მთავარი,სიახლეები

პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი და მომქანცველი ომის წინაპირობებს ქმნის – ISW

08.12.2022 • 965
პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი და მომქანცველი ომის წინაპირობებს ქმნის – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, პუტინის ამ განზრახვაზე მისი გამოსვლები მიუთითებს.

ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს ეყრდნობიან. 7 დეკემბერს ვლადიმერ პუტინი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ამ შეხვედრაზე განაცხადა ერთ-ერთი კითხვის პასუხად, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხანგრძლივი პროცესია,“ ახალი ტერიტორიების დაკავება კი – მისი თვალსაჩინო შედეგი.

ამ შეხვედრაზე პუტინმა კიდევ ერთხელ ახსენა პეტრე I და, ფაქტობრივად, თქვა, რომ დღეს რუსეთს აქვს ის, რისთვისაც ჯერ კიდევ პეტრე I იბრძოდა – აზოვის ზღვა.

„ეს მითითება რუსულ იმპერიალისტურ ისტორიაზე ცხადად წარმოაჩენს პუტინის ახლანდელ მიზნებს უკრაინაში, როგორც ღიად იმპერიალისტურსა და მაქსიმალისტურს. პუტინი განაწყობს რუსეთის შიდა აუდიტორიას გაჭიანურებული და მომქანცველი ომისთვის, რომლის მიზანიც ახალი უკრაინული ტერიტორიების დაპყრობაა,“ – წერს ISW-ი.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის საინფორმაციო სივრცეს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა პუტინის განცხადებებზე. ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა უკრაინა სირიას შეადარა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ჯარებმა ბრძოლის ველზე გამარჯვებების მიღწევა მხოლოდ ოპერაციიდან წლების შემდეგ დაიწყეს.

„როგორც ჩანს, პუტინს არ სურს შიდა იმპულსის დაკარგვა და შეტევების თუნდაც მცირე ხნით შეწყვეტაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მიზნებზე უარის თქმაზე, რომლებიც, როგორც თავად ხშირად მიანიშნებს, რუსეთის იმპერიის აღდგენას გულისხმობს,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო საზოგადოების საბჭოს პუტინი რეალურად ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის იყენებს;
  • NATO-გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის კომენტარებში დაადასტურა ISW-ის ადრინდელი შეფასება, რომ ოპერატიული პაუზა 2022-2023 წლის ზამთარში რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს;
  • ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, რუსებმა უკრაინის დასაბომბად ისევ გამოიყენებს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები „შაჰიდ-136“;
  • რუსეთის ზეწოლამ ბელარუსში ომში ჩასათრევად, შესაძლოა, ბელარუსელ სამხედროებში განხეთქილება გამოიწვიოს;
  • რუსეთის ჯარები სავარაუდოდ ზრდიან კონტრშეტევები ტემპს ხარკოვის აღმოსავლეთ ნაწილში და ლუგანსკის დასავლეთ ნაწილში;
  • რუსები განაგრძობენ შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკა-დონეცკის მიმართულებაზე;
  • ხერსონის დასავლეთ ნაწილში გრძელდება თავდაცვითი პოზიციების გამაგრება და რუსული ჯარების გადაჯგუფება;
  • ოპოზიციური რუსული მედია იუწყება, რომ ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად მობილიზაციის ღონისძიებები გაგრძელდება;
  • საოკუპაციო ხელისუფლებამ მარიუპოლი რუსეთის ჯარებისთვის სამხედრო და ლოგისტიკურ ბაზად გადააქცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: