მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მებრძოლი ღარიბაშვილზე – დასანანია, ვინც საერთო მტრის მიმართ არ ერთიანდება

06.12.2022 • 3558
უკრაინაში მებრძოლი ღარიბაშვილზე – დასანანია, ვინც საერთო მტრის მიმართ არ ერთიანდება

მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მირო ვანაძე მოხალისე გახდა. ის პურს აცხობდა და კიეველებს უფასოდ ურიგებდა. მოგვიანებით ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში.

„ბათუმელებმა“ უკრაინაში მყოფ მირო ვანაძესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩაწერა.

  • რა იყო თქვენთვის ბრძოლებში ჩართვის მთავარი მოტივაცია?

ომში წასვლის მთავარი მოტივაცია, ეს ყველა ქართველი მებრძოლისთვის და არამარტო მებრძოლისთვის, თითოეული ქართველისთვის, ვინც იმყოფება უკრაინაში და იმყოფებოდა, იღებდა მონაწილეობას უშუალოდ საომარ მოქმედებებში თუ საქველმოქმედო აქციაში, ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს, ეს არის გამარჯვება რუსულ იმპერიაზე. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, სად და ვის მხარდამხარ ებრძვი მტერს. ყველა თავისებურად იბრძვის, ყველა აკეთებს იმას, რაც ყველა ქართველმა უნდა გააკეთოს მტრის წინაშე.

  • საქართველოში ზოგიერთს არ ესმის  რისთვის იბრძვით. რას ეტყოდით საზოგადოების ამ ნაწილს?

გაიხსენონ გაგრა. გადახედონ 30 წლის წინათ რუსების მიერ ჩადენილ ქმედებებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში. უშუალოდ საქართველოს ისტორიის რუსეთის მხრიდან დამახინჯებას. ყველა გონიერ, საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ესმოდეს, რა არის დღევანდელი რუსეთი და არამარტო დღევანდელი რუსეთი. 200 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ჩვენ შორის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა. რუსეთი არის მტერი და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ყველა საქართველოს მოღალატეა.

  • დღეს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველოდან უკრაინაში მებრძოლები ომის პარტიას მიჰყავს“. თუ ნახეთ პრემიერის ეს განცხადება და თქვენი პირველი რეაქცია რა იყო?

რომელ წელს მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში? 2012 წელს ხომ? 2012 წლიდან მე და ჩემი მთელი საგვარეულო, ჯიში, ჯილაგი ვიყავით და კონკრეტულ მომენტამდე იყო სიმპათიით განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ამ პარტიის მიმართ.

მე ნამდვილად არ ვარ პოლიტიკოსი და ვემიჯნები ყოველგვარ პარტიას, არ მაინტერესებს არც ერთი პარტია. მე წარმოვადგენ საქართველოს და ქართულ ინტერესებს. ვფიქრობ, გავეცი თქვენს კითხვას პასუხი.

ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს. ვიცავთ ქართულ ინტერესებს. ალბათ, ნახეთ ის ვიდეო, გუშინ გავავრცელე სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ოპერაციიდან ვბრუნდებოდით კიევში, ვიდეოში ისმის ქართული სიმღერა „აფხაზეთი საქართველო არის“ და ჯაბა ხოფერია [ჯაბა ხოფერია პირველ დეკემბერს დაიღუპა უკრაინაში] ღიღინებს. მე ვეკითხები ვიდეოში – ჯაბა, აქედან აფხაზეთში წავალთ-მეთქი. ჯაბა მპასუხობს – „აფხაზეთი საქართველო არის“.

ჯაბა ხოფერია იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი უკრაინაში. ორი წელი ერთად ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში კიევში. ყველაზე ახლო ადამიანი იყო. ძალიან ძნელია ამაზე საუბარი. ეს ადამიანი იყო შეპყრობილი პატრიოტიზმით, ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, დიდი პატრიოტი გმირი დავკარგეთ, ისეთ ასაკში, რომ რა ვიცი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს.

ჯაბას ბიძა დაეღუპა აფხაზეთში. უკრაინაში ბევრი იბრძვის დევნილი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. მათ უნდათ უბრალოდ სახლში დაბრუნება. იბრძვიან ამისთვის უკრაინაში. მე ვფიქრობ, სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ აქ ვინმე დაქირავებული „ბაევიკი“ იბრძვის. არამარტო სასაცილოა, შეურაცხყოფაცაა დაღუპულთა დედების მიმართ, რომლებიც შვილებს დასტირიან.

  • თქვენი აზრით, რატომ აკეთებს პრემიერ-მინისტრი ასეთ ინტერპრეტაციებს, რა აიძულებს მას, რომ ასე ილაპარაკოს? მაშინ, როცა იცის, რომ მისი განცხადებები თქვენამდე, უკრაინაში მებრძოლ ქართველებამდე ძალიან მალე მოვა.

იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ერთი-ერთზე, ჩარჩოებს მიღმა, იმ ზეწოლებს მიღმა, რასაც განიცდის, პირად საუბრებში რომ შემოვიდეს მებრძოლებთან, იმავე აზრზე იქნება, რაზეც ჩვენ ვართ. არა მგონია, რომ უბრალოდ ქართველ კაცს არ შესტკიოდეს გული იმაზე, რაზეც თითოეულ ქართველს და ყველა საღად მოაზროვნეს შესტკივა. ეს არის აფხაზეთი, სამაჩაბლო.

300 ათასი დევნილია აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან დევნილების ოდენობა ზუსტად არ ვიცი. ხალხს უნდა სახლში დაბრუნება და იბრძვის ამისთვის. მე არ მესმის უბრალოდ, კონკრეტულად ამ საკითხში რატომ უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა? მე ამის მეტი კითხვა არ მაქვს – რატომ უნდა ჰქონდეს ერს აზრთა სხვადასხვაობა რუსეთთან მიმართებაში, მტერთან მიმართებაში?

ბათუმში ვცხოვრობ და კარგად ვიცნობ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს. ისინი ცხოვრობდნენ სასტუმრო „მესხეთსა“ და „მედეაში“. დეიდაჩემი აფხაზეთიდან დევნილზე დაქორწინდა. ზაფხულს დეიდაჩემთან ვატარებდი ხოლმე, „მედეაში“ და ყველა ისტორია მოსმენილი მაქვს. მათმა ისტორიებმა, ტკივილმა, ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. ვფიქრობ, ბატონი პრემიერი უფრო მეტად უნდა იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩახედული.

არ უნდა გვჭირდებოდეს წამოძახილი – ჰეი, ეს მტერია. არ ვიცი, ალბათ განიცდის უდიდეს წნეხს, ზეწოლას. თორემ არ მგონია, ახალგაზრდა ქართველი კაცი… სირცხვილია უბრალოდ, სხვა რა ვთქვა, არ ვიცი.

  • 33 ქართველია დაღუპული ომის დაწყებიდან დღემდე. სამძიმარი საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ბოლოს დაღუპული 5 ჯარისკაცის ოჯახს უთხრა, ისიც მათი დაღუპვიდან მესამე დღეს, საზოგადოების დიდი ზეწოლის შედეგად. ხელისუფლების ეს ქცევა როგორ ჩანს ბრძოლის ველიდან?

არამარტო ომში დაღუპულის მშობელს უნდა უცხადებდეს პრემიერი სამძიმარს, ნებისმიერ სიტუაციაში ქართველი რომ იღუპება, ეს უბრალოდ ჩვენი ვალია, მიუსამძიმრო, ტკივილი გაიზიარო. რა ვიცი, ალბათ ეს არის ზეწოლა [ჩრდილოელისგან] ან ღალატი. არ ვიცი, სხვა რა ვუპასუხო ამ ყველაფერს. სირცხვილია უბრალოდ.

  • საერთო განწყობა როგორია ქართველ მებრძოლებში?

საერთო განწყობა ქართველ მებრძოლებში და არამარტო მებრძოლებში, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანში არის ერთი, რომ ეს არის არამარტო უკრაინის ომი რუსეთთან, ეს არის საერთო ომი, საერთო ბრძოლა. საერთო ტკივილი, საერთო მტერი, ჩვენ ერთი გზა, ერთი ოცნება, ერთი იდეა გვაქვს. ამ იდეის მიმართ ვინც არ ერთიანდება და ყველა ჩვენ წინააღმდეგ მოდის, დასანანია, ჩვენ აღვიქვამთ, როგორც რუსად და არა ქართველად. ეს არ არის ქართული პოზიცია, რასაც აკეთებენ. ქართული პოზიცია არის ქართული ინტერესების დაცვა და პატრიოტიზმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: