ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლაა. 43 სკოლაში დირექტორობის მოვალეობას კაცი ასრულებს, დარჩენილ 6 საჯარო სკოლაში კი – ქალი. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორის მოადგილის ანაზღაურებადი 16 პოზიციაა, სადაც 14 კაცი მუშაობს.
ხულოს საჯარო სკოლის დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა ცხადად ჩანს ოფიციალური სტატისტიკით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე თავად სკოლის დირექტორები.
დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას 2020 წლიდან არკადი ართმელაძე ასრულებს.
„შეზღუდული არ არის არცერთი ქალბატონი, რომ გახდეს დირექტორი. უბრალოდ, არა აქვთ ალბათ სურვილი და ამიტომ. გენდერული თანასწორობაა დღეს. ყველას აქვს ამის [სკოლის დირექტორობის] უფლება და არავინ არ ზღუდავს დღეს ჩვენთან რაიონში და, ზოგადად, საქართველოში [ქალებს].
კი ბატონო, რატომაც არა, ქალებს შეუძლიათ მართონ სკოლები ისე, როგორც კაცებს.
ზოგადად, არ ვიცი და ჩვენს სკოლაში მასწავლებელ ქალებს არ აქვთ დირექტორობის სურვილი. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. არ ვიცი, ალბათ უბრალოდ არ სურთ და ესაა. სხვა რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არის“, – გვეუბნება არკადი ართმელაძე.
იგი ფიქრობს, რომ დაბა ხულოში ბევრი მასწავლებელი ქალი შეძლებს იყოს კარგი დირექტორი.
კითხვაზე, მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორების შეკრებაზე ერთხელ მაინც თუ განუხილავთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ხულოში ძირითადად კაცები არიან სკოლის დირექტორები, იგი ასე გვპასუხობს:
„რთული შეკითხვაა. შეიძლება კი, შეიძლება არა. არ ვიცი, არ მახსოვს“.
სოფელ განახლების საჯარო სკოლაში დირექტორობის მოვალეობას ლიანა ბოლქვაძე ასრულებს.
„რა თქმა უნდა, ვხედავ გენდერულ უთანასწორობას [ხულოს კაც და ქალ დირექტორებს შორის], მაგრამ ეს რამ გამოიწვია არ ვიცი“, – ამბობს ის.
ლიანა ბოლქვაძის თქმით, სკოლის დირექტორების შეკრებებზე სკოლის დირექტორებს შორის გენდერულ უთანასწორობაზე არც ერთხელ არ უმსჯელიათ, მაგრამ „ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სადაც ქალი დირექტორები არიან, იქ უფრო უკეთესადაა საქმე. ამას ამბობენ თვითონ კაცი დირექტორები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სხვა თანამშრომლებიც. მუნიციპალიტეტში, მერიის წარმომადგენლებისგანაც რამდენიმეჯერ მსმენია ეს“, – გვითხრა მან.
ლიანა ბოლქვაძე იხსენებს, რომ როცა პირველად გახდა განახლების საჯარო სკოლის დირექტორი, ძალიან ეშინოდა, მაგრამ შეძლო ყველა გამოწვევას გამკლავებოდა.
„საკმაოდ კარგი მასწავლებლების გუნდი ჰყავს ხულოს მუნიციპალიტეტს. წარმატებული მასწავლებელი ქალები ასწავლიან სკოლებში, ტოლს არ დაუდებენ ნებისმიერ კაცს“, – ამბობს ის.
იგი ფიქრობს, რომ ხულოში პედაგოგი ქალები, რომლებსაც აქვთ სათანადო გამოცდილება და კომპეტენცია, სკოლის დირექტორობისგან, შესაძლოა, თავს იკავებდნენ მაღალმთიან აჭარაში განსაზღვრული ქალის როლის გამო.
„ქალს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს სახლში. როცა ხარ ქალი დირექტორი, ზოგჯერ საკუთარი ოჯახი გვერდზე უნდა გადადო, იმიტომ, რომ უამრავი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გაკისრია.
პირადად მე, პირველ რიგში, ოჯახმა შემიწყო ხელი. მათი თანადგომით ვმართავ ამდენი წელია სკოლას. ჩემს ოჯახს ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ პირველი საქმე რაც მე უნდა მეკეთებინა – არ უნდა მეღალატა ჩემი სკოლისთვის.
ნამდვილად ვერ შევძლებდი მუშაობას, ოჯახი რომ გვერდით არ მყოლოდა და ალბათ, ეს უშლით ხელს ქალებს, რომ სკოლის ხელმძღვანელები გახდნენ.
ოჯახური მდგომარეობა… ეს მაღალმთიანი აჭარაა და სოფლებში ქალებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. სხვა მხრივ, არც განათლებით, არც შესაძლებლობებით არ დაუდებენ ტოლს პედაგოგი ქალები არც ერთ პედაგოგ კაცს“.
ლიანა ბოლქვაძე თვლის, რომ ქალი დირექტორების რიცხვი კაცი დირექტორების რიცხვს რომ გაუთანაბრდეს, ამ თემის ხშირად განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია:
„შეხვედრებია საჭირო მასწავლებელ ქალებთან, რომ რაღაც მოტივაცია ჰქონდეთ და ისინიც გახდნენ დირექტორები“ – ამბობს ის.
„არა მგონია სადმე იყოს განსხვავება… თანაბარია [ქალი და კაცი დირექტორების რაოდენობა] მე ვფიქრობ, არა მარტო ხულოში, ზოგადად“, – გვითხრა დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორმა იოსებ შავაძემ, რომელიც უკვე 12 წელია სკოლის დირექტორია.
ჩვენ მას ხულოში სკოლის დირექტორების გენდერული სტატისტიკა გავაცანით. იოსებ შავაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა ამ სტატისტიკის მიზეზი:
„ნამდვილად ვერ გეტყვით რატომაა ასე. არის ტენდენცია, რაც მე ვმუშაობ, ქალი დირექტორების რაოდენობა თანდათან იზრდება.
ადრე მასწავლებლების უმრავლესობა სკოლებში კაცები იყვნენ და ახლა პირიქითაა. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ და ვაკვირდები, ქალბატონები უფრო არიან პედაგოგები, ვიდრე მამაკაცები და რადგან მეტნი არიან, თანდათანობით, ალბათ ქალი და კაცი დირექტორების რაოდენობა გათანაბრდება და მომავალში, შესაძლოა, სკოლის დირექტორი ქალები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე კაცები“.
მისი თქმით, დიდაჭარის სკოლას ჰყავს მასწავლებლები, რომლებიც კარგი დირექტორები იქნებიან და ვარაუდობს, რომ დირექტორების მომდევნო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
იოსებ შავაძე თვლის, რომ სკოლის დირექტორებს დიდი პასუხისმგებლობები აქვთ, რაც მათ ხელფასთან შესაბამისობაში არ არის.
„მასწავლებლებმა დირექტორობის სურვილი შესაძლოა არ გამოთქვან იმიტომ, რომ უკეთეს ანაზღაურებას მიიღებენ პედაგოგიური მოღვაწეობით. თუ მასწავლებელი იქნება სერტიფიცირებული, მაღალი სტატუსის მქონე, მიიღებს დანამატს. დირექტორებს, როგორც წესი, ვთქვათ, საათობრივი დატვირთვა შეზღუდული აქვთ“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლებს დარჩებათ მეტი თავისუფალი დროც და არ მოუწევთ სკოლაში გვიან ღამემდე, ხანდახან კი მთელი ღამით დარჩენა.
„ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რაღაც სირთულეებთან იყოს დაკავშირებული [ქალისთვის დირექტორობა], ვთქვათ, მკაცრი ზამთრის გამო. შეიძლება უკეთესად ხედავდეს სიტუაციას კაცი, ვიდრე ქალბატონი, მკაცრი ზამთრისას.
სხვა დანარჩენი, არაფერი სირთულე არ არის და თანაც, ჩვენ ხშირად გვაქვს შიდა საუბრები. გვყავს გამოცდილი დირექტორი ქალები. წამოვიდნენ ახალგაზრდა [ქალი] დირექტორებიც.
ვეუბნები – „გამრავლდით“. ეს არის მათთვის სტიმულის მიცემა ჩემგან და სკოლის სხვა დირექტორი კაცებისგანაც, მაგრამ რომ ამბობდნენ ქალები, რომ აი, ვთქვათ – „ჩვენ ცოტა გვიჭირს რაღაცები, პრობლემებია [რადგან ქალები ვართ] და ამის გამო ვერ ვბედავთ, არ გვაქვს სურვილი ვიყოთ დირექტორები“ – ასეთ პრობლემებზე არ მომისმენია“, – ამბობს ის.
სოფელ წაბლანას საჯარო სკოლის მოვალეობის შემსრულებელი 2004 წლიდან გულნარა შაინიძეა.
„შესაძლოა ჩემს თავზე არ ვთქვა, მაგრამ სხვა დირექტორ ქალებზე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივად მართავენ [სკოლებს] და ხშირად, ხაზგასმით ვამბობ, სადაც ქალია დირექტორი, უფრო დალაგებულია სიტუაცია. ვთქვათ, ხმამაღალი ტონის გარეშე რეგულირდება ბევრი რაღაც და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს.
ქალ და კაც დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა მართლაც არის. ვხედავთ, ეს რეალური ციფრებია და ასე არ უნდა იყოს. ბევრი ქალი უნდა გააქტიურდეს“, – ამბობს გულნარა შაინიძე.
იგი ფიქრობს, რომ ხულოში მასწავლებელ ქალებს, იმისათვის, რომ გახდნენ დირექტორები, აფერხებთ „ტრადიციული“ მიდგომები ქალების მიმართ, რომ მაგალითად, შუადღის შემდეგ ქალი აუცილებლად სახლში უნდა იყო და ასევე, ზოგადად დირექტორის პასუხისმგებლობების აღება. მისი თქმით, თავად მას ძალიან უწყობს ოჯახი ხელს.
„დირექტორი ქალების რიცხვი დირექტორი კაცების რიცხვს რომ გაუტოლდეს, ამ თემაზე მეტი საუბარია საჭირო. ვთქვათ, სკოლებში ადგილზე მისვლით, შეხვედრები რომ მოეწყოს, რაღაც ფორმით მოხდეს. შეიძლება ტრენინგებიც ჩავატაროთ“, – ამბობს გულნარა შაინიძე.
______________________
ფოტოზე: სკოლის დირექტორების შეკრება ხულოში. 2019 წელი.
ამავე თემაზე:
რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი - გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში