მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაუშვა – სავსე დარბაზი ალტ-ინფოს პარტიის წევრებით

22.12.2022 • 1665
მოსამართლემ კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაუშვა – სავსე დარბაზი ალტ-ინფოს პარტიის წევრებით

„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორედ აღარ განმეორდება“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს კაცმა, რომელმაც ქუჩაში, კამერების წინ, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა და ხელი დაარტყა.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულ იოსებ სირაბიძე გირაოს – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, მიზანშეწონილია ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

„მან თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, – თქვა ადვოკატმა დავით საფარიძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ არის.

„ის არ არის მიდრეკილი ძალადობისკენ, მისთვის მიუღებელია დევნა“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით საფარიძემ. მან ბრალდებულის გათავისუფლება გირაოს – 3 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვა.

მოსამართლემ პრაქტიკულად გაიმეორა ის, რაც ადვოკატმა თქვა.

სასამართლო დარბაზი დღეს სავსე იყო პრორუსული „ალტ- ინფოს“ „კონსერვატიული პარტიის“ აქტივისტებით. ერთ-ერთი მათგანი აპირებდა ტაში დაეკრა მოსამართლისთვის, თუმცა ის მანდატურმა შეაჩერა. მათ გვითხრეს, რომ ბრალდებული სირაბიძე არ არის კონსერვატიული მოძრაობის წევრი, მაგრამ არის მათი აქტივისტი.

სასამართლოსთან შეკრებილებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ალტ-ინფოს „კონსრევატული პარტიის“ წევრები და აქტივისტები არიან

——————–

გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ, თავს დაესხნენ – კვერცხები ესროლეს და ხელი დაარტყეს. შემთხვევა 19 დეკემბერს ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა.

20 დეკემბერს თავდამსხმელი დააკავეს. ბრალდებული იოსებ სირაბიძეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ელოდება დაჯარიმება სისხლის სამართლის წესით, შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: