მთავარი,სიახლეები

უკანონო გათავისუფლებებს სასამართლო ადგენს, მაგრამ დისკრიმინაციას არა – ISFED-ის მიგნებები

06.12.2022 • 1180
უკანონო გათავისუფლებებს სასამართლო ადგენს, მაგრამ დისკრიმინაციას არა – ISFED-ის მიგნებები

„გამოდის, რეალურად სასამართლო საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთის მხრივ, ადგენს უკანონო გათავისუფლების ფაქტს და იმავე ფაქტზე უარს ამბობს მოტივაციის დადგენაზე, რეალურად რა ამოძრავებდა ამ უკანონობას,“ – გვიყვება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ISFED-ის პროექტის კოორდინატორი, იურისტი ლელა ხათრიძე.

ამ ორგანიზაციამ დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში შეხვედრა გამართა იმ სასამართლო დავებზე სასაუბროდ, როცა ადამიანები საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

ამ ეტაპზე ISFED-ს 62 ასეთი საქმე აქვს სასამართლოში. მათგან 17 საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე დასრულდა. 17 დასრულებული საქმიდან 11 მოსარჩელეს მოუგია, თუმცა არცერთ შემთხვევაში სასამართლომ არ დაადასტურა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

„…წარმატებით სრულდება საქმეების დიდი ნაწილი, ადამიანები იღებენ განაცდურსაც, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი ამაღლდა, მაგრამ როცა საქმე მიდგება პოლიტიკურად საინტერესო საქმეზე, იქ უკვე აქტიურდება დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა.

თუ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დადგინდება, სახელმწიფოს მოუწევს შესაბამისი ზომების მიღება, იმ პირის პოლიტიკური, ან სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინც უკანონო გათავისუფლებაზე მიიღო გადაწყვეტილება,“ – აღნიშნავს ლელა ხათრიძე და ხაზს უსვამს იმას, რომ შესაძლოა კონკრეტულ საქმეზე არ ჰქონდეს ხელისუფლებას ინტერესი ცალკეული პირის, ან შემთხვევის მიმართ, „თუმცა დისკრიმინაციის დადგენა უკვე პოლიტიკურად საინტერესო საქმეა სასამართლოსთვის,“ – დაკვირვებას გვიზიარებს ლელა ხათრიძე.

ორგანიზაციის მხარდაჭერით ბათუმში ამ ეტაპზე 3 პირი, ხელვაჩაურის სასამართლოში კი, ერთი ადამიანი ასაჩივრებს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან გათავისუფლებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასაც ითხოვს. სასამართლოს ამ საქმეების განხილვა ჯერ არ დაუწყია.

ნიშნავს სასამართლოში შრომით დავებზე მოგებული საქმეების სიმრავლე მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდას? – ესეც ვკითხეთ ISFED-ის იურისტს, ლელა ხათრიძეს.

„ჭიანურდება პროცესები“ – პრობლემებს შორის ყველაზე მწვავეს გამოყოფს იურისტი, რომელიც საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული პირების ინტერესების დაცვას ახლა სასამართლოში ცდილობს.

„საინტერესოა ისიც, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადგინეს პრაქტიკა და იმ შემთხვევაშიც ასაჩივრებენ საქმეს ზემდგომ  ინსტანციაში, როცა ხვდებიან, რომ 100 %-ით წაგებული საქმეა. ეს სახელმწიფო რესურსების ხარჯვაა.

აღარაფერს ვამბობ განაცდურის ანაზღაურებაზე: როცა ამ ადამიანებს სამსახურებში აღადგენენ, შესაძლოა, სახელმწიფოს ზარალი 100 ათასებს აღემატებოდეს. რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გაიღოს ეს ხარჯი იმის გამო, რომ თანამდებობის პირმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ამის გამო პასუხს არ აგებს.

სასამართლო არ ჭიანურდება მაშინ, როცა ასევე შესაბამისი პოლიტიკური ინტერესია, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმე: ყველამ ვნახეთ, რომ უზენაესმა სასამართლომაც უმოკლეს დროში განიხილა ეს საქმე,“ – გვიყვება ლელა ხათრიძე.

„კანონი თითქოს ჩუმდება“, – მიიჩნევს ISFED-ის იურისტი, როცა იგი სასამართლოში მოგებული საქმეების აღსრულებაზე გვესაუბრება:

„ძირითადად ისინი უკვე თავისი ნებით ტოვებენ სამსახურს… მათთვის სასამართლოში მთავარია დადასტურდეს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რომ არაკომპეტენტურები არ არიან.

მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გასაუბრებას ატარებდა საკონკურსო კომისია,  არქეოლოგების და სპეციალისტების კომპეტენციას ამოწმებდნენ იურისტები. აქ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ხელმეორედ გამოცხადდა რეორგანიზაცია და უკვე შეეხო იმ ადამიანებს, ვინც წინა რეორგანიზაციას გადაურჩა.

რეალურად რეორგანიზაცია დღეს არასასურველი კადრების სამსახურიდან გაშვების მექანიზმია, რადგან საჯარო მოხელე უვადოდ დასაქმებულად ითვლება, მისი გათავისუფლება არაა მარტივი, საჭიროა კონკრეტული დარღვევის დაფიქსირება და საფუძველი. ამ დროს, ჩვენს რეალობაში, ხელმძღვანელობა იგონებს რეორგანიზაციას, თითქოს სტრუქტურულად რაღაც შეცვალა,“- აღნიშნა ლელა ხათრიძემ „ბათუმელებთან“.

სად ჩანს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა, როცა სასამართლოში გათავისუფლებული ადამიანები უმეტეს შემთხვევაში პროცესს იგებენ – 17-დან 11 საქმე ყოფილმა საჯარო მოხელეებმა მოიგეს.

„სასამართლომ უნდა გაბედოს და პოლიტიკურ დისკრიმინაციას დაარქვას თავისი სახელი, ის მართალი უნდა იყოს მოქალაქეებთან,“ – დასძინა ISFED-ის იურისტმა ლელა ხათრიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: