მთავარი,სიახლეები

კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე – რა ხდება, როცა სოფელში სწავლობ

07.12.2022 • 1518
კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე – რა ხდება, როცა სოფელში სწავლობ

14 წლის თედო მჟავანაძე შუახევში, სოფელ წყაროთაში ცხოვრობს. ის წყაროთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. სკოლაში მის გარდა 39 ბავშვია. თედოს, ისევე, როგორც მისი თანასკოლელების უმრავლესობას, არ აქვს ლეპტოპი და არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.

იმისათვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დავალებები მოამზადოს და ლეპტოპით ისარგებლოს, მეათეკლასელ თედოს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს მეგობრის სახლამდე.

თედოს 3 თანაკლასელი ჰყავს. მისმა კლასელმა სალომე ვანაძემ წელს ლეპტოპი მიიღო საჩუქრად. სწორედ ამ ლეპტოპით ამზადებენ დავალებებს ახლა თედო და მისი კლასელები. თუმცა უხარისხო ინტერნეტი მაინც გამოწვევად რჩება.

2015 წელს გაეროს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა 17 მიზანზე, რომლითაც მიიღწევა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავალი.

ხარისხიანი განათლების მიღება ამ მიზნების პირველ ხუთეულში შედის, მაგრამ საქართველოში მასზე ხელი ყველა ბავშვს თანაბრად არ მიუწვდება.

თედო ამბობს, რომ მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტრენინგზე დასწრება, საინტერესო პროექტებში ჩართვა, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებს.

„სკოლას აქვს კომპიუტერი, რომლითაც შეიძლება სკოლის მერე ან გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე გავაკეთოთ რაიმე პროექტი.

ყველა ოჯახს შეიძლება არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შეიძინოს შესაბამისი ტექნიკა, ან ჰქონდეს ისეთი [ხარისხის] ინტერნეტი, რომლითაც ბავშვი დაესწრება ტრენინგებს. გვჭირდება რამე ისეთი ტექნიკა – ლეპტოპი, პლანშეტი, რომლითაც შევძლებთ ტრენინგებზე დასწრებას ან სხვადასხვა პროექტის შესრულებას,“ – გვიხსნის თედო.

რა გავლენას ახდენს სოფლად მცხოვრებ ბავშვებზე ის, რომ ყველა მათგანს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე?

„ამით ჩვენ გვაკლდება გამოცდილება. იმიტომ, რომ როდესაც სტუდენტები გავხდებით, ძირითადად პროექტების მომზადება მოგვიწევს. თავიდანვე თუ არ მივეჩვევით ამას, შეიძლება მერე უფრო გაგვიჭირდეს. ვფიქრობ, [ბავშვები] ქალაქში უფრო უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნიკით, ვიდრე სოფელში. ჩვენთან უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ყველაფერს,“ – ამბობს თედო მჟავანაძე.

ლამზირა მახარაძე წყაროთის საჯარო სკოლაში „სამოქალაქო განათლებას“ და „მოქალაქეობას“ ასწავლის. მისი თქმით, ბევრი გამოწვევის წინაშე დგება მასწავლებელი, როდესაც მაღალმთიანეთში მუშაობს. მასწავლებელი განსაკუთრებით რთულად პანდემიის პირველ ორ წელს იხსენებს, როდესაც გაკვეთილები ონლაინ ტარდებოდა.

„პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მწვავე პრობლემის წინაშე დავდექით, როდესაც ონლაინპლატფორმა თიმსში მოგვიწია გაკვეთილების ჩატარება. ბევრი რთული სიტუაცია იყო. ინტერნეტი არ გვქონდა, რამდენიმე ბავშვი შეიძლება ოჯახში მოსულიყო. გამოწვევების წელი იყო, მაგრამ გადავლახეთ. ეს იყო გამოცდილება ჩვენთვის,“ – იხსენებს ლამზირა მახარაძე.

ლამზირა მახარაძე

ლამზირა მახარაძე

მეორე გამოწვევის წინაშე მასწავლებელი მიმდინარე სასწავლო წელს აღმოჩნდა, როდესაც მეათე კლასის პროგრამაში ცვლილება შევიდა.

„წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა ეს პრობლემა, როდესაც მეათე კლასში შემოვიდა პროექტული სწავლება. მხოლოდ მასწავლებლის რესურსი მოვიდა ელექტრონულად. ბავშვებს არ აქვთ წიგნები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროექტებს ვგეგმავთ და უკვე დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით პრობლემას.

მაგალითად, ვეუბნები – ლინკს ჩაგიგდებთ, დღეს გავაკეთოთ ბულინგზე თემა, მაგრამ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა ოჯახში. სკოლას აქვს ნოუთბუქი, ბავშვები იყენებენ მას, მაგრამ სახლში, სადაც ძირითადი მასალა უნდა დაამუშაონ, პრეზენტაცია ააწყონ და წარადგინონ, სამწუხაროდ არ აქვთ.

ამაში ეშლებათ ხელი. ეს პრობლემა დადგა წელს. მომავალში მე-11, მე-12 კლასშიც ემატებათ მსგავსი მეთოდით სწავლა და ეს პრობლემა ისევ იქნება.

ბავშვებს სჭირდებათ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი იმისათვის, რომ მოამზადონ გაკვეთილები სრულყოფილად.

არამარტო სამოქალაქოში, არამედ ქართულში, ისტორიაში და ყველა საგანში,“ – ამბობს ლამზირა მახარაძე.

„კლასში 4 ვართ და ჩემ გარდა სამ ბავშვს არ აქვს კომპიუტერი. ამიტომ გვიწევს ერთმანეთთან წასვლა, რაც ყოველთვის შეუძლებელია. ამას გარდა სკოლაში არანაირი დამატებითი აქტივობა არ აქვთ ბავშვებს. ცეკვა და მუსიკა იყო ადრე, მაგრამ ახლა არ გვაქვს. ტენისის ერთი მაგიდა გვაქვს. დასვენებებზე ამოვდივართ ხოლმე, მაგრამ მაგიდა ერთია და ბავშვები ბევრნი ვართ.

სოფელში რომ არ ვცხოვრობდე, შეიძლება ბევრ რესურსთან არ მქონოდა წვდომა, მაგრამ მექნებოდა ინტერნეტთან და კომპიუტერთან,“ – ამბობს 15 წლის სალომე ვანაძე.

წყაროთის სკოლა

თედო მჟავანაძე კი ამბობს, რომ მის კლასშიც და სკოლაშიც ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ, რომლებსაც ამ ნიჭის განსავითარებლად შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვთ. გარდა სასწავლო რესურსებისა, მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ბავშვები გართობის მხრივაც შეზღუდულები არიან.

„ექვსი თვე ჩვენთან არის დიდი თოვლი და არანაირი გასართობი არაა. 40 ბავშვი ვართ სკოლაში და გვაქვს  ტენისის ერთი მაგიდა. რიგში დგომა გვიწევს. შეიძლება დღე ისე გავიდეს, საერთოდ არ მომიწიოს თამაში.

სხვადასხვა გასართობი სპორტული ინვენტარი გვინდა, ისეთი, რომ ზამთარში გამოვიყენოთ და გავერთოთ. სპორტდარბაზი არ გვაქვს. მოედანი კი გვაქვს, მაგრამ ზამთარში დიდი თოვლი მოდის და იფარება,“ – ამბობს თედო.

თედოს თქმით, სპორტული მოედანი სკოლას რამდენიმე წლის წინ გაუკეთეს. სარგებელი, რომელიც მოედანმა წყაროთელ ბავშვებს მოუტანა, უკვე ხელშესახებია. შუახევის საფეხბურთო ნაკრებში 5 წყაროთელი თამაშობს. ბავშვები მიიჩნევენ, რომ ეს უპირველესად  მწვრთნელის დამსახურებაა, წარმატების მიღწევაში კი დაეხმარათ ისიც, რომ სავარჯიშოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც აქვთ. თედოს აზრით, ბავშვები სწავლაშიც უფრო წარმატებულები იქნებიან, თუკი შესაბამის რესურსებთან ექნებათ წვდომა.

„ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ. ჩემს კლასში რომ არ იყოს სალომე, შეიძლება საერთოდ ვერ დავესწრო ტრენინგებს. ვერ ჩავერთო სხვადასხვა პროექტში. ახლახან მოვამზადე პროექტი – ჩემი საყვარელი მწერალი, მაგრამ ეს გავაკეთე გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე. სკოლამ მათხოვა კომპიუტერი და იქ ავაწყვე. სახლში ჩემი ლეპტოპი რომ მქონოდა, შეიძლებოდა გაკვეთილები არ გამეცდინა. დღეს ისეთი დროა, ინტერნეტისა და ტექნოლოგიებთან წვდომის გარეშე ვერაფერს გავხდებით.

ცხოვრებაშია უკვე საჭირო ტექნიკა და ინტერნეტი. მომავალში შეიძლება გულნატკენებიც დავრჩეთ, იმიტომ, რომ ახლა შეგვიძლია და არ გვაქვს საშუალება, რომ გავაკეთოთ,“ – ამბობს თედო მჟავანაძე.

ნაზი შარაშიძე

როგორც წყაროთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, მართალია, სკოლას აქვს კომპიუტერი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამას გარდა, ყველას საერთო პრობლემაა ცუდი ხარისხის ინტერნეტი.

„ინტერნეტის სიხშირე სკოლაში არის ძალიან ცუდი. ვთქვათ, ერთ კლასში დაიჭერს ინტერნეტს, ცოტა მოშორდები ამ წერტილს, მეორე კლასში არ იჭერს,“ – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზი შარაშიძე. ის წყაროთის სკოლაში 50 წელია ასწავლის.

„სოფელში მცხოვრები ბავშვები მოკლებულნი არიან გასართობს. არანაირი დამატებითი წრე ან კლუბი არაა. ამის გამო ისინი უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, ჰქონდეთ კომპიუტერთან წვდომა.

ახალი პროგრამით ხშირად არის ლიტერატურაში დავალება – კომპიუტერთან 5 წუთი მუშაობა. კომპიუტერები არ გვაქვს, ზოგიერთს კი ტელეფონიც არ აქვს,“ – ამბობს ნაზი შარაშიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: