მთავარი,სიახლეები

მარიუპოლში მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი გათხარეს – AP

22.12.2022
მარიუპოლში მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი გათხარეს – AP

მარტის დასაწყისიდან დეკემბრამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი გათხარეს – ძირითადად „სტარი კრიმის“ სასაფლაოზე. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ (AP) თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სასაფლაო, მთლიანობაში, 51 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაფართოვდა, ხოლო დრონიდან გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ რუსმა სამხედროებმა საფლავების გასათხრელად მძიმე ტექნიკა გამოიყენეს.

რაც შეეხება საფლავებს, ზოგ მათგანზე ხის ჯვარია გარდაცვლილთა სახელით, თუმცა ძირითადად საფლავებზე მხოლოდ პატარა ბანერზე დაწერილი ნომრები გვხვდება. ზოგ საფლავზე ერთ ნომერზე მეტია. გამოცემის ცნობით, ეს მიანიშნებს, რომ მათში ერთზე მეტი ადამიანი შეიძლება იყოს დამარხული.

„სტარი კრიმის“ სასაფლაო 29 მარტს და 30 ნოემბერს. წყარო: AP

AP-ის ანალიზის თანახმად, ერთი საფლავისთვის, საშუალოდ, ექვსი კვადრატული მეტრი ფართობია გამოყენებული. ეს მაჩვენებელი ჟურნალისტებმა სასაფლაოს კონკრეტულ ზონებში საფლავთა რაოდენობის დათვლით მიიღეს.

სამი ექსპერტი, რომლებიც სამხედრო დანაშაულის გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი, ამბობს, რომ შეზღუდული ინფორმაციისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, ანალიზი საფუძვლიანია. როლანდ უესინგი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში საფლავების გათხრაში მონაწილეობდა, ხაზს უსვამს, რომ საფლავების რაოდენობა შეიძლება არ ემთხვეოდეს მოკლულთა რაოდენობას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ არ შეუძლია დაადგინოს გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი. თუმცა ამატებს, რომ უკრაინის სხვა ტერიტორიაზე ექსჰუმირებული სასაფლაოების შემთხვევაში თითო საფლავში ერთზე მეტი ადამიანი იყო დამარხული, ხოლო ბევრს ძალისმიერი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდა.

გარეკანის ფოტოზე: უკრაინულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაო


რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მარიუპოლში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა. მარიუპოლი ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

იხილეთ აგრეთვე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: