მთავარი,სიახლეები

კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ

11.11.2022 • 2952
კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ
  • დააკმაყოფილებს თუ არა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში აშენებული მრავალბინიანი კორპუსი უსაფრთხო საცხოვრებლის სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებს?
  • დაექვემდებარება თუ არა ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული პროექტები 41-ე დადგენილებას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტს ადგენს? 

ამ კითხვებზე ბათუმის მერიისგან მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც კოდექსში შესაბამისი ცვლილების დამტკიცების პროცესში და ვერც მაშინ, როცა ეს ცვლილება სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

კანონში ცვლილების თანახმად, ბათუმის მერმა „ავარიული სახლების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო უფლება პროექტი რიგი მოთხოვნების უგულებელყოფით შეითანხმოს, რასაც სხვა შემთხვევაში კოდექსი ითხოვს. პროგრამის ამ ფორმით განხორციელებაში დიდ რისკებს ხედავენ, როგორც ურბანისტები, ასვე უფლებადამცველები.

„განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითაც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო,“ – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციამ ამ ცვლილებებს კორუფციისთვის პირდაპირი გზის გახსნა უწოდა. შენიშვნები „ოცნებასაც“ ჰქონდა, თუმცა უფრო ტექნიკური ხასიათის. ურბანისტებმა კი გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორც „განუკითხაობის დაკანონება“.

საკონსტიტუციო სასამართლომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფაზე დღემდე არ განუხილავს.

  • განაცხადები

სანამ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას გადაწყვეტს, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში ახალ ეტაპზე გადავიდა. კონკრეტულმა კომპანიებმა მერიაში უკვე ოფიციალურად დააფიქსირეს ინტერესი კონკრეტული მისამართების მიმართ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ისევ ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე უჭირავთ თვალი.

„ბათუმელებმა“  მერიაში შესული განაცხადები შეისწავლა.

  • იმედაშვილის #10

ბათუმში, იმედაშვილის #10-ში ფიზიკური პირი, სელმან იაკობაძე ოთხი ავარიული სახლის ათვისების ნაცვლად, 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მან ბათუმის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადით მიმართა და პროექტიც წარუდგინა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ბიზნესმენს აქ მშენებლობა დიდი ხანია აქვს დაგეგმილი. მან მერიას წარუდგინა 2018 წლის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც შპს „რასე ბილდინგის“ დაკვეთით შპს „BCW“-ს ჩაუტარებია [„რასე ბილდინგიც“ სელმან იაკობაძის კომპანიაა].

მერიაში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, მშენებელს ოთხი საკადასტრო ერთეულის, ჯამში 1669 კვ.მეტრის ათვისება სურს. პროექტი მოიცავს არამხოლოდ იმედაშვილის #10-ს, არამედ იმედაშვილის ქუჩის #8, 10, 10ა- სა და 12-ს.

საგულისხმოა ისიც, რომ სამშენებლოდ მონიშნულ ტერიტორიას მცირე ზომის ინდივიდუალური სახლები ესაზღვრება. აქ 15 სართულიანი კორპუსის მშენებლობის შემდეგ მათი საცხოვრებელი გარემო მკვეთრად გაუარესდება.

მონიშნულია სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია – როგორც დოკუმენტებშია მითითებული, მშენებელი აქ 52.60 მ სიმაღლის მშენებლობას გეგმავს.

მშენებელი მერს წერს, რომ მიწის ნაკვეთის გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრის მიზნით კვლევა დაუკვეთა. გარდა ამისა, მან მერიას წარუდგინა დამოუკიდებელი ექსპერტის, რევაზ კახიძის დასკვნა სახლების მდგრადობაზე. ექსპერტი თავის დასკვნაში წერს, რომ შენობები ბარაკული ტიპის, ამორტიზებული და უსახურია.

დოკუმენტების მიხედვით, საკვლევი და მიმდებარე ტერიტორია ძირითადად მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. ასევე, განთავსებულია საზოგადოებრივი დანიშნულების მცირე ობიექტები.

მშენებელი მერიას თავად წერს: „ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით.“

პროექტი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ითვალისწინებს, თუმცა რამდენად აქვს დაცული სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით არ ირკვევა.

 

რენდერი – იმედაშვილის #10

  • გორგილაძის #49 / ხიმშიაშვილის #8

შპს „შათეს 22“-ის დირექტორი, შალვა ჯინჭარაძე ბათუმის მერს წერს, რომ ავარიული სახლების პროგრამა მისი კომპანიისთვის მოტივატორია ქალაქის ორ ცენტრალურ ადგილზე მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად. კომპანიას ხიმშიაშვილის #8 და გორგილაძის #49 აინტერესებს. ამასთან, კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, გორგილაძის #49-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა შეუძლებელია 47-ში რეგისტრირებულ ნაკვეთთან გაერთიანების გარეშე:

ამონარიდი კომპანიის მიმართვიდან

ამ ეტაპზე კომპანია მერიას ხიმშიაშვილის #8-ში დაგეგმილი პროექტის განხილვას სთხოვს. ავარიულ სახლებს გორგილაძის ქუჩის მხრიდან ხუთსართულიანი მრავალბინიანი კორპუსი ესაზღვრება. მშენებელი მერს წერს, რომ ამ  სახლის ათვისებაც უნდოდა, თუმცა მოსახლეობა წინააღმდეგია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხიმშიაშვილის #8-ში 566 კვ.მეტრზე ოთხი ავარიული შენობაა. კომპანია აქ 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს დამატებით ერთი ტერასული სართულით.

მონიშნულია ხიმშიაშვილის #8

კომპანიის ინფორმაციით, ხიმშიაშვილის #8-ში არსებული ავარიულის სახლების დემონტაჟის ხარჯზე დაგეგმილია 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სარდაფში 9 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგით. პირველ სართულზე კომერციულ ფართობებს განათავსებენ.

ხიმშიაშვილის #8 – ლურჯი ზოლით მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

კომპანია მერიას ასევე ატყობინებს, რომ პროექტირებისას გათვალისწინებულია 41-ე დადგენილების მოთხოვნები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით: „შენობას გააჩნია 2 კიბის უჯრედი და ლიფტი გათვლილია საკაცის მომსახურებაზე.“

თუმცა საინტერესოა კომპანია როგორ ახერხებს 566 კვ. მეტრზე 12-სართულიანი შენობის დაგეგმვას ისე, რომ შენობაში ორი კიბის უჯრედი და ორი ლიფტი მოაწყოს, როგორც ამას უსაფრთხოების წესები ითხოვს.

ამონარიდი კომპანიის მიმართვიდან.
„ფარნავაზ მეფის მხრიდან მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საკადასტრო საზღვრის კიდეზე. შესაბამისად, ამ მხრიდან შენობა დასმულია მომიჯნავე საკადასტრო საზღვრიდან სეისმიური მანძილის გათვალისწინებით (20-40სმ). გორგილაძის ქუჩის მხრიდან შენობა მაქსიმალურად შეწეულია სამეზობლო საზღვრიდან 3.80-5.00 მეტრით, ასევე უკანა ეზოს სიღრმეა 5 მეტრი. შესაბამისად მაქსიმალურად არის დაცული მიჯნის ზონები… ბინებში დაცულია ინსულაციის და განათებულობის ნორმები.“    

რენდერი – ხიმშიაშვილის ქუჩა #8

შპს „შათეს“ 80 პროცენტს შალვა ჯინჭარაძე ფლობს, კომპანიის 20 პროცენტი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის საკუთრება. თავისი წილებიც კომპანიაში მას მართვაში სწორედ შალვა ჯინჭარაძისთვის აქვს გადაცემული [შალვა ჯინჭარაძე მედეა ვასაძის მეუღლეა.]

  • ბარათაშვილის ქუჩა #4

შპს „გორგი“ ავარიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე მშენებლობას ბარათაშვილის #4-ში, ცირკის შენობის უკან გეგმავს. კომპანიამ მერიას 687კვ.მეტრზე 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის პროექტით და კ2 კოეფიციენტის, 7.0-მდე გაზრდის თხოვნით მიმართა.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია – შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სად შეიძლება ჰქონდეს აქ 12-სართულიან კორპუსს ეზო?

კომპანია მერიას წერს: „აჭარის მთავრობის და მერიის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ამორტიზებული შენობის ჩანაცვლება თანამედროვე ნაგებობით და მოქმედი სამშენებლო-სახანძრო ნორმების სრული დაცვით.“

საგულისხმოა, რომ 41-ე დადგენილება სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად ორი კიბის უჯრედის მოწყობას ითხოვს.  მოახერხებს კომპანია 687 კვ.მეტრზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას? – ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს.

რენდერი: საპროექტო შენობა ბარათაშვილისა და მელაძის ქუჩების მხრიდან

რენდერი: ირაკლი აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების მხრიდან

კომპანია მერიას წერს, რომ ჯამში 25 ავტომანქანისთვის შეძლებს ავტოსადგომის მოწყობას. ეს, ცხადია, 12-სართულიანი კორპუსისთვის საკმარისი არ იქნება.

შპს „გორგის“ 50 პროცენტს ჯემალ პატარიძე ფლობს, 25 პროცენტის მფლობელი შაქრო ზაქარაძეა, დარჩენილ 25 პროცენტს კი რუსეთის მოქალაქე ანდრეი კუზმინი.

წერეთლისა და იმედაშვილის ქუჩების კვეთა

შპს „მალდ ჯგუფი“ წერეთლისა და იმედაშვილის ქუჩების კვეთაში, 766 კვ.მეტრზე 17-სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. აქ არსებულ ორსართულიან სახლს ფასადზე აქვს წარწერა, რომ ის 1941 წელს არის აშენებული.

კომპანია მერიას წერს, რომ „აჭარის მთავრობის და მერიის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ამორტიზებული შენობის ჩანაცვლება თანამედროვე ნაგებობით და მოქმედი სამშენებლო-სახანძრო ნორმების სრული დაცვით.“ ასევე ატყობინებს, რომ სახლის მესაკუთრესთან „შეთანხმება მიღწეულია“.

კომპანიას კოეფიციენტის გზარდა 11.0-მდე სურს. ავტოპარკინგისთვის კი  მხოლოდ 20 ადგილს გაითვალისწინებს.

„მალდ ჯგუფის“ 100 პროცენტი რევაზ ანანიძის საკუთრებაა.

იმედაშვილის #19 ავარიული სახლების ნუსხაშია

იმედაშვილის #19- რენდერი

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც მერიამ მოგვაწოდა, უწყებაში კიდევ ორი განაცხადია შესული. „ბათუმელებს“ ასევე აქვს ინფორმაცია, კიდევ რამდენიმე პროექტზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მერიაში ჯერ არ შესულა.

მერიაში განმარტეს, რომ უკვე შესული პროექტების შესწავლა ჯერ არ დასრულებულა და ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება. „ბათუმელები“ სტატიას დაგეგმილ პროექტებზე უახლეს მომავალშიც გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: