მთავარი,სიახლეები

„ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია“ – გენერალი ჰოჯესი

30.01.2023 • 936
„ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია“ – გენერალი ჰოჯესი

„ყირიმი ყალიბდება ბრძოლის ველად, რომელიც გადაწყვეტს რუსეთ-უკრაინის ომს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ინსაიდერი“.

სტატიაში დეტალურადაა განხილული ყირიმის როლი მიმდინარე ომში და მის ირგვლივ დამოკიდებულებები, როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ასევე თავად უკრაინის შეფასებით.

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. სწორედ 2014 წლის ეს მოვლენა სახელდება 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მოსამზადებელ ეტაპად.

ყირიმი რუსეთის საომარი კამპანიისთვის მთავარ დასაყრდენსა და მარაგების ჯაჭვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. გარდა მისი სამხედრო მნიშვნელობისა, ყირიმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს, მან იგი რუსეთისთვის „წმინდა მიწადაც“ მოიხსენია.

„ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია.

უკრაინის მთავრობამ იცის, რომ არ შეუძლია რუსეთის მიერ ყირიმზე კონტროლის შენარჩუნებას დათანხმდეს. შემდეგ რამდენიმე თვეში ვიხილავთ უკრაინის მიერ ყირიმის საბოლოო გათავისუფლებისთვის პირობების შექმნას“, – განაცხადა ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა „ინსაიდერთან“ და აღნიშნა, რომ უკრაინა „არასდროს იქნება უსაფრთხოდ და დაცული, ან მზად თავისი ეკონომიკის ხელახლა ასაშენებლად მანამ, სანამ რუსეთს ყირიმი აქვს დაპყრობილი“.

ბენ ჰოჯესი

„ინსაიდერი“ მიმოიხილავს დასავლეთის მიერ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებულ ტაქტიკასაც. სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსად ბენ ჰოჯესისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყირიმის გათავისუფლება უკრაინის მდგრადი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. გარდა ამისა, ყირიმის გათავისუფლების შესახებ ღია საუბარი და გეგმები, ასევე შეიძლება აძლიერებდეს ოფიციალური კიევის პოზიციებს, მომავალში შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისას.

„სანამ ნახევარკუნძული რჩება კრემლის ხელში, უკრაინა და უკრაინელები ვერ იქნებიან თავისუფალი რუსული აგრესიისგან“, – ციტირებს „ინსაიდერი“ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ანდრეი ზაგოროდნიუკს, ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებული მასალიდან.

„ბრძოლის ველზე ზედიზედ რამდენიმე თვის წარმატების შემდეგ, ცხადია, რომ უკრაინას აქვს ყირიმის გათავისუფლების უნარი“, – თქვა ზაგოროდნიუკმა და დასძინა, რომ „უკრაინამ უნდა დაგეგმოს ყირიმის გათავისუფლება და დასავლეთმა უნდა დაგეგმოს დახმარება“.

„ინსაიდერის“ სტატიაში ასევე განხილულია ყირიმზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებასა და უკრაინისთვის თავისი სუვერენული ტერიტორიების დასაბრუნებლად აუცილებელი შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებული შიშებიც.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალების უკრაინისთვის გადაცემა, რომლითაც შესაძლებელია აქტიური ბრძოლის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა, ესკალაციის საფრთხედ არის აღქმული. მათ შორის, ყირიმზე თავდასხმაც, რადგან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსკოვი და თავად პუტინი არაერთგზის იმუქრებოდნენ ატომური პასუხით.

მიუხედავად ამისა, არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მუქარაა და არა – რეალური საფრთხე. ამის დასტურად კი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების მაგალითები მოჰყავთ, ხოლო, ყირიმის შემთხვევაში, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე არაერთი თავდასხმა განახორციელა, მათ შორის, საავიაციო ბაზაზე.

„მოკავშირეებმა უბრალოდ უნდა შეწყვიტონ მიდგომა – „მივცეთ იმის ნაწილი, რაც სჭირდებათ და უფრო ნელა ვიდრე სჭირდებათ“ – უკრაინის მომარაგებასთან დაკავშირებით. ეს მიდგომა უკვე ზედმეტად გაგრძელდა.

უკრაინას სჭირდება მეტი თავდაცვითი სისტემა, ტანკები და შორსმსროლელი არტილერია – რაკეტები, რათა გააკეთოს რაც აუცილებელია“, – ციტირებს გამოცემა გადამდგარ გენერალ ჯეიმს დუბიკს, რომელიც ახლა „ომის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი სპეციალისტია.

„ინსაიდერი“ სტატიაში ასევე ახსენებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 31 ტანკის – M1 აბრამსების უკრაინისთვის გადაცემის გამოცხადებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მიერ რეპორტიორებთან გაკეთებულ განცხადებას.

განცხადებაში ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული ტანკების უკრაინისთვის მიწოდება არამხოლოდ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს, არამედ მას მისცემს შესაძლებლობას, დაიბრუნოს თავისი „სუვერენული ტერიტორია“, მათ შორის, ყირიმი.

„ინსაიდერი“ აღნიშნულ სტატიაში ასკვნის, რომ ომის ამ ეტაპზე არც რუსული და არც უკრაინული მხარე არ აპირებს უკან დახევას, ხოლო დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ იმ დონეს მიაღწია, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ არის.

______________________

ყირიმის ხიდი. 2022 წლის 8 ოქტომბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: