ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

12.01.2023
როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს.

„მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკი“ აწარმოებს და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, იანვრის თვის ბოლოს, ველოდებით, რომ გადახდა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს ავტოტრანსპორტში.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატები უკვე დამონტაჟებულია. თუმცა, ახალი აპარატებით მგზავრობის საფასურის გადახდა ისევ იმ პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომლებითაც ამ დრომდე ვიხდიდით. ამ ბარათების [მათ შორის საქართველოს ბანკის ბარათების] გარდა, სხვა ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი.

არ შეცვლილა და არც შეიცვლება მგზავრობის ფასიც და ერთი მგზავრობა 30 თეთრია. არის ერთი გამონაკლისი: ახალი აპარატებით შესაძლებელია უცხოური ბანკების ბარათებითაც გადახდა, თუმცა, მგზავრს ბარათზე 30-ის ნაცვლად 80 თეთრი ჩამოეჭრება.

გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ძალაში დარჩება საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი თუ უფასოდ მგზავრობის ის წესი, რაც დღეს მოქმედებს, შესაბამისად, იმოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათებიც.

რაც შეეხება ავტოპარკს, ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს, 5 ავტობუსს კი, ბათუმის მერია სავარაუდოდ, ქობულეთს გადასცემს.

ახალ ავტობუსებს ბათუმი 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, და ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/455953/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: