ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კონცერტი 30 000 ლარად – ვინ ითხოვს „ღამის შოუს ბენდს“ ხელვაჩაურში?!

19.12.2022 •
კონცერტი 30 000 ლარად – ვინ ითხოვს „ღამის შოუს ბენდს“ ხელვაჩაურში?!

ხელვაჩაურში საახალწლო დღეებში ორი კონცერტია დაგეგმილი: 2022 წლის 26 დეკემბერს – „ღამის შოუს ბენდის“, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს, კონცერტი საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება. კონცერტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, მინიმუმ 173 363 ლარი დაიხარჯება.

ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან „ღამის შოუს ბენდს“, 30 000 ლარს გადაუხდიან, ხოლო, 13 იანვრის კონცერტში 143 363 ლარი დაიხარჯება.

ყველა შესაბამის მომსახურებას მუნიციპალიტეტის მერია ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის.

იანვრის კონცერტთან დაკავშირებით მერიას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიღებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან [ამ შემთხვევაში ხელვაჩაურის მერიას ხელშეკრულება შპს „კონსიერჟ თბილისთან“ აქვს გაფორმებული], „ღამის შოუს ბენდთან“ დაკავშირებით განაცხადის განხილვა კი, ხვალ, 20 დეკემბერსაა ჩანიშნული.

რატომ „ღამის შოუს ბენდი“?

ხელვაჩაურის მერიის განაცხადის მიხედვით, „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი „დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში“ გაიმართება.

ამასთან, „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი [როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქედაში, ოღონდ არასაახალწლოდ], ხელვაჩაურის მერიის განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნაა.

„2022 წლის 26 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გასართობი ღონისძიების ჩატარება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა პოპულარული ჯგუფი „ღამის შოუს ბენდი“, რომელიც თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.“

იგივეა აღნიშნული ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის სახელზე, განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელისგან გაგზავნილი მოხსენებით ბარათშიც, სადაც ხაზგასმულია, რომ „ბენდის“ მოწვევის მიზანი – საახალწლო ღონისძიებების მაღალორგანიზებულად ჩატარებაც არის:

მერია „ბენდისგან“ 2-საათიანი პროგრამის შესყიდვას გეგმავდა, თუმცა, „ღამის შოუს ბენდი“ თანახმაა ხელვაჩაურში საათ-ნახევრიანი კონცერტი გამართოს – 30 ათას ლარად. ეს თანხა თავად „ბენდმა“ მოითხოვა. მერია კი, ცალკე უზრუნველყოფს საჭირო სცენას, განათებას და გახმოვანებას, რაც ამ თანხაში არ შედის.

2 საახალწლო კონცერტი ხელვაჩაურში?

2023 წლის 13 იანვარს კონცერტი ხელვაჩაურში, საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება და, ვინაიდან მთავრობის დადგენილება 29 ნოემბერს გამოიცა, ტენდერის ჩატარება დროში ვერ ხერხდებოდა – აღნიშნულია მერიის კიდევ ერთ განაცხადში.

„ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას ჰკითხა – იყო თუ არა დაგეგმილი საახალწლო კონცერტი და შესაბამისად გათვალისწინებული თანხა? თუ დაგეგმილი იყო – რატომ არ გამოცხადდა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე? რატომ ტარდება 2 საახალწლო კონცერტი?

მერიას ისიც ვკითხეთ, სად ნახეს 143 363 ლარი, რომელიც მთავრობის დავალების შესასრულებლად უნდა დაიხარჯოს? [განაცხადის მიხედვით, „მიმდინარე წლის 5 დეკემბერს შევიდა ცვლილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში და გამოიყო თანხა 143 364 ლარის ოდენობით“].

ხელვაჩაურის მერიის პასუხებს პრესსამსახურისგან ველოდებით და მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

„ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით და მასში ჩართულია ყველა ასაკის მოქალაქე“, – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის განაცხადში.

საქართველოს მთავრობის „თხოვნითა და დავალებით“, ახალი წლის დღესასწაულთან და მიმდინარე წლის დასრულებასთან დაკავშირებით, საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 62 მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს.

მთავრობის განკარგულებით საახალწლო კონცერტები აჭარაში, ხელვაჩაურის გარდა, ასევე ჩატარდება:

  • ქობულეთში – 2023 წლის 6 იანვარს – დაიხარჯება 134 891 ლარი;
  • ქედაში – 2023 წლის 3 იანვარს – დაიხარჯება 198 506 ლარი;

მთავრობის განკარგულების საფუძველზე საახალწლო ღონისძიებების მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვებისთვის ჯერ არ მიუმართავთ შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს.

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/453550/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: