მთავარი,სიახლეები

18 და მეტი სართული 2-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად ბათუმის ცენტრში

21.12.2022 • 3358
18 და მეტი სართული 2-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად  ბათუმის ცენტრში

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების განაცხადები ბათუმის მერიაში თანდათან იზრდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესი პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრში მდებარე ავარიული სახლებით არის დაინტერესებული და ორსართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ მინიმუმ 15-სართულიანი კორპუსების აშენება სურთ.

კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ

მონიშნულია მისამართები, სადაც კომპანიები არსებულის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს ითხოვენ.

შპს „ემ-კვადრატი“ ბათუმში ფიროსმანის #1-ში, ზღვასთან ახლოს ავარიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე, ახალი, 18-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ ბათუმის მერიას ახალი მრავალბინიანი სახლის პროექტი და ავარიულ სახლში მცხოვრებლებთან მოლაპარაკების შესახებ ამხანაგობის ოქმი, ასევე ხელშეკრულებები წარუდგინა. სამშენებლო ტერიტორია 1159 კვ.მეტრია და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს.

მშენებელი ზონაში დადგენილი კოეფიციენტის 9,0 -მდე გაზრდას ითხოვს.

ავარიული სახლის ერთ მხარეს მრავალბინიანი კორპუსი ააშენეს – ავარიულ სახლში მცხოვრებლები „ბათუმელებთან“  საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, როგორ შეიცვალა მათი საცხოვრებელი გარემო ამ კორპუსის მშენებლობის შემდეგ.

კომპანია პროექტის შეთანხმების შემთხვევაში განაშენიანების კოეფიციენტის [კ2] გაზრდას და სხვა დადგენილი პარამეტრების გადამეტების უფლება ითხოვს.

ბათუმის მერიისთვის მშენებლობის მსურველი კომპანიის დირექტორის მიერ გაგზავნილი წერილიდან ამონარიდს სტილის დაცვით გთავაზობთ:

„ვინაიდან მიწის ნაკვეთი და ირგვლივ განაშენიანების პარამეტრები არ გვაძლევს სასურველ მონაცემებს, რომელიც განსაზღვრავს საპროექტო შენობის სართულიანობას და გაბარიტებს, შესაბამისად შენობის განთავსების წესებს, პარკირებას და სხვა სავალდებულო მოთხოვნებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელშემწყობი ღონისძიებების სახით განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან: შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსება, ავტოსადგომების რაოდენობა. რაც გულისხმობს განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცებას.

ზემოთაღნიშნული ხელშემწყობი ღონისძიების გატარების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია მზად არის აღნიშნულ მისამართზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესაბამისად ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N1-ში არსებული ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებაზე და წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტის შესაბამისად 18 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებაზე.“

წარდგენილი პროექტის პარამეტრების მიხედვით, 1159 კვ.მეტრზე კომპანია 13 300 კვ.მ ფართობის მშენებლობას გეგმავს. აქედან:

  •   სარეალიზაციო საცხოვრებელი/საზაფხულო ფართობი: 7643,9 კვ.მეტრი.
  • კომერციული ფართობი: 893,1 კვ.მეტრი.
  • ტერასის ფართობი 477,7 კვ.მეტრი.
  • მიწისქვეშა სარდაფის/ სათავსოს ფართობი: 463,9 კვ.მეტრი.
  • ხანძრის მართვის ცენტრის ფართობი: 19,0 კვ.მეტრი
  •  დამხმარე სათავსო კომუნიკაციების განთავსების მიზნით: 150,7
  •  კიბის უჯრედის, სადარბაზოს, ლიფტის შახტების საერთო ფართობი: 463,9

პროექტის ავტორი „მოდერნ არქიტექტ  ჯგუფის“ არქიტექტორი მამუკა ჩავლეიშვილია.

პროექტის რენდერი – შპს „ემ -კვადრატი“ ბათუმში 2014 წელს დააფუძნეს, კომპანიის დირექტორი და 100 პროცენტის მფლობელი გია ბერიძეა. [შპს „ემ -კვადრატს“ არანაირი კავშირი არ აქვს კომპანია m²  -თან, რომელიც ასევე სამშენებლო კომპანიაა] 

ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლის მდგრადობასთან დაკავშირებით აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხანია საუბრობს, პრობლემის თაობაზე მათ მერიას არაერთხელ მიმართეს. სახლი მართლაც ცუდ მდგომარეობაშია, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჟონავს, კედლები დაბზარულია. ამ სახლში ფართობი აჭარის მთავრობასაც აქვს, შესაბამისად მთავრობასაც  ჰქონდა ინფორმაცია აქ არსებულ ვითარებაზე.  ადგილზე მოსახლეობა „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ სახლს გასამაგრებლად ძვირადღირებული სამუშაოები სჭირდებოდა, რისი საშუალებაც მათ არ ჰქონდათ. წლების შემდეგ კი მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდა.

ავარიული სახლი- ფიროსმანის #1

ფიროსმანის #1

პროექტის განთავსების გეგმის მიხედვით, ახალი კორპუსი მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი სახლის მცხოვრებთა საცხოვრებელ პირობებს შეცვლის: მათ ხედი დაეფარებათ, მე-18 სართულამდე მცხოვრებთა ბინებში კი [ღიობები ფიროსმანის ქუჩის მხარეს აქვს], მზის შუქის მიღების პრობლემა შეიქმნება.

ახალი შენობის ესკიზი – რომელიც გვაჩვენებს როგორ ამოვა კედელი არსებული კორპუსის ფანჯრების წინ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: