეულზე ჰქონდა სასიკვდილო ჭრილობები.
დაჭრილმა ვადიმმა თანამებრძოლებს უბრძანა დაეტოვებინათ მანქანა, რისთვისაც ის ჯავშანტრანსპორტიორიდან გამოსასვლელ ერთადერთ კარს სხეულით გადაეფარა, მათთვის გასვლის შესაძლებლობა რომ მიეცა.
ოკუპანტებმა ყუმბარმტყორცნი ესროლეს მანქანას, რასაც ვადიმის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოფიცრის დაღუპვიდან სამი დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმს გმირის წოდება მიანიჭა სამხედრო ფიცის ერთგულებისა და სიმამაცისთვის.
ჯავშანტრანსპორტიორი, რომელშიც რუსმა ოკუპანტებმა კაპიტანი ვადიმ მანკო ჩაცხრილეს/წყარო: უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა Armyinform
ეს ვადიმ მანკოსთვის მესამე ჯილდო იყო. პირველად ის 2016 წელს დაჯილდოვდა უკრაინის პრეზიდენტის ჯილდოთი ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისთვის, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მიიღო მედალი „უკრაინის სამხედრო სამსახურისთვის“.
ხარკოვის მკვიდრი ვადიმ მანკო მტრის შემოსევის პირველივე საათებიდან იცავდა მშობლიურ ქალაქს. 24 თებერვალს, 6:30 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმი ჯავშანტრანსპორტიორით გაემართა ცირკუნი-ხარკოვის გზატკეცილის გადაკვეთასთან, სადაც დამპყრობლები საგუშაგოს აღჭურვას იწყებდნენ. მათ სამი ჯავშანტრანსპორტიორი იცავდა.
ვადიმის რაზმი შეინიღბა და ჩუმად მიუახლოვდა ბლოკპოსტს. ვადიმმა ორი ყუმბარმტყორცნი ესროლა დაუპატიჟებელ სტუმრებს და მტრის ტანკი ეკიპაჟიანად გაანადგურა.
ოკუპანტებმა სროლებით სცადეს თავდაცვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ შვიდი რუსი ჯარისკაცი ტანკიანად აფეთქდა, ჯავშანტრანსპორტიორებში ჩასხდნენ და უსწორმასწორო რელიეფის საშუალებით სცადეს დამალვა.
მათ შორიდან გაუხსნეს ცეცხლი მაღალკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით ვადიმის ჯგუფს. ამ დროს ერთ-ერთმა თანამებრძოლმა საშველად მოუხმო ვადიმს. ჯარისკაცი ორივე ფეხში იყო დაჭრილი. კაპიტანი მანკო სიცოცხლის რისკის ფასად მივიდა დაჭრილამდე, ტყვიამფრქვევების კაკანის ფონზე კიდურები დაუმუშავა ჯარისკაცს, სისხლდენა შეუჩერა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
ყუმბარმტყორცნების გამოყენების შემდეგ სპეცრაზმს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი დარჩა. ვადიმმა დაჭრილები საფარში დატოვა და რაზმთან ერთად ავტომატის ჯერით დაახევინა რუსების ჯავშანტრანსპორტიორებს უკან, სახელმწიფო საზღვრამდე. ვადიმმა დაჭრილი რუსი ოფიცერი დაატყვევა ამ ოპერაციისას.
კაპიტან მანკოს თანამებრძოლები იხსენებენ, რომ მან სადამკვირვებლო პუნქტზე მორიგეობისას ოთხი რუსი მზვერავი შენიშნა და ოთხივე დაცხრილა. ოკუპანტების პასუხმაც არ დააყოვნა და საათ-ნახევარში ვადიმის სადამკვირვებლო პუნქტს ზალპი დაუშინეს. ვადიმმა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო, მაგრამ საავადმყოფოში მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. მერე კი ბრძოლას დაუბრუნდა.
იმ დღეებში ხარკოველი ჯარისკაცები დემენტიევკას რაიონში სისხლისმღვრელ ბრძოლებში იყვნენ ჩაბმული. დერგაჩის რაიონის ულამაზესი სოფელი ნანგრევებად აქციეს ოკუპანტებმა. უკრაინელმა სამხედროებმა ეს სოფელი მაისში გაათავისუფლეს. მტერმა უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო სოფლის დაბრუნება სცადა.
ვადიმ მანკო, უკრაინის გმირი/წყარო: უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა Armyinform
გორაკს შეფენილ სოფელს რუსები ბომბავდნენ არტილერიით, ტანკებითა და ყუმბარმტყორცნებით. დემენტიევკას ბრძოლებში ათობით უკრაინელი დაიღუპა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კაპიტანი მანკოც იქ გაგზავნეს.
28 ივნისს, დაახლოებით 8:00 საათზე, სპეცრაზმის ჯგუფმა სოფელთან მტრის საყრდენი ბაზა აღმოაჩინა. ვადიმ მანკო პირველი მიუახლოვდა ამ ადგილს და ორი ხელყუმბარით ათამდე ოკუპანტი გაანადგურა. დანარჩენებს მისი თანამებრძოლები გაუსწორდნენ.
დაახლოებით 15:00 საათზე სამი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი დაიძრა უკრაინელების მიმართულებით. მტერმა ცეცხლი გახსნა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება სცადა. უკრაინის მცველებმა ცეცხლით შეტევას გაუძლეს. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან პირველივე გასროლით კაპიტანმა მანკომ მტრის ჯავშანტრანსპორტიორი და რვა რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ვადიმის რაზმმა ამ ბრძოლაში ოკუპანტების მთელი რეზერვი ააფეთქა.
იმ დღეს, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვადიმ მანკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, მის შესახებ კიდევ ბევრ ამბავს ჰყვებოდნენ თანამებრძოლები, რაც დაწვრილებითაა აღწერილი სამხედრო სავალდებულო ანგარიშებში.
როგორ უნდა შეფასდეს მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია და პედაგოგის ხელფასს უნდა განსაზღვრავდეს თუ არა მისი სტატუსი? – რა ხარვეზები აქვს არსებულ მოდელს, ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს, ეკა წულუკიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ეკა, მასწავლებლებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ მათი პროფესიული შეფასების არსებული სქემა არც თუ ისე სამართლიანია, რადგან ხელფასის ზრდა სწორედ ამ სტატუსზეა დამოკიდებული. სტატუსისთვის ბრძოლა კი იწვევს გადაღლას, ქაღალდომანიას, სტრესს და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რა იქნებოდა უფრო სამართლიანი მოდელი?
რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ინდივიდუალური მიდგომა აქვს ყველა პედაგოგს ამ საკითხზე.
ანაზღაურების სამართლიანობას თუ დავაკვირდებით, სწორია, უნდა გადაიხედოს და არაერთხელ დადგა დღის წესრიგშიც, თუმცა უსამართლობად მივიჩნევ არა სტატუსებს, არამედ იმას, რომ სტატუსის დანამატის სრულად მიღება საათების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
თუ პედაგოგს 15-ზე ნაკლები საათი აქვს, ის სრულად ვერ იღებს სტატუსით განსაზღვრულ დანამატს და ეს მიმაჩნია უსამართლოდ. სამწუხაროდ, ხელფასი საათზეა მიბმული, ამიტომ მასწავლებლები ცდილობენ მაქსიმალურად დაიტვირთონ, რომ მეტი ანაზღაურება ჰქონდეთ. მასწავლებელი კი არ უნდა იყოს საათებით დატვირთული, წესით, რადგან ეს აისახება ხარისხზე. რაც უფრო ნაკლები საათობრივი დატვირთვა აქვს პედაგოგს, მით უფრო ხარისხიანია შედეგიც.
ისეთი მოდელი უნდა შემუშავდეს, სადაც მასწავლებელს ექნება ნაკლები დატვირთვა და მაღალი ანაზღაურება, ღირსეული, როგორსაც პედაგოგი იმსახურებს.
სტატუსის მოპოვება მარტივი არ არის, ვიღაცამ მეტი იშრომა, მოინდომა და შეძლო დაემტკიცებინა კვალიფიკაცია და მე პირადად, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
პრობლემაა ის, როცა პედაგოგს ამის იქით უწევს დამატებითი შემოსავლების ძიება, თუნდაც რეპეტიტორობა ან სხვა სამსახურში ყოფნა.
საათზე რომ არ იყოს ეს დანამატი მიბმული, მაშინ მოგვარდება მასწავლებლის გადატვირთვის პრობლემა?
პრობლემა დიდად არ გვარდება, რადგან სტატუსის დანამატიც არ არის ისეთი მაღალი, რომ პედაგოგს ეყოს. პრობლემაა ის, რომ საათის ღირებულება ძალიან დაბალია, რადგან საშუალო ხელფასი ძალიან მცირეა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, რაც არ უნდა მაღალი სტატუსი ჰქონდეს მასწავლებელს, ის მაინც შეეცდება მეტი საათი ჰქონდეს, უფრო მეტი ანაზღაურება რომ გამოუვიდეს.
პედაგოგის უკან დგას ოჯახი, თავისი პრობლემებით და პედაგოგის ერთადერთი სარჩო სწორედ მისი ხელფასია, ამიტომ ეს პრობლემას ვერ მოხსნის. პრობლემა მოიხსნება მაშინ, თუ საათის ღირებულება გაიზრდება და არც სტატუსის დანამატი იქნება მიბმული საათების რაოდენობაზე. პედაგოგის საშუალო ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს ღირსეული ცხოვრება. ისეთი, როგორც ევროპულ ქვეყნებშია.
ჩვენ არაერთხელ გვსმენია ოფიციალური პირებისგან, მთავრობისგან, რომ დღეს მასწავლებლის ხელფასი 2 ათასი ლარი და მეტია. რამდენად რეალურია ეს და რამდენ პროცენტს აქვს ასეთი ხელფასი საქართველოში და თუ აქვთ, რის ხარჯზე?
ეს არ არის რეალობას მოკლებული, თუმცა ეს ხდება მაშინ, თუ მასწავლებელს აქვს მენტორის სტატუსი, თუ ჰყავს სადამრიგებლო კლასი და დატვირთულია სულ ცოტა 20-25 საათით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია 2 ათასი ლარი აიღოს ანაზღაურება პედაგოგმა. მაგრამ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი.
პრაქტიკულად, ამას ვერც ერთი მასწავლებელი ვერ იღებს ქალაქში, უფრო რეგიონებში ალბათ, სადაც კადრების ნაკლებობაა და პედაგოგი ახერხებს, რომ დაიტვირთოს საათებით.
ბევრი მენტორი პედაგოგიც არ გვყავს საქართველოში, ამიტომ ძალიან მცირე რაოდენობაზეა საუბარი, ალბათ 2-3 პროცენტზე, ამიტომ ერთი-ორი პედაგოგის მაგალითი საზომად აიღოს სახელმწიფომ, ეს არასწორი მიდგომაა ნამდვილად.
ქაღალდომანიას რასაც ეძახიან ხოლმე პედაგოგები, რამდენადაა შემცირებული სკოლებში წინა წლებთან შედარებით?
მე პირველივე სქემიდან ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ვფიქრობ, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. მე, პირადად, არასდროს შევუწუხებივარ დიდად ამ ქაღალდებს – ალბათ იმიტომ, რომ რაც მიკეთებია, იმისთვის არ ვაკეთე, რომ უბრალოდ სადღაც ამეტვირთა, ვმუშაობდი და წლის ბოლოს, როცა გადავხედავდი ჩემს ნამუშევრებს, ვარჩევდი, რა შეიძლება ატვირთულიყო და რა – არა.
ამდენად, ეს პროცესი ჩემთვის არ ყოფილა ქაღალდომანია და არც ბავშვები დამრჩენია ყურადღების მიღმა.
მაშინ რატომ აქვს პედაგოგების გარკვეულ ჯგუფს იმის განცდა, რომ ბავშვებს აკლდებათ ეს დრო, რასაც ისინი დოკუმენტაციის ატვირთვას ანდომებენ?
ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, ჩვენ არავინ გვთხოვს ეს ყველაფერი ყოველდღიურ რუტინად ვაქციოთ, ვწეროთ და ვტვირთოთ.
იმას, რასაც ვტვირთავთ სისტემაში, ჩვენ ისედაც ვაკეთებთ ყოველდღიურად. წინა სქემაში როცა საგნობრივი კომპეტენციის ბარიერი 1-2 კრედიტზე ჩამოვიდა და მასწავლებელს შეეძლო ჩაბმულიყო სხვადასხვა პროექტში, რომ დაეგროვებინა კრედიტები, მაშინ მოუხდათ პედაგოგებს ერთდროულად ამ ყველაფრის კეთება. ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება.
ბევრი რამ, ცხადია, არ ხდებოდა სამართლიანად და ამანაც იქონია გავლენა.
მე ასე მიმაჩნია, რომ თუ მასწავლებელი განათლებაში არ იყენებს არაფორმალური განათლების კომპონენტსაც, ვერ ექნება სრულყოფილი სურათი, რადგან არაფორმალური განათლება სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ერთ-ერთი პედაგოგი გვიყვებოდა ესტონურ მოდელზე, სადაც პედაგოგის ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, გაიყვანა თუ არა კლასი პედაგოგმა შედეგზე. ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ჩვენი სისტემაც რომ ამ კომპონენტით აფასებდეს პედაგოგს?
სხვა ქვეყნების პრაქტიკას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ის, რომ განმსაზღვრელი იყოს მოსწავლეების შედეგები, მთლად სამართლიანიც შეიძლება არ იყოს. პედაგოგი თავად უნდა იყოს კვალიფიციური და ამას ერთგვარად სტატუსი განსაზღვრავს.
თუ არ გვაქვს შედეგი, არ მაღლდება განათლების ხარისხი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რა კვალიფიკაცია აქვს მასწავლებელს?
კი, ესეც მართალია, მაგრამ რეალურად, მასწავლებელს, რომელიც თავად არის კომპეტენტური და მართლა ბევრს აკეთებს სკოლაში ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კუთხით, აუცილებლად ექნება შედეგი.
უნივერსიტეტებში გვეუბნებიან, რომ სკოლებიდან დაბალი განათლებით შედიან სტუდენტები, რეპეტიტორების ინსტიტუტი ძლიერია, თითქმის ყველა ბავშვი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, მაშინ მასწავლებლების კვალიფიკაცია სად ჩანს, რაში გვაქვს აცდენა?
ძალიან დიდი აცდენა გვაქვს, კი.
მასწავლებელი, რომელიც საგანს წლებია ასწავლის, მაგრამ ვერ აბარებს გამოცდას, ან 1-2 კრედიტზე ჩააბარა, ეს ჩემთვის უკვე ტესტია. მან რაც არ უნდა ბევრი აქტივობა ატვირთოს, ვიღაცისგან დაკოპირებული იქნება ეს თუ თავისი, თუ თავად არ ესმის რას ასწავლის, ვერასოდეს ვერ გაიყვანს ბავშვს შედეგზე.
სამწუხარო რეალობა დადგა ის, რომ ასეთ პედაგოგებს ძველი სქემის გაუქმების წინ, ყველას მიანიჭეს სტატუსი და სისტემაში დატოვეს, რამაც გამოიწვია უზარმაზარი სიყალბე ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. საბოლოო ჯამში, მაინც მოსწავლის შედეგებამდე მივყავართ ამ ყველაფერს. ამიტომ გვაქვს აცდენა.
გადატვირთულია ჩვენი სასწავლო პროგრამებიც და გაკვეთილებიც ხშირად ორიენტირებულია ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზე. ძალიან რთულია ბავშვის მრავალმხრივი განვითარება, თუ არაფორმალური განათლება არ ჩართე ამ პროცესში.
როგორც ვიცით, დასავლური განათლება ანალიზზე და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას გადავცემთ?
კრიტიკული აზროვნების განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალგაზრდისთვის. ჩვენი სკოლები ვერ ამზადებენ ცხოვრებისეული პრობლემების დასაძლევად ახალგაზრდებს, ვერ უწყობს ხელს საჭირო და მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.
უცხოეთში ამას ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან ბავშვებს, ჩვენ შემდგომ ეტაპზეც კი ვერ ვახერხებთ. რატომ არის აქცენტი „სტემ“ განათლების განვითარებაზე, იმიტომ, რომ კომპლექსურად უვითარებს ახალგაზრდებს როგორც კვლევის, ასევე ანალიზის უნარებს. ჩვენთან კი ჯერ კიდევ ყველაფერი თეორიულ დონეზეა. მაღალმთიან რეგიონებში ხომ საერთოდ ზედმეტია ამაზე საუბარი.
ეროვნულ გეგმაშიც გვიწერია, რომ მნიშვნელოვანია ციფრული, სამეწარმეო და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება, მაგრამ როგორ? არ გვაქვს სათანადოდ აღჭურვილი სკოლები და რთულია ასეთი კომპეტენციების განვითარებაზე ვისაუბროთ.
დასავლურ სკოლებში ბევრი კლუბია და მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს სფერო თავისი ინტერესების მიხედვით. ჩვენთან კი ისე ამთავრებენ სკოლას და აბარებენ უმაღლესში, ხშირად არც კი იციან, რა პროფესია შეიძლება მიიღონ სამომავლოდ, რომელიც გამოადგებათ. აი, ეს აცდენები გვაქვს ჩვენ – უნივერსიტეტსა და სკოლას.
ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავენ, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ – მეორე ეტაპი] ხელვაჩაურის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკრებულო დოკუმენტის დამტკიცებას მორიგ სხდომაზე გეგმავს.
გდგ – დოკუმენტი 16 საკადასტრო ერთეულის, ჯამში 15 941 კვ. მეტრის დაგეგმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ პროექტი მოიაზრებს მრავალფუნქციური, საცხოვრებელი, დამხმარე და კომერციული ობიექტების მშენებლობას. ჩამონათვალში აპარტამენტებსაც ვხდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ აპარტოტელის მოწყობასაც მოიაზრებენ. სამშენებლო ტერიტორია საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაშია.
მშენებელი კომპანია მერიას წერს:
„ფერდობი, რომელზეც შენობები იქნება განთავსებული, არაჩვეულებრივად ჩანს ბათუმის ბულვარიდან და ქალაქის მთავარი შესასვლელიდან. საპროექტო ტერიტორიიდან კი იშლება განუმეორებელი ხედები, როგორც ზღვაზე, ასევე ქალაქზე. პროექტი ითვალისწინებს ღია აუზს, რესტორანს, სავარჯიშო დარბაზსა და კომერციულ ფართობებს, მწვანე საფარს ეგზოტიკური ჯიშის ხეებითა და მცენარეებით. ამის გამო ადგილი პოპულარობით ისარგებლებს არა მარტო ადგილობრივ მაცხოვრებლებში, არამედ ტურისტებშიც.“
წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია
მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გდგ-ს დამტკიცების მოთხოვნით მერიას მარინა დიხტიარევმა მიმართა, მშენებელი კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტია“, არქიტექტურული პროექტის ავტორი კი „ალფა არქიტექტურა.“ მარიანა დეხტიარევი მშენებელი კომპანიის – „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ დირექტორია.
შპს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ საქართველოში 2019 წელს დააფუძნეს. კომპანიის 90 პროცენტს რუსეთის ორი მოქალაქე ინაწილებს, მარიტა დოლგიევა 50 პროცენტის მდლობელია, ხოლო 40 პროცენტს მაგომედ ჩაბიევი ფლობს, 10 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, მერაბ ხონელიას ეკუთვნის.
მონიშნულია საპროექტო ტერიტორია – საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ნაკვეთების ნაწილი მარინა დიხტიარევას საკუთრებაა. რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ზოგიერთი ნაკვეთი მას გადახდის განვადების პირობით აქვს შეძენილი, რაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით შესაძლოა მშენებლობის შემდეგ ბინით დაკმაყოფილების შეთანხმებასაც გულისხმობდეს.საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტო კომპანიის მიერ მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან
დოკუმენტის მიხედვით [გდგ], დაგეგმილი შენობების მაქსიმალური სართულიანობა 7, ხოლო სიმაღლის მაქსიმალური მაჩვენებელი 24 მეტრამდეა. პროექტი მოიაზრებს ე.წ. თაუნჰაუსის ტიპის საცხოვრებელ სახლებს [ორსართულიანი ინდივიდუალური სახლი] სულ შვიდ ერთეულს, ამდენივე სამსართულიან სახლს, ორსართულიან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, ექვსსართულიან მრავალბინიან სახლს – სულ ხუთ ასეთ კორპუსს და კიდევ ორ შვიდსართულიან მრავალბინიან სახლს.
რენდერი
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს 177 ადგილით, სარეკრეაციო სივრცისა და შიდა გზების ზონის მოწყობას.
რენდერი
ხელვაჩაურის საკრებულოს მორიგი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება.
„თითქმის 2 წელი ვიცხოვრე პირადობის გარეშე, ხელფეხშეკრული გამოდიხარ პრაქტიკულად,“ – გვიყვება გიორგი თურაზაშვილი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გირაოთი გათავისუფლების დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობა პროკურატურაში დაატოვებინეს.
ბრალდებულებს შორის ბევრია ანალოგიური პრობლემის პირისპირ.
ადამიანები ზოგჯერ წლობით ცხოვრობენ პირადობის მოწმობის გარეშე, რადგან არასაპატიმრო საქმეები მოსამართლეებმა წესით 2 წელში კი უნდა განიხილონ, თუმცა ხშირად ეს ვადები ირღვევა.
რეალობაში ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ყველაზე მძიმე სიტუაციაში, ადამიანს კლინიკაში სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნებიან.
პირადობის გარეშე დარჩენილი ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე რთული და მტკივნეული ეს კითხვა გახდა: „თქვენს პირადობას მომაწვდით?“
სამი ბრალდებულის ამბავი, რომლებსაც პირადობა ჩამოართვეს
„ყველაზე რთულად ეს მახსენდება, როცა სესხის აღება გადავწყვიტე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. მაძლევდნენ სესხს და მერე პირადობაზე მიდგა საქმე,“ – გვიყვება გიორგი თურაზაშვილი. საბოლოოდ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. გიორგის პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
„ოჯახი რომ არ დამდგომოდა გვერდით, არ ვიცი, რა უნდა მექნა, მშიერი დავრჩებოდი,“ – პირადობის გარეშე გატარებული ორი წლის გახსენებაზე საუბარი უჭირს გიორგი თურაზაშვილს. – „ქალაქიდან გასვლაც პრობლემა იყო, რადგან კვირაში ორჯერ გამომძიებელთან უნდა მივსულიყავი, სოფელი მაქვს თბილისიდან მოშორებით და ვერც იქ მივდიოდი.
პირადობის გარეშე სად უნდა მემუშავა? რაღაც ისე თუ გამოჩნდებოდა პერიოდულად, ეგ იყო… საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლეს ვთხოვეთ და დამიბრუნა პირადობა,“ – აღნიშნა გიორგი თურაზაშვილმა „ბათუმელებთან“.
თითქმის ორი წელია პირადობის გარეშე ცხოვრობს ბათუმელი ლეონიდე მიქაბერიძეც. იგი ყოფილი პატიმარია, თუმცა ციხიდან გამოსვლამდე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. მოსამართლემ უკვე ბრალდებულის სტატუსის მქონე ლეონიდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მას ასევე ჩამოართვეს პირადობის მოწმობა.
„კლინიკაში, იუსტიციაში, სამსახურში, ყველგან გპასუხობენ, რომ ვერ დაგეხმარებიან.
წარმოიდგინეთ, ყველაფერი როგორ უცებ ქრება, როცა გეკითხებიან: თქვენი პირადობა?!“
ლეონიდე მიქაბერიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის თებერვალში ჩამოართვა პირადობის მოწმობა დამატებითი ვალდებულების სახით.
„კლინიკებია ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა, როცა ჯანმრთელობის პრობლემა გაწუხებს. კლინიკებში გეუბნებიან, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია პირადობა,“ – გვიყვება ლეონიდე მიქაბერიძე, – „ერთ ასეთ შემთხვევაში მირჩიეს, რომ იმ კლინიკაში მივსულიყავი, სადაც მანამდე ჰქონდათ ჩემი ისტორია. ასეც მოვიქეცი და გაამართლა, თუმცა სხვა შემთხვევაში შეიძლება უარი მითხრან, ან რა უნდა მექნა, სადმე ჩემი ისტორია რომ არ ყოფილიყო?
ექიმებს აქვთ ვალდებულება, რომ ნებისმიერი პაციენტი მიიღონ, ამავდროულად კი, რეგისტრაციის გავლაა საჭირო. გამოდის, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში რჩები, ეს არის ირიბი დისკრიმინაცია, – მიიჩნევს ყოფილი პატიმარი. ის ციხეში ყოფნის დროს განსაკუთრებით დაინტერესდა სამართლით, რამდენიმე სასამართლო პროცესი მოუგოიუსტიციის სამინისტროს და ამჯერად პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.
ლეონიდე მიქაბერიძე
„სხვა პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, მოსამართლე როგორ ადგენს ბრალდებულის ვინაობას?“ – ეს კითხვა ყოფილ პატიმარს მოსამართლეებთან აქვს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდებულები, რომლებსაც პასპორტი, ასევე პირადობის მოწმობა ჩამორთმეული აქვთ, სასამართლო სხდომებსაც კი პირადობის გარეშე ესწრებიან.
„ამ დროს დასაქმებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: საჯარო სექტორია, თუ კერძო, პირველ რიგში, პირადობას გთხოვენ.
თუ მიზანია ის, რომ საზღვარი არ გადაკვეთოს და არ მიიმალოს ბრალდებული, ეს ინფორმაცია ხომ ისედაც აქვთ საზღვარზე? ამას წინათ, ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლეს არ უშვებდნენ საზღვარზე. როგორც ჩანს, ისიც მონიშნული იყო საზღვრის ბაზებში…
იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთმა ბრალდებულმა იუსტიციას უთხრა, რომ პირადობა დაეკარგა და ახალი პირადობა დაუმზადეს, საღამოს კი, სახლში დაადგნენ, მიმალვას აპირებდიო.
ეს საკითხი პარლამენტსა და ხელისუფლებაში სულ არ ანაღვლებთ. ისე უყრიან საკითხებს კენჭს, რომ უმრავლესობას და უმცირესობასაც ხშირად წარმოდგენა არ აქვს, რას უჭერს მხარს. სხვანაირად როგორ ავხსნა, რაში სჭირდებათ ეს?“ – კითხულობს ლეონიდე მიქაბერიძე.
„დაახლოებით 4 თვეა პირადობის გარეშე ვცხოვრობ, პასპორტი ისედაც არ მქონდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კიდევ ერთი ბრალდებული ზ.გ. მას ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას არ გამორიცხავს და მიაჩნია, რომ ღიად პოზიციის დაფიქსირებამ შესაძლოა, მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაართულოს.
„მე თვითონ დავთანხმდი პირადობის დატოვებას, პატიმრობას ყველაფერი ჯობია… პროკურორი ითხოვდა პატიმრობას. როგორც მითხრეს, ესენი სულ პატიმრობას ითხოვენ.
რა თქმა უნდა, ყველაფერი პრობლემაა, დასაქმებით ისედაც ხელოსნად ვმუშაობ და პირადობა არ მჭირდება, მაგრამ კლინიკაშიც რომ ვიყავი, ვინც მახლდა, იმ პირზე გააფორმეს მომსახურება. ბანკში რაღაცის შეცვლა რომ გინდა, სესხია, მაგალითად, ჩემს სახელზე, ვერაფერს შეცვლი.
სასამართლოში როცა მივდივარ, მანდატურს ვეუბნები, რომ პირადობა ჩამორთმეული მაქვს. ის ურეკავს თანაშემწეს და ასე შევდივარ პროცესზე. მოსამართლე ალბათ ძველ დოკუმენტაციაში ნახულობს ჩემს ფოტოს და ადარებს, არ ვიცი. ჩემი პირადობა კი, გამომძიებელს აქვს შენახული, როგორც ვიცი.
თითქოს საზღვარი არ გადაკვეთონო, ამიტომ აკეთებენ, ვიცი, მაგრამ შეიძლება ბაზებში ამ მონაცემების შეყვანა, რომ საზღვრის კვეთის უფლება არ მქონდეს,“ – მიიჩნევს ბრალდებული.
რა გამოსავალს ხედავენ უფლებადამცველები?
უფლებადამცველების აზრით, ამ პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სასამართლო პრაქტიკის შეცვლა, როცა მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება ბრალდებულისთვის პირადობის ჩამორთმევას, როცა მიმალვის რისკი მართლაც მაღალია.
მეორე გზა კი, ახალი სამართლებრივი რეგულირებაა – დროებითი დოკუმენტის გაცემა, რომლითაც ბრალდებული ნებისმიერ სერვისს მიიღებს, მაგრამ საზღვარს ვერ გადაკვეთს. მას არც არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნება.
იურისტები განმარტავენ, რომ როცა მოსამართლე ბრალდებულის პირადობას, ან პასპორტს ატოვებინებს, მართლმსაჯულების მიზანია ბრალდებული არსად მიიმალოს და არა ის, რომ ბრალდებულს კლინიკამაც კარი გამოუხუროს, როცა იქ ჯანმრთელობის პრობლემით მიდის.
სასამართლო პრაქტიკის ცვლილების მომხრეა, მაგალითად, იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“.
„სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საკითხი და ზედმეტი, არასაჭირო, არაგონივრული შეზღუდვა არ უნდა დაუშვას“, – ამბობს ის და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ლეგიტიმური მიზანი ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ მიმალვის საფრთხის ნიველირება შეიძლება არ იყოს.
არჩილ ჩოფიკაშვილი
„რისკი შესაძლოა იყოს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეც,“ – იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი თავის დაკვირვებას გვიზიარებს და ერთგვარ გამოსავალზეც საუბრობს.
„დამატებით ღონისძიებებში არსებობს სხვა ალტერნატივაც, მაგალითად, ელექტრონული მონიტორინგი, პოლიციაში პერიოდული გამოძახება… კანონი იძლევა საშუალებას, რომ თუ ეს არაა განსაკუთრებული შემთხვევა და არ ეხება ძალადობას, სასამართლომ გამოიყენოს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. სამწუხაროდ, სასამართლო ისე ეფექტურად არ იყენებს ამ მექანიზმს, როგორც ეს საჭიროა,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
დღეს მოქმედები კანონმდებლობით, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება არის დამატებითი ღონისძიება აღკვეთ ღონისძიებასთან, მაგალითად, გირაოსთან ერთად.
ბათუმელი ადვოკატის, მზია ზოიძის დაკვირვებით კი, სასამართლო ძირითადად იმ ბრალდებულების შემთხვევაში იყენებს პასპორტის ჩამორთმევის პრაქტიკას, როცა ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
„მიმდინარე საქმეებიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა მაქვს, როცა ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა, ძარცვას ედავებიან და მე მოვითხოვე პირადობის ჩაბარებაც, რადგან ამ შემთხვევაშიც პროკურორი ითხოვდა პატიმრობას. მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ამიტომაც დავაყენე ეს შუამდგომლობა, დიდ იყო პატიმრობის გამოყენების რისკი.
მქონია შემთხვევაც, როცა პირადობა ჩამორთმეული ჰქონდა ბრალდებულს და შემდეგ გამართლდა,“ – გვითხრა მზია ზოიძემ. მისი თქმით, სხვა ადვოკატებიც ამ სტრატეგიით მოქმედებენ: როცა ხედავენ, რომ ბრალდებული შესაძლოა მოსამართლემ დააპატიმროს, მოსამართლეს გირაოსთან ერთად სთავაზობენ პირადობის ჩაბარებასაც.
„აღკვეთ ღონისძიებებში პატიმრობა და გირაო გამოიყენება ყველაზე ხშირად, პრაქტიკა ასეთია. მაგალითად, პირადი თავდებობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება, მე ბოლო 15 წელი პრაქტიკაში არ მქონია. არ კმაყოფილდება და ამიტომ საერთოდ აღარ ვაყენებთ ამ შუამდგომლობას,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე.
„ეს საკითხი დასარეგულირებელია და არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა,“ – მიიჩნევს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. მისი აზრით, შესამუშავებელია რეგულაცია, რა სახის დროებითი დოკუმენტი უნდა გაიცეს მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად.
„გამომძიებელმა შეიძლება გასცეს დროებითი ცნობა ისე, რომ ქვეყნის დატოვება ბრალდებულმა ვერ შეძლოს. მიზანი ესაა და არა ის, რომ, მაგალითად, ბრალდებული ვერ დასაქმდეს, ან სხვა აქტივობაში ჩართვა ვერ შეძლოს,“ – ამბობს საიას იურისტი პაატა დიასამიძე.
საია-ს ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი კი, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმიდან აქცენტს აკეთებს საინტერესო დეტალზე, სადაც ჩანს, რომ მიმალვის და საზღვრის დატოვების კონტროლი სახელმწიფოს პირადობის ჩამორთმევის გარეშეც შეუძლია.
თამარ ბოჭორიშვილი
„ჩვენი დაცვის ქვეშაა რამდენიმე ბრალდებული, რომლებსაც არ მიეცათ საზღვრის კვეთის უფლება იმის მიუხედავად, რომ მათ პირადობა და პასპორტიც ხელში აქვთ, ისინი მხოლოდ გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული. როგორც ჩანს, კონკრეტული ბაზები არსებობს და აქვთ მონაცემები ბრალდებულებზე.
პირველ რიგში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს მკაფიოდ, რამდენად არსებობს ამ სახის დამატებითი ვალდებულების საჭიროება.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პასპორტი ჩამოართვეს ბრალდებულს, რომ მას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ მისცემოდა და პირადობა დაუტოვეს, თუმცა ძირითადად ართმევენ ორივეს. სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს დამატებით ვალდებულების დაკისრება, როცა მიმალვის რისკი რელევანტურია.
დამატებით ვალდებულების გამოყენება უკიდურესი ზომის – პატიმრობის საპირწონეა ხშირად, თუმცა ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ.
როცა მიმალვის რისკები დაზღვეულია სხვა შეზღუდვით, უმჯობესია, რომ ბრალდებულს პირადობის მოწმობა მაინც არ ჩამოართვან, რომლითაც შეძლებს ადამიანი იმ სერვისების მიღებას, რაც ჩამოთვალეთ,“ – გვითხრა საია-ს ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა.
საია-ს იურისტი ადვოკატებისგანაც მეტ აქტიურობას ელის: „ნებისმიერ დროს, როცა წარმოიქმნება ახალი გარემოება, დაცვის მხარეს, როგორც ვიცით, შეუძლია შუამდგომლობით დაასაბუთოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი,“ – დასძინა თამარ ბოჭორიშვილმა.
მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ინფორმაციას თურქული მედიაკომპანიის აღმასრულებელი თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება მინიმუმ მარტის ბოლომდე შეუწყდეს. მიზეზი რუსეთის სარაკეტო თავდასხმებია, რომლებმაც უკრაინის ეროვნული ენერგოქსელის ოპერატორის Ukrenergo-ს განაცხადებით, კოლოსალური ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგოსისტემას.
თურქეთში დაფუძნებული კონგლომერატის – Karadeniz Holding-ის ნაწილს, Karpowership-ს, ამჟამად აქვს 6000 მეგავატი სიმძლავრის ენერგია მისი ფლოტის წყალობით, რომელიც 30 მეგავატიდან 500 მეგავატამდე სიმძლავრის 36 ენერგეტიკულ ხომალდს მოიცავს.
როგორც თურქული „დეილი საბაჰი“ წერს, კომპანიის ოპერაციები ძირითადად ფოკუსირებული იყო აფრიკაზე, აზიასა და ლათინურ ამერიკაზე, თუმცა ევროპაში ენერგეტიკულმა კრიზისმა და უკრაინის ომმა ახლა კომპანიის ყურადღება ევროპაზე გადაიტანა და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
„ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან, მათ შორის, გაეროსთან და სხვა დამხმარე ინსტიტუტებთან, რათა მივაწოდოთ დაახლოებით 300 ან 400 მეგავატი ელექტროენერგია ელექტროგადამცემი გემებით, იმავდროულად, ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი, თუ როგორ და სად განვათავსოთ ეს გემები,“ – უთხრა თურქულ გამოცემა „ანადოლუს“ Karpowership-ის მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა ზეინეპ ჰარეზიმ.
უსაფრთხოების რისკებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ უკრაინისთვის განკუთვნილი აქტივების დაზღვევა შეუძლებელია, საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ სასურველი იქნებოდა ელექტროგადამცემი გემების განთავსება მოლდოვასა და რუმინეთის პორტებში, საიდანაც ელექტროენერგია უკრაინაში გადამცემი ხაზებით გადაიცემა.
ჰარეზიმ თქვა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია მოლდოვასა და რუმინეთის სხვადასხვა პორტში განლაგებულმა სამმა ან ოთხმა ენერგოგადამცემმა გემმა უკრაინისთვის საჭირო სიმძლავრე კონკურენტულ ფასებში უზრუნველყოს.
„ჩვენი ელექტროენერგია უფრო იაფია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოების ღირებულება ევროპაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჰუმანიტარული ასპექტის გათვალისწინებით, მივაწოდოთ უკრაინას ელექტროენერგია“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ გაერო ინფორმირებულია ამის შესახებ გეგმის კოორდინაციის მიზნით.
ჰარეზის თქმით, როდესაც გეგმის ტექნიკური ასპექტები მოგვარდება, 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას შეუძლია უკრაინაში თვეში 1 მილიონამდე სახლის ელექტროენერგიის საჭიროების დაკმაყოფილება.
„უკრაინას ახლა სჭირდება ყოველი კილოვატი ელექტროენერგია. მოლდოვასა და რუმინეთის გავლით უკრაინაში ელექტროენერგიის გაგზავნის ერთადერთი გამოწვევა შეიძლება იყოს ბიუროკრატიული და პოლიტიკური საკითხები“, – თქვა მან.
ბევრი ეძებს ელექტროგემებს მომავალი ზამთრისთვის
ჰარეზიმ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან 2000 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებაზე მომავალი ზამთრისთვის, რაც, მისი თქმით, „ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უფრო კრიტიკული პერიოდია“.
„ჩვენ ველით, რომ მოლაპარაკებები დასრულდება 2023 წლის ივნისში ან ივლისში”, – თქვა ჰარეზიმ.
მოსალოდნელია, რომ ევროპა ამ ზამთარს ინციდენტების გარეშე გაივლის, უფრო რბილი ზამთრის, სავსე სასაწყობე მარაგებისა და დაბალი მოთხოვნის წყალობით. თუმცა იმის გამო, რომ მომავალ ზამთარში ნაკლები რუსული გაზი იქნება ხელმისაწვდომი საწყობების შესავსებად, მიწოდების უსაფრთხოება კონტინენტისთვის უფრო აქტუალური საზრუნავი გახდება.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის ფატიჰ ბიროლის თქმით, მომავალ ზამთარში ევროპა შეიძლება უფრო დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან რუსეთის გაზის მიწოდება ევროპაში შეიძლება მთლიანად დასრულდეს მომავალ წელს, ხოლო ჩინეთის თხევად ბუნებრივ გაზზე (LNG) მოთხოვნა სავარაუდოდ გაიზრდება, რამდენადაც ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლის პროცესშია.
დაგეგმილია სიმძლავრის 65%-იანი ზრდა
Karpowership-ი ამჟამად მუშაობს აფრიკასა და აზიაში და მისი ოპერაციები ფართოვდება ლათინურ ამერიკაში, თქვა ჰარეზიმ.
ბრაზილიაში ახლახან დაიწყო მუშაობა რამდენიმე ენერგეტიკულმა ხომალდმა, რომელთა საერთო სიმძლავრე 560 მეგავატია. ასევე, კომპანია კუბას 600 მეგავატ ელექტროენერგიას აწვდის.
კომპანიამ ასევე შეაღწია დომინიკის რესპუბლიკაში 200 მეგავატით და იგეგმება ამ სიმძლავრის გაორმაგება.
ჰარეზიმ აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკაში 2024 წლის დასაწყისისთვის 1200 მეგავატი ელექტროგადამცემი გემების ჩართვა იგეგმება.
მან განაცხადა, რომ კომპანიის ოპერაციები ახლა უფრო ფართოვდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სინგაპურთან და კალიფორნიის შტატთანაც კი. ეს გაზრდის კომპანიის გამომუშავებულ სიმძლავრეს 6000-დან 10000 მეგავატამდე ხუთ წელიწადში, რაც ამჟამად გამომუშავებული სიმძლავრის დაახლოებით 65%-ით ზრდას გულისხმობს დამატებითი გემებით.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ხანგრძლივი პროცესია, „ახალი ტერიტორიების გაჩენას“ კი ამ ოპერაციის „ღირებულ შედეგად“ მიიჩნევს.
ასეთი განცხადებით ვლადიმერ პუტინი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრაზე გამოვიდა.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თქვენ ახალი ტერიტორიები ახსენეთ და ახალი ტერიტორიების გაჩენა ღირებული შედეგია რუსეთისთვის. ეს სერიოზული საკითხია. ცოდვა გამხელილი სჯობს და აზოვის ზღვაც რუსეთის შიდა ზღვა გახდა… ჯერ კიდევ პეტრე პირველი იბრძოდა იმისთვის, რომ აზოვის ზღვაზე გასულიყო,“ – ასე უპასუხა პუტინმა შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის ნათქვამს, რომ ხალხი შედეგებს ელოდება.
კრემლისტური გამოცემების ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დონბასში ომი რუსეთს არ დაუწყია, არამედ დაიწყო „იმ რეჟიმმა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა“.
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკვე არაერთხელ ნათქვამი ფრაზა, რომ უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი მხოლოდ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მომავალი პოლიტიკოსები ამას გაითვალისწინებენ, რადგან ახლანდელებს, ეს უბრალოდ, არ ესმით.
პუტინს შეკითხვა დაუსვეს ბირთვული ომის საფრთხეზეც, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთი არ აპირებს „ბირთვული იარაღი სამართებელივით იქნიოს.“
„ჩვენ ჯერ ჭკუიდან არ გადავსულვართ, ძალიან კარგად ვიცით, რა არის ბირთვული იარაღი. ეს საშუალება ჩვენ გვაქვს და ის ბევრად უფრო თანამედროვე და პროგრესულ მდგომარეობაში ინახება, ვიდრე რომელიმე ბირთვულ ქვეყანაში. ეს ნათელია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ის გვაქვს, მაგრამ ის შემაკავებელი ფაქტორია, რომელიც იმისთვის არ არსებობს, რომ კონფლიქტების პროვოცირება მოახდინოს. იმედი მაქვს, ეს ყველას ესმის,“ – განაცხადა პუტინმა.
როგორია ზამთარი ფრონტზე? – იმეორებს ჟურნალისტის შეკითხვას მაიორი კირილო ვერესი, უკრაინის გმირი, „ოქროს ვარსკვლავის“ მფლობელი და ბოგდან ხმელნიცკის ორდენის სრული კავალერი.
ვერესი 34 წლისაა და 54-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო ჯგუფ K2-ს მეთაურობს. დანაყოფს, რომელმაც უკრაინაში სახელი ჯერ კიდევ დონბასის ბრძოლებიდან გაითქვა.
სწორედ ამ ჯგუფის მებრძოლებმა დაატყვევეს 2015-ში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები – ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი, რომლებიც შემდეგ უკრაინამ ნადეჟდა სავჩენკოში გაცვალა.
ვერესი თავის K2-თან ერთად ახლა ბახმუტთან იბრძვის და როგორც თავად ამბობს, მტრის სრულიად შეშლილ და უაზრო შეტევებს იგერიებს.
კირილო იქაურ ამბებს „უკრაინსკა პრავდას“ უყვება. ჰყვება საბრძოლო ოპერაციებზე, თავის თანამებრძოლებზე, კრემლში რაკეტის გაგზავნის სურვილზე, იმაზე, როგორი მებრძოლები არიან რუსები და იმაზეც, როგორი დაუნდობლები გახადა უკრაინელი სამხედროები მტრის მიმართ ამ ომმა და რუსეთის სისასტიკემ.
ერთი ორმოცთან
დიდი ომის მეათე თვეა და მოწინააღმდეგე არ იცვლება. ძალიანაც მადლობელი ვარ რუსების, რომ ვერ სწავლობენ. ვურჩევ, ასე გააგრძელონ: იხოცებიან, მოდიან ახლები, გადააბიჯებენ დაღუპულებს, მიდიან წინა ხაზზე და ისევ იხოცებიან.
ახლა აქ დანაკარგების შეფარდება ერთი ოცდაათთანაა, მეტიც, ერთი ორმოცთან. ცხადია, ჩვენ სასარგებლოდ. მაგრამ ასეთ პირობებშიც კი მათი დანაკარგი კიდევ მეტი უნდა იყოს, ჩვენი – ნაკლები.
ყოველთვის ვამბობ: ვიდრე რუსეთი ბოლომდე დამთავრდება, შეიძლება უკრაინაც დამთავრდეს. ამიტომ მე არ ვეთანხმები იმას, რომ ათ, ოც „ორასიან“ რუსზე ერთი ჩვენი მებრძოლი მოდიოდეს. ასზეც კი არ ვარ თანახმა. მაგათ ნაგავი ეღუპებათ და ჩვენ საუკეთესოები!
ჩვენს მონაკვეთზე ახლა მხოლოდ „ვაგნერია“. მაგათი პატიმრები მოდიან და მოდიან, რეგულარული არმია მეორე რიგში დგას. ჩვენ მათი ნარჩენების უტილიზაციით ვართ დაკავებული, მაგრამ ამასობაში ჩვენებს ვკარგავთ, ღირსეულ ბიჭებს.
მოწინააღმდეგე, რომელიც არ იცვლება
მათი ტაქტიკა არ იცვლება. რჟევის ბრძოლის (მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა და გერმანიის ჯარებს შორის ბრძოლა რჟევ-ვიაზემსკის მიდამოებში 1942-1943 წწ.) ამბებზე ბევრი რამ წავიკითხე და ბევრსაც ვუყურე. მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცი იღუპებოდა, რომ როგორმე რომელიმე საკვანძო ქალაქი აეღოთ. და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ სადღაც იქ ვართ, რჟევთან. ისე უგონოდ იმეტებენ პირად შემადგენლობას!
ასე, ერთი კვირის წინ მძიმე ბრძოლა იყო. ერთი დღე, ორი, სამი, ოთხი… ჩემს მეთაურთან მივდივარ და ვეუბნები: „ასეთი ტემპით მალე ტყვიები გაგვითავდება ავტომატში. უბრალოდ გაგვითავდება“. საბრძოლო კომპლექტის მოტანას ვერ ვასწრებთ, ისინი კიდე მოდიან და მოდიან სიკვდილზე. ასეთი ამბავია.
მაიორი ვერესი თანამებრძოლებთან/ფოტო: მიხაილო რომანი
მინახავს, როგორ მოდის პოზიციაზე ორმოცდაათი ადამიანი. პირდაპირ. მორბიან და ეცემიან. ნახევარი საათი შესვენებას ვასწრებთ, მოწევას და მერე ახალი ასეული მორბის. ასეთ მომენტში, თავიდან ძალიან ნერვიულობ შენიანებზე, რადგან ძალთა თანაფარდობა უბრალოდ შეუდარებელია, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ მათი პირველი ნაწილი უკვე აღარაა, რეალურად არაფერიც არ შეუძლიათ, ბიჭებს ეუბნები: „მიდით, გააკეთეთ ის, რაც ძალიან კარგად იცით. არაფრის მოგონება არაა საჭირო. აკეთეთ თქვენი საქმე. აუჩქარებლად, დაგეგმილად, ემოციების, ქაოსისა და ანარქიის გარეშე“.
როდესაც შეტევის ბოლოს მათი 10 პროცენტი რჩება, უკვე ეუბნები: „თუ დანებება არ უნდათ, მაშინ, ბოლომდე!“
ერთხელ, როცა სულ რვანიღა იყვნენ დარჩენილები, გადავწყვიტე მიმემართა – დრონით ავფრინდი, მეგაფონით, ასე 20 მეტრის სიმაღლეზე, რომ ჩემი ხმა გაეგოთ.
„დაგვნებდით, წამოიყვანეთ დაჭრილები და გამოდით. გხედავთ ყველას. აგერ შენ ხის ძირში წევხარ მწვანე ქურთუკით. შენ კიდევ შავი შარვალი გაცვია. არ ჩაგვბარდებით და ტანკით მოვალ და გადაგცხრილავთ“. არ მოინდომეს. ტანკით მივედი და სროლამდე კიდევ ერთხელ შევთავაზე, ტყვედ ჩაბარებულიყვნენ. ისევ არ მოინდომეს.
უკრაინაში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა
ამ ომში ბევრი რამ პირველად ხდება. ყველაფერი სხვანაირია. კი, მთელი ეს წლები ვიბრძოდით და ადამიანები იღუპებოდნენ, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ახლა ხდება, ის მზადება იყო.
24 თებერვლის შემდეგ გაცილებით რთულია. მაშინ იცოდი, რომ შეგეძლო ზურგში შესულიყავი რამდენიმე კილომეტრით და არაფერი მოფრინდებოდა. ახლა უკრაინაში უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. კიევშიც კი ბომბები ცვივა. ახლა ყველგან სახიფათოა. თუკი ადრე მებრძოლი მხოლოდ საკუთარ თავსა და თანამებრძოლებზე დარდობდა, ახლა დარდობს შვილებზე, ცოლზე, მშობლებზე და ყველაზე, ვინც თითქოს არაა საბრძოლო ზონაში. ფიქრობს, იქაც ხომ არ ბომბავენ, ან უბრალოდ ხომ არ იყინებიან გათბობის გარეშე.
ბევრი ფაქტორი გაჩნდა, რაც მებრძოლზე მოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ, მოქმედებს ისევ ბრძოლისთვის სასიკეთოდ: სამხედროები გაბრაზებულები არიან და მტრის დანდობა აღარ აქვთ.
გადარჩენის ინსტინქტი
ამასწინათ „ვაგნერის“ პატიმრები დავატყვევეთ. მაგათ ხომ თავები ნახერხით აქვთ გამოტენილი. ციხეებში ფილმებს აყურებინებენ, რომ ჩვენ აქ თითქოს ტყვეებს ყურებს ვაჭრით, ამიტომ ჩვენი ძალიან ეშინიათ. ტვინი მაგათ არ აქვთ, მაგრამ მაინც – ცოცხალი ძალაა. ისინი ყველანი ცდილობენ, თან გადარჩნენ და თან მოკლან. რატომაა რთული მტრის მოკვლა? იმიტომ კი არა რომ გეცოდება, არამედ იმიტომ, რომ გადარჩენისთვის იბრძვის. ვიდრე მტერი ცოცხალია, ის ადამიანია და თვითგადარჩენის ზუსტად ისეთივე ინსტინქტი აქვს, როგორიც ჩვენ.
ტვინი არ აქვთ, თორემ ტექნიკა რამდენიც გინდა, თავზე საყრელი შეიარაღება. ჩვენზე ბევრად მეტი.
ჯერჯერობით წინსვლის რესურსი არ გვაქვს. იძულებული ვართ, ჯერ მხოლოდ მათ შეკავებაზე ვიზრუნოთ. ასეთი ვითარებაა. ვუფრთხილდებით ყველა ჭურვს, რომელიც მიზანს უნდა მოხვდეს.
ოპერაციებსაც ძალიან დეტალურად ვამუშავებთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავთვალოთ ყველაფერი ისე, რომ დანაკარგი შევამციროთ.
არსებობს თუ არა კონკრეტული ადამიანი, ვისი შეპყრობა ან ბრძოლაში დამარცხება მენდომებოდა? არის ერთი.
როდესაც ავდეევკაში ვიდექი, იქ იყო მე-11 პოლკის მე-6 ასეულის მეთაური, მეტსახელად „კრესტი“, რუსი გერმანული ფესვებით.
ძალიან თავხედი ვინმე იყო. ჩვენებს უყვიროდა, მოლაპარაკებებზე თვითონ მოდიოდა. მასზე ათას რამეს ჰყვებოდნენ. თუმცა პირადად ვერასდროს შევხვდი. ისე მოხდა, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე მისი ბატალიონის მეთაური მოვკალი.
ვოლნოვახაში ბრძოლისას ერთ-ერთი ტყვისგან გავიგე, რომ „კრესტი“ ბატალიონის მეთაური გამხდარა და ვოლნოვახაში სწორედ მის ბატალიონს ვებრძოდი. მოკლედ, ისევ ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ შევხვდით.
მერე „კრესტმა“ მარინკას შეუტია. იქაც ვიბრძოლეთ. სულ ზღვარზე. ასეთ დროს რაღაც პატივისცემა გიჩნდება მოწინააღმდეგის მიმართ.
მერე „კრესტი“ ლუგანსკში გადაიყვანეს და იქ კი მიაღწია წარმატებას. ფაქტობრივად, ყველა წარმატებული ოპერაცია ლისიჩანსკში, პოპასნასთან – მისი ბატალიონისაა.
ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს მის ოპერაციებს.
რაც შეეხება სხვა რუსებს… გულწრფელად რომ გითხრათ, სოლოვიოვს დავიჭერდი და კიდევ იმას, სკაბაევას, მინდა უბრალოდ თვალებში ჩავხედო.
გული მწყდება, რომ ჟირინოვსკი დროზე ადრე წავიდა. მინდოდა, ამ ყველაფრის მოწმე გამხდარიყო. ენახა თავისი „მაგარი“ ქვეყანა.
ზამთარი ფრონტზე
ეს არის თოვლი, ჭუჭყი, ოფლი, ცრემლი და სისხლი.
ეს ომია. რა უნდა იყოს ომში? რესტორანი? ვიომოთ ორ დღეში ერთხელ? არა, ომი – ნონ-სტოპია.
მებრძოლებს გულის გაკეთება სჭირდებათ. მე სულ ვეუბნები – „ბიჭებო, ყველანი დავიხოცებით, მაგრამ ამ როტაციისას არა“.
ზამთარი – ღუმელია. დენი – ფუფუნებაა. მეც სიბნელეში ვცხოვრობ. მაქვს გენერატორი, მაგრამ ვრთავ მხოლოდ იმისთვის, რომ დავტენოთ ლეპტოპები, რადიოსადგურები, დავამონტაჟოთ ვიდეოები, დავგეგმოთ და გავაანალიზოთ ოპერაციები.
ჩვენს დანაყოფში არიან ქვეითები, სნაიპერები, მეტყვიამფრქვევეები, მზვერავები, დრონის პილოტები… და მე ვითხოვ, რომ თითოეული მათგანი უნივერსალური იყოს, სხვადასხვა ტექნიკისა და შეიარაღების გამოყენება შეეძლოს.
კირილო ვერესი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს/კადრი ҐРУНТ-ის ვიდეოდან
ვისაც მტერი უყვარს
ის, რომ დიდი ომი იქნებოდა, უკვე 2014 წლიდან ვიცოდი. მხოლოდ დროის საკითხი იყო. 24 თებერვალს ახალი არაფერი მინახავს – თუმცა სადღაც შიგნით, ღრმად, იმედი მქონდა, რომ ასეთი – რაკეტებით, ავიაციით გამანადგურებლებით… იქნებ, ასეთი არ ყოფილიყო.
მათ, ვისაც ჩვენი მტერი უყვარს, ის მომავალშიც ეყვარება. მაგათ თავზე რომ დაათოვთ, იტყვიან, უბრალოდ წინწკლავსო და იტყვიან კიდევ, რომ ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას ვესროდით.
ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ხალხი უნდა გაგვეშვა აქედან, უკრაინიდან გაგვეშვა რუსეთში. ასე რომ მოვქცეულიყავით 2014-2015 წლებში, შეიძლება დღეს რაღაც სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ახლაც კი, ზურგის ქალაქებში, ვიდრე ჩვენ აქ მტერს ვაკავებთ, მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც იმედი აქვს და რუსეთს ელოდება და ეძახის.
როდესაც ქალაქებს ბომბავენ, შენ ან გეშინია, ან ბრაზდები. ჩვენ ვბრაზდებით. აი, მე ძალიან მინდა კრემლს დავცხო. აი, გულწრფელად, ახლა რომ რაკეტა მომცენ, არც დავფიქრდებოდი, ისე გავუშვებდი! გავუშვებდი მოსკოვშიც და მათ ყველა ელექტროსადგურზეც, ტენდენციები რომ კარგად გაიგონ: ასე არ შეიძლება! ვიბრძოლოთ, მაგრამ ვიბრძოლოთ პატიოსნად, ღირსეულად და არა ასე.
ბრძოლის პოტენციალი ჩვენ კიდევ უზარმაზარი გვაქვს. სურვილიც. მოდი ვიბრძოლოთ! ჩვენ არ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს მათ სურთ. ეს მათ მოაწყვეს უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდი.
კიდევ ექვსი წელი და ჩემი შვილი არმიაში წავა. ამ ომში მთელი თაობა იზრდება. ჩემმა ბიჭმა ომის გარდა არც არაფერი იცის. მას არ სჭირდება სამი უმაღლესი განათლება. მას სჭირდება იმის ცოდნა, როგორ დაშალოს და ააწყოს ავტომატი.
ძალიან მაბრაზებს ის, რომ ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ომია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადმე ზურგში ყველაფერი კარგადაა, ვიდრე სხვები იბრძვიან, ეს ცუდად დამთავრდება. ჩვენ აქ ამოუწურავნი არ ვართ.
__________________________________
მთავარ ფოტოზე: კირილო ვერესი/კადრი ҐРУНТ-ის ვიდეოდან
დღეს, 7 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებულ კითხვებს ისევ უპასუხა. მისი თქმით, ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მისი ბოლო განცხადება საზოგადოებამ არასწორად გაიგო.
„ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული იმიტომ, რომ თქვენ (ჟურნალისტებმა) მოახდინეთ ინტერპრეტირება არასწორად, რომ თითქოს მე, ყველა იმ ადამიანზე, ვინც უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს დიდი სიცრუეა.
მე ვთქვი, რომ უნდა გაიმიჯნოს კონკრეტული გვარები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან. არიან ასეთებიც, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, რომლებიც თავიანთი სულისკვეთებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მათზე არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი ომის პარტიის მიერ.
ასეთია, მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის მხარდამჭერი, მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში, ამბობს, რომ იქ (უკრაინაში) ომობს და ასე შემდეგ. იომე, მაგრამ პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან რა სტილია, არ ვიცი“, – ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს აშშ-ის რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერზე, რომელმაც ის უკრაინაში ქართველი მებრძოლების უდიერად მოხსენიების გამო გააკრიტიკა.
„რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ღარიბაშვილმა დღეს ოპოზიციაც გააკრიტიკა და მას რადიკალური, დეგრადირებული და ამორალური უწოდა.
„ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა“, – თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის აზრით, რუსეთმა უკრაინასთან შესაძლოა „ყალბი მშვიდობის“ მიღწევა სცადოს, რათა კონფლიქტი გაყინოს, უკეთ მოემზადოს და ხელახალი შეტევა დაიწყოს.
ბლინკენმა ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სამიტზე ისაუბრა. პირველი შეკითხვა სახელმწიფო მდივანს სწორედ რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთის აეროდრომებზე მომხდარ აფეთქებებზე დაუსვეს.
მეთ მიურეი, The Wall Street Journal-ის მთავარი რედაქტორი: დღევანდელი დღე რუსეთის ტერიტორიაზე ორი აფეთქებით დაიწყო. ეს უკანასკნელი ინდიკატორია იმისა, რომ უკრაინელებს ხელი მიუწვდებათ სამიზნეებზე რუსეთის სიღრმეში. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე ამ ინციდენტებზე და როგორ გამოიყურება ამერიკული პერსპექტივიდან ის, რომ უკრაინელებს ეს შეუძლიათ?
ენტონი ბლინკენი: ცხადია, ვნახე ეს ანგარიშები და ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რომ ჩვენ ყოველდღე ვხედავთ აფეთქებებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის დღევანდელი რეალობაა. ესაა, რაც ხდება, როგორც ვთქვი, მართლაც ყოველდღიურად.
სახელმწიფო მდივანი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ რამდენიმე კვირის წინ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე ლიდერებს თავის სამშვიდობო გეგმას აცნობდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც მანამდე აკეთებდა უკრაინაში“.
ბლინკენის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი ოდესმე აუცილებლად დიპლომატიური გზით დასრულდება, თუმცა მანამდე რუსეთმა უნდა დაანახვოს ყველას, რომ ის ნამდვილად მზადაა დიპლომატიისთვის.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ჩვენ ვთქვით, სხვებმაც თქვეს, რომ რაღაც მომენტში ეს დასრულდება და დიდი ალბათობით, დასრულდება დიპლომატიით, მოლაპარაკებებით. მაგრამ ჩვენ გვინდა დავინახოთ მყარი მშვიდობა და არა ყალბი მშვიდობა.
ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ – რუსები ეცდებიან იპოვონ გამოსავალი, რომელიც ყალბი იქნება და რომელშიც ვგულისხმობ, რომ ოჰ, მოდი, შევწყვიტოთ ცეცხლი, მოდი უბრალოდ გავყინოთ ყველაფერი, როგორცაა, მივიღოთ გაყინული კონფლიქტი, აღარასოდეს ვილაპარაკოთ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ დაიპყრეს და ახლაც უკავიათ; დავისვენებთ, გადავიარაღდებით, გადავჯგუფდებით და ხელახლა დავესხმებით თავს. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ბლინკენი.
სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი და დასძენს, რომ უკრაინელთა წინააღმდეგობა სრულიად გასაოცარია: – „მიზეზი, რის გამოც, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, რუსები – არა. ესაა მთავარი სხვაობა.“
რუსეთის როსტოვის ოლქში დააკავეს დეზერტირი, რომელმაც 6 დეკემბერს ტყვიამფრქვევიდან გაუხსნა ცეცხლი პოლიციელს – მედიის ცნობით, ის „ვაგნერის“ გადაბირებული მებრძოლია, რომელიც საპატიმროდან ომში ჩართვის პირობით გამოიყვანეს.
როსტოვის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასმხმელი ქალაქ ნოვოშახტინსკთან დააკავეს. კრემლისტურმა გამოცემებმა მხოლოდ ის დაწერეს, რომ სამხედრო 38 წლისაა და სხვა ოლქის მცხოვრებია. ტელეგრამარხი „ბაზა“ კი იუწყება, რომ დაკავებული დეზერტირი პაველ ნიკოლინი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლია.
ის „ვაგნერში“ გაწევრიანებამდე სასჯელს ქურდობისა და ყაჩაღობისთვის იხდიდა. ციხიდან გამოყვანის შემდეგ, 24 ნოემბერს, ნიკოლინმა ომში წასვლა გადაიფიქრა და გაიქცა.
„ბაზის“ ინფორმაციით, სამხედროს ერთი დღე-ღამე ეძებდნენ და ბოლოს მიტოვებულ ღორების ფერმაში მიაგნეს.
ინფორმაცია როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მომხდარი ინციდენტის შესახებ გუშინ გავრცელდა. მედია იუწყებოდა, რომ სამართალდამცველები ეძებდნენ სამხედროს, რომელმაც პოლიციელი დაჭრა.
2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თურქეთმა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქაფშია [ხამსა] გაიტანა ექსპორტზე.
ამის შესახებ თურქული მედია წერს თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციაზე დაყრდნობით.
თურქეთიდან ხამსა 26 ქვეყანაში გააქვთ. ყველაზე მსხვილი იმპორტიორები წელს არიან: საფრანგეთი, ბელგია და აშშ. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ წელს თურქეთიდან პირველად დაიწყეს ხამსას ექსპორტი ყაზახეთში, სირიაში, კენიასა და სამხრეთ კორეაში.
ხამსას ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა თურქეთში 10 129 431 დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლებია.
თურქეთში ხამსა შედის საქართველოდანაც.
საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიას 5 ქართული კომპანია ფლობს. ლიცენზიები 2016-2019 წლებშია გაცემული. აქედან ერთი კომპანიის ლიცენზიის ვადა 2026 წელს იწურება, დანარჩენი 4 კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადა კი, 2036 წლამდეა.
ქართველი ლიცენზიატები ძირითადად თურქული კომპანიების გემებს ქირაობენ და ისე საქმიანობენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 92 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
ტანკი – 2 935 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 909 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 1 923 ერთეული [+8]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 601 ერთეული [+14]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 526 ერთეული [+21]
სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
341 თვითმფრინავი
180 ვერტმფრენი
2 638 უპილოტო საფრენი აპარატი
392 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 020 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
913 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 664 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 498 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი თავდაცვით პოზიციებს ქმნის უკრაინასთან საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ და ბელგოროდის ოლქის სიღრმეში.
„6 დეკემბერს ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქი ადგილობრივი თავდაცვითი დანაყოფების ფორმირებას იწყებს.
ბელგოროდში ტრანშეების თხრის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილიდან ჩნდებოდა, თუმცა ახლანდელი თავდაცვითი კონსტრუქციები გაცილებით უფრო რთული სისტემებია და განკუთვნილია მექანიზებული თავდასხმის შესაკავებლად,“ – წერს უწყება 7 დეკემბრის რელიზში.
„თუმცა, ეს ასევე მიუთითებს რუსეთის გადაწყვეტილების მიმღებთა ერთი შეხედვით ნამდვილ, მაგრამ რეალურად ყალბ რწმენაზე, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთში შეჭრის საფრთხე რეალურია,“ – აღნიშნავს დაზვერვა და დასძენს, რომ სტრატეგიული შეფასების სიმწირე რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისუსტეა – „და ამას ადასტურებს რუსეთის თავდაპირველი გადაწყვეტილებაც, შეჭრილიყო უკრაინაში. მიუკერძოებელ ანალიზს, სავარაუდოდ, ძალიან ხშირად ჯაბნის კოლექტიური აზროვნების ტენდენცია და პოლიტიკურად მომგებიანი გადაწყვეტილებები“.
კრემლის პროპაგანდამ რუსეთში, კერძოდ ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეჭრის საფრთხეზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო. ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ აწყობენ რუსები საფორტიფიკაციო ნაგებობებს უკრაინის საზღვართან.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 23 ნოემბერს წერდა, რომ ამ პროპაგანდითა და ქმედებებით, შესაძლოა, კრემლი ბელგოროდის ოლქზე ე.წ. False-Flag თავდასხმისთვის საინფორმაციო წინაპირობებს ქმნიდეს.
14 წლის თედო მჟავანაძე შუახევში, სოფელ წყაროთაში ცხოვრობს. ის წყაროთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. სკოლაში მის გარდა 39 ბავშვია. თედოს, ისევე, როგორც მისი თანასკოლელების უმრავლესობას, არ აქვს ლეპტოპი და არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.
იმისათვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დავალებები მოამზადოს და ლეპტოპით ისარგებლოს, მეათეკლასელ თედოს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს მეგობრის სახლამდე.
თედოს 3 თანაკლასელი ჰყავს. მისმა კლასელმა სალომე ვანაძემ წელს ლეპტოპი მიიღო საჩუქრად. სწორედ ამ ლეპტოპით ამზადებენ დავალებებს ახლა თედო და მისი კლასელები. თუმცა უხარისხო ინტერნეტი მაინც გამოწვევად რჩება.
2015 წელს გაეროს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა 17 მიზანზე, რომლითაც მიიღწევა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავალი.
ხარისხიანი განათლების მიღება ამ მიზნების პირველ ხუთეულში შედის, მაგრამ საქართველოში მასზე ხელი ყველა ბავშვს თანაბრად არ მიუწვდება.
თედო ამბობს, რომ მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტრენინგზე დასწრება, საინტერესო პროექტებში ჩართვა, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებს.
„სკოლას აქვს კომპიუტერი, რომლითაც შეიძლება სკოლის მერე ან გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე გავაკეთოთ რაიმე პროექტი.
ყველა ოჯახს შეიძლება არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შეიძინოს შესაბამისი ტექნიკა, ან ჰქონდეს ისეთი [ხარისხის] ინტერნეტი, რომლითაც ბავშვი დაესწრება ტრენინგებს. გვჭირდება რამე ისეთი ტექნიკა – ლეპტოპი, პლანშეტი, რომლითაც შევძლებთ ტრენინგებზე დასწრებას ან სხვადასხვა პროექტის შესრულებას,“ – გვიხსნის თედო.
რა გავლენას ახდენს სოფლად მცხოვრებ ბავშვებზე ის, რომ ყველა მათგანს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე?
„ამით ჩვენ გვაკლდება გამოცდილება. იმიტომ, რომ როდესაც სტუდენტები გავხდებით, ძირითადად პროექტების მომზადება მოგვიწევს. თავიდანვე თუ არ მივეჩვევით ამას, შეიძლება მერე უფრო გაგვიჭირდეს. ვფიქრობ, [ბავშვები] ქალაქში უფრო უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნიკით, ვიდრე სოფელში. ჩვენთან უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ყველაფერს,“ – ამბობს თედო მჟავანაძე.
ლამზირა მახარაძე წყაროთის საჯარო სკოლაში „სამოქალაქო განათლებას“ და „მოქალაქეობას“ ასწავლის. მისი თქმით, ბევრი გამოწვევის წინაშე დგება მასწავლებელი, როდესაც მაღალმთიანეთში მუშაობს. მასწავლებელი განსაკუთრებით რთულად პანდემიის პირველ ორ წელს იხსენებს, როდესაც გაკვეთილები ონლაინ ტარდებოდა.
„პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მწვავე პრობლემის წინაშე დავდექით, როდესაც ონლაინპლატფორმა თიმსში მოგვიწია გაკვეთილების ჩატარება. ბევრი რთული სიტუაცია იყო. ინტერნეტი არ გვქონდა, რამდენიმე ბავშვი შეიძლება ოჯახში მოსულიყო. გამოწვევების წელი იყო, მაგრამ გადავლახეთ. ეს იყო გამოცდილება ჩვენთვის,“ – იხსენებს ლამზირა მახარაძე.
ლამზირა მახარაძე
მეორე გამოწვევის წინაშე მასწავლებელი მიმდინარე სასწავლო წელს აღმოჩნდა, როდესაც მეათე კლასის პროგრამაში ცვლილება შევიდა.
„წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა ეს პრობლემა, როდესაც მეათე კლასში შემოვიდა პროექტული სწავლება. მხოლოდ მასწავლებლის რესურსი მოვიდა ელექტრონულად. ბავშვებს არ აქვთ წიგნები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროექტებს ვგეგმავთ და უკვე დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით პრობლემას.
მაგალითად, ვეუბნები – ლინკს ჩაგიგდებთ, დღეს გავაკეთოთ ბულინგზე თემა, მაგრამ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა ოჯახში. სკოლას აქვს ნოუთბუქი, ბავშვები იყენებენ მას, მაგრამ სახლში, სადაც ძირითადი მასალა უნდა დაამუშაონ, პრეზენტაცია ააწყონ და წარადგინონ, სამწუხაროდ არ აქვთ.
ამაში ეშლებათ ხელი. ეს პრობლემა დადგა წელს. მომავალში მე-11, მე-12 კლასშიც ემატებათ მსგავსი მეთოდით სწავლა და ეს პრობლემა ისევ იქნება.
ბავშვებს სჭირდებათ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი იმისათვის, რომ მოამზადონ გაკვეთილები სრულყოფილად.
არამარტო სამოქალაქოში, არამედ ქართულში, ისტორიაში და ყველა საგანში,“ – ამბობს ლამზირა მახარაძე.
„კლასში 4 ვართ და ჩემ გარდა სამ ბავშვს არ აქვს კომპიუტერი. ამიტომ გვიწევს ერთმანეთთან წასვლა, რაც ყოველთვის შეუძლებელია. ამას გარდა სკოლაში არანაირი დამატებითი აქტივობა არ აქვთ ბავშვებს. ცეკვა და მუსიკა იყო ადრე, მაგრამ ახლა არ გვაქვს. ტენისის ერთი მაგიდა გვაქვს. დასვენებებზე ამოვდივართ ხოლმე, მაგრამ მაგიდა ერთია და ბავშვები ბევრნი ვართ.
სოფელში რომ არ ვცხოვრობდე, შეიძლება ბევრ რესურსთან არ მქონოდა წვდომა, მაგრამ მექნებოდა ინტერნეტთან და კომპიუტერთან,“ – ამბობს 15 წლის სალომე ვანაძე.
წყაროთის სკოლა
თედო მჟავანაძე კი ამბობს, რომ მის კლასშიც და სკოლაშიც ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ, რომლებსაც ამ ნიჭის განსავითარებლად შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვთ. გარდა სასწავლო რესურსებისა, მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ბავშვები გართობის მხრივაც შეზღუდულები არიან.
„ექვსი თვე ჩვენთან არის დიდი თოვლი და არანაირი გასართობი არაა. 40 ბავშვი ვართ სკოლაში და გვაქვს ტენისის ერთი მაგიდა. რიგში დგომა გვიწევს. შეიძლება დღე ისე გავიდეს, საერთოდ არ მომიწიოს თამაში.
სხვადასხვა გასართობი სპორტული ინვენტარი გვინდა, ისეთი, რომ ზამთარში გამოვიყენოთ და გავერთოთ. სპორტდარბაზი არ გვაქვს. მოედანი კი გვაქვს, მაგრამ ზამთარში დიდი თოვლი მოდის და იფარება,“ – ამბობს თედო.
თედოს თქმით, სპორტული მოედანი სკოლას რამდენიმე წლის წინ გაუკეთეს. სარგებელი, რომელიც მოედანმა წყაროთელ ბავშვებს მოუტანა, უკვე ხელშესახებია. შუახევის საფეხბურთო ნაკრებში 5 წყაროთელი თამაშობს. ბავშვები მიიჩნევენ, რომ ეს უპირველესად მწვრთნელის დამსახურებაა, წარმატების მიღწევაში კი დაეხმარათ ისიც, რომ სავარჯიშოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც აქვთ. თედოს აზრით, ბავშვები სწავლაშიც უფრო წარმატებულები იქნებიან, თუკი შესაბამის რესურსებთან ექნებათ წვდომა.
„ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ. ჩემს კლასში რომ არ იყოს სალომე, შეიძლება საერთოდ ვერ დავესწრო ტრენინგებს. ვერ ჩავერთო სხვადასხვა პროექტში. ახლახან მოვამზადე პროექტი – ჩემი საყვარელი მწერალი, მაგრამ ეს გავაკეთე გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე. სკოლამ მათხოვა კომპიუტერი და იქ ავაწყვე. სახლში ჩემი ლეპტოპი რომ მქონოდა, შეიძლებოდა გაკვეთილები არ გამეცდინა. დღეს ისეთი დროა, ინტერნეტისა და ტექნოლოგიებთან წვდომის გარეშე ვერაფერს გავხდებით.
ცხოვრებაშია უკვე საჭირო ტექნიკა და ინტერნეტი. მომავალში შეიძლება გულნატკენებიც დავრჩეთ, იმიტომ, რომ ახლა შეგვიძლია და არ გვაქვს საშუალება, რომ გავაკეთოთ,“ – ამბობს თედო მჟავანაძე.
ნაზი შარაშიძე
როგორც წყაროთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, მართალია, სკოლას აქვს კომპიუტერი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამას გარდა, ყველას საერთო პრობლემაა ცუდი ხარისხის ინტერნეტი.
„ინტერნეტის სიხშირე სკოლაში არის ძალიან ცუდი. ვთქვათ, ერთ კლასში დაიჭერს ინტერნეტს, ცოტა მოშორდები ამ წერტილს, მეორე კლასში არ იჭერს,“ – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზი შარაშიძე. ის წყაროთის სკოლაში 50 წელია ასწავლის.
„სოფელში მცხოვრები ბავშვები მოკლებულნი არიან გასართობს. არანაირი დამატებითი წრე ან კლუბი არაა. ამის გამო ისინი უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, ჰქონდეთ კომპიუტერთან წვდომა.
ახალი პროგრამით ხშირად არის ლიტერატურაში დავალება – კომპიუტერთან 5 წუთი მუშაობა. კომპიუტერები არ გვაქვს, ზოგიერთს კი ტელეფონიც არ აქვს,“ – ამბობს ნაზი შარაშიძე.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აზრით, არსებობს ნიშნები, რომ ამ ფაქტის ოფიციალურად უარყოფის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება.
დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ რუსეთის უმაღლესი პირების განცხადებებსა და რუსეთის საინფორმაციო სივრცეში გაჩენილ ტენდენციებს, რაც მათი აზრით, ამგვარი დასკვნის საფუძველს ქმნის.
„რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ არაოფიციალური წყაროებით გავრცელებულ ცნობებს პირდაპირ უარყოფს და ამით რუსულ საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილების განეიტრალებას ცდილობს,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.
ISW-ის ცნობით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირების შესახებ გამოაცხადეს, იმ აბსურდული საბაბით, თითქოს მოსალოდნელია უკრაინის შეჭრა რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში. სამხედრო ოპერაციის სააგიტაციო განცხადებები გააკრეს მოსკოველმა ჩინოვნიკებმა ქალაქის ქუჩებში. ISW შენიშნავს, რომ მსგავს კამპანიას კრემლი მანამდე მხოლოდ ცალკეულ ქალაქებში ეწეოდა, კერძოდ, 2022 წლის ზაფხულში, როდესაც მოხალისეებს აგროვებდა.
ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, კიდევ უფრო შეარყევს მისდამი მოსახლეობის ნდობას.
„პუტინის გადაწყვეტილება, გასცეს ბრძანება მობილიზაციის მეორე ტალღაზე, საყოველთაო მობილიზაციაზე ან საერთოდაც, ოფიციალურად გამოაცხადოს ომი უკრაინასთან, მოკლევადიან პერსპექტივაში, უკრაინასთან ომში, რუსეთის სამხედრო ძლიერებას ვერ გაზრდის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთდროულად მხოლოდ 130 000 ახალწვეულის წვრთნა შეუძლია, ისიც მშვიდობიან დროს და ძალიან უჭირს დიდი რაოდენობით მობილიზებულთა მომზადება მოკლე პერიოდში,“ – წერს ISW.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, 28 ოქტომბერს, კრემლის მიერ მობილიზაციის ფიქტიურად დასრულება სწორედ იმის აღიარება იყო, რომ რუსეთს არ შეუძლია ერთდროულად ჩაატაროს მობილიზაცია და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
უკრაინის ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის არმია კი განაგრძობდა შეზღუდულ შეტევებსა და თავდაცვით ოპერაციას;
რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და ავდეევკასთან;
რუსული წყაროების მტკიცებით, რუსეთის არმიამ უმნიშვნელო ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია ბახმუტთან, თუმცა მათ ქალაქის ალყაში მოქცევა ვერ შეძლეს;
რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ატარებს საინფორმაციო ოპერაციას, რათა დაარწმუნოს რუსები, რომ ყირიმის ხიდი უსაფრთხოა;
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის სხვა სუბიექტისთვის გადაცემას აპირებს;
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებები ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.
ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო „ადამიანის უფლებათა ტიტა“ დღეს, 6 დეკემბერს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებადამცველ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ელნურ ალისოის გადაეცა.
„სიმართლე რომ გითხრათ, მოულოდნელი იყო ეს ჯილდო, იმიტომ, რომ საქმეს, ადვოკატირების კამპანიებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, ძირითადად, შეიძლება ითქვას, ვაკეთებთ ჩუმად.
[ეს ყველაფერი] არ ისმის, სათანადოდ არ შუქდება, მაგრამ თურმე არიან ორგანიზაციები, უფლებადამცველები, რომლებიც აკვირდებიან გარემოს, განხორციელებულ სამუშაოებს და ამიტომაც, ეს ჯილდო ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის, ერთგვარი აღიარება და მართლაც ავანსი იმისა, რომ უფრო კარგად, მოტივირებულად ვიმუშაო და გავაგრძელო ჩემი ბრძოლა იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვართ გაერთიანებულები ახალგაზრდები.
ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ქალიშვილს, ჩემს პრინცესას, იმიტომ, რომ ის არის ჩემთვის მთავარი მოტივატორი, მართლა მოვახდინო პოზიტიური ცვლილებები ჩემს ქვეყანაში, რათა მისთვის საქართველო უკეთესი ადგილი გახდეს საცხოვრებლად”, – გვითხრა ელნურ ალისოიმ.
„ადამიანის უფლებათა ტიტა“ 2021 წელს ხულოელმა აქტივისტმა, ჰურიე აბაშიძემ მიიღო.
„გამოდის, რეალურად სასამართლო საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთის მხრივ, ადგენს უკანონო გათავისუფლების ფაქტს და იმავე ფაქტზე უარს ამბობს მოტივაციის დადგენაზე, რეალურად რა ამოძრავებდა ამ უკანონობას,“ – გვიყვება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ISFED-ის პროექტის კოორდინატორი, იურისტი ლელა ხათრიძე.
ამ ორგანიზაციამ დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში შეხვედრა გამართა იმ სასამართლო დავებზე სასაუბროდ, როცა ადამიანები საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
ამ ეტაპზე ISFED-ს 62 ასეთი საქმე აქვს სასამართლოში. მათგან 17 საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე დასრულდა. 17 დასრულებული საქმიდან 11 მოსარჩელეს მოუგია, თუმცა არცერთ შემთხვევაში სასამართლომ არ დაადასტურა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
„…წარმატებით სრულდება საქმეების დიდი ნაწილი, ადამიანები იღებენ განაცდურსაც, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი ამაღლდა, მაგრამ როცა საქმე მიდგება პოლიტიკურად საინტერესო საქმეზე, იქ უკვე აქტიურდება დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა.
თუ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დადგინდება, სახელმწიფოს მოუწევს შესაბამისი ზომების მიღება, იმ პირის პოლიტიკური, ან სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინც უკანონო გათავისუფლებაზე მიიღო გადაწყვეტილება,“ – აღნიშნავს ლელა ხათრიძე და ხაზს უსვამს იმას, რომ შესაძლოა კონკრეტულ საქმეზე არ ჰქონდეს ხელისუფლებას ინტერესი ცალკეული პირის, ან შემთხვევის მიმართ, „თუმცა დისკრიმინაციის დადგენა უკვე პოლიტიკურად საინტერესო საქმეა სასამართლოსთვის,“ – დაკვირვებას გვიზიარებს ლელა ხათრიძე.
ორგანიზაციის მხარდაჭერით ბათუმში ამ ეტაპზე 3 პირი, ხელვაჩაურის სასამართლოში კი, ერთი ადამიანი ასაჩივრებს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან გათავისუფლებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასაც ითხოვს. სასამართლოს ამ საქმეების განხილვა ჯერ არ დაუწყია.
ნიშნავს სასამართლოში შრომით დავებზე მოგებული საქმეების სიმრავლე მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდას? – ესეც ვკითხეთ ISFED-ის იურისტს, ლელა ხათრიძეს.
„ჭიანურდება პროცესები“ – პრობლემებს შორის ყველაზე მწვავეს გამოყოფს იურისტი, რომელიც საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული პირების ინტერესების დაცვას ახლა სასამართლოში ცდილობს.
„საინტერესოა ისიც, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადგინეს პრაქტიკა და იმ შემთხვევაშიც ასაჩივრებენ საქმეს ზემდგომ ინსტანციაში, როცა ხვდებიან, რომ 100 %-ით წაგებული საქმეა. ეს სახელმწიფო რესურსების ხარჯვაა.
აღარაფერს ვამბობ განაცდურის ანაზღაურებაზე: როცა ამ ადამიანებს სამსახურებში აღადგენენ, შესაძლოა, სახელმწიფოს ზარალი 100 ათასებს აღემატებოდეს. რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გაიღოს ეს ხარჯი იმის გამო, რომ თანამდებობის პირმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ამის გამო პასუხს არ აგებს.
სასამართლო არ ჭიანურდება მაშინ, როცა ასევე შესაბამისი პოლიტიკური ინტერესია, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმე: ყველამ ვნახეთ, რომ უზენაესმა სასამართლომაც უმოკლეს დროში განიხილა ეს საქმე,“ – გვიყვება ლელა ხათრიძე.
„კანონი თითქოს ჩუმდება“, – მიიჩნევს ISFED-ის იურისტი, როცა იგი სასამართლოში მოგებული საქმეების აღსრულებაზე გვესაუბრება:
„ძირითადად ისინი უკვე თავისი ნებით ტოვებენ სამსახურს… მათთვის სასამართლოში მთავარია დადასტურდეს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რომ არაკომპეტენტურები არ არიან.
მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გასაუბრებას ატარებდა საკონკურსო კომისია, არქეოლოგების და სპეციალისტების კომპეტენციას ამოწმებდნენ იურისტები. აქ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ხელმეორედ გამოცხადდა რეორგანიზაცია და უკვე შეეხო იმ ადამიანებს, ვინც წინა რეორგანიზაციას გადაურჩა.
რეალურად რეორგანიზაცია დღეს არასასურველი კადრების სამსახურიდან გაშვების მექანიზმია, რადგან საჯარო მოხელე უვადოდ დასაქმებულად ითვლება, მისი გათავისუფლება არაა მარტივი, საჭიროა კონკრეტული დარღვევის დაფიქსირება და საფუძველი. ამ დროს, ჩვენს რეალობაში, ხელმძღვანელობა იგონებს რეორგანიზაციას, თითქოს სტრუქტურულად რაღაც შეცვალა,“- აღნიშნა ლელა ხათრიძემ „ბათუმელებთან“.
სად ჩანს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა, როცა სასამართლოში გათავისუფლებული ადამიანები უმეტეს შემთხვევაში პროცესს იგებენ – 17-დან 11 საქმე ყოფილმა საჯარო მოხელეებმა მოიგეს.
„სასამართლომ უნდა გაბედოს და პოლიტიკურ დისკრიმინაციას დაარქვას თავისი სახელი, ის მართალი უნდა იყოს მოქალაქეებთან,“ – დასძინა ISFED-ის იურისტმა ლელა ხათრიძემ.
რას ნახავს ტურისტი გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე, თუ აქ არასაკურორტო სეზონზე, დეკემბრის მზიან დღეს გასეირნებასა და ფოტოების გადაღებას გადაწყვეტს? – დიდი რაოდენობით ნარჩენებსა და ზოგან სახიფათო ნარჩენებსაც კი. პრომენადზე სეირნობისას სამშენებლო მოედნებიდან პირდაპირ სასეირნო ბილიკზე სპეციალური მილებით გამოყვანილი ტექნიკური წყლის გუბეების გადალახვაც მოუწევს.
არც ის უნდა იფიქროთ, რომ აქ ველოსიპედით სეირნობისას მუსიკის მოსმენას შეძლებთ. ამ დროს შეიძლება პირდაპირ პრომენადზე სწრაფად მოძრავი ავტომანქანა მოგადგეთ, თქვენ კი მუსიკის გამო მძღოლის ნიშანი, რომ გზა უნდა დაუთმოთ, უბრალოდ ვერ გაიგონოთ – წესს, რომ სასეირნო ბილიკი ქვეითებისთვისაა და არა ავტომანქანებისთვის, გონიოს პლაჟთან არსებული პრომენადი ნაკლებად ექვემდებარება.
გონიო
2022 წლის მზიან დღეს, 5 დეკემბერს, გონიო-კვარიათის პლაჟი მიტოვებულ ნასახლარს ჰგავს. აქ ბუნგალოები და კაფეები დაშალეს. ბევრ ადგილზე კი, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ, ახლა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. ზოგან ბილიკებზევეა დატოვებული ფერადი განათებებიც, რომლითაც მთელი ზაფხულის განმავლობაში კაფეების ეზოებს ანათებდნენ. ზოგიერთი ადგილი კი ე.წ. ნამწვით სავსეა, როგორც ჩანს, ის, რაც აღარაფერში გამოადგებოდათ, ადგილზე დაწვეს ან უბრალოდ დატოვეს.
გონიოს პლაჟი დღეს
გონიო-კვარიათის პლაჟების უკანონო შენობებისგან გათავისუფლების პროცესის დაწყების შესახებ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინფორმაცია 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ინსპექციამ პროცესი ადგილზე საკუთარი ძალებით დაიწყო, ახლა კი შენობებს მესაკუთრეები თავად ანგრევენ. თუმცა არა ყველა.
გონიოს პლაჟი 5 დეკემბერსგონიოს პლაჟი 5 დეკემბერსგონიოს პლაჟი 5 დეკემბერსბუნგალოებისა და კაფეების დაშლილი ნაწილები პლაჟზეა მიმოფენილი. იქვე გაფენილია თივა, აქა-იქ კი კი ნამწვი ყრია. ზოგან დამპალი ნარჩენების გამო საშინელი სუნია.
ჯიმშერ ოსანაძე მათ შორისაა, ვინც მუნიციპალურმა ინსპექციამ გააფრთხილა, რომ პლაჟზე განთავსებული კაფე უნდა დაშალოს და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია გაათავისუფლოს. ის მითითებას ასრულებს, ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობს, რკინის კონსტრუქციას შლის, ხის მასალებს კი ცალკე აგროვებს.
„გაგვაფრთხილეს და დროც მოგვცეს, მაგრამ ვერ მოვასწარით დაშლა, წვიმდა და ვერ ვიმუშავეთ, ტრაქტორი მოულოდნელად მოგვადგა, დაგვიზიანა ყველაფერი. რკინის კონსტრუქცია დაზიანებულია, აღარაფერში გამოდგება, ჯართში თუ ჩააბარებ. შუქი არ გვქონდა, შუქი გამოვიყვანე, რომ ადგილზე მემუშავა. ვუთხარი, დავშლი-მეთქი, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, – გვიყვება ჯიმშერ ოსანაძე.
ჯიმშერ ოსანაძე
ჯიმშერ ოსანაძის თქმით, მერიის წარმომადგენლებმა აუხსნეს, რომ პლაჟი ერთიანი კონცეფციით უნდა განვითარდეს. იქნება ერთი ზომის და ვიზუალის შენობები, რომლებსაც მერია აუქციონზე გაიტანს და მონაწილეობას ყველა შეძლებს:
„გვითხრეს, ისევ თქვენ მოგცემთო, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა დაგვიჯდება ეს ყველაფერი. არც ის ვიცით, შეასრულებენ თუ არა ამ დაპირებას“.
იქვე მყოფმა მოქალაქემ, რომელმაც ჯიმშერ ოსანაძის საუბარი მოისმინა, მას უსაყვედურა: „რატომ არ ამბობ იმას, რაც გულში გაქვს. შენც ხომ იცი, არაფერს შეასრულებენ, რასაც შეგპირდნენ. თქვი მერე, რისი გეშინია?“ – მიმართა მან კაფეს მეპატრონეს, შემდეგ კი იქვე ახლოს ბუნგალო „ერაზე“ მიგვითითა:
„იმ მწვანესახურავიანს რატომ არ ანგრევენ ხომ არ იცით, ოცნებისაა?“ – ამ მოქალაქემ სახელი და გვარი არ გვითხრა: „არ არის საჭირო.“
მწვანესახურავიანი შენობა მართლაც ხელუხლებელია, ჯერჯერობით ის დანგრევას გადაურჩა, თუმცა ვინც საკუთარ კაფეს შლის, დარწმუნებულია, რომ მერია არათანაბარ მიდგომას არ გამოიჩენს და „ყველა დაინგრევა“, შემდეგ კი „ყველას მიეცემა საშუალება, აუქციონში მიიღოს მონაწილეობა, სამართლიანი მიდგომა იქნება, ასე დაგვპირდა მერიიდან მოსული კაცი.“
„მწვანესახურავიანი კაფე“ ჯერჯერობით ადგილზეა, ადგილზეა მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურაც, რომელსაც პლაჟზე დიდი ტერიტორია უკავია. შეასრულებს თუ არა ამ კაფეს მეპატრონე მუნიციპალური ინსპექციის მითითებას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
ერთ-ერთ კაფეში გვითხრეს, რომ არ ანგრევენ კვარიათის პლაჟზე არსებულ კაპიტალურ შენობებს.
კვარიათში კაფეების შენობები ჯერ მართლაც ადგილზეა, მუნიციპალურ ინსპექციაში კი განმარტავენ, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ინსპექციის ინფორმაციით, ჯამში 40-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.
კვარიათიკვარიათი
ერთ-ერთი კაფეს მეპატრონის, აკაკი დევაძის თქმით, მერია მათ შეჰპირდა, რომ პლაჟების სეზონურად გასხვისებასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭოს შექმნას გეგმავს:
„გვითხრეს, რომ ამ საბჭოში კაფეების მესაკუთრეებიც შევალთ, თანაბარი უფლებებით. დაბალპროცენტიან სესხსაც კი დაგვპირდნენ მრავალწლიანი პერსპექტივით – მერიისგან ძალიან კარგი შემოთავაზებები გვაქვს. ჯერ პლაჟი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ყველა შენობისგან. გვითხრეს, რომ თანაბარი პირობები იქნება და ვინმეს ძალიან დიდი ჯიბეც რომ ჰქონდეს, ლიმიტებს ვერ გასცდება. ადგილობრივების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. აბსურდია, რომ რომელიმე დარჩება, ყველა უნდა აიღონ. როგორც ვიცით, შენობების ვიზუალის სამი ვარიანტია და საბჭო გადაწყვეტს, რომელი იქნება“.
2022 წლის საკურორტო სეზონზე გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს მხოლოდ 17 პირი იხდიდა. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში, უფრო დიდ ტერიტორიაზეც აწარმოებდნენ, ამის ვალდებულება არ ჰქონიათ – პლაჟი სრულად ათვისებული იყო, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ აუქციონებში მონაწილეობა არ მიიღეს.
ცნობილია, რომ ბათუმის პლაჟები ბულვარის დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს. იმავე კონცეფციას გამოიყენებს მერია გონიო-კვარიათის პლაჟებზე? ისევ მოკლევადიანი სეზონური აუქციონები გამოცხადდება, თუ გრძელვადიანი იჯარის წესით გასცემენ გონიოს პლაჟებს? რა იგულისხმება ლიმიტების დაწესებაში, რის შესახებაც მოქალაქეები გააფრთხილეს? – მერიაში ამ კითხვებს არ უპასუხეს.
ბათუმის მერიაში მხოლოდ ეს განმარტეს: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა, რის მიხედვითაც განისაზღვრება ერთიანი კონცეფცია“.
გონიოს პრომენადზე, ორ ადგილზე დიდი რაოდენობით წყალი იღვრება და შემდეგ პლაჟზე გადადის. წყალი პირდაპირ პრომენადზე სპეციალური მილებით არის გაყვანილი სამშენებლო მოედნებიდან. სავარაუდოდ, ეს არის ტექნიკური წყალი, რომელსაც სამშენებლო კომპანიები საძირკვლის ამოთხრის დროს სპეციალური მოწყობილობით ქაჩავენ.
გონიოს პრომენადი – ფოტო გადაღებულია 5 დეკემბერსტერიტორია, რომლისგანაც მილი გამოდის სამშენებლო კომპანიას აქვს შემოღობილი
საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში გადაგვამისამართა, აქ განგვიმარტეს, რომ თუ ე.წ. ტექნიკური წყალი სანიაღვრე მილში არ ჩადის, მაშინ ამაზე კონტროლი და, შესაბამისად, რეაგირებაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურში კი გითხრეს, რომ მსგავსი შეტყობინება არ ჰქონიათ და ვიდრე ადგილზე არ გადაამოწმებენ ვითარებას, ვერ გვიპასუხებენ რამდენად არის დარღვევა.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „ეს ქვეყანა შენიას“ წლევანდელი გამარჯვებული აჭარიდან 5 ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფია. ისინი არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან ახალგაზრდებს და ამ მიმართულებით ტრენინგებს ატარებენ აჭარის მუნიციპალიტეტებში.
რატომ არის სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანი და რა ტიპის ცვლილებებია საჭირო ამ მხრივ? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ნიაზ ჩიტიძეს ესაუბრა.
ბატონო ნიაზ, რამდენი ადამიანი ხართ საინიციატივო ჯგუფში და კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში?
ეს კონკურსი გამოცხადდა სადღაც სამი თვის წინ, თუმცა ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა დაწყებული ჩვენი ინიციატივების განხორციელება.
სექტემბრის დასაწყისიდან უკვე ვატარებდით ტრენინგებს ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე. პროექტის გაგრძელებას ვაპირებთ მომავალ წელსაც და იანვრიდან ასევე ჩავუშვებთ ახალ ტრენინგებს და მივიღებთ მსმენელების ახალ ნაკადებს.
არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმი არის კონცეფცია, რომელსაც საწყისი აქვს ჯერ კიდევ მაჰათმა განდის პერიოდიდან. ეს ნიშნავს, გამოიწვიო ცვლილებები შენს გარემოში, შენს ქვეყანაში, არაძალადობრივი მეთოდებით.
აქციების ჩატარებით, დისციპლინით და ხალხის მიმხრობით, მშვიდობიანი გზით. ამის ტაქტიკურ მეთოდებს ვასწავლით ახალგაზრდა აქტივისტებს, თუ როგორ უნდა შექმნა წინააღმდეგობის კამპანია, როგორ იმოქმედო, რომ მოიტანო შესაბამისი ცვლილებები შენს თემში, როგორ ჩაატარო აქცია-პერფორმანსები და ასე შემდეგ.
ბოლო პერიოდში გვაქვს პრეცედენტები, როცა პოლიცია მშვიდობიან აქციებზეც კი აკავებს აქტივისტებს. ასეთ დროს როგორ უნდა იმოქმედონ ადამიანებმა?
ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში, რაც უფრო დიდი წნეხია საზოგადოებაზე, მით უფრო მეტი ადამიანის მობილიზება ხდება ხოლმე აქციებზე.
ამის ძალიან კარგი მაგალითები გვქონდა „ვარდების რევოლუციის“ დროს, სერბეთში, როცა სერჯა პოპოვიჩის წინააღმდეგობის კამპანიის წევრებს ზუსტად ასე იჭერდნენ, მარტინ ლუთერ კინგის საპროტესტო მოძრაობების დროს და სხვა.
დაჭერები და რეპრესიული რეჟიმი არავის გვიკვირს, მაგრამ თუ გადავავლებთ ისტორიას თვალს, მარტინ ლუთერიც ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ დაგვიჭერენ, ჩვენზე ფიზიკურად იძალადებენ, მაგრამ ჩვენ ხელებს ვწევთ და ვამბობთ, რომ ვართ მშვიდობიანი ხალხი.
რაც უფრო მეტად რეპრესიულია რეჟიმი, მით უფრო მეტი ადამიანი გამოდის ხოლმე ქუჩაში და მით უფრო მეტი ადამიანი გააპროტესტებს მშვიდობიანად, რადგან ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა, რომ ჩვენ არ შევდივართ ფიზიკურ დაპირისპირებაში.
როგორია იმ ახალგაზრდების განწყობა, ვინც ესწრება ტრენინგებს, რამდენად გრძნობენ სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობას და საჭიროებას მათი პრობლემების მოგვარებისას?
ჩვენ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობდით „დემოკრატიის მცველებთან“, რომლის ფარგლებშიც გიორგი მშვენიერაძემ, რაფიელ კაკაბაძემ ჩაატარეს ახალგაზრდებთან ამ თემაზე ტრენინგები. ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჰქონდათ მონაწილეებს, რადგან ბევრი სიახლე გაიგეს, ისტორიული კონიენქტურა გაიგეს, დაინახეს, როგორ უნდა იმოქმედო პერსპექტივაში. ამ ხალხთან დღესაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს.
რაც უფრო მეტი ადამიანური რესურსი გვეყოლება, პრაქტიკულ ნაწილშიც უკეთესად ვიმოქმედებთ. ტრენინგებზე ძირითადად 25-წლამდე ახალგაზრდები გვესწრებიან ხოლმე, თუმცა 40-ზე მეტი წლის მოქალაქეებიც დაინტერესდნენ და მოვიდნენ. ზოგადად, ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს და ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში.
ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება, სამი პლატფორმა, ერთი არის – „არ გადადო“, რომელიც მუშაობს აჭარაში არსებულ ადგილობრივ პრობლემებზე, მეორე არის – არაფორმალური განათლების ცენტრი ილიას აკადემია, რომლის მეშვეობით გვინდა, სამოქალაქო ცნობიერება და აქტივიზმი გავაძლიეროთ და მეტი ადამიანი მოვიზიდოთ. მესამე პლატფორმა არის „პოდ-კასტ ბათუმთან“ თანამშრომლობა – ამით ვცდილობთ სოცმედიაში გავავრცელოთ ჩვენი ხმა.
ადგილობრივ დონეზე მოსახლეობას უნდა ვასწავლოთ, როგორ მოითხოვონ საყოველთაო სიკეთეები, იქნება ეს გაზი, წყალი თუ სხვა რამ და თუკი თვითმმართველობას არ ექნება ამ მოთხოვნებზე რეაგირება, როგორ მოაწყონ აქცია-პერფორმანსები და როგორ მიიღონ შედეგი.
თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს სამოქალაქო აქტივიზმის მიდგომებში, მეთოდებში? რადგან მაინც არსებობს იმის განცდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე არ ვდგავართ.
ავტორიტარულმა რეჟიმმა ისწავლა როგორ გაუმკლავდეს სამოქალო აქტივისტებს, როდის უნდა დაიჭიროს, როდის არა, ხისტი მეთოდები როდის უნდა გამოიყენოს, მაგრამ იმისთვის, რომ ვაწარმოოთ კარგი წინააღმდეგობის კამპანია, თვითონ ამ კამპანიას უნდა ჰქონდეს შინაარსი, ის ფუნდამენტი და საფუძველი, რაზეც დგას ეს ერთობა.
სამი ძირითადი პრინციპი არსებობს სამოქალაქო აქტივიზმში, ეს არის: ერთიანობა, დაგეგმვა და დისციპლინა.
დღევანდელ აქტივიზმს აკლია დისციპლინა ანუ, როცა საზოგადოებას ვერ მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე და ხშირად სამოქალაქო სექტორს აკლია შინაარსი. თუ ეს ორი რამ – შინაარსი და დისციპლინა ერთად იქნება, საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
ბოლო პერიოდში გაჩნდა ტენდენცია, როცა აქტივისტებს აქციის დასაწყისშივე აკავებს პოლიცია, შემდეგ კი სასამართლო ჯარიმებს იყენებს მათ წინააღმდეგ. თქვენი აზრით, რა შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოებამ ამ სისტემას?
ხელისუფლება ყოველთვის იყენებს გარკვეულ ბერკეტებს იმისთვის, რომ სამოქალაქო აქტივისტები დააშინოს ან პროცესიდან გარიყოს და ერთ-ერთი მძიმე ფორმა სწორედ ეს მატერიალური კანონისმიერი ბერკეტია. მაგრამ თუ ქუჩაში იქნება ბევრი ადამიანი, ხელისუფლება ვეღარ გამოიყენებს ამ ბერკეტს.
მაშინ ლუკაშენკოს რეჟიმი უნდა იყოს და თვითონ ლუკაშენკოსაც პრობლემა ჰქონდა, რომ არ დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახური, ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მაინც არ არის.
ასობით ადამიანს ხომ ვერ დაიჭერს და წარადგენს სასამართლოზე. რაც უფრო მეტი ხალხია გარეთ, მით უფრო ადვილად ინგრევა სისტემა.
რა არის ის საკითხები, რომელთა გადასაჭრელადაც საზოგადოებამ არ უნდა გადადოს აქტივიზმი?
აჭარაშიც და სხვა რეგიონებშიც ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. ხალხს იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ წესიერად იკვებოს, განათლება მიიღოს და ასე შემდეგ, მასლოუს პირამიდის ქვედა საფეხურზე ვართ ჯერ კიდევ, მაგრამ მანამ, სანამ ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებს ქვეშ ვართ, მსგავსი პრობლემები ვერ მოგვარდება.
შეიძლება ერთ სოფელში ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ რაღაც გააკეთონ, მაგრამ მთლიანობაში, ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პროცესები და დემოკრატიულ პროცესებს უნდა მიეცეს ბიძგი.
ჩვენი მთავარი მიზანია ცვლილებები, მათ შორის, ცვლილებები ხელისუფლების, რადგან, ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ უკვე გადააბიჯა იმ მორალურ ზღვარს, რომლის შემდეგადაც უკან ვეღარ დაბრუნდები.
საზოგადოების მიზანი არის ის, რომ დემოკრატიულ რელსებს დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყანა, გქვონდეს ეკონომიკური კეთილდღეობა, რომ ყველა ადამიანს გვქონდეს ღირსეული და ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს ავტორიტარული და პატრონყმული რეჟიმია.
აზოვის პოლკის ჯარისკაცი, დმიტრო [„ორესტე“] კოზაცკი, მარიუპოლის ალყისა და რუსეთის ტყვეობის შემდეგ ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნდა.
კოზაცკიმ ამის შესახებ თავად დაწერა ტვიტერზე.
„დღეს პირველი დღეა, რაც დავბრუნდი სამხედრო სამსახურში“ – წერსკოზაცკი.
26 წლის დმიტრო კოზაცკი მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ცნობილი ფოტოსერიის ავტორია. იგი 2022 წლის პირველი მარტიდან მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად, „აზოვსტალის“ ქარხანაში იმყოფებოდა.
მის შესახებ მსოფლიომ 10 მაისს შეიტყო, როდესაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით – „ჩემი ყველაზე მტკივნეული ფოტორეპორტაჟი აზოვსტალიდან“. ფოტოზე დაჭრილი უკრაინელი სამხედროები არიან ასახულნი. მარიუპოლის მცველების ეს სურათები სწრაფად გავრცელდა საერთაშორისო მედიაში.
2022 წლის სექტემბერში დმიტრო რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის რამდენიმე სხვა მცველთან ერთად.
„პირველ დღეს თმა შევიჭერი და გავიპარსე. არასოდეს მინდოდა, მსხვერპლს დავმსგავსებოდი“, – თქვამან გათავისუფლების შემდეგ.
ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე სექსი ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.
ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია. კანონი ძალაში სამი წლის შემდეგ შევა და პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოსვლის აკრძალვასაც ითვალისწინებს.
ცვლილება შეიცავს „ზნეობის“ რამდენიმე კანონს, რომლებიც დაუქორწინებელ წყვილებს ერთად ცხოვრებას უკრძალავს.
კანონი გავრცელდება როგორც ინდონეზიელებზე, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე ან ტურისტებზე, რომლებიც ისვენებენ ინდონეზიაში, მაგალითად, კუნძულ ბალიზე.
ასევე, კანონის ახალი ვერსიით, ინდონეზია უკანონოდ მიიჩნევს რელიგიის უარყოფას. ინდონეზიის 267-მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია.
უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ახალი კანონმდებლობა არღვევს ქვეყანაში ქალების, ლგბტ და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს.
________________
ფოტოზე: ჯაკარტა, ინდონეზია, საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, 5 დეკემბერი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/MAST IRHAM
თიბისის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო „მონარქი“, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
შენობას, რომელიც „ინს გრუპმა“ 2020 წელს თიბისის დახმარებით შეისყიდა, დღეს ქალაქისთვის ისტორიულად დამახასიათებელი, ტრადიციული არქიტექტურის იერი დაჰკრავს, რაც, მდებარეობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულობასთან ერთად, სასტუმროს ზოგადი კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ოთხვარსკვლავიან, 66 ნომრიან სასტუმროში, რომლის მომსახურე პერსონალიც მფლობელებმა მის გახსნამდე დიდი ხნით ადრე საგანგებოდ შეარჩიეს, „ინს გრუპმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კარგად გაწერილმა გეგმამ, კონცეფციამ და საქმეში ჩადებულმა შრომამ, როგორ მოსალოდნელი იყო, შედეგიც მალე გამოიღო და გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში მფლობელები უკვე „მონარქის“ წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ:
„უკვე შეგვიძლია თქმა, რომ ამ პროექტმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. მთელი ზაფხული დიდი დატვირთვით ვმუშაობდით და სისტემატურად ვიღებდით და ვიღებთ მაღალ შეფასებებს ჩვენი მომხმარებლისგან პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com. ეს მოტივაციას კიდევ უფრო გვიმაღლებს და გვარწმუნებს, რომ პროექტმა გაამართლა, რაც, მიმაჩნია, რომ ერთნაირადაა ჩვენი და თიბისის წარმატება, რადგან თიბისი სწორედ იმ პერიოდში გვენდო და გამოგვყვა პარტნიორობაზე, როცა დიდად საიმედო სიტუაცია არ იყო სასტუმროს ბიზნესის სფეროში, ვგულისხმობ პანდემიის პერიოდს. ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ეს პროექტი და დღეს უკვე სამომავლო სიახლეებზე ვმუშაობთ, რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს,“ -ამბობს „ინს გრუპის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „მონარქის დირექტორი, გია ლომინაძე.
4500 კვ.მ-ზე განთავსებული სასტუმროს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი შიდა სივრცე 66 ნომერს, მიმღებს, ლობი-ბარს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოსა და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 70 ადამიანზე გათვლილი, ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომლით სარგებლობაც გარე მომხმარებელსაც შეუძლია.
„მონარქის“ ძირითადი სეგმენტი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე, უმეტესად უცხოელი სტუმარია, რომელთაც ჯამში 30-ზე მეტი, საგანგებოდ გადამზადებული თანამშრომელი ემსახურება.
2023 წლისთვის „მონარქს“ უკვე ექნება საკუთარი სივრცე რუფ ტოპ ბარისთვის, სპისთვის, ფიტნეს-დარბაზი, საბილიარდო დარბაზი, გასართობი კუთხეები ბავშვებისთვის, ისევე, როგორც საუნისა და მასაჟისთვის განკუთვნილი სივრცეები.
დასრულდა ჟურნალ National Geographic – საქართველოს და კომპანია „სილქ ჰოსფითალითის“ ერთობლივი ფოტოკონკურსი – „შეიმეცნე საქართველო, დაისვენე და გაერთე კომფორტულად.“
ამჯერად, YourShot – საქართველოს ფოტო კონკურსი მიზნად ისახავდა ისეთი მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაციას, რომლებშიც კერძო სექტორის ინვესტიციების შედეგად გამორჩეული გარემოა შექმნილი, როგორც ტურისტებისთვის, ისე განტვირთვისა და კომფორტული დასვენების მოყვარულებისთვის.
მონაწილეებმა საქართველოს უნიკალური ადგილებისა და სტუმარ-მასპინძლობის ამსახველი საინტერესო კადრები წარადგინეს. დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა რჩეული ფოტოების გამოფენა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსის ფარგლებში მიღებული იქნა 500-მდე კადრი, რომელთაგან სპეციალურმა ჟიურიმ გამოფენისთვის 30 -მდე ფოტო შეარჩია. მათ შორის კი დასახელდა სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ, ფოტოტექნიკის შესაძენად. ასევე, სპონსორმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა კომპანია „სილქ-ჰოსფითალითის“ რჩეული კადრების ავტორები.
I ადგილის მფლობელი გახდა – ბილი ბილიხოძე. მისი კადრი „პარალელური ბათუმი“ National Geographic – საქართველოს ნომერში დაიბეჭდება.
„მოხარული ვართ, რომ რიგით მეთერთმეთე Yourshot -საქართველოს ფოტოკონკურსმა წარმატებით ჩაიარა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს ვინ გამოგზავნა კადრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წავახალისოთ დამწყები და ასევე პროფესიონალი ფოტოგრაფები, მივცეთ მათ შემოქმედებითი უნარის გამოვლენის, ექსპერიმენტების ჩატარების, საკუთარი თავის გამოხატვის თუ მათი თვალით დანახული სამყაროს სხვებისთვის გაზიარების საშუალება. მადლობა კომპანია „სილქ ჰოსფითალითის“, რომელიც ფოტოკონკურსის მხარდამჭერი იყო.“ -ანი ცაბაძე, National Geographic – საქართველოს გამომცემელი, დირექტორი.
National Geographic-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. ჟურნალი იბეჭდება 26 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება.
ქართულ ენაზე ჟურნალი 2012 წლიდან კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით გამოიცემა და უკვე ათი წელია National Geographic – საქართველო ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიულ, სოციალურ, ტექნოლოგიების თუ მეცნიერებების სფეროებში.
ფოტო კონკურსის “შეიმეცნე საქართველო | დაისვენე და გაერთე კომფორტულად”რჩეული ფოტოები
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 78-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო პირობა ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესყიდვას გულისხმობს, მათ შორის არის ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა.
არქიტექტურული პროექტის მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მერია 8-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. აქ 6-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, მათ შორის, ერთი სართული ბოლო წლებში დაუშენებიათ.
[ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო ერთი წლის წინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია].
პროექტის მიხედვით, ახალ შენობას ექნება სამი შიდა გასასვლელი და სამი ლიფტი. პირველ სართულზე დაგეგმილია კომერციული ფართობები. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კორპუსს უნდა ჰქონდეს ორი კიბის უჯრედი, რომელიც დერეფნიდან გამიჯნული უნდა იყოს ცეცხლგამძლე კარით, რისი საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ევაკუაცია.
ესკიზი – პროექტით ავტოსადგომებისთვის ადგილი გათვალისწინებულია შენობის ორ მხარეს.ესკიზი – არქიტექტურული პროექტის მიხედვით, მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებული უნდა იყოს ფასადის hpl პანელები, მაღალი ხარისხის ლესვა და შეღებვა, მინის მოაჯირები და ჟალუზები, შავი იზოპროფილის მქონე ვიტრაჟები. კონსტრუქცია რკინა-ბეტონის კარკასული შენობაა 30 სმ-იანი ბლოკისა და 30 სმ-იანი აგურის შემავსებლით. შენობის საძირკვლად გათვალისწინებულია ფილა ფუნდამენტები, რომლებიც მიწის ზედაპირიდან ჩაღრმავებულია 3 მ-ი თ.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მშენებელმა სამუშაო 18 თვეში უნდა დაასრულოს [1 წელი და 6 თვე].
ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 5 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 2023 წლის 4 იანვარს დაიწყება და 9 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 მილიონ 589 607 ლარია.
საერთო ჯამში, გარდა 26 მაისის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისა, ტენდერი ითვალისწინებს 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ე.წ. „შანხაის დასახლებაში“, ავარიული სახლის დემონტაჟს და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას კახაბრის #30-ში. ასევე, ავარიული სახლი დემონტაჟს და ახალი, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას ხიმშიაშვილის 94/96-ში.
ამ პროექტებზე და, ზოგადად, ამ შესყიდვის შესახებ დეტალურად „ბათუმელები“ ვრცელ მასალას გამოაქვეყნებს.
მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მირო ვანაძე მოხალისე გახდა. ის პურს აცხობდა და კიეველებს უფასოდ ურიგებდა. მოგვიანებით ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში.
„ბათუმელებმა“ უკრაინაში მყოფ მირო ვანაძესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩაწერა.
რა იყო თქვენთვის ბრძოლებში ჩართვის მთავარი მოტივაცია?
ომში წასვლის მთავარი მოტივაცია, ეს ყველა ქართველი მებრძოლისთვის და არამარტო მებრძოლისთვის, თითოეული ქართველისთვის, ვინც იმყოფება უკრაინაში და იმყოფებოდა, იღებდა მონაწილეობას უშუალოდ საომარ მოქმედებებში თუ საქველმოქმედო აქციაში, ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს, ეს არის გამარჯვება რუსულ იმპერიაზე. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, სად და ვის მხარდამხარ ებრძვი მტერს. ყველა თავისებურად იბრძვის, ყველა აკეთებს იმას, რაც ყველა ქართველმა უნდა გააკეთოს მტრის წინაშე.
საქართველოში ზოგიერთს არ ესმის რისთვის იბრძვით. რას ეტყოდით საზოგადოების ამ ნაწილს?
გაიხსენონ გაგრა. გადახედონ 30 წლის წინათ რუსების მიერ ჩადენილ ქმედებებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში. უშუალოდ საქართველოს ისტორიის რუსეთის მხრიდან დამახინჯებას. ყველა გონიერ, საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ესმოდეს, რა არის დღევანდელი რუსეთი და არამარტო დღევანდელი რუსეთი. 200 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ჩვენ შორის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა. რუსეთი არის მტერი და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ყველა საქართველოს მოღალატეა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველოდან უკრაინაში მებრძოლები ომის პარტიას მიჰყავს“. თუ ნახეთ პრემიერის ეს განცხადება და თქვენი პირველი რეაქცია რა იყო?
რომელ წელს მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში? 2012 წელს ხომ? 2012 წლიდან მე და ჩემი მთელი საგვარეულო, ჯიში, ჯილაგი ვიყავით და კონკრეტულ მომენტამდე იყო სიმპათიით განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ამ პარტიის მიმართ.
მე ნამდვილად არ ვარ პოლიტიკოსი და ვემიჯნები ყოველგვარ პარტიას, არ მაინტერესებს არც ერთი პარტია. მე წარმოვადგენ საქართველოს და ქართულ ინტერესებს. ვფიქრობ, გავეცი თქვენს კითხვას პასუხი.
ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს. ვიცავთ ქართულ ინტერესებს. ალბათ, ნახეთ ის ვიდეო, გუშინ გავავრცელე სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ოპერაციიდან ვბრუნდებოდით კიევში, ვიდეოში ისმის ქართული სიმღერა „აფხაზეთი საქართველო არის“ და ჯაბა ხოფერია [ჯაბა ხოფერია პირველ დეკემბერს დაიღუპა უკრაინაში] ღიღინებს. მე ვეკითხები ვიდეოში – ჯაბა, აქედან აფხაზეთში წავალთ-მეთქი. ჯაბა მპასუხობს – „აფხაზეთი საქართველო არის“.
ჯაბა ხოფერია იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი უკრაინაში. ორი წელი ერთად ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში კიევში. ყველაზე ახლო ადამიანი იყო. ძალიან ძნელია ამაზე საუბარი. ეს ადამიანი იყო შეპყრობილი პატრიოტიზმით, ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, დიდი პატრიოტი გმირი დავკარგეთ, ისეთ ასაკში, რომ რა ვიცი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს.
ჯაბას ბიძა დაეღუპა აფხაზეთში. უკრაინაში ბევრი იბრძვის დევნილი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. მათ უნდათ უბრალოდ სახლში დაბრუნება. იბრძვიან ამისთვის უკრაინაში. მე ვფიქრობ, სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ აქ ვინმე დაქირავებული „ბაევიკი“ იბრძვის. არამარტო სასაცილოა, შეურაცხყოფაცაა დაღუპულთა დედების მიმართ, რომლებიც შვილებს დასტირიან.
თქვენი აზრით, რატომ აკეთებს პრემიერ-მინისტრი ასეთ ინტერპრეტაციებს, რა აიძულებს მას, რომ ასე ილაპარაკოს? მაშინ, როცა იცის, რომ მისი განცხადებები თქვენამდე, უკრაინაში მებრძოლ ქართველებამდე ძალიან მალე მოვა.
იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ერთი-ერთზე, ჩარჩოებს მიღმა, იმ ზეწოლებს მიღმა, რასაც განიცდის, პირად საუბრებში რომ შემოვიდეს მებრძოლებთან, იმავე აზრზე იქნება, რაზეც ჩვენ ვართ. არა მგონია, რომ უბრალოდ ქართველ კაცს არ შესტკიოდეს გული იმაზე, რაზეც თითოეულ ქართველს და ყველა საღად მოაზროვნეს შესტკივა. ეს არის აფხაზეთი, სამაჩაბლო.
300 ათასი დევნილია აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან დევნილების ოდენობა ზუსტად არ ვიცი. ხალხს უნდა სახლში დაბრუნება და იბრძვის ამისთვის. მე არ მესმის უბრალოდ, კონკრეტულად ამ საკითხში რატომ უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა? მე ამის მეტი კითხვა არ მაქვს – რატომ უნდა ჰქონდეს ერს აზრთა სხვადასხვაობა რუსეთთან მიმართებაში, მტერთან მიმართებაში?
ბათუმში ვცხოვრობ და კარგად ვიცნობ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს. ისინი ცხოვრობდნენ სასტუმრო „მესხეთსა“ და „მედეაში“. დეიდაჩემი აფხაზეთიდან დევნილზე დაქორწინდა. ზაფხულს დეიდაჩემთან ვატარებდი ხოლმე, „მედეაში“ და ყველა ისტორია მოსმენილი მაქვს. მათმა ისტორიებმა, ტკივილმა, ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. ვფიქრობ, ბატონი პრემიერი უფრო მეტად უნდა იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩახედული.
არ უნდა გვჭირდებოდეს წამოძახილი – ჰეი, ეს მტერია. არ ვიცი, ალბათ განიცდის უდიდეს წნეხს, ზეწოლას. თორემ არ მგონია, ახალგაზრდა ქართველი კაცი… სირცხვილია უბრალოდ, სხვა რა ვთქვა, არ ვიცი.
33 ქართველია დაღუპული ომის დაწყებიდან დღემდე. სამძიმარი საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ბოლოს დაღუპული 5 ჯარისკაცის ოჯახს უთხრა, ისიც მათი დაღუპვიდან მესამე დღეს, საზოგადოების დიდი ზეწოლის შედეგად. ხელისუფლების ეს ქცევა როგორ ჩანს ბრძოლის ველიდან?
არამარტო ომში დაღუპულის მშობელს უნდა უცხადებდეს პრემიერი სამძიმარს, ნებისმიერ სიტუაციაში ქართველი რომ იღუპება, ეს უბრალოდ ჩვენი ვალია, მიუსამძიმრო, ტკივილი გაიზიარო. რა ვიცი, ალბათ ეს არის ზეწოლა [ჩრდილოელისგან] ან ღალატი. არ ვიცი, სხვა რა ვუპასუხო ამ ყველაფერს. სირცხვილია უბრალოდ.
საერთო განწყობა როგორია ქართველ მებრძოლებში?
საერთო განწყობა ქართველ მებრძოლებში და არამარტო მებრძოლებში, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანში არის ერთი, რომ ეს არის არამარტო უკრაინის ომი რუსეთთან, ეს არის საერთო ომი, საერთო ბრძოლა. საერთო ტკივილი, საერთო მტერი, ჩვენ ერთი გზა, ერთი ოცნება, ერთი იდეა გვაქვს. ამ იდეის მიმართ ვინც არ ერთიანდება და ყველა ჩვენ წინააღმდეგ მოდის, დასანანია, ჩვენ აღვიქვამთ, როგორც რუსად და არა ქართველად. ეს არ არის ქართული პოზიცია, რასაც აკეთებენ. ქართული პოზიცია არის ქართული ინტერესების დაცვა და პატრიოტიზმი.