„ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლო“, „ციხე-ქალაქი“, „გმირების ქალაქი“ – ბოლო კვირებია სწორედ ასე მოიხსენიებენ სოციალურ ქსელებში ბახმუტს, ერთ დროს 70-ათასიან ქალაქს, რომელსაც ახლა თითქმის ყველა მხრიდან უტევს რუსეთის ჯარი.
ბახმუტზე რუსეთის არმია ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში, სევეროდენცკისა და ლისიჩანსკის აღების შემდეგ გადაერთო.
დასავლელი ანალიტიკოსებიცა და უკრაინელი ჩინოვნიკებიც ამბობენ, რომ რუსეთი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს.
რა ხდება ბახმუტში, საიდან და როგორ უტევს რუსეთის არმია, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ეს ქალაქი რუსებისთვის და დიდი მსხვერპლის მიუხედავად, რატომ არ თმობს მას უკრაინა.
ამის ახსნას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ თავისი კორესპონდენტებისა და ბახმუტის დასაცავად მებრძოლი სამხედროების დახმარებით ცდილობს.
რა ხდება ბახმუტის მიმართულებაზე
აგვისტოს დასაწყისში ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ მისი აზრით, რუსები ნამდვილად არ აპირებდნენ ბახმუტზე პირდაპირ შეტევას – ისინი გეგმავდნენ, ქალაქისთვის შორიდან მოევლოთ და ის ოპერატიულ ალყაში მოექციათ.
ასეთი მანევრის ჩრდილოეთ საზღვარი სოლედართან უნდა გასულიყო, სამხრეთისა კი – ზაიცევოსა და ოპიტნესთან.
ახლა, დეკემბრის დასაწყისში, ნათელია, რომ ეს გეგმა არ შეცვლილა. რუსები სოლედარის აღებას ცდილობენ, ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფლებიდან მიიწევენ წინ და ამავდროულად ქალაქის აღმოსავლეთ საზღვრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უტევენ.
ბახმუტზე შეტევა ერთდროულად სამი მიმართულებიდან მიდის და ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთი ტაქტიკურ წარმატებასაც აღწევს.
- სოლედარი – ბახმუტის მიმართულების ჩრდილოეთ საზღვარი
სოლედარი ევროპაში მარილის უმსხვილესი მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო „არტემსოლითაა“ ცნობილი. შეტევების მიუხედავად, ქალაქი ჯერჯერობით რუსებისთვის მიუწვდომელ მიზნად რჩება.
პირველი – იქ ბევრი და კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციაა. მეორე – სოლედარი სიმაღლეა. მესამე – სოლედარში უკრაინას საკმაოდ ძლიერი ბრიგადები ჰყავს, მათ შორის ლეგენდარული 93-ე ბრიგადა „ხოლოდნი იარი“.
ზაფხულის შემდეგ რუსებმა სოლედართან დაკავშირებით პრაქტიკულად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. სამხედროები, რომლებიც ქალაქს იცავენ და რომლებსაც „უკრაინსკა პრავდა“ ელაპარაკა, ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე სოლედარის აღმოსავლეთ კიდესთან დგას, КНАУФ-ის სამშენებლო მასალების ქარხანასთან, რომელიც მათ ჯერ კიდევ ზაფხულში დაიკავეს.
„მათ თუ რამე წინსვლა აქვთ, მხოლოდ მინიმალური, ტაქტიკური. სტრატეგიული უპირატესობა ჩვენია. ცოტა შემოიწევენ – გავყრით, შემოიწევენ – გავყრით და ასე,“ – ეუბნება გამოცემას 93-ე ბრიგადის სამხედრო.
რუსეთის არმია გამუდმებით და ქაოსურად ბომბავს სოლედარს, რომლის აღებაც დღემდე ვერ მოახერხა.
ერთ დროს 10-ათასიან ქალაქში, უდიდესი რისკის მიუხედავად, რამდენიმე ასეული მცხოვრები მაინც რჩება.
- ზაბახმუტკა – ბახმუტის განაპირა რაიონი, ბახმუტის მიმართულების აღმოსავლეთ საზღვარი
ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც რუსები ყველაზე ახლოს მივიდნენ ქალაქ ბახმუტთან.
ყველა სამხედრო, ვინც ბახმუტის მიმართულებაზე იბრძვის, „უკრაინსკა პრავდას“ უდასტურებს, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები.
ზაბახმუტკის რაიონი გარკვეულწილად გამოყოფილია ქალაქის ძირითადი ნაწილისგან და მდინარე ბახმუტკის გადაღმა მდებარეობს. მდინარეზე არსებული მთავარი ხიდი რუსებმა 22 სექტემბერს დაანგრიეს, რამაც ძალიან გაართულა ლოგისტიკა როგორც უკრაინელი სამხედროებისთვის, ისე ზაბახმუტკაში დარჩენილი მოქალაქეებისთვის.
- კუდრიუმოვკა-მაიორსკი (საორიენტაციო სოფლები) – ბახმუტის მიმართულების სამხრეთ საზღვარი
სწორედ ამ ნაწილში აქვთ ახლა რუსებს შედარებით მეტი წარმატება.
სექტემბრიდან მათ დაიკავეს კოდემა, ოდრადოვკა, ზაიცევო და სხვა სოფლები.
სამხედროების თქმით, ბახმუტთან ახლოს მდებარე ოპიტნე ნაწილობრივ უკრაინელთა კონტროლქვეშაა.
ყველაზე მძიმე ბრძოლები ახლა კურდიუმოვკის, ზელენოპოლიესა და ანდრეევკის სიმაღლეებისთვის მიდის. რუსები ყველა ფლანგიდან უტევენ.
„კურდიუმოვკის ზემოთ მათ დიდი წინააღმდეგობა დახვდებათ, სივერსკი დონეც-დონბასის არხი, იმას ნამდვილად ვეღარ გადალახავენ. თუმცა თითოეული ბუჩქისთვის ვიბრძვით, რადგან შეიძლება ახლა რამდენიმე სოფლის დაკარგვა საშინელება არ იყოს, ჩვენ მათ დავიბრუნებთ საბოლოო ჯამში, მაგრამ ადამიანებს, ადამიანებს ვეღარ დავიბრუნებთ,“ – ამბობს ბატალიონის მეთაური პეტრო კუზიკი, რომელიც ბახმუტის სამხრეთ მიმართულებაზე იბრძვის.
არტილერიის, საბრძოლო შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის შეფარდება ბახმუტის მიმართულებაზე რუსების სასარგებლოდაა.
რუსეთის არმია ცდილობს, მცირე წინსვლას მაინც მიაღწიოს და თუნდაც ნელა, მაგრამ საბოლოოდ გავიდეს ბახმუტ-კონსტანტინოვკის მაგისტრალზე (Т0504) ჩასივ-იარამდე – ბახმუტის დაცვისთვის მნიშვნელოვან სიმაღლემდე.
რატომ იხოცებიან რუსები ბახმუტისთვის
„ბახმუტის ბრძოლების ისტორია – ეს კონკრეტულად სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ისტორიაა. „ვაგნერმა“ გადაწყვიტა, დაუმტკიცოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათ მეტი შეუძლიათ, უფრო კარგად მომზადებულები არიან, ვიდრე რუსეთის რეგულარული არმია. აგერ, მათ ხერსონიდან დაიხიეს, ჩვენ კი აქ ვდგავართ,“ – უხსნის „უკრაინსკა პრავდას“ ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების მე-4 ბრიგადის სამხედრო, კრისტინა კუდრიავა, რომელიც ახლა სწორედ ბახმუტის მიმართულებაზეა.
კრისტინას მონაკვეთზე „ვაგნერელები“ ორ ჯგუფად იყოფიან – გაწვრთნილები და ყოფილი პატიმრები. პირველი ჯგუფი მეთაურობაშია. ისინი ხარისხიანად, ზუსტად გეგმავენ ოპერაციებს, კარგად აკვირდებიან საკუთარი ჯარისკაცების გადაადგილებას, იყენებენ დაშიფრულ კავშირებს. მეორე ნაწილს ფრონტზე ორ-სამკვირიანი ზერელე მომზადების შემდეგ უშვებენ და საზარბაზნე ხორცად იყენებენ.
„ერთმა ტყვე „ვაგნერელმა“ გვითხრა: აგერ, თქვენ დღეს ორმოცდაათი კაცი მოკალით, საღამოსვე მოიყვანეს ამდენივე შემცვლელად. ასს მოკლავთ – ასს მოიყვანენ,“ – ჰყვება პეტრო კუზიკი.
„ისინი ცდილობენ ჩვენს პოზიციებთან რაც შეიძლება ახლოს მოვიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნან ცეცხლი. ვერ ვიტყვი, რომ „ვაგნერი“ ღირსეული მოწინააღმდეგეა, მაგრამ მათთან ბრძოლა ნამდვილად რთულია,“ – დასძენს კრისტინა კურდიავა.
გარდა იმისა, რომ ბახმუტი „ვაგნერისთვის“ და კრემლისთვისაც ერთგვარი პიარკამპანიაა, ბახმუტს რუსეთისთვის სრულიად პრაქტიკული გამოყენებაც ექნება. მისი დაკავება რუსეთს ნაწილობრივ გაუხსნის გზას სხვა მიმართულებებისკენ და საშუალებას მისცემს ზამთარში, ყინვის დროს, ქალაქში განალაგოს თავისი არმიის დაახლოებით ორი დივიზია.
რატომ არ თმობს უკრაინის არმია ბახმუტს
არც გენშტაბი და არც პრეზიდენტის ოფისი არ ასახელებენ ომში უკრაინელთა დანაკარგებს, მათ შორის, არც ბახმუტის მიმართულებაზე.
თუმცა სამხედროებთან რეგულარული საუბრის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ბახმუტის დაცვა უკრაინის არმიას ძალიან ძვირი უჯდება.
მაგალითად, ბახმუტის სამხრეთი საზღვრების დასაცავად ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთ დანაყოფს თავისი 93 ბრძოლისუნარიანი სამხედროდან მხოლოდ 7 დარჩა. უმრავლესობამ საშუალო სიმძიმის კონტუზია ან სხვა ტიპის დაზიანება მიიღო.
რატომაა ეს ქალაქი ასე მნიშვნელოვანი?
პირველი მიზეზი ნათელია: ის უკრაინული ქალაქია.
მეორე: ბახმუტზე გადის ორი მნიშვნელოვანი მაგისტრალი – კონსტანტინოვკისა და სივერსკის, რომლებზეც რამდენიმე დღის წინ თავის ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც წერდა.
სივერსკის მაგისტრალიდან იხსნება გზა კრამატორკისა და სლოვიანსკისკენ, რომლების სრულად დაკავება რუსებმა 2014 წელს ვერ შეძლეს.
მესამე და ყველაზე მთავარი: როგორც სამხედროები განმარტავენ, ბახმუტის ბრძოლების არსი არამხოლოდ ქალაქის დაცვა, არამედ მტრის შეკავება და მისი საერთო ბრძოლისუნარიანობის შესუსტებაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – უკრაინა ბახმუტის მიმართულებაზე უნდა იდგეს ტიტანურად და მტრის რაც შეიძლება მეტი ძალა გაატაროს საკეპ მანქანაში.
***
შეძლებს კი რუსეთის არმია ბახმუტის ალყაში მოქცევას?
ასეთი პერსპექტივა ჯერჯერობით ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ რუსები მიზნების მისაღწევად არავის და არაფერს ინდობენ.
ბახმუტის სამხრეთით რუსი სამხედროების წარმატების მიუხედავად, უკრაინის არმია უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებს რუსეთის შეტევის შეკავებას და აკონტროლებს კრიტიკულად მნიშვნელოვან მაგისტრალებს, რომლებიც შესაძლოა მთავარი უკან დასახევი გზები იყოს.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის არმიამ უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა მოახერხა, მარიუპოლი იყო.
„ალბათ, რუსეთი თავის შეტევით პოტენციალს ამ მიმართულებაზე ვერ ამოწურავს. სავარაუდოდ, ვერც ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ჩვენი ძალებით მათ აქედან განდევნას“, – უპასუხა ამ ტექსტის ერთ-ერთმა რესპონდენტმა კითხვას „რა იქნება შემდეგ“, – „ჩვენ გადაგვარჩენს მხოლოდ საბრძოლო საწყობების აფეთქება, ლოგისტიკის გზების დანაღმვა და დასავლეთის შეიარაღება“.
ავტორი: ოლგა კირილენკო
თარგმნა: თამარ რუხაძემ