მთავარი,სიახლეები

„იმის ატანა, რაც სააკაშვილის თავს ხდება, არ შეიძლება“ – ინტერვიუ

22.12.2022 • 1260
„იმის ატანა, რაც სააკაშვილის თავს ხდება, არ შეიძლება“ – ინტერვიუ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 22 დეკემბერს, თავის სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩაერთო, თუმცა ის მალევე გამოეთიშა პროცესს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა.

ვინ იტყუება – სააკაშვილი თუ „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უნიჭო სიმულაციაა“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.

ბექა მინდიაშვილი

  • ბატონო ბექა, როგორც მოქალაქეს მინდა გკითხოთ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე დღეს მიხეილ სააკაშვილმა. ფიქრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა?

არა მგონია, ძნელად შესამჩნევი იყოს მისი მდგომარეობა, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელი ვერ იქნება.

ჩვენ გვახსოვს, როცა ხელისუფლება იძახდა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობსო და შემდეგ ვნახეთ, რომ მართლაც შიმშილობდა. დღევანდელი კადრები განსაკუთრებით შოკისმომგვრელია, ძნელია ადამიანს ასეთ მდგომარეობაში უყურო, ვინც არ უნდა იყოს ის.

უკიდურესი ნაძირალაც რომ იყოს ადამიანი, არ შეიძლება მას ასე მოეპყრო, არ შეიძლება ადამიანს ხედავდე ჯანმრთელად და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ხედავდე, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა თვალსა და ხელს შორის და არაფერს აკეთებდე.

ჩემთვის სანდოა სახალხო დამცველის პოზიცია და მის მიერ მობილიზებული ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც აცხადებენ, რომ მძიმე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

ზოგადად, ჩემი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს თვითონ პრემიერმაც განაცხადა ღიად, როცა სააკაშვილი დააპატიმრეს და მან თქვა, რომ ის დააპატიმრეს იმიტომ, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩა და არ წავიდა პოლიტიკიდან.

ეს ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური მოტივაციით არის დაკავებული და არა იმ სავარაუდო დანაშაულის გამო, რომლისთვისაც ის იხდის სასჯელს.

სააკაშვილის გადაყვანის, მისი სამკურნალოდ გადაყვანის კადრებიც შეიცავდა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის აშკარა ნიშნებს, ამაზე უფლებადამცველებიც საუბრობდნენ და ამ ადამიანის ციხეში ჯდომა, ამ თვალსაზრისითაც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დამდგარიყო.

  • ფიქრობთ, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება სააკაშვილის მიმართ, თუ პუტინის მიმართ მთავრობის ლოიალობის ჩვენება?

ღარიბაშვილმა იმ დღეს, როცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადება გააკეთა, მოგვილოცა ბიძინობა და ისე გამოჩნდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უძღვნიდა ამ საჩუქარს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ეამებოდა ოლიგარქს, რომელიც დღეს რეალურად მართავს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

სააკაშვილის დაკავებას გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს, რადგან ის იყო ერთადერთი მთავრობის მმართველი, რომელმაც არჩევნებით დათმო ხელისუფლება.

ეს ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ სამოქალაქო წინააღმდეგობა და ომი, იმ პირობებში, როდესაც გამოვიარეთ „ვარდების რევოლუცია“ და ყველა საუბრობდა სააკაშვილის სისტემის ავტორიტარულობაზე, ეს იყო საკმარისი წინაპირობა ჩვენს რეალობაში და ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი დევნა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ შეწყვეტილიყო და ცარიელი ფურცლიდან დაწყებულიყო ქართული პოლიტიკა.

რაც შეეხება რუსეთს, ვიცით ასევე ძალიან კარგად, რა ტიპის ბოროტებასთან გვაქვს საქმე. როცა ვსაუბრობთ რუსეთზე, რაიმე ტიპის შეთანხმებები ამ საკითხზე არ გვინახავს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პუტინი მუდმივად იმუქრებოდა, რომ შურს იძიებდა სააკაშვილზე და შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ჰქონდა გამოყენებული, რასაკვირველია, სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორების ინტერესი რუსეთის ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდა და ამას არც მალავდა.

ამიტომ, ამის იგნორირება და თქმა, რომ არა, სააკაშვილის მხოლოდ მისი დანაშაულების გამო იხდის სასჯელს, არის გულუბრყვილობა პოლიტიკური და სამოქალაქო თვალსაზრისითაც.

  • კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის ავად და ეს მხოლოდ სიმულაციაა – რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?

ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი უაღრესად კრიტიკულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიმაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ უღალატა საქართველოს კონსტიტუციას, შეცვალა კურსი. დღეს ხელისუფლება ლანძღავს დასავლეთს, უკრაინას და ელაციცება რუსულ სივრცეს, მუდმივად იმეორებენ, რომ ჩვენ ვმდიდრდებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკრაინის ომის ხარჯზე, იმიტომ, რომ არ შეუერთდა ხელისუფლება სანქციებს და იქეთ ვესხმით ვერბალურად თავს უკრაინას.

ამ ტიპის ხელისუფლებისგან, რომელიც ყველაზე მეტად წააგავს 1921 წელს საქართველოში შემოსულ ბოლშევიკების ბანდას, რა ჰუმანიზმს უნდა ელოდო. ისინი მოქმედებენ თავიანთი ძალადობრივი ლოგიკით.

ამიტომ, სხვა ტიპის ქმედება მათგან არც იყო მოსალოდნელი. ესაა ხელისუფლება, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ინტერესებს, რომ აშენდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ლიბერალი დემოკრატია, სადაც პატივს უნდა სცემდნენ ადამიანის ღირსებას და ზოგადად ადამიანს.

დღეს გვყავს, ფაქტობრივად, კოლაბორაციული ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ამიტომ მისი ქმედებები აბსოლუტურად ლოგიკურია.

აქ პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი, მეც მათ შორის, თითქოს სათანადოდ ვერ ვიაზრებთ ამ საფრთხეებს.

  • რა არის მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებაზე დამოკიდებული? ბევრი კრიტიკა ისმის იმაზე, რომ საზოგადოება არ არის აქტიური. 

ჩვენი, მოქალაქეების საქმე არის პროტესტი, რაც არ ჩანს. პროტესტი უნდა იყოს მასობრივი, მძლავრი, რომ იძულებული გახდეს ხელისუფლება, შეცვალოს ბევრი რამ. მათ შორის მოპყრობა სააკაშვილისადმი ან მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაგზავნის შესახებ.

რატომ არ არის პროტესტი, ამაზე ალბათ მთელი სოციოლოგიური კვლევაა ჩასატარებელი. ერთი შეხედვით, არის სრული ინდიფერენტულობა პოლიტიკური ოპოზიციისადმი, იმიტომ, რომ ოპოზიცია არ არის თანმიმდევრული, არ აჩვენებს მზაობას ერთიანი, კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ოპოზიცია არ აჩვენებს, რომ შეუძლია რაღაც საკითხების წამოყენება და დაცვა, არ აჩვენებს, რომ მზად არის ხელისუფლება შეცვალოს.

ჩემი აზრით, საზოგადოება თითქოს ველოდებით რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, როდის დაესმება წერტილი რუსეთის აგრესიას და გვგონია, რომ ყველაფერი თავისით შეიცვლება ამის შემდეგ. მე ასეთი განცდა მაქვს, რომ ახლა, ამ კრიტიკულ ვითარებაში, არავის არაფრის შეცვლა არ სურს.

  • სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი წერდა, რომ არ სურს იყოს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. თუ სააკაშვილს რაიმე მოუვა ციხეში, როგორც მოქალაქეს, გექნებათ დანაშაულის განცდა?

პირველ რიგში, ჩვენ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა გვქონდეს იმაზე, რომ არსებული ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რაც მოსდის სააკაშვილს.

ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა, ეს არის წამება, ეს არის უკანონო პატიმრობა და ამაში სრულად ვარ დარწმუნებული, რომ მისი პატიმრობა არის პოლიტიკური და არა მის დანაშაულებთან დაკავშირებული.

მაგრამ დღეს ადამიანები ყოველდღიურობით არიან მოცული, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ, უამრავი ადამიანი ფიქრობს ქვეყნიდან წასვლაზე, ყველა თავის საზრუნავშია ჩაფლული.

კრიტიკულ შემთხვევაში საზოგადოებას მხოლოდ მორალური სიცხადე და ღრმა სამოქალაქო ცნობიერება თუ ეხმარება, რომ რაღაც ტიპის მოვლენებისადმი ჰქონდეს საერთო დამოკიდებულება, ჰქონდეს პროტესტი, რაც ჩვენ არ გვაქვს. ამის ნაკლებობა ნამდვილად არსებობს.

ჩვენ არ ვიცით რა არის აბსოლუტურად მიუღებელი, რა შეიძლება შეიწყნარო და რა არ შეიძლება შეიწყნარო. რისი ატანა შეიძლება და რისი – არ შეიძლება.

იმის ატანა, რაც სააკაშვილს თავს ხდება და რასაც გვიჩვენებენ, რითაც შეტევას ახორციელებენ ჩვენს ფსიქიკაზე, ცნობიერებაზე, მორალზე – აი, ამის ატანა არ შეიძლება.

არ შეიძლება ქართველი ჯარისკაცის შეურაცხყოფის ატანა, რადგან ამაზე დგას ჩვენი მშვიდობა. ხელისუფლება კი მთელი კვირის განმავლობაში შეურაცხყოფდა ქართველ მეომრებს.

არ შეიძლება ჩამოეკიდო რუსეთს, დაუშვებელია ამის ატანა და ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს.

ამ ინდიფერენტიზმსაც აქვს თავისი მიზეზები – იყო იმედგაცრუებები სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, ის ბოროტება, რასაც სჩადის რუსეთი უკრაინაში და ასევე, უკიდურესად ნეგატიური განწყობა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს დღემდე, სხვადასხვა მიზეზების გამო.

როცა  არ გვაქვს საერთო ფასეულობები, რომელიც გვიკარნახებს ასეთ სიტუაციებში, რომ აი, ეს არის ზღვარი, ჯამში ვიღებთ ასეთ ინერტულობას, ასეთ შეწყნარებას იმისა, რისი შეწყნარებაც შეუძლებელი და დაუშვებელია მორალური საზოგადოებისთვის.

  • საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს პირობები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება კი ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. თქვენ როგორც მოქალაქეს, რა მოლოდინი გაქვთ?

მე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ კოლაბორაციონისტული ხელისუფლებაა და მას არანაირი მისწრაფება არ აქვს დასავლეთისკენ და იმ 12 პუნქტის შესრულებაზეც ყოველდღე იცინის.

ამას ამტკიცებს კიდეც, ომბუდსმენის ვერ არჩევით და კომპეტენტურ კანდიდატებზე უარის თქმით, როცა პოლიტიკური პატიმრების მიმართ ასეთ დემონსტრაციულ, საქვეყნო შურისძიებას აწარმოებს, როცა არანაირი საუბარი არ სურს დეოლიგარქიზაციაზე, სადაც კონკრეტულად წერია, რომ ეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და არა ვიღაც სხვა, აქ არც რაიმეს მოლოდინი არ უნდა გვქონდეს მოქალაქეებს და უბრალოდ თავს ვიტყუებთ.

იმის შემდეგ რაც 5 ივლისს მოხდა თბილისში, ან გარეჯის ოპერაცია როცა დაგეგმეს, როგორ უნდა ეგონოს ადამიანს, რომ ამ ხელისუფლებას დასავლეთის მიმართ ინტერესი შეიძლება ჰქონდეს.

ბელარუსის სპეცსამსახურებთან რომ ხელშეკრულებას გააფორმებ თანამშრომლობაზე, რა ლოგიკით უნდა გეგონოს, რომ ეს ხელისუფლება კონსტიტუციის ერთგულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: