მთავარი,სიახლეები

მთავარი გამოწვევა ავტორიტარული რეჟიმია – „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულები ბათუმიდან

06.12.2022 • 1336
მთავარი გამოწვევა ავტორიტარული რეჟიმია – „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულები ბათუმიდან

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „ეს ქვეყანა შენიას“ წლევანდელი გამარჯვებული აჭარიდან 5 ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფია. ისინი არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან ახალგაზრდებს და ამ მიმართულებით ტრენინგებს ატარებენ აჭარის მუნიციპალიტეტებში.

რატომ არის სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანი და რა ტიპის ცვლილებებია საჭირო ამ მხრივ? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ნიაზ ჩიტიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ნიაზ, რამდენი ადამიანი ხართ საინიციატივო ჯგუფში და კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში?

ეს კონკურსი გამოცხადდა სადღაც სამი თვის წინ, თუმცა ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა დაწყებული ჩვენი ინიციატივების განხორციელება.

სექტემბრის დასაწყისიდან უკვე ვატარებდით ტრენინგებს ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე. პროექტის გაგრძელებას ვაპირებთ მომავალ წელსაც და იანვრიდან ასევე ჩავუშვებთ ახალ ტრენინგებს და მივიღებთ მსმენელების ახალ ნაკადებს.

არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმი არის კონცეფცია, რომელსაც საწყისი აქვს ჯერ კიდევ მაჰათმა განდის პერიოდიდან. ეს ნიშნავს, გამოიწვიო ცვლილებები შენს გარემოში, შენს ქვეყანაში, არაძალადობრივი მეთოდებით.

აქციების ჩატარებით, დისციპლინით და ხალხის მიმხრობით, მშვიდობიანი გზით. ამის ტაქტიკურ მეთოდებს ვასწავლით ახალგაზრდა აქტივისტებს, თუ როგორ უნდა შექმნა წინააღმდეგობის კამპანია, როგორ იმოქმედო, რომ მოიტანო შესაბამისი ცვლილებები შენს თემში, როგორ ჩაატარო აქცია-პერფორმანსები და ასე შემდეგ.

  • ბოლო პერიოდში გვაქვს პრეცედენტები, როცა პოლიცია მშვიდობიან აქციებზეც კი აკავებს აქტივისტებს. ასეთ დროს როგორ უნდა იმოქმედონ ადამიანებმა?

ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში, რაც უფრო დიდი წნეხია საზოგადოებაზე, მით უფრო მეტი ადამიანის მობილიზება ხდება ხოლმე აქციებზე.

ამის ძალიან კარგი მაგალითები გვქონდა „ვარდების რევოლუციის“ დროს, სერბეთში, როცა სერჯა პოპოვიჩის წინააღმდეგობის კამპანიის წევრებს ზუსტად ასე იჭერდნენ, მარტინ ლუთერ კინგის საპროტესტო მოძრაობების დროს და სხვა.

დაჭერები და რეპრესიული რეჟიმი არავის გვიკვირს, მაგრამ თუ გადავავლებთ ისტორიას თვალს, მარტინ ლუთერიც ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ დაგვიჭერენ, ჩვენზე ფიზიკურად იძალადებენ, მაგრამ ჩვენ ხელებს ვწევთ და ვამბობთ, რომ ვართ მშვიდობიანი ხალხი.

რაც უფრო მეტად რეპრესიულია რეჟიმი, მით უფრო მეტი ადამიანი გამოდის ხოლმე ქუჩაში და მით უფრო მეტი ადამიანი გააპროტესტებს მშვიდობიანად, რადგან ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა, რომ ჩვენ არ შევდივართ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

  • როგორია იმ ახალგაზრდების განწყობა, ვინც ესწრება ტრენინგებს, რამდენად გრძნობენ სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობას და საჭიროებას მათი პრობლემების მოგვარებისას?

ჩვენ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობდით „დემოკრატიის მცველებთან“, რომლის ფარგლებშიც გიორგი მშვენიერაძემ, რაფიელ კაკაბაძემ ჩაატარეს ახალგაზრდებთან ამ თემაზე ტრენინგები. ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჰქონდათ მონაწილეებს, რადგან ბევრი სიახლე გაიგეს, ისტორიული კონიენქტურა გაიგეს, დაინახეს, როგორ უნდა იმოქმედო პერსპექტივაში. ამ ხალხთან დღესაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს.

რაც უფრო მეტი ადამიანური რესურსი გვეყოლება, პრაქტიკულ ნაწილშიც უკეთესად ვიმოქმედებთ. ტრენინგებზე ძირითადად 25-წლამდე ახალგაზრდები გვესწრებიან ხოლმე, თუმცა 40-ზე მეტი წლის მოქალაქეებიც დაინტერესდნენ და მოვიდნენ. ზოგადად, ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს და ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში.

ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება, სამი პლატფორმა, ერთი არის – „არ გადადო“, რომელიც მუშაობს აჭარაში არსებულ ადგილობრივ პრობლემებზე, მეორე არის – არაფორმალური განათლების ცენტრი ილიას აკადემია, რომლის მეშვეობით გვინდა, სამოქალაქო ცნობიერება და აქტივიზმი გავაძლიეროთ და მეტი ადამიანი მოვიზიდოთ. მესამე პლატფორმა არის „პოდ-კასტ ბათუმთან“ თანამშრომლობა – ამით ვცდილობთ სოცმედიაში გავავრცელოთ ჩვენი ხმა.

ადგილობრივ დონეზე მოსახლეობას უნდა ვასწავლოთ, როგორ მოითხოვონ საყოველთაო სიკეთეები, იქნება ეს გაზი, წყალი თუ სხვა რამ და თუკი თვითმმართველობას არ ექნება ამ მოთხოვნებზე რეაგირება, როგორ მოაწყონ აქცია-პერფორმანსები და როგორ მიიღონ შედეგი.

  • თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს სამოქალაქო აქტივიზმის მიდგომებში, მეთოდებში? რადგან მაინც არსებობს იმის განცდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე არ ვდგავართ.

ავტორიტარულმა რეჟიმმა ისწავლა როგორ გაუმკლავდეს სამოქალო აქტივისტებს, როდის უნდა დაიჭიროს, როდის არა, ხისტი მეთოდები როდის უნდა გამოიყენოს, მაგრამ იმისთვის, რომ ვაწარმოოთ კარგი წინააღმდეგობის კამპანია, თვითონ ამ კამპანიას უნდა ჰქონდეს შინაარსი, ის ფუნდამენტი და საფუძველი, რაზეც დგას ეს ერთობა.

სამი ძირითადი პრინციპი არსებობს სამოქალაქო აქტივიზმში, ეს არის: ერთიანობა, დაგეგმვა და დისციპლინა.

დღევანდელ აქტივიზმს აკლია დისციპლინა ანუ, როცა საზოგადოებას ვერ მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე და ხშირად სამოქალაქო სექტორს აკლია შინაარსი. თუ ეს ორი რამ – შინაარსი და დისციპლინა ერთად იქნება, საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

  • ბოლო პერიოდში გაჩნდა ტენდენცია, როცა აქტივისტებს აქციის დასაწყისშივე აკავებს პოლიცია, შემდეგ კი სასამართლო ჯარიმებს იყენებს მათ წინააღმდეგ. თქვენი აზრით, რა შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოებამ ამ სისტემას?

ხელისუფლება ყოველთვის იყენებს გარკვეულ ბერკეტებს იმისთვის, რომ სამოქალაქო აქტივისტები დააშინოს ან პროცესიდან გარიყოს და ერთ-ერთი მძიმე ფორმა სწორედ ეს მატერიალური კანონისმიერი ბერკეტია. მაგრამ თუ ქუჩაში იქნება ბევრი ადამიანი, ხელისუფლება ვეღარ გამოიყენებს ამ ბერკეტს.

მაშინ ლუკაშენკოს რეჟიმი უნდა იყოს და თვითონ ლუკაშენკოსაც პრობლემა ჰქონდა, რომ არ დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახური, ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მაინც არ არის.

ასობით ადამიანს ხომ ვერ დაიჭერს და წარადგენს სასამართლოზე. რაც უფრო მეტი ხალხია გარეთ, მით უფრო ადვილად ინგრევა სისტემა.

  • რა არის ის საკითხები, რომელთა გადასაჭრელადაც საზოგადოებამ არ უნდა გადადოს აქტივიზმი?

აჭარაშიც და სხვა რეგიონებშიც ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. ხალხს იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ წესიერად იკვებოს, განათლება მიიღოს და ასე შემდეგ, მასლოუს პირამიდის ქვედა საფეხურზე ვართ ჯერ კიდევ, მაგრამ მანამ, სანამ ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებს ქვეშ ვართ, მსგავსი პრობლემები ვერ მოგვარდება.

შეიძლება ერთ სოფელში ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ რაღაც გააკეთონ, მაგრამ მთლიანობაში, ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პროცესები და დემოკრატიულ პროცესებს უნდა მიეცეს ბიძგი.

ჩვენი მთავარი მიზანია ცვლილებები, მათ შორის, ცვლილებები ხელისუფლების, რადგან, ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ უკვე გადააბიჯა იმ მორალურ ზღვარს, რომლის შემდეგადაც უკან ვეღარ დაბრუნდები.

საზოგადოების მიზანი არის ის, რომ დემოკრატიულ რელსებს დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყანა, გქვონდეს ეკონომიკური კეთილდღეობა, რომ ყველა ადამიანს გვქონდეს ღირსეული და ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს ავტორიტარული და პატრონყმული რეჟიმია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: