რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ხანგრძლივი პროცესია, „ახალი ტერიტორიების გაჩენას“ კი ამ ოპერაციის „ღირებულ შედეგად“ მიიჩნევს.
ასეთი განცხადებით ვლადიმერ პუტინი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრაზე გამოვიდა.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თქვენ ახალი ტერიტორიები ახსენეთ და ახალი ტერიტორიების გაჩენა ღირებული შედეგია რუსეთისთვის. ეს სერიოზული საკითხია. ცოდვა გამხელილი სჯობს და აზოვის ზღვაც რუსეთის შიდა ზღვა გახდა… ჯერ კიდევ პეტრე პირველი იბრძოდა იმისთვის, რომ აზოვის ზღვაზე გასულიყო,“ – ასე უპასუხა პუტინმა შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის ნათქვამს, რომ ხალხი შედეგებს ელოდება.
კრემლისტური გამოცემების ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დონბასში ომი რუსეთს არ დაუწყია, არამედ დაიწყო „იმ რეჟიმმა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა“.
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკვე არაერთხელ ნათქვამი ფრაზა, რომ უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი მხოლოდ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მომავალი პოლიტიკოსები ამას გაითვალისწინებენ, რადგან ახლანდელებს, ეს უბრალოდ, არ ესმით.
პუტინს შეკითხვა დაუსვეს ბირთვული ომის საფრთხეზეც, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთი არ აპირებს „ბირთვული იარაღი სამართებელივით იქნიოს.“
„ჩვენ ჯერ ჭკუიდან არ გადავსულვართ, ძალიან კარგად ვიცით, რა არის ბირთვული იარაღი. ეს საშუალება ჩვენ გვაქვს და ის ბევრად უფრო თანამედროვე და პროგრესულ მდგომარეობაში ინახება, ვიდრე რომელიმე ბირთვულ ქვეყანაში. ეს ნათელია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ის გვაქვს, მაგრამ ის შემაკავებელი ფაქტორია, რომელიც იმისთვის არ არსებობს, რომ კონფლიქტების პროვოცირება მოახდინოს. იმედი მაქვს, ეს ყველას ესმის,“ – განაცხადა პუტინმა.