როგორ მიმდინარეობს სეზონი და რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

„მხოლოდ გზის პრობლემა გვაქვს ხულო-გოდერძის მონაკვეთზე, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. გზა რომ იყოს, ხალხიც იქნება“, – გვითხრა ზაურ კოჩალიძემ. ის ხულოს სოფელ რიყეთის მკვიდრია და ოჯახის წევრებთან ერთად კურორტ გოდერძიზე მუშაობს. ზაურის ძირითადი საქმე საკუთარი ჯიხურიდან თხილამურებისა და  სრიალისთვის აუცილებელი თუ დამხმარე საშუალებების გაქირავება და ინსტრუქტორობაა.

„ჩვენთან მთელი დღით თხილამურების, ბათინკების, ხელჯოხებისა და ჩაფხუტის დაქირავება 30 ლარი ღირს. მთლიანი კომპლექტი ეკიპირებასთან ერთად, ანუ ხელთათმანებიც და უნიფორმაც – 50 ლარი.

ინსტრუქტორის აყვანა 1 საათით 70 ლარი ღირს, თუ მთელი დღით სჭირდებათ ინსტრუქტორი, შეღავათებს ვაკეთებთ. ინსტრუქტორის მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია. ბევრმა საერთოდ არ იცის თხილამურებზე დგომა, ბევრს ბაკურიანში აქვს ნასწავლი, აქაურ ტრასებთან შეჩვევა სჭირდება და ა.შ.

არის დღე, მხოლოდ 2 კაცზე ვაქირავებთ თხილამურებს, არის დღე, პირობითად, 60 მომხმარებელი გვყავს“, – გვეუბნება ზაური.

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით კურორტზე ტურისტების რაოდენობა მომატებულია: „ძირითადად უცხოელები არიან. ყველა რუსულად ლაპარაკობს, მაგრამ რომელი ეროვნების არიან ვერ, ვარჩევ“.

ზაურ კოჩალიძის თქმით, იანვრის პირველ ნახევარში კურორტი ყოველთვის უფრო მეტად არის დატვირთული, ვიდრე შემდეგ, თუმცა იგი თებერვალშიც ელოდება გოდერძიზე მომხმარებლებს.

„თოვლიანობა შარშანდელთან შედარებით დაბალია, მაგრამ საკმაოდ კარგი თოვლია. [სათხილამურო] ტრასები 2-3 დღის წინ გაფუჭებული იყო, ადგილ-ადგილ ჩანდა მიწა, ითოვა და აღარ ჩანს. უთოვლობას წელს არ შევუფერხებივართ, თუმცა ასე თუ გაგრძელდა და არ ითოვა, დიდხანს ვერ გასტანს სეზონი“, – ამბობს ზაურ კოჩალიძე.

კურორტ გოდერძიზე სეზონი 2022 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს გაიხსნა.

კურორტი გოდერძი. ფოტო/ირაკლი მამფორია

სასტუმრო „ამბასადორ გოდერძის“ გენერალური მენეჯერის, ირაკლი მამფორიას თქმით, 15 იანვრის ჩათვლით მათი სასტუმრო 100-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობდა:

„შემდეგ, ასე ვთქვათ, ვარდნა იყო. 21 იანვრის ჩათვლით დაახლოებით – 40-41 პროცენტი [სტუმრების რაოდენობა], ახლა 15-20 პროცენტამდე შემცირდა“.

ირაკლი მამფორია გვეუბნება, რომ გასული წლის იანვართან შედარებით წელს, იანვრის თვეში, გაორმაგებულზე მეტი სტუმარი ჰყავდა სასტუმროს და თებერვლისთვისაც გაცილებით მეტი წინასწარი ჯავშანი აქვთ, ვიდრე წინა წელს. მისი თქმით, ნომრებს ახლაც აქტიურად ჯავშინიან.

„საახალწლო პერიოდში, 31 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, 2-ადგილიანი ნომრის ფასი 200 დოლარი იყო ეკვივალენტი ლარში. შემდეგ უკვე დაბალი სეზონი მოდის, მარტის ბოლომდე 2-ადგილიანი ნომრის ფასი 160 დოლარიდან იწყება და 600 დოლარამდე იზრდება, გააჩნია ნომრის კატეგორიას, ხედს.

ნომრის ფასში შედის დილის საუზმე, ასევე დახურული საცურაო აუზი, 2 ტიპის საუნა და ბავშვთა გასართობი ცენტრი. ერთადგილიანი ნომრის ფასი 140 დოლარია ახლა, მაღალ სეზონზე 180 დოლარი იყო“, – გვითხრა ირაკლი მამფორიამ.

კურორტი გოდერძი. ფოტო/ირაკლი მამფორია

2022 წელს კურორტ გოდერძიზე სეზონი 5 აპრილს დაიხურა. სეზონის ხანგრძლივობა ადგილზე თოვლის სიმაღლეზეა დამოკიდებული. „ამბასადორ გოდერძის“ მენეჯერს სეზონის მინიმუმ მარტის ბოლომდე გაგრძელების იმედი აქვს.

„გზა, რა თქმა უნდა, [ხულო-გოდერძის მონაკვეთი] დასრულებული რომ იყოს, ბევრად მეტი სტუმარი ივლიდა კურორტზე – არა მარტო ჩვენს, არამედ სხვა სასტუმროებშიც. გზა აფერხებს მომხმარებლის აქამდე მოსვლას, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებსაც, პირიქით, უგზოობა იზიდავს და მაგიტომაც დადიან. ასეთი სტუმრებიც გვყოლია“, – ამბობს ირაკლი მამფორია.

კურორტი გოდერძი. ფოტო/ირაკლი მამფორია

„წელს ქართველ და უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია. პარალელურად დაწყებულია ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მოწყობა, რაც კურორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – მოგვწერეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან.

_________________________________________________

მთავარ ფოტოზე: ტურისტები კურორტ გოდერძიზე. ირაკლი მამფორიას ფოტო

ქუთაისში ისტორიული შენობა დაანგრიეს – დარჩა მხოლოდ ფასადი

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 1860 წელს აგებული ისტორიული შენობა დაანგრიეს და მისგან მხოლოდ წინა ფასადი დატოვეს.

ათწლეულების განმავლობაში დავით აღმაშენებლის მოედნის პირველ ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო განთავსებული.

2012 წელს მუზეუმი და იქ განთავსებული სამუზეუმო ფონდი სხვაგან გადაიტანეს, შენობა კი უფუნქციოდ დარჩა.

ქუთაისის მერიის დაკვეთით, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს.

2022 წელს ქუთაისის მერიამ მუზეუმის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად პროექტი შეიძინა. მოგვიანებით საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა.

პროექტის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ძველი შენობის ფასადის 3 კედელი უნდა შეენარჩუნებინა, თუმცა დღეს, 31 იანვარს, გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ წინა ფასადის გარდა, შენობა დანგრეულია.

  • რა წერია პროექტში მუზეუმის ყოფილი შენობის შესახებ

მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის პროექტი შპს „ნს სტუდიომ“ მოამზადა.

„შენობის მდგომარეობა დღევანდელი შეფასებით ავარიულია. იგი საჭიროებს, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციას და დემონტაჟს,“ – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, შენობის ძირითად არქიტექტურულ ღირებულებას მისი სამი ფასადი წარმოადგენდა: დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის.

„დღევანდელი მოცემულობით თავდაპირველი ფასადები სახეცვლილია, გვაქვს ამოშენებული ფანჯრის და კარის ღიობები, ასევე ჩამოშლილი მნიშვნელოვანი დეკორატიული საფასადე ელემენტები, თუმცა ამ სამი ძირითადი ფასადის მნიშვნელოვნება უცვლელია და აუცილებლად საჭიროებს ჩარევას, რათა მოხდეს ძველი იერსახის შენარჩუნება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

არსებული შენობის გეგმარებითი სტრუქტურა ექვემდებარება დემონტაჟს, რათა ჩანაცვლდეს ახლით.

შენობის ძირითად სამ მნიშვნელოვან ფასადს ვამაგრებთ და ვახდენთ დაკარგული ელემენტების რეკონსტრუქციას, ასევე ამოშენებული თაღების დემონტაჟს და ღიობის შემავსებლად ვიყენებთ ფანჯრებს, რითაც ვიღებთ ავთენტურ იერსახეს, რომელიც გაერთიანდება ახალ არქიტექტურასთან.

შენობის შედარებით გვიანდელი მინაშენი, რომელიც გამოკვეთილად განსხვავდება გეგმარებით და არქიტექტურული სტილისტიკით, დაინგრევა და ჩანაცვლდება ახალი სტრუქტურით,“ – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტში.

დღეს, 31 იანვარს გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდგარი ისტორიული შენობიდან მხოლოდ წინა ფასადი დარჩა. შენობის სხვა ნაწილები დანგრეულია. ფოტო: ირაკლი სახამბერიძე

სპეციალისტები ქუთაისის მუზეუმის ყოფილ შენობას მნიშვნელოვან არქიტექტურულ ელემენტად თვლიდნენ, რომელიც ქალაქის მთავარი მოედნის ურბანული განვითარების ისტორიულ ეტაპებს ასახავდა.

  • ვინ ასრულებს სამუშაოებს

2022 წლის ივლისში ქუთაისის მერიამ ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ „ართვინ ჯორჯიამ“ მიიღო. გამარჯვებულიც ეს კომპანია გახდა.

ქუთაისის მერიამ „ართვინ ჯორჯიასთან“ 4 999 227 ლარზე დადო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ მშენებლობა 2023 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა, თუმცა 2022 წლის ნოემბერში კომპანიის დირექტორმა ოსმან ოზთექმა ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმართა და ხელშეკრულების ვადის ორი თვით გაგრძელება სთხოვა.

მიზეზად კომპანიამ „დემონტაჟის სამუშაოებისას გამოკვეთილი რიგი გარემოებები“ დაასახელა.

ქუთაისის მერმა კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 16 აპრილამდე მისცა.

ასე გამოიყურება დღეს, 31 იანვარს ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა. ფოტო: ირაკლი სახამბერიძე

ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2012 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მოუხსნეს.

სტატუსის მოხსნის საფუძვლად კი გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის და სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასახელეს.

_________________________________

მთავარი ფოტო: ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობისგან დარჩენილი ფასადი. ირაკლი სახამბერიძის ფოტო

პირველი უკრაინელი ქალი, რომელმაც გმირის წოდება მიიღო ომში დაღუპვის შემდეგ

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეებიდანვე ქალაქი სუმი და მის ახლომახლო მდებარე სხვა დასახლებები საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების სამიზნედ იქცა.

ქალაქ სუმის მცხოვრებლებმა ამ ბრძოლებში განსაკუთრებული გამძლეობა და სიმამაცე გამოიჩინეს. დაიღუპნენ მებრძოლები, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო ექიმები, რომლებიც უკრაინის მცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ ბრძოლის ველზე.

2022 წლის 24 თებერვალს მე-15 მოტორიზებული ქვეითი ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმი, სერჟანტი ინა დერუსოვა, შვებულებიდან სამსახურში ბრუნდებოდა – იგი მორიგე იყო სამხედრო სამედიცინო განყოფილებაში. ორი დღით ის ახტირკაში შეყოვნდა, რადგან მშვიდობიან ქალაქზე რუსმა სამხედროებმა მასობრივი შეტევა დაიწყეს.

ამ ადგილას მობილიზებული იყო ოპერატიული სარდლობა „სევერის“ ქვედანაყოფები, რომლის ბევრი წევრიც მძიმედ დაიჭრა რუსეთის არმიის თავდასხმებისას. სწორედ მათ დასახმარებლად დარჩა დერუსოვა ახტირკაში ბოლომდე. სიცოცხლის რისკის ფასად ექიმმა ათზე მეტი სამხედრო გადაარჩინა.

26 თებერვალს იგი ბოლოჯერ დაეხმარა დაჭრილებს რუსული ცეცხლის ქვეშ. სერჟანტი ინა დერუსოვა ამ დღეს შეეწირა რუსულ აგრესიას.

ინა დერუსოვა, უკრაინის პირველი გმირი ქალი, რომელმაც ეს წოდება ომში დაღუპვის შემდეგ მიიღო

ინამ ტერნოპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

„მას 2015 წლიდან ვიცნობდი. ერთად ვმსახურობდით. ჩვენს ბატალიონში მობილიზაციის მესამე ტალღის დროს მოვიდა და სამხედრო სამედიცინო დანაყოფში მსახურობდა. სიტუაცია მაშინ ძალიან დაძაბული იყო და მძიმე შრომა დააწვა ინას მხრებზე – ერთდროულად იყო დანაყოფის სამედიცინო სამსახურის, სამედიცინო ცენტრის უფროსი და სამედიცინო ინსტრუქტორიც. ბევრი საქმის გამო არასდროს წუწუნებდა.

მფარველი ანგელოზივით იყო მებრძოლებისთვის, ყველას უყვარდა და დედას ეძახდნენ,“- ამბობს ინას კოლეგა და თანამებრძოლი პიოტრ ლისენკო უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემასთან – Aryinform-თან.

იგი იხსენებს ასევე იმასაც, რომ ინას ხელში გაიარა არაერთმა ექიმმა, რომლებმაც დატოვეს სამოქალაქო მედიცინა და ომში წავიდნენ, სამხედრო სამედიცინო დანაყოფებს რომ დახმარებოდნენ:

„უნდა გენახათ, დაბნეული გოგოები ინას დახმარებით სულ რაღაც ორ კვირაში როგორ იქცეოდნენ ნამდვილ სამხედრო, მებრძოლ მედიკოსებად.

ინა სულ მათ ირგვლივ ტრიალებდა.

ძალიან ამაყობდა შვილით, საშათი, რომელმაც 2016 წელს კონტრაქტით დაიწყო სამხედრო კარიერა იმ დანაყოფში, სადაც დედა მსახურობდა. ომამდე საშას სულ სხვა ინტერესები ჰქონდა, ხელოვნებით იყო გატაცებული, ტატუირება იყო მისი საყვარელი საქმე, მაგრამ სამხედრო სამსახურში მისვლიდან ერთ წელიწადში ის ბატალიონის ერთ-ერთი საუკეთესო ნაღმმტყორცნი გახდა, მერე საშა მალევე დაქორწინდა, რითაც ინა ძალიან ბედნიერი იყო“ – ამბობს ლისენკო.

უკრაინის მცველია ინა დერუსოვაც ძმაც, რომელიც 2014 წლიდან „კრივბასის“ ბატალიონის მოხალისე იყო, ახლა კი ის მშობლიური ქალაქის, კრივოი როგის ტერიტორიული თავდაცვის რიგებში იბრძვის.

52 წლის ინა დერუსოვა 2022 წლის 26 თებერვალს დაიღუპა რუსული ჯარების საარტილერიო დაბომბვის დროს, სწორედ მაშინ, როცა დაჭრილებს ეხმარებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინა დერუსოვას 2022 წლის 12 მარტს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ინა უკრაინის პირველი გმირი ქალია, რომელსაც ეს წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.

________________________________

წყარო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა Aryinform.

ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან, ზღვის 12,5 ჰექტარ ტერიტორიას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ადგილი შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება იმ პროექტის ფარგლებში, რომლითაც აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავს.

აღნიშნული პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მიმდინარე სამუშაოების გამო, ფაქტობრივად, პლაჟი აქ უკვე აღარ არსებობს – „ამბასადორმა“ შეიტანა ლოდები და სხვა ინერტული მასალა, რომელსაც ზღვაში ყრიან.

ბარცხანა – ხელოვნური კუნძულის მშენებლობის მიზნით აქ შეტანილი ლოდების გამო ბარცხანის სანაპიროსთან ბუნებრივი პლაჟი აღარ არსებობს. 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბარცხანა – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა. 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბარცხანის სანაპიროს გასწვრივ, ოფიციალურად, „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ჯებირი კი მთლიანად შთანთქავს ბარცხანის პლაჟს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა, გოჩა კამკიამ დაახლოებით 6 თვის წინ განაცხადა, რომ „საინვესტიციო პროექტი კუნძულთან ერთად გულისხმობს ხელოვნური პლაჟის შექმნასაც, რომელიც საჯარო სივრცე იქნება“.

ბათუმის ხედი ბარცხანის პლაჟიდან. 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის ხედი ბარცხანის პლაჟიდან. 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად შესაბამისი პროცედურები „ამბასადორს“ ამ დრომდე არ დაუწყია.

ბარცხანა – ტროტუარიდან პლაჟზე ჩასასვლელი კიბე, რომელმაც თავისი ადრინდელი ფუნქცია უკვე დაკარგა პლაჟის გაქრობის გამო. 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბარცხანა – პროექტის ფარგლებში შეტანილი ქვები სანაპიროზე. 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს, როგორც შესაბამის დოკუმენტებში იყო აღნიშნული, ძირითადად ხალას, ახალშენისა და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ.

ბარცხანა. 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბარცხანა – ქვების შეტანა სანაპიროს 1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთში მიმდინარეობს.  31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო, თუმცა არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვაზე იყო საუბარი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 4 თვის წინ კი მოგვწერეს, რომ:

„სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გაცემულია ნებართვა ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის, მშენებლობაზე“.

__________________________

ამავე თემაზე:

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

 

უკრაინაში ომის დროს ქორწინების სტატისტიკა გაიზარდა

2022 წელს უკრაინაში ქორწინების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის და ქვეყანაში მიმდინარე ომის მიუხედავად, 2022 წელს უკრაინაში 200 ათასზე მეტი წყვილი დაქორწინდა. 

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, წლის განმავლობაში 217 800-მა წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ქორწინება.

ამის პარალელურად ქვეყანაში შემცირდა განქორწინების მაჩვენებელი.

უკრაინის ხელისუფლებამ საომარი მდგომარეობის დროს გაამარტივა ქორწინების პროცედურა სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სამართალდამცავებისა და ექიმებისთვის და მათ დაუსწრებლად დაქორწინების უფლება მისცა, ასევე, ქორწინების ოფიციალური გაფორმება შესაძლებელია ონლაინ.

__________________

ფოტო: უკრაინის იუსტიციის სამინისტრო

ვიდეო: ქორწილი საავადმყოფოს პალატაში – 23 წლის უკრაინელმა მედდამ 27 მარტს დაკარგა ორივე ფეხი და ოთხი თითი მარცხენა ხელზე. ის შეყვარებულთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როცა ნაღმზე აფეთქდა. წყვილი ლვოვში, საავადმყოფოს პალატაში დაქორწინდა.

ქუთაისში საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაციის პროგრამა იწყება. სამუშაოების 95 პროცენტს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს, 5 პროცენტს კი – ადგილობრივი ბიუჯეტი.

ფასადების რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერიამ რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

  • დაგეგმილია რუსთაველის გამზირზე №110; 112; 114-ში მდებარე კორპუსების ფასადის შეცვლა.

პროექტის თანახმად, სამივე კორპუსის ფასადზე აკრული ბუნებრივი ქვა უნდა მოიხსნას, კედლები გაილესოს და საფასადე საღებავით შეიღებოს. ასევე, უნდა ჩამოხსნან ფასადზე არსებული ყველა კონდიციონერი. აივნებიც უნდა შეიცვალოს და ლითონის ჭედური მოაჯირები მოეწყოს.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ამ სამი საცხოვრებელი ბინის ფასადების რეაბილიტაციისათვის ერთი ტენდერია გამოცხადებული, ჯამურად 409 075 ლარზე.

სატენდერო წინადადების თანახმად, №110 საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 137 016 ლარს, №112 საცხოვრებელი ბინის – 113 696 ლარს და №114 საცხოვრებელი ბინის – 158 363 ლარს.

რუსთაველის 112
  • 206 986 ლარზეა გამოცხადებული ტენდერი დუმბაძის ქუჩის №2 საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაციისათვის.

პროექტის თანახმად, შენობის აივნებზე არსებული მოაჯირები უნდა მოიხსნას და მის ნაცვლად ჭედური ლითონის მოაჯირი მოეწყოს, ხოლო შენობის ფასადი მაღალი ხარისხის საფასადე საღებავით შეიღებოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება.

ასე გამოიყურება დუმბაძის ქუჩის №2-ში საცხოვრებელი ბინის ფასადი
  • 410 845 ლარზეა გამოცხადებული ტენდერი შოთა რუსთაველის გამზირის №102-104 -ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაციისათვის.

პროექტის თანახმად, ამ თანხით კორპუსის აივნებზე უნდა მოეწყოს კერამოგრანიტის ფილები, ამორტიზებული კარ-ფანჯრები უნდა შეიცვალოს ახლით. ფასადზე განთავსდეს გარეგანათება და შეიღებოს.

ასე გამოიყურება რუსთაველის 102-ში მდებარე კორპუსი
  • კიდევ ერთი კორპუსი, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება, ქუთაისში, ასათიანის ქუჩის №139-ში მდებარე საცხოვრებელი ბინაა. ამ ბინის ფასადის რეაბილიტაციაზე მერიას ტენდერი 183 326 ლარით აქვს გამოცხადებული.

გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერის მოგებიდან ორ თვეში უნდა ჩაუტაროს კორპუსის ფასადს რეაბილიტაცია. კერძოდ, შეღებოს ფასადი მაღალი ხარისხის საფასადე საღებავით, აივნებზე მოხსნას არსებული თუნუქი და შეცვალოს ის ალუკაბონდის პანელური მოაჯირით.

ტენდერში წინადადებების მიღება 4 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.

ასე გამოიყურება ასათიანის ქუჩის №139-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ფასადი

 

რა მეთოდით შეიძლება ხორცმეტების მოშორება – ექიმის რჩევები

ხორცმეტი, იგივე რბილი ფიბრომა, რბილი მრგვალი ფორმის მეჭეჭის მაგვარი წარმონაქმნია, რომელიც კანზე ჩნდება. კლინიკა “კანის” ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ მისი წარმოშობის მიზეზი კანის პაპილომა ვირუსია, რომელიც ავთვისებიანობით არ ხასიათდება.

  • რა წარმონაქმნია ხორცმეტი?

ხორცმეტი უფრო ხალხური სახელწოდებაა, მოსახლეობაში ხშირად პაპილომასაც ეძახიან, მას რბილი ფიბრომა ჰქვია და ის ვირუსული წარმონაქმნია, თუმცა ავთვისებიანობით არ გამოირჩევა, ანუ კეთილთვისებიანია.

  • სხეულის რა ნაწილებში გვხვდება ყვლაზე ხშირად?

მას აქვს „საყვარელი“ ადგილები, ეს არის კანის რბილის ნაწილები – კისრის მიდამო, იღლიის ფოსო, საზარდულის მიდამო, მკერდის ქვემოთ, სადაც რბილი ნაწილებია, იქ ჩნდება.

  • რა იწვევს რბილ ფიბრომას?

მისი გამომწვევია პაპილომა ვირუსი, რომელიც ყველა ადამიანს გვაქვს კანზე, რის გამოც ზოგიერთს შეიძლება მეჭეჭი გაუჩნდეს, ზოიერთს – ხორცმეტი. მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ჭარბი წონა, მომატებული ოფლიანობა. რადგან პაპილომა ვირუსთან გვაქვს საქმე, რომელიც კანზე არსებობს, წარმონაქმნები ძალიან სწრაფად მრავლდება. ერთიდან შეიძლება ხუთი გაჩნდეს, ხუთიდან – ათი.

ავთვისებიანი არ არის, უბრალოდ ესთეტიკურად არ არის სასიამოვნო, ამიტომ მოგვმართავენ პაციენტები გამოსაკვლევად – შეიძლება თუ არა მისი მოცილება და რა მეთოდით.

კლინიკაში ხდება დიაგნოსტიკა, ვადგენთ რა ტიპის წარმონაქმნია, არის თუ არა რბილი ფიბრომა, ან შეიძლება პაციენტს რბილი ფიბრომა ჰგონია, მაგრამ ჩვეულებრივი პაპილომას მაგვარი ნევუსი, ანუ პაპილომას მაგვარი ხალი იყოს.

  • რა მეთოდები არსებობს მათ მოსაშორებლად?

თუ პაციენტს აწუხებს ხორცმეტის არსებობა სხეულზე, ვიზუალურად არ მოსწონს, ან ისეთ ადგილზეა, რომ ხშირად ტრავმირდება, შეუძლია მოიშოროს ორი მეთოდით.

პირველი მეთოდი, ეს არის კრიოდესტრუქცია – როცა თხევადი აზოტით ხდება მოყინვა და არის აგრეთვე ელექტროკოაგულაცია, როდესაც ელექტროდენის ძალის საშუალებით ხდება მისი მოცილება.

ჯერ დიაგნოსტიკა უნდა ჩავატაროთ და შემდეგ შევარჩიოთ მოცილების მეთოდი.

  • რას გულისხმობს ეს მეთოდები?

კრიოდესტრუქცია უმტკივნეულო პროცედურაა, ამ დროს გამოიყენება სპეციალური სითხე, რომელიც გაყინულია -180 გრადუსზე. სპეციალური აპარატით ხდება მისხურება წანაზარდის ადგილზე, ამას ვეძახით მოყინვას ანუ იყინება წარმონაქმნი.

აზოტი რამდენიმე დღეში იწყებს მოქმედებას, წანაზარდი ფერს იცვლის, მოხმება და ძვრება.

მეორე მეთოდს რაც შეეხება, კეთდება ადგილობრივი ანესთეზია და იმ წამსვე იწვება, იმ დღესვე პაციენტს არაფერი აქვს.

კრიოდესტრუქციის შემთხვევაში, შეიძლება პაციენტს განმეორებითი პროცედურა დასჭირდეს ორ კვირაში, შეიძლება – არც. პაციენტი ყველა შემთხვევაში გაფრთხილებულია, რომ ორ კვირაში მივიდეს ექიმთან, რომ გადამოწმდეს, სჭირდება თუ არა მას შემდეგი პროცედურა.

  • რაიმე სხვაში, უფრო საყურადღებოში შეიძლება აგვერიოს ხორცმეტი?

რბილი ფიბრომა ზოგადად რბილი კონსისტენციისა, ხელითაც რომ შევეხებით, არის რბილი და კანისფერი, არ განსხვავდება დანარჩენი კანის ფერისგან.

თუ ამ  წანაზარდზე პაციენტი შენიშნავს პიგმენტურ ჩანართს, დავუშვათ – მოყავისფრო ელფერის, უნდა მიმართოს ექიმს, რათა დავრწმუნდეთ, ფიბრომაა თუ ჩვეულებრივ ნევუსთან/ხალთან გვაქვს საქმე. ეს იმისთვის არა, რომ დიფერენცირება გავაკეთოთ, რაიმე ონკოლოგიური საშიშროების რისკი რომ იყოს. უბრალოდ, ერთია – რბილი ფიბრომა, მეორე შეიძლება იყოს პიგმენტური, ანუ შესაძლოა ხალთან გვაქვს საქმე და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ მოვუფრთხილდეთ, არ გავაღიზიანოთ, არ გავირუჯოთ აქტიურად.

  • ამ ტიპის პაპილომა ვირუსისთვის ცალკე მკურნალობა ინიშნება?

ამ დროს მედიკამენტური მკურნალობა არ ინიშნება, იმიტომ, რომ გარეგან ვირუსთან გვაქვს საქმე, უბრალოდ, ამ მეთოდით ხდება წარმონაქმნების მოცილება.

არსებობს იმის შანსი, რომ რბილი ფიბრომები კიდევ გაჩნდეს, ანუ მოხდეს რეციდივი, ამიტომ როცა 1 და 2 გამოჩნდება, ექიმს უნდა მიმართოთ მაშინ, ანუ მანამ, სანამ გამრავლდება ან უფრო დიდ ზომას მიიღებს, იმიტომ, რომ მზარდიც შეიძლება იყოს ეს პაპილომები, ანუ ზომაშიც შეიძლება მოიმატოს.

  • საშიშია, თუ შემთხვევით დაზიანდა?

რა თქმა უნდა, ზიანდება, სისხლიც შეიძლება წამოვიდეს, როცა რბილი ფიბრომის მთლიანობა ირღვევა. ეს საშიში არ არის.

სისხლის წამოსვლისას დაზიანებული ადგილი უნდა მოიწმინდოთ ანტისეპტიკის საშუალებებით. მთავარია, არ ჩავხუთოთ დაზიანებული ადგილი, „ლეიკოს“ გადააკრავენ ხოლმე, რა დროსაც უფრო ჭირს მოშუშება. ჯობს, ღია მდგომარეობაში იყოს, მოვწმინდოთ ანტისეპტიკური საშუალებებით და დავაკვირდეთ, როგორ შუშდება მანამ, სანამ ექიმთან მივალთ.

  • მოცილების შემდეგ როგორ ვუვლით?

მოცილების შემდეგ 24 საათის განმავლობაში ბანაობისგან ვიკავებთ თავს, წყალი არ უნდა მივაკაროთ, სხვა არანაირი შეზღუდვა არ არის. შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, დილით და საღამოს, სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით დავამუშავებთ ამ ადგილს.

24 წლის მინდიას უცხოეთში სამკურნალოდ სოციალურად დაუცველი ოჯახი თანხას აგროვებს

24 წლის მინდია მგელაძე ერთ თვეზე მეტია თავი ტვინის კეროვან და დიფიზურ ტრავმებს, თეძოს ძვლის მოტეხილობას, მრავლობით ტრავმებსა და სხვა დაავადებებს ებრძვის.

2022 წლის 15 დეკემბერს მინდია გზაზე გადადიოდა, როცა მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ოჯახის წევრები მისი მკურნალობის გაგრძელებას თურქეთში გეგმავენ, მაგრამ თანხის მობილიზებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.

მინდიას ოჯახი სოციალურად დაუცველია.

მინდიას და, მანანა მგელაძე გვიყვება, რომ მინდიას პირველადი დახმარება ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გაუწიეს, 2 დღის შემდეგ იგი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მინდია 32 დღე დარჩა.

„სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო პროცედურები რომ დაასრულეს, გამოგვწერეს ბინაზე, მაგრამ პაციენტს მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციები აქვს დაბრუნებული…

გვინდა, მინდია გადავიყვანოთ თურქეთში, სადაც ვიცით, რომ უფრო მეტ დახმარებას გაუწევენ, უფრო მეტი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეიძლება იქ, ვიდრე აქ. იქ გვაქვს უფრო მეტი იმედი, ვიდრე ჩვენთან, სამწუხაროდ.

დახმარება გვჭირდება, რომ რომელ კლინიკასაც შევარჩევთ, იმ კლინიკაში შევძლოთ პაციენტის მკურნალობის გაგრძელება.

თურქეთში პაციენტის გადაყვანა ძალიან ძვირია. ელემენტარულად, რეანიმობილით [გადაყვანის ხარჯი] ჯდება ძალიან ძვირი. შემდეგ იქ, [კლინიკაში] არის დღიური გადასახადები, მათი პაკეტები, რომლებიც მოიცავს ასეთი პაციენტების მკურნალობას. ერთ-ერთმა კლინიკამ დღეში 12 000 ლირა მოითხოვა, ეს დღე-ღამეში დაახლოებით 1800 ლარი გამოდიოდა. ჩვენ ამ თანხის შეგროვება ფიზიკურად არ შეგვიძლია. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამდენი თანხა ვიპოვოთ სადმე.

საქართველოს მოქალაქეები გვეხმარებიან. ხალხის ძალა ძალიან დიდია. ვისაც როგორც შეუძლია, ისე გვეხმარება, რომ რაღაც თანხა შეგროვდეს პაციენტის თურქეთში გადასაყვანად. სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, რომ თავის ტვინი ამუშავდეს, უფრო მეტი შედეგი მივიღოთ“.

მანანას თქმით, მას შემდეგ, რაც მინდია ინგოროყვას კლინიკიდან გამოწერეს, ბათუმში მოუწიათ დაბრუნება, რადგან თბილისში გაჩერების ფინანსური შესაძლებლობა ოჯახს არ ჰქონდა.

„ბათუმში დაბრუნებიდან 4-5 დღე გავჩერდით სახლში და რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ძმის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სახლის პირობებში მისი მოვლა იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვედგინა და ამიტომ ისევ კლინიკა „მედცენტრში“ გადმოვიყვანეთ რეანიმობილით.

ახლაც აქ ვართ, მას მკურნალობენ, მაგრამ ყოველდღიურად რაღაც ახალი საფრთხე ჩნდება, რადგან პაციენტი მწოლიარეა, გაკეთებული აქვს ფიქსატორი მენჯსა და მუცელს შორის. ვერ ხერხდება გადაბრუნება, მოხრა, ფეხის მოძრაობა.

ამჟამინდელი მდგომარეობით მისი თავის ტვინი არ მუშაობს, რეაგირება მხოლოდ ხმაზე აქვს და ისიც პერიოდულად. თვალები აქვს გახელილი, მაგრამ რომ ეტყვი – შემომხედე, არ შემოგხედავს“, – გვითხრა მანანამ.

მანანას თქმით, რადგან მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია, აქამდე და ახლაც მინდიას მკურნალობის ხარჯებს კლინიკებში სრულად ფარავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

____________________________

მინდიას დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი – GE67BG0000000161084400

მიმღები მანანა მგელაძე (მინდიას და)

თიბისი – GE91TB7115945061100046

მიმღები ნონა ფუტკარაძე (ოჯახის ახლობელი)

[ანგარიშის ნომრები ქვეყნდება ოჯახთან შეთანხმებით]

 

2 თებერვლიდან მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ქარბუქი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი აღინიშნოს.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ – იუწყება სააგენტო.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე: 

როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში

ცვლილება – რა შემთხვევაში შეუძლია დირექტორობის მსურველს დამატებითი ტესტირების მოთხოვნა

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“ ცვლილება შევიდა.

ბრძანების მიხედვით, ტესტირებაზე დაგვიანების გამო  დირექტორობის მსურველს უფლება არ აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ტესტირებაზე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა  COVID-19-ის დადასტურების გამო, მას სამინისტრო უფლებას აძლევს, განმეორებით გამოცდაზე გავიდეს.

„მართვის სისტემა უფლებამოსილია, დირექტორობის მსურველებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება ტესტირების დღეს ან ტესტირების დღემდე 5 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს დამატებით ტესტირების ერთი სესია.

ასევე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს  დირექტორობის იმ მსურველთა მონაწილეობას დამატებით ტესტირებაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ მართვის სისტემის მიერ მითითებულ დროს ტესტირებაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების  გამო.

ბრძანების მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემას უნდა წარუდგინონ COVID-19-ით ინფიცირების/სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მიღებული ინფორმაცია მართვის სისტემაში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება“ – ნათქვამია ბრძანებაში.

დამატებით ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ  2023 წლის 27 იანვარს გამოაქვეყნა.

„ფული გადავიხადეთ, ბინა არ აშენდა“- რას ითხოვენ ბათუმის მერიასთან აქციაზე

„ფული გადავიხადეთ, ბინა კი არ აშენდა, ვითხოვთ, ბათუმის მერთან შეხვედრას,“ – ამბობს მოქალაქე ნანა ბერიძე. ის იმ აქციის მონაწილეა, რომელიც დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერიასთან გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამშენებლო კომპანია „დიასმა“ დააზარალა, რომელსაც ორი საცხოვრებელი კორპუსი ჭავჭავაძის 113-ში უნდა აეშენებინა. კორპუსების მშენებლობა ვერ დასრულდა, დაზარალებულები კი იმ სამშენებლო კომპანიას ვეღარ უკავშირდებიან, ვისაც ფული გადაუხადეს.

„მე პირადად გადავიხადე 35 ათასი დოლარი 2012 წელს, 87 კვადრატული მეტრი ბინა ვიყიდე… ერთი კორპუსი, 6 სართული აშენდა, მეორე – 12, მაგრამ მხოლოდ ხარაჩოებია.

რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ვეღარ ვუკავშირდები მესაკუთრეს. ბინა 2013 წელს უნდა ჩაგვბარებოდა,“- გვიყვება ნანა ბერიძე.

აქციის მონაწილეების აზრით, მსგავს სიტუაციაში მერია უნდა ჩაერთოს და სამშენებლო ობიექტი გასხვისდეს ისე, რომ ბინის მესაკუთრეების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

„ეს პრეცედენტი ხომ შექმნა კახი კალაძემ?“ – ამბობს აქციის მონაწილე ნანა ბერიძე და ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე, როცა სამართალდამცველები აქტიურობის ნაცვლად არ რეაგირებენ და საკუთრების საკითხიც კი პოლიტიზებულად იქცა.

„აღმოჩნდა, რომ ფონდი იმ კომპანიას 100 ლარად შეუქმნია. მაშინ რატომ არ აკონტროლებენ იმას, რომ მშენებელი ასე არ მოგვექცეს?“- კითხვას სვამს ისევ ნანა ბერიძე.

მოქალაქეების თქმით, მათ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რამაზ ზოიძე ამბობს, რომ მან დაახლოებით 3 წლის წინ მოიგო სასამართლო დავა სამოქალაქო წესით, თუმცა ვერც ბინა მიიღო და არც თანხა დაუბრუნეს.

„მე პირადად 14 ათასი დოლარი მქონდა გადახდილი. აღსრულებაზეა გადაცემული და ველოდებით… გაჭიანურდა ძალიან.

რამდენიმეს დაუბრუნეს თანხა, რადგან აუქციონზე გავიდა რამდენიმე ბინა და გაიყიდა. აღსრულებაშიც ამას გვეუბნებიან, რომ თუ აუქციონზე ბინა არ გაიყიდა, ისე თანხას ვერ დავიბრუნებთო,”- უთხრა რამაზ ზოიძემ „ბათუმელებს“.

ბათუმის მერიიდან აქციის მონაწილეებს ჯერ არავინ შეხვედრია.

„ბათუმელები“ ცდილობს სამშენებლო კომპანია „დიასთან“ დაკავშირებას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისგან შეუსრულებელი დაპირებების გამო ადამიანები საპროტესტო აქციებს მართავენ. წლების განმავლობაში ითხოვენ დახმარებას კომპანია „სვეტისგან“ დაზარალებულებიც. ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა თქვეს, რომ ბათუმის მერისგან დაპირებები მიიღეს, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.

ამ თემაზე:

„ჰაერში ვიხდიდით ფულს და ბინა არ აშენდა“ –  დაზარალებულების აქცია ბათუმის მერიასთან 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნების გადატანა დაიწყეს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნების გადატანა დაიწყეს. წიგნები ბიბლიოთეკიდან სანდასუფთავების მანქანით გადააქვთ.

წიგნები საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციამდე ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე იქნება დასაწყობებული.

საბიბლიოთეკო ფონდის შეფუთვისა და შენახვისათვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 52 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ბიბლიოთეკის შენობა ავარიულობის მიზეზით 2022 წლის მაისში დაკეტეს, ბიბლიოთეკის თანამშრომლები კი გაურკვეველი ვადით დაითხოვეს.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2022 წლის აგვისტოში  გამოაცხადა.

ტენდერში შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფმა“ გაიმარჯვა. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისათვის 1 482 761 ლარი დაიხარჯება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე 30 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 1902  წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიბლიოთეკის ფონდი 596 640 ერთეულია, მათ შორის 373 839 წიგნი, 84 ერთეული აუდიოწიგნი, 152 388 – ჟურნალი, 38 069 ერთეული და 3 902 კომპლექტი გაზეთია. საერთო მონაცემში შედის, ასევე, ფოტომასალა, რუკები, პლაკატები, კალენდარი და  სხვა.

„ჩემი ტელეფონი არ ჩერდება“ – როგორ მუშაობს უკრაინის საპატიო კონსული ბათუმში

უკრაინის საკონსულო, სადაც  საპატიო კონსული, როსტომ ნაკაშიძე მუშაობს, ბათუმში მდებარეობს, საიათნოვას ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, საკონსულოს სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე მიმართავს.

რას ფიქრობს უკრაინის საპატიო კონსული საქართველო-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, როგორია უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატისტიკა – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები” უკრაინის საპატიო კონსულს, როსტომ ნაკაშიძეს ესაუბრა.

  • ბატონო როსტომ, უკრაინის რამდენი მოქალაქეა ახლა ბათუმში და მთლიანად საქართველოში, თქვენი მონაცემებით? ვგულისხმობთ უკრაინიდან რუსეთის შეჭრის შემდეგ წამოსულ მოქალაქეებს. 

საქართველოში უკრაინის 100 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა ომის დაწყების შემდეგ. მათგან 27-28 ათასი დარჩა ჩვენს ქვეყანაში. ქალაქ ბათუმში უკრაინის ათი ათასამდე მოქალაქეა ახლა.

  • როგორია უკრაინიდან შემოსვლის დინამიკა, თანდათან უფრო მეტი ადამიანი შემოდის საქართველოში ომის მიმდინარეობის პარალელურად, თუ პირიქით, იკლო ამ ნაკადმა?

საქართველოში შემომსვლელი უკრაინის მოქალაქეების ნაკადმა იკლო, მაგრამ არ შეჩერებულა. თუმცა მე ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს,  მხოლოდ ბათუმში შემომსვლელების შესახებ მაქვს ინფორმაცია.

ბათუმში კი ნაკადი არ ჩერდება. უკრაინას მითითებული აქვს იმ პირების შესახებ ქართული მხარისთვის, ვინც საქართველომ არ უნდა შემოუშვას საკუთარ ტერიტორიაზე. მათ უკრაინის პასპორტები აქვთ, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებსა და ყირიმში.

საქართველო, ცხადია, ასრულებს ამ რეგულაციებს. თუმცა ჩემი აზრია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის ხალხი, ვისი იქ ყოფნაც არ ნიშნავს, რომ რეჟიმს ეთანხმებიან, ზოგიერთს წასასვლელი არსად აქვს და არც შესაძლებლობა აქვს სადმე წასვლის.

ზოგმა ვერ დატოვა მოხუცი მშობლები, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრები და ა.შ. ეს ნაკადიც კი მოდის ახლა უკრაინიდან. ეს პროცესი არ ჩერდება. არც ჩემი ტელეფონი ჩერდება. მირეკავს უკრაინის უამრავი მოქალაქე, ვისაც წამოსვლა უნდა და ჩვენ აქედან ვეხმარებით ლოჯისტიკაში, ვაკვალიანებთ, თუ რა ელემენტარული საბუთები წამოიღონ თან და ა.შ.

ზემო ლარსიდან გადმოვიდა ბევრი, კერძოდ, ხერსონიდან, მარიუპოლიდან, ზაპოროჟიიდან, მელიტოპოლიდან მომავალი უკრაინელები – რუსეთის გავლით, სხვაგვარად უკრაინიდან ვერ გამოდიოდნენ.

მათ, მოგეხსენებათ, რუსეთში უწევთ ფილტრაციის ბანაკების გავლა, დიდი სირთულეების გადალახვა. როგორც მოგახსენეთ, ნაკადი დაძრულია ახლა დონეცკიდან და ლუგანსკიდან.

  • არის საკმარისი ის რესურსი, რასაც საქარველოს ავრობა გამოყოფს აქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისვის? აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უკრაინის 1000-მდე მოქალაქეს გამოუყო დროებითი საცხოვრებელი 22 სასტუმროში. ხუთ თვეში კი მათ სასტუმროები დაატოვებინეს და შემდეგ მხოლოდ იმ ადამიანებს დაენიშნათ 300-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, რომლებმაც სასტუმრო დატოვეს. დახმარების მიღმა დარჩნენ ომს გამოქცეული უკრაინელები, რომელთაც სხვების მსგავსად სჭირდებოდათ დახმარება თავშესაფრის მოსაძიებლად.

საქართველომ იმის მაქსიმუმი გააკეთა უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რაც შეეძლო. მინდა აღვნიშნო, რომ იყო დაგვიანებული რეგისტრაციის პრობლემაც, ბევრი არ დარეგისტრირდა დროულად ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური დაცვის სააგენტოში. უკრაინის ბევრი მოქალაქე დარჩა ამ დახმარების გარეშე. მათ შორის ისეთებიც, ვინც სასტუმროში დააბინავა ტურიზმის დეპარტამენტმა და მერე ამ თავშესაფრის დატოვება მოუწიათ.

იყო ბევრი შემთხვევა, როცა თურქეთის საზღვარს კვეთდნენ საქართველოში ჰუმანიტარული წესით შემოსული უკრაინის მოქალაქეები. როცა ამ ნიშნით ხარ შემოსული ქვეყანაში და კვეთ შემდეგ სხვა ქვეყნის საზღვარს, ეს ბაზაში ჩანს და თუნდაც 15 წუთით დატოვო საქართველო და მერე უკან მობრუნდე, შენი ჰუმანიტარული სტატუსი ეჭვქვეშ დგება.

300-ლარიანი დახმარება გაიცა ამის მსგავსი გარკვეული კრიტერიუმებითაც, მათ შორის: გაიცა მათზე, ვისთვისაც ეს სასიცოცხლო აუცილებლობა იყო.

თითქმის იმდენივეს უხდის საქართველოს სახელმწიფო უკრაინელ ლტოლვილებს, რასაც საკუთარ სოციალურად დაუცველებს, თანაბრად ექცევა, ამ ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად.

ზოგიერთს აქვს შესაძლებლობა, ზოგიერთს კი აღარც აღარაფერი გააჩნია ამ ქვეყანაზე, არც სახლ-კარი. რა თქმა უნდა, საკმარისი და სამყოფი არ არის დახმარება, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი ქვეყანა.

  • საკონსულოში რა თხოვნით მოგმართავენ უკრაინელი ლტოლვილები ძირითადად?  

მე მარტო ვერაფერს შევძლებდი. მეხმარებიან ჩემი თანამშრომლები. მოდის ყველა. ბევრს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და სჭირდებათ სამედიცინო მხარდაჭერა. უმრავლესობას აქვს ფინანსური პრობლემები, დაბინავების პრობლემა და ა.შ.

ვინც აქტიურია და ახალგაზრდაა, რეგისტრირდება სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის პროგრამებში. მაგრამ შედარებით ასაკოვნები, ვისაც არ აქვს წვდომა გაჯეტებსა და ინტერნეტზე, ცუდ დღეში არიან, თუ არ ჰყავთ გვერდით ვინმე დამხმარე, ვინც გაარკვევს ფორმალურ საკითხებში.

საერთაშორისო ფონდებიდან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან უკრაინელებისთვის საქართველოში „ვორლდ ვიჟენი“ და „ქეა კავკასია“, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და ძალიან გაგვიჭირდება მანამ, სანამ აქ მყოფი უკრაინელებისთვის არ გამოჩნდებიან დონორები გაეროს, წითელი ჯვრის, იუნისეფის სახით.

  • რუსესაქარველოს ურიერობას როგორ ეაფასებდით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე?

რუსეთის მოქალაქეებთან გვიწევს ურთიერთობა. ორი განცხადება ჰქონდა რუსეთს საქართველოზე: ლავროვმა თქვა, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო-რუსეთს შორის შესაძლოა ფრენები აღდგეს და მეორე განცხადებით შეგვაქეს – კარგია, რომ საქართველო ევროპის კარნახით არ მოქმედებსო. ჩვენთვის სახეიროს ამ განცხადებებში ვერაფერს ვხედავ.

  • ბოლო მონაცემებით, საქართველოში რუსეთის თითქმის მილიონ-ნახევარი მოქალაქე შემოვიდა, იძენენ უძრავ ქონებას, იწყებენ ბიზნესს და ა.შ. თქვენი აზრით, რა რისკებს შეიცავს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა საქართველოში?  

ცხადია, არის საფრთხე, ბევრი მოქალაქეა რუსეთიდან შემოსული. ბათუმში ეს აშკარაა, რადგან პატარა ქალაქია.

გასაგებია, რომ მუშაობს სასტუმროები, კვების ობიექტები, ტაქსის სერვისი, გაიზარდა ფულის ბრუნვა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ფინანსური ექსპანსიაა.

ვხუჭავთ თვალს, რომ იმუშაოს კაფეებმა, რესტორნებმა, სასტუმროებმა. საქართველოში, დავუშვათ, არის 150 ათასი ახალი ბინა და ამ ბიზნესს სურს გაყიდვა ამ ყველაფრის, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთის მოქალაქეზე, უკრაინის თუ ბელარუსის.

თუ იმას ვიტყვით, რომ უძრავი ქონების მიყიდვით მათ, როგორც მომხმარებლებს, არ უნდა მოვემსახუროთ, მაშინ კაფე-რესტორნებსაც უნდა ვუთხრათ, რომ არ მოემსახურონ, ტრანსპორტი და სასტუმროები არ უნდა მოემსახურონ. ეს ძალიან რთული იქნება, როგორ უნდა მოხერხდეს ეს.

უკრაინაში ომია, მე არ ვაძლევ თავს უფლებას, ვიარო კაფე-რესტორნებში. იუბილე მქონდა ახლახან და თავს არ მივეცი უფლება, თუნდაც ძალიან ახლო მეგობრებთან ერთადაც კი წავსულიყავი სადმე.

  • ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები არ შეუშვეს საკუთარ ტერიტორიაზე, ჩვენ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადები შემოდის. რას ფიქრობთ ამ პრაქტიკის მართებულობაზე?

რუსეთში მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს, აქ შემოსულებს შორის მათი დიდი ნაწილია. ბევრს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ეთნიკურად ქართველია, ან რაღაც კავშირები აქვს საქართველოსთან. გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, საზღვარზე გასაუბრებით კონტროლდებიან შემომსვლელები. „აფხაზეთი საქართველოა? ცხინვალი საქართველოა?“ – ეკითხებიან მათ.

ზოგიერთი შემოდის ქართული გვარით, მაგრამ აღარაფერი აქვს ქართველის, გარდა გვარისა, როგორ უნდა გააკონტროლო მათი დამოკიდებულებები?!

ადამიანი შემოდის, ამბობს, რომ ომში წასვლა არ უნდა და გამოიქცა, საქართველოს რეგულაციებით ვიზა არ სჭირდება, არაფერი სჭირდება და შემოდის, რის ნიადაგზე არ შემოუშვებ? რომელიმე მათგანი რომ წავიდეს საერთაშორისო სასამართლოში, შესაძლოა მოიგოს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩიიგორ დოლგოვი გაიწვია გასული წლის მარტში მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში დააბრუნებს უკრაინა ელჩს საქართველოში?

ეს რთული საკითხია, ჩემს კომპეტენციაში არ შედის ამაზე რაიმე განცხადების გაკეთება, თუმცა აღვნიშნავ, რომ დოლგოვი ძალიან გამოცდილი დიპლომატია. პირველ სექტემბერს დატოვა მან საქართველო.

ზელენსკი საქართველოში ელჩს დააბრუნებს, რა თქმა უნდა.

  • რას გულისხმობდა, თქვენი შეფასებით, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კასიანოვი, როცა საქართველოდან უკრაინელების შესაძლო გაყვანაზე ისაუბრა, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში?

ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. აქ მყოფი უკრაინელები წერდნენ, რომ საქართველოში არ გრძნობენ საფრთხეს. ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენთვისო, აღნიშნავდნენ, რასაც ვეთანხმები – დღესდღეობით ასეა.

ეს ალბათ უბრალოდ რიტორიკაა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან.

  • გასული წლის აპრილში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსპოლიტიკური ხელმძღვანელობახელს აფარებს კონტრაბანდისტების საქმიანობას, რომელთა საშუალებითაც რუსეთი თავს არიდებს დასავლეთის სანქციებს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებებს უკრაინის ომის მიმართ მათივე განცხადებების მიხედვით?

როცა კეთდება განცხადება, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყოს ეს განმტკიცებული ფაქტებით. ამ განცხადების მერე თითქმის ერთი წელი გავიდა და მტკიცებულებები არ არსებობს. რაღაც დროის გასვლის შემდეგ გვეცოდინება ალბათ ზუსტი პასუხი, რა როგორ მოხდა.

თუ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, ცხადია, მუშაობს საქართველოს დაზვერვაც, უსაფრთხოების სამსახური და შსს. ყველაფერზე პასუხის მისაღებად ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ გამოაშკარავდეს რეალობა.

  • როგორ ეცვალა ომმა საკონსულოს ის წესრიგი? როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა სამსახურში ომამდე და ომის შემდეგ.

საკონსულოს ყოველთვის მომართავდნენ უკრაინის მოქალაქეები. ცხადია, ახლა ყველაზე დაძაბული დრო გვიდგას. ჯერ იყო და კოვიდის დროს უკრაინის მოქალაქეები ვერ მივაბარეთ მშობლიურ მიწას და დავკრძალეთ საქართველოში.

ომის დროს უკრაინის 5 მოქალაქე გარდაიცვალა ბათუმში.

ჩვენ არ გვევალება, მაგალითად, იურიდიული მომსახურების გაწევა მოქალაქეებისთვის. რასაც ახლა ვაკეთებთ და ეს უფასო მომსახურებაა მათთვის, ცხადია. შევქმენი უკრაინელი იურისტების,  ადვოკატების ჯგუფი და ვეხმარებით აქ მყოფებს.

უკრაინის მოქალაქეების 80%-ს საბუთების პრობლემა აქვს. წამოვიდა ხალხი, დაინგრა ქვეყანა და ვინ უყურებს საბუთებს გამოქცევისას. ბავშვების, ოჯახის წევრების ცოცხლად გამოყვანაა მთავარი პრიორიტეტი.

საქართველომ უკრაინის ყველა მოქალაქეს გაუღო კარი და შემოუშვა საბუთიანიც და უსაბუთოც, ჩვენ კი აქ ვაწესრიგებთ მათ საბუთებს, ვაგროვებთ სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად. ყველაფერს ვერ ვიტყვი, უხერხულია, ბევრ რამეს პირადი კავშირების, მეგობრების, ნაცნობების დახმარებით ვახერხებ.

ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ მოხალისეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების მიერ დაფუძნებული დახმარების ცენტრი. დიდი შრომა აქვთ გაწეული და მე მადლიერი ვარ ყველასი.

არსადაა ნახსენები „ხსნის არმია“, თავდადებულის 76 ნომერში აქვთ მათ ოფისი, უდიდეს საქმეს აკეთებენ „ლელოს“ შტაბის მსგავსად, მაგრამ რატომღაც არსად ახსენებენ მათ.

მიუხედავად იმისა, რომ დახმარება ხშირად არ არის სრულად საკმარისი ყველას პრობლემის მოსაგვარებლად, მე ვალდებული ვარ, მადლობა გადავუხადო ყველას უმცირესი ძალისხმევისთვისაც კი.

მადლობას ვუხდი ქალაქის მერიას, აჭარის მთავრობას,  პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციური პარტიების მიერ დაარსებულ უკრაინელთა დახმარების ცენტრს, რომელიც პარტია „ლელოს” ოფისშია განტავსებული,  „ხსნის არმიას“, ტრანსპორტის სააგენტოს, მსხვილ და საშუალო ბიზნესსექტორს და სხვებს.

მარტო ვერაფერს შევძლებდი.

42 ტონა უვარგისი კარტოფილი საბაჟოდან უკან დავაბრუნეთ – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 ტონა კარტოფილი შემოწმების შედეგად უვარგისი აღმოჩნდა.

უწყების ინფორმაციით, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, კონტროლის სამმართველომ ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რუსეთი დონეცკის ოლქში, სავარაუდოდ, ახალი მიმართულებით შეტევას გეგმავს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 იანვრის ანგარიში უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქებთან – პავლივკასა და ვუჰლედართან განვითარებული სამხედრო მოქმედებების მიმოხილვას ეთმობა. როგორც უწყება 27 იანვრის ანგარიშში წერდა, ამ მიმართულებით გარღვევის მიღწევაზე რუსი კომენტატორების მიერ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციას წარმოადგენდა, ხოლო სინამდვილეში, რუსული ძალები მხოლოდ საცდელ შეტევებს ახორციელებდნენ, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო რეალურ წინსვლაში გადაზრდილიყო.

ამჯერად, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, რუსეთმა პავლივკასა და ვუჰლედარის ირგვლივ შეტევები შედარებით ორგანიზებულ თავდასხმებამდე განავითარა.

აღნიშნული დასახლებები ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარეობს და აქ, რუსეთი 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადას იყენებდა 2022 წლის ნოემბერში წარუმატებელი შეტევის დროს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, ამ ბრიგადის ნაწილმა რამდენიმე ასეული მეტრით წაიწია წინ მდინარე კაშლაჰაჩის მიღმა. ეს მდინარე, დაზვერვის ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში აღნიშნავდა ფრონტის ხაზს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავენ უკრაინის მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში ახალი მიმართულების განვითარებასა და უკრაინის ძალების ბახმუტიდან იქ გადატანას.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი განაგრძობს ლოკალური უპირატესობის მიღწევას ამ სექტორში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს ამ ტერიტორიაზე გააჩნდეს საკმარისი რაოდენობის თავისუფალი სამხედროები ოპერატიულად მნიშვნელოვანი გარღვევის მისაღწევად“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 იანვრის ანგარიშში.

რუსეთი ემზადება შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში – ISW

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი 30 იანვრის ანგარიშში  წერს, რომ დასავლური, უკრაინული და რუსული წყაროები კვლავ მიუთითებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია 200 000-მდე ადამიანის მობილიზება და განაგრძობს იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას შიდა წარმოების გაზრდით და ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან პარტნიორობით, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ანგარიშში აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების რეზერვების საბჭოს ხელმძღვანელის, ივან ტიმოჩკოს განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ რუსული ჯარები აძლიერებენ დაჯგუფებას დონბასში და რუსეთის ჯარებს შეტევის დაწყება მოუწევთ მზარდი შიდა ზეწოლის გამო.

ISW-ი წერს, რომ ეს განცხადებები ადასტურებს მათ პროგნოზს იმის შესახებ, რომ რუსეთი ქმნის პირობებს ლუგანსკში შეტევის განსახორციელებლად უახლოეს თვეებში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ დღეებში უკრაინული ძალები აგრძელებდნენ რუსულ ძალებზე შეტევას ლუგანსკის ოლქში, ხოლო რუსული არმია აგრძელებს ტერიტორიის დაკავებას ბახმუტის მახლობლად.

როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 იანვრის 21 საათიდან პირველი თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის ბოლოს წვიმა, მთაში – თოვა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 2 და 3 თებერვალს ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ნურის ტბა / 31.01.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 31 იანვარს, დილით მოხდა.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

ზღვის დაბინძურებისთვის პანამისა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემები დააჯარიმეს

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი გემების კაპიტნები 65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს.

მათი განცხადებით, გამოვლინდა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ორი ფაქტი.

„პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 58 პრიმა 2 მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს.

ფოთის საქალაქო სასამართლომ პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი გემების კაპიტნებს 65-65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა  დააკისრა“ – ამბობს ზედამხედველობა.

უწყების განცხადებით, გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცათ.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 31 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 127 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 3 201 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 6 378 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 2 197 ერთეული [+1]
  • MLRS – 454 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 293 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 951 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 048 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 200 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 31 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 381 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 2 987 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 691 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 997 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 970 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 229 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია“ – გენერალი ჰოჯესი

„კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით?“ – ავარიული სახლი ბათუმში

„ეს კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით? ქარზეც კი ექანება უკვე სახლი… ამ კიბეებით დადიან ბავშვები,“ – გვიყვება ნანა ლორთქიფანიძე. ის ბათუმში, მუსხელიშვილის №64-ში, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს.

მუსხელიშვილის №64 ბათუმის მერიის მიერ აღწერილ ავარიული სახლების სიაშია, თუმცა აქ მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს პასუხს კითხვებზე: როდის აშენდება ახალი კორპუსი? რატომ ვერ გადაჰყავთ ოჯახები ქირით უსაფრთხო ადგილზე, ვიდრე მათთვის ახალი კორპუსი აშენდება?

მუსხელიშვილის №64-ში კიბეებზე ავლაც საკმარისია, რომ იგრძნო, რამდენად საშიშია ამ კორპუსში ცხოვრება: საფეხურებს შორის სივრცე ჩანს, ფეხის დადგმისას საფეხურები მოძრაობს.

სარდაფში სულ წყალი დგებაო – გვიყვება ნანა ლორთქიფანიძე და ბათქაშჩამოცვენილ ძველი კედლებისკენ მიგვითითებს – საითაც არ უნდა გაიხედო, თითქმის ყველა კედელზე ბზარია.

სადარბაზო ავარიულ სახლში, ბათუმი, მუსხელიშვილის №64-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ გურამ მურვანიძე
სადარბაზო ავარიულ სახლში, ბათუმი, მუსხელიშვილის №64-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ გურამ მურვანიძე
ნანა ლორთქიფანიძე

„სულ შიშით ვიღვიძებთ და ვიძინებთ… ასე, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებით კეთდება საქმე? მოვლენ წინასაარჩევნოდ, დაგპირდებიან, წავლენ და დამთავრდა.

ეს ჩამოინგრეს და შიგ მოვყვეთ, მერე რა ვქნათ?“ – ამბობს ნანა ლორთქიფანიძე და მეზობლებთან ერთად ჩერდება კორპუსის წინ, ეზოში.

ბათუმი, ავარიული სახლის კორპუსის ეზოში ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი ბათუმის მერიას უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას სთხოვენ.
სადარბაზოს ჭერი მუსხელიშვილის №64-ში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

მუსხელიშვილის 64-ში ორსართულიანი ძველი კორპუსია. აქ სულ 13 ოჯახი ცხოვრობს. ავარიული სახლების სიაშია ამ კორპუსის გვერდით მდებარე კიდევ ორი კორპუსი.

„ეს კორპუსი ადრეც ავარიული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ავტობანის მშენებლობა დაიწყო, ბზარები გაიზარდა და მართლა შიშით აღარ გვძინავს ღამე,“ – გვიყვება ასმათ ცეცხლაძე. ის მუსხელიშვილის 64-ში მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და ექსპერტიზის დასკვნაც გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც კორპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველია.

„ბათუმში მუსხელიშვილის 64-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები საფრთხის შემცველია, მიშენებული ნაწილების კონსტრუქციული სქემები და რკინა-ბეტონის ელემენტების ზომები ვერ აკმაყოფილებენ სამშენებლო და სეისმური ნორმების მოთხოვნებს. შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

გამაგრებითი სამუშაოების სირთულის და დიდი მასშტაბის გათვალისწინებით, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, შენობის რეაბილიტაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად,“ – ვკითხულობთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც 2018 წელს არის მომზადებული.

ასმათ ცეცხლაძე
დაბზარული კედელი მუსხელიშვილის 64-ში მდებარე კორპუსში.

„იმის შემდეგ კიდევ რამდენი წელი გავიდა, ბზარებია ყველა კედელზე, იატაკიდან ჭერამდე,“ – საკუთარ ბინას გვათვალიერებინებს ასმათ ცეცხლაძე და თან გვიყვება, რამდენჯერ მიმართეს მერიას, კონკრეტული პასუხი კი დღემდე ვერ მიიღეს.

„მერია გვპასუხობს, რომ ყველაფერი განხილულია და ახალი ბინები შენდება. როდის აშენდება, ვერავინ გვეუბნება… მოგვცენ მაშინ გარანტია, რომ აქ საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენ ვითხოვთ ქირით გადაყვანას,“ – ამბობს ასმათ ცეცხლაძე და ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამავე დასახლებაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია 2021 წელს გამართა. მაშინ კონკრეტულ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 12 ოჯახი ქირით გადაუყვანიათ.

„უკვე ორი წელია ის ოჯახები ისევ ქირით ცხოვრობენ და გარკვეული არაფერია ახალ კორპუსზე. ჩვენ ვის ვახსოვართ?“ – კითხულობენ მუსხელიშვილის 64-ში მცხოვრები ადამიანები. მათი კორპუსის ეზოდან ორი ფეხის ნაბიჯზეა ახალი ავტობანიც, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ავტობანის მშენებლებს პასუხს ვერ სთხოვენ:

„გზების დეპარტამენტი გვეუბნება, არ გაზიანებთ ავტობანიო და რა ვქნათ?“ – კითხვას სვამენ მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები და ძველი კორპუსის შესასვლელთან წყლის ახალ მილზეც მიგვითითებენ:

„ეს წყლის მილები წინასაარჩევნოდ, ანუ 2021 წელს გაიყვანეს. მრიცხველები დაგვიყენეს, მაგრამ წყალი ამ დრომდე არ ჩაგვირთეს“ – ამბობს ასმათ ცეცხლაძე და წყლის მილს გვაჩვენებს, რომელიც სადარბაზოსთან ჩერდება.

ამ დრომდე ამ კორპუსებში წყალს ჭიდან ამ ფორმით იღებენ.

წყალს ბათუმში, მუსხელიშვილის 64-ში დღემდე ასე იღებენ. ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი, რატომ არ ურთავენ წყალს მოსახლეობას, როცა აქ წყლის მილები წინასაარჩევნოდ გაიყვანეს და მრიცხველებიც დააყენეს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მუსხელიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წელს დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. „ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს, კონკრეტულად როდის ჩაირთვება წყალი ამ დასახლებაში, ან რამ შეუშალა ხელი წყლის ჩართვას 2021 წლიდან ამ დრომდე?

სასმელი წყლის მილები მუსხელიშვილის 64-ში 2021 წლის წინასაარჩევნოდ გაუყვანიათ. „ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს, რამ შეუშალა ხელი ამ დრომდე წყლის ჩართვას.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოში დაგვიდასტურეს, რომ მუსხელიშვილის 64-ში მდებარე კორპუსი ნამდვილად ავარიული სახლია, თუმცა ჯერ უცნობია, როდის აშენდება ახალი კორპუსი ამ და სხვა ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

რაც შეეხება ქირით გაყვანას, ინფრასტრუქტურის სამმართველოში გვითხრეს, რომ ამ კითხვას ბათუმის მერიის სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა უპასუხოს, ანუ ბათუმის მერიის კიდევ ერთმა უწყებამ. აქ  გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვაზე პასუხს ხვალ მოგვაწვდიან.

განახლება: ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ მუსხელიშვილის ქ.#64-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან უკვე გაიმართა მოლაპარაკება „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

„დოკუმენტაცია უკვე შესწავლილია შესაბამისი საბჭოს მიერ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცედურები აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახების საკუთრებაში არსებული ფართების დადგენასთან დაკავშირებით, შემდგომში მათთვის ჩანაცვლების მიზნით გადასაცემი საცხოვრებელი ფართების განსაზღვრის მიზნით,“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

ამ დრომდე ბათუმის მერიაში არ განუმარტავთ, რატომ ვერ ხერხდება ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, ვიდრე მათ მიერ აღწერილი პროცედურა არ დასრულდება.

ბათუმის ავტობუსებში ისევ ვერ გადაიხდით ნებისმიერი ბანკის ბარათით

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებდნენ, რომ მუნიციპალურ ავტობუსებში ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდა იანვრის დასაწყისში იქნებოდა შესაძლებელი; შემდეგ იანვრის ბოლო დასახელდა, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც კომპანიაში განაცხადეს, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ საერთაშორისო ტიპის საბანკო ბარათებით გადახდის სერვისი დაემატა.

როდის დაიწყება სხვა, ადგილობრივი ნებისმიერი ბანკის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია.

„მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა ხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი გულისხმობდა ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟებას, რაც უკვე დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, გასულ კვირას სისტემაში უკვე ჩაერთო საერთაშორისო ტიპის ყველა საბანკო ბარათი“ – მოგვწერეს დღეს, 30 იანვარს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

უცხოური ბანკების ბარათებით გადახდისას, მგზავრს ბარათზე, მგზავრობის საფასურის – 30-ის ნაცვლად, 80 თეთრი ჩამოეჭრება.

„ადგილობრივი, სხვა საბანკო ბარათების სისტემაში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ახორციელებს „საქართველოს ბანკი“. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, რაც უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს, ის უზრუნველყოფს ამ ბარათების ჩართვას გადახდის სისტემაში, რის შემდეგაც მგზავრობის საფასურის გადახდა სხვა საბანკო ბარათითაც გახდება შესაძლებელი.“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს ბანკსაც“, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე, კონკრეტული ინფორმაციის მოწოდებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

___________________________

ბათუმში გადახდის ახალი სისტემის სრულად ამოქმედების შემდეგ ძალაში დარჩება საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი თუ უფასოდ მგზავრობის ის წესი, რაც დღეს მოქმედებს, შესაბამისად, იმოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათებიც.

ამავე თემაზე:

როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

 

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს – დერმატოლოგის რჩევები

სახის კანის სწორად მოვლა აუცილებელია მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კლინიკა “როგოს” ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი ამბობს, რომ კანის მოვლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა, მეორე კი – სწორად შერჩეული საშუალებებით, ყოველდღიური რუტინის შემუშავება.

  • ქალბატონო მანანა, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს კანის ინტენსიური მოვლა?

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ასაკის პაციენტმა უნდა მოუაროს არამარტო სახის, არამედ სხეულის კანს. პუბერტატული ასაკიდან პოსტპუბერტატულ ასაკამდე და მერეც, თუ გვინდა, რომ პირველ რიგში ჯანსაღი კანი გვქონდეს, თუმცა ცხადია, ფიზიოლოგიას მაინც ვერ გავექცევით.

მყავს 20 წლიდან პაციენტები, რომლებთანაც ვატარებთ საპრევენციო მკურნალობას, პრევენციულ ჩარევებს, ხოლო 25-30 წლის შემდეგ უკვე აქტიურად ხდება კანის მოვლა, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ და პრევენციულ მოვლას.

ყოველდღიური მოვლა გულისხმობს კანის ტიპის მიხედვით სწორად შერჩეული საშუალებების სახლში, ყოველდღიურ გამოყენებას – იქნება ეს დასაბანი საშუალება, ტონერი, მკვებავი თუ აღმდგენი კრემი.

პრევენციული მოვლა მოიცავს კლინიკაში ჩატარებულ, სეზონურ თუ არასეზონურ პროცედურებს. მაგალითად, ზამთარში ძალიან კარგია პილინგი, რომელიც შეირჩევა კანის პრობლემიდან გამომდინარე, პიგმენტური კანის მქონე პაციენტებს სხვა პილინგი სჭირდებათ, ცხიმიანი კანის მქონეს – სხვა, აკნეტოზურ კანს – სხვა, ანტიასაკობრივ კანს – კიდევ სხვა. ბევრი პრევენციული პროცედურა არსებობს საიმისოდ, რომ კანის სტრუქტურა შევინარჩუნოთ.

  • რატომ იცვლება კანის სტრუქტურა?

35 წლის შემდეგ ელასტინი და კოლაგენი ისე ვეღარ სინთეზირდება, როგორც იქამდე. შესაბამისად,  ვიღებთ ნაოჭებს და არათანაბარ კანის ტონს, იწყება ფტოზი [დაშვება, დაწევა], კანი მოდუნებულია და ა.შ.  ეს უყურადღებობის შემთხვევაში მაქვს საუბარი.

  • აისახება თუ არა კვება და ცხოვრების წესი სახის კანზე?

დიახ. ის, თუ რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით, როგორია ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, როგორია ჩვენი ფიზიკური აქტივობა და ცხადია, გენეტიკა – ეს ყველაფერი ჩანს ჩვენს კანზე.

მაგალითად, ჩემთან ძირითადად დერმატოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტები მოდიან, რომელთაც ვუზღუდავ ტკბილს და ცხიმიან საკვებს, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს კუჭქვეშა ჯირკვალს, მოდის ორგანული სტრესი, ხდება ჰორმონების არათანაბარი გამომუშავება და ვიღებთ სახეზე აკნეს, პროცესის გამწვავებას.

  • რა არის მთავარი რეკომენდაციები სახის კანის მოვლის დროს?

ყველაზე მნიშვნელოვანია კანის დაცვა მზის სხივებისგან. ადრე ასე აქტუალური არ იყო ეს საკითხი, მაგრამ დღეს კვლევებით დადასტურებულია, რომ მზის სხივები ყველაზე მეტად აზიანებს კანს.

მზისგან დამცავი უნდა გამოვიყენოთ სისტემატურად. შეძენისას  დააკვირდით, შეფუთვაზე ეწეროს დაცვა როგორც UVB, ისე UVA სხივისგან – ანუ ულტრაიისფერი A და B სხივებისგან.

თუ დღის განმავლობაში მზეზე იმყოფება ადამიანი, ყოველ ორ საათში უნდა მოხდეს  მზისგან დამცავის განახლება, ანუ ხელმეორედ დატანა კანზე.

ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად, დერმატიტის, პიგმენტური ლაქების, ნაადრევი ნაოჭების თავიდან ასაცილებლად, მზისგან დამცავი საცხი უნდა გამოიყენოს ყველამ – ქალმა, კაცმა, ბავშვმა, მოხუცმა, მოკლედ, ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანმა.

მზისგან დამცავი საშუალებები არსებობს როგორც კრემის, ისე მუსის და სპრეის სახით, ვისაც რა ფორმით ურჩევნია მისი გამოყენება, ისე შეუძლია გამოიყენოს. მაგალითად, თუ ზაფხულში კრემის წასმა დისკომფორტია, გამოიყენეთ სპრეი, რომელიც უფრო თხელია და ადვილად დაიტანება კანზე.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია დავაწესოთ სახლის რუტინა სახის მოვლის სწორად შერჩეული საშუალებებით – კანის დასაბანი გელი (რადგან,  კანის გასუფთავება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი), დაბანის შემდეგ გამოსაყენებელი ტონერი (რათა მოხდეს pH ბალანსის წონასწორობის აღდგენა), მკვებავი თუ აღმდგენი კრემი.

პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე ვურჩევთ ანტიოქსიდანტურ, ანტიპიგმენტურ შრატებს, გააჩნია, პაციენტს რა პრობლემა აქვს.

  • წყლის ნაკლებობა ვნებს კანს?

წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება გვიცავს გაუწყლოებისგან და, ცხადია, სასარგებლოა  როგორც კანისთვის, ისე მთლიანად ორგანიზმისთვის, რადგან უკეთესად ხდება წყლის ბალანსის შევსება, ლიმფოდრენაჟი კარგად მიდის, სხეულის დეტოქსიკაცია კარგად ხდება და წყლის სასარგებლო ზემოქმედება კანზეც აისახება, თუმცა კანის დატენიანებისთვის მხოლოდ წყლის დალევა არ არის საკმარისი.

თუ ჩვენება არის კანის გამოშრობა, აუცილებლად უნდა მიეწოდოს  ხელოვნურად ჰიალურონი, ამინომჟავები, მინერალები და ვიტამინები, რომ წყლის სინთეზი გაძლიერდეს კანში. 

  • ეფექტურია თუ არა სახის მასაჟორები, რომლებიც დღეს მრავლადაა ბაზარზე წარმოდგენილი?

თუ იცის პაციენტმა სახის კუნთების სწორი განლაგება და იცის, რა მიმართულებით უნდა დაიმასაჟოს სახის კანი, სასარგებლოა, რადგან ხდება კუნთის სტიმულირება, ანუ კანზე ხშირი მოძრაობისას კანი ხურდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და შესაბამისად, ხდება ელასტინის სტიმულაცია.

  • რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა სახეზე ხილის და სხვა საკვები პროდუქტების წასმა?

ეს არ არის უსაფრთხო. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები საკვები ინგრედიენტების სახეზე წასმას, მაგალითად, ავიღოთ ლიმონი, შეიძლება ისეთი დამწვრობა მიიღოს პაციენტმა და მქონია პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, რომ მერე ესეც სამკურნალო დარჩეს.

ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა

დღეს, 30 იანვარს, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.

„მედცენტრის“ ინფორმაციით, დაშავებული 62 წლის კაცი კლინიკაში მოთავსების შემდეგ გარდაიცვალა.

დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

„ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია“ – გენერალი ჰოჯესი

„ყირიმი ყალიბდება ბრძოლის ველად, რომელიც გადაწყვეტს რუსეთ-უკრაინის ომს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ინსაიდერი“.

სტატიაში დეტალურადაა განხილული ყირიმის როლი მიმდინარე ომში და მის ირგვლივ დამოკიდებულებები, როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ასევე თავად უკრაინის შეფასებით.

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. სწორედ 2014 წლის ეს მოვლენა სახელდება 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მოსამზადებელ ეტაპად.

ყირიმი რუსეთის საომარი კამპანიისთვის მთავარ დასაყრდენსა და მარაგების ჯაჭვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. გარდა მისი სამხედრო მნიშვნელობისა, ყირიმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს, მან იგი რუსეთისთვის „წმინდა მიწადაც“ მოიხსენია.

„ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია.

უკრაინის მთავრობამ იცის, რომ არ შეუძლია რუსეთის მიერ ყირიმზე კონტროლის შენარჩუნებას დათანხმდეს. შემდეგ რამდენიმე თვეში ვიხილავთ უკრაინის მიერ ყირიმის საბოლოო გათავისუფლებისთვის პირობების შექმნას“, – განაცხადა ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა „ინსაიდერთან“ და აღნიშნა, რომ უკრაინა „არასდროს იქნება უსაფრთხოდ და დაცული, ან მზად თავისი ეკონომიკის ხელახლა ასაშენებლად მანამ, სანამ რუსეთს ყირიმი აქვს დაპყრობილი“.

ბენ ჰოჯესი

„ინსაიდერი“ მიმოიხილავს დასავლეთის მიერ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებულ ტაქტიკასაც. სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსად ბენ ჰოჯესისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყირიმის გათავისუფლება უკრაინის მდგრადი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. გარდა ამისა, ყირიმის გათავისუფლების შესახებ ღია საუბარი და გეგმები, ასევე შეიძლება აძლიერებდეს ოფიციალური კიევის პოზიციებს, მომავალში შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისას.

„სანამ ნახევარკუნძული რჩება კრემლის ხელში, უკრაინა და უკრაინელები ვერ იქნებიან თავისუფალი რუსული აგრესიისგან“, – ციტირებს „ინსაიდერი“ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ანდრეი ზაგოროდნიუკს, ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებული მასალიდან.

„ბრძოლის ველზე ზედიზედ რამდენიმე თვის წარმატების შემდეგ, ცხადია, რომ უკრაინას აქვს ყირიმის გათავისუფლების უნარი“, – თქვა ზაგოროდნიუკმა და დასძინა, რომ „უკრაინამ უნდა დაგეგმოს ყირიმის გათავისუფლება და დასავლეთმა უნდა დაგეგმოს დახმარება“.

„ინსაიდერის“ სტატიაში ასევე განხილულია ყირიმზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებასა და უკრაინისთვის თავისი სუვერენული ტერიტორიების დასაბრუნებლად აუცილებელი შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებული შიშებიც.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალების უკრაინისთვის გადაცემა, რომლითაც შესაძლებელია აქტიური ბრძოლის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა, ესკალაციის საფრთხედ არის აღქმული. მათ შორის, ყირიმზე თავდასხმაც, რადგან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსკოვი და თავად პუტინი არაერთგზის იმუქრებოდნენ ატომური პასუხით.

მიუხედავად ამისა, არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მუქარაა და არა – რეალური საფრთხე. ამის დასტურად კი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების მაგალითები მოჰყავთ, ხოლო, ყირიმის შემთხვევაში, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე არაერთი თავდასხმა განახორციელა, მათ შორის, საავიაციო ბაზაზე.

„მოკავშირეებმა უბრალოდ უნდა შეწყვიტონ მიდგომა – „მივცეთ იმის ნაწილი, რაც სჭირდებათ და უფრო ნელა ვიდრე სჭირდებათ“ – უკრაინის მომარაგებასთან დაკავშირებით. ეს მიდგომა უკვე ზედმეტად გაგრძელდა.

უკრაინას სჭირდება მეტი თავდაცვითი სისტემა, ტანკები და შორსმსროლელი არტილერია – რაკეტები, რათა გააკეთოს რაც აუცილებელია“, – ციტირებს გამოცემა გადამდგარ გენერალ ჯეიმს დუბიკს, რომელიც ახლა „ომის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი სპეციალისტია.

„ინსაიდერი“ სტატიაში ასევე ახსენებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 31 ტანკის – M1 აბრამსების უკრაინისთვის გადაცემის გამოცხადებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მიერ რეპორტიორებთან გაკეთებულ განცხადებას.

განცხადებაში ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული ტანკების უკრაინისთვის მიწოდება არამხოლოდ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს, არამედ მას მისცემს შესაძლებლობას, დაიბრუნოს თავისი „სუვერენული ტერიტორია“, მათ შორის, ყირიმი.

„ინსაიდერი“ აღნიშნულ სტატიაში ასკვნის, რომ ომის ამ ეტაპზე არც რუსული და არც უკრაინული მხარე არ აპირებს უკან დახევას, ხოლო დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ იმ დონეს მიაღწია, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ არის.

______________________

ყირიმის ხიდი. 2022 წლის 8 ოქტომბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

მარტო, სამ შვილთან – „ახლა ძალიან მიჭირს, 5 თვის ქირა გადასახდელი მაქვს“

36 წლის თამთა ტატუაშვილი სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. უფროსი შვილი 9 წლისაა, შუათანა – ორ წლამდე ასაკის, ხოლო ყველაზე უმცროსი 4 თვისაა.

თამთა ამჟამად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. რადგან ბავშვები პატარები არიან, თამთა მუშაობას ვერ ახერხებს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა.

„პატარას თავზე კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს და ქირურგიულად არის ამოსაკვეთი. 1700 ლარი მითხრეს თავიდან, მაგრამ რადგან ფული არ მაქვს, ვერ ვუკეთებ ოპერაციას. საყოველთაო დაზღვევაც არ აფინანსებს, რადგან ოპერაცია კერძო კლინიკაში უნდა გაკეთდეს,“ – გვითხრა თამთამ.

უფროსი შვილი თამთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ორი კი – მეორე ქორწინებიდან. თუმცა, როგორც დედა ამბობს, მამები ბავშვებზე არ ზრუნავენ.

„სამივე ბავშვი ჩემს გვარზეა, ამიტომ ალიმენტს არ იხდიან მამები.

როცა პირველ ქმარს დავშორდი, ფეხმძიმედ ვიყავი, თუმცა ყოფილმა ქმარმა ბინაში ცხოვრების უფლება მოგვცა. სამი წელი ვიცხოვრეთ იქ, შემდეგ კი ბინის დაცლა მოითხოვა. თამაშობდა, ფული წააგო და ბინა გაყიდა.

თვითონ ბერად წავიდა მონასტერში. შვილს ხანდახან მოიკითხავს ხოლმე, მაგრამ ფინანსურად ვერ მეხმარება“ – გვიყვება თამთა.

თამთა 4 თვის შვილთან ერთად

რამდენიმე წლის შემდეგ თამთამ ახალი ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.

„თბილისში გავიცანი, მაგრამ რადგან აჭარიდან იყო, აქეთ მოისურვა ცხოვრება. გადმოვედით ბათუმში, ქირით დავიწყეთ ცხოვრება. რადგან პირველი ქორწინებიდან შვილი მყავდა, ქმრის ოჯახმა არ მიმიღო.

მოგვიანებით მეუღლესთან უთანხმოება შემექმნა, არ გრძნობდა სათანადო პასუხისმგებლობას ჩვენი ოჯახის მიმართ. პამპერსზე და ჩასაცმელზე არ იყო აქ საუბარი, ბავშვის საჭმელი მოჰქონდა, მაგრამ ისიც – დაყვედრებით.

პამპერსზე კი მეუბნებოდა, ნაჭრები გამოიყენე, ჩვენ ასე გაგვზარდეს მშობლებმაო. რაღაც პერიოდი დავშორდით კიდეც. შემდეგ მოისურვა შერიგება და მეც დავთანხმდი, რადგან რთულია ორი შვილით მარტო ცხოვრება.

შემდეგ ისევ დაიწყო უსიამოვნებები. 7 თვის ორსული ვიყავი, როცა სახლიდან წავიდა და დღემდე არ მოუკითხავს შვილები. არც ტელეფონზე მეკონტაქტება, არც ის ვიცი, სად არის. მშობიარობის დროსაც მარტო ვიყავი. 500 ლარი ვისესხე და ისე წავედი საავადმყოფოში, დღესაც არ დამიბრუნებია ვალი“ – ამბობს თამთა.

იმ დღის შემდეგ თამთას სამივე შვილზე ზრუნვა მარტოს უწევს.

იგი ამბობს, რომ მშობლები არ ჰყავს.

„ერთი ძმა მყავს მხოლოდ, რომელმაც მშობლების ბინა გაყიდა და რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. არც ის მეკონტაქტება,“ – გვეუბნება თამთა.

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

თამთას შემოსავალი სოციალური შემწეობაა. 650 ლარი ერიცხება, 500 ლარს კი ბინის ქირაში იხდის.

„ორი თვის გადავიხადე, ხუთი თვის კი გადასახდელი მაქვს. სახლის მეპატრონე ცდილობს გამიგოს და გარეთ არ მიშვებს, მაგრამ ხომ უნდა გადავუხადო ქირა? მასაც ხომ სჭირდება. 

აჭარის მთავრობას ერთჯერადი დახმარება ვთხოვე, ქირის ფული მაინც რომ გადამეხადა, მაგრამ უარი მითხრეს, ბათუმში არ ხარ ჩაწერილიო.

არავინ მწერს ბინაში, ეშინიათ, ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა იქნება მათთვის, მაგრამ ჩემი შვილები ხომ აქ არიან დაბადებული, მათ ხომ შეიძლება დაეხმარონ“ – გვეუბნება თამთა.

მარტოხელა დედის სტატუსიც აქვს, თუმცა როგორც თამთა ამბობს, ეს ვერაფერში ეხმარება.

„თბილისის მერია მეუბნება, აქ უნდა ცხოვრობდე, რომ დაგეხმაროო, ბათუმის მერია კი ჩაწერას მთხოვს.

უფასო სასადილოშიც ჩაგვწერეს, მაგრამ მხოლოდ ორჯერ მივაკითხე. შორია. ჩვენ აეროპორტის დასახლებაში ვცხოვრობთ, სასადილო კი ბარცხანაშია. 4 საათი მჭირდება ჩასვლა-ჩამოსვლაში.

უფროსი გოგონა ოთხ საათამდეა სკოლაში, სასადილო კი სამამდე მუშაობს. ორ პატარას ამდენი ხნით ვერავისთან ვტოვებ, რომ წავიდე და საჭმელი წამოვიღო,“- გვითხრა თამთამ.

მისი თქმით, სანამ ბავშვები საბავშვო ბაღში არ შევლენ, მუშაობას ვერ შეძლებს.

თამთა ნაქირავებ ბინაში, შვილებთან ერთად

ადრე ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში ვიყავი, ბანკშიც მაქვს ნამუშევარი და არ მიჭირდა შვილის გაზრდა. ბათუმში რომ გადმოვედი საცხოვრებლად და ორი პატარა გამიჩნდა, აღარ მიმუშავია.

ძალიან მინდა საბავშვო ბაღში მუშაობა. სადმე რომ გამოჩნდებოდეს ადგილი, ვიმუშავებდი და ბავშვებსაც იქ შევიყვანდი. სამედიცინო განათლება მაქვს და იქნებ ვინმეს ჰქონდეს სურვილი, ამიყვანოს.

ჩემი მეგობარი ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ჩემზე ინფორმაცია და ასე დამეხმაროს. ზოგს პამპერსი მოაქვს, ზოგს საკვები, მაგრამ არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა.

ყველას ვერც ვენდობი. არ მინდა ვინმემ ჩემი შვილების მდგომარეობით ბოროტად ისარგებლოს. ახლა მიჭირს ძალიან, საბავშვო ბაღში რომ წავლენ, შემდეგ მოვძებნი სამუშაოს“ – გვეუბნება თამთა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალებს ეკისრებათ და კაცები ამის პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობენ.

„ეს ალბათ იმის ბრალია, რომ კაცებს ოჯახში არ ასწავლიან პასუხისმგებლობის აღებას და გაზიარებას. არ ზრდიან ხოლმე ასე.

ამიტომ, როცა მათზე სუსტს პოულობენ, ძალადობენ ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად. მართალია, ჩემზე ფიზიკურად არ ძალადობდა ქმარი, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ყოველთვის ვიყავი.

ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი ჩამომენგრა, მაგრამ ვცდილობ, შვილებს დავუთმო მთელი დრო და ისინი გავზარდო ძლიერ ადამიანებად, პასუხისმგებლობის აღებაც ვასწავლო, მათ შორის“ – გვითხრა თამთამ.

________________________

თამთას და მისი სამი შვილის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

GE56TB7061145068100026

 

 

ქუთაისში გამსახურდიას ქუჩის შესაკეთებლად 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირის რეაბილიტაციისათვის 4 მილიონ 752 782 ლარი დაიხარჯება.

ქუთაისის მერიამ იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც გამსახურდიას გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის გასაახლებლად სამუშაოებს ჩაატარებს, ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

[პირველი ტენდერი, ზუსტად იგივე თანხით, მერიამ 2022 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, თუმცა, არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ქუჩის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე უნდა აწარმოოს – რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირამდე.

პროექტის თანახმად, ზვიად გამსახურდიას გამზირზე უნდა შეიცვალოს ბეტონის საფარი, შეიღებოს არსებული გარე განათების ბოძები, ხოლო ტროტუარის განათებისათვის დაემატოს ლამპიონები, გაიმართოს სანიაღვრე ქსელი.

„გათვალისწინებულია 24 სანიაღვრე ქსელის სათვალთვალო და 51 ცხაურიანი ჭების მოწყობა. სათვალთვალო ჭების ხუფებზე უნდა იყოს წარწერა „ქუთაისის მუნიციპალიტეტი,“ – ვკითხულობთ საპროექტო განაცხადში.

ტენდერში წინადადებების მიღება 8 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 7 თვეში უნდა დაასრულოს [პირველ ტენდერში ეს ვადა 4 თვე იყო].

შესრულებული სამუშაოს ხარისხს „ჯეოექსპერტი“ შეამოწმებს.

ქალი ქმარს და დედამთილ-მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს – რეპორტაჟი სასამართლოდან

„გამიკვირდა, როცა ვნახე, რომ დიანას ჩადრი დაეხურა… არ იღელვო, ეს ჩემი სურვილით გავაკეთეო – ასე მითხრა ბავშვმა. გამიკვირდა, არ იყო ამისკენ მიდრეკილი…

მერე მოხდა ეს – ბავშვი აივნიდან გადმოხტა.

ღმერთია ზევიდან, მე არ ვიცოდი, როგორ აწვალებდნენ თურმე,“- უთხრა მოსამართლეს როლანდ ზოიძემ. ის იმ ქალის მამაა, რომელიც ამბობს, რომ ქმრის ოჯახის წევრები ჩადრის ტარებას სთხოვდნენ და ძალადობის მსხვერპლი გახდა ქმრისგან, დედამთილისა და მამამთილისგან.

საუბარია 2022 წლის სექტემბერში ხულოს სოფელ წაბლანაში მომხდარ შემთხვევაზე – ქალი სახლის მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მას წელის მალის მოტეხილობა რომ ჰქონდა, ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე ექსპერტიც ესაუბრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

დაზარალებული ქალის, დიანა მახარაძის თქმით, ის 15 წლის ასაკში დააქორწინეს და ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.

დიანა მახარაძე 3 შვილის დედაა. პროკურატურის ვერსიით, ქალი ძალადობის მსხვერპლი ორსულობის დროსაც რამდენჯერმე იყო.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დღეს, 30 იანვარს, ოჯახში ძალადობის, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე განიხილა. დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარი წინასწარ პატიმრობაშია, მისი მშობლები კი გირაოთი არიან გათავისუფლებული.

„იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა, ადამიანად არ მთვლიდნენ, ჩადრის ტარებასაც მაიძულებდნენ…“- გვითხრა დიანა მახარაძემ, ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყებოდა. ის დღეს სასამართლოსთან ყოფილ ქმართან ერთად გადაღებული, ამობეჭდილი ფოტოებით მოვიდა. ფოტოების მიხედვით, დიანა მართლაც ატარებდა ჩადრს.

„15 წლის გავთხოვდი, ქმარი მას შემდეგ ხშირად მირტყამდა მუშტებს… დედამთილ-მამამთილი, ასევე, მავიწროებდნენ.

როცა გადმოვხტი აივნიდან, სასწრაფოც არ გამოიძახეს, პოლიცია ჩაერთვება და არ გვინდაო, თვითონ წამომიყვანეს მერე საკუთარი რაფით,“- უთხრა დიანა მახარაძემ „ბათუმელებს“.

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

დაზარალებული ქალი თანახმა იყო, ქმარს შერიგებოდა – მხარეებმა ამ მიზეზით რამდენიმე თვის წინ საპროცესო შეთანხმება ითხოვეს, სასამართლო პროცესიც გადაიდო და დუმილი არჩიეს.

„მითხრეს, რომ დააფინანსებდნენ მკურნალობის ხარჯს, აქ კი გამიკეთეს ოპერაცია, მაგრამ მაინც ტკივილი მქონდა… მამამ თურქეთში წამიყვანა… ველოდით, რომ ამ ხარჯებს გაიღებდნენ, მაგრამ არც ეს გააკეთეს,“- დასძინა დიანა მახარაძემ.

ბრალდებულები კატეგორიულად უარყოფენ ძალადობას.

„სულ დედი, დედის ძახილში იყო და მის გულში რა იყო, არ ვიცი,“ – გვითხრა შესვენების დროს ძალადობაში ბრალდებულმა დედამთილმა, დარეჯან მახარაძემ.

„შეხედეთ ჩემს მეუღლეს, უკეთია მას ჩადრი? – არ უკეთია. ჩვენს სოფელში ვინმე არ ატარებს ჩადრს და მაგას მოვთხოვეთ? ტყუილია ეს“ – ეს ზურაბ მახარაძის რეპლიკაა, რძალზე ძალადობაში ბრალდებული მამამთილის.

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

პროცესის დაწყებამდე დაზარალებული ქალის მამამ კი ეს გვითხრა:

„საპროცესო შეთანხმება კი არა, პირიქით მოხდა – უკადრებელი იკადრეს. თქვეს, რომ სიმულანტობს თურმე დიანა და მკურნალობა არ სჭირდება. საზოგადოებაშიც ამას ლაპარაკობენ,“ – გვითხრა როლანდ ზოიძემ, დაზარალებულად მიჩნეული ქალის მამამ.

სასამართლო პროცესზე ქალის მამამ თქვა, რომ მას სიძემ შვილის აივნიდან გადავარდნის ამბავიც დაუმალა:

„მანამდე რამდენიმე თვით ადრე ბავშვმა მითხრა, მე წაბლანაში აღარ წავალო. მაშინ კი გვითხრა, რომ დედამთილი ავიწროებდა. თურმე მუშტებსაც ურტყამდა ეს…“ – ბრალდებულ სიძეს გახედა მოწმემ, ღრმად ამოიოხრა და ისე განაგრძო:

„თურმე ბავშვს ეუბნებოდნენ, რომ წახვიდე ოჯახიდან, სად წახვალ სამი ბავშვით, მამაშენი გულით ავადმყოფი კაცია, მერე მამის მკვლელსაც დაგიძახებენო…შვილებსაც წაგართმევთო, ემუქრებოდნენ თურმე ბავშვს.

აივნიდან საღამოს 8 საათზე გადმოხტა და დილამდე არ მიიყვანეს კლინიკაში.

კლინიკაში რომ მივედი, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო ბავშვი. დიანამ მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა: მა, წაბლანას არ დამასაფლავოო….“ – თქვა დაზარალებულად ცნობილი ქალის მამამ, როლანდ ზოიძემ.

მოწმემ ადვოკატ მალხაზ ზოიძეს დაუდასტურა, რომ მას ბრალდებულის ოჯახმა 13 ათასი ლარი გადასცა, რაც მკურნალობის ხარჯი იყო. დაზარალებული ქალის მამამ აქვე ახსნა, რატომ ვეღარ შედგა საპროცესო შეთანხმება:

„ის თანხა არ გადაუხდიათ, რაც იყო საჭირო… დიანა ახლაც მკურნალობს. ჩემი მიზანია, 23 წლის გოგო ეტლში არ ჩაჯდეს, ფეხზე დადგეს და თავის 3 შვილს მიხედოს. ჩემი მიზანი არაა ვინმეს ციხეში ჩასმა,“ – დასძინა როლანდ ზოიძემ.

„რატომ არ მიაღებინეთ დიანას წამალი?“- ყოფილ სიმამრს მიმართა ბრალდებულმა როლანდ მახარაძემ. მისი თქმით, დიანას „ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები ჰქონდა“, ხოლო საჭირო მედიკამენტებს ქალი არ სვამდა.

ბრალდებულმა აქცენტი იმ პერიოდზე გააკეთა, როცა დიანა დედ-მამასთან ცხოვრობდა.

„მან ყველა წამალი დალია,“ – მოკლედ თქვა მოწმემ.

„ჩადრის ამბავი არაა სიმართლე, ჩვენც არ გვახურავს ჩადრი, ჩვენც რძლები ვართ,“- გვითხრეს სასამართლო დარბაზში მყოფმა პირებმა. მათი მტკიცებით, დიანა მახარაძემ საკუთარი სურვილით გადაწყვიტა ჩადრის ტარება.

შესვენებაზე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა გვაჩვენეს ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია, დაზარალებულად ცნობილი ქალი ჩადრის გარეშე.

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები ძალადობას გამორიცხავენ, თუმცა ვერ ამბობენ, რა მოტივაციით შეიძლება გადმომხტარიყო ქალი მეორე სართულის აივნიდან, ან რატომ თქვა, რომ მანამდეც სისტემატურად იყო ძალადობის მსხვერპლი.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. პროცესი ამ ეტაპზე შეწყდა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული – დაზარალებული ქალის დედამთილი შეუძლოდ გახდა.

პოლონეთი მზადაა გადმოგვცეს F-16-ები, თუ ნატო თანახმა იქნება – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის ცნობით, ავიაგამანადგურებელ F-16-ის მოპოვებაზე მუშაობა გრძელდება.

„არის პოზიტიური სიგნალები პოლონეთიდან, რომელიც მზად არის გამოგვიგზავნოს F-16-ები ნატოსთან კოორდინაციით“, – წერს ერმაკი ტელეგრამზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 30 იანვარს ბრიფინგზე დასმულ კითხვას, მზადაა თუ არა პოლონეთი უკრაინას გადასცეს თავისი F-16-ები, უპასუხა, რომ ნებისმიერი საჰაერო ძალების გადაყვანა შესაძლებელია უკრაინაში ნატოს ქვეყნებთან შეთანხმებით და პოლონეთი იმოქმედებს მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით.

„ისე, როგორც ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ МиГ-ებთან დაკავშირებით, ნებისმიერი საჰაერო ძალის გადაცემა შესაძლებელია ნატოს ქვეყნებთან შეთანხმებით“ – განაცხადა მან.

მანამდე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა, რომ ნიდერლანდები მზად არის, განიხილოს უკრაინისთვის F-16-ების მიწოდება, თუკი ასეთი მოთხოვნა იქნება.

_________________

ფოტო: ვიკიპედია

გაიაქტიურე სილქფესტის პაკეტები და ისარგებლე რჩეული პირობით მთელი თვე

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს 31 იანვარს შეთავაზებს მომხმარებელს.  ერთი ან რამდენიმე  პირობის ჩართვა შესაძლებელია კომბინაციით  *202# , აპლიკაციით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან:  

  • 200 ადგილობრივი წუთი – 5 ₾
  • 5000 MB – 7 ₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14 ₾
  • 50 000 MB – 20 ₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 33 ₾

პაკეტის შეძენას მომხმარებელი შეძლებს სხვა ნომრისთვისაც, კომბინაციით  – *202#

მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელ ბილიკს მოაწყობენ

ხელვაჩაურის სოფელ მირვეთის ჩანჩქერამდე მისასვლელ საფეხმავლო ბილიკს მოაწყობენ.

პროექტის მიხედვით საფეხმავლო ბილიკი ცემენტითა და ფლეთილი ქვებით მოეწყობა. უშუალოდ ჩანჩქერთან გაკეთდება ტერასა – ხისა და ლითონის კონსტრუქციით. მოეწყობა ასევე განათება, სკამი და სხვა კონსტრუქციები.

მირვეთის ჩანჩქერი / რენდერი პროექტიდან

ზოგადი მითითებები პროექტიდან

ბილიკისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 ათასი ლარია [თუმცა, ამავე ტენდერში გამარჯვებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში საპირფარეშოც უნდა მოაწყოს].

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 12 თებერვალს და 17 თებერვალს დასრულდება.

მირვეთის ჩაჩქერთან / რენდერები პროექტიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 2023 წლის 30 ივნისია.

მირვეთი ჭოროხისპირა სოფელია, რომელიც ბათუმიდან 27 კილომეტრით არის დაშორებული.

სოფლის მთავარ გზაზე დადგომისას მალევე შეხვდებით აბრას, რომელიც ახლომდებარე ჩანჩქერის მიმართულებას გამცნობთ. ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. ქვემოთ დაგუბებულ წყალში აქ ბანაობაცაა შესაძლებელი.

ჩანჩქერამდე დღეს ხავსით დაფარული კოლხური ბზის ხეივანით მიხვალთ. ეს ბზა წითელ წიგნშია შეტანილი. სოფელში არაერთი ღირსშესანიშნავი და მიმზიდველი ადგილია.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

მირვეთი – საუკეთესო ადგილი ველოტურის, ჯომარდობისა და დასვენებისთვის

 

იქნება თუ არა მობილიზაციის მეორე ტალღა რუსეთში? – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 30 იანვრის ანგარიშში რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში „გამოძახების“ კიდევ ერთი რაუნდის შესაძლებლობას მიმოიხილავს.

ბრიტანული დაზვერვა აქცენტს რამდენიმე შემთხვევაზე აკეთებს, მათ შორის, 2023 წლის 22 იანვარს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე ყირგიზ შრომით მიგრანტებს რუსეთის სასაზღვრო პოლიციამ რუსეთის დატოვების უფლება არ მისცა, რის მიზეზადაც მათი მობილიზებულთა სიაში ყოფნა დაასახელა.

გარდა ამისა, როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სპეციალისტები წერენ, 2023 წლის 23 იანვარს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბრძანება „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ ძალაში რჩება და რომ ეს ბრძანება კვლავაც აუცილებელია შეიარაღებული ძალების საქმიანობის მხარდასაჭერად.

დაზვერვა წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, აგრძელებს გზების ძიებას, რათა უკრაინაში დაგეგმილი ძირითადი შეტევისთვის საჭირო პერსონალის რაოდენობა გაზარდოს, ქვეყნის შიდა უკმაყოფილების მინიმალიზებასთან ერთად.

კირთაძემ თანამდებობა დატოვა – ენმ-ს ბათუმში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] ბათუმის ორგანიზაციას გიორგი კირთაძე აღარ უხელმძღვანელებს.

გიორგი კირთაძე ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებამდეც აცხადებდა, რომ თუ ნიკა მელია ვერ გაიმარჯვებდა, თანამდებობას დატოვებდა, რადგან მიიჩნევს, რომ „ახალი თავმჯდომარე თავისი გუნდით უნდა მოვიდეს.“

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ თანამდებობა დატოვა, თუმცა პარტიაში რჩება: „ბრძოლას გავაგრძელებ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ წარმატებებს ვუსურვებ ახალ თავმჯდომარეს.“

გიორგი კირთაძე გამორიცხავს, რომ ახალი თავმჯდომარის მუშაობის პირობებში, შესაძლოა, აჭარის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში ფრაქციების ხელმძღვანელების შეცვლის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევამდე პირად საუბრებში ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლევან ანთაძეს მოიაზრებდნენ.

ლევან ანთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია ენმ-დან, ისევე, როგორც გიორგი კირთაძე.

დღეს, 30 იანვარს, ცნობილი გახდა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში ხაბეიშვილმა 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია.

დასავლეთის ყოყმანი იარაღის მიწოდებაზე უკრაინის კონტრშეტევას აფერხებს – ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ISW-ი ახალ, 29 იანვრის ანგარიშში წერს, რომ დასავლეთიდან მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შეფერხებამ შეზღუდა უკრაინის შესაძლებლობა, განახორციელოს უფრო დიდი კონტრშეტევა რუსული სამხედრო წარუმატებლობის ფონზე.

ISW-ი, ფაქტობრივად, არ აფასებს უკრაინის სამხედრო გადაწყვეტილებებს, თუმცა, როგორც ისტორიკოსებს, ჩვენ არ გვინახავს უნაკლო სამხედრო გადაწყვეტილება არც ერთ ომში, მაგრამ უკრაინას არ გააჩნია მნიშვნელოვანი სამხედრო ინდუსტრია, რომელსაც გამოიყენებდა დასავლეთის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში – წერს ISW-ი.

ISW-ის ექსპერტების აზრით, რუსეთის ჯარებს ჰქონდათ ინიციატივა 2022 წლის 24 თებერვლიდან 3 ივლისის ჩათვლით, რის შემდეგაც უკრაინელებმა აიღეს ინიციატივა და აგვისტოში წამოიწყეს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რის შედეგადაც 11 ნოემბერს ხერსონის ოლქის დასავლეთი ნაწილი გაათავისუფლეს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ უკრაინამ ვერ შეძლო ახალი ძირითადი კონტრშეტევის წამოწყება, რამაც რუსებს შესაძლებლობა მისცა, დაიბრუნონ ინიციატივა მომავალი კონტრშეტევისთვის.

ანგარიშში ღია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ გასულ დღეებში უკრაინული ძალები აგრძელებდნენ კონტრშეტევას კუზემივკას მახლობლად (სვატოვიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 16 კმ) და რუსეთის შეზღუდული კონტრშეტევების მოგერიებას კრემინას დასავლეთით და სამხრეთით.

„ვაგნერის“ ფინანსისტმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ „ვაგნერმა“ 29 იანვარს დაიპყრო სოფელი ბლაჰოდატნე, ასევე, რუსული ძალები აგრძელებენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტისა და დონეცკის ქალაქ ავდიივკას მახლობლად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მობილიზაციის მეორე ტალღისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 30 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 126 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
  • ტანკი – 3 201 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 369 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 196 ერთეული [+1]
  • MLRS – 453 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 293 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 947 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 041 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 199 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 30 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 381 თვითმფრინავი
  • 205 ვერტმფრენი
  • 2 982 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 679 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 997 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 962 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 226 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში ჩავიდნენ და Challenger 2-თან მუშაობას ისწავლიან

უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში ჩავიდნენ და Challenger 2-თან მუშაობას ისწავლიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები დიდ ბრიტანეთში ამჯერად იმისთვის ჩავიდნენ, რომ Challenger 2-ის ტანკების მართვა ისწავლონ. სწორედ წელს, იანვარში, გადაწყვიტა ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას Challenger 2-ის ტანკები გადასცეს.

დღეს, 29 იანვარს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი ტანკისტები უკვე დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად მომზადებას იწყებენ.

„დიდი ბრიტანეთი, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, უკრაინას გადასცემს Challenger 2-ის ტანკებს, საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ“, – ხაზგასმით აღნიშნავს ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში დაფრინდა თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები ისხდნენ.

___

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უარი უთხრა უკრაინას Challenger 2-ის ტანკების მიწოდებაზე. მაშინ ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს იდეა „არ იმუშავებს“.

2022 წლის აპრილში ბორის ჯონსონმა და ოლაფ შოლცმა ისევ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები უკრაინისთვის ტანკების გადაცემისგან თავს შეიკავებენ. ჯონსონი მაშინ შეუთანხმდა პოლონეთს, რომ უკრაინას მიაწვდიდა მოძველებულ T 72-ებს.

ამ წლის იანვარს კი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეცვალა თავის გადაწყვეტილება და დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცემს Challenger 2-ის ტანკებს. საუბარია 14 ტანკზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვს იმედი აქვს, რომ დასავლეთიდან მიღებული ტანკები ბრძოლებში მარტიდან ჩაერთვებიან.

__

ფოტო: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

Exit mobile version