მთავარი,სიახლეები

წლის „ევროპელი“ და წლის „ლუზერი“ – ზელენსკი და პუტინი Politico-ს რეიტინგში

08.12.2022
წლის „ევროპელი“ და წლის „ლუზერი“ – ზელენსკი და პუტინი Politico-ს რეიტინგში

გამოცემა Politico აქვეყნებს თავის ყოველწლიურ რეიტინგს, რომლის სათავეშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია – გამოცემის აზრით, 2022 წელს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანი.

„ევროპა იცვლება. იმის გაგებაც – რას ნიშნავს იყო ევროპელი. და ეს დიდწილად იმ უკრაინელი კომიკოსის დამსახურებაა, რომელიც პრეზიდენტი გახდა,“ – ამ სიტყვებით იწყებს Politico უკრაინის პრეზიდენტზე ტექსტს, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – „ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპელი“.

გამოცემა იხსენებს, რომ წელს პირველად არ დასხმია რუსეთი უკრაინას თავს, იხსენებს 2004 წელს, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომ პერიოდს, 2014 წლის ღირსების რევოლუციას და დასძენს, რომ ამ უკანასკნელ თავდასხმამდე ევროპას ბევრი არაფერი გაუკეთებია.

„მიზეზი, რატომაც ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ვოლოდიმირ ზელენსკია, ფიგურა, რომელსაც ევროპა არა მხოლოდ ენდობა, არამედ აღფრთოვანებულია მისით. უბრალოდ შეხედეთ, ევროპელი ლიდერები როგორ გარბიან კიევში, რათა ფოტო გადაიღონ 44 წლის დიდებულ კაცთან, უკვე კულტად ქცეულ მწვანე ზეთისხილისფერ მაისურში,“ – წერს Politico.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სწორედ ზელენსკიმ დაარწმუნა ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინას უკავშირდება. ზელენსკიმ „აიძულა ევროპა, გაეკეთებინა ის, რაც მას სურდა“.

Politico აღნიშნავს, რომ კონტინენტის ყველაზე გავლენიანი ადამიანის გარდა სია სამ ნაწილად იყოფა – მოღვაწეები, მეოცნებები და დამანგრევლები – თითოეული ძალაუფლების განსხვავებულ და თავისებურ ტიპს წარმოადგენს.

რეიტინგში მოხვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, როგორც წლის „ლუზერი“ (ხელმოცარული ადამიანი) – მის შესახებ ტექსტი ამ სიტყვებით იწყება: „პუტინის ოცნებას დიად რუსეთზე ახდენა არ უწერია“.

რეიტინგში შედიან უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთის პრემიერი სანნა მარინი და ევროპის სხვა ლიდერები.

Politico დასძენს, რომ რეიტინგი შედგა „გავლენიანი ადამიანების მოსაზრებებზე, ექსპერტთა ცოდნასა და ჟურნალისტების შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: