მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე 6 საბავშვო ბაღის აშენებას აანონსებს – აქედან 3 ბაღი უკვე აშენებული უნდა იყოს

22.12.2022
რიჟვაძე 6 საბავშვო ბაღის აშენებას აანონსებს – აქედან 3 ბაღი უკვე აშენებული უნდა იყოს

„აშენდება 6 ახალი ბაღი ბათუმის მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრისას.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის ბიუჯეტი უკვე 300-მილიონიანი გახდა და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი.

თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, რომ იმ 6 საბავშვო ბაღიდან, რომელთა აშენებაც გაისად იგეგმება, 3 ბაღი წელს უნდა აშენებულიყო.

ბათუმში 2022 წელს 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა ვერც ერთი ვერ აშენდა, იმის მიუხედავად, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი იყო გამოყოფილი.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღში ჩარიცხვის რიგშია 842 ბავშვი.

აჭარის მთავრობის წინა სხდომაზე, 29 ნოემბერს, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „განვაახლებთ ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას“. საუბარია იმ ყინულის მოედანსა და საცურაო აუზზე ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობამ 29 მილიონი ლარი უკვე დახარჯა, ადგილზე კი არც ყინულის არენაა მოწყობილი და არც აუზი. ეს პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

აჭარის მთავრობის სხდომები ისევ დახურულ რეჟიმში ტარდება. ჟურნალისტებს მთავრობის სხდომაზე დასწრება მხოლოდ სხდომის გახსნის ეტაპზე შეუძლიათ. ამ დროს თორნიკე რიჟვაძეს პირდაპირი ჩართვა აქვს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. თორნიკე რიჟვაძისთვის კითხვების დასმა მთავრობის სხდომაზე ან მისი დასრულების შემდეგ, ძირითადად, შესაძლებელი არ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: