მთავარი,სიახლეები

მარტო, სამ შვილთან – „ახლა ძალიან მიჭირს, 5 თვის ქირა გადასახდელი მაქვს“

30.01.2023 • 5009
მარტო, სამ შვილთან – „ახლა ძალიან მიჭირს, 5 თვის ქირა გადასახდელი მაქვს“

36 წლის თამთა ტატუაშვილი სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. უფროსი შვილი 9 წლისაა, შუათანა – ორ წლამდე ასაკის, ხოლო ყველაზე უმცროსი 4 თვისაა.

თამთა ამჟამად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. რადგან ბავშვები პატარები არიან, თამთა მუშაობას ვერ ახერხებს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა.

„პატარას თავზე კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს და ქირურგიულად არის ამოსაკვეთი. 1700 ლარი მითხრეს თავიდან, მაგრამ რადგან ფული არ მაქვს, ვერ ვუკეთებ ოპერაციას. საყოველთაო დაზღვევაც არ აფინანსებს, რადგან ოპერაცია კერძო კლინიკაში უნდა გაკეთდეს,“ – გვითხრა თამთამ.

უფროსი შვილი თამთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ორი კი – მეორე ქორწინებიდან. თუმცა, როგორც დედა ამბობს, მამები ბავშვებზე არ ზრუნავენ.

„სამივე ბავშვი ჩემს გვარზეა, ამიტომ ალიმენტს არ იხდიან მამები.

როცა პირველ ქმარს დავშორდი, ფეხმძიმედ ვიყავი, თუმცა ყოფილმა ქმარმა ბინაში ცხოვრების უფლება მოგვცა. სამი წელი ვიცხოვრეთ იქ, შემდეგ კი ბინის დაცლა მოითხოვა. თამაშობდა, ფული წააგო და ბინა გაყიდა.

თვითონ ბერად წავიდა მონასტერში. შვილს ხანდახან მოიკითხავს ხოლმე, მაგრამ ფინანსურად ვერ მეხმარება“ – გვიყვება თამთა.

თამთა 4 თვის შვილთან ერთად

რამდენიმე წლის შემდეგ თამთამ ახალი ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.

„თბილისში გავიცანი, მაგრამ რადგან აჭარიდან იყო, აქეთ მოისურვა ცხოვრება. გადმოვედით ბათუმში, ქირით დავიწყეთ ცხოვრება. რადგან პირველი ქორწინებიდან შვილი მყავდა, ქმრის ოჯახმა არ მიმიღო.

მოგვიანებით მეუღლესთან უთანხმოება შემექმნა, არ გრძნობდა სათანადო პასუხისმგებლობას ჩვენი ოჯახის მიმართ. პამპერსზე და ჩასაცმელზე არ იყო აქ საუბარი, ბავშვის საჭმელი მოჰქონდა, მაგრამ ისიც – დაყვედრებით.

პამპერსზე კი მეუბნებოდა, ნაჭრები გამოიყენე, ჩვენ ასე გაგვზარდეს მშობლებმაო. რაღაც პერიოდი დავშორდით კიდეც. შემდეგ მოისურვა შერიგება და მეც დავთანხმდი, რადგან რთულია ორი შვილით მარტო ცხოვრება.

შემდეგ ისევ დაიწყო უსიამოვნებები. 7 თვის ორსული ვიყავი, როცა სახლიდან წავიდა და დღემდე არ მოუკითხავს შვილები. არც ტელეფონზე მეკონტაქტება, არც ის ვიცი, სად არის. მშობიარობის დროსაც მარტო ვიყავი. 500 ლარი ვისესხე და ისე წავედი საავადმყოფოში, დღესაც არ დამიბრუნებია ვალი“ – ამბობს თამთა.

იმ დღის შემდეგ თამთას სამივე შვილზე ზრუნვა მარტოს უწევს.

იგი ამბობს, რომ მშობლები არ ჰყავს.

„ერთი ძმა მყავს მხოლოდ, რომელმაც მშობლების ბინა გაყიდა და რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. არც ის მეკონტაქტება,“ – გვეუბნება თამთა.

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

თამთას შემოსავალი სოციალური შემწეობაა. 650 ლარი ერიცხება, 500 ლარს კი ბინის ქირაში იხდის.

„ორი თვის გადავიხადე, ხუთი თვის კი გადასახდელი მაქვს. სახლის მეპატრონე ცდილობს გამიგოს და გარეთ არ მიშვებს, მაგრამ ხომ უნდა გადავუხადო ქირა? მასაც ხომ სჭირდება. 

აჭარის მთავრობას ერთჯერადი დახმარება ვთხოვე, ქირის ფული მაინც რომ გადამეხადა, მაგრამ უარი მითხრეს, ბათუმში არ ხარ ჩაწერილიო.

არავინ მწერს ბინაში, ეშინიათ, ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა იქნება მათთვის, მაგრამ ჩემი შვილები ხომ აქ არიან დაბადებული, მათ ხომ შეიძლება დაეხმარონ“ – გვეუბნება თამთა.

მარტოხელა დედის სტატუსიც აქვს, თუმცა როგორც თამთა ამბობს, ეს ვერაფერში ეხმარება.

„თბილისის მერია მეუბნება, აქ უნდა ცხოვრობდე, რომ დაგეხმაროო, ბათუმის მერია კი ჩაწერას მთხოვს.

უფასო სასადილოშიც ჩაგვწერეს, მაგრამ მხოლოდ ორჯერ მივაკითხე. შორია. ჩვენ აეროპორტის დასახლებაში ვცხოვრობთ, სასადილო კი ბარცხანაშია. 4 საათი მჭირდება ჩასვლა-ჩამოსვლაში.

უფროსი გოგონა ოთხ საათამდეა სკოლაში, სასადილო კი სამამდე მუშაობს. ორ პატარას ამდენი ხნით ვერავისთან ვტოვებ, რომ წავიდე და საჭმელი წამოვიღო,“- გვითხრა თამთამ.

მისი თქმით, სანამ ბავშვები საბავშვო ბაღში არ შევლენ, მუშაობას ვერ შეძლებს.

თამთა ნაქირავებ ბინაში, შვილებთან ერთად

ადრე ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში ვიყავი, ბანკშიც მაქვს ნამუშევარი და არ მიჭირდა შვილის გაზრდა. ბათუმში რომ გადმოვედი საცხოვრებლად და ორი პატარა გამიჩნდა, აღარ მიმუშავია.

ძალიან მინდა საბავშვო ბაღში მუშაობა. სადმე რომ გამოჩნდებოდეს ადგილი, ვიმუშავებდი და ბავშვებსაც იქ შევიყვანდი. სამედიცინო განათლება მაქვს და იქნებ ვინმეს ჰქონდეს სურვილი, ამიყვანოს.

ჩემი მეგობარი ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ჩემზე ინფორმაცია და ასე დამეხმაროს. ზოგს პამპერსი მოაქვს, ზოგს საკვები, მაგრამ არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა.

ყველას ვერც ვენდობი. არ მინდა ვინმემ ჩემი შვილების მდგომარეობით ბოროტად ისარგებლოს. ახლა მიჭირს ძალიან, საბავშვო ბაღში რომ წავლენ, შემდეგ მოვძებნი სამუშაოს“ – გვეუბნება თამთა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალებს ეკისრებათ და კაცები ამის პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობენ.

„ეს ალბათ იმის ბრალია, რომ კაცებს ოჯახში არ ასწავლიან პასუხისმგებლობის აღებას და გაზიარებას. არ ზრდიან ხოლმე ასე.

ამიტომ, როცა მათზე სუსტს პოულობენ, ძალადობენ ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად. მართალია, ჩემზე ფიზიკურად არ ძალადობდა ქმარი, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ყოველთვის ვიყავი.

ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი ჩამომენგრა, მაგრამ ვცდილობ, შვილებს დავუთმო მთელი დრო და ისინი გავზარდო ძლიერ ადამიანებად, პასუხისმგებლობის აღებაც ვასწავლო, მათ შორის“ – გვითხრა თამთამ.

________________________

თამთას და მისი სამი შვილის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

GE56TB7061145068100026

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: