მთავარი,სიახლეები

სალიბაურის ფერდობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავენ

07.12.2022
სალიბაურის ფერდობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავენ

ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავენ, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ – მეორე ეტაპი] ხელვაჩაურის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკრებულო დოკუმენტის დამტკიცებას მორიგ სხდომაზე გეგმავს.

გდგ – დოკუმენტი 16 საკადასტრო ერთეულის, ჯამში 15 941 კვ. მეტრის დაგეგმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ პროექტი მოიაზრებს მრავალფუნქციური, საცხოვრებელი, დამხმარე და კომერციული ობიექტების მშენებლობას. ჩამონათვალში აპარტამენტებსაც ვხდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ აპარტოტელის მოწყობასაც მოიაზრებენ. სამშენებლო ტერიტორია საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაშია.

მშენებელი კომპანია მერიას წერს:

„ფერდობი, რომელზეც შენობები იქნება განთავსებული, არაჩვეულებრივად ჩანს ბათუმის ბულვარიდან და ქალაქის მთავარი შესასვლელიდან. საპროექტო ტერიტორიიდან კი იშლება განუმეორებელი ხედები, როგორც ზღვაზე, ასევე ქალაქზე. პროექტი ითვალისწინებს ღია აუზს, რესტორანს, სავარჯიშო დარბაზსა და კომერციულ ფართობებს, მწვანე საფარს ეგზოტიკური ჯიშის ხეებითა და მცენარეებით. ამის გამო ადგილი პოპულარობით ისარგებლებს არა მარტო ადგილობრივ მაცხოვრებლებში, არამედ ტურისტებშიც.“

წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გდგ-ს დამტკიცების მოთხოვნით მერიას მარინა დიხტიარევმა მიმართა, მშენებელი კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტია“, არქიტექტურული პროექტის ავტორი კი „ალფა არქიტექტურა.“ მარიანა დეხტიარევი მშენებელი კომპანიის – „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ დირექტორია.

შპს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ საქართველოში 2019 წელს დააფუძნეს. კომპანიის 90 პროცენტს რუსეთის ორი მოქალაქე ინაწილებს, მარიტა დოლგიევა 50 პროცენტის მდლობელია, ხოლო 40 პროცენტს მაგომედ ჩაბიევი ფლობს, 10 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, მერაბ ხონელიას ეკუთვნის.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია – საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ნაკვეთების ნაწილი მარინა დიხტიარევას საკუთრებაა. რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ზოგიერთი ნაკვეთი მას გადახდის განვადების პირობით აქვს შეძენილი, რაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით შესაძლოა მშენებლობის შემდეგ ბინით დაკმაყოფილების  შეთანხმებასაც გულისხმობდეს.

საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტო კომპანიის მიერ მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან

დოკუმენტის მიხედვით [გდგ], დაგეგმილი შენობების მაქსიმალური სართულიანობა 7, ხოლო სიმაღლის მაქსიმალური მაჩვენებელი 24 მეტრამდეა. პროექტი მოიაზრებს ე.წ. თაუნჰაუსის ტიპის საცხოვრებელ სახლებს [ორსართულიანი ინდივიდუალური სახლი] სულ შვიდ ერთეულს, ამდენივე სამსართულიან სახლს, ორსართულიან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, ექვსსართულიან მრავალბინიან სახლს – სულ ხუთ ასეთ კორპუსს და კიდევ ორ შვიდსართულიან მრავალბინიან სახლს.

რენდერი

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს 177 ადგილით, სარეკრეაციო სივრცისა და შიდა გზების ზონის მოწყობას.

რენდერი

ხელვაჩაურის საკრებულოს მორიგი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: