მთავარი,სიახლეები

ქალი ქმარს და დედამთილ-მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს – რეპორტაჟი სასამართლოდან

30.01.2023 • 18498
ქალი ქმარს და დედამთილ-მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს – რეპორტაჟი სასამართლოდან

„გამიკვირდა, როცა ვნახე, რომ დიანას ჩადრი დაეხურა… არ იღელვო, ეს ჩემი სურვილით გავაკეთეო – ასე მითხრა ბავშვმა. გამიკვირდა, არ იყო ამისკენ მიდრეკილი…

მერე მოხდა ეს – ბავშვი აივნიდან გადმოხტა.

ღმერთია ზევიდან, მე არ ვიცოდი, როგორ აწვალებდნენ თურმე,“- უთხრა მოსამართლეს როლანდ ზოიძემ. ის იმ ქალის მამაა, რომელიც ამბობს, რომ ქმრის ოჯახის წევრები ჩადრის ტარებას სთხოვდნენ და ძალადობის მსხვერპლი გახდა ქმრისგან, დედამთილისა და მამამთილისგან.

საუბარია 2022 წლის სექტემბერში ხულოს სოფელ წაბლანაში მომხდარ შემთხვევაზე – ქალი სახლის მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მას წელის მალის მოტეხილობა რომ ჰქონდა, ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე ექსპერტიც ესაუბრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

დაზარალებული ქალის, დიანა მახარაძის თქმით, ის 15 წლის ასაკში დააქორწინეს და ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.

დიანა მახარაძე 3 შვილის დედაა. პროკურატურის ვერსიით, ქალი ძალადობის მსხვერპლი ორსულობის დროსაც რამდენჯერმე იყო.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დღეს, 30 იანვარს, ოჯახში ძალადობის, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე განიხილა. დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარი წინასწარ პატიმრობაშია, მისი მშობლები კი გირაოთი არიან გათავისუფლებული.

„იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა, ადამიანად არ მთვლიდნენ, ჩადრის ტარებასაც მაიძულებდნენ…“- გვითხრა დიანა მახარაძემ, ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყებოდა. ის დღეს სასამართლოსთან ყოფილ ქმართან ერთად გადაღებული, ამობეჭდილი ფოტოებით მოვიდა. ფოტოების მიხედვით, დიანა მართლაც ატარებდა ჩადრს.

„15 წლის გავთხოვდი, ქმარი მას შემდეგ ხშირად მირტყამდა მუშტებს… დედამთილ-მამამთილი, ასევე, მავიწროებდნენ.

როცა გადმოვხტი აივნიდან, სასწრაფოც არ გამოიძახეს, პოლიცია ჩაერთვება და არ გვინდაო, თვითონ წამომიყვანეს მერე საკუთარი რაფით,“- უთხრა დიანა მახარაძემ „ბათუმელებს“.

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

დაზარალებული ქალი თანახმა იყო, ქმარს შერიგებოდა – მხარეებმა ამ მიზეზით რამდენიმე თვის წინ საპროცესო შეთანხმება ითხოვეს, სასამართლო პროცესიც გადაიდო და დუმილი არჩიეს.

„მითხრეს, რომ დააფინანსებდნენ მკურნალობის ხარჯს, აქ კი გამიკეთეს ოპერაცია, მაგრამ მაინც ტკივილი მქონდა… მამამ თურქეთში წამიყვანა… ველოდით, რომ ამ ხარჯებს გაიღებდნენ, მაგრამ არც ეს გააკეთეს,“- დასძინა დიანა მახარაძემ.

ბრალდებულები კატეგორიულად უარყოფენ ძალადობას.

„სულ დედი, დედის ძახილში იყო და მის გულში რა იყო, არ ვიცი,“ – გვითხრა შესვენების დროს ძალადობაში ბრალდებულმა დედამთილმა, დარეჯან მახარაძემ.

„შეხედეთ ჩემს მეუღლეს, უკეთია მას ჩადრი? – არ უკეთია. ჩვენს სოფელში ვინმე არ ატარებს ჩადრს და მაგას მოვთხოვეთ? ტყუილია ეს“ – ეს ზურაბ მახარაძის რეპლიკაა, რძალზე ძალადობაში ბრალდებული მამამთილის.

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

პროცესის დაწყებამდე დაზარალებული ქალის მამამ კი ეს გვითხრა:

„საპროცესო შეთანხმება კი არა, პირიქით მოხდა – უკადრებელი იკადრეს. თქვეს, რომ სიმულანტობს თურმე დიანა და მკურნალობა არ სჭირდება. საზოგადოებაშიც ამას ლაპარაკობენ,“ – გვითხრა როლანდ ზოიძემ, დაზარალებულად მიჩნეული ქალის მამამ.

სასამართლო პროცესზე ქალის მამამ თქვა, რომ მას სიძემ შვილის აივნიდან გადავარდნის ამბავიც დაუმალა:

„მანამდე რამდენიმე თვით ადრე ბავშვმა მითხრა, მე წაბლანაში აღარ წავალო. მაშინ კი გვითხრა, რომ დედამთილი ავიწროებდა. თურმე მუშტებსაც ურტყამდა ეს…“ – ბრალდებულ სიძეს გახედა მოწმემ, ღრმად ამოიოხრა და ისე განაგრძო:

„თურმე ბავშვს ეუბნებოდნენ, რომ წახვიდე ოჯახიდან, სად წახვალ სამი ბავშვით, მამაშენი გულით ავადმყოფი კაცია, მერე მამის მკვლელსაც დაგიძახებენო…შვილებსაც წაგართმევთო, ემუქრებოდნენ თურმე ბავშვს.

აივნიდან საღამოს 8 საათზე გადმოხტა და დილამდე არ მიიყვანეს კლინიკაში.

კლინიკაში რომ მივედი, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო ბავშვი. დიანამ მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა: მა, წაბლანას არ დამასაფლავოო….“ – თქვა დაზარალებულად ცნობილი ქალის მამამ, როლანდ ზოიძემ.

მოწმემ ადვოკატ მალხაზ ზოიძეს დაუდასტურა, რომ მას ბრალდებულის ოჯახმა 13 ათასი ლარი გადასცა, რაც მკურნალობის ხარჯი იყო. დაზარალებული ქალის მამამ აქვე ახსნა, რატომ ვეღარ შედგა საპროცესო შეთანხმება:

„ის თანხა არ გადაუხდიათ, რაც იყო საჭირო… დიანა ახლაც მკურნალობს. ჩემი მიზანია, 23 წლის გოგო ეტლში არ ჩაჯდეს, ფეხზე დადგეს და თავის 3 შვილს მიხედოს. ჩემი მიზანი არაა ვინმეს ციხეში ჩასმა,“ – დასძინა როლანდ ზოიძემ.

„რატომ არ მიაღებინეთ დიანას წამალი?“- ყოფილ სიმამრს მიმართა ბრალდებულმა როლანდ მახარაძემ. მისი თქმით, დიანას „ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები ჰქონდა“, ხოლო საჭირო მედიკამენტებს ქალი არ სვამდა.

ბრალდებულმა აქცენტი იმ პერიოდზე გააკეთა, როცა დიანა დედ-მამასთან ცხოვრობდა.

„მან ყველა წამალი დალია,“ – მოკლედ თქვა მოწმემ.

„ჩადრის ამბავი არაა სიმართლე, ჩვენც არ გვახურავს ჩადრი, ჩვენც რძლები ვართ,“- გვითხრეს სასამართლო დარბაზში მყოფმა პირებმა. მათი მტკიცებით, დიანა მახარაძემ საკუთარი სურვილით გადაწყვიტა ჩადრის ტარება.

შესვენებაზე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა გვაჩვენეს ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია, დაზარალებულად ცნობილი ქალი ჩადრის გარეშე.

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები ძალადობას გამორიცხავენ, თუმცა ვერ ამბობენ, რა მოტივაციით შეიძლება გადმომხტარიყო ქალი მეორე სართულის აივნიდან, ან რატომ თქვა, რომ მანამდეც სისტემატურად იყო ძალადობის მსხვერპლი.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. პროცესი ამ ეტაპზე შეწყდა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული – დაზარალებული ქალის დედამთილი შეუძლოდ გახდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: