მთავარი,სიახლეები

სკოლა 29 მოსწავლით

08.12.2022 • 1521
სკოლა 29 მოსწავლით

მას შემდეგ, რაც ახალდაბის საჯარო სკოლაში ბოლო გაკვეთილის დამთავრების მაუწყებელი ზარი დაირეკა, მეექვსე კლასის საკლასო ოთახის ინტერიერი შეიცვალა. კლასი, სადაც 4 მერხი იდგა, დებატკლუბის სივრცედ იქცა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მალვინა ზოიძეს, კლასში თეთრი დაფა შემოაქვს, სკოლის ბიბლიოთეკარს, ნარგიზ ქათამაძეს – ლეპტოპი და პროექტორი. დაფას კედელზე ამაგრებენ, ცდილობენ პროექტორი გაასწრონ. ამასობაში პატარა ოთახი ბავშვებით ივსება. სხვადასხვა ასაკის ბავშვები დებატკლუბში სადებატოდ შეიკრიბნენ.

ახალდაბის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 29 ბავშვი სწავლობს. სკოლა პატარაა და საკლასო ოთახების გარდა არც ერთი დამატებითი ოთახი არ არის, სადაც ბავშვები საგაკვეთილო პროცესს მიღმა დროს გაატარებენ.

სოფლად მცხოვრები ბავშვების პრობლემებზე საუბრისას მალვინა ზოიძე პირველ რიგში საკმარისი სივრცის  არარსებობას ასახელებს.

„სკოლაში საგაკვეთილო პროცესის გარდა დამატებით აქტივობებსაც ვატარებთ. არის კლუბები, სხვადასხვა პროექტი, მაგრამ გვაქვს პრობლემა – არ არის დამატებითი სივრცე, სადაც ამ აქტივობებს განვახორციელებთ. ამიტომაც იძულებულნი ვართ, ასეთი სივრცეები მოვიწყოთ ჩვენ თვითონ.

სხვადასხვა საკლასო ოთახს ვირჩევთ დებატების მოსაწყობად. სტანდარტულ საკლასო ოთახს უცებ გადავაქცევთ ხოლმე დებატკლუბად. კლუბში მყავს მეხუთე-მეთორმეტე კლასი გაერთიანებული. ესეც იმიტომ, რომ სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი. მხოლოდ მეშვიდე-მეთორმეტე კლასით არ გროვდებოდა საკმარისი ოდენობა.

თავიდან მეშინოდა ასეთი ჯგუფის შექმნის, მაგრამ ორი-სამი დებატის ჩატარების მერე მივხვდი, რომ არაფერი არ იყო საშიში. ბავშვები იმდენად აქტიურები და მოაზროვნეები აღმოჩნდნენ. პირიქით, მიხარია, რომ ეს იდეა განვახორციელე,“ – გვიხსნის მალვინა ზოიძე.

ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე ამბობს, რომ სკოლაში ფართის პრობლემა 2023 წელს გადაწყდება.

„რა თქმა უნდა სივრცე პრობლემური იყო, მაგრამ აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესყიდულია პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს 2023 წლისთვის სკოლას მიუშენდეს დამატებითი ფართი”, – ამბობს თემურ დავითაძე.

ახალდაბის საჯარო სკოლას არ აქვს სასპორტო დარბაზი, ხოლო ფეხბურთის მოედანს ახლა არემონტებენ.

სკოლის დირექტორის თქმით, მართალია სკოლას სპორტდარბაზი არ აქვს, მაგრამ ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული.

„მოქმედებს სპორტული წრეები, გვაქვს მუსიკის წრე, ნორჩ შემოქმედთა წრე და ხელსაქმეთა წრე. ასევე გვაქვს მხატვრული წრე,“- ამბობს თემურ დავითაძე.

ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი დავითაძე ამბობს, რომ სკოლაში არის ქართულის, გეოგრაფიის, მათემატიკის კლუბები, მაგრამ არ არის ადგილი, სადაც ამ კლუბებში გაერთიანებული მოსწავლეები შეიკრიბებიან. ამიტომ ხან რომელ კლასში უწევთ ოთახის გადაკეთება და ხან რომელში.

„სკოლაში არაა  ცეკვის წრე. თუ ვინმეს ცეკვის სწავლა სურს, შუახევში უნდა წავიდეს. მაგრამ შუახევში რომ წახვიდე, აქ ტრანსპორტის პრობლემა იჩენს თავს. ამიტომ ვერ ახერხებენ ბავშვები იქ სიარულს,“ – გვიხსნის ლიზა.

ნარგიზ ქათამაძე

სკოლას ბიბლიოთეკის საკითხიც მოსაგვარებელი აქვს. წლების განმავლობაში ბიბლიოთეკა სოფლის გამგეობის შენობაში იყო განთავსებული, მაგრამ ახლა რემონტის გამო შენობის დატოვება მოუწიათ.

„შემოსასვლელში, პირველ სართულზე, კიბის ქვეშ თეთრი ტომრები დაინახეთ? წიგნებია მაგ ტომრებში,“ – გვეუბნება ნარგიზ ქათამაძე, ახალდაბის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი და იმ ოთახის კარს გვიღებს, სადაც წიგნები დროებითაა შენახული.

იმის გამო, რომ სკოლაში საკმარისი ადგილი არ არის, ბიბლიოთეკა ერთ პატარა ოთახშია განთავსებული, სადაც წიგნები არ ეტევა. ამიტომ წიგნადი ფონდის დიდი ნაწილი ისევ ტომრებშია ჩაწყობილი.

„სასკოლო სახელმძღვანელოები იატაკზე გვიწყვია, რომ გავცეთ კლასების მიხედვით. ახალი წიგნები დავალაგეთ მხოლოდ თაროებზე“, – ამბობს ნარგიზ ქათამაძე.

სკოლის დირექტორის თქმით, მას შემდეგ რაც რემონტი დასრულდება, ბიბლიოთეკა ახალგარემონტებულ შენობაში გადავა. მანამდე კი წიგნები სკოლაში გადმოიტანეს.

„ბიბლიოთეკა სოფლის სახლში იყო განთავსებული, რომლის რემონტიც მიმდინარეობს. რემონტი მალე დასრულდება, მის დასრულებამდე წიგნადი ფონდი გადმოვიტანეთ საკლასო ოთახში და ხდება მისი მიზნობრივი გამოყენება. მადლობა უნდა ვუთხრა აჭარის განათლების სამინისტროს, რომელმაც გასულ წელს გადმოგვცა 4500 ლარის ღირებულების უნიკალური  წიგნადი ფონდი. ასე რომ ბავშვებს ყველანაირი საშუალება აქვს იმისათვის, რომ მათთვის სასურველი მხატვრული ლიტერატურა მიიღონ,“ – ამბობს თემურ დავითაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: