24 წლის მინდია მგელაძე ერთ თვეზე მეტია თავი ტვინის კეროვან და დიფიზურ ტრავმებს, თეძოს ძვლის მოტეხილობას, მრავლობით ტრავმებსა და სხვა დაავადებებს ებრძვის.
2022 წლის 15 დეკემბერს მინდია გზაზე გადადიოდა, როცა მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ოჯახის წევრები მისი მკურნალობის გაგრძელებას თურქეთში გეგმავენ, მაგრამ თანხის მობილიზებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.
მინდიას ოჯახი სოციალურად დაუცველია.
მინდიას და, მანანა მგელაძე გვიყვება, რომ მინდიას პირველადი დახმარება ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გაუწიეს, 2 დღის შემდეგ იგი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მინდია 32 დღე დარჩა.
„სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო პროცედურები რომ დაასრულეს, გამოგვწერეს ბინაზე, მაგრამ პაციენტს მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციები აქვს დაბრუნებული…
გვინდა, მინდია გადავიყვანოთ თურქეთში, სადაც ვიცით, რომ უფრო მეტ დახმარებას გაუწევენ, უფრო მეტი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეიძლება იქ, ვიდრე აქ. იქ გვაქვს უფრო მეტი იმედი, ვიდრე ჩვენთან, სამწუხაროდ.
დახმარება გვჭირდება, რომ რომელ კლინიკასაც შევარჩევთ, იმ კლინიკაში შევძლოთ პაციენტის მკურნალობის გაგრძელება.
თურქეთში პაციენტის გადაყვანა ძალიან ძვირია. ელემენტარულად, რეანიმობილით [გადაყვანის ხარჯი] ჯდება ძალიან ძვირი. შემდეგ იქ, [კლინიკაში] არის დღიური გადასახადები, მათი პაკეტები, რომლებიც მოიცავს ასეთი პაციენტების მკურნალობას. ერთ-ერთმა კლინიკამ დღეში 12 000 ლირა მოითხოვა, ეს დღე-ღამეში დაახლოებით 1800 ლარი გამოდიოდა. ჩვენ ამ თანხის შეგროვება ფიზიკურად არ შეგვიძლია. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამდენი თანხა ვიპოვოთ სადმე.
საქართველოს მოქალაქეები გვეხმარებიან. ხალხის ძალა ძალიან დიდია. ვისაც როგორც შეუძლია, ისე გვეხმარება, რომ რაღაც თანხა შეგროვდეს პაციენტის თურქეთში გადასაყვანად. სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, რომ თავის ტვინი ამუშავდეს, უფრო მეტი შედეგი მივიღოთ“.
მანანას თქმით, მას შემდეგ, რაც მინდია ინგოროყვას კლინიკიდან გამოწერეს, ბათუმში მოუწიათ დაბრუნება, რადგან თბილისში გაჩერების ფინანსური შესაძლებლობა ოჯახს არ ჰქონდა.
„ბათუმში დაბრუნებიდან 4-5 დღე გავჩერდით სახლში და რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ძმის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სახლის პირობებში მისი მოვლა იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვედგინა და ამიტომ ისევ კლინიკა „მედცენტრში“ გადმოვიყვანეთ რეანიმობილით.
ახლაც აქ ვართ, მას მკურნალობენ, მაგრამ ყოველდღიურად რაღაც ახალი საფრთხე ჩნდება, რადგან პაციენტი მწოლიარეა, გაკეთებული აქვს ფიქსატორი მენჯსა და მუცელს შორის. ვერ ხერხდება გადაბრუნება, მოხრა, ფეხის მოძრაობა.
ამჟამინდელი მდგომარეობით მისი თავის ტვინი არ მუშაობს, რეაგირება მხოლოდ ხმაზე აქვს და ისიც პერიოდულად. თვალები აქვს გახელილი, მაგრამ რომ ეტყვი – შემომხედე, არ შემოგხედავს“, – გვითხრა მანანამ.
მანანას თქმით, რადგან მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია, აქამდე და ახლაც მინდიას მკურნალობის ხარჯებს კლინიკებში სრულად ფარავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
____________________________
მინდიას დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი – GE67BG0000000161084400
მიმღები მანანა მგელაძე (მინდიას და)
თიბისი – GE91TB7115945061100046
მიმღები ნონა ფუტკარაძე (ოჯახის ახლობელი)
[ანგარიშის ნომრები ქვეყნდება ოჯახთან შეთანხმებით]