კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ქუთაისში ისტორიული შენობა დაანგრიეს – დარჩა მხოლოდ ფასადი

31.01.2023 •
ქუთაისში ისტორიული შენობა დაანგრიეს – დარჩა მხოლოდ ფასადი

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 1860 წელს აგებული ისტორიული შენობა დაანგრიეს და მისგან მხოლოდ წინა ფასადი დატოვეს.

ათწლეულების განმავლობაში დავით აღმაშენებლის მოედნის პირველ ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო განთავსებული.

2012 წელს მუზეუმი და იქ განთავსებული სამუზეუმო ფონდი სხვაგან გადაიტანეს, შენობა კი უფუნქციოდ დარჩა.

ქუთაისის მერიის დაკვეთით, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს.

2022 წელს ქუთაისის მერიამ მუზეუმის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად პროექტი შეიძინა. მოგვიანებით საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა.

პროექტის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ძველი შენობის ფასადის 3 კედელი უნდა შეენარჩუნებინა, თუმცა დღეს, 31 იანვარს, გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ წინა ფასადის გარდა, შენობა დანგრეულია.

  • რა წერია პროექტში მუზეუმის ყოფილი შენობის შესახებ

მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის პროექტი შპს „ნს სტუდიომ“ მოამზადა.

„შენობის მდგომარეობა დღევანდელი შეფასებით ავარიულია. იგი საჭიროებს, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციას და დემონტაჟს,“ – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, შენობის ძირითად არქიტექტურულ ღირებულებას მისი სამი ფასადი წარმოადგენდა: დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის.

„დღევანდელი მოცემულობით თავდაპირველი ფასადები სახეცვლილია, გვაქვს ამოშენებული ფანჯრის და კარის ღიობები, ასევე ჩამოშლილი მნიშვნელოვანი დეკორატიული საფასადე ელემენტები, თუმცა ამ სამი ძირითადი ფასადის მნიშვნელოვნება უცვლელია და აუცილებლად საჭიროებს ჩარევას, რათა მოხდეს ძველი იერსახის შენარჩუნება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

არსებული შენობის გეგმარებითი სტრუქტურა ექვემდებარება დემონტაჟს, რათა ჩანაცვლდეს ახლით.

შენობის ძირითად სამ მნიშვნელოვან ფასადს ვამაგრებთ და ვახდენთ დაკარგული ელემენტების რეკონსტრუქციას, ასევე ამოშენებული თაღების დემონტაჟს და ღიობის შემავსებლად ვიყენებთ ფანჯრებს, რითაც ვიღებთ ავთენტურ იერსახეს, რომელიც გაერთიანდება ახალ არქიტექტურასთან.

შენობის შედარებით გვიანდელი მინაშენი, რომელიც გამოკვეთილად განსხვავდება გეგმარებით და არქიტექტურული სტილისტიკით, დაინგრევა და ჩანაცვლდება ახალი სტრუქტურით,“ – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტში.

დღეს, 31 იანვარს გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდგარი ისტორიული შენობიდან მხოლოდ წინა ფასადი დარჩა. შენობის სხვა ნაწილები დანგრეულია. ფოტო: ირაკლი სახამბერიძე

სპეციალისტები ქუთაისის მუზეუმის ყოფილ შენობას მნიშვნელოვან არქიტექტურულ ელემენტად თვლიდნენ, რომელიც ქალაქის მთავარი მოედნის ურბანული განვითარების ისტორიულ ეტაპებს ასახავდა.

  • ვინ ასრულებს სამუშაოებს

2022 წლის ივლისში ქუთაისის მერიამ ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ „ართვინ ჯორჯიამ“ მიიღო. გამარჯვებულიც ეს კომპანია გახდა.

ქუთაისის მერიამ „ართვინ ჯორჯიასთან“ 4 999 227 ლარზე დადო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ მშენებლობა 2023 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა, თუმცა 2022 წლის ნოემბერში კომპანიის დირექტორმა ოსმან ოზთექმა ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმართა და ხელშეკრულების ვადის ორი თვით გაგრძელება სთხოვა.

მიზეზად კომპანიამ „დემონტაჟის სამუშაოებისას გამოკვეთილი რიგი გარემოებები“ დაასახელა.

ქუთაისის მერმა კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 16 აპრილამდე მისცა.

ასე გამოიყურება დღეს, 31 იანვარს ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა. ფოტო: ირაკლი სახამბერიძე

ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2012 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მოუხსნეს.

სტატუსის მოხსნის საფუძვლად კი გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის და სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასახელეს.

_________________________________

მთავარი ფოტო: ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობისგან დარჩენილი ფასადი. ირაკლი სახამბერიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: