მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ 139 ავარიული სახლის მისამართი გამოაქვეყნა – დაინტერესებულია მხოლოდ 3 კომპანია

13.10.2022 • 4479
ბათუმის მერიამ 139 ავარიული სახლის მისამართი გამოაქვეყნა – დაინტერესებულია მხოლოდ 3 კომპანია

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართები გამოაქვეყნა. ჩამონათვალში სულ 139 სახლია, მათ შორის ბევრი ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მერიაში კიდევ 63 განაცხადია შესული სახლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით და ამ სახლების შესწავლა უკვე დაწყებულია.

იმ ავარიული სახლების მისამართების გადაცემა, რომელთა ჩანაცვლებასაც მთავრობა გეგმავს, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობასთან შეხვედრაზე მოითხოვეს. ამ შეხვედრაზე მერიამ ავარიული სახლების პროგრამა წარადგინა. მთავრობისა და მერიის წარმომადგენლები ბიზნესმენებს იმ შეღავათებზე ესაუბრნენ, რომლებსაც ავარიული სახლის პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ინვესტორი მიიღებს.

პროგრამის ფარგლებში მერს განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა შეუძლია, რაც დეველოპერებისთვის საინტერესო შეთავაზებაა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, მათ მაქსიმუმი სჭირდებათ.

მერია ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად რამდენიმე სახლის აღდგენა-გამაგრებასაც გეგმავს. თუმცა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე, 139 სახლიდან რამდენია სიცოცხლისათვის საშიში და რამდენის გამაგრებაა შესაძლებელი: „გამოითხოვეთ.“ 

ავარიული სახლების ჩამონათვალი, რომლებზეც საექსპერტო დასკვნა უკვე მომზადებულია, იხილეთ აქ. 

ბიზნესმენებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა, მან დეველოპერებს პროგრამით მაქსიმალური დაინტერესება სთხოვა:

„აქვე გთხოვთ, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შეხვედრა“ – მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა მათ კითხვები არ ჰქონდათ და პრეზენტაციის ნაწილის დასრულების შემდეგ, როცა ჯერი ბიზნესმენებზე მიდგა, ერთი წუთით სიჩუმეც კი ჩამოწვა.

შეხვედრაზე კონკრეტულ მისამართებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გენო გელაძემ ისაუბრა, მართვის კომპანია GGM-ის მმართველმა. მისი თქმით, კონკრეტულ პროექტებს აფერხებს ერთ მისამართზე რამდენიმე ინვესტორის დაინტერესება, რაც ხშირად დაპირისპირებაშიც კი გადაიზრდება.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობით მხოლოდ სამი მშენებელი კომპანია დაინტერესდა, თუმცა მერიაში ჯერჯერობით ვერ დაგვიზუსტეს, რომელმა კომპანიებმა გამოხატეს ინტერესი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: