მთავარი,სიახლეები

რაკეტა რომ მომცენ, კრემლს დავცხებდი – უკრაინის გმირი, რომელიც ბახმუტთან იბრძვის

07.12.2022 • 2837
რაკეტა რომ მომცენ, კრემლს დავცხებდი – უკრაინის გმირი, რომელიც ბახმუტთან იბრძვის

როგორია ზამთარი ფრონტზე? – იმეორებს ჟურნალისტის შეკითხვას მაიორი კირილო ვერესი, უკრაინის გმირი, „ოქროს ვარსკვლავის“ მფლობელი და ბოგდან ხმელნიცკის ორდენის სრული კავალერი.

ვერესი 34 წლისაა და 54-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო ჯგუფ K2-ს მეთაურობს. დანაყოფს, რომელმაც უკრაინაში სახელი ჯერ კიდევ დონბასის ბრძოლებიდან გაითქვა.

სწორედ ამ ჯგუფის მებრძოლებმა დაატყვევეს 2015-ში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები – ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი, რომლებიც შემდეგ უკრაინამ ნადეჟდა სავჩენკოში გაცვალა.

ვერესი თავის K2-თან ერთად ახლა ბახმუტთან იბრძვის და როგორც თავად ამბობს, მტრის სრულიად შეშლილ და უაზრო შეტევებს იგერიებს.

კირილო იქაურ ამბებს „უკრაინსკა პრავდას“ უყვება. ჰყვება საბრძოლო ოპერაციებზე, თავის თანამებრძოლებზე, კრემლში რაკეტის გაგზავნის სურვილზე, იმაზე, როგორი მებრძოლები არიან რუსები და იმაზეც, როგორი დაუნდობლები გახადა უკრაინელი სამხედროები მტრის მიმართ ამ ომმა და რუსეთის სისასტიკემ.

ერთი ორმოცთან

დიდი ომის მეათე თვეა და მოწინააღმდეგე არ იცვლება. ძალიანაც მადლობელი ვარ რუსების, რომ ვერ სწავლობენ. ვურჩევ, ასე გააგრძელონ: იხოცებიან, მოდიან ახლები, გადააბიჯებენ დაღუპულებს, მიდიან წინა ხაზზე და ისევ იხოცებიან.

ახლა აქ დანაკარგების შეფარდება ერთი ოცდაათთანაა, მეტიც, ერთი ორმოცთან. ცხადია, ჩვენ სასარგებლოდ. მაგრამ ასეთ პირობებშიც კი მათი დანაკარგი კიდევ მეტი უნდა იყოს, ჩვენი – ნაკლები.

ყოველთვის ვამბობ: ვიდრე რუსეთი ბოლომდე დამთავრდება, შეიძლება უკრაინაც დამთავრდეს. ამიტომ მე არ ვეთანხმები იმას, რომ ათ, ოც „ორასიან“ რუსზე ერთი ჩვენი მებრძოლი მოდიოდეს. ასზეც კი არ ვარ თანახმა. მაგათ ნაგავი ეღუპებათ და ჩვენ საუკეთესოები!

ჩვენს მონაკვეთზე ახლა მხოლოდ „ვაგნერია“. მაგათი პატიმრები მოდიან და მოდიან, რეგულარული არმია მეორე რიგში დგას. ჩვენ მათი ნარჩენების უტილიზაციით ვართ დაკავებული, მაგრამ ამასობაში ჩვენებს ვკარგავთ, ღირსეულ ბიჭებს.

მოწინააღმდეგე, რომელიც არ იცვლება

მათი ტაქტიკა არ იცვლება. რჟევის ბრძოლის (მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა და გერმანიის ჯარებს შორის ბრძოლა რჟევ-ვიაზემსკის მიდამოებში 1942-1943 წწ.) ამბებზე ბევრი რამ წავიკითხე და ბევრსაც ვუყურე. მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცი იღუპებოდა, რომ როგორმე რომელიმე საკვანძო ქალაქი აეღოთ. და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ სადღაც იქ ვართ, რჟევთან. ისე უგონოდ იმეტებენ პირად შემადგენლობას!

ასე, ერთი კვირის წინ მძიმე ბრძოლა იყო. ერთი დღე, ორი, სამი, ოთხი… ჩემს მეთაურთან მივდივარ და ვეუბნები: „ასეთი ტემპით მალე ტყვიები გაგვითავდება ავტომატში. უბრალოდ გაგვითავდება“. საბრძოლო კომპლექტის მოტანას ვერ ვასწრებთ, ისინი კიდე მოდიან და მოდიან სიკვდილზე. ასეთი ამბავია.

მაიორი ვერესი თანამებრძოლებთან/ფოტო: მიხაილო რომანი

მინახავს, როგორ მოდის პოზიციაზე ორმოცდაათი ადამიანი. პირდაპირ. მორბიან და ეცემიან. ნახევარი საათი შესვენებას ვასწრებთ, მოწევას და მერე ახალი ასეული მორბის. ასეთ მომენტში, თავიდან ძალიან ნერვიულობ შენიანებზე, რადგან ძალთა თანაფარდობა უბრალოდ შეუდარებელია, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ მათი პირველი ნაწილი უკვე აღარაა, რეალურად არაფერიც არ შეუძლიათ, ბიჭებს ეუბნები: „მიდით, გააკეთეთ ის, რაც ძალიან კარგად იცით. არაფრის მოგონება არაა საჭირო. აკეთეთ თქვენი საქმე. აუჩქარებლად, დაგეგმილად, ემოციების, ქაოსისა და ანარქიის გარეშე“.

როდესაც შეტევის ბოლოს მათი 10 პროცენტი რჩება, უკვე ეუბნები: „თუ დანებება არ უნდათ, მაშინ, ბოლომდე!“

ერთხელ, როცა სულ რვანიღა იყვნენ დარჩენილები, გადავწყვიტე მიმემართა – დრონით ავფრინდი, მეგაფონით, ასე 20 მეტრის სიმაღლეზე, რომ ჩემი ხმა გაეგოთ.

„დაგვნებდით, წამოიყვანეთ დაჭრილები და გამოდით. გხედავთ ყველას. აგერ შენ ხის ძირში წევხარ მწვანე ქურთუკით. შენ კიდევ შავი შარვალი გაცვია. არ ჩაგვბარდებით და ტანკით მოვალ და გადაგცხრილავთ“. არ მოინდომეს. ტანკით მივედი და სროლამდე კიდევ ერთხელ შევთავაზე, ტყვედ ჩაბარებულიყვნენ. ისევ არ მოინდომეს.

უკრაინაში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა

ამ ომში ბევრი რამ პირველად ხდება. ყველაფერი სხვანაირია. კი, მთელი ეს წლები ვიბრძოდით და ადამიანები იღუპებოდნენ, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ახლა ხდება, ის მზადება იყო.

24 თებერვლის შემდეგ გაცილებით რთულია. მაშინ იცოდი, რომ შეგეძლო ზურგში შესულიყავი რამდენიმე კილომეტრით და არაფერი მოფრინდებოდა. ახლა უკრაინაში უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. კიევშიც კი ბომბები ცვივა. ახლა ყველგან სახიფათოა. თუკი ადრე მებრძოლი მხოლოდ საკუთარ თავსა და თანამებრძოლებზე დარდობდა, ახლა დარდობს შვილებზე, ცოლზე, მშობლებზე და ყველაზე, ვინც თითქოს არაა საბრძოლო ზონაში. ფიქრობს, იქაც ხომ არ ბომბავენ, ან უბრალოდ ხომ არ იყინებიან გათბობის გარეშე.

ბევრი ფაქტორი გაჩნდა, რაც მებრძოლზე მოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ, მოქმედებს ისევ ბრძოლისთვის სასიკეთოდ: სამხედროები გაბრაზებულები არიან და მტრის დანდობა აღარ აქვთ.

გადარჩენის ინსტინქტი

ამასწინათ „ვაგნერის“ პატიმრები დავატყვევეთ. მაგათ ხომ თავები ნახერხით აქვთ გამოტენილი. ციხეებში ფილმებს აყურებინებენ, რომ ჩვენ აქ თითქოს ტყვეებს ყურებს ვაჭრით, ამიტომ ჩვენი ძალიან ეშინიათ. ტვინი მაგათ არ აქვთ, მაგრამ მაინც – ცოცხალი ძალაა. ისინი ყველანი ცდილობენ, თან გადარჩნენ და თან მოკლან. რატომაა რთული მტრის მოკვლა? იმიტომ კი არა რომ გეცოდება, არამედ იმიტომ, რომ გადარჩენისთვის იბრძვის. ვიდრე მტერი ცოცხალია, ის ადამიანია და თვითგადარჩენის ზუსტად ისეთივე ინსტინქტი აქვს, როგორიც ჩვენ.

ტვინი არ აქვთ, თორემ ტექნიკა რამდენიც გინდა, თავზე საყრელი შეიარაღება. ჩვენზე ბევრად მეტი.

ჯერჯერობით წინსვლის რესურსი არ გვაქვს. იძულებული ვართ, ჯერ მხოლოდ მათ შეკავებაზე ვიზრუნოთ. ასეთი ვითარებაა. ვუფრთხილდებით ყველა ჭურვს, რომელიც მიზანს უნდა მოხვდეს.

ოპერაციებსაც ძალიან დეტალურად ვამუშავებთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავთვალოთ ყველაფერი ისე, რომ დანაკარგი შევამციროთ.

K2-ის შევრონი კირილო ვერესის ფორმაზე/ფოტო: Hromadske.ua

კრესტი – პირადი მოწინააღმდეგე

არსებობს თუ არა კონკრეტული ადამიანი, ვისი შეპყრობა ან ბრძოლაში დამარცხება მენდომებოდა? არის ერთი.

როდესაც ავდეევკაში ვიდექი, იქ იყო მე-11 პოლკის მე-6 ასეულის მეთაური, მეტსახელად „კრესტი“, რუსი გერმანული ფესვებით.

ძალიან თავხედი ვინმე იყო. ჩვენებს უყვიროდა, მოლაპარაკებებზე თვითონ მოდიოდა. მასზე ათას რამეს ჰყვებოდნენ. თუმცა პირადად ვერასდროს შევხვდი. ისე მოხდა, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე მისი ბატალიონის მეთაური მოვკალი.

ვოლნოვახაში ბრძოლისას ერთ-ერთი ტყვისგან გავიგე, რომ „კრესტი“ ბატალიონის მეთაური გამხდარა და ვოლნოვახაში სწორედ მის ბატალიონს ვებრძოდი. მოკლედ, ისევ ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ შევხვდით.

მერე „კრესტმა“ მარინკას შეუტია. იქაც ვიბრძოლეთ. სულ ზღვარზე. ასეთ დროს რაღაც პატივისცემა გიჩნდება მოწინააღმდეგის მიმართ.

მერე „კრესტი“ ლუგანსკში გადაიყვანეს და იქ კი მიაღწია წარმატებას. ფაქტობრივად, ყველა წარმატებული ოპერაცია ლისიჩანსკში, პოპასნასთან – მისი ბატალიონისაა.

ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს მის ოპერაციებს.

რაც შეეხება სხვა რუსებს… გულწრფელად რომ გითხრათ, სოლოვიოვს დავიჭერდი და კიდევ იმას, სკაბაევას, მინდა უბრალოდ თვალებში ჩავხედო.

გული მწყდება, რომ ჟირინოვსკი დროზე ადრე წავიდა. მინდოდა, ამ ყველაფრის მოწმე გამხდარიყო. ენახა თავისი „მაგარი“ ქვეყანა.

ზამთარი ფრონტზე

ეს არის თოვლი, ჭუჭყი, ოფლი, ცრემლი და სისხლი.

ეს ომია. რა უნდა იყოს ომში? რესტორანი? ვიომოთ ორ დღეში ერთხელ? არა, ომი – ნონ-სტოპია.

მებრძოლებს გულის გაკეთება სჭირდებათ. მე სულ ვეუბნები – „ბიჭებო, ყველანი დავიხოცებით, მაგრამ ამ როტაციისას არა“.

ზამთარი – ღუმელია. დენი – ფუფუნებაა. მეც სიბნელეში ვცხოვრობ. მაქვს გენერატორი, მაგრამ ვრთავ მხოლოდ იმისთვის, რომ დავტენოთ ლეპტოპები, რადიოსადგურები, დავამონტაჟოთ ვიდეოები, დავგეგმოთ და გავაანალიზოთ ოპერაციები.

ჩვენს დანაყოფში არიან ქვეითები, სნაიპერები, მეტყვიამფრქვევეები, მზვერავები, დრონის პილოტები… და მე ვითხოვ, რომ თითოეული მათგანი უნივერსალური იყოს, სხვადასხვა ტექნიკისა და შეიარაღების გამოყენება შეეძლოს.

კირილო ვერესი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს/კადრი ҐРУНТ-ის ვიდეოდან

ვისაც მტერი უყვარს

ის, რომ დიდი ომი იქნებოდა, უკვე 2014 წლიდან ვიცოდი. მხოლოდ დროის საკითხი იყო. 24 თებერვალს ახალი არაფერი მინახავს – თუმცა სადღაც შიგნით, ღრმად, იმედი მქონდა, რომ ასეთი – რაკეტებით, ავიაციით გამანადგურებლებით… იქნებ, ასეთი არ ყოფილიყო.

მათ, ვისაც ჩვენი მტერი უყვარს, ის მომავალშიც ეყვარება. მაგათ თავზე რომ დაათოვთ, იტყვიან, უბრალოდ წინწკლავსო და იტყვიან კიდევ, რომ ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას ვესროდით.

ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ხალხი უნდა გაგვეშვა აქედან, უკრაინიდან გაგვეშვა რუსეთში. ასე რომ მოვქცეულიყავით 2014-2015 წლებში, შეიძლება დღეს რაღაც სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ახლაც კი, ზურგის ქალაქებში, ვიდრე ჩვენ აქ მტერს ვაკავებთ, მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც იმედი აქვს და რუსეთს ელოდება და ეძახის.

როდესაც ქალაქებს ბომბავენ, შენ ან გეშინია, ან ბრაზდები. ჩვენ ვბრაზდებით. აი, მე ძალიან მინდა კრემლს დავცხო. აი, გულწრფელად, ახლა რომ რაკეტა მომცენ, არც დავფიქრდებოდი, ისე გავუშვებდი! გავუშვებდი მოსკოვშიც და მათ ყველა ელექტროსადგურზეც, ტენდენციები რომ კარგად გაიგონ: ასე არ შეიძლება! ვიბრძოლოთ, მაგრამ ვიბრძოლოთ პატიოსნად, ღირსეულად და არა ასე.

ბრძოლის პოტენციალი ჩვენ კიდევ უზარმაზარი გვაქვს. სურვილიც. მოდი ვიბრძოლოთ! ჩვენ არ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს მათ სურთ. ეს მათ მოაწყვეს უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდი.

კიდევ ექვსი წელი და ჩემი შვილი არმიაში წავა. ამ ომში მთელი თაობა იზრდება. ჩემმა ბიჭმა ომის გარდა არც არაფერი იცის. მას არ სჭირდება სამი უმაღლესი განათლება. მას სჭირდება იმის ცოდნა, როგორ დაშალოს და ააწყოს ავტომატი.

ძალიან მაბრაზებს ის, რომ ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ომია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადმე ზურგში ყველაფერი კარგადაა, ვიდრე სხვები იბრძვიან, ეს ცუდად დამთავრდება. ჩვენ აქ ამოუწურავნი არ ვართ.

__________________________________

მთავარ ფოტოზე: კირილო ვერესი/კადრი ҐРУНТ-ის ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: