მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ვადები გახანგრძლივდა

28.05.2021
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ვადები გახანგრძლივდა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

ამასთან,

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგია საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

ორგანულ კანონში შესული ცვლილება ძალაში 2021 წლის 27 მაისს შევიდა. ამ ცვლილებამდე მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ბოლო ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო.

პირს, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ გარკვეულ მოთხოვნებს, კერძოდ:

[checklist]

  • მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
  • არ არსებობს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.

[/checklist]

ახალი ცვლილებით, „საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის შესაბამისად მოიპოვებენ, მიიჩნევიან:

ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.