მთავარი,სიახლეები

„აჭარლებო, მაგრად არ მევასებით“ – როგორ იმუშავეს ტროლებმა ხანძრის ღამეს კრიტიკის გადასაფარად

22.12.2022 • 9439
„აჭარლებო, მაგრად არ მევასებით“ – როგორ იმუშავეს ტროლებმა ხანძრის ღამეს კრიტიკის გადასაფარად

„ტროლინგის მიზანი არის, გაავრცელოს არასწორი საინფორმაციო დისკურსი, რადგან ხელისუფლებას არ უნდა ვინმემ რაიმე ტიპის დღის წესრიგი გარედან შესთავაზოს. ამიტომ ის ყოველმხრივ ცდილობს, პროაქტიულად შექმნას თავისი დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეფუძნება ტროლებს“, – ასე ხსნის ჟურნალისტი, მედია მკვლევარი ზვიად ქორიძე მიზეზს, თუ რატომ ცდილობენ ტროლები მნიშვნელოვანი დისკუსიების ჩაშლას.

თუ სოციალურ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ სადაც კი მნიშვნელოვანი თემების განხილვა იწყება, იქ აუცილებლად ჩნდებიან ე.წ. ტროლები და ამ დისკუსიის ჩაშლას ცდილობენ. ხშირ შემთხვევაში შლიან კიდეც.

„ბათუმელები“ ამ სტატიაში გამოცემის ფეისბუქგვერდზე, 18 დეკემბრის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს გიზიარებთ.

18 დეკემბერს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე განთავსებული რესტორანი დაიწვა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აქრობდნენ.

“ბათუმელები“ ხანძარს და მის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ფეისბუქლაივის ქვეშ ხანძრით შეშფოთებული მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს ტოვებდნენ.

„სად არის მთავრობა? ვერტმფრენს რატომ არ გამოუძახეს? უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ ეცოდებათ ხალხი, რას შველის ეს სახანძროები“

„ასე ხომ შეიძლება მოედოს მთელ უბანს, რას ელოდებიან, სეირს უყურებენ? იმედია არავინ დაშავდება“

„ვერტმფრენები სადაა, ვერტმფრენებით რომ ჩააქრონ“

„ამხელა კორპუსების მშენებლობის უფლებას რომ აძლევს ხელისუფლება, რატომ არ ყიდულობენ შესაბამის ტექნიკას, რატომ?“

„ღმერთო, დაუჯერებელია, რა ხდება. ამდენი მაღალი შენობა ღმერთის იმედადაა და არანაირი ტექნიკა, მომარაგება არ აქვს ქვეყანას, ქალაქებს, ღმერთო“

„ლეოგრანდის დაწვის შემდეგ მაინც უნდა მიეღოთ საჭირო ზომები ასეთი სიტუაციებისთვის“, „მერი წვიმას ელოდება“, – ასეთი იყო ლაივის ქვეშ დაწერილი კომენტარების დიდი ნაწილი.

საერთო ჯამში, ხანძრის ლაივზე 3 ათასზე მეტი კომენტარი დატოვეს მოქალაქეებმა.

ლაივის ჩართვისა და მოქალაქების აქტიურობიდან მოკლე ხანში ლაივის ქვეშ ტროლები გამოჩნდნენ და მოქალაქეების ყურადღების გადატანა სცადეს.

„სიმინდი, სიმინდიი“, „რამ დარირო, რიმდარირო“ – ამ და  მსგავსი კომენტარებით ცდილობდა ერთ-ერთი ტროლი დისკუსიაში დისონანსის შემოტანას. მას შემდეგ, რაც მოქალაქეები არ აყვნენ, ლაივზე ახალი ტროლი გამოჩნდა.

„ვყიდი 3 ძროხას ჭიათურაში“, „3 ჯიშიანი ძროხა ხალხო“, „ვყიდი სამ ჯიშიან გერმანულ ბოჩოლას ჭიათურაში, დეტალები პირადში“, – ტროლ ექაუნთი სახელით Natashka Natashka არაერთგზის შეეცადა დისკუსიის მიმდინარეობის შეცვლას.

სქრინი “ბათუმელების” ფეისბუქ ლაივიდან

მას შემდეგ, რაც არც ამან იმუშავა და ხალხი ისევ წერდა საქმიან კომენტარებს – კითხულობდნენ, სად იყო ვერტმფრენი, რატომ ვერ აქრობდნენ ხანძარს, ტროლებმა ახალი თემის შემოტანა და ხანძართან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავშირება სცადეს.

ბოლოს, როცა არც ამაზე არ ჰქონიათ მოქალაქეებს რეაქცია, დისკუსიაში გაჩნდა ახალი ტროლი სახელით Norman Norman, რომელმაც დაწერა: „აჭარლებო, მაგრად არ მევასებით, რაღაცნაირი ხალხი ხართ, სოხუმლები გჯობიათ“.

სქრინი “ბათუმელების” ფეისბუქ ლაივიდან

განსხვავებით წინა ტროლებისგან, ამ კომენტარის ავტორ ტროლს „გაუმართლა“ – მის კომენტარს მოქალაქეები გამოეპასუხნენ და საკმაოდ აგრესიულადაც. თანდათან დისკუსია, რომლის მთავარი შინაარსი ხანძარი, სახანძრო უსაფრთხოება და ხელისუფლების უმოქმედობა იყო, ნაწილობრივ შეიცვალა – წინამორბედებისგან განსხვავებით, ამ ტროლმა მიზანს მიაღწია.

რაც არ უნდა მოაწყო, იმ ინფორმაციას ვერ წაშლი, რომ მაღალსართულიანი კორპუსის სხვენზე რესტორანი დაიწვა. ამას ვერ დამალავ, მთელი ქალაქი უყურებდა როგორ იწვოდა ეს შენობა. მაშინ რატომ გამოიყვანეს ტროლები და რატომ სცადეს დღის წესრიგის შეცვლა? ამ შემთხვევაში არა ვიღაცის წინააღმდეგ მოქმედება იყო ამ ტროლების ამოცანა, ამ ტროლების ამოცანა იყო დღის წესრიგი შეგვეცვალა. ისინი შეეცადნენ შემოეტანათ თემები, რომლებიც გადაფარავდა კითხვებს – თუ რამდენად კორუმპირებულია ადგილობრივი მმართველობა, ვის აქვს ეს შენობა აშენებული, რა პირობით აქვს გადაცემული, სახანძრო უსაფრთხოების წესები როგორ არის დაცული, ზოგადად უსაფრთხოების რა მექანიზმები არსებობს.

ბევრი ასეთი საკითხი გამოვიდა წინა პლანზე, როდესაც ეს ხანძარი გაჩნდა,“ – ამბობს მედია მკვლევარი ზვიად ქორიძე.

19 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, გიორგი კირთაძეს, ქუჩაში იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.

მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე, ხანძარს, ტროლებსა და გიორგი კირთაძეზე თავდასხმას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს და ამბობს, რომ ენმ-ის რეგიონულ ლიდერზე თავდასხმა ხანძრის ირგვლივ გაჩენილი დისკუსიის გადასაფარად მოხდა.

„ჰიპოთეტური ტროლია, უბრალოდ სახელი-გვარი ჰქონდა მას, ვინც მეორე დღეს რატომღაც მიუვარდა ენმ-ის ლიდერს ბათუმში და ფიზიკურად გაუსწორდა.

რატომ გააკეთა ეს? იმიტომ, რომ საზოგადოებრივი დისკუსია სხვა მიმართულებით წასულიყო.

მთავარი თემა იყო ხანძარი, არა როგორც ხანძარი, არამედ ხანძარი ყველა მისი წინარე ისტორიებით, ყველა მისი მიმდინარე პროცესით და რა კითხვებიც გაჩნდა საზოგადოებაში, ყველა აქტუალური იყო.

მაგრამ ეს უნდა გადაფარო, რადგან თუ ეს დომინანტური კითხვები გაჩნდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ზარალდება ხელისუფლება. იმისათვის, რომ ხელისუფლება არ დაზარალდეს, თავად ხელისუფლება რთავს აი, ამ ტროლების მექანიზმს და იღებს კიდევაც გარკვეულ შედეგს. შეიძლება ისეთი ტიპის დისკუსია წამოვიდეს, რომელმაც იმწუთას ყურადღება გაუფანტოს აქტიური საზოგადოების რაღაც ნაწილს და გადაიყვანოს სხვა რელსებზე. ტროლის მიზანიც ეს არის, ამისთვის არსებობს.

ეს ხომ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული და მანიპულაციური მანქანაა. ტროლინგის მიზანი არასწორი საინფორმაციო სადისკუსიო დღის წესრიგის გავრცელებაა,“- ამბობს ზვიად ქორიძე.

მედია მკვლევარის თქმით, ტროლების მეშვეობით მთავრობა დღის წესრიგს პროაქტიულად ქმნის, რადგან „ხელისუფლებას არ უნდა, რაიმე ტიპის დღის წესრიგი ვინმემ გარედან  შესთავაზოს და თვითონ ჩადგეს თავისმართლების რეჟიმში“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტროლები ხელისუფლებისგან იმართება, მედია მკვლევარი ფინანსებზე მიუთითებს.

„ტროლების შესანახად არის დიდი ფინანსები საჭირო. ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე უფრო მეტად ეს შედის ხელისუფლების ინტერესებში. ხელისუფლებას შეუძლია ასეთი მექანიზმების მართვა.

[ხელისუფლებისთვის] პრობლემაა ქვეყანაში საზოგადოებრივი დისკუსიების არსებობა. რადგან მერე ხელისუფლებას უწევს ამ განწყობებისთვის ანგარიშის გაწევა,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ვინ არიან ტროლები და რას საქმიანობენ

ტროლი არის სოციალურ ქსელში ანონიმურად მოქმედი ანგარიში, რომელიც რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს. არსებობს მათი ორი კატეგორია. პირველი, ვინც მეტი დამაჯერებლობისთვის სხვა ადამიანის იდენტობას იპარავს – რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა სახელის და გვარის მქონე ადამიანის ფოტოებს იყენებს თავის პროფილზე. მეორე კატეგორია, რომელიც მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას მალავს.

„რაც უფრო ზრუნავს ტროლი თავისი პროფილის შექმნასა და იდენტობის ჩამოყალიბებაზე, ნდობის მოპოვებაზე, მით უფრო რთულია მისი, როგორც ტროლის ამოცნობა. თუ პროფილის სახელად მხოლოდ „გიო გიო“ უწერია, პირად ფოტოებს არ აქვეყნებს, ან მხოლოდ ყვავილებისა და ჩიტების ფოტოები აქვს გამოქვეყნებული, დამატებით, თუ მოწონებული აქვს კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებული გვერდები და ამასთან, ვინმეს მხარდამჭერ ან მადისკრედიტებელ კომენტარებს ტოვებს, ამ დროს უფრო ადვილად შეგვიძლია მივხვდეთ, რომ საქმე ყალბ ანგარიშთან გვაქვს.

მაგრამ როცა ისეთი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ ნამდვილი ადამიანია ამ ფოტოებზე, პოსტებზე აქვს კომენტარები, ლაიქები, ჰყავს ბევრი მეგობარი, ხშირად აზიარებს სხვადასხვა ფოტოს და ჩექინდება სხვადასხვა ადგილიდან, ეს ჩვეულებრივ მომხმარებელს არ უჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს ყალბი ანგარიში. ხშირად ეს იმის გამოც ხდება, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყოველთვის არ გვაქვს დრო ყველა დეტალს ჩავუღრმავდეთ და ყველა საეჭვო კომენტარის ავტორის პროფილები გავაანალიზოთ,“. – ამბობს ანი ქისტაური, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი.

ანი ქისტაური

მისივე თქმით, ამ ფაქტორით ხშირად ბოროტად სარგებლობენ ყალბი ანგარიშები და ცდილობენ ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალონ.

„ცდილობენ დისკუსია ჩაშალონ, საღი აზრი ჩაახშონ ან არსებული პრობლემისგან ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ხშირად ტროლები ცდილობენ, შექმნან იმის ილუზია, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ და ამით სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებს აბრკოლებენ, ხელს უშლიან, რომ მათგან განსხვავებული აზრი დააფიქსირონ,“ – ამბობს ანი ქისტაური.

როგორ შლიან ტროლები საზოგადოებრივ დისკუსიებს

„ტროლები რატომ არსებობენ? იმიტომ არსებობენ, რომ დისკურსები შეცვალონ. ტროლები არსებობენ იმიტომ, რომ ის, რაც არის მნიშვნელოვანი აქცენტები, რაზეც შეიძლება საზოგადოება ბჭობდეს და ის, რაც საზოგადოების განვითარებას ემსახურება – დაანგრიონ,“ – ამბობს მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე და იქვე განმარტავს, თუ რატომ ცდილობენ ტროლები საზოგადოებრივი დისკუსიების ჩაშლას.

„ტროლი შედის იმ ჯგუფების ან ინსტიტუციების ინტერესებში, ვისაც უნდა, რომ საზოგადოებრივი დისკუსიები არ შედგეს. საზოგადოებრივი დისკუსია იწვევს მოქალაქეების გააქტიურებას, მოქალაქეების მობილიზებას, საზოგადოებრივი დისკუსია იწვევს ჯანსაღ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესს. ბუნებრივია, ამ დისკუსიების ჩაშლა ვის ინტერესებშიც შედის, ის ქმნის ამ ტროლებს, უშვებს საჯარო სივრცეში და იწვევს საკომუნიკაციო ველის მოშლას, მონგრევას.

იმიტომ, რომ აჩენს პარალელურ მოძრაობებს, აჩენს ეჭვებს, აჩენს სკეპტიციზმს იმ საკითხების მიმართ, რაზეც საზოგადოება უკვე მეტ-ნაკლებად თანხმდება. ტროლი კი არის დესტრუქციული.

ეს არის აპრობირებული ტექნოლოგია, ამაზე მუშაობს ძალიან ბევრი ინსტიტუტი, შედეგსაც აღწევენ გარკვეულწილად, რადგან ხშირ შემთხვევაში ტროლების მიერ ამოყირავებული სადისკუსიო მაგიდა მერე ხდება მეინსტრიმული.

შედეგად ეს უფრო მეტ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყოფ მოქალაქეებზე. მერე გადაწყვეტილება ან საერთოდ აღარ მიიღება, ან მოქალაქეები ხდებიან უფრო მეტად ინერტულები და უფრო მეტად პესიმისტურად განწყობილები იმ კონკრეტული საკითხის მიმართ,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძე

მედიამკვლევარი იხსნებს ტროლების ბოლო „ნამუშევარს“ – ე.წ. „აბა, ომი გინდათ“ დისკურსს, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დისკუსია, რომელიც ახლა მიდის ქართულ საზოგადოებაში, ეფუძნება ტროლების მიერ შექმნილ დისკურსს, რომელსაც მერე დაეშენა პოლიტიკური დღის წესრიგი. „ომი გვინდამ“ იმდენად შეცვალა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დღის წესრიგი ამ ტროლების აქტიურობით, რომ პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი დაეშენა ამ მოგონილ თემას.

თემა აბსოლუტურად მოგონილია. რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რა მასშტაბის პროცესები მიდის ახლა უკრაინაში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ამ ომზე. ომზე, როგორც ომზე და ომზე, როგორც პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პროცესზე.

რას ცვლის ეს ომი არა მხოლოდ უკრაინაში ან რუსეთში, ან პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში. იცოდეს, რატომ უნდა იყოს ჩართული ამ ომის დღის წესრიგში, როგორ უნდა ხედავდეს თავს, როგორც საომარ პროცესში და ასევე პოლიტიკურში. იმიტომ, რომ ამ ომის შედეგად აბსოლუტურად იცვლება არამხოლოდ ევროპის პოლიტიკური რუკა , არამედ იცვლება აქცენტებიც. იცვლება პოლიტიკური ალიანსები, იცვლება დღის წესრიგი ამ სახელმწიფოების და ა.შ. შენ უნდა ხედავდე შენს ადგილს აი, ამ ცვლილებათა ნაკადში.

ამ დროს ტროლებმა საზოგადოებას შესთავაზეს დისკურსი – რომ ვინც აი, ამ პროცესში გამოხატავს ლოიალობას უკრაინელების მიმართ ან თავის სიმპათიას, დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, იმათ უნდათ ომი. ქვეყნის ომში ჩართვა.

როგორც  კი ეს თემა დამუშავდა, მომენტალურად წამოვიდა პოლიტიკური დღის წესრიგი – რომ „ომი გვინდა“.

რა თქმა უნდა, ამას ღიად არ ამბობს მმართველი ელიტა, ისინი არიან გაყურსულები. ამბობენ, რომ ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი, ვინც ქმნის ამ მოსაზრებებს, საზოგადოებრივ აზრს, ისინი მთლიანად არიან ტროლები, ბოტები და ისინი აჯერებენ საზოგადოებას.

ტროლინგის საუკეთესო მაგალითია „ხალხის ძალა“, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყალიბდება ნელ-ნელა, როგორც პოლიტიკური ძალა და აბსოლუტურად ტროლინგზეა აწყობილი: ისეთ დღის წესრიგს სთავაზობს საზოგადოებას ნდობის მოსაპოვებლად, რომელიც ტყუილია.

ეს იმდენად კვალიფიციურად მომზადებული ტყუილია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია სიმართლედ,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: