მთავარი,სიახლეები

კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – ISW

07.12.2022 • 1286
კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აზრით, არსებობს ნიშნები, რომ ამ ფაქტის ოფიციალურად უარყოფის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება.

დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ რუსეთის უმაღლესი პირების განცხადებებსა და რუსეთის საინფორმაციო სივრცეში გაჩენილ ტენდენციებს, რაც მათი აზრით, ამგვარი დასკვნის საფუძველს ქმნის.

„რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ არაოფიციალური წყაროებით გავრცელებულ ცნობებს პირდაპირ უარყოფს და ამით რუსულ საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილების განეიტრალებას ცდილობს,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ISW-ის ცნობით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირების შესახებ გამოაცხადეს, იმ აბსურდული საბაბით, თითქოს მოსალოდნელია უკრაინის შეჭრა რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში. სამხედრო ოპერაციის სააგიტაციო განცხადებები გააკრეს მოსკოველმა ჩინოვნიკებმა ქალაქის ქუჩებში. ISW შენიშნავს, რომ მსგავს კამპანიას კრემლი მანამდე მხოლოდ ცალკეულ ქალაქებში ეწეოდა, კერძოდ, 2022 წლის ზაფხულში, როდესაც მოხალისეებს აგროვებდა.

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, კიდევ უფრო შეარყევს მისდამი მოსახლეობის ნდობას.

„პუტინის გადაწყვეტილება, გასცეს ბრძანება მობილიზაციის მეორე ტალღაზე, საყოველთაო მობილიზაციაზე ან საერთოდაც, ოფიციალურად გამოაცხადოს ომი უკრაინასთან, მოკლევადიან პერსპექტივაში, უკრაინასთან ომში, რუსეთის სამხედრო ძლიერებას ვერ გაზრდის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთდროულად მხოლოდ 130 000 ახალწვეულის წვრთნა შეუძლია, ისიც მშვიდობიან დროს და ძალიან უჭირს დიდი რაოდენობით მობილიზებულთა მომზადება მოკლე პერიოდში,“ – წერს ISW.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, 28 ოქტომბერს, კრემლის მიერ მობილიზაციის ფიქტიურად დასრულება სწორედ იმის აღიარება იყო, რომ რუსეთს არ შეუძლია ერთდროულად ჩაატაროს მობილიზაცია და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის არმია კი განაგრძობდა შეზღუდულ შეტევებსა და თავდაცვით ოპერაციას;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და ავდეევკასთან;
  • რუსული წყაროების მტკიცებით, რუსეთის არმიამ უმნიშვნელო ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია ბახმუტთან, თუმცა მათ ქალაქის ალყაში მოქცევა ვერ შეძლეს;
  • რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ატარებს საინფორმაციო ოპერაციას, რათა დაარწმუნოს რუსები, რომ ყირიმის ხიდი უსაფრთხოა;
  • რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის სხვა სუბიექტისთვის გადაცემას აპირებს;
  • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებები ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: