გაურკვეველია, როდის და როგორ მიაღწევს რუსეთის არმია 30%-იან ზრდას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 23 დეკემბრის ანგარიშში რუსეთის არმიის 30%-ით გაზრდის გეგმას მიმოიხილავს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ეს გეგმა, რომელიც 21 დეკემბერს რუსეთის სამხედრო მეთაურებმა წარუდგინეს ვლადიმერ პუტინს, აჩვენებს ერთ-ერთ პირველ ხედვას მოსკოვიდან, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ გრძელვადიან სტრატეგიულ გამოწვევებთან თავისი სამხედრო ძალების ადაპტირებას.

21 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში თავის სამხედრო მაღალჩინოსნებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსულმა არმიამ უკრაინაში განცდილი პრობლემებისგან უნდა ისწავლოს და მოაგვაროს ისინი“.

პუტინმა ასევე დადო პირობა, რომ უზრუნველყოფს დაფინანსებას. „ჩვენ არ გვაქვს დაფინანსების შეზღუდვები. ქვეყანა და მთავრობა უზრუნველყოფს ყველაფერს, რასაც ჯარი ითხოვს“, – განაცხადა მან.

აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ წამოაყენა გეგმა რუსეთის არმიის 1.15 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაზრდასთან დაკავშირებით. შოიგუს თქმით, ეს საჭიროა „რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გარანტიისთვის“.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსმა თავდაცვის მინისტრმა ამ კონტექსტში ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებისგან მომავალი შესაძლო საფრთხეები ახსენა.

როგორც ბრიტანული გამოცემა „როიტერსი“ იუწყება, სერგეი შოიგუს გეგმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფთა საპირწონედ, 695 000 უნდა იყოს პროფესიონალი კონტრაქტორი ჯარისკაცი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა ამ ზაფხულს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმია 137 000 ჯარისკაცით უნდა გაზრდილიყო – 2023 წლის პირველი იანვრიდან ჯარისკაცების რაოდენობა 1.15 მილიონს მიაღწევდა. გარდა ამისა, 300 000-ზე მეტი რეზერვისტი სამხედრო მობილიზაციის მეშვეობით გაიწვია, უკრაინაში ომში ჩასართავად.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ახსნა, რომ დაანონსებული გაფართოება მოიცავს მინიმუმ ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში ორი ბრიგადის გაზრდას დივიზიურ ძალამდე.

თუმცა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანალიტიკოსების შეფასებით, გაურკვეველია, როდის და როგორ უნდა მიიღწეს რუსეთის არმიის 30%-ით გაზრდის მიზანი, ისევე როგორც ის, თუ როგორ იპოვის რუსეთი ახალწვეულებს მსგავსი გაფართოების მისაღწევად, მაშინ როცა მისი ძალები უკრაინაში უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არიან.

„შეერთებული შტატებისა და დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა 10 თვის განმავლობაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 21 სექტემბერს – ბოლოს, როდესაც ოფიციალური მონაცემები საჯაროდ გავრცელდა – შოიგუმ თქვა, რომ იქ 5937 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა“, – წერს „როიტერსი“.

გამოცემის ცნობით, შოიგუმ შეხვედრაზე ასევე დააყენა საკითხი სავალდებულო სამსახურის ასაკის ქვედა ზღვარი 18 წლიდან გაიზარდოს 21 წლამდე. პუტინმა კი კონფერენციის ბოლოს განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრს.

შვილს სექსუალურ ჯანმრთელობაზე თავად ვესაუბრები, სპეციალისტების დეფიციტია – შშმ გოგოს დედა

ძალიან იწვალებ, არ ღირს ამ ბავშვთან ერთად მომავალში ცხოვრება და მოდი, გამოვურთოთ აპარატი, რად გინდა ,,ინვალიდ“ შვილთან ერთად ცხოვრებაო, უთხრეს 18 წლის წინ ნატალი დავითაძეს, მარიამის დედას. მარიამი დღენაკლული დაიბადა.

ნატალიმ ექიმებს არ მოუსმინა:

„მერე აღარ ვენდობოდი ექიმებს, ბავშვს მარტო არ ვტოვებდი მათთან და დღემდე მაქვს შენახული ჩანაწერები: ვინ და რა ნემსი გაუკეთა, სახელებით და გვარებით. ბავშვს ყველგან თავზე ვედექი – დღე და ღამე. მე თვითონ ამ დროს 19 წლის ვიყავი. ვთქვი, რომ ჩემი შვილი იცოცხლებდა და იბრძოლებდა ჩემთან ერთად“, – ამბობს ნატალი დავითაძე, სმენის არმქონე 18 წლის შშმ გოგოს დედა.

მარიამის დაბადებამ ნატალი დაარწმუნა, რომ ძალა უნდა მოეკრიბა და შვილის ირგვლივ სამყარო შეეცვალა. ცვლილებები კი ოჯახიდან და სამედიცინო პერსონალიდან უნდა დაეწყო.

ჰიდროცეფალიამ მარიამს სმენა წაართვა, მას მეოთხე ხარისხის, ტოტალური სიყრუე აქვს. ხელოვნური ყურის ნერვის ჩასმით ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტაცია გაუკეთეს მხოლოდ ცალ ყურში, 9 წლის ასაკში, საკმაოდ გვიან. მანამდე აჭარის მთავრობა არ აფინანსებდა ასეთ იმპლანტებს, მარიამის ოჯახს კი არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა ეს ძალიან ძვირადღირებული საშუალება.

ნატალი დავითაძე შვილთან, მარიამ აბაშიძესთან ერთად.

მარიამს შეუძლია ბგერების და მარტივი სიტყვების წარმოთქმა – ესეც იმპლანტის დამსახურებაა.

მარიამის დედა გვეუბნება, რომ შშმ ბავშვების დედებს უწევთ ბავშვის დაბადებიდანვე გაერკვნენ შვილების უფლებებში. მშობლებს უწევთ ფიქრი შშმ შვილების მომავალზე, რაც ლოგიკურად ითხოვს მშობლებისგან იმის გათვითცნობიერებასაც, თუ რა მდგომარეობაა ახლა. ნატალი დავითაძე საკუთარი გამოცდილებით გვეუბნება, რომ პრობლემური, არასწორი დამოკიდებულებები შშმ პირების მიმართ სამედიცინო რგოლშიც კი იგრძნობა:

„თავად ექიმებისგან გამიგონია: უიმე, ეს დაქორწინდა? ამან შვილი როგორ გააჩინა? და ა.შ.

ბევრისგან მსმენია, როცა შშმ გოგო, ქალი, მარტო მიდის ექიმთან, გინეკოლოგთან განსაკუთრებით, ეკითხებიან: მარტო მოხვედი? დედა სად გყავს? აბა, რა ხდება, რა დააშავე?

როცა ქუჩაში მიდის ეტლით მოსარგებლე ბიჭი ან გოგო და გვერდით შეზღუდვის არმქონე ადამიანი მიჰყვება, ხშირად ხმამაღლა აღნიშნავენ: „ნეტა, ისეთი რა ხდება, რომ ამასთან მეგობრობს, ან ამაზე რომ დაქორწინდა. ხშირად ასეთია დამოკიდებულება“, – ამბობს ნატალი დავითაძე.

შშმ გოგოს დედა იმასაც აღნიშნავს, რომ თუ შშმ პირი რომანტიკულ ურთიერთობაშია ვინმესთან, გარშემომყოფებს ბევრი დაუსაბუთებელი შიში უჩნდებათ:

„არსებობს სტერეოტიპი, რომ თითქოს შშმ პირებთან ანგარების მიზნით იწყებენ რომანტიკულ ურთიერთობას. ეს დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი წარმოდგენაა, როგორც შშმ პირების, ასევე მათთან რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანებისთვის“, – ამბობს ნატალი და იმ შიშსაც არ მალავს საუბრისას, რასაც ბოლომდე ახლაც ვერ ერევა, როგორც შშმ გოგოს მშობელი.

ნატალი სულ შიშობს, დაიცავენ თუ არა მომავალში მარიამის უფლებებს ადამიანები, რომლებიც გოგოს ირგვლივ იქნებიან? ნატალის ხშირად უფიქრია, მირჩევნია მხოლოდ ჩემ გვერდით იყოს ჩემი შვილი ყოველთვის და დარწმუნებული ვიყო, მის უფლებებს არავინ დაარღვევსო.

ნატალიმ იცის, რომ მშობლის ეს შიშები გადასალახი აქვს, თუმცა შიში მხოლოდ მაშინ გადაილახება, თუ შეძლებს მარიამი დამოუკიდებელი გახადოს. ნატალის სხვა გზა არ აქვს, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს გახადოს მისი შვილი დამოუკიდებელი. შშმ პირების სხვა დედების მსგავსად, ეს პასუხისმგებლობა სრულად ნატალის აკისრია:

„ყველაფერს ვცდილობ, როცა მარიამის გვერდით არ ვარ, ან როცა აღარ ვიქნები, არ გაუჭირდეს და დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს.

მარიამმა იცის, რა რისკებთანაა დაკავშირებული მისი დაავადება: ჰიდროცეფალია. საერთოდაც სმენის არქონა მისი მთავარი დიაგნოზი არ არის, ჰიდროცეფალიაა სმენის დაკარგვის მიზეზი და მთავარი დიაგნოზი.

ერთხელ ექიმმა გვაჩვენა ფეხმძიმეების, შვილიანი ქალების ფოტოები, რომლებსაც მარიამის მსგავსი დაავადება აქვთ და შეძლეს შვილის გაჩენა. მარიამის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ნახა, რომ წარმატებული ორსულობის მაგალითები არსებობს მისი დიაგნოზის მქონე ქალებში.

ხედავ დედა? არ დამჭირდება ვიშვილო ბავშვი, ჩემითაც შემეძლება გაჩენა, როცა მომინდებაო. ანუ იმაზეც ჰქონდა ნაფიქრი, რომ შვილი უნდა აეყვანა, თუ ვერ გააჩენდა“, – გვიყვება ნატალი.

ნატალი იხსენებს იმასაც, თუ რა რთული იყო მარიამთან ჟესტების ენით საუბარი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, იმ პირობებში, როცა დედამ ჟესტების ენა კარგად არ იცის.

სმენის არმქონე გოგოების გათვითცნობიერება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ინფორმაციის მიწოდება სრულად მათ მშობლებსაა მინდობილი, რაც არასახარბიელო რეალობაა.

ნატალი გვიყვება, რომ მან, როგორც მშობელმა, არაერთი ტრენინგი და სემინარი მოისმინა ამ თემების შესახებ, რის შემდეგაც შეძლო შვილისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად, მაგრამ ნატალი აღნიშნავს, რომ ყველა მშობელს ამის რესურსი და მზაობა არ აქვს.

მართალია, დიდი ძალისხმევის და მონდომების შედეგად ნატალი ახერხებს ჟესტურ ენაზე შვილთან საუბარს, მაგრამ ამისთვის მან სწავლების არაერთი კურსი გაიარა, დამოუკიდებლად გაართვა თავი ყველაფერს, რაც სმენის არმქონე ყველა გოგოს მშობელმა შეიძლება ვერ მოახერხოს.

აჭარაში ჟესტური ენის სულ 3 სპეციალისტია, ბათუმის ყრუთა კავშირში კი – 600-მდე ადამიანი.

რომც არ იყოს ჟესტური ენის სპეციალისტების დეფიციტი, მათი ნაწილი უნდა ერკვეოდეს კიდეც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, სმენის არმქონეებს სწორი ინფორმაცია რომ მიაწოდოს შესაბამისი ფორმით.

„არასაიმედო წყაროებია ინტერნეტში, უნდა ურჩიო რას უყუროს, რას არა, სპეციფიკური მიდგომაა საჭირო: გამოცდილი ადამიანები, სათანადო ინსტიტუციები, რომლებიც სმენის არმქონე გოგოებს ინფორმაციას მიაწვდიან.

სულ მქონდა შიში, ვაითუ ვერ მივაწოდე სწორად რაიმე, ან ვერ აღიქვა ჩემი ნათქვამი სწორად მარიამმა-მეთქი. თავიდან როცა დავიწყეთ საუბრები, მეუბნებოდა, დედა რეებზე მელაპარაკები, სირცხვილია, გაჩუმდიო. მარიამის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან სკოლაში, მას სქესობრივ საკითხებზე არ ესაუბრებოდნენ, მეც თავს ვიკავებდი, მეგონა, სკოლა მიაწვდიდა მას ამ ინფორმაციას“, – ამბობს ნატალი.

მას მიაჩნია, რომ მხოლოდ მშობლებს არ უნდა უწევდეთ სმენის არმქონე შვილებთან სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების შესახებ საუბარი. ამ თემებზე შშმ გოგონებს ჟესტურ ენაზე უნდა ესაუბრებოდნენ გადამზადებული სპეციალისტები.

მარიამ აბაშიძე

ნატალის თქმით, მას რომ არ აეხსნა მარიამისთვის რა რისკებს უკავშირდება მისი დიაგნოზი, შესაძლოა გოგოს სამომავლოდ ჯანმრთელობის პრობლემები შეჰქმნოდა. ამ შემთხვევაში ნატალიმ იცის ჟესტური ენა და შეუძლია შვილთან კომუნიკაცია, მაგრამ არიან მშობლები, რომლებსაც ეს ცოდნა არ აქვთ.

ჟესტური ენის სპეციალისტების ნაკლებობა ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ სმენის არმქონეებს ვერც სქესობრივი და რეპროდუქციული საკითხების თემებზე დაელაპარაკება ვინმე მათთვის გასაგები ენით და ვერც სხვა საკითხებზე.

„ჰიდროცეფალია გულისხმობს, რომ ტვინის პარკუჭები წყლითაა დაფარული და მარიამს ჩადგმული აქვს შუნტი თავის ტვინიდან მუცლის ღრუმდე. ეს ძალიან მოსაფრთხილებელი რამაა, ყველაფერმა, მათ შორის ფეხმძიმობამ, სიმძიმის აწევამ, გადაღლილობამ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემი შვილის ჯანმრთელობას. ეს მას უნდა ჰქონდეს გააზრებული, ოჯახის შექმნა რომ მოინდომოს, ამას ყურადღება უნდა მიაქციოს და ამის შესახებ მე მიწევს მასთან საუბარი. მე რომ ეს არ შემეძლოს, რა იქნებოდა?“ – ამბობს შშმ გოგოს დედა.

ჟესტური ენის თარჯიმნების დიდი დეფიციტი სმენის არმქონე შშმ პირების უფლების შეზღუდვაა. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ამბობს, რომ სახელმწიფო „უზრუნველყოფს შშმ ქალებისა და გოგონების ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ქალებთან თანასწორად“.

ამავე კანონით, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად.

_______________________________________

მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

რუსი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტ „სმოლნინსკოეს“ საკრებულოს წევრი, ნიკიტა იუფერევი რუსეთის პროკურატურასა და შსს-ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს, რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით.

„მედუზას“ ცნობით, იუფერევი მოთხოვნას პუტინის მიერ სიტყვა „ომის“ ხსენებით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ „ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი გაასამართლეს.

კერძოდ, 21 დეკემბერს პუტინმა ჟურნალისტებთან სიტყვა „ომი“ ახსენა და განაცხადა:

„ჩვენი მიზანი ამ ომის დამთავრებაა და ამისკენ გავაგრძელებთ სწრაფვას“.

სექტემბერში იუფერევის წინააღმდეგ პროტოკოლი შეადგინეს, მას შემდეგ, რაც მისი მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა სახელმწიფო დუმას მოუწოდეს, პუტინს სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენონ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო.

უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს არა „ომი“, არამედ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი „ფეიკების“ გავრცელების შესახებ, რომლის ფარგლებშიც არაერთი მოქალაქე გაასამართლეს ომისთვის „ომის“ დაძახების გამო.

აირჩიე უკრაინის ომზე მომზადებული საუკეთესო მასალა – ხმის მიცემა დაიწყო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზის ახალი კატეგორიის – „ხალხის რჩეულის“ ფინალისტების ვინაობა გამოაქვეყნა.

ჟიურის გადაწყვეტილებით რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე საუკეთესო ნამუშევარი მკითხველმა 4 მედიასაშუალებიდან უნდა აირჩიოს. საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა „ბათუმელების“ მიერ მომზადებული მასალები.

გამარჯვებულის არჩევა მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემის საშუალებით.

კატეგორია „ხალხის რჩეულის“  ფინალისტები არიან:

  • ბათუმელები –  „რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან. მასალას გაეცანით აქ

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე

ხმის მიცემა დასრულდება 23 დეკემბერს, 23:59 საათზე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 100 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 3 005 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 5 986 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 984 ერთეული [+6]
  • MLRS – 414 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 698 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 622 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 351 თვითმფრინავი
  • 189 ვერტმფრენი
  • 2 704 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 207 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 936 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 702 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 722 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

„იმის ატანა, რაც სააკაშვილის თავს ხდება, არ შეიძლება“ – ინტერვიუ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 22 დეკემბერს, თავის სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩაერთო, თუმცა ის მალევე გამოეთიშა პროცესს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა.

ვინ იტყუება – სააკაშვილი თუ „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უნიჭო სიმულაციაა“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.

ბექა მინდიაშვილი
  • ბატონო ბექა, როგორც მოქალაქეს მინდა გკითხოთ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე დღეს მიხეილ სააკაშვილმა. ფიქრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა?

არა მგონია, ძნელად შესამჩნევი იყოს მისი მდგომარეობა, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელი ვერ იქნება.

ჩვენ გვახსოვს, როცა ხელისუფლება იძახდა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობსო და შემდეგ ვნახეთ, რომ მართლაც შიმშილობდა. დღევანდელი კადრები განსაკუთრებით შოკისმომგვრელია, ძნელია ადამიანს ასეთ მდგომარეობაში უყურო, ვინც არ უნდა იყოს ის.

უკიდურესი ნაძირალაც რომ იყოს ადამიანი, არ შეიძლება მას ასე მოეპყრო, არ შეიძლება ადამიანს ხედავდე ჯანმრთელად და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ხედავდე, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა თვალსა და ხელს შორის და არაფერს აკეთებდე.

ჩემთვის სანდოა სახალხო დამცველის პოზიცია და მის მიერ მობილიზებული ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც აცხადებენ, რომ მძიმე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

ზოგადად, ჩემი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს თვითონ პრემიერმაც განაცხადა ღიად, როცა სააკაშვილი დააპატიმრეს და მან თქვა, რომ ის დააპატიმრეს იმიტომ, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩა და არ წავიდა პოლიტიკიდან.

ეს ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური მოტივაციით არის დაკავებული და არა იმ სავარაუდო დანაშაულის გამო, რომლისთვისაც ის იხდის სასჯელს.

სააკაშვილის გადაყვანის, მისი სამკურნალოდ გადაყვანის კადრებიც შეიცავდა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის აშკარა ნიშნებს, ამაზე უფლებადამცველებიც საუბრობდნენ და ამ ადამიანის ციხეში ჯდომა, ამ თვალსაზრისითაც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დამდგარიყო.

  • ფიქრობთ, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება სააკაშვილის მიმართ, თუ პუტინის მიმართ მთავრობის ლოიალობის ჩვენება?

ღარიბაშვილმა იმ დღეს, როცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადება გააკეთა, მოგვილოცა ბიძინობა და ისე გამოჩნდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უძღვნიდა ამ საჩუქარს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ეამებოდა ოლიგარქს, რომელიც დღეს რეალურად მართავს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

სააკაშვილის დაკავებას გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს, რადგან ის იყო ერთადერთი მთავრობის მმართველი, რომელმაც არჩევნებით დათმო ხელისუფლება.

ეს ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ სამოქალაქო წინააღმდეგობა და ომი, იმ პირობებში, როდესაც გამოვიარეთ „ვარდების რევოლუცია“ და ყველა საუბრობდა სააკაშვილის სისტემის ავტორიტარულობაზე, ეს იყო საკმარისი წინაპირობა ჩვენს რეალობაში და ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი დევნა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ შეწყვეტილიყო და ცარიელი ფურცლიდან დაწყებულიყო ქართული პოლიტიკა.

რაც შეეხება რუსეთს, ვიცით ასევე ძალიან კარგად, რა ტიპის ბოროტებასთან გვაქვს საქმე. როცა ვსაუბრობთ რუსეთზე, რაიმე ტიპის შეთანხმებები ამ საკითხზე არ გვინახავს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პუტინი მუდმივად იმუქრებოდა, რომ შურს იძიებდა სააკაშვილზე და შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ჰქონდა გამოყენებული, რასაკვირველია, სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორების ინტერესი რუსეთის ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდა და ამას არც მალავდა.

ამიტომ, ამის იგნორირება და თქმა, რომ არა, სააკაშვილის მხოლოდ მისი დანაშაულების გამო იხდის სასჯელს, არის გულუბრყვილობა პოლიტიკური და სამოქალაქო თვალსაზრისითაც.

  • კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის ავად და ეს მხოლოდ სიმულაციაა – რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?

ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი უაღრესად კრიტიკულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიმაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ უღალატა საქართველოს კონსტიტუციას, შეცვალა კურსი. დღეს ხელისუფლება ლანძღავს დასავლეთს, უკრაინას და ელაციცება რუსულ სივრცეს, მუდმივად იმეორებენ, რომ ჩვენ ვმდიდრდებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკრაინის ომის ხარჯზე, იმიტომ, რომ არ შეუერთდა ხელისუფლება სანქციებს და იქეთ ვესხმით ვერბალურად თავს უკრაინას.

ამ ტიპის ხელისუფლებისგან, რომელიც ყველაზე მეტად წააგავს 1921 წელს საქართველოში შემოსულ ბოლშევიკების ბანდას, რა ჰუმანიზმს უნდა ელოდო. ისინი მოქმედებენ თავიანთი ძალადობრივი ლოგიკით.

ამიტომ, სხვა ტიპის ქმედება მათგან არც იყო მოსალოდნელი. ესაა ხელისუფლება, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ინტერესებს, რომ აშენდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ლიბერალი დემოკრატია, სადაც პატივს უნდა სცემდნენ ადამიანის ღირსებას და ზოგადად ადამიანს.

დღეს გვყავს, ფაქტობრივად, კოლაბორაციული ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ამიტომ მისი ქმედებები აბსოლუტურად ლოგიკურია.

აქ პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი, მეც მათ შორის, თითქოს სათანადოდ ვერ ვიაზრებთ ამ საფრთხეებს.

  • რა არის მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებაზე დამოკიდებული? ბევრი კრიტიკა ისმის იმაზე, რომ საზოგადოება არ არის აქტიური. 

ჩვენი, მოქალაქეების საქმე არის პროტესტი, რაც არ ჩანს. პროტესტი უნდა იყოს მასობრივი, მძლავრი, რომ იძულებული გახდეს ხელისუფლება, შეცვალოს ბევრი რამ. მათ შორის მოპყრობა სააკაშვილისადმი ან მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაგზავნის შესახებ.

რატომ არ არის პროტესტი, ამაზე ალბათ მთელი სოციოლოგიური კვლევაა ჩასატარებელი. ერთი შეხედვით, არის სრული ინდიფერენტულობა პოლიტიკური ოპოზიციისადმი, იმიტომ, რომ ოპოზიცია არ არის თანმიმდევრული, არ აჩვენებს მზაობას ერთიანი, კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ოპოზიცია არ აჩვენებს, რომ შეუძლია რაღაც საკითხების წამოყენება და დაცვა, არ აჩვენებს, რომ მზად არის ხელისუფლება შეცვალოს.

ჩემი აზრით, საზოგადოება თითქოს ველოდებით რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, როდის დაესმება წერტილი რუსეთის აგრესიას და გვგონია, რომ ყველაფერი თავისით შეიცვლება ამის შემდეგ. მე ასეთი განცდა მაქვს, რომ ახლა, ამ კრიტიკულ ვითარებაში, არავის არაფრის შეცვლა არ სურს.

  • სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი წერდა, რომ არ სურს იყოს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. თუ სააკაშვილს რაიმე მოუვა ციხეში, როგორც მოქალაქეს, გექნებათ დანაშაულის განცდა?

პირველ რიგში, ჩვენ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა გვქონდეს იმაზე, რომ არსებული ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რაც მოსდის სააკაშვილს.

ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა, ეს არის წამება, ეს არის უკანონო პატიმრობა და ამაში სრულად ვარ დარწმუნებული, რომ მისი პატიმრობა არის პოლიტიკური და არა მის დანაშაულებთან დაკავშირებული.

მაგრამ დღეს ადამიანები ყოველდღიურობით არიან მოცული, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ, უამრავი ადამიანი ფიქრობს ქვეყნიდან წასვლაზე, ყველა თავის საზრუნავშია ჩაფლული.

კრიტიკულ შემთხვევაში საზოგადოებას მხოლოდ მორალური სიცხადე და ღრმა სამოქალაქო ცნობიერება თუ ეხმარება, რომ რაღაც ტიპის მოვლენებისადმი ჰქონდეს საერთო დამოკიდებულება, ჰქონდეს პროტესტი, რაც ჩვენ არ გვაქვს. ამის ნაკლებობა ნამდვილად არსებობს.

ჩვენ არ ვიცით რა არის აბსოლუტურად მიუღებელი, რა შეიძლება შეიწყნარო და რა არ შეიძლება შეიწყნარო. რისი ატანა შეიძლება და რისი – არ შეიძლება.

იმის ატანა, რაც სააკაშვილს თავს ხდება და რასაც გვიჩვენებენ, რითაც შეტევას ახორციელებენ ჩვენს ფსიქიკაზე, ცნობიერებაზე, მორალზე – აი, ამის ატანა არ შეიძლება.

არ შეიძლება ქართველი ჯარისკაცის შეურაცხყოფის ატანა, რადგან ამაზე დგას ჩვენი მშვიდობა. ხელისუფლება კი მთელი კვირის განმავლობაში შეურაცხყოფდა ქართველ მეომრებს.

არ შეიძლება ჩამოეკიდო რუსეთს, დაუშვებელია ამის ატანა და ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს.

ამ ინდიფერენტიზმსაც აქვს თავისი მიზეზები – იყო იმედგაცრუებები სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, ის ბოროტება, რასაც სჩადის რუსეთი უკრაინაში და ასევე, უკიდურესად ნეგატიური განწყობა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს დღემდე, სხვადასხვა მიზეზების გამო.

როცა  არ გვაქვს საერთო ფასეულობები, რომელიც გვიკარნახებს ასეთ სიტუაციებში, რომ აი, ეს არის ზღვარი, ჯამში ვიღებთ ასეთ ინერტულობას, ასეთ შეწყნარებას იმისა, რისი შეწყნარებაც შეუძლებელი და დაუშვებელია მორალური საზოგადოებისთვის.

  • საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს პირობები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება კი ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. თქვენ როგორც მოქალაქეს, რა მოლოდინი გაქვთ?

მე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ კოლაბორაციონისტული ხელისუფლებაა და მას არანაირი მისწრაფება არ აქვს დასავლეთისკენ და იმ 12 პუნქტის შესრულებაზეც ყოველდღე იცინის.

ამას ამტკიცებს კიდეც, ომბუდსმენის ვერ არჩევით და კომპეტენტურ კანდიდატებზე უარის თქმით, როცა პოლიტიკური პატიმრების მიმართ ასეთ დემონსტრაციულ, საქვეყნო შურისძიებას აწარმოებს, როცა არანაირი საუბარი არ სურს დეოლიგარქიზაციაზე, სადაც კონკრეტულად წერია, რომ ეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და არა ვიღაც სხვა, აქ არც რაიმეს მოლოდინი არ უნდა გვქონდეს მოქალაქეებს და უბრალოდ თავს ვიტყუებთ.

იმის შემდეგ რაც 5 ივლისს მოხდა თბილისში, ან გარეჯის ოპერაცია როცა დაგეგმეს, როგორ უნდა ეგონოს ადამიანს, რომ ამ ხელისუფლებას დასავლეთის მიმართ ინტერესი შეიძლება ჰქონდეს.

ბელარუსის სპეცსამსახურებთან რომ ხელშეკრულებას გააფორმებ თანამშრომლობაზე, რა ლოგიკით უნდა გეგონოს, რომ ეს ხელისუფლება კონსტიტუციის ერთგულია.

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

ბათუმში და ხუთ მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად, სცენის გამართვისთვის, ნაძვი ხეების შეძენა-მონტაჟისა და ინფრასტრუქტურის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად 5 მილიონამდე ლარი იხარჯება. აქედან ყველაზე მეტი – 4 მილიონამდე ლარი ბათუმის მერიის ხარჯია [მათ შორის 50 000 ლარი აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან თანამონაწილეობაა].

600 000-ზე მეტი ლარი კი აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან დაიხარჯება, შესაბამისი შესყიდვები უკვე გაფორმებულია.

საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმების სამუშაოების შესყიდვაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „აჭარგანათებასთან“ 5 დეკემბერს გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 993 000 ლარია. ამავე კომპანიას, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე, გაუფორმეს ქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შესყიდვა-მონტაჟის სამუშაოები 968 387 ლარად.

2022 წლის 15 დეკემბერს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილს მისწერა, რომ ქალაქის საახალწლო ღონისძიებების ხარჯი 700 000 ლარია და ამ საქმეში თანამონაწილეობა სთხოვა. განათლების სამინისტრო რამდენიმე მომსახურების დაფინანსებას – ჯამში 50 000 ლარის გამოყოფას დაჰპირდა ქალაქის მერს.

ბათუმის მოედანზე საახალწლო ღონისძიების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 53 000 ლარს დახარჯავს ბათუმის სპორტული ცენტრი, შესაბამისი მომსახურება ცენტრმა ტენდერის გარეშე შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

დოკუმენტებში წერია ისიც, რომ ღონისძიება 200 კაცზე გათვლილი ფურშეტით დასრულდება, რისთვისაც 8000 ლარი გაითვალისწინეს. სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, „ფურშეტის მენიუ უნდა შედგებოდეს: 2 სახის კანაპე; მინილობიანი, მინიხაჭაპური, მინიეკლერი, მინიშუ, ხილის ტორტი მარწყვით ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი, შუშხუნა ღვინო ბოკალით.“

ღონისძიება ყინულის სასახლეში იმართება.

ბათუმის კულტურის ცენტრმა საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება 293 000 ლარად შეისყიდა, ხელშეკრულება შპს „ბეტა პრინტს“ გაუფორმეს. კომპანიას საახალწლო კონცერტისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობა-აღჭურვის, აპარატურით მომსახურება, ბანერების დაბეჭდვა, ვიდეორგოლებით მომსახურება, კარვებით უზრუნველყოფა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული სამუშაოები დაუკვეთეს.

რაც შეეხება ხელვაჩაურს – აქ საახალწლო დღეებში ორი კონცერტია დაგეგმილი: 2022 წლის 26 დეკემბერს „ღამის შოუს ბენდი“ იმღერებს, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს, კონცერტი საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება. კონცერტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, მინიმუმ 173 363 ლარი დაიხარჯება.

კონცერტი 30 000 ლარად – ვინ ითხოვს „ღამის შოუს ბენდს“ ხელვაჩაურში?!

მთავრობის განკარგულებით, საახალწლო კონცერტები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 2023 წლის 6 იანვარს ქობულეთში პრემიერის განკარგულებით დაგეგმილი კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 134 891 ლარი, ხოლო ქედაში 198 506 ლარი დაიხარჯება [ქედაში კონცერტი 2023 წლის 3 იანვარს ჩატარდება].

წელს ახალი ნაძვის ხე ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც შეისყიდა. ბათუმის მერიისგან განსხვავებით, ქობულეთმა ნაძვის ხე 145 740 ლარად, ტენდერის გზით იყიდა და არა გადაუდებელი აუცილებლობით. ტენდერი ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით ქობულეთის მერიამ 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

ქობულეთის მერიამ საახალწლო ღონისძიებების მომსახურება 230 200 ლარად შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვა საახალწლო ღონისძიებების მოწყობას 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში ითვალისწინებს.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ხულოს მუნიციპალიტეტმა ყველაზე დაბალ ფასად – 23 000 ლარად შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ამ თანხით საახალწლო აქსესუარები შეისყიდეს. მერიაში გვითხრეს, რომ საახალწლო კონცერტიც ჩატარდება და მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

რატომ არის ხულოში 49 სკოლის დირექტორიდან 43 კაცი

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლაა. 43 სკოლაში დირექტორობის მოვალეობას კაცი ასრულებს, დარჩენილ 6 საჯარო სკოლაში კი – ქალი. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორის მოადგილის ანაზღაურებადი 16 პოზიციაა, სადაც 14 კაცი მუშაობს.

ხულოს საჯარო სკოლის დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა ცხადად ჩანს ოფიციალური სტატისტიკით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე თავად სკოლის დირექტორები.

დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას 2020 წლიდან არკადი ართმელაძე ასრულებს.

„შეზღუდული არ არის არცერთი ქალბატონი, რომ გახდეს დირექტორი. უბრალოდ, არა აქვთ ალბათ სურვილი და ამიტომ. გენდერული თანასწორობაა დღეს. ყველას აქვს ამის [სკოლის დირექტორობის] უფლება და არავინ არ ზღუდავს დღეს ჩვენთან რაიონში და, ზოგადად, საქართველოში [ქალებს].

კი ბატონო, რატომაც არა, ქალებს შეუძლიათ მართონ სკოლები ისე, როგორც კაცებს.

ზოგადად, არ ვიცი და ჩვენს სკოლაში მასწავლებელ ქალებს არ აქვთ დირექტორობის სურვილი. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. არ ვიცი, ალბათ უბრალოდ არ სურთ და ესაა. სხვა რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არის“, – გვეუბნება არკადი ართმელაძე.

იგი ფიქრობს, რომ დაბა ხულოში ბევრი მასწავლებელი ქალი შეძლებს იყოს კარგი დირექტორი.

კითხვაზე, მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორების შეკრებაზე ერთხელ მაინც თუ განუხილავთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ხულოში ძირითადად კაცები არიან სკოლის დირექტორები, იგი ასე გვპასუხობს:

„რთული შეკითხვაა. შეიძლება კი, შეიძლება არა. არ ვიცი, არ მახსოვს“.

არკადი ართმელაძე

სოფელ განახლების საჯარო სკოლაში დირექტორობის მოვალეობას ლიანა ბოლქვაძე ასრულებს.

„რა თქმა უნდა, ვხედავ გენდერულ უთანასწორობას [ხულოს კაც და ქალ დირექტორებს შორის], მაგრამ ეს რამ გამოიწვია არ ვიცი“, – ამბობს ის.

ლიანა ბოლქვაძის თქმით, სკოლის დირექტორების შეკრებებზე სკოლის დირექტორებს შორის გენდერულ უთანასწორობაზე არც ერთხელ არ უმსჯელიათ, მაგრამ „ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სადაც ქალი დირექტორები არიან, იქ უფრო უკეთესადაა საქმე. ამას ამბობენ თვითონ კაცი დირექტორები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სხვა თანამშრომლებიც. მუნიციპალიტეტში, მერიის წარმომადგენლებისგანაც რამდენიმეჯერ მსმენია ეს“, – გვითხრა მან.

ლიანა ბოლქვაძე იხსენებს, რომ როცა პირველად გახდა განახლების საჯარო სკოლის დირექტორი, ძალიან ეშინოდა, მაგრამ შეძლო ყველა გამოწვევას გამკლავებოდა.

„საკმაოდ კარგი მასწავლებლების გუნდი ჰყავს ხულოს მუნიციპალიტეტს. წარმატებული მასწავლებელი ქალები ასწავლიან სკოლებში, ტოლს არ დაუდებენ ნებისმიერ კაცს“, – ამბობს ის.

იგი ფიქრობს, რომ ხულოში პედაგოგი ქალები, რომლებსაც აქვთ სათანადო გამოცდილება და კომპეტენცია, სკოლის დირექტორობისგან, შესაძლოა, თავს იკავებდნენ მაღალმთიან აჭარაში განსაზღვრული ქალის როლის გამო.

„ქალს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს სახლში. როცა ხარ ქალი დირექტორი, ზოგჯერ საკუთარი ოჯახი გვერდზე უნდა გადადო, იმიტომ, რომ უამრავი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გაკისრია.

პირადად მე, პირველ რიგში, ოჯახმა შემიწყო ხელი. მათი თანადგომით ვმართავ ამდენი წელია სკოლას. ჩემს ოჯახს ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ პირველი საქმე რაც მე უნდა მეკეთებინა – არ უნდა მეღალატა ჩემი სკოლისთვის.

ნამდვილად ვერ შევძლებდი მუშაობას, ოჯახი რომ გვერდით არ მყოლოდა და ალბათ, ეს უშლით ხელს ქალებს, რომ სკოლის ხელმძღვანელები გახდნენ.

ლიანა ბოლქვაძე

ოჯახური მდგომარეობა… ეს მაღალმთიანი აჭარაა და სოფლებში ქალებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. სხვა მხრივ, არც განათლებით, არც შესაძლებლობებით არ დაუდებენ ტოლს პედაგოგი ქალები არც ერთ პედაგოგ კაცს“.

ლიანა ბოლქვაძე თვლის, რომ ქალი დირექტორების რიცხვი კაცი დირექტორების რიცხვს რომ გაუთანაბრდეს, ამ თემის ხშირად განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია:

„შეხვედრებია საჭირო მასწავლებელ ქალებთან, რომ რაღაც მოტივაცია ჰქონდეთ და ისინიც გახდნენ დირექტორები“ – ამბობს ის.

„არა მგონია სადმე იყოს განსხვავება… თანაბარია [ქალი და კაცი დირექტორების რაოდენობა] მე ვფიქრობ, არა მარტო ხულოში, ზოგადად“, – გვითხრა დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორმა იოსებ შავაძემ, რომელიც უკვე 12 წელია სკოლის დირექტორია.

ჩვენ მას ხულოში სკოლის დირექტორების გენდერული სტატისტიკა გავაცანით. იოსებ შავაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა ამ სტატისტიკის მიზეზი:

„ნამდვილად ვერ გეტყვით რატომაა ასე. არის ტენდენცია, რაც მე ვმუშაობ, ქალი დირექტორების რაოდენობა თანდათან იზრდება.

ადრე მასწავლებლების უმრავლესობა სკოლებში კაცები იყვნენ და ახლა პირიქითაა. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ და ვაკვირდები, ქალბატონები უფრო არიან პედაგოგები, ვიდრე მამაკაცები და რადგან მეტნი არიან, თანდათანობით, ალბათ ქალი და კაცი დირექტორების რაოდენობა გათანაბრდება და მომავალში, შესაძლოა, სკოლის დირექტორი ქალები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე კაცები“.

მისი თქმით, დიდაჭარის სკოლას ჰყავს მასწავლებლები, რომლებიც კარგი დირექტორები იქნებიან და ვარაუდობს, რომ დირექტორების მომდევნო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

იოსებ შავაძე თვლის, რომ სკოლის დირექტორებს დიდი პასუხისმგებლობები აქვთ, რაც მათ ხელფასთან შესაბამისობაში არ არის.

„მასწავლებლებმა დირექტორობის სურვილი შესაძლოა არ გამოთქვან იმიტომ, რომ უკეთეს ანაზღაურებას მიიღებენ პედაგოგიური მოღვაწეობით. თუ მასწავლებელი იქნება სერტიფიცირებული, მაღალი სტატუსის მქონე, მიიღებს დანამატს. დირექტორებს, როგორც წესი, ვთქვათ, საათობრივი დატვირთვა შეზღუდული აქვთ“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლებს დარჩებათ მეტი თავისუფალი დროც და არ მოუწევთ სკოლაში გვიან ღამემდე, ხანდახან კი მთელი ღამით დარჩენა.

„ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რაღაც სირთულეებთან იყოს დაკავშირებული [ქალისთვის დირექტორობა], ვთქვათ, მკაცრი ზამთრის გამო. შეიძლება უკეთესად ხედავდეს სიტუაციას კაცი, ვიდრე ქალბატონი, მკაცრი ზამთრისას.

სხვა დანარჩენი, არაფერი სირთულე არ არის და თანაც, ჩვენ ხშირად გვაქვს შიდა საუბრები. გვყავს გამოცდილი დირექტორი ქალები. წამოვიდნენ ახალგაზრდა [ქალი] დირექტორებიც.

ვეუბნები – „გამრავლდით“. ეს არის მათთვის სტიმულის მიცემა ჩემგან და სკოლის სხვა დირექტორი კაცებისგანაც, მაგრამ რომ ამბობდნენ ქალები, რომ აი, ვთქვათ – „ჩვენ ცოტა გვიჭირს რაღაცები, პრობლემებია [რადგან ქალები ვართ] და ამის გამო ვერ ვბედავთ, არ გვაქვს სურვილი ვიყოთ დირექტორები“ – ასეთ პრობლემებზე არ მომისმენია“, – ამბობს ის.

იოსებ შავაძე

სოფელ წაბლანას საჯარო სკოლის მოვალეობის შემსრულებელი 2004 წლიდან გულნარა შაინიძეა.

„შესაძლოა ჩემს თავზე არ ვთქვა, მაგრამ სხვა დირექტორ ქალებზე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივად მართავენ [სკოლებს] და ხშირად, ხაზგასმით ვამბობ, სადაც ქალია დირექტორი, უფრო დალაგებულია სიტუაცია. ვთქვათ, ხმამაღალი ტონის გარეშე რეგულირდება ბევრი რაღაც და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს.

ქალ და კაც დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა მართლაც არის. ვხედავთ, ეს რეალური ციფრებია და ასე არ უნდა იყოს. ბევრი ქალი უნდა გააქტიურდეს“, – ამბობს გულნარა შაინიძე.

გულნარა შაინიძე

იგი ფიქრობს, რომ ხულოში მასწავლებელ ქალებს, იმისათვის, რომ გახდნენ დირექტორები, აფერხებთ „ტრადიციული“ მიდგომები ქალების მიმართ, რომ მაგალითად, შუადღის შემდეგ ქალი აუცილებლად სახლში უნდა იყო და ასევე, ზოგადად დირექტორის პასუხისმგებლობების აღება. მისი თქმით, თავად მას ძალიან უწყობს ოჯახი ხელს.

„დირექტორი ქალების რიცხვი დირექტორი კაცების რიცხვს რომ გაუტოლდეს, ამ თემაზე მეტი საუბარია საჭირო. ვთქვათ, სკოლებში ადგილზე მისვლით, შეხვედრები რომ მოეწყოს, რაღაც ფორმით მოხდეს. შეიძლება ტრენინგებიც ჩავატაროთ“, – ამბობს გულნარა შაინიძე.

______________________

ფოტოზე: სკოლის დირექტორების შეკრება ხულოში. 2019 წელი.

ამავე თემაზე:

რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი ­- გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში

„აჭარლებო, მაგრად არ მევასებით“ – როგორ იმუშავეს ტროლებმა ხანძრის ღამეს კრიტიკის გადასაფარად

„ტროლინგის მიზანი არის, გაავრცელოს არასწორი საინფორმაციო დისკურსი, რადგან ხელისუფლებას არ უნდა ვინმემ რაიმე ტიპის დღის წესრიგი გარედან შესთავაზოს. ამიტომ ის ყოველმხრივ ცდილობს, პროაქტიულად შექმნას თავისი დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეფუძნება ტროლებს“, – ასე ხსნის ჟურნალისტი, მედია მკვლევარი ზვიად ქორიძე მიზეზს, თუ რატომ ცდილობენ ტროლები მნიშვნელოვანი დისკუსიების ჩაშლას.

თუ სოციალურ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ სადაც კი მნიშვნელოვანი თემების განხილვა იწყება, იქ აუცილებლად ჩნდებიან ე.წ. ტროლები და ამ დისკუსიის ჩაშლას ცდილობენ. ხშირ შემთხვევაში შლიან კიდეც.

„ბათუმელები“ ამ სტატიაში გამოცემის ფეისბუქგვერდზე, 18 დეკემბრის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს გიზიარებთ.

18 დეკემბერს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე განთავსებული რესტორანი დაიწვა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აქრობდნენ.

“ბათუმელები“ ხანძარს და მის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ფეისბუქლაივის ქვეშ ხანძრით შეშფოთებული მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს ტოვებდნენ.

„სად არის მთავრობა? ვერტმფრენს რატომ არ გამოუძახეს? უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ ეცოდებათ ხალხი, რას შველის ეს სახანძროები“

„ასე ხომ შეიძლება მოედოს მთელ უბანს, რას ელოდებიან, სეირს უყურებენ? იმედია არავინ დაშავდება“

„ვერტმფრენები სადაა, ვერტმფრენებით რომ ჩააქრონ“

„ამხელა კორპუსების მშენებლობის უფლებას რომ აძლევს ხელისუფლება, რატომ არ ყიდულობენ შესაბამის ტექნიკას, რატომ?“

„ღმერთო, დაუჯერებელია, რა ხდება. ამდენი მაღალი შენობა ღმერთის იმედადაა და არანაირი ტექნიკა, მომარაგება არ აქვს ქვეყანას, ქალაქებს, ღმერთო“

„ლეოგრანდის დაწვის შემდეგ მაინც უნდა მიეღოთ საჭირო ზომები ასეთი სიტუაციებისთვის“, „მერი წვიმას ელოდება“, – ასეთი იყო ლაივის ქვეშ დაწერილი კომენტარების დიდი ნაწილი.

საერთო ჯამში, ხანძრის ლაივზე 3 ათასზე მეტი კომენტარი დატოვეს მოქალაქეებმა.

ლაივის ჩართვისა და მოქალაქების აქტიურობიდან მოკლე ხანში ლაივის ქვეშ ტროლები გამოჩნდნენ და მოქალაქეების ყურადღების გადატანა სცადეს.

„სიმინდი, სიმინდიი“, „რამ დარირო, რიმდარირო“ – ამ და  მსგავსი კომენტარებით ცდილობდა ერთ-ერთი ტროლი დისკუსიაში დისონანსის შემოტანას. მას შემდეგ, რაც მოქალაქეები არ აყვნენ, ლაივზე ახალი ტროლი გამოჩნდა.

„ვყიდი 3 ძროხას ჭიათურაში“, „3 ჯიშიანი ძროხა ხალხო“, „ვყიდი სამ ჯიშიან გერმანულ ბოჩოლას ჭიათურაში, დეტალები პირადში“, – ტროლ ექაუნთი სახელით Natashka Natashka არაერთგზის შეეცადა დისკუსიის მიმდინარეობის შეცვლას.

სქრინი “ბათუმელების” ფეისბუქ ლაივიდან

მას შემდეგ, რაც არც ამან იმუშავა და ხალხი ისევ წერდა საქმიან კომენტარებს – კითხულობდნენ, სად იყო ვერტმფრენი, რატომ ვერ აქრობდნენ ხანძარს, ტროლებმა ახალი თემის შემოტანა და ხანძართან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავშირება სცადეს.

ბოლოს, როცა არც ამაზე არ ჰქონიათ მოქალაქეებს რეაქცია, დისკუსიაში გაჩნდა ახალი ტროლი სახელით Norman Norman, რომელმაც დაწერა: „აჭარლებო, მაგრად არ მევასებით, რაღაცნაირი ხალხი ხართ, სოხუმლები გჯობიათ“.

სქრინი “ბათუმელების” ფეისბუქ ლაივიდან

განსხვავებით წინა ტროლებისგან, ამ კომენტარის ავტორ ტროლს „გაუმართლა“ – მის კომენტარს მოქალაქეები გამოეპასუხნენ და საკმაოდ აგრესიულადაც. თანდათან დისკუსია, რომლის მთავარი შინაარსი ხანძარი, სახანძრო უსაფრთხოება და ხელისუფლების უმოქმედობა იყო, ნაწილობრივ შეიცვალა – წინამორბედებისგან განსხვავებით, ამ ტროლმა მიზანს მიაღწია.

რაც არ უნდა მოაწყო, იმ ინფორმაციას ვერ წაშლი, რომ მაღალსართულიანი კორპუსის სხვენზე რესტორანი დაიწვა. ამას ვერ დამალავ, მთელი ქალაქი უყურებდა როგორ იწვოდა ეს შენობა. მაშინ რატომ გამოიყვანეს ტროლები და რატომ სცადეს დღის წესრიგის შეცვლა? ამ შემთხვევაში არა ვიღაცის წინააღმდეგ მოქმედება იყო ამ ტროლების ამოცანა, ამ ტროლების ამოცანა იყო დღის წესრიგი შეგვეცვალა. ისინი შეეცადნენ შემოეტანათ თემები, რომლებიც გადაფარავდა კითხვებს – თუ რამდენად კორუმპირებულია ადგილობრივი მმართველობა, ვის აქვს ეს შენობა აშენებული, რა პირობით აქვს გადაცემული, სახანძრო უსაფრთხოების წესები როგორ არის დაცული, ზოგადად უსაფრთხოების რა მექანიზმები არსებობს.

ბევრი ასეთი საკითხი გამოვიდა წინა პლანზე, როდესაც ეს ხანძარი გაჩნდა,“ – ამბობს მედია მკვლევარი ზვიად ქორიძე.

19 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, გიორგი კირთაძეს, ქუჩაში იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.

მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე, ხანძარს, ტროლებსა და გიორგი კირთაძეზე თავდასხმას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს და ამბობს, რომ ენმ-ის რეგიონულ ლიდერზე თავდასხმა ხანძრის ირგვლივ გაჩენილი დისკუსიის გადასაფარად მოხდა.

„ჰიპოთეტური ტროლია, უბრალოდ სახელი-გვარი ჰქონდა მას, ვინც მეორე დღეს რატომღაც მიუვარდა ენმ-ის ლიდერს ბათუმში და ფიზიკურად გაუსწორდა.

რატომ გააკეთა ეს? იმიტომ, რომ საზოგადოებრივი დისკუსია სხვა მიმართულებით წასულიყო.

მთავარი თემა იყო ხანძარი, არა როგორც ხანძარი, არამედ ხანძარი ყველა მისი წინარე ისტორიებით, ყველა მისი მიმდინარე პროცესით და რა კითხვებიც გაჩნდა საზოგადოებაში, ყველა აქტუალური იყო.

მაგრამ ეს უნდა გადაფარო, რადგან თუ ეს დომინანტური კითხვები გაჩნდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ზარალდება ხელისუფლება. იმისათვის, რომ ხელისუფლება არ დაზარალდეს, თავად ხელისუფლება რთავს აი, ამ ტროლების მექანიზმს და იღებს კიდევაც გარკვეულ შედეგს. შეიძლება ისეთი ტიპის დისკუსია წამოვიდეს, რომელმაც იმწუთას ყურადღება გაუფანტოს აქტიური საზოგადოების რაღაც ნაწილს და გადაიყვანოს სხვა რელსებზე. ტროლის მიზანიც ეს არის, ამისთვის არსებობს.

ეს ხომ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული და მანიპულაციური მანქანაა. ტროლინგის მიზანი არასწორი საინფორმაციო სადისკუსიო დღის წესრიგის გავრცელებაა,“- ამბობს ზვიად ქორიძე.

მედია მკვლევარის თქმით, ტროლების მეშვეობით მთავრობა დღის წესრიგს პროაქტიულად ქმნის, რადგან „ხელისუფლებას არ უნდა, რაიმე ტიპის დღის წესრიგი ვინმემ გარედან  შესთავაზოს და თვითონ ჩადგეს თავისმართლების რეჟიმში“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტროლები ხელისუფლებისგან იმართება, მედია მკვლევარი ფინანსებზე მიუთითებს.

„ტროლების შესანახად არის დიდი ფინანსები საჭირო. ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე უფრო მეტად ეს შედის ხელისუფლების ინტერესებში. ხელისუფლებას შეუძლია ასეთი მექანიზმების მართვა.

[ხელისუფლებისთვის] პრობლემაა ქვეყანაში საზოგადოებრივი დისკუსიების არსებობა. რადგან მერე ხელისუფლებას უწევს ამ განწყობებისთვის ანგარიშის გაწევა,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ვინ არიან ტროლები და რას საქმიანობენ

ტროლი არის სოციალურ ქსელში ანონიმურად მოქმედი ანგარიში, რომელიც რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს. არსებობს მათი ორი კატეგორია. პირველი, ვინც მეტი დამაჯერებლობისთვის სხვა ადამიანის იდენტობას იპარავს – რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა სახელის და გვარის მქონე ადამიანის ფოტოებს იყენებს თავის პროფილზე. მეორე კატეგორია, რომელიც მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას მალავს.

„რაც უფრო ზრუნავს ტროლი თავისი პროფილის შექმნასა და იდენტობის ჩამოყალიბებაზე, ნდობის მოპოვებაზე, მით უფრო რთულია მისი, როგორც ტროლის ამოცნობა. თუ პროფილის სახელად მხოლოდ „გიო გიო“ უწერია, პირად ფოტოებს არ აქვეყნებს, ან მხოლოდ ყვავილებისა და ჩიტების ფოტოები აქვს გამოქვეყნებული, დამატებით, თუ მოწონებული აქვს კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებული გვერდები და ამასთან, ვინმეს მხარდამჭერ ან მადისკრედიტებელ კომენტარებს ტოვებს, ამ დროს უფრო ადვილად შეგვიძლია მივხვდეთ, რომ საქმე ყალბ ანგარიშთან გვაქვს.

მაგრამ როცა ისეთი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ ნამდვილი ადამიანია ამ ფოტოებზე, პოსტებზე აქვს კომენტარები, ლაიქები, ჰყავს ბევრი მეგობარი, ხშირად აზიარებს სხვადასხვა ფოტოს და ჩექინდება სხვადასხვა ადგილიდან, ეს ჩვეულებრივ მომხმარებელს არ უჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს ყალბი ანგარიში. ხშირად ეს იმის გამოც ხდება, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყოველთვის არ გვაქვს დრო ყველა დეტალს ჩავუღრმავდეთ და ყველა საეჭვო კომენტარის ავტორის პროფილები გავაანალიზოთ,“. – ამბობს ანი ქისტაური, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი.

ანი ქისტაური

მისივე თქმით, ამ ფაქტორით ხშირად ბოროტად სარგებლობენ ყალბი ანგარიშები და ცდილობენ ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალონ.

„ცდილობენ დისკუსია ჩაშალონ, საღი აზრი ჩაახშონ ან არსებული პრობლემისგან ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ხშირად ტროლები ცდილობენ, შექმნან იმის ილუზია, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ და ამით სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებს აბრკოლებენ, ხელს უშლიან, რომ მათგან განსხვავებული აზრი დააფიქსირონ,“ – ამბობს ანი ქისტაური.

როგორ შლიან ტროლები საზოგადოებრივ დისკუსიებს

„ტროლები რატომ არსებობენ? იმიტომ არსებობენ, რომ დისკურსები შეცვალონ. ტროლები არსებობენ იმიტომ, რომ ის, რაც არის მნიშვნელოვანი აქცენტები, რაზეც შეიძლება საზოგადოება ბჭობდეს და ის, რაც საზოგადოების განვითარებას ემსახურება – დაანგრიონ,“ – ამბობს მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე და იქვე განმარტავს, თუ რატომ ცდილობენ ტროლები საზოგადოებრივი დისკუსიების ჩაშლას.

„ტროლი შედის იმ ჯგუფების ან ინსტიტუციების ინტერესებში, ვისაც უნდა, რომ საზოგადოებრივი დისკუსიები არ შედგეს. საზოგადოებრივი დისკუსია იწვევს მოქალაქეების გააქტიურებას, მოქალაქეების მობილიზებას, საზოგადოებრივი დისკუსია იწვევს ჯანსაღ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესს. ბუნებრივია, ამ დისკუსიების ჩაშლა ვის ინტერესებშიც შედის, ის ქმნის ამ ტროლებს, უშვებს საჯარო სივრცეში და იწვევს საკომუნიკაციო ველის მოშლას, მონგრევას.

იმიტომ, რომ აჩენს პარალელურ მოძრაობებს, აჩენს ეჭვებს, აჩენს სკეპტიციზმს იმ საკითხების მიმართ, რაზეც საზოგადოება უკვე მეტ-ნაკლებად თანხმდება. ტროლი კი არის დესტრუქციული.

ეს არის აპრობირებული ტექნოლოგია, ამაზე მუშაობს ძალიან ბევრი ინსტიტუტი, შედეგსაც აღწევენ გარკვეულწილად, რადგან ხშირ შემთხვევაში ტროლების მიერ ამოყირავებული სადისკუსიო მაგიდა მერე ხდება მეინსტრიმული.

შედეგად ეს უფრო მეტ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყოფ მოქალაქეებზე. მერე გადაწყვეტილება ან საერთოდ აღარ მიიღება, ან მოქალაქეები ხდებიან უფრო მეტად ინერტულები და უფრო მეტად პესიმისტურად განწყობილები იმ კონკრეტული საკითხის მიმართ,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძე

მედიამკვლევარი იხსნებს ტროლების ბოლო „ნამუშევარს“ – ე.წ. „აბა, ომი გინდათ“ დისკურსს, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დისკუსია, რომელიც ახლა მიდის ქართულ საზოგადოებაში, ეფუძნება ტროლების მიერ შექმნილ დისკურსს, რომელსაც მერე დაეშენა პოლიტიკური დღის წესრიგი. „ომი გვინდამ“ იმდენად შეცვალა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დღის წესრიგი ამ ტროლების აქტიურობით, რომ პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი დაეშენა ამ მოგონილ თემას.

თემა აბსოლუტურად მოგონილია. რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რა მასშტაბის პროცესები მიდის ახლა უკრაინაში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ამ ომზე. ომზე, როგორც ომზე და ომზე, როგორც პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პროცესზე.

რას ცვლის ეს ომი არა მხოლოდ უკრაინაში ან რუსეთში, ან პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში. იცოდეს, რატომ უნდა იყოს ჩართული ამ ომის დღის წესრიგში, როგორ უნდა ხედავდეს თავს, როგორც საომარ პროცესში და ასევე პოლიტიკურში. იმიტომ, რომ ამ ომის შედეგად აბსოლუტურად იცვლება არამხოლოდ ევროპის პოლიტიკური რუკა , არამედ იცვლება აქცენტებიც. იცვლება პოლიტიკური ალიანსები, იცვლება დღის წესრიგი ამ სახელმწიფოების და ა.შ. შენ უნდა ხედავდე შენს ადგილს აი, ამ ცვლილებათა ნაკადში.

ამ დროს ტროლებმა საზოგადოებას შესთავაზეს დისკურსი – რომ ვინც აი, ამ პროცესში გამოხატავს ლოიალობას უკრაინელების მიმართ ან თავის სიმპათიას, დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, იმათ უნდათ ომი. ქვეყნის ომში ჩართვა.

როგორც  კი ეს თემა დამუშავდა, მომენტალურად წამოვიდა პოლიტიკური დღის წესრიგი – რომ „ომი გვინდა“.

რა თქმა უნდა, ამას ღიად არ ამბობს მმართველი ელიტა, ისინი არიან გაყურსულები. ამბობენ, რომ ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი, ვინც ქმნის ამ მოსაზრებებს, საზოგადოებრივ აზრს, ისინი მთლიანად არიან ტროლები, ბოტები და ისინი აჯერებენ საზოგადოებას.

ტროლინგის საუკეთესო მაგალითია „ხალხის ძალა“, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყალიბდება ნელ-ნელა, როგორც პოლიტიკური ძალა და აბსოლუტურად ტროლინგზეა აწყობილი: ისეთ დღის წესრიგს სთავაზობს საზოგადოებას ნდობის მოსაპოვებლად, რომელიც ტყუილია.

ეს იმდენად კვალიფიციურად მომზადებული ტყუილია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია სიმართლედ,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

მარიუპოლში მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი გათხარეს – AP

მარტის დასაწყისიდან დეკემბრამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი გათხარეს – ძირითადად „სტარი კრიმის“ სასაფლაოზე. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ (AP) თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სასაფლაო, მთლიანობაში, 51 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაფართოვდა, ხოლო დრონიდან გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ რუსმა სამხედროებმა საფლავების გასათხრელად მძიმე ტექნიკა გამოიყენეს.

რაც შეეხება საფლავებს, ზოგ მათგანზე ხის ჯვარია გარდაცვლილთა სახელით, თუმცა ძირითადად საფლავებზე მხოლოდ პატარა ბანერზე დაწერილი ნომრები გვხვდება. ზოგ საფლავზე ერთ ნომერზე მეტია. გამოცემის ცნობით, ეს მიანიშნებს, რომ მათში ერთზე მეტი ადამიანი შეიძლება იყოს დამარხული.

„სტარი კრიმის“ სასაფლაო 29 მარტს და 30 ნოემბერს. წყარო: AP

AP-ის ანალიზის თანახმად, ერთი საფლავისთვის, საშუალოდ, ექვსი კვადრატული მეტრი ფართობია გამოყენებული. ეს მაჩვენებელი ჟურნალისტებმა სასაფლაოს კონკრეტულ ზონებში საფლავთა რაოდენობის დათვლით მიიღეს.

სამი ექსპერტი, რომლებიც სამხედრო დანაშაულის გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი, ამბობს, რომ შეზღუდული ინფორმაციისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, ანალიზი საფუძვლიანია. როლანდ უესინგი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში საფლავების გათხრაში მონაწილეობდა, ხაზს უსვამს, რომ საფლავების რაოდენობა შეიძლება არ ემთხვეოდეს მოკლულთა რაოდენობას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ არ შეუძლია დაადგინოს გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი. თუმცა ამატებს, რომ უკრაინის სხვა ტერიტორიაზე ექსჰუმირებული სასაფლაოების შემთხვევაში თითო საფლავში ერთზე მეტი ადამიანი იყო დამარხული, ხოლო ბევრს ძალისმიერი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდა.

გარეკანის ფოტოზე: უკრაინულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაო


რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მარიუპოლში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა. მარიუპოლი ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

იხილეთ აგრეთვე:

მოსამართლემ კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაუშვა – სავსე დარბაზი ალტ-ინფოს პარტიის წევრებით

„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორედ აღარ განმეორდება“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს კაცმა, რომელმაც ქუჩაში, კამერების წინ, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა და ხელი დაარტყა.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულ იოსებ სირაბიძე გირაოს – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, მიზანშეწონილია ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

„მან თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, – თქვა ადვოკატმა დავით საფარიძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ არის.

„ის არ არის მიდრეკილი ძალადობისკენ, მისთვის მიუღებელია დევნა“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით საფარიძემ. მან ბრალდებულის გათავისუფლება გირაოს – 3 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვა.

მოსამართლემ პრაქტიკულად გაიმეორა ის, რაც ადვოკატმა თქვა.

სასამართლო დარბაზი დღეს სავსე იყო პრორუსული „ალტ- ინფოს“ „კონსერვატიული პარტიის“ აქტივისტებით. ერთ-ერთი მათგანი აპირებდა ტაში დაეკრა მოსამართლისთვის, თუმცა ის მანდატურმა შეაჩერა. მათ გვითხრეს, რომ ბრალდებული სირაბიძე არ არის კონსერვატიული მოძრაობის წევრი, მაგრამ არის მათი აქტივისტი.

სასამართლოსთან შეკრებილებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ალტ-ინფოს „კონსრევატული პარტიის“ წევრები და აქტივისტები არიან

——————–

გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ, თავს დაესხნენ – კვერცხები ესროლეს და ხელი დაარტყეს. შემთხვევა 19 დეკემბერს ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა.

20 დეკემბერს თავდამსხმელი დააკავეს. ბრალდებული იოსებ სირაბიძეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ელოდება დაჯარიმება სისხლის სამართლის წესით, შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე. 

ბათუმის მერი ამბობს, რომ მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე 25 დეკემბერს ლამაზი იქნება

„რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა“ – წერენ მოქალაქეები ფეისბუქში ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით. ნაძვის ხე იმ ვიზუალით, როგორც ის ახლა გამოიყურება, მოქალაქეების ნაწილს არ მოსწონს და წერენ, რომ ეს არ არის ნაძვის ხე, რომელიც მათ ფეისბუქზე, ბათუმის მერიის გვერდზე შეარჩიეს.

უკვე დასრულდა ნაძვის ხის აწყობა, თუ მას კიდევ უნდა დაემატოს დეტალები? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ამ დრომდე არ უპასუხა.  აქ დაგვპირდნენ, რომ გვიპასუხებდნენ, შემდეგ კი ტელეფონს არ უპასუხეს.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქობულეთის ნაძვის ხე უფრო მოსწონთ, რომელიც გაცილებით დაბალ ფასად – 145 750  ლარად იყიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა.

საახალწლო ნაძვის ხეები ბათუმსა და ქობულეთში

დასრულდა თუ არა ნაძვის ხის მონტაჟი და არის თუ არა ეს მისი საბოლოო ფორმა, ამაზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კომენტარი გაავრცელა.

მერი 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე ეპატიჟება მოქალაქეებს და ამბობს, რომ ამ დღეს ნაძვის ხე ევროპის მოედანზე ლამაზი იქნება.

„ბათუმის მუნიციპალიტეტში საახალწლო განწყობას, ისევე როგორც ნაძვის ხის იმ სილამაზეს, ასევე საახალწლო დღეების დადებითი განწყობით წარმართვას, ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს.

რაც იქნა არჩეული საზოგადოების მიერ, სწორედ იმ მომწოდებლის მიერ იქნა დამზადებული ნაძვის ხე.

მერწმუნეთ, 25 რიცხვში მობრძანდით ყველანი, ერთად დავდგეთ და ავანთოთ ნაძვის ხე, რომელიც იქნება ძალიან ლამაზი, განახლებული და საახალწლო განწყობაც იქნება ძალიან ამაღლებული, დარწმუნებული იყავით“.

ნაძვის ხე, რომელიც მერიამ სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგად შეარჩია – მერის თქმით, სწორედ ეს ნაძვის ხე შეისყიდეს.

ახალი ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

„ბოლოს რომ ვნახე, ჯანმრთელი კაცი იყო“ – ევროპარლამენტარი სააკაშვილზე

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს და ამბობს, რომ როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლოს ნახა, „იგი ჯანმრთელი ადამიანი იყო“.

„ახლა იგი ასე გამოიყურება, ქართულ ციხეში ერთ წელიწადზე ოდნავ მეტის გატარების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის და ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“.

ფონ კრამონმა პოსტს ორი ფოტო დაურთო: პირველი მისი და სააკაშვილის შეხვედრიდან 2021 წლის ივნისში, მეორე კი სააკაშვილის დღევანდელი ჩართვიდან სასამართლო პროცესზე.

ვიოლა ფონ კრამონი აქტიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ბოლო წლებში „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იგი სააკაშვილს აკრიტიკებდა და როგორც თავად ამბობს, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება გაუხარდა.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ვადები კიდევ გახანგრძლივდა

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

შესაბამისი ცვლილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა. ამ ცვლილებამდე ეს ბოლო ვადა 2022 წლის 31 დეკემბერი იყო.

ამასთან, ახალი ცვლილებით, „საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“.

ცვლილებამდე ეს ბოლო ვადაც 2022 წლის 31 დეკემბერი იყო.

ამ თემაზე არქივიდან:

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ვადები გახანგრძლივდა

რუსეთში კრეისერ „კუზნეცოვზე“ ხანძარი გაჩნდა

რუსული მედიის ცნობით, დღეს, 22 დეკემბერს, ხანძარი გაჩნდა რუსეთის ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვზე“.

გავრცელებული ინფორმაციით, კრეისერი მურმანსკში იდგა და არემონტებდნენ.

რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, მოხდა 20 ადამიანის ევაკუაცია და მსხვერპლი არ ყოფილა.

_____________

ფოტო: tass.ru

რუს მობილიზებულებს ბელარუსი სამხედროებიც წვრთნიან – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 22 დეკემბრის მონაცემები რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მინსკში შეხვედრასა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობაში როლების შემოტრიალებას მიმოიხილავს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ახლახან შეასრულეს მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო ფრთხილი როლი ათასობით ახლადმობილიზებული რუსი რეზერვისტის მომზადებაში.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ბელარუსში თავისი შენაერთების განთავსების გარდა რუსეთი სარგებლობს ბელარუსის სამხედრო ტრენერებითაც, მიუთითებს სამხედრო თანამშრომლობაში როლების შემოტრიალებაზე: ტრადიციულად რუსეთი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს განიხილავს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვემდებარეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს  ნაწილობრივ გამოასწოროს თავის არმიაში სამხედრო ტრენერების ნაკლებობა, რომელთაგან ბევრი უკრაინაში იბრძვის ან უკვე დაიღუპა.

ეს კი რუსეთის სამხედრო სისტემის გადატვირთვაზე მიუთითებს.

_____

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა უკრაინის ომთან დაკავშირებულ ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ ანგარიშში ის წერდა, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, სადაც გასულ კვირას „ვაგნერის“ ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს.

დაზვერვის გუშინდელი შეფასებით, ფართო მასშტაბის ბრძოლები დასახლებულ არეალში მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს კარგად გაწვრთნილი მეთაურებით. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტიპის ბრძოლები აწყობდეთ ცუდად გაწვრთნილ „ვაგნერის“ მებრძოლებს და რუსული არმიის მობილიზებულ რეზერვისტებს.

სოლიდარობის აქცია უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად – „ერთი საათი უკრაინისთვის“

21 დეკემბერს, ღამით, მსოფლიოს მრავალ ქალაქში გაიმართა სოლიდარობის აქცია სახელწოდებით „საათი უკრაინისთვის“.

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს 60-ზე მეტ ცნობილ ადგილას განათება ერთი საათის განმავლობაში ჩააქრეს. მათ შორის: რომის კოლიზეუმში, სიდნეის ოპერის თეატრში, ევროპარლამენტის შენობაში, ბრიუსელში, შოტლანდიის პარლამენტში – ედინბურგში, პარიზის და პორტოს მერებში, გათიშეს ნიუ იორკის მთავარი ნაძვის ხეები როკფელერის ცენტრთან და ლონდონში – ტრაფალგარის მოედანზე, ასევე პრაღაში, რიგაში, სოფიაში და ა.შ.

კამპანიის მიზანია 10 მილიონი დოლარის შეგროვება პლატფორმა United24-ის მეშვეობით. ეს თანხა უკრაინაში საავადმყოფოებისთვის 1000 გენერატორის შესყიდვას მოხმარდება. კამპანიის ორგანიზატორების თქმით, ბოლო დროს უკრაინელ ექიმებს რუსული დაბომბვის შედეგად ქვეყნის ენერგეტიკული სტრუქტურის დაზიანების გამო ფანრებით უწევთ ოპერაციების ჩატარება.

ბრიუსელი, სოლიდარობის ნიშნად ჩაბნელებული ევროპის საბჭოს შენობა. ფოტო: შარლ მიშელი/twitter
ნიუ იორკი, როკფელერის ცენტრი. ნაძვის ხე უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩააქრეს. ფოტო: EPA-EFE/Peter Foley

United24 პლატფორმა ამოქმედდა 2022 წლის 2 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ბრატისლავაში GLOBSEC უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის დროს. ეს პლატფორმა აგროვებს შემოწირულებებს სამ სფეროში: თავდაცვისა და განაღმვის, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის მიზნით.

______________________

მთავარ ფოტოზე: ჩაბნელებული კიევი. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

რიჟვაძე 6 საბავშვო ბაღის აშენებას აანონსებს – აქედან 3 ბაღი უკვე აშენებული უნდა იყოს

„აშენდება 6 ახალი ბაღი ბათუმის მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრისას.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის ბიუჯეტი უკვე 300-მილიონიანი გახდა და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი.

თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, რომ იმ 6 საბავშვო ბაღიდან, რომელთა აშენებაც გაისად იგეგმება, 3 ბაღი წელს უნდა აშენებულიყო.

ბათუმში 2022 წელს 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა ვერც ერთი ვერ აშენდა, იმის მიუხედავად, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი იყო გამოყოფილი.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღში ჩარიცხვის რიგშია 842 ბავშვი.

აჭარის მთავრობის წინა სხდომაზე, 29 ნოემბერს, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „განვაახლებთ ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას“. საუბარია იმ ყინულის მოედანსა და საცურაო აუზზე ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობამ 29 მილიონი ლარი უკვე დახარჯა, ადგილზე კი არც ყინულის არენაა მოწყობილი და არც აუზი. ეს პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

აჭარის მთავრობის სხდომები ისევ დახურულ რეჟიმში ტარდება. ჟურნალისტებს მთავრობის სხდომაზე დასწრება მხოლოდ სხდომის გახსნის ეტაპზე შეუძლიათ. ამ დროს თორნიკე რიჟვაძეს პირდაპირი ჩართვა აქვს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. თორნიკე რიჟვაძისთვის კითხვების დასმა მთავრობის სხდომაზე ან მისი დასრულების შემდეგ, ძირითადად, შესაძლებელი არ არის.

ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან და გამოსვლა აშშ-ის კონგრესში | ფოტოამბავი

22 დეკემბერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამასე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ზელენსკი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სიტყვით გამოვიდა კონგრესში.

გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს მიერ  გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს ასახავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავით დაეშვა
უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლში სტუმრობისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი დახვდნენ.  ფოტო: EPA-EFE/Oliver Contreras/Sipa USA/POOL
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართა ფოტო: EPA-EFE/Oliver Contreras /POOL
ზელენსკიმ ბაიდენს გადასცა ჯვარი — უკრაინელი გმირის ჯილდო, რომელიც მისი თქმით, HIMARS-ის ბატარეაზე პასუხისმგებელმა კაპიტანმა სპეციალურად აშშ-ის პრეზიდენტისთვის გამოატანა. ფოტო: EPA-EFE/Oliver Contreras/Sipa USA/POOL
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს ფოტო: EPA-EFE/JIM LO SCALZO
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფოტო: EPA-EFE/Oliver Contreras /POOL
კონგრესში მისული უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს შეხვდა ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა კონგრესის წინაშე ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
აშშ-ის კონგრესში მისულ უკრაინის პრეზიდენტს კონგრესმენები ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით შეხვდნენ ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესმენებს გადასცა უკრაინის დროშა. ზელენსკის თქმით, ეს დროშა მას ბახმუტში მისცეს  უკრაინელმა ჯარისკაცებმა ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
ნენსი პელოსი და ვოლოდიმირ ზელენსკი ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
კონგრესმენების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ფოტო: EPA-EFE/ERIC LEE

პუტინი რუსეთის ჯარის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას გეგმავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ მიიღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების თაობაზე.

თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის შეხვედრაზე შოიგუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვართან, მათ შორის ფინეთსა და შვედეთში, საფრთხეს უქმნის მოსკოვს. 2022 წლის გაზაფხულზე კრემლში ამბობდნენ, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება „არ წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს“.

შოიგუმ ასევე წარადგინა რუსეთის ჯარის რეფორმირების ნაბიჯები:

  • მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების აღდგენა;
  • სამი მოტორიზებული დივიზიის შექმნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • ჯარისკაცთა რაოდენობის მილიონ-ნახევრამდე გაზრდა;
  • ჯარში გაწვევის დაწყების ასაკის აწევა 18-დან 21 წლამდე, დასრულების – 27-დან 30-მდე.

ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთავაზებული ზომები, დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება რუსეთს, სწრაფად მოახერხოს ახალი და ეფექტიანი ძალების შექმნა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მოსკოვს ახლა მეომარი ძალების მომარაგებაც უჭირს.

როგორც ISW-ი აღნიშნავს, შოიგუმ და პუტინმაც აღიარეს, რომ რუსულ ძალებს ჰქონდათ გარკვეული „გამოწვევები“, თუმცა აჩვენეს, რომ არ აპირებენ უკან დახევას და კვლავ ცდილობენ, მაქსიმუმს მიაღწიონ უკრაინაში:

„პუტინმა პირდაპირ მიმართა შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს და უთხრა, რომ რუსეთს არ აქვს ფინანსური შეზღუდვები და უზრუნველყოფს ყველაფერს, რასაც ჯარი მოითხოვს“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ომის კვლევის ინსტიტუტის“ ექსპერტების აზრით, კრემლი არ აპირებს უკრაინაში თავდაპირველ მოთხოვნებზე ნაკლებს დასჯერდეს, რადგანაც პუტინს, დიდი ალბათობით მიაჩნია, რომ თუ მაქსიმალისტურ მიზნებს მიატოვებს, რუსული საზოგადოება როგორც ასეთი და „ომი პარტიის“ მხარდამჭერი ულტრა-ნაციონალისტები უკმაყოფილოები იქნებიან.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყალი ხვალაც გაითიშება

ხვალ, 23 დეკემბერს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სასმელი წყალი ისევ გაითიშება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყალი დილის 9 საათიდან შეწყდება ღამის 12 საათამდე.

კომპანიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ეს გეგმური სარემონტო სამუშაოა და „წყლის მილია დაზიანებული“.

რატომ ხდება საჭირო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სარემონტო სამუშაოს ჩატარება ისევ, როცა ერთი თვის წინ, 24 ნოემბერს, ამავე ქუჩაზე შეწყდა წყლის მიწოდება და 3 დღეს ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები? – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ კუთხით კვლევა არ ჩაუტარებიათ, რატომ სჭირდება ამ ინტენსივობით ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე წყლის მილებს რემონტი. „დაზიანება სხვა ლოკაციაზეა,“ – დასძინეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში.

24 ნოემბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის მიწოდების შეწყვეტის დროს მოსახლეობა 3 დღე დარჩა წყლის გარეშე. „ბათუმის წყალი“ არც ხვალისთვის აპირებს კანონით სავალდებულო მოთხოვნის შესრულებას და მოსახლეობისთვის რეზერვუარით სასმელი წყლის მიწოდებას.

„ჩვენ გვაქვს 24-საათიანი წყალმომარაგების ვალდებულება, თუმცა დაზღვეული არ ვართ ავარიული და გეგმური სამუშაოებისგან,“ – განმარტეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში. საია-ს შეფასებით კი, არათუ გეგმური სამუშაოების დროს, ფორსმაჟორის დროსაც კი, კომპანიამ უნდა იზრუნოს წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე.

საკუთარი ოფისებისთვის კომპანია „ბათუმის წყალი“ სასმელ წყალს  ყიდულობს. ტენდერის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ.

 

ომში სულ 100 400 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 100 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
  • ტანკი – 3 003 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 981 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 1 978 ერთეული [+6]
  • MLRS – 413 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 693 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 615 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 350 თვითმფრინავი
  • 188 ვერტმფრენი
  • 2 694 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 191 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 934 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 700 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 707 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

24 თებერვლის შემდეგ პირველად, ვოლოდიმირ ზელენსკი გასვლით ვიზიტს მართავს. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდა, ის ასევე სიტყვით გამოვიდა კონგრესის წინაშე.

[yellow_box]პუტინი რუსეთის ჯარის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას გეგმავს – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

აშშ უკრაინას „პატრიოტს“ მიაწვდის, რა შეუძლია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს

„ბათუმის წყალი“ სასმელ წყალს ყიდულობს – ტენდერი გამოცხადებულია

შპს „ბათუმის წყალი“ სასმელ წყალს ყიდულობს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 600 ლარია. წინადადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდება.

„ბათუმის წყალი“ ყიდულობს არა წყალს ბოთლებით, რასაც, მაგალითად, ოფიციალურ შეხვედრებზე გამოიყენებს, არამედ 660 ცალ ბოცას სასმელი წყლით.

„სასმელი წყლის მიწოდება განხორციელდება 19-ლიტრიანი ჭურჭლით, პოლიკარბონატის ბოცით, რომელიც განკუთვნილია წყლის
დისპენსერებზე დასადგმელად; შენახვის ვადა ჩამოსხმის თარიღიდან შეადგენს 3 თვეს, ხოლო მიწოდების პერიოდისთვის შენახვის ვადა შეადგენს მინიმუმ 2 თვეს.

თითოეულ მოწოდებულ წყლის ჭურჭელზე მითითებული იქნება წყლის შემადგენლობა, ჩამოსხმისა და ვარგისიანობის ვადა, ჩამომსხმელი ქვეყანა, მწარმოებელი, სამარკო ნიშანი,“ – ვკითხულობთ სატენდერო განაცხადში.

„ბათუმის წყალი“ ამავე შესყიდვით შეიძენს სასმელი წყლის მიწოდების 16 ცალ დისპენსერს.

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ქობულეთში 23 დეკემბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 23 დეკემბერს ბათუმსა და ქობულეთში გაზი რამდენიმე მისამართზე გაითიშება.

ბათუმში გაზის მიწოდება 23 დეკემბრის 10:00 საათიდან შეუწყდებათ ვაჟა-ფშაველას #53 ქუჩის აბონენტებს. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 23 დეკემბრის 13:00 საათიდან და სრულად აღდგება 23 დეკემბრის დღის ბოლომდე.

23 დეკემბრის 11:00 საათიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება ნინოშვილის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ლესელიძის  ქუჩის აბონენტებს.

„სოკარის“ ცნობით, ქობულეთში გაზის მიწოდება დაიწყება 23 დეკემბრის 16:00 საათიდან და სრულად აღდგება 23 დეკემბრის დღის ბოლომდე.

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

საქართველოში ძნელია მოიპოვო ბავშვის ნდობა – უცხოელი პედაგოგები ქართულ სკოლასა და ბათუმზე 

ალბერტო ვეტესე იტალიელი მასწავლებელია. ის ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, როგორც ასისტენტ მასწავლებელი და სტაჟირებას გადიოდა ბათუმის საჯარო სკოლებში.

„ბათუმელებთან“ ალბერტო ამბობს, რომ პატარა ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თავადაც „სკაუტი“ იყო, შემდეგ კი ლონდონსა და ბერლინში აღმზრდელად მუშაობდა საბავშვო ბაღებში.

„ბავშვებთან მუშაობა ძალიან მომწონს. მიყვარს მათთან დროის გატარება. მასწავლებლობა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, ვსწავლობ მათთან ურთიერთობას, ვცდილობ, ვიყო პასუხისმგებლობიანი და შევინარჩუნო დაბალანსებული ურთიერთობა.

არც ძალიან მკაცრი ვიყო და არც ძალიან ღია. ამ ბალანსის შენარჩუნებაში ბიჭ სკაუტებთან ლიდერობის გამოცდილება მეხმარება“, – გვეუბნება ალბერტო.

ალბერტო ვეტესე ქართულ სკოლაში გაკვეთილზე

რატომ არჩიეთ საქართველოში ჩამოსვლა? – ვკითხეთ მას. ალბერტომ გვითხრა, რომ გერმანიაში ყოფნისას პოლიტიკას და სოციოლოგიას სწავლობდა, ახლა კი მაგისტრატურაში აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით მუშაობს. „ამიტომ ამოვირჩიე საქართველოც.“

ალბერტოს აზრით, იტალიურისა და ქართული სკოლების არსებითი განსხვავება ის არის, რომ იტალიაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა უფრო ორგანიზებული და სტრუქტუირებულია, „საქართველოში კი ძნელია მოიპოვო ბავშვის ნდობა. თუ ნდობა მოიპოვე, მაშინ ყველაფერი ადვილია“, – გვეუბნება ის.

„თუმცა ვფიქრობ, რომ მასწავლებელს მეტი გავლენა უნდა ჰქონდეს, რადგან ზოგჯერ, როცა გინდა შედეგზე გახვიდე და კარგად ასწავლო ბავშვებს ენა, უფრო მეტად უნდა იყოს კლასში ერთობის განცდა. ეს აკლია ქართულ სკოლებს. ამაზე შეგუება კი ცოტა გამიჭირდა.

ზოგადად, ქართველი ბავშვებიც იტალიელების მსგავსად ენერგიულები არიან, გერმანელები კი – ნაკლებად. გერმანული სისტემა  ყურადღებას ამახვილებს ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობაზე, იტალიასა და საქართველოში კი ეს ნაკლებადაა განვითარებული.

ასევე, ვფიქრობ, რომ მასწავლებელი უფრო ძლიერი და ავტორიტეტული უნდა იყოს ბავშვისთვის, რაც ნაკლებად შესამჩნევია ქართულ სკოლებში.

ზოგჯერ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა უსაგნო ლაპარაკში გადაიზრდება ხოლმე. ბავშვებს კომპეტენტური ლიდერი სჭირდებათ, რომელსაც გაუგებენ და რომელიც დაეხმარება მათ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ალბერტო.

არსებობს  მოსაზრება, რომ იტალიელები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ტემპერამენტით, თქვენ თუ ხედავთ რაიმე მსგავსებას? – ვკითხეთ მას.

ალბერტოს აზრით, ოჯახის როლზე სოციუმში, მეგობრულობა და სტუმართმოყვარეობა, თითქოს ამ მსგავსებას აჩენს. „ზოგადად, ევროპაში ადამიანები უფრო დისტანციურები და პრივატულები არიან. ქართველები კი უფრო ღია ხალხია და აქვთ მზაობა დაგეხმარონ საჭიროების დროს“, – ამბობს ალბერტო. 

მისი თქმით, ჩამოსვლამდე არ იყო დარწმუნებული, რომ მასწავლებლობა მისი საქმეა. „ვცადე და ვფიქრობ, გამომივიდა“, – გვეუბნება ის. თუმცა,  მისი თქმით, საქართველოში მასწავლებლის ამპლუაში დაბრუნება მაინც რთული იქნება.

„მეგობრების სანახავად დავბრუნდებოდი. ჩემს გარემოცვაში საქართველო ნელ-ნელა მიმზიდველი და ტურისტულად პერსპექტიული ქვეყანა ხდება.

მიხარია, რომ ევრო ოდისეამ საქართველოს გაცნობის შესაძლებლობა მომცა“, – ამბობს ალბერტო.

„ბათუმელები“ გაცვლითი პროგრამის მონაწილე კიდევ ერთ უცხოელ მასწავლებელს სეფორა აიუბის ესაუბრა, რომელიც მათემატიკის მასწავლებელია.

სეფორა ბათუმში, „ფრანგული სკოლის“ მოსწავლეებთან.

სეფორა ბელგიიდანაა და ბრიუსელში ცხოვრობს.

„ჩამოსვლამდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი საქართველოზე, ძირითადად სატელევიზიო გადაცემებიდან. კულტურა, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, თუმცა მომეწონა ბათუმი, ხალხი ძალიან ღია და მეგობრულია.

მომწონს გარემო, ბუნება ძალიან ლამაზია, ასევე სამზარეულოც.

არ მომწონს საცობები, ძალიან რთულია, როცა მოძრაობის წესებს არღვევენ და ჰაერიც გამონაბოლქვით დაბინძურებულია“, – გვეუბნება სეფორა.

რაც შეეხება განათლების სისტემას, სეფორას აზრით, კარგია, რომ ქართველები უცხო ენების შესწავლას პატარა ასაკიდან იწყებენ. ევროპაში კი 10-14 წლის ასაკიდან იწყება უცხო ენების შესწავლა. მან ბათუმში ორი საჯარო და სამი კერძო სკოლა მოინახულა. ასევე იმყოფებოდა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

„ინგლისურის დონე აქ მაღალია. ბევრი კერძო სკოლაა და კერძო სექტორი კარგად არის განვითარებული, ბელგიაში კი ძირითადად საჯარო სკოლებში დადიან ბავშვები.

აქ ურთიერთობებიც განსხვავებულია. ჩვენს ქვეყანაში უფრო დისტანცირებულია ურთიერთობები, საქართველოში კი უფრო უშუალო ურთიერთობა აქვთ მასწავლებელს და მოსწავლეს, თუმცა გააჩნია მასწავლებელსაც.

ზოგიერთი მასწავლებელი სიმკაცრით აღწევს მოტივაციის გაზრდას მოსწავლეებში, ბავშვების საკლასო აქტივობებში ჩართვას, ზოგიერთი კი უფრო ემოციურ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას.

კულტურაზეც არის დამოკიდებული, რომელი სტრატეგია უფრო ამართლებს“, – გვეუბნება სეფორა.

თავად სეფორა გაკვეთილზე დიალოგს ანიჭებს უპირატესობას. „ვამხნევებ მოსწავლეებს, რომ არ შერცხვეთ აქცენტის, გამოთქმის და ისაუბრონ თამამად. ეს მათ ძალიან ეხმარება პროგრესში“, – გვეუბნება სეფორა.

მისი აზრით, სკოლების დაფინანსების მეთოდი პრობლემურია, მასწავლებლის ხელფასი კი – ძალიან დაბალი. „ვფიქრობ, ეს საკითხი შესაცვლელია“, – გვეუბნება ის.

მარვან ელ მაიც ბათუმში გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა. 

Მარვანი ისტორიას სწავლობს მაგისტრატურაში, საქართველოში კი ფრანგულს ასწავლის სკოლებში.

„საქართველოში და, ზოგადად, კავკასიაში პირველად ვარ, რადგან ისტორიას ვსწავლობ, კავკასიის ისტორიითაც ვარ დაინტერესებული.

ჩემი სამაგისტრო ნაშრომი მუსლიმური სამყაროდან ქრისტიანულში გადასვლის კულტურულ ტრანზიციებს შეეხება, თუმცა მინდა ფოკუსი შევუცვალო და საქართველოზე ვკონცენტრირდე“, – ამბობს მარვანი.

Მარვანის თქმით, საქართველო თითქოს არის ევროპა, მაგრამ თან არ არის. „მე მაროკოდან ვარ და მაროკოსთან უფრო მეტი მსგავსებები ვნახე,  მაგალითად, სტუმართმოყვარეობა, საჭმელი… მაროკოშიც ისე ატარებენ მანქანებს, როგორც საქართველოში. როცა ქართული ენის შესწავლა დავიწყე, ასევე ვნახე ბევრი მსგავსება არაბულ ენასთან.

მაგრამ ასევე ევროპასთანაც აქვს მსგავსება.“, – გვეუბნება მარვანი.

აპირებს ბათუმში შშმ ბავშვებს ფრანგული ენა ასწავლოს, ასევე იმუშაოს საქველმოქმედო ცენტრ „იალქანში“ ფრანგულის მასწავლებლად.

„ხუთ ენაზე ვსაუბრობ და ეს მეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაში. შევამჩნიე, რომ თამაშით უფრო კარგად სწავლობენ და ეს მეთოდი კლასშიც საინტერესო ატმოსფეროს ქმნის.

პატარა ბავშვები უფრო მოტივირებულები არიან, დიდებს სურთ საუბარი მოდაზე, ფეხბურთზე“, – გვეუბნება მარვანი.

უკრაინა, სირია, მექსიკა, იემენი – მიგრანტები და დევნილები | ფოტოამბავი

2022 წელს მილიონობით ადამიანი იქცა დევნილად, მიგრანტად ან იძულებით გადაადგილებულ პირად. ევროპის პრესფოტო სააგენტოს ეს ფოტორეპორტაჟი ასახავს ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სირია, 2022 წლის 19 იანვარი. გოგონა დევნილთა ბანაკიდან თოვლში დგას მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარბუქმა დაანგრია დევნილთა ასობით კარავი.
ფოტო: EPA/YAHYA NEMAH
აფრიკელი მიგრანტი ესპანეთის საზღვაო სამაშველო გემზე, მას შემდეგ, რაც ის სიკვდილს გადაარჩინეს.
ფოტო: EPA / EFE / QUIQUE CURBELO
მექსიკა, 9 ივნისი, 2022 წელი. ათასობით მექსიკელი მიემართება ამერიკის შეერთებული შტატებისკენ.
ფოტო: EPA/EFE /JUAN MANUEL BLANCO
უკრაინელი ლტოლვილები ჩრდილოეთ რუმინითის საზღვარზე. 8 მარტი, 2022 წელი.
ფოტო: EPA/ROBERT GHEMENT
აშშ, არიზონას შტატი. სასაზღვრო პატრულის ოფიცერი მექსიკიდან კედელში ხვრელის გავლით გადასულ მიგრანტებთან, მათი ვინაობის შემოწმებამდე.
ფოტო: EPA/ETIENNE LAURENT
სირია, 2022 წლის 7 მაისი. ლტოლვილთა ბანაკი Qah-ი იდლიბში. თვითმფრინ გადაღებული ხედი აჩვენებს.
ფოტო: EPA/YAHYA NEMAH
იემენი, დევნილთა ბანაკი, 2022 წლის 8 იანვარი. დევნილი იემენელი ჯამალ ალი ოსმანი შხაპს იღებს ღია ცის ქვეშ პლასტმასის ბოთლის გამოყენებით.
ფოტო: EPA/YAHYA ARHAB
ავღანეთი-პაკისტანის საზღვარი.
ფოტო: EPA / AKHTER GULFAM
უკრაინა, 2022 წლის 4 მარტი. ირპინის რკინიგზის სადგურზე ოლეგი, რომელმაც ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა ცოლს აწვდის შვილს, მაქსიმს. ამ პერიოდში ადამიანები, ძირითადად ქალები და ბავშვები რუსულ ბომბებს გაურბოდნენ ირპინიდან და ბუჩადან.
ფოტო: EPA/ROMAN PILIPEY

სილქნეტის მომხმარებლებისთვის საახალწლოდ ზამთრის 90 დღიანი პაკეტები ბრუნდება

სილქნეტის მობილურ ქსელში დღეიდან ყველაზე პოპულარული და სასურველი პირობის ჩართვა სამი თვით არის შესაძლებელი. თუ მომხმარებელი ახალი წლის დადგომამდე  აირჩევს პაკეტს, მომდევნო 90 დღე ისარგებლებს  შეთავაზებებით:

  • 1000 ადგილობრივი წუთი – 24 ლარი;
  • 25 000 მბ ინტერნეტი – 24 ლარი;
  • 50 000 მბ ინტერნეტი – 45 ლარი;
  • ულიმიტო ინტერნეტი – 79 ლარი;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და  ულიმიტო სმს – 54 ლარი;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო, ულიმიტო სმს და ულიმიტო ინტერნეტი – 129 ლარი.

პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, კოდით: *022#

სოლოვიოვმა გადაცემაში ქართველების დამაკნინებელი პაროდია გააკეთა – VIDEO

კრემლის პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა, ვლადიმერ სალოვიოვმა თავის გადაცემაში ქართველების დამაკნინებელი და ქსენოფობიური პაროდია გააკეთა. მისი აზრით, ამგვარად დასცინა საქართველოს მოქალაქეებს და რუსებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში გამოიქცნენ.

უცხოეთში წასულ რუსებზე საუბრისას, სალოვიოვმა თქვა, რომ მათ გაიჩინეს ახალი სამშობლო – მათ შორის საქართველო. ამის შემდეგ კი „გააჯავრა“ ქართველები, რომლებსაც, მისი წარმოდგენით, ჩამოსული რუსები „პ***რასტები“ ჰგონიათ.

თარგმანში მაქსიმალურად შენარჩუნებულია სალოვიოვის სტილი.

„ესე იგი, დავკარგეთ მილიონ-ნახევარი ადამიანი, რომლებმაც მოულოდნელად ახალი სამშობლო გაიჩინეს, – უცბად იგრძნეს თავი ყაზახებად, სომხებად, უზბეკებად, ტაჯიკებად, ყირგიზებად, ქართველებად – და მიიღეს მედალი ზემო ლარსის შტურმისთვის“, – თქვა მან.

  • მედალი „ზემო ლარსის“ შტურმისთვის ინტერნეტ-მიმი გახდა „ტვიტერის“, „ტელეგრამისა“ და სხვა სოციალური ქსელების რუსულენოვან სეგმენტში, როცა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთის ათასობით მოქალაქე საქართველოს სახმელეთო საზღვართან უზარმაზარ რიგში იდგა.

მიმი – „მედალი ზემო ლარსის აღებისთვის“. წყარო: „ლაივჯორნალი“, მომხმარებელი Colonel Cassad

ამ სიტყვების შემდეგ სალოვიოვი გაურკვეველ ხმებს გამოსცემს, რითაც, დიდი ალბათობით, ქართული მუსიკის პაროდირებას ცდილობს და რუსულ-ქართულად აგრძელებს:

„გამარჯობა გენაცვალე! როგორა ხარ? კარგად! ყველაფერი ისწავლეს, რაც იცოდნენ [sic!], მაგრამ ვერ იპოვეს აუცილებელი საჭმელი, მათი პ***რასტული მაღაზიების ქსელებით განაზებული რუსეთიდან.

რა ერქვა იმას, სადაც, აი, ეს, ყვაოდა, ლგბტ… „ვკუსვილი“!.. ვკუშვილა, ლატეიშვილი, შვილი… შპილი-ვილის უშვრებიან ერთმანეთს [იგულისხმება სექსუალური კონტაქტი ორ კაცს შორის]… შემდეგ რა არის?“

„ვკუსვილი“ რუსული ქსელური მაღაზიაა, რომელიც ასევე ინტერნეტ-მიმი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საქართველოში წამოსულმა ზოგმა ადამიანმა დაწერა, რომ არ მოსწონდა „თბილისი“, რადგანაც ქალაქში „ვკუსვილი“ არ იყო. ამას „ტვიტერის“ რუსულენოვან სეგმენტში ხუმრობა მოჰყვა.

სალოვიოვმა გადაცემაში ქართველების დამაკნინებელი პაროდია გააკეთა

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის ელიტაში ახალ იერიშზე განსხვავებული აზრებია – მედია

რუსეთის მმართველ ელიტებში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსეთის მიერ მორიგი იერიშის წამოწყებაზე. როგორც „როიტერსი“ იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძობს.

„რა თქმა უნდა, არიან ისინი, ვისაც უკრაინაში [ახალი] იერიშის წამოწყება სურთ. არიან ისინიც, ვისაც აქვთ რეალური კითხვები რუსეთის შესაძლებლობაზე, იერიშის დაწყება მოახერხოს“, – ამბობს იგი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს აქვს ტყვია-წამლის „სერიოზული“ ნაკლებობა, ხოლო მობილიზებულები ვერ წარმოადგენენ მნიშვნელოვან ძალას. თუმცაღა იგი დასძენს, რომ ეს „ძალიან დიდი [სამხედრო] მანქანაა“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსეთი ამზადებს 200 000 ჯარისკაცისგან შემდგარ ახალ ჯარს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გადავა ეს ძალა შეტევაზე ან სად. უკრაინელმა გენერალმა ივარაუდა, რომ იერიში გაზაფხულზე დაიწყება და შესაძლოა ჩრდილოეთიდან, ბელარუსის ტერიტორიიდანაც მოდიოდეს.

გამოცემის რესპონდენტის თქმით, აშშ-მ აჩვენა, რომ საჭიროებისამებრ, ომის ახალ რეალობასთან სწრაფად შეუძლია ადაპტირება.

„თუ საჭირო იქნება, რეაქცია გვექნება. ასევე ვმუშაობთ იმის უზრუნველყოფაზე, რომ უკრაინელებს სიტუაციასთან გასამკლავებლად ყველაფერი ჰქონდეთ, რაც სჭირდებათ“, – ხაზს უსვამს იგი.

აშშ უკრაინას „პატრიოტს“ მიაწვდის, რა შეუძლია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მორიგ, 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. იუწყება „ესოშიეითიდ პრესი“ (AP) ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი პირველად გადასცემს კიევს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტს“. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის ბომბებს ავიაციისთვის.

1 მილიარდის ღირებულების შეიარაღებას უკრაინას პენტაგონის [აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი] მარაგებიდან გადასცემენ. დანარჩენ 800 მილიონის – „უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის“ ფარგლებში.

როგორც გამოცემა წერს, დახმარების ამ პაკეტის შესახებ ოფიციალურად ხუთშაბათს გამოცხადდება. ამასთან ერთად, აშშ-ის კონგრესმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე, უნდა მიიღოს დახმარების კიდევ ერთი – 44-მილიარდიანი პაკეტი.

„პატრიოტის“ კომპლექსი, „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე შეიარაღებაა. ერთი კვირის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ კომპლექსის უკრაინისთვის მიწოდება „პროვოკაციული ნაბიჯი“ იქნებოდა და შესაძლოა, კრემლის საპასუხო რეაქცია გამოეწვია.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეძლებს უკრაინა „პატრიოტის“ გამოყენებას – კომპლექსის ოპერირებისთვის უკრაინელებმა ამერიკელი სამხედროების წვრთნა უნდა გაიარონ, რასაც შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მოსალოდნელია, რომ წვრთნები გერმანიაში ჩატარდება.

მარტში ამერიკული მხარე აცხადებდა, რომ ვერ მოახერხებდა „პატრიოტის“ გადაცემას უკრაინისთვის, რადგანაც მისი გამოყენებისთვის ადგილზე ამერიკელი სამხედროების დისლოცირება იქნებოდა საჭირო, რაც მიუღებელი იყო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის.

რას არის „პატრიოტი“?

„პატრიოტის“ კომპლექსის ამოცანა რაკეტების ჩამოგდებაა. სარაკეტო სისტემას ამერიკაში, სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანია „რეითეონი“ უშვებს. შემუშავებულია კომპანია გამოიყენება აშშ-ისა და რიგი მოკავშირე სახელმწიფოების მიერ. გამოიყენებოდა სხვადასხვა კონფლიქტში, მათ შორის 1991 და 2003 წლების ერაყის ომებში.

სისტემა აღჭურვილია მართვადი რაკეტებით, რომელთა სხვადასხვა მოდიფიკაცია 30-დან 160 კილომეტრამდე რადიუსში გამოიყენება.

რაკეტებს გასროლის ზედაპირიდან 24 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა შეუძლიათ.

ერთი კომპლექსის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია, მისი ერთი რაკეტა კი 4 მილიონი ღირს.

ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას უკრაინაში. ეს არ არის ომის მოგების საშუალება, მაგრამ Patriot-ის სისტემები ნამდვილად გაზრდის უკრაინის ჰაერიდან დაცულობას, რითაც შეიზღუდება რუსული ტერორი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე. ეს კი კიევს მისცემს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების საშუალებას“, – აცხადებს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

____

ვრცლად:

რა შეუძლია PATRIOT-ს, რომელიც უკრაინას უნდა გადაეცეს

 

პუტინი წელს პარლამენტის წინაშე სიტყვით არ გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წელს არ გამოვა ყოველწლიური სიტყვით რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) წინაშე, იუწყება „კომერსანტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროების თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე მზადება პუტინის გამოსვლისთვის მოგვიანებით შეჩერდა, ახლა კი სულაც არ მიმდინარეობს.

ასეთ გადაწყვეტილებას გამოცემის წყარო უკრაინის ფრონტზე არსებული მდგომარეობით ხსნის და დასძენს, რომ პუტინისთვის უმჯობესია გამოსვლა მაშინ, როცა ვითარება ფრონტზე უფრო გასაგები იქნება.

„პუტინის მიმართვა ყოველთვისაა დაკავშირებული მომავლის რაღაც სურათთან“, – ამბობს „კომერსანტის“ სხვა წყარო და ამატებს, რომ პუტინს მოუწევს ომზე ლაპარაკი, თუმცა პროგნოზის გაკეთება გაუჭირდება.

რუსეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს ყოველ წელს უნდა მიმართოს. აქამდე პუტინის მიმართვა მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს გადაიდო.

გარდა ამისა, 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პუტინი არ ჩაატარებს დიდ პრესკონფერენციას. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის „არასანქცირებული განხილვის“ თავიდან არიდების სურვილია.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

თიბისიმ ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ფინალურ ღონისძიებაზე გუშინ გამოავლინა. მაშ ასე, გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულები.

ნომინაციაში – საუკეთესო პროდუქტი ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა კომპანია POSTRED-მა, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიისთვის ხმის დიზაინსა და მუსიკას ქმნის.

POSTRED 2015 წელს დაარსდა, იგი ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხმის დიზაინის და მუსიკის სერვისებს სთავაზობს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარს, არამედ ჰოლივუდს. გარდა იმ ფაქტისა, რომ POSTRED ქმნის მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ის ქართული კინო-ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს. ბოლო 1 წლის განმავლობაში POSTRED-მა იმუშავა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა HBO-ს EUPHORIA, Paramount Pictures-ის SCREAM, A24-ის PEARL და C’MON, C’MON და მრავალ სხვა პროექტზე SONY PICTURES-ისთვის, NETFLIX-ისთვის, AMAZON-ისთვის, APPLE TV-ისთვის, და ა.შ.

გარდა იმისა, რომ POSTRED საქართველოდან მუშაობს ჰოლივუდისთვის, მან გახსნა POSTRED Academy, სადაც 6 თვიანი ინტენსიური კურსის შედეგად, სტუდენტები შეისწავლიან ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის. აქ სტუდენტები ისწავლიან ჰოლივუდის სტანდარტებზე მორგებულ პროგრამებს. POSTRED Academy-ის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მუშაობა დაიწყონ POSTRED-ში.

ამ ეტაპზე 40 ადამიანისგან შემდგარი POSTRED ისტორიას ქმნის ქართულ კინო ინდუსტრიაში. POSTRED-მა TBC Concept-ში ჩაატარა ლეგენდარული ხმის დიზაინერის, უაილი სთეითმენის ივენთი სტუდენტებისთვის. უაილი 9 გზის ოსკარის ნომინანტი, ემის მფლობელი, კვენტინ ტარანტინოს, ოლივერ სტოუნის და მრავალი სხვა გამორჩეული რეჟისორის ხმის დიზაინერია. მომავალში დაგეგმილია მრავალი სხვა, ჰოლივუდში გამორჩეული პროფესიონალების ჩამოყვანა საქართველოში, რათა მოხდეს ფილმის ე.წ. ქომიუნითის გაძლიერება და ბევრი მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოში.

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი კი Artisio გახდა, ეს არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).

Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ მომხმარებლები. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ აუქციონების მეშვეობით და ბაზრის მოცულება შეადგენს 200 მილიარდ დოლარს.

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ დაჯილდოვდა, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალებს ეხმარება, აძლიერებს, პროფესიას აძლევს, კერძოდ კი მათთვის ჭრა-კერვის შესწავლას და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს.

საწარმოში სწორედ სოციალურად მოწყვლადი ქალები არიან დასაქმებულნი: იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მცხოვრებლები შშმ პირები, მარტოხელა დედები და ა.შ. ამასთანავე, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რაც გულისხმობს, სამკერვალო ქსოვილის მონარჩენის შეგროვებას საქართველოში არსებული 35 სამკერვალო საწარმოდან, მოსახლეობიდან და მის გადამუშავებას და მიღებული ნედლეულის რეალიზაციას. 2022 წელს გადამუშავდა 10 ტონა ტექსტილის ნარჩენი, ხოლო კომპანიას დღემდე გადამზადებული ჰყავს 312 სოციალურად მოწყვლადი ქალი.

რეგიონის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული როლისთვის „სადგური“ დაჯილდოვდა, რომელიც წარმოადგენს კაფეს და ლუდი ბაღს ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში (ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი).

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ცენტრალურ უბანს რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რეაბილიტაცია, “სადგურის” გახსნამდე სოფელში არ იყო ობიექტი სადაც ტურისტს/მოგზაურს შეეძლებოდა შესვენება, სადილობა, თუნდაც ყავის მირთმევა. “სადგურმა” სოფელს შეძინა ახალი სიცოცხლე, გერმანელი კოლონისტების აშენებულ შენობაში განთავსებულმა ავთენტურმა სივრცემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, როგორც ქვემო ქართლის და მესხეთ-ჯავახეთის მიმართულებით მოგზაურებში, ისე დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის, რომლებსაც ევროპული სოფლის გარემოში უნდათ სასიამოვნო დროის გატარება, გემრიელი სამზარეულოს დაგემოვნება და ხარისხიანი მუსიკის მოსმენა.

„სადგური“ წარმოადგენს ლუდის ბაღს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ადგილობრივ სამზარეულოს, რომელზეც გავლენა მოახდინა გერმანელი კოლონისტების დანატოვარმა მემკვიდრეობამ. “სადგურმა” განსაკუთრებით პოზიტიური გავლენა მოახდინა სოფელ ასურეთზე, მასში დასაქმებული 15-მდე თანამშრომელი ადგილობრივია, გარდა ამისა, კვების მომსახურებაში გამოყენებული სურსათის უდიდესი ნაწილის და ღვინის შეძენაც ადგილზე ხდება ადგილობრივი მოსახლეობისგან. “სადგურის” მიერ მოზიდული ტურისტები სტუმრობენ სოფლის ცენტრს, გერმანულ უბანს და შესაბამისად, ხელს უწყობენ სოფლის დანარჩენი ნაწილის განვითარებას.

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება კი ონლაინ საყიდლების პლატფორმა Veli.store-ს აღმოაჩნდ. ველი 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ბაზარზე და მასში პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, ველიზე საყიდლების შეგროვება 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი, ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები, ბარი&მეტი და სახლის მოვლა. კომპანიის შექმნის მიზანი და სტრატეგიული ხედვა, საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვაა და პირველი დღიდანვე გუნდი სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა.

კომპანიის ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე, უმტკივნეულო და კომფორტული სერვისის შექმნისას, რაც ითარგმნება: მარტივი და კომფორტული UX – მომხმარებელი სულ რამდენიმე ღილაკის დაჭერით რეგისტრირდება პლატფორმაზე და ყიდულობს პროდუქტს. მას არ უწევს არასაჭირო ინფორმაციის შეყვანა.

განმეორებითი შეძენა სხვადასხვა მისამართზე ძალიან მარტივია, რადგან მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მისამართის და ამავდროულად საკუთარი მონაცემების და საბანკო ბარათების დამახსოვრება.  მარტივი საძიებო სისტემა, რომელიც რამდენიმე წამს წაგართმევთ – ყველა პროდუქტს სისტემაში გაწერილი აქვს სხვადასხვა საძიებო თაგი, რომლითაც მომხმარებელი შესაძლოა ეძებდეს სასურველ პროდუქტს. ამ მექანიზმის დახმარებით, Veli.store-ზე მომხმარებელი მარტივად პოულობს სასურველ ნივთს, ნებისმიერი მასთან დაკავშირებული სიტყვის ჩაწერისას. სწრაფი და კომფორტული მიტანის სერვისი: მომხმარებელი თავად ირჩევს დროის მონაკვეთს, რომელშიც სურს რომ მიიღოს შეკვეთა. მსგავსი ფუნქციონალი ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომფორტულად სასურველ დროს შეუკვეთოს პროდუქტი და არ იღელვოს იმაზე, იქნება თუ არა ადგილზე მაშინ, როდესაც კურიერი ამანათს მოიტანს. მოტანის პროცესის გამჭვირვალეობა – შეკვეთის მომენტიდან შეკვეთის ჩაბარებამდე მომხმარებელი ყველა ეტაპზე იღებს SMS და email-ით ინფორმაციას მისი შეკვეთის სტატუსის შესახებ.

უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით – რაც დამატებით კომფორტს ქმნის ყველა მომხმარებლისთვის. მარტივი და უმტკივნეულო დაბრუნების პროცესი – თუ პროდუქტი ის არ აღმოჩნდა, რასაც მომხმარებელი ელოდა, მას მარტივად შეუძლია დააბრუნოს პროდუქტი და დაიბრუნოს თანხა. ძლიერი საოპერაციო სისტემა, რომელიც შემდეგი ღერძებისგან შედგება: ყველა პროდუქტი, რომელსაც ველი ყიდის მოთავსებულია ველის დიდ საწყობში. საოპერაციო სოფტის დახმარებით, პროდუქტის აღებას და მომხმარებლისთვის გასაგზავნად მომზადებას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება. საკუთარი საკურიერო სერვისი – რომელიც სხვადასხვა უბნებზე არის დანიშნული, რაც უზრუნველყოფს შენაძენის 3 საათში მომხმარებელთან მიწოდებას.

მომხმარებელზე ფოკუსირებული გუნდი – კომპანიაში ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მომხმარებელთან პირდაპირი შეხება აქვთ გადიან ინტენსიურ გადასამზადებელ კურსებს კვარტალში ერთხელ. იმ გუნდებს, რომლებსაც მომხმარებელთან უშუალო შეხება აქვთ მუდმივად უტარდებათ პიროვნული უნარების ტრენინგებიც. ყველა მიდგომა, რომელსაც კომპანია იყენებს სტანდარტიზებულია ტექნოლოგიურად, რაც ნიშნავს, რომ გამოცდილება არის კონსისტენტური გადაცდომების გარეშე. სწორედ მომსახურების ხარისხის ერთგვაროვნება იწვევს მომხმარებელთა კმაყოფილ შეფასებებს როგორც facebook, ასევე google-ის პლატფორმებზე.

გარდა აღნიშნული ნომინაციებისა, წელს ბიზნეს დაჯილდოებას ორი განსაკუთრებული ჯილდო დაემატა. საქართველოში გაეროს ქალთა ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო – გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის კომპანია „ედენას“ გადაეცა; ხოლო  მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისათვის შპს „სიდერი“ დაჯილდოვდა Global Climate Partnership Fund-ის მიერ დაწესებული ჯილდოთი.

ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი 2022 წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებამ „თეგეტა მოტორსი“ დაჯილდოვდა.

თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ატარებს. 2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში მონაწილეობა 3000-მდე კომპანიამ მიიღო. წელს, დაჯილდოებაში რეკორდულად ბევრი, 412 კომპანია მონაწილეობდა.

19 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ცოლსა და სიდედრს დაესხა თავს

პროკურატურის ცნობით, მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირს სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის დედის მიმართ. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა“ – იუწყება პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

18 და მეტი სართული 2-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად ბათუმის ცენტრში

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების განაცხადები ბათუმის მერიაში თანდათან იზრდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესი პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრში მდებარე ავარიული სახლებით არის დაინტერესებული და ორსართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ მინიმუმ 15-სართულიანი კორპუსების აშენება სურთ.

კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ

მონიშნულია მისამართები, სადაც კომპანიები არსებულის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს ითხოვენ.

შპს „ემ-კვადრატი“ ბათუმში ფიროსმანის #1-ში, ზღვასთან ახლოს ავარიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე, ახალი, 18-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ ბათუმის მერიას ახალი მრავალბინიანი სახლის პროექტი და ავარიულ სახლში მცხოვრებლებთან მოლაპარაკების შესახებ ამხანაგობის ოქმი, ასევე ხელშეკრულებები წარუდგინა. სამშენებლო ტერიტორია 1159 კვ.მეტრია და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს.

მშენებელი ზონაში დადგენილი კოეფიციენტის 9,0 -მდე გაზრდას ითხოვს.

ავარიული სახლის ერთ მხარეს მრავალბინიანი კორპუსი ააშენეს – ავარიულ სახლში მცხოვრებლები „ბათუმელებთან“  საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, როგორ შეიცვალა მათი საცხოვრებელი გარემო ამ კორპუსის მშენებლობის შემდეგ.

კომპანია პროექტის შეთანხმების შემთხვევაში განაშენიანების კოეფიციენტის [კ2] გაზრდას და სხვა დადგენილი პარამეტრების გადამეტების უფლება ითხოვს.

ბათუმის მერიისთვის მშენებლობის მსურველი კომპანიის დირექტორის მიერ გაგზავნილი წერილიდან ამონარიდს სტილის დაცვით გთავაზობთ:

„ვინაიდან მიწის ნაკვეთი და ირგვლივ განაშენიანების პარამეტრები არ გვაძლევს სასურველ მონაცემებს, რომელიც განსაზღვრავს საპროექტო შენობის სართულიანობას და გაბარიტებს, შესაბამისად შენობის განთავსების წესებს, პარკირებას და სხვა სავალდებულო მოთხოვნებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელშემწყობი ღონისძიებების სახით განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან: შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსება, ავტოსადგომების რაოდენობა. რაც გულისხმობს განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცებას.

ზემოთაღნიშნული ხელშემწყობი ღონისძიების გატარების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია მზად არის აღნიშნულ მისამართზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესაბამისად ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N1-ში არსებული ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებაზე და წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტის შესაბამისად 18 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებაზე.“

წარდგენილი პროექტის პარამეტრების მიხედვით, 1159 კვ.მეტრზე კომპანია 13 300 კვ.მ ფართობის მშენებლობას გეგმავს. აქედან:

  •   სარეალიზაციო საცხოვრებელი/საზაფხულო ფართობი: 7643,9 კვ.მეტრი.
  • კომერციული ფართობი: 893,1 კვ.მეტრი.
  • ტერასის ფართობი 477,7 კვ.მეტრი.
  • მიწისქვეშა სარდაფის/ სათავსოს ფართობი: 463,9 კვ.მეტრი.
  • ხანძრის მართვის ცენტრის ფართობი: 19,0 კვ.მეტრი
  •  დამხმარე სათავსო კომუნიკაციების განთავსების მიზნით: 150,7
  •  კიბის უჯრედის, სადარბაზოს, ლიფტის შახტების საერთო ფართობი: 463,9

პროექტის ავტორი „მოდერნ არქიტექტ  ჯგუფის“ არქიტექტორი მამუკა ჩავლეიშვილია.

პროექტის რენდერი – შპს „ემ -კვადრატი“ ბათუმში 2014 წელს დააფუძნეს, კომპანიის დირექტორი და 100 პროცენტის მფლობელი გია ბერიძეა. [შპს „ემ -კვადრატს“ არანაირი კავშირი არ აქვს კომპანია m²  -თან, რომელიც ასევე სამშენებლო კომპანიაა] 
ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლის მდგრადობასთან დაკავშირებით აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხანია საუბრობს, პრობლემის თაობაზე მათ მერიას არაერთხელ მიმართეს. სახლი მართლაც ცუდ მდგომარეობაშია, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჟონავს, კედლები დაბზარულია. ამ სახლში ფართობი აჭარის მთავრობასაც აქვს, შესაბამისად მთავრობასაც  ჰქონდა ინფორმაცია აქ არსებულ ვითარებაზე.  ადგილზე მოსახლეობა „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ სახლს გასამაგრებლად ძვირადღირებული სამუშაოები სჭირდებოდა, რისი საშუალებაც მათ არ ჰქონდათ. წლების შემდეგ კი მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდა.

ავარიული სახლი- ფიროსმანის #1
ფიროსმანის #1

პროექტის განთავსების გეგმის მიხედვით, ახალი კორპუსი მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი სახლის მცხოვრებთა საცხოვრებელ პირობებს შეცვლის: მათ ხედი დაეფარებათ, მე-18 სართულამდე მცხოვრებთა ბინებში კი [ღიობები ფიროსმანის ქუჩის მხარეს აქვს], მზის შუქის მიღების პრობლემა შეიქმნება.

ახალი შენობის ესკიზი – რომელიც გვაჩვენებს როგორ ამოვა კედელი არსებული კორპუსის ფანჯრების წინ.

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს 25 დეკემბერს აანთებენ – ღონისძიებების განრიგი

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხეს 25 დეკემბერს, 20:00 საათზე აანთებენ. ბათუმის კულტურის ცენტრმა საახალწლო დღეებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა. ამ განრიგის მიხედვით, კონცერტები 25 დეკემბრიდან  8 იანვრამდე გაგრძელდება.

ნაძვის ხის მონტაჟი ბათუმის ევროპის მოედანზე უკვე დაწყებულია. ბათუმი საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის მორთვაში 4 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს.

ეს ნაძვის ხე ბათუმის მერიამ სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგად შეარჩია და  გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ტენდერის გარეშე შეისყიდა.

ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, 25 დეკემბერს ნაძვის ხის ანთების პარალელურად, ევროპის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტი 18:00 საათიდან დაიწყება და 24:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეები: „ლურჯი იალქანი“, „პირამიდა“, ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად, DJ ნუგო.

26, 27, 28, 29 – დეკემბერს, 18:00 საათიდან 24:00 საათამდე დაგეგმილია ბათუმელი ბენდების კონცერტები, მათ შორის არიან: „ჩემი ბენდი“, „KAI“, „GSOUND“, DJ MODERNIKK, DJ CHIKI

31 დეკემბერს დაგეგმილია საახალწლო გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „კახაბერი და ხანუმები“ – გალა კონცერტებზე დაგეგმილია ასევე ცეცხლოვანი შოუ, აკრობატების, ილუზიონისტების და ჯამბაზების წარმოდგენები.

პარალელურად, 25 დეკემბრიდან  07 იანვრის ჩათვლით, საგამოფენო სივრცეში მოეწყობა საახალწლო ბაზრობა. ასევე, დაგეგმილია ღონისძიება „ახალი წელი შენს ეზოში“ –  იმოძრავებს საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა კლაუსით.

 აქტივობა დღეების და შემსრულებლების მიხედვით 18:00 საათიდან 24:00 საათამდე:
  •  27 დეკემბერი – „თავისუფალი სივრცე “, „ROAD RADIO“, „DJ BEKA“.
  • 28 დეკემბერი – „BSU JAZZ BEND OFF SIDE“, „ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი და სოლისტები“, DJ მარი, DJ BENE
  •  29 დეკემბერი – ირაკლი ფაღავას ტრიო,  ავტოსტოპი, SEASIDE, DJ გიორგი დევაძე, DJ ლაშა გურული
  • 31 დეკემბერი – გალა კონცერტი – „კახაბერი და ხანუმები“
  • 1 იანვარი – DJ QARCII
  • 2 იანვარი – „WHY NOT“, „MELOMANIAKK“, „ღამის შოუს ბენდი“, DJ KIMO
  •  3 იანვარი – „კონიაკი“, 4 UP, „ RAIN SITY BAND“,  „DJ TROFIOFF“
  • 4 იანვარი –  „ჩემი ბენდი“, „CRASH“, ბენდი „ქართული“, DJ KHILA
  •  5 იანვარი-  18:00 – „SCOOL FRIENDS“,  „ელანძე“, „ELROW, DJ“ დავით ვოლკოვი, DJ MAXIC
  •  6 იანვარი – ASTEROID, AND OTHERS,  BLACK SEA ,  DJ როკო ჯიბუტი.
  • 7 იანვარი – საშობაო კონცერტი,  DJ MICH
„ახალი წელი შენს ეზოში“ [საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა კლაუსით] – მისამართები და განრიგი.
  • 25 დეკემბერი – ფრ. ხალვაშის 12-ჩიხი №2 [კახაბრის კლუბი – 16 საათი]
  •  ხელვაჩაური – სკოლის მიმდებარედ  18 საათი – ოცნების ქალაქი  17 საათი, მახვილაურის დასახლება –  19 საათი
  • 26 დეკემბერი – გალაქტიონ ტაბიძის №37  17 საათი  აფსაროსის ქუჩა [გონიოს ციხისესთან] 18 საათი – ადლიის №101[სკვერის მიმდებარედ] – 19:30 საათი
  • 27 დეკემბერი – ჩაქვი  17 საათი გრიშაშვილის №14 [ბენზეს დასახლება] 18 საათი  ლტოლვილთა დასახლება 18:40 საათი  მახინჯაური – ახალგაზრდობის №1  19:20 საათი
  • 28 დეკემბერი – ბონი – მაიაკოვსკის №3, 17 საათი – ბარცხანა [ეკლესიის მიმდებარედ] 17:40 საათი. სვიშევსკის №141 – 18:30 საათი – 29 დეკემბერი, ზ.გორგილაძის №78 – 17 საათი, „ზედა ღელის“ №16-ის მიმდებარედ – 18 საათი, პუშკინისა & გრიბოედოვის კვეთა – 19 საათი, ჯავახიშვილის სკვერი – 19:35 საათი
  • 30 დეკემბერი – ლერმონტოვის ქუჩა [კოლეჯის მიმდებარედ] – 17:30 საათი, ვაჟა-ფშაველას №91ა – 18:20 საათი, შაფათავა & სულაბერიძის კვეთა 19 საათი

მთავრობამ 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოაცხადა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

ამასთან, ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

დადგენილება ასევე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.“

ახალ წელთან დაკავშირებით უქმე დღეებია 31 დეკემბერი და პირველი იანვარი [შაბათი-კვირა], ასევე დასვენების დღეა 2 იანვარი – ორშაბათი.

____________

ფოტოზე: საცივი. ფოტო: ვიკიპედია

Exit mobile version