მთავარი,სიახლეები

მტრის ცეცხლს ზურგით გადაეფარა და სხვები გადაარჩინა – უკრაინის გმირი ვადიმი

07.12.2022 • 14307
მტრის ცეცხლს ზურგით გადაეფარა და სხვები გადაარჩინა – უკრაინის გმირი ვადიმი

უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურეებს უნივერსალურ ჯარისკაცებს უწოდებენ, რადგან მათ მრავალმხრივი სამხედრო უნარები აქვთ. ამ ისტორიის გმირიც, კაპიტანი ვადიმ მანკო ასეთი პროფესიონალი იყო.

ვადიმი ტაქტიკური მედიცინის ოფიცერი იყო აღმოსავლეთის ტერიტორიული ადმინისტრაციის ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმში.

მის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს.

ვადიმმა 2017 წელს ეროვნული გვარდიის აკადემია დაამთავრა და სამხედრო სპეციალობით ძირითადი შემადგენლობის ოფიცერი იყო, ასევე მთარგმნელ-რეფერენტი. ცოდნისა და უნარების საშუალებით ვადიმი მზვერავის, ყუმბარმტყორცნის, ჯავშანტექნიკის მსროლელ-ოპერატორისა და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორობასაც ახერხებდა.

თანამებრძოლები მას იხსენებენ, როგორც კეთილშობილ, საიმედო ადამიანს, რომელიც მზად იყო საკუთარი სიცოცხლე გაეღო სხვების გადასარჩენად. ასეც მოიქცა ბოლო ბრძოლის დროს, რომელსაც შეეწირა კიდეც.

13 აგვისტოს ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე სოსნოვკას მახლობლად რუსი ოკუპანტები უკრაინელების ჯავშანტრანსპორტიორს ჩაუსაფრდნენ, რომელშიც სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფი იმყოფებოდა კაპიტან ვადიმ მანკოს ხელმძღვანელობით.

აფეთქებამ საგრძნობლად დააზიანა მანქანა, ყველაზე მეტად ვადიმი დაზარალდა, მთელ სხეულზე ჰქონდა სასიკვდილო ჭრილობები.

დაჭრილმა ვადიმმა თანამებრძოლებს უბრძანა დაეტოვებინათ მანქანა, რისთვისაც ის ჯავშანტრანსპორტიორიდან გამოსასვლელ ერთადერთ კარს სხეულით გადაეფარა, მათთვის გასვლის შესაძლებლობა რომ მიეცა.

ოკუპანტებმა ყუმბარმტყორცნი ესროლეს მანქანას, რასაც ვადიმის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოფიცრის დაღუპვიდან სამი დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმს გმირის წოდება მიანიჭა სამხედრო ფიცის ერთგულებისა და სიმამაცისთვის.

ჯავშანტრანსპორტიორი, რომელშიც რუსმა ოკუპანტებმა კაპიტანი ვადიმ მანკო ჩაცხრილეს/წყარო: უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა Armyinform

ეს ვადიმ მანკოსთვის მესამე ჯილდო იყო. პირველად ის 2016 წელს დაჯილდოვდა უკრაინის პრეზიდენტის ჯილდოთი ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისთვის, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მიიღო მედალი „უკრაინის სამხედრო სამსახურისთვის“.

ხარკოვის მკვიდრი ვადიმ მანკო მტრის შემოსევის პირველივე საათებიდან იცავდა მშობლიურ ქალაქს. 24 თებერვალს, 6:30 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმი ჯავშანტრანსპორტიორით გაემართა ცირკუნი-ხარკოვის გზატკეცილის გადაკვეთასთან, სადაც დამპყრობლები საგუშაგოს აღჭურვას იწყებდნენ. მათ სამი ჯავშანტრანსპორტიორი იცავდა.

ვადიმის რაზმი შეინიღბა და ჩუმად მიუახლოვდა ბლოკპოსტს. ვადიმმა ორი ყუმბარმტყორცნი ესროლა დაუპატიჟებელ სტუმრებს და მტრის ტანკი ეკიპაჟიანად გაანადგურა.

ოკუპანტებმა სროლებით სცადეს თავდაცვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ შვიდი რუსი ჯარისკაცი ტანკიანად აფეთქდა, ჯავშანტრანსპორტიორებში ჩასხდნენ და უსწორმასწორო რელიეფის საშუალებით სცადეს დამალვა.

მათ შორიდან გაუხსნეს ცეცხლი მაღალკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით ვადიმის ჯგუფს. ამ დროს ერთ-ერთმა თანამებრძოლმა საშველად მოუხმო ვადიმს. ჯარისკაცი ორივე ფეხში იყო დაჭრილი. კაპიტანი მანკო სიცოცხლის რისკის ფასად მივიდა დაჭრილამდე, ტყვიამფრქვევების კაკანის ფონზე კიდურები დაუმუშავა ჯარისკაცს, სისხლდენა შეუჩერა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

ყუმბარმტყორცნების გამოყენების შემდეგ სპეცრაზმს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი დარჩა. ვადიმმა დაჭრილები საფარში დატოვა და რაზმთან ერთად ავტომატის ჯერით დაახევინა რუსების ჯავშანტრანსპორტიორებს უკან, სახელმწიფო საზღვრამდე. ვადიმმა დაჭრილი რუსი ოფიცერი დაატყვევა ამ ოპერაციისას.

კაპიტან მანკოს თანამებრძოლები იხსენებენ, რომ მან სადამკვირვებლო პუნქტზე მორიგეობისას ოთხი რუსი მზვერავი შენიშნა და ოთხივე დაცხრილა. ოკუპანტების პასუხმაც არ დააყოვნა და საათ-ნახევარში ვადიმის სადამკვირვებლო პუნქტს ზალპი დაუშინეს.  ვადიმმა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო, მაგრამ საავადმყოფოში მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. მერე კი ბრძოლას დაუბრუნდა.

იმ დღეებში ხარკოველი ჯარისკაცები დემენტიევკას რაიონში სისხლისმღვრელ ბრძოლებში იყვნენ ჩაბმული. დერგაჩის რაიონის ულამაზესი სოფელი ნანგრევებად აქციეს ოკუპანტებმა. უკრაინელმა სამხედროებმა ეს სოფელი მაისში გაათავისუფლეს. მტერმა უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო სოფლის დაბრუნება სცადა.

ვადიმ მანკო, უკრაინის გმირი/წყარო: უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა Armyinform

გორაკს შეფენილ სოფელს რუსები ბომბავდნენ არტილერიით, ტანკებითა და ყუმბარმტყორცნებით. დემენტიევკას ბრძოლებში ათობით უკრაინელი დაიღუპა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კაპიტანი მანკოც იქ გაგზავნეს.

28 ივნისს, დაახლოებით 8:00 საათზე, სპეცრაზმის ჯგუფმა სოფელთან მტრის საყრდენი ბაზა აღმოაჩინა. ვადიმ მანკო პირველი მიუახლოვდა ამ ადგილს და ორი ხელყუმბარით ათამდე ოკუპანტი გაანადგურა. დანარჩენებს მისი თანამებრძოლები გაუსწორდნენ.

დაახლოებით 15:00 საათზე სამი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი დაიძრა უკრაინელების მიმართულებით. მტერმა ცეცხლი გახსნა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება სცადა. უკრაინის მცველებმა ცეცხლით შეტევას გაუძლეს. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან პირველივე გასროლით კაპიტანმა მანკომ მტრის ჯავშანტრანსპორტიორი და რვა რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ვადიმის რაზმმა ამ ბრძოლაში ოკუპანტების მთელი რეზერვი ააფეთქა.

იმ დღეს, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვადიმ მანკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, მის შესახებ კიდევ ბევრ ამბავს ჰყვებოდნენ თანამებრძოლები, რაც დაწვრილებითაა აღწერილი სამხედრო სავალდებულო ანგარიშებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: