მთავარი,სიახლეები

გაურკვეველია, როდის და როგორ მიაღწევს რუსეთის არმია 30%-იან ზრდას – ბრიტანეთის დაზვერვა

23.12.2022
გაურკვეველია, როდის და როგორ მიაღწევს რუსეთის არმია 30%-იან ზრდას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 23 დეკემბრის ანგარიშში რუსეთის არმიის 30%-ით გაზრდის გეგმას მიმოიხილავს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ეს გეგმა, რომელიც 21 დეკემბერს რუსეთის სამხედრო მეთაურებმა წარუდგინეს ვლადიმერ პუტინს, აჩვენებს ერთ-ერთ პირველ ხედვას მოსკოვიდან, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ გრძელვადიან სტრატეგიულ გამოწვევებთან თავისი სამხედრო ძალების ადაპტირებას.

21 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში თავის სამხედრო მაღალჩინოსნებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსულმა არმიამ უკრაინაში განცდილი პრობლემებისგან უნდა ისწავლოს და მოაგვაროს ისინი“.

პუტინმა ასევე დადო პირობა, რომ უზრუნველყოფს დაფინანსებას. „ჩვენ არ გვაქვს დაფინანსების შეზღუდვები. ქვეყანა და მთავრობა უზრუნველყოფს ყველაფერს, რასაც ჯარი ითხოვს“, – განაცხადა მან.

აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ წამოაყენა გეგმა რუსეთის არმიის 1.15 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაზრდასთან დაკავშირებით. შოიგუს თქმით, ეს საჭიროა „რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გარანტიისთვის“.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსმა თავდაცვის მინისტრმა ამ კონტექსტში ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებისგან მომავალი შესაძლო საფრთხეები ახსენა.

როგორც ბრიტანული გამოცემა „როიტერსი“ იუწყება, სერგეი შოიგუს გეგმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფთა საპირწონედ, 695 000 უნდა იყოს პროფესიონალი კონტრაქტორი ჯარისკაცი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა ამ ზაფხულს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმია 137 000 ჯარისკაცით უნდა გაზრდილიყო – 2023 წლის პირველი იანვრიდან ჯარისკაცების რაოდენობა 1.15 მილიონს მიაღწევდა. გარდა ამისა, 300 000-ზე მეტი რეზერვისტი სამხედრო მობილიზაციის მეშვეობით გაიწვია, უკრაინაში ომში ჩასართავად.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ახსნა, რომ დაანონსებული გაფართოება მოიცავს მინიმუმ ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში ორი ბრიგადის გაზრდას დივიზიურ ძალამდე.

თუმცა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანალიტიკოსების შეფასებით, გაურკვეველია, როდის და როგორ უნდა მიიღწეს რუსეთის არმიის 30%-ით გაზრდის მიზანი, ისევე როგორც ის, თუ როგორ იპოვის რუსეთი ახალწვეულებს მსგავსი გაფართოების მისაღწევად, მაშინ როცა მისი ძალები უკრაინაში უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არიან.

„შეერთებული შტატებისა და დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა 10 თვის განმავლობაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 21 სექტემბერს – ბოლოს, როდესაც ოფიციალური მონაცემები საჯაროდ გავრცელდა – შოიგუმ თქვა, რომ იქ 5937 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა“, – წერს „როიტერსი“.

გამოცემის ცნობით, შოიგუმ შეხვედრაზე ასევე დააყენა საკითხი სავალდებულო სამსახურის ასაკის ქვედა ზღვარი 18 წლიდან გაიზარდოს 21 წლამდე. პუტინმა კი კონფერენციის ბოლოს განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: