მთავარი,სიახლეები

პრიგოჟინი ძირს უთხრის პუტინს – ISW-ის ანგარიში

21.12.2022 • 880
პრიგოჟინი ძირს უთხრის პუტინს – ISW-ის ანგარიში

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს.

ბელარუსის ჩართვა ომში

ანგარიშის თანახმად, კრემლი ზრდის ზეწოლას ბელარუსის პრეზიდენტზე, ალექსანდრე ლუკაშენკოზე, „რომელსაც სულ უფრო და უფრო ცოტა სივრცე რჩება მანევრისთვის“.

ექსპერტების მოსაზრებით, ლუკაშენკო პუტინის მზარდ მოთხოვნებზე (ომში უშუალოდ ჩართვა) დათანხმების შეფერხებას შედარებით მცირეზე დათანხმებით ახერხებს, როგორიც, მაგალითად, ბელარუსში „C400-ის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებაა.

უკრაინელი სამხედროები, თავის მხრივ, სულ უფრო მეტს საუბრობენ ბელარუსიდან რუსეთის მორიგი იერიშის საშიშროებაზე. უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, სერჰი ნაიევის თქმით, ბელარუსში მყოფ რუს ძალებს აქვთ საკმარისი პოტენციალი უკრაინისთვის საფრთხის შესაქმნელად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადრე უკრაინელები ბელარუსში არსებულ რუსულ ძალებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ. თუმცა, ნაიევის თქმითვე, უკრაინა მზადაა, ბელარუსიდან იერიშის შეტევისას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დაიცვას. ინსტიტუტის ექსპერტები, თავის მხრივ, არ მიიჩნევენ, რომ ასეთი იერიში გარდაუვალია.

  • ზელენსკის ვიზიტი ბახმუტში

ანგარიშის ავტორების აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა ბახმუტში, ფრონტის წინა ხაზზე, დაჩრდილა პუტინის PR-კამპანია, რომლის ფარგლებშიც ის საკუთარი თავის ეფექტიან ლიდერად წარმოჩენას ცდილობს.

ექსპერტების თქმით, ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჯილდოებს არა ჯარისკაცებს, არამედ „თავის წრეს“, რომელიც ომში უშუალოდ არცაა ჩართული, რაც რუსეთში ომის მომხრეების კრიტიკასაც კი იწვევს.

ამასთან, როგორც ინსტიტუტი წერს, რუსულმა ძალებმა სამი თვის განმავლობაში ბახმუტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სულ 192 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლეს, აქედან ასის – ოქტომბერში.

  • „პრიგოჟინი ძირს უთხრის პუტინს“

ანგარიშის თანახმად, „კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, ძირს უთხრის პუტინს რუსეთის საინფორმაციო სივრცეში. ამის საილუსტრაციოდ პრიგოჟინის ბახმუტთან ახლოს ჩასვლაა მოყვანილი.

პრიგოჟინმა ბახმუტთან ახლოს გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც ზელენსკისთან საუბრის სურვილს გამოთქვამს ამ ტერიტორიების კონტროლთან დაკავშირებით.

მართალია, პრიგოჟინი ოფიციალურად არ არის სამხედრო ან პოლიტიკური თანამდებობის პირი, იგი წარმოადგენს თავს როგორც ცნობილ სამხედრო-პოლიტიკურ ფიგურას, ხოლო „ზელენსკისთან საუბრის“ სურვილი პასუხია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ პუტინს პირისპირ, რუსეთის უკრაინიდან გასვლის შემდეგ მოელაპარაკება.

„პრიგოჟინის გამოჩენა ფრონტის წინა ხაზზე კიდევ უფრო ასუსტებს პუტინს, როგორც ომის დროის ლიდერს, ვინაიდან პუტინი არათუ არ ყოფილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – იგი ფრონტის ხაზთან ახლოსაც კი არ ჩასულა“, – ნათქვამია ანგარიშში.

___

მთავარი ფოტო: რუსეთის ძალების წინსვლა ბახმუტისკენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: