მთავარი,სიახლეები

„ექიმთანაც ვერ მივდივართ“ – როგორ ცხოვრობენ ბრალდებულები, რომლებსაც პირადობას ართმევენ

07.12.2022 • 1294
„ექიმთანაც ვერ მივდივართ“ – როგორ ცხოვრობენ ბრალდებულები, რომლებსაც პირადობას ართმევენ

„თითქმის 2 წელი ვიცხოვრე პირადობის გარეშე, ხელფეხშეკრული გამოდიხარ პრაქტიკულად,“ – გვიყვება გიორგი თურაზაშვილი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გირაოთი გათავისუფლების დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობა პროკურატურაში დაატოვებინეს.

ბრალდებულებს შორის ბევრია ანალოგიური პრობლემის პირისპირ.

ადამიანები ზოგჯერ წლობით ცხოვრობენ პირადობის მოწმობის გარეშე, რადგან არასაპატიმრო საქმეები მოსამართლეებმა წესით 2 წელში კი უნდა განიხილონ, თუმცა ხშირად ეს ვადები ირღვევა.

რეალობაში ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ყველაზე მძიმე სიტუაციაში, ადამიანს კლინიკაში სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნებიან.

პირადობის გარეშე დარჩენილი ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე რთული და მტკივნეული ეს კითხვა გახდა: „თქვენს პირადობას მომაწვდით?“

  • სამი ბრალდებულის ამბავი, რომლებსაც პირადობა ჩამოართვეს

„ყველაზე რთულად ეს მახსენდება, როცა სესხის აღება გადავწყვიტე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. მაძლევდნენ სესხს და მერე პირადობაზე მიდგა საქმე,“ – გვიყვება გიორგი თურაზაშვილი. საბოლოოდ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. გიორგის პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.

„ოჯახი რომ არ დამდგომოდა გვერდით, არ ვიცი, რა უნდა მექნა, მშიერი დავრჩებოდი,“ – პირადობის გარეშე გატარებული ორი წლის გახსენებაზე საუბარი უჭირს გიორგი თურაზაშვილს. – „ქალაქიდან გასვლაც პრობლემა იყო, რადგან კვირაში ორჯერ გამომძიებელთან უნდა მივსულიყავი, სოფელი მაქვს თბილისიდან მოშორებით და ვერც იქ მივდიოდი.

პირადობის გარეშე სად უნდა მემუშავა? რაღაც ისე თუ გამოჩნდებოდა პერიოდულად, ეგ იყო… საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლეს ვთხოვეთ და დამიბრუნა პირადობა,“ – აღნიშნა გიორგი თურაზაშვილმა „ბათუმელებთან“.

თითქმის ორი წელია პირადობის გარეშე ცხოვრობს ბათუმელი ლეონიდე მიქაბერიძეც. იგი ყოფილი პატიმარია, თუმცა ციხიდან გამოსვლამდე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. მოსამართლემ უკვე ბრალდებულის სტატუსის მქონე ლეონიდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მას ასევე ჩამოართვეს პირადობის მოწმობა.

„კლინიკაში, იუსტიციაში, სამსახურში, ყველგან გპასუხობენ, რომ ვერ დაგეხმარებიან.

წარმოიდგინეთ, ყველაფერი როგორ უცებ ქრება, როცა გეკითხებიან: თქვენი პირადობა?!“

ლეონიდე მიქაბერიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის თებერვალში ჩამოართვა პირადობის მოწმობა დამატებითი ვალდებულების სახით.

„კლინიკებია ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა, როცა ჯანმრთელობის პრობლემა გაწუხებს. კლინიკებში გეუბნებიან, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია პირადობა,“ – გვიყვება ლეონიდე მიქაბერიძე, – „ერთ ასეთ შემთხვევაში მირჩიეს, რომ იმ კლინიკაში მივსულიყავი, სადაც მანამდე ჰქონდათ ჩემი ისტორია. ასეც მოვიქეცი და გაამართლა, თუმცა სხვა შემთხვევაში შეიძლება უარი მითხრან, ან რა უნდა მექნა, სადმე ჩემი ისტორია რომ არ ყოფილიყო?

ექიმებს აქვთ ვალდებულება, რომ ნებისმიერი პაციენტი მიიღონ, ამავდროულად კი, რეგისტრაციის გავლაა საჭირო. გამოდის, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში რჩები, ეს არის ირიბი დისკრიმინაცია, – მიიჩნევს ყოფილი პატიმარი. ის ციხეში ყოფნის დროს განსაკუთრებით დაინტერესდა სამართლით, რამდენიმე სასამართლო პროცესი მოუგო იუსტიციის სამინისტროს და ამჯერად პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

ლეონიდე მიქაბერიძე

„სხვა პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, მოსამართლე როგორ ადგენს ბრალდებულის ვინაობას?“ – ეს კითხვა ყოფილ პატიმარს მოსამართლეებთან აქვს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდებულები, რომლებსაც პასპორტი, ასევე პირადობის მოწმობა ჩამორთმეული აქვთ, სასამართლო სხდომებსაც კი პირადობის გარეშე ესწრებიან.

„ამ დროს დასაქმებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: საჯარო სექტორია, თუ კერძო, პირველ რიგში, პირადობას გთხოვენ.

თუ მიზანია ის, რომ საზღვარი არ გადაკვეთოს და არ მიიმალოს ბრალდებული, ეს ინფორმაცია ხომ ისედაც აქვთ საზღვარზე? ამას წინათ, ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლეს არ უშვებდნენ საზღვარზე. როგორც ჩანს, ისიც მონიშნული იყო საზღვრის ბაზებში…

იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთმა ბრალდებულმა იუსტიციას უთხრა, რომ პირადობა დაეკარგა და ახალი პირადობა დაუმზადეს, საღამოს კი, სახლში დაადგნენ, მიმალვას აპირებდიო.

ეს საკითხი პარლამენტსა და ხელისუფლებაში სულ არ ანაღვლებთ. ისე უყრიან საკითხებს კენჭს, რომ უმრავლესობას და უმცირესობასაც ხშირად წარმოდგენა არ აქვს, რას უჭერს მხარს. სხვანაირად როგორ ავხსნა, რაში სჭირდებათ ეს?“ – კითხულობს ლეონიდე მიქაბერიძე.

„დაახლოებით 4 თვეა პირადობის გარეშე ვცხოვრობ, პასპორტი ისედაც არ მქონდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კიდევ ერთი ბრალდებული ზ.გ. მას ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას არ გამორიცხავს და მიაჩნია, რომ ღიად პოზიციის დაფიქსირებამ შესაძლოა, მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაართულოს.

„მე თვითონ დავთანხმდი პირადობის დატოვებას, პატიმრობას ყველაფერი ჯობია… პროკურორი ითხოვდა პატიმრობას. როგორც მითხრეს, ესენი სულ პატიმრობას ითხოვენ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი პრობლემაა, დასაქმებით ისედაც ხელოსნად ვმუშაობ და პირადობა არ მჭირდება, მაგრამ კლინიკაშიც რომ ვიყავი, ვინც მახლდა, იმ პირზე გააფორმეს მომსახურება. ბანკში რაღაცის შეცვლა რომ გინდა, სესხია, მაგალითად, ჩემს სახელზე, ვერაფერს შეცვლი.

სასამართლოში როცა მივდივარ, მანდატურს ვეუბნები, რომ პირადობა ჩამორთმეული მაქვს. ის ურეკავს თანაშემწეს და ასე შევდივარ პროცესზე. მოსამართლე ალბათ ძველ დოკუმენტაციაში ნახულობს ჩემს ფოტოს და ადარებს, არ ვიცი. ჩემი პირადობა კი, გამომძიებელს აქვს შენახული, როგორც ვიცი.

თითქოს საზღვარი არ გადაკვეთონო, ამიტომ აკეთებენ, ვიცი, მაგრამ შეიძლება ბაზებში ამ მონაცემების შეყვანა, რომ საზღვრის კვეთის უფლება არ მქონდეს,“ – მიიჩნევს ბრალდებული.

  • რა გამოსავალს ხედავენ უფლებადამცველები? 

უფლებადამცველების აზრით, ამ პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სასამართლო პრაქტიკის შეცვლა, როცა მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება ბრალდებულისთვის პირადობის ჩამორთმევას, როცა მიმალვის რისკი მართლაც მაღალია.

მეორე გზა კი, ახალი სამართლებრივი რეგულირებაა – დროებითი დოკუმენტის გაცემა, რომლითაც ბრალდებული ნებისმიერ სერვისს მიიღებს, მაგრამ საზღვარს ვერ გადაკვეთს. მას არც არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნება.

იურისტები განმარტავენ, რომ როცა მოსამართლე ბრალდებულის პირადობას, ან პასპორტს ატოვებინებს, მართლმსაჯულების მიზანია ბრალდებული არსად მიიმალოს და არა ის, რომ ბრალდებულს კლინიკამაც კარი გამოუხუროს, როცა იქ ჯანმრთელობის პრობლემით მიდის.

სასამართლო პრაქტიკის ცვლილების მომხრეა, მაგალითად, იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“.

„სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საკითხი და ზედმეტი, არასაჭირო, არაგონივრული შეზღუდვა არ უნდა დაუშვას“, – ამბობს ის და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ლეგიტიმური მიზანი ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ მიმალვის საფრთხის ნიველირება შეიძლება არ იყოს.

არჩილ ჩოფიკაშვილი

„რისკი შესაძლოა იყოს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეც,“ – იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი თავის დაკვირვებას გვიზიარებს და ერთგვარ გამოსავალზეც საუბრობს.

„დამატებით ღონისძიებებში არსებობს სხვა ალტერნატივაც, მაგალითად, ელექტრონული მონიტორინგი, პოლიციაში პერიოდული გამოძახება… კანონი იძლევა საშუალებას, რომ თუ ეს არაა განსაკუთრებული შემთხვევა და არ ეხება ძალადობას, სასამართლომ გამოიყენოს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. სამწუხაროდ, სასამართლო ისე ეფექტურად არ იყენებს ამ მექანიზმს, როგორც ეს საჭიროა,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღეს მოქმედები კანონმდებლობით, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება არის დამატებითი ღონისძიება აღკვეთ ღონისძიებასთან, მაგალითად, გირაოსთან ერთად.

ბათუმელი ადვოკატის, მზია ზოიძის დაკვირვებით კი, სასამართლო ძირითადად იმ ბრალდებულების შემთხვევაში იყენებს პასპორტის ჩამორთმევის პრაქტიკას, როცა ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„მიმდინარე საქმეებიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა მაქვს, როცა ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა, ძარცვას ედავებიან და მე მოვითხოვე პირადობის ჩაბარებაც, რადგან ამ შემთხვევაშიც პროკურორი ითხოვდა პატიმრობას. მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ამიტომაც დავაყენე ეს შუამდგომლობა, დიდ იყო პატიმრობის გამოყენების რისკი.

მქონია შემთხვევაც, როცა პირადობა ჩამორთმეული ჰქონდა ბრალდებულს და შემდეგ გამართლდა,“ – გვითხრა მზია ზოიძემ. მისი თქმით, სხვა ადვოკატებიც ამ სტრატეგიით მოქმედებენ: როცა ხედავენ, რომ ბრალდებული შესაძლოა მოსამართლემ დააპატიმროს, მოსამართლეს გირაოსთან ერთად სთავაზობენ პირადობის ჩაბარებასაც.

„აღკვეთ ღონისძიებებში პატიმრობა და გირაო გამოიყენება ყველაზე ხშირად, პრაქტიკა ასეთია. მაგალითად, პირადი თავდებობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება, მე ბოლო 15 წელი პრაქტიკაში არ მქონია. არ კმაყოფილდება და ამიტომ საერთოდ აღარ ვაყენებთ ამ შუამდგომლობას,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე.

„ეს საკითხი დასარეგულირებელია და არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა,“ – მიიჩნევს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. მისი აზრით, შესამუშავებელია რეგულაცია, რა სახის დროებითი დოკუმენტი უნდა გაიცეს მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად.

„გამომძიებელმა შეიძლება გასცეს დროებითი ცნობა ისე, რომ ქვეყნის დატოვება ბრალდებულმა ვერ შეძლოს. მიზანი ესაა და არა ის, რომ, მაგალითად, ბრალდებული ვერ დასაქმდეს, ან სხვა აქტივობაში ჩართვა ვერ შეძლოს,“ – ამბობს საიას იურისტი პაატა დიასამიძე.

საია-ს ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი კი, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმიდან აქცენტს აკეთებს საინტერესო დეტალზე, სადაც ჩანს, რომ მიმალვის და საზღვრის დატოვების კონტროლი სახელმწიფოს პირადობის ჩამორთმევის გარეშეც შეუძლია.

თამარ ბოჭორიშვილი

„ჩვენი დაცვის ქვეშაა რამდენიმე ბრალდებული, რომლებსაც არ მიეცათ საზღვრის კვეთის უფლება იმის მიუხედავად, რომ მათ პირადობა და პასპორტიც ხელში აქვთ, ისინი მხოლოდ გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული. როგორც ჩანს, კონკრეტული ბაზები არსებობს და აქვთ მონაცემები ბრალდებულებზე.

პირველ რიგში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს მკაფიოდ, რამდენად არსებობს ამ სახის დამატებითი ვალდებულების საჭიროება.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პასპორტი ჩამოართვეს ბრალდებულს, რომ მას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ მისცემოდა და პირადობა დაუტოვეს, თუმცა ძირითადად ართმევენ ორივეს. სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს დამატებით ვალდებულების დაკისრება, როცა მიმალვის რისკი რელევანტურია.

დამატებით ვალდებულების გამოყენება უკიდურესი ზომის – პატიმრობის საპირწონეა ხშირად, თუმცა ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ.

როცა მიმალვის რისკები დაზღვეულია სხვა შეზღუდვით, უმჯობესია, რომ ბრალდებულს პირადობის მოწმობა მაინც არ ჩამოართვან, რომლითაც შეძლებს ადამიანი იმ სერვისების მიღებას, რაც ჩამოთვალეთ,“ – გვითხრა საია-ს ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა.

საია-ს იურისტი ადვოკატებისგანაც მეტ აქტიურობას ელის: „ნებისმიერ დროს, როცა წარმოიქმნება ახალი გარემოება, დაცვის მხარეს, როგორც ვიცით, შეუძლია შუამდგომლობით დაასაბუთოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი,“ – დასძინა თამარ ბოჭორიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: