მთავარი,სიახლეები

კრემლი ეცდება, „ყალბ მშვიდობას“ მიაღწიოს დროის მოსაგებად – ბლინკენი

07.12.2022 • 913
კრემლი ეცდება, „ყალბ მშვიდობას“ მიაღწიოს დროის მოსაგებად – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის აზრით, რუსეთმა უკრაინასთან შესაძლოა „ყალბი მშვიდობის“ მიღწევა სცადოს, რათა კონფლიქტი გაყინოს, უკეთ მოემზადოს და ხელახალი შეტევა დაიწყოს.

ბლინკენმა ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სამიტზე ისაუბრა. პირველი შეკითხვა სახელმწიფო მდივანს სწორედ რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთის აეროდრომებზე მომხდარ აფეთქებებზე დაუსვეს.

მეთ მიურეი, The Wall Street Journal-ის მთავარი რედაქტორი: დღევანდელი დღე რუსეთის ტერიტორიაზე ორი აფეთქებით დაიწყო. ეს უკანასკნელი ინდიკატორია იმისა, რომ უკრაინელებს ხელი მიუწვდებათ სამიზნეებზე რუსეთის სიღრმეში. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე ამ ინციდენტებზე და როგორ გამოიყურება ამერიკული პერსპექტივიდან ის, რომ უკრაინელებს ეს შეუძლიათ?

ენტონი ბლინკენი: ცხადია, ვნახე ეს ანგარიშები და ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რომ ჩვენ ყოველდღე ვხედავთ აფეთქებებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის დღევანდელი რეალობაა. ესაა, რაც ხდება, როგორც ვთქვი, მართლაც ყოველდღიურად.

სახელმწიფო მდივანი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ რამდენიმე კვირის წინ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე ლიდერებს თავის სამშვიდობო გეგმას აცნობდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც მანამდე აკეთებდა უკრაინაში“.

ბლინკენის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი ოდესმე აუცილებლად დიპლომატიური გზით დასრულდება, თუმცა მანამდე რუსეთმა უნდა დაანახვოს ყველას, რომ ის ნამდვილად მზადაა დიპლომატიისთვის.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ჩვენ ვთქვით, სხვებმაც თქვეს, რომ რაღაც მომენტში ეს დასრულდება და დიდი ალბათობით, დასრულდება დიპლომატიით, მოლაპარაკებებით. მაგრამ ჩვენ გვინდა დავინახოთ მყარი მშვიდობა და არა ყალბი მშვიდობა.

ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ – რუსები ეცდებიან იპოვონ გამოსავალი, რომელიც ყალბი იქნება და რომელშიც ვგულისხმობ, რომ ოჰ, მოდი, შევწყვიტოთ ცეცხლი, მოდი უბრალოდ გავყინოთ ყველაფერი, როგორცაა, მივიღოთ გაყინული კონფლიქტი, აღარასოდეს ვილაპარაკოთ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ დაიპყრეს და ახლაც უკავიათ; დავისვენებთ, გადავიარაღდებით, გადავჯგუფდებით და ხელახლა დავესხმებით თავს. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი და დასძენს, რომ უკრაინელთა წინააღმდეგობა სრულიად გასაოცარია: – „მიზეზი, რის გამოც, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, რუსები – არა. ესაა მთავარი სხვაობა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: