მთავარი,სიახლეები

პუტინი რუსეთის ჯარის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას გეგმავს – ISW

22.12.2022
პუტინი რუსეთის ჯარის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას გეგმავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ მიიღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების თაობაზე.

თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის შეხვედრაზე შოიგუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვართან, მათ შორის ფინეთსა და შვედეთში, საფრთხეს უქმნის მოსკოვს. 2022 წლის გაზაფხულზე კრემლში ამბობდნენ, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება „არ წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს“.

შოიგუმ ასევე წარადგინა რუსეთის ჯარის რეფორმირების ნაბიჯები:

  • მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების აღდგენა;
  • სამი მოტორიზებული დივიზიის შექმნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • ჯარისკაცთა რაოდენობის მილიონ-ნახევრამდე გაზრდა;
  • ჯარში გაწვევის დაწყების ასაკის აწევა 18-დან 21 წლამდე, დასრულების – 27-დან 30-მდე.

ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთავაზებული ზომები, დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება რუსეთს, სწრაფად მოახერხოს ახალი და ეფექტიანი ძალების შექმნა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მოსკოვს ახლა მეომარი ძალების მომარაგებაც უჭირს.

როგორც ISW-ი აღნიშნავს, შოიგუმ და პუტინმაც აღიარეს, რომ რუსულ ძალებს ჰქონდათ გარკვეული „გამოწვევები“, თუმცა აჩვენეს, რომ არ აპირებენ უკან დახევას და კვლავ ცდილობენ, მაქსიმუმს მიაღწიონ უკრაინაში:

„პუტინმა პირდაპირ მიმართა შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს და უთხრა, რომ რუსეთს არ აქვს ფინანსური შეზღუდვები და უზრუნველყოფს ყველაფერს, რასაც ჯარი მოითხოვს“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ომის კვლევის ინსტიტუტის“ ექსპერტების აზრით, კრემლი არ აპირებს უკრაინაში თავდაპირველ მოთხოვნებზე ნაკლებს დასჯერდეს, რადგანაც პუტინს, დიდი ალბათობით მიაჩნია, რომ თუ მაქსიმალისტურ მიზნებს მიატოვებს, რუსული საზოგადოება როგორც ასეთი და „ომი პარტიის“ მხარდამჭერი ულტრა-ნაციონალისტები უკმაყოფილოები იქნებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: