მთავარი,სიახლეები

რუსეთი თავდაცვით ნაგებობებს აშენებს უკრაინის საზღვარზე – ბრიტანეთის დაზვერვა

07.12.2022
რუსეთი თავდაცვით ნაგებობებს აშენებს უკრაინის საზღვარზე – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი თავდაცვით პოზიციებს ქმნის უკრაინასთან საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ და ბელგოროდის ოლქის სიღრმეში.

„6 დეკემბერს ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქი ადგილობრივი თავდაცვითი დანაყოფების ფორმირებას იწყებს.

ბელგოროდში ტრანშეების თხრის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილიდან ჩნდებოდა, თუმცა ახლანდელი თავდაცვითი კონსტრუქციები გაცილებით უფრო რთული სისტემებია და განკუთვნილია მექანიზებული თავდასხმის შესაკავებლად,“ – წერს უწყება 7 დეკემბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, თავდაცვისთვის მზადებით, რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, მოსახლეობაში პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ცდილობდეს.

„თუმცა, ეს ასევე მიუთითებს რუსეთის გადაწყვეტილების მიმღებთა ერთი შეხედვით ნამდვილ, მაგრამ რეალურად ყალბ რწმენაზე, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთში შეჭრის საფრთხე რეალურია,“ – აღნიშნავს დაზვერვა და დასძენს, რომ სტრატეგიული შეფასების სიმწირე რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისუსტეა – „და ამას ადასტურებს რუსეთის თავდაპირველი გადაწყვეტილებაც, შეჭრილიყო უკრაინაში. მიუკერძოებელ ანალიზს, სავარაუდოდ, ძალიან ხშირად ჯაბნის კოლექტიური აზროვნების ტენდენცია და პოლიტიკურად მომგებიანი გადაწყვეტილებები“.

კრემლის პროპაგანდამ რუსეთში, კერძოდ ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეჭრის საფრთხეზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო. ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ აწყობენ რუსები საფორტიფიკაციო ნაგებობებს უკრაინის საზღვართან.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 23 ნოემბერს წერდა, რომ ამ პროპაგანდითა და ქმედებებით, შესაძლოა, კრემლი ბელგოროდის ოლქზე ე.წ. False-Flag თავდასხმისთვის საინფორმაციო წინაპირობებს ქმნიდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: