მთავარი,სიახლეები

„კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით?“ – ავარიული სახლი ბათუმში

30.01.2023 •
„კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით?“ – ავარიული სახლი ბათუმში

„ეს კიბე რომ ჩამოინგრეს, მერე მოვლენ მერიიდან მგლოვიარე სახეებით? ქარზეც კი ექანება უკვე სახლი… ამ კიბეებით დადიან ბავშვები,“ – გვიყვება ნანა ლორთქიფანიძე. ის ბათუმში, მუსხელიშვილის №64-ში, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს.

მუსხელიშვილის №64 ბათუმის მერიის მიერ აღწერილ ავარიული სახლების სიაშია, თუმცა აქ მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს პასუხს კითხვებზე: როდის აშენდება ახალი კორპუსი? რატომ ვერ გადაჰყავთ ოჯახები ქირით უსაფრთხო ადგილზე, ვიდრე მათთვის ახალი კორპუსი აშენდება?

მუსხელიშვილის №64-ში კიბეებზე ავლაც საკმარისია, რომ იგრძნო, რამდენად საშიშია ამ კორპუსში ცხოვრება: საფეხურებს შორის სივრცე ჩანს, ფეხის დადგმისას საფეხურები მოძრაობს.

სარდაფში სულ წყალი დგებაო – გვიყვება ნანა ლორთქიფანიძე და ბათქაშჩამოცვენილ ძველი კედლებისკენ მიგვითითებს – საითაც არ უნდა გაიხედო, თითქმის ყველა კედელზე ბზარია.

სადარბაზო ავარიულ სახლში, ბათუმი, მუსხელიშვილის №64-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ გურამ მურვანიძე

სადარბაზო ავარიულ სახლში, ბათუმი, მუსხელიშვილის №64-ში. ფოტო: „ბათუმელები“/ გურამ მურვანიძე

ნანა ლორთქიფანიძე

„სულ შიშით ვიღვიძებთ და ვიძინებთ… ასე, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებით კეთდება საქმე? მოვლენ წინასაარჩევნოდ, დაგპირდებიან, წავლენ და დამთავრდა.

ეს ჩამოინგრეს და შიგ მოვყვეთ, მერე რა ვქნათ?“ – ამბობს ნანა ლორთქიფანიძე და მეზობლებთან ერთად ჩერდება კორპუსის წინ, ეზოში.

ბათუმი, ავარიული სახლის კორპუსის ეზოში ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი ბათუმის მერიას უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას სთხოვენ.

სადარბაზოს ჭერი მუსხელიშვილის №64-ში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

მუსხელიშვილის 64-ში ორსართულიანი ძველი კორპუსია. აქ სულ 13 ოჯახი ცხოვრობს. ავარიული სახლების სიაშია ამ კორპუსის გვერდით მდებარე კიდევ ორი კორპუსი.

„ეს კორპუსი ადრეც ავარიული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ავტობანის მშენებლობა დაიწყო, ბზარები გაიზარდა და მართლა შიშით აღარ გვძინავს ღამე,“ – გვიყვება ასმათ ცეცხლაძე. ის მუსხელიშვილის 64-ში მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და ექსპერტიზის დასკვნაც გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც კორპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველია.

„ბათუმში მუსხელიშვილის 64-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები საფრთხის შემცველია, მიშენებული ნაწილების კონსტრუქციული სქემები და რკინა-ბეტონის ელემენტების ზომები ვერ აკმაყოფილებენ სამშენებლო და სეისმური ნორმების მოთხოვნებს. შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

გამაგრებითი სამუშაოების სირთულის და დიდი მასშტაბის გათვალისწინებით, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, შენობის რეაბილიტაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად,“ – ვკითხულობთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც 2018 წელს არის მომზადებული.

ასმათ ცეცხლაძე

დაბზარული კედელი მუსხელიშვილის 64-ში მდებარე კორპუსში.

„იმის შემდეგ კიდევ რამდენი წელი გავიდა, ბზარებია ყველა კედელზე, იატაკიდან ჭერამდე,“ – საკუთარ ბინას გვათვალიერებინებს ასმათ ცეცხლაძე და თან გვიყვება, რამდენჯერ მიმართეს მერიას, კონკრეტული პასუხი კი დღემდე ვერ მიიღეს.

„მერია გვპასუხობს, რომ ყველაფერი განხილულია და ახალი ბინები შენდება. როდის აშენდება, ვერავინ გვეუბნება… მოგვცენ მაშინ გარანტია, რომ აქ საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენ ვითხოვთ ქირით გადაყვანას,“ – ამბობს ასმათ ცეცხლაძე და ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამავე დასახლებაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია 2021 წელს გამართა. მაშინ კონკრეტულ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 12 ოჯახი ქირით გადაუყვანიათ.

„უკვე ორი წელია ის ოჯახები ისევ ქირით ცხოვრობენ და გარკვეული არაფერია ახალ კორპუსზე. ჩვენ ვის ვახსოვართ?“ – კითხულობენ მუსხელიშვილის 64-ში მცხოვრები ადამიანები. მათი კორპუსის ეზოდან ორი ფეხის ნაბიჯზეა ახალი ავტობანიც, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ავტობანის მშენებლებს პასუხს ვერ სთხოვენ:

„გზების დეპარტამენტი გვეუბნება, არ გაზიანებთ ავტობანიო და რა ვქნათ?“ – კითხვას სვამენ მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები და ძველი კორპუსის შესასვლელთან წყლის ახალ მილზეც მიგვითითებენ:

„ეს წყლის მილები წინასაარჩევნოდ, ანუ 2021 წელს გაიყვანეს. მრიცხველები დაგვიყენეს, მაგრამ წყალი ამ დრომდე არ ჩაგვირთეს“ – ამბობს ასმათ ცეცხლაძე და წყლის მილს გვაჩვენებს, რომელიც სადარბაზოსთან ჩერდება.

ამ დრომდე ამ კორპუსებში წყალს ჭიდან ამ ფორმით იღებენ.

წყალს ბათუმში, მუსხელიშვილის 64-ში დღემდე ასე იღებენ. ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი, რატომ არ ურთავენ წყალს მოსახლეობას, როცა აქ წყლის მილები წინასაარჩევნოდ გაიყვანეს და მრიცხველებიც დააყენეს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მუსხელიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წელს დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. „ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს, კონკრეტულად როდის ჩაირთვება წყალი ამ დასახლებაში, ან რამ შეუშალა ხელი წყლის ჩართვას 2021 წლიდან ამ დრომდე?

სასმელი წყლის მილები მუსხელიშვილის 64-ში 2021 წლის წინასაარჩევნოდ გაუყვანიათ. „ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს, რამ შეუშალა ხელი ამ დრომდე წყლის ჩართვას.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოში დაგვიდასტურეს, რომ მუსხელიშვილის 64-ში მდებარე კორპუსი ნამდვილად ავარიული სახლია, თუმცა ჯერ უცნობია, როდის აშენდება ახალი კორპუსი ამ და სხვა ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

რაც შეეხება ქირით გაყვანას, ინფრასტრუქტურის სამმართველოში გვითხრეს, რომ ამ კითხვას ბათუმის მერიის სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა უპასუხოს, ანუ ბათუმის მერიის კიდევ ერთმა უწყებამ. აქ  გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვაზე პასუხს ხვალ მოგვაწვდიან.

განახლება: ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ მუსხელიშვილის ქ.#64-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან უკვე გაიმართა მოლაპარაკება „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

„დოკუმენტაცია უკვე შესწავლილია შესაბამისი საბჭოს მიერ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცედურები აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახების საკუთრებაში არსებული ფართების დადგენასთან დაკავშირებით, შემდგომში მათთვის ჩანაცვლების მიზნით გადასაცემი საცხოვრებელი ფართების განსაზღვრის მიზნით,“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

ამ დრომდე ბათუმის მერიაში არ განუმარტავთ, რატომ ვერ ხერხდება ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, ვიდრე მათ მიერ აღწერილი პროცედურა არ დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: