მთავარი,სიახლეები

„ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული“ – ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლებზე

07.12.2022
„ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული“ – ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლებზე

დღეს, 7 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებულ კითხვებს ისევ უპასუხა. მისი თქმით, ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მისი ბოლო განცხადება საზოგადოებამ არასწორად გაიგო.

„ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული იმიტომ, რომ თქვენ (ჟურნალისტებმა) მოახდინეთ ინტერპრეტირება არასწორად, რომ თითქოს მე, ყველა იმ ადამიანზე, ვინც უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს დიდი სიცრუეა.

მე ვთქვი, რომ უნდა გაიმიჯნოს კონკრეტული გვარები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან. არიან ასეთებიც, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, რომლებიც თავიანთი სულისკვეთებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მათზე არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი ომის პარტიის მიერ.

ასეთია, მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის მხარდამჭერი, მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში, ამბობს, რომ იქ (უკრაინაში) ომობს და ასე შემდეგ. იომე, მაგრამ პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან რა სტილია, არ ვიცი“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს აშშ-ის რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერზე, რომელმაც ის უკრაინაში ქართველი მებრძოლების უდიერად მოხსენიების გამო გააკრიტიკა.

„რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ღარიბაშვილმა დღეს ოპოზიციაც გააკრიტიკა და მას რადიკალური, დეგრადირებული და ამორალური უწოდა.

„ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა“, – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: