მთავარი,სიახლეები

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

22.12.2022 • 3884
4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

ბათუმში და ხუთ მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად, სცენის გამართვისთვის, ნაძვი ხეების შეძენა-მონტაჟისა და ინფრასტრუქტურის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად 5 მილიონამდე ლარი იხარჯება. აქედან ყველაზე მეტი – 4 მილიონამდე ლარი ბათუმის მერიის ხარჯია [მათ შორის 50 000 ლარი აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან თანამონაწილეობაა].

600 000-ზე მეტი ლარი კი აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან დაიხარჯება, შესაბამისი შესყიდვები უკვე გაფორმებულია.

საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმების სამუშაოების შესყიდვაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „აჭარგანათებასთან“ 5 დეკემბერს გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 993 000 ლარია. ამავე კომპანიას, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე, გაუფორმეს ქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შესყიდვა-მონტაჟის სამუშაოები 968 387 ლარად.

2022 წლის 15 დეკემბერს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილს მისწერა, რომ ქალაქის საახალწლო ღონისძიებების ხარჯი 700 000 ლარია და ამ საქმეში თანამონაწილეობა სთხოვა. განათლების სამინისტრო რამდენიმე მომსახურების დაფინანსებას – ჯამში 50 000 ლარის გამოყოფას დაჰპირდა ქალაქის მერს.

ბათუმის მოედანზე საახალწლო ღონისძიების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 53 000 ლარს დახარჯავს ბათუმის სპორტული ცენტრი, შესაბამისი მომსახურება ცენტრმა ტენდერის გარეშე შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

დოკუმენტებში წერია ისიც, რომ ღონისძიება 200 კაცზე გათვლილი ფურშეტით დასრულდება, რისთვისაც 8000 ლარი გაითვალისწინეს. სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, „ფურშეტის მენიუ უნდა შედგებოდეს: 2 სახის კანაპე; მინილობიანი, მინიხაჭაპური, მინიეკლერი, მინიშუ, ხილის ტორტი მარწყვით ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი, შუშხუნა ღვინო ბოკალით.“

ღონისძიება ყინულის სასახლეში იმართება.

ბათუმის კულტურის ცენტრმა საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება 293 000 ლარად შეისყიდა, ხელშეკრულება შპს „ბეტა პრინტს“ გაუფორმეს. კომპანიას საახალწლო კონცერტისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობა-აღჭურვის, აპარატურით მომსახურება, ბანერების დაბეჭდვა, ვიდეორგოლებით მომსახურება, კარვებით უზრუნველყოფა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული სამუშაოები დაუკვეთეს.

რაც შეეხება ხელვაჩაურს – აქ საახალწლო დღეებში ორი კონცერტია დაგეგმილი: 2022 წლის 26 დეკემბერს „ღამის შოუს ბენდი“ იმღერებს, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს, კონცერტი საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება. კონცერტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, მინიმუმ 173 363 ლარი დაიხარჯება.

კონცერტი 30 000 ლარად – ვინ ითხოვს „ღამის შოუს ბენდს“ ხელვაჩაურში?!

მთავრობის განკარგულებით, საახალწლო კონცერტები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 2023 წლის 6 იანვარს ქობულეთში პრემიერის განკარგულებით დაგეგმილი კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 134 891 ლარი, ხოლო ქედაში 198 506 ლარი დაიხარჯება [ქედაში კონცერტი 2023 წლის 3 იანვარს ჩატარდება].

წელს ახალი ნაძვის ხე ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც შეისყიდა. ბათუმის მერიისგან განსხვავებით, ქობულეთმა ნაძვის ხე 145 740 ლარად, ტენდერის გზით იყიდა და არა გადაუდებელი აუცილებლობით. ტენდერი ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით ქობულეთის მერიამ 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

ქობულეთის მერიამ საახალწლო ღონისძიებების მომსახურება 230 200 ლარად შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვა საახალწლო ღონისძიებების მოწყობას 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში ითვალისწინებს.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ხულოს მუნიციპალიტეტმა ყველაზე დაბალ ფასად – 23 000 ლარად შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ამ თანხით საახალწლო აქსესუარები შეისყიდეს. მერიაში გვითხრეს, რომ საახალწლო კონცერტიც ჩატარდება და მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: