პრეეკლამფსია – რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულების შესახებ

პრეეკლამფსია ორსულობის გართულების ერთ-ერთი ფორმაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული [ფატალურიც კი] გართულებები, როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის. საერთაშორისო სტატისტიკით, დედების სიკვდილიანობის 10-დან 15 პროცენტამდე გამოწვეულია პრეეკლამფსიით და მასთან დაკავშირებული გართულებით, როგორიცაა ეკლამფსია. პრეეკლამფსიის სიმპტომებსა და მკურნალობაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი, ქეთი ფარტენაძე საუბრობს:

  • ქეთი, რა არის პრეეკლამფსია და რატომ არის ის ასეთი საშიში?

პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით განპირობებულ ჰიპერტენზიას, რომელიც ვითარდება ორსულობის 20 კვირის ვადის შემდეგ, მას ორსულობის გვიან ტოქსიკურობასაც უწოდებენ. 

მისი მთავარი სიმპტომებია მაღალი წნევა და პროტეინურია – შარდში ცილის არსებობა. ის საკმაოდ მძიმე გართულებაა, რომელიც სათანადო მართვის გარეშე მძიმე შედეგებით სრულდება. პროგრესირებადი პრეეკლამფსია ეკლამფსიაში გადადის. ამ სიმპტომებს გულყრაც ემატება.

პრეეკლამფსია დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში. ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ქალი იღუპება ამ გართულებით. დაავადების დროული აღმოჩენისა და მართვის გარეშე შეიძლება დაიღუპოს როგორც დედა, ისე ნაყოფიც.

  • რა ცვლილებებს განიცდის ამ დროს ნაყოფი?

პრეეკლამფსიის დროს ნაყოფის სისხლის მიმოქცევა ირღვევა, მცირდება ჟანგბადის მიწოდება. თუ პრობლემის დროულად მართვა არ მოხდა, ნაყოფის განვითარება ფერხდება და ის სიმწიფით ჩამორჩება ასაკს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი, შესაძლოა დაიღუპოს კიდეც.

  • როგორ ამოიცნობა, რა არის პრეეკლამფსიის ნიშნები და სიმპტომები?   

პრეეკლამფსიის სიმპტომებია: შარდში ცილა – პროტეინურია, ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები, გულისრევა, ღებინება, შარდის შემცირებული გამოყოფა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შეშუპება, პოლიორგანული დაზიანება.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

ორსულობის დროს აუცილებელია რეგულარული ვიზიტი ექიმთან, რათა დროულად მოხდეს პირველადი გართულებების გამოვლენა და მართვა. თუ ორსულს წნევის უეცარი ცვლილება დაუფიქსირდა, უნდა დაუკავშირდეს ექიმს. 

თავის ტკივილი, გულისრევა, შეშუპება შეიძლება ხშირი იყოს ორსულობის პერიოდში, ამიტომ გამოკვლევის გარეშე რთულია განსაზღვრო, როდისაა ეს სიმპტომები პრეეკლამფსიით გამოწვეული. დროული ვიზიტი ექიმთან აგვარიდებს ყველა გართულებას.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

მთავარი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი წნევისა და პროტეინურიის მაჩვენებელია. მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად ხდება ღვიძლის, თირკმლებისა და სხვა ორგანოების ფუნქციის შეფასებაც.

  • როგორია მკურნალობა/მართვა?

პრეეკლამფსიის მართვა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: არტერიული წნევის ნორმალიზებას და კონტროლს, გულყრის პრევენციას მაგნეზიური თერაპიით და ოპტიმალურ ვადაში მშობიარობას.

მშობიარობის მეთოდი ინდივიდუალურად ირჩევა გესტაციური ასაკის, საშვილოსნოს ყელის სიმწიფის ხარისხისა და ნაყოფის მდებარეობა-მდგომარეობის მიხედვით. 

პრეეკლამფსია შესაძლოა მშობიარობის შემდეგაც გაგრძელდეს, ამიტომ აუცილებელია წნევის, პროტეინურიის ხარისხის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. უნდა გაგრძელდეს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობაც.

  • როგორია პრეეკლამფსიის პრევენცია?

პრევენციის აბსოლუტური საშუალება არ არსებობს, მაგრამ თუ ჩარევა დროულად მოხდა, გართულებების ალბათობა მცირდება. კვალიფიცირებულ ექიმთან დროული ვიზიტი და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 184 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
  • ტანკი – 3 667 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 120 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 825 ერთეული [+6]
  • MLRS – 539 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 386 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 707 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 332 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 411 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 779 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 757 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 090 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 626 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 631 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სახლში იატაკი რომ დაზიანებულია, ამაზე რა გიპასუხოთ – ზრუნვის სააგენტო სიღარიბეში მყოფ 5 ბავშვზე

ქობულეთში, სოფელ ნაკაიძეებში, სიღარიბეში და ასევე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მცხოვრები ბავშვების საკითხზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კომენტარი დღეს, 19 აპრილს გააკეთა „ბათუმელებთან“.

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

სააგენტოს განცხადებით, 5 ბავშვის, მათ შორის სამი მცირეწლოვნის მდგომარეობის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა კითხვაზე – არის თუ არა გარემო, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო, სააგენტო კონკრეტულ პასუხს არ გვცემს.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობს ამ ოჯახთან, ეწევა სათანადო მომსახურებას, მათ შორის დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სოციალური მუშაობის მიმართულებითაც.

ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა და იღებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ბენეფიტს, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი, სოცდაუცველთა შემწეობას, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების სახით“, – გვწერს სააგენტო.

სტატიაში, ბავშვების ბებია საუბრობს 17 წლის შვილიშვილზე და ასევე ბავშვების მშობლებზე, რომელთაც სავარაუდოდ შშმ სტატუსი ესაჭიროებათ, თუმცა არ შესწევთ უნარი, მიმართონ შესაბამის უწყებებს.

სააგენტოს ვკითხეთ, ხედავენ თუ არა ისინი ამ საჭიროებებს და რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ. ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ „ეს მაშინ ეცოდინებათ, როცა საბუთებს წარადგენენ კომისიაზე და დასკვნა დაიდება“.

რატომ არ შეისწავლეს და არ განსაზღვრეს აქამდე ამ ოჯახში მცხოვრები ბავშვებისა თუ სრულწლოვანების ტატუსი? – სააგენტოში არც ამ კითხვაზე გაგვცეს ზუსტი პასუხი.

რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში ბავშვების ცხოვრებას, სააგენტო ამბობს, რომ ეს კითხვები მათ არ მიემართება.

„სახლი რომ არ არის გამართული და იატაკი დაზიანებულია, მაგაზე რა გიპასუხოთ“, – გვეუბნებიან სააგენტოში.

სიღარიბეში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

_____________

ამ თემაზე:

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

 

კაცი, რომელმაც გარეგნობის გამო 2 მოზარდს სცემა 2.6 წლით ციხეში გაუშვეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თეიმურაზ შაინიძეს ქუჩაში 16 წლის გოგოებზე გარეგნობის გამო ფიზიკური ძალადობისთვის.

ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა – ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა.

„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – ეს პოლიციელის ჩვენებაა, რომელიც იმ დღეს შემთხვევის ადგილზე მივიდა.

მოსამართლეს ჩვენება მისცეს არასრულწლოვნებმაც. გოგოების თქმით, მათ კაცი გარეგნობის – პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა თქვეს ასევე, რომ დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

პროკურატურამ კაცს ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, ფიზიკური ძალადობის მუხლით წარუდგინა.

თეიმურაზ შაინიძეს ედავებიან ძაღლის ქურდობასაც, თუმცა ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ამ საქმეში დაზარალებულად მიჩნეული ქალის თქმით, ძვირადღირებული ძაღლი ერთ-ერთ მარკეტში დაკარგა. ვიდეოკამერის ჩანაწერებით კი, ძაღლი იმ კაცს მიჰყავს, რომელიც უკვე ციხეში გაუშვეს.

ამ თემაზე:

გარეგნობის გამო კაცმა ბათუმში 2 მოზარდს სცემა – სასამართლო განხილვა

ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს, ის დაგვიტოვეს, რაც ტანზე გვეცვა – რეპრესირებულის შვილი

სადილობის დრო იყო, როცა ჯარისკაცები გამოჩნდნენ. 90 წლის შოთა ჩიქოვანს დღემდე ნათლად ახსოვს ის კადრი – ის-ის იყო მამასთან ერთად სუფრას მიუსხდნენ, რომ მათი ეზოს კარი უცნობმა ხალხმა შეაღო. მამას ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს.

1937 წელი იდგა. სტალინის სისხლიანი რეპრესიების დრო, როცა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი უმოწყალოდ დახვრიტეს.

წლების შემდეგ, როცა შოთა ჩიქოვანი მამის რეაბილიტირების საბუთს აიღებს, იქ ეწერება, რომ რეფიკ მემედის ძე ბათალოღლი საბჭოთა ხელისუფლების დამხობის აგიტაცია-პროპაგანდის გამო დახვრიტეს.

„ადრე, ოსმალეთის იმპერიის პერიოდში და შემდეგ, ჩვენი გვარი იწერებოდა როგორც ბათალოღლი. მამაჩემი იყო რეფიკ მემედის ძე ბათალოღლი. განათლებული კაცი იყო, გონიოში მასავით ქართული ენა არავინ იცოდა. ორჰექტარ-ნახევარ მიწას ფლობდა, სანამ საბჭოთა კავშირი დამყარდებოდა. დედაჩემი იყო ფადიმე ბათალოღლი. 9 შვილი ვყავდით ჩემს მშობლებს – 3 ბიჭი და 6 გოგო.

როცა საბჭოთა კავშირი დამყარდა, მამაჩემი გონიოში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, როგორც ქართულის უბადლოდ მცოდნე. როგორც ჩანს, ვერ აიტანეს მამაჩემი და შეუქმნეს ისეთი პირობა, რომ 1937 წელს დააპატიმრებინეს,“ – გვიყვება შოთა ჩიქოვანი.

შოთამ და მისმა და-ძმებმა მოგვიანებით გვარი შეიცვალეს და ჩიქოვანები გახდნენ.

ოჯახი წლების განმავლობაში ატარებდა „ტროცკისტის“ სახელს, რაც იმ დროისათვის ხალხის მტერთან, მოღალატესთან ასოცირდებოდა.

ყველაფერი წაგვართვეს. ის დაგვიტოვეს, რაც ტანზე გვეცვა - სტალინის რეპრესიების მსხვერპლი

დიდხანს არ იცოდნენ მიზეზი, რის გამო დაუპატიმრეს მამა. წლების შემდეგ, როცა მამის რეაბილიტირების ცნობა აიღეს, მისი დაპატიმრების მიზეზი და დახვრეტის თარიღიც ამ ცნობით გაარკვიეს.

„ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1957 წლის 26 ნოემბრის #607/6 განჩინებით სისხლის სამართლის საქმე მოქალაქე რეფიკ (რევინ) მემედის ძე ბათალოღლის მიმართ, დაბადებული 1898 წელს, რომელსაც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1938 წლის 2 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობას) მუხლის საფუძველზე მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა (დახვრეტა), წარმოებით შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირებულია.

განაჩენი სისრულეში მოყვანილია 1938 წლის 30 მარტს,“ – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წერილში, რომელიც 1998 წლით თარიღდება.

რეფიკ ბათალოღლის რეაბილიტაციის ცნობა

შოთა ჩიქოვანი იხსენებს, რომ მამამისის დაპატიმრებიდან სამი თვის შემდეგ დედაც დაუპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 9 ბავშვის გაზრდა და გამოკვება ქალმა თავის თავზე მარტომ აიღო.

  • ფადიმე ბათალოღლი – რეპრესირებულის ქვრივი

„ყველაფერს, რაც გაგვაჩნდა, კონფისკაცია გაუკეთეს. რაც ტანზე გვეცვა, ის დაგვიტოვეს მხოლოდ.

მიწა, არაფერი აღარ გვქონდა ჩვენი. ბებიაჩემს, მამაჩემის დედას, პატარა მიწა ჰქონდა აქვე, გონიოში. მოგვცა და ის დავამუშავეთ. იქვე, პატარა ქვის სახლი აგვიშენა ბებიაჩემმა.

როგორ გაგვიჭირდა, იცით?

დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალი იყო, ტანადი… მშრომელი ქალი იყო. კოლმეურნეობიდან სხვას თუ მისცემდნენ ერთ ჰექტარ სიმინდის ყანას გასათოხნად, ჩვენ გვაძლევდნენ 5 ჰექტარს. 5 ჰექტარი ყანის გათოხნა მინდორში, სიცხეში სიკვდილია. მაგრამ ღამე „ადიელები“ მიგვქონდა, თუ მოგვეძინებოდა, ვწვებოდით, თუ არა და მთვარის შუქზე ვთოხნიდით. ასეთი შრომის წყალობით ყველაზე მეტი სიმინდი მოგვქონდა და ყველაზე მეტ ფულს ჩვენ ვიღებდით.

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო მამათქვენიო, ხშირად გვეუბნებოდა დედაჩემი.

ფადიმე ბათალოღლი

ცხრა ბავშვი ვიყავით. ჩემმა დებმა საშუალო რომ დაამთავრეს, უფროსმა დამ შუათანა დას მოუცადა, რომ ერთად ესწავლათ. როცა თბილისში გავაგზავნეთ სასწავლებლად, მთელი სოფელი ადგა ფეხზე – რა უნდათ ქალებს თბილისშიო. მიუხედავად ამისა, დედაჩემი ისეთი პრინციპიანი ქალი იყო, მაინც გაუშვა ორივე სასწავლებლად. დებმა გამოცდები ჩააბარეს და მოეწყვნენ სამედიცინო ინსტიტუტში.

მამაჩემს რომ იჭერდნენ, დედაჩემს ანდერძად დაუტოვა, ფადი, ფული არ იფულებს და რაც შეიძლება მეტი მანუფაქტურა შეიძინე და შვილები უსწავლელი არ დამიტოვოო.

დედაჩემმა ეს ანდერძი შეუსრულა.

გონიოში ჩვენსავით  ქართული არავინ იცოდა. მე და ჩემს დედმამიშვილებს თითოს ორ-ორი სამ-სამი ბავშვი გვყავდა აყვანილი და ქართულში ვამეცადინებდით.

როცა საშუალო სკოლა დავამთავრეთ და მერე ინსტიტუტებში დავიწყეთ მოწყობა, ყველას შურდა ჩვენი ოჯახის. ცხრა შვილი როგორ გაზარდა მარტომ ქალმა და ცხრავეს როგორ დაამთავრებინა უმაღლესიო. დები ექიმები მყავდა, პედაგოგები, ერთი ძმა – ინჟინერი, მე აგრონომი ვარ.

წლების განმავლობაში ტროცკისტებს გვეძახდნენ. ყველა კი არ გვეძახდა ამას, ჩვენი ოჯახის არაკეთილმოსურნეები და  ამას ვიტანდით ჩვენ.

1966 წლამდე კომუნისტურ პარტიაში არ გვიღებდნენ. რეაბილიტაციის ცნობა რომ ავიღე, [კომუნისტურ] პარტიაში მხოლოდ მას შემდეგ მიმიღეს. კოლექტივში, მეურნეობაში ყველა პარტიაში იყო, ჩემ გარდა.

პარტიაში რატომ შევედი? მიუხედავად ყველაფრისა, კომუნისტების მიმართ კარგად ვიყავით განწყობილი, ეს ერთი. მეორეც, ყველა პარტიული იყო და მე უპარტიო. ყველა პარტიულ კრებაზე რომ შედიოდა და მე გარეთ ვრჩებოდი, ცოტა ამას ვერ ვიტანდი.

მამაჩემის ფოტოები არ შემოგვრჩა. ჯერ ერთი, შიშით და მერე, ფოტოების გადაღება მაინცადამაინც არ უყვარდა მამაჩემს. რაც გვქონდა, როცა დააპატიმრეს, ის ფოტოებიც წაიღეს“.

მოითხოვე მიწის უფასოდ აზომვა წინასწარ – როდის იწყება აჭარაში სისტემური რეგისტრაცია

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის თებერვალში არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდ კლიმატურ პირობებს“ ასახელებენ.

„ბათუმელებს“ დღეს საჯარო რეესტრში უთხრეს, რომყება სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდება.

აღნიშნულ თვეებში მიწის უფასო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს აჭარის სხვა სოფლებშიც. რეესტრში ირწმუნებიან, რომ გეგმა-გრაფიკს მიყვებიან და ამ სოფლებში რეგისტრაციის პროცესი აუცილებლად დაიწყება. ეს სოფლებია:

  • თხილნარი – მაისში
  • ციხისძირი – მაისში
  • წონიარისი –  მაისში
  • ღორჯომი, ფუშრუკაული – მაისში
  • დიოკნისი, დეკანაშვილები, ვაშლოვანი, ხულო, დიდაჭარა – ივნისში

„სხალთას და დაგვას რაც შეეხება, ამ არეალებისთვის თებერვალი-მარტი იყო გათვალისწინებული გრაფიკით, თუმცა იმის გამო, რომ კლიმატური პირობები იყო ცუდი [აჭარა და გურია მთლიანად მოექცა ამ ამბავში; როცა წვიმს ამზომველები ვერ მუშაობენ შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით], ამიტომ ის ჯგუფები, რომლებიც გათვალისწინებული იყო, მაგალითად, სხალთა-დაგვისთვის, გადანაწილდნენ სხვა არეალებზე, რათა რესურსი დაზოგილიყო. ამ არეალებში მუშაობა განახლდება მაის-ივნისში და ამავე პერიოდში მთლიანად დასრულდება“, – გვითხრეს საჯარო რეესტრში.

აქ ნახეთ: რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

მიწის აზომვის პროცესში მოქალაქეების [მიწის მოსარგებლეების] ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

„ყველა მოქალაქეს რეესტრის ავტომოპასუხე შეატყობინებს, რომ თქვენს არეალში დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია და გამოცხადდით. შემდეგ უკვე ურეკავენ ჩვენი თანამშრომლები და თანხმდებიან რიცხვზე, დროზე. ცალკე მიდის კამპანია – „კარდაკარ“ და აფრთხილებენ.

ამასთან, თუ კონკრეტული მოქალაქეები ფიზიკურად არ არიან არეალში, სადაც აზომვითი სამუშაოები იწყება, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პროცესის მონაწილეები ვერ გახდებიან“, – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

რეესტრის ინფორმაციით, მათ უკვე აქვთ გარკვეული სატელეფონო ნომრების ბაზა, მაგრამ „თუ ვინმე ვერ მოხვდა ამ ბაზაში, ტელეფონი ვერ ვიპოვეთ, არც თვითონ გამოცხადდა და ა.შ. შემდგომში, როცა ასეთი ადამიანების განაცხადები დაფიქსირდება, ჯგუფები კიდევ ჩავლენ, რათა არავინ დარჩეს ამ რეფორმის მიღმა.“

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, გრაფაში „აზომვის მოთხოვნა“ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი თავი [ე.წ. მომლოდინეთა სიაში“], სადაც საკონტაქტო ინფორმაციასაც მიუთითებენ. აქვე წინასწარ მოითხოვონ მიწის ნაკვეთის უფასოდ აზომვა/რეგისტრაცია. რეესტრი ამ მონაცემებითაც ისარგებლებს, მიწის ნაკვეთები კი, წესით, გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ პერიოდში უნდა აზომოს.

მიწის უფასო[სისტემური] რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის გრაფა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე
„თუმცა ვინც აქ არ არის დაფიქსირებული, არ ნიშნავს, რომ მას არ დავურეკავთ [არეალში როცა შევდივართ, მეზობელმა მაინც იცის მეზობლის საკონტაქტო, ვამოწმებთ, რომ ყველა გვყავს თუ არა სიაში, ან არის თუ არა ისეთი, ვინც არ არის იდენტიფიცირებული. მაგალითად, შეიძლება იყოს ემიგრანტი, თუმცა მისი დასწრება არ არის აუცილებელი და შესაძლოა აზომვის პროცესს მისი მინდობილი პირი დაესწროს [ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესავი, მეზობელი]“, – აცხადებენ რეესტრში.

რეესტრში აცხადებენ, რომ ემიგრანტების შემთხვევაში არ არის აუცილებელი მინდობილობა ნოტარიულად იყოს დამოწმებული: „ემიგრანტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ვეკონტაქტებით, თუ ვინ იქნება მისი მინდობილი პირი, როგორ მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება და ა.შ. ეს კარგია ემიგრანტებისთვის, ვინაიდან, ფაქტობრივად, ამ ფორმით ერთვებიან პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მიწას არ დაკარგავენ“.

მიწის სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკის სანახავად დააწკაპუნეთ აქ

საჯარო რეესტრში ასევე გვითხრეს, რომ აჭარაში „ამზომველთა მცირე ჯგუფები ახლაც არიან, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, სამუშაოები საჭირო ინტენსიურობით არ მიმდინარეობს.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათ სოფლებში ამზომველები საერთოდ არ გამოჩენილან და ვერც მუნიციპალურ ორგანოებში არკვევენ, როდის დაიწყება მიწის აზომვა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.

„ხილვადი ვერ არის, სად 1 მანქანა რომ დადის და სად 10 მანქანა… მართალია, დრომ ცოტათი კი გადაიწია, მაგრამ ეს შედეგს არ ცვლის. ივნისში აღნიშნულ სოფლებში [სხალთა, დაგვა] რეგისტრაცია დასრულებული იქნება“, – ამბობენ რეესტრში.

ამავე თემაზე:

სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

მთავარი ფოტო: სოფელი ახო, ქედა / ფოტო ევა ართმელაძე/„ბათუმელები“

როცა უსინათლოთა ბილიკი მდინარის კალაპოტთან წყდება

ბათუმში, ლორთქიფანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, უსინათლოთა ბილიკს თუ გაუყვები, მდინარის კალაპოტს მიადგები. უფრო ზუსტად, მას შემდეგ, რაც ბილიკი შეწყდება, კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადადგამ, მოხვდები მკვეთრად დამრეც ადგილზე, რომელიც მდინარის კალაპოტზე ჩადის – თავის შეკავება უნდა შეძლო, წონასწორობა არ უნდა დაკარგო. ოდნავ მარჯვნივ თუ გაიწევი, იქ სამანქანო ხიდია. ხიდზე ფეხით გადასვლა არამხოლოდ უსინათლოსთვის, მცირედმხედველისთვისაც ასისტენტის გარეშე უსაფრთხო არ არის.

ბილიკის ბოლოს დამონტაჟებულია ბოძი ამკრძალავი ნიშნით, თეთრი ხაზი წითელ ფონზე – „ეს ნიშანი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას ამ მიმართულებით. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.“

ბათუმი, ლორთქიფანიძის ქუჩა

„ზუსტად ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ბათუმში უსინათლო დამოუკიდებლად გადაადგილებას იმ მონაკვეთზეც კი ვერ შეძლებს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ადაპტირებულია. გადაადგილება პრობლემურია მცირედ მხედველისთვისაც“, – გვიყვება თაკო საგინაძე. ის მცირედმხედველია.

თაკომ სპეციალური სწავლებებიც გაიარა და ახლა თავად ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორი უნდა იყოს რეალურად ადაპტირებული გარემო მცირედ მხედველებისა და უსინათლოებისთვის.

„ბათუმის რესურსცენტრში განცხადება უნდა დამეტოვებინა. იქვე ახლოს არის ბილიკი მცირედმხედველებისთვის, სადაც არ არის ყვითელი მანიშნებელი. თითქოს არის ბილიკი, მაგრამ ადგილი სრულად ადაპტირებული არ არის. ამბობენ, რომ აწყობენ ტაქტილურ ბილიკებს, ალბათ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იციან. ბილიკი ხეზე იყო მიბჯენილი, რაც არამხოლოდ უსინათლოსთვის, მცირედმხედველისთვისაც კი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს“.

ტაქტილურ ბილიკს აწყობენ სპეციალური ფილით. ამ ბილიკის მოწყობის სტანდარტს არეგულირებს მთავრობის დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.“

ბათუმში, ლერმონტოვისა და ფერაძის ქუჩების ერთ მონაკვეთში, ბათუმის მერიის დაკვეთით ტროტუარებს აწყობენ, დაზიანებულ გზაზე ახალი ასფალტის საფარი დააგეს. ერთ-ერთ ტროტუარზე, რომელიც ფერადი ფილებით მოაპირკეთეს, უსინათლოთა ბილიკიც არის გაყვანილი. ეს ბილიკი კონკრეტულ მონაკვეთში მოულოდნელად წყდება და ოდნავ გვერდით გრძელდება.

ბათუმი. ლერმონტოვის #109
ბათუმი, ლერმონტოვის #109

თაკო საგინაძე გვიხსნის, რომ ასეთ შემთხვევაში უსინათლო კარგავს ორიენტაციას, უჭირს გამორკვევა, სად დასრულდა ბილიკი და საიდან გრძელდება. მცირედმხედველებისთვის მიმანიშნებლები მკვეთრად ყვითელი ფერით უნდა იყოს შეღებილი, არ უნდა იყოს ისეთი აჭრელებული, როგორიც ჩვენთან ზოგიერთ გზის სავალ ნაწილზეა. თუ გაკეთებულია, ის უნდა იყოს სრულად“.

სამუშაოებს აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაკვეთით ატარებს. სამმართველოს ვკითხეთ, ამ კონკრეტულ ტროტუარზე უსინათლოთა ბილიკი მოაწყვეს თუ არა სტანდარტის შესაბამისად. სამმართველოდან მივიღეთ შეტყობინება, რომ სამუშაოები არ დასრულებულა და კომპანია ბილიკებს სტანდარტის შესაბამისად დააგებს.

მოგვიანებით ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან დოლიძემ „ბათუმელების“ თხოვნით ლერმონტოვისა და ფერაძის ქუჩებს შორის მოწყობილი უსინათლოთა ბილიკის შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და გვითხრა, რომ შეცდომა პარკინგის ადგილის გაფართოებამ გამოიწვია, თუმცა ის უკვე გამოასწორეს. [ლევან დოლიძის ოჯახის კომპანიები დიდი ხანია ბათუმში ტენდერებს იგებენ და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობენ.]

მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩების ადაპტირება მერიის უპირობო სტრატეგიაა და როცა ტროტუარების მოპირკეთებაზე ტენდერი ცხადდება, უსინათლოთა ბილიკის მოწყობა უპირობოდ გათვალისწინებულია. მეორე საკითხი ამ ბილიკის მოვლაა. მათი დიდი ნაწილი მოუვლელი და დაზიანებულია, ხშირად კი ტროტუარებზე გაჩერებულ ავტომანქანებს აქვთ ჩახერგილი.

ბათუმი
ბათუმი ლორთქიფანიძის ქუჩა

საკრებულოს წევრი ლევან დოლიძე გვიხსნის, რომ იქ, სადაც უსინათლოთა ბილიკი სრულდება, სტანდარტულად ადგილი მოპირკეთებული უნდა იყოს ბურთულებიანი ფილებით, რომელიც მიანიშნებს მცირედმხედველს, რომ იქ ბილიკი წყდება და გადასასვლელი ან შუქნიშანია. ის გვიყვება, რომ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას ყოველთვის აკვირდება, როგორ არის მოწყობილი უსინათლოთა ბილიკები.

საკრებულოს წევრმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, რამდენად აკმაყოფილებს ქალაქის ინფრასტრუქტურა ევროპულ სტანდარტს და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ „მერია ცდილობს“ და ის ამ მცდელობით კმაყოფილია.

„მერია მიზნად ისახავს, შშმ პირებისთვის გადაადგილება იყოს უსაფრთხო“ – ამბობს საკრებულოს წევრი და გვირჩევს გადავხედოთ შესყიდვებს: „ნახავთ, რომ ყველა ახალი პროექტი შესყიდულია შესაბამისი მომსახურებით.“

რაც შეეხება დაზიანებულ და ჩახერგილ ბილიკებს? – „დაზიანება შეიძლება მოხდეს, მთავარია მერია ცდილობს, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში გამოასწოროს ეს, რაც არის ქალაქში. იმას არ ვიძახი, რომ ყველაფერი რიგზეა. ქალაქი იზრდება და კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურად მუშაობს, რომ მოაწყოს. შეიძლება ყველგან არ გვაქვს ბილიკი, მაგრამ გაკეთდება აუცილებლად. შედარებას საიდან ვახდენთ? – დიახ, მე ვამბობ, რომ შედეგი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ქალაქი ვითარდება, იზრდება, ფართოვდება და კეთდება. რაც შეეხება ბილიკების ჩახერგვას, როცა აქ მანქანას აჩერებ, ეს უკვე ჩვენ უნდა გავიაზროთ და ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. “

საკრებულოს წევრი ლევან დოლიძე  შეგვპირდა, რომ დაინტერესდება უსინათლოთა პრობლემებით, შეხვდება მათ, მოისმენს მათ მოსაზრებებს ქალაქის ინფრასტრუქტურის შესახებ და იმუშავებს მერიასთან ხარვეზების გამოსწორებაზე.

„ბათუმელები“ ამ პროცესს დააკვირდება.

ის, რომ მერია ცდილობს ბათუმში მცირედმხედველებისთვის ადაპტირებული გარემო შექმნას, თავად მცირემხედველები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ავტობუსის მძღოლიც კი ხმამაღლა არ აცხადებს გაჩერებებზე, სად გაჩერდა ავტობუსი. ეს ხომ მარტივად მოსაგვარებელია? – სვამენ კითხვას. ასევე არ გვაქვს ხმოვანი ტაბლოები.

„ვთქვათ, მოახერხე ავტობუსში ასვლა. ხომ უნდა გამოაცხადოს მძღოლმა სად გაჩერდა, რომ სასურველ მისამართზე ჩამოხვიდე? – გარწმუნებთ, რომ ბათუმში მცირედმხედველისთვის ასისტენტის გარეშე გადაადგილება რთულია. მე, პირადად, ვსარგებლობ მერიის პროგრამით, ასისტენტი მყავს.“

ბათუმის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ყოველწლიურად დიდი ფული იხარჯება. როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განგვიმარტეს, ყველა შესყიდვა, რომელიც მერიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოაცხადა, თავისთავად გულისხმობს უსინათლოთა ბილიკის მოწყობას. ადაპტირებული ბილიკისთვის განკუთვნილი ერთი ფილის ფასი ჩვეულებრივ ფილაზე დაახლოებით 10 ლარით ძვირია.

ეს ფოტოც „უსაფრთხო“ გარემოზეა – გადაღებულია სასტუმრო „ლეგენდას“ გადასასვლელთან.

საია: „ოცნება“ კლანის მხარდაჭერასთან ერთად უგულებელყოფს კონსტიტუციას

„ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება“ სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს: უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ საპარლამენტო უმრავლესობაზე, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა, სასამართლო სისტემაში კორუფციის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდეს – კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად, ვერც კვორუმი შედგა.

სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შემდეგ მოითხოვა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე საქართველოში დაასანქცირა.

ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„სოლიდარობის აქტი“ სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის – კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

——————–

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

აღმოჩენილი ნივთიერება საფრთხეს უქმნის ორსულობისას ნაყოფს – momxmarebeli.ge

პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა გასულ თვეში არაერთი პროდუქტი გამოავლინა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავენ და ასევე, ფართოდაა გავრცელებული ქართულ ბაზარზეც.

momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, როგორიცაა: „პალმოლივი“, „გარნიე“, „ინტესა“ და „დავი“.

აღნიშნული ბრენდების ჩამონათვალი 2023 წლის 14 აპრილს, ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის  სისტემით გავრცელდა.

„ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული.

ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი.

შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის“ – წერს momxmarebeli.ge

ასევე დეოდორანტში „ინტესა“

ამავე წყაროს ცნობით,  უცნობია საქონლის ის პარტიები, რომლებშიც ზემოაღნიშნული ნივთიერება გამოვლინდა, არის თუ არა საქართველოში შემოტანილი.

„თუმცა მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით და მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობითაც ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომლებსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება.

ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია“, – ამბობს momxmarebeli.ge

ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოჩნდა ჰიგიენურ საპონშიც.

 

რუსეთიდან მარტში 223 მილიონი დოლარი შემოვიდა, ზრდა შარშანდელთან შედარებით 727%-ია

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში 2023 წლის მარტში 727.96 %-მდე [ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი] გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მხოლოდ მარტში რუსეთიდან საქართველოში 223.57 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს. 2022 წლის მარტში კი რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ აშშ დოლარი იყო გადმორიცხული.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა გასული წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა – 2022 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში  გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი 300%-იანი ზრდა იყო.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი წელს შედარებით კლებადია: 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს, რაც 1095 %-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია, 2023 წლის თებერვალში – 183 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული, რაც 753 %-იანი წლიური ზრდაა.

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა – ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.

დღემდე ხელისუფლება არ ამბობს კონკრეტულ ციფრს: რუსეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად საქართველოში.

2023 წლის პირველ თებერვალს საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 869 874 ადამიანი შემოვიდა, 809 873 კი უკან გავიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში 60 ათასამდე რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა იმ დროისთვის.

ამავე დროს შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში ანუ 10 თვეში, საქართველოში, ჯამში, რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე  შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ მესამედზე მეტი.

ამ თემაზე:

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

„პოლიტიკური სოლიდარობა“ აქტია სასამართლოს წინააღმდეგ – ჯანეზაშვილი

„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის“ გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია,“ – მიჩნევენ არასამთავრო ორგანიზაციაში „სასამართლო გუშაგი“. ეს ორგანიზაცია სასამართლო სისტემის სფეროში მუშაობს და გუშინდელ შემთხვევას ეხმაურება – 18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სასამართლო სისტემის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა განეხილათ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად, ვერც კვორუმი შედგა.

სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შემდეგ მოითხოვა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე საქართველოში დაასანქცირა.

ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის აქტი“ არის მოსამართლეებზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა. ეს წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასამართლო სისტემაში დღეს არსებული „კლანური მმართველობის“ მხარდაჭერა და შენარჩუნება.

ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინტერესში არ შედის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარების გამოსწორება.

…კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ინტერვიუები ყოფილ მოსამართლეებთან [ნათია ქუთათელაძე და ანა ღელეყვა]. ისინი მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ  მწვავე პრობლემებზე ღიად საუბრობენ; ასევე – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის საჯარო განცხადებები.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა  მნიშვნელოვანია, რათა საპარლამენტო დონეზე შესწავლილი იქნას ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, მოსამართლეთა დანიშვნებს, საქმეთა განაწილებას, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთან, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა სასამართლო რეფორმის გატარებაა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ქმედებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას არ ემსახურება,“ – აღნიშნულია „სასამართლოს გუშაგის“ მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის პარლამენტში 64 ოპოზიციონერი დეპუტატია.

—————————-

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

100 წლის ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული

დღეს ბათუმში მცხოვრებ ქალზე, 100 წლის ემინე ანთაძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე თვეში 101 წლის გახდება.

როცა ემინეს ოთახში შევედი, მითხრა: მართალია, პასპორტში ემინე ვწერივარ, თუმცა ჩემი ნათლობის სახელი მარიამია და მირჩევნია ასე მომმართოთო. შესაბამისად, დღეს მარიამი გვამოგზაურებს თავის ერთსაუკუნოვან ცხოვრებაში.

მის მეხსიერებაში მყარადაა შემონახული მნიშვნელოვანი განცდები, თარიღები, სახელ-გვარები, დეტალები.

ის 1922 წლის ოქტომბერში ქობულეთში დაიბადა. შვიდ წლამდე მცენარეებით მკურნალ ბებიასთან იზრდებოდა, რომელმაც 116 წელი იცოცხლა და არაჩვეულებრივი მეხსიერებაც ჰქონდაო.

„6 წლის რომ გავხდი, სკოლაში შესაყვანად წამომიყვანეს მშობლებმა. სულ ვტიროდი, ბებიასთან მინდოდა და იძულებულები გახდნენ, დავებრუნებინე, ამიტომ ერთი წლით გვიან შევედი სკოლაში.

შვილი დედ-მამასთან უნდა იზრდებოდეს, არ შეიძლება ასე. ძალიან მიჭირდა. შაბათის მოსვლა მაბედნიერებდა. სკოლიდან პირდაპირ ბებიაჩემთან, სოფელ კვირიკეში მივდიოდი, ფეხით გავდიოდი 7 კილომეტრს“.

ქალს კარგად ახსოვს სკოლისდროინდელი ამბები – „მასწავლებელი ღვთიური ადამიანი გვეგონა და თუ ჭამდა-სვამდა, ისიც გვიკვირდა“.

მარიამის საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იყო: „გამორჩეულად მიყვარს გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე… ძალიან მიყვარს კითხვა და ძალიან დიდი ბიბლიოთეკაც მაქვს.

დღისით არ მქონდა დრო და სულ ღამე, ლამპის შუქზე ვკითხულობდი, როცა ყველას ეძინა. კითხვა ძალიან უყვარდა ჩემს მეუღლესაც. ახლა ყველაფერია, მაშინ ხომ არ იყო ასე. სადაც კარგ წიგნს ნახავდა, სახლში მოჰქონდა და დაამთავრებდა თუ არა კითხვას, მე ვიწყებდი. ხშირად ვუკითხავდით ერთმანეთსაც.

ჩემი მეუღლე მესაზღვრე იყო და მივლინებებში ხშირად უწევდა ყოფნა. იმდენად მოსიყვარულე კაცი იყო, რომ ყოველთვის თან მიჰქონდა ჩემი პერანგი. რად გინდა-მეთქი, რომ ვკითხე, როცა ვერ ვიძინებ, შენ პერანგს ვიდებ თავთან, შენს სურნელს ვგრძნობ და მაშინვე მეძინებაო“. მარიამი ბევრს გვიყვება მეუღლის შესახებ, რომელიც  მისივე თქმით, სიგიჟემდე უყვარდა.


მარიამ ანთაძე მეუღლესთან ერთად

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ინსტიტუტში გააგრძელა, თუმცა დამთავრების საშუალება არ მიეცა. სტუდენტებს ომის პერიოდში ღამით მორიგეობა უწევდათ, განგაშის შემთხვევაში ხალხს ეხმარებოდნენ.

„ძალიან მშიშარა ვიყავი. ერთხელ, როცა მორიგეობიდან ვბრუნდებოდით, გზაში კაცები აგვედევნენ… ამის შემდეგ გავანებე ინსტიტუტს თავი. ვფიქრობდი, როცა ომი დამთავრდება, მაშინ დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მალევე დავქორწინდი და ვეღარ მოვახერხე“.

ამ დროს მარიამი და ვანო, მისი მეუღლე, შეყვარებულები იყვნენ. ვანომ ერთ საღამოს მოულოდნელად მიაკითხა მანქანით და გაპარვა შესთავაზა: „კი გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ასე ჩუმად გაყოლას არ ვაპირებდი. მასზე დაქორწინება მინდოდა, მაგრამ ასე არა.

ძალიან განვიცდიდი, ჩემი მშობლები 2 წელი არ შემირიგდნენ. ვანო სამუშაოდ ქედაში გადაიყვანეს და იქ ვცხოვრობდით. 19 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. 22 წლისას პირველი შვილი შემიძინა. 2 ვაჟი მყავს“, – გვეუბნება მარიამი და გოგონებს ურჩევს, არ იჩქარონ დაქორწინება.

„ყოველთვის კარგი უნდა დაინახონ ადამიანებმა ერთმანეთში. არ არსებობს ცუდი ადამიანი. ერთმანეთის პატივისცემაა მთავარი. ახლა სიმდიდრე რომ გადაიქცა მთავარ „ღირსებად“, ეს უბედურებაა“.

ის ბევრს გვიყვება ქმარზე, რომელიც ქობულეთში გაიცნო. მაშინ მარიამი სტუდენტი იყო და ვანო შაბათობით ბათუმში აკითხავდა, ქობულეთში ერთად რომ ჩასულიყვნენ მატარებლით.

„ჩემს ოჯახთან ფრონტიდან დაბრუნებულმა მაზლმა შეგვარიგა და ძალიან დიდი წვეულებაც მოვაწყვეთ. სამი ძმის ერთი და ვიყავი, დიდ ყურადღებას მითმობდნენ. ახლაც ამბობს ხოლმე ჩემი ძმისშვილი, მამიდას მსგავსი გოგო ქობულეთში არ დადიოდაო“, – გვიყვება მარიამი.


მარიამის ახალგაზრდობის ფოტო

იხსენებს, რომ სანამ ვანოს ცოლად გაჰყვებოდა, სხვა ბიჭზე იყო დანიშნული, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე გაიწვიეს ჯარში. „მე და ვანო  დაქორწინებულები ვიყავით, მისგან წერილები ისევ რომ მომდიოდა. იმდენად კეთილი იყო ვანო, მეუბნებოდა, შენც მისწერე და ნუ ეტყვი ჩვენზეო. ღელავდა, იცოდა, რომ ომიდან დაბრუნებას ვერ შეძლებდა“.

ქალი ყველა წერილს დიდი სასოებით ინახავდა, რომელიც ოდესმე მიუღია და ძალიან წუხს, რომ მისი წერილებით სავსე ყუთი სადღაც გაებნა.

ახსოვს სიხარული, რომელიც თითოეული წერილის მიღებას ახლდა თან. იქამდე ვკითხულობდი, სანამ ტექსტს არ დავიზეპირებდიო: „ახლა რა საჭიროა წერილები, განვითარდა ტექნოლოგია, მაგრამ მიუხედავად ამის, ძალიან საინტერესო იქნება ხანდახან წერილები ახლაც მისწერონ ერთმანეთს ადამიანებმა.

მაშინ უფრო იყო ადამიანების ურთიერთობა ფასეული. ახლა ადამიანურობაზე მეტად მნიშვნელოვანი სიმდიდრე გახდა“.

100 წლის ქალს განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობა და ოჯახური თავშეყრები ენატრება.

„მამამთილი მომღერალი იყო, კარგად მღეროდნენ ჩემი ქმარი და მისი ძმებიც. ჩვენს აივანზე მუდამ მხიარულება და ზეიმი იყო. ძალიან მიყვარდა საჭმლის გაკეთება. მომზადება დედაჩემმა მასწავლა და კარგადაც გამომდიოდა.

ყოველთვის წინასწარ გამზადებული და მაცივარში შენახული მქონდა მწვანილები, დაფქული კაკალი და ა.შ. ვინც არ უნდა მოსულიყო, მაშინვე მაცივრის კარებს გააღებდა, აბა, რა აქვს მომზადებულიო.

მე გამორჩეულად ფხალეული, აჭარული წვნიანი ფხალი მიყვარს. ტკბილეული –  მხოლოდ ბაქლავა და ბრინჯის ფქვილით მომზადებული შაქარლამა.

ჩემი ჩვეულება იყო, პარასკევობით ბაქლავა გამომეცხო. ხშირად მთხოვდნენ მეზობლებიც გამოცხობას“, – გვიყვება მარიამი.

ის იხსენებს, თუ როგორ მოაწყო აივნის სახურავზე ბოსტანი, სადაც მოიყვანა კიტრი, პომიდორი და მწვანილები – „მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა ქვეყნებშიც აქვთ მსგავსად მოწყობილი ბოსტნები და გამეცინა. ძალიან მიყვარს ყვავილები. აივანზე მქონდა ნაირნაირი ყვავილებიც.

განსაკუთრებით იასამანი მიყვარს. თეთრი და ვარდისფერი ვარდები. ჩემი მეუღლე ხშირად მჩუქნიდა ყვავილებს. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, მოჰქონდა ყვავილები და მკოცნიდა“.

ქალის თქმით, ძალიან ბევრი საცხოვრებელი გამოიცვალა, სხვადასხვა მდგომარეობის გამო. მისი საყვარელი საცხოვრებელი ლენინის ქუჩაზე [ახლანდელი გამსახურდია – ავტ.] იყო, საიდანაც სულ მოჩანდა ხალხით სავსე სანაპირო. ყოველ საღამოს თავადაც ვსეირნობდი სანაპიროზეო, იხსენებს. – „ზღვა მიყვარს, მაგრამ სანაპიროზე ვარ გაზრდილი და ცურვა არ ვიცი,  ვერაფრით ვისწავლე“.

მარიამი საოჯახო ალბომს გვათვალიერებინებს. გვიყვება, რომ ფოტოების გადაღება განსაკუთრებულად უყვარდა მის მეუღლეს: „თვითონ იღებდა, მაგრამ მე არ მიყვარდა მაინცადამაინც. როცა მოვხუცდით, ხშირად ვათვალიერებდით ალბომებს და გვსიამოვნებდა. სულ მახსენებდა ხოლმე, გახსოვს, რომ არ გიყვარდა ფოტოების გადაღებაო?

მაშინ მარტივი არ იყო ფოტოს გადაღება – წყალში იდებოდა, გაშრობა სჭირდებოდა და კიდევ ათასი რამ. ძალიან მაწუხებდა ეს ყველაფერი“, – გვეუბნება მარიამი, რომელიც მისი ახალგაზრდობის ფოტოს აკვირდება.

„არასდროს ვისვამდი პომადას, არ მიყვარდა. არაფერს არ ვისვამდი. მხოლოდ სახის დამატენიანებელს ვისვამდი“.

მისი ახალგაზრდობის კიდევ ერთი მოგონება ის არის, რომ როცა დაქორწინდა, ძალიან გრძელი ნაწნავები ჰქონდა.

„ძალიან მიყვარდა ჩემი გრძელი, გადმოშვებული თმა. ერთხელ ქედაში გენერალი ეწვიათ. საჭმლის გაკეთება მე დამევალა.

გენერალმა იკითხა, ვისია ეს სიმპათიური გოგოო. ჩემი ქმარი იქ იყო და საღამოს ნაწნავები შემაჭრა. ეს რა ქენი-მეთქი? შენ ქალს არ გავხარო-მითხრა. კარგად ჩაცმა მიყვარდა, განსაკუთრებით კაბების. გემოვნებაც კარგი მქონდა და ტანიც“, – იხსენებს მარიამი.

მარიამის ალბომში ჯვრისწერის ფოტოც ინახება – „როცა დავქორწინდით, მაშინ არ შეიძლებოდა ჯვრის დაწერა და მერე დავიწერეთ. 18 წელი გავიდა მას შემდეგ“, – მითხრა მარიამმა.


ჯვრისწერის ფოტო

საუბრის დასასრულს მარიამმა თქვა: „საკვირველია, ყველაფერი მახსოვს, ყველაფერს ვიგებ… არ გიკვირთ, ამდენი რომ გელაპარაკეთ?“.

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე, საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება.

გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის 9-ცალი ყალბი კუპიურა და 1-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 183 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 3 665 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 110 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 2 819 ერთეული [+9]
  • MLRS – 538 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 376 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 692 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 330 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 411 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 776 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 732 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 089 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 619 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 617 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დაზვერვამ დაადგინა რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც უკრაინელ ტყვეს თავი მოკვეთა – ბუდანოვი

„მე მაქვს თხოვნა: არ დანებდეთ“ – კიდევ რა სთხოვა აშშ-ის ელჩმა ბათუმელ სტუდენტებს

„გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენთან…“- ქართულ ენაზე ამ სიტყვებით დაიწყო სტუდენტებისადმი მიმართვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. დღეს, 18 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბათუმელ სტუდენტებს კელი დეგნანი შეხვდა.

„ჩვენ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო: პატივისცემა ოჯახის მიმართ, თავისუფლება, პატივისცემა განათლების მიმართ…“- აღნიშნა კელი დეგნანმა, ვიდრე სტუდენტები კითხვების დასმას დაიწყებდნენ.

„რას ფიქრობთ ქართველ ახალგაზრდებზე?“ – სტუდენტის ამ კითხვით დაიწყო დიალოგი ელჩს და სტუდენტებს შორის.

„მე ბევრ ახალგაზრდას შევხვდი. ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ისინი თავიანთი ცნობისმოყვარეობით და ერთგულებით ქვეყნის მიმართ, იმის მიმართ, რომ ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ წვლილი. ნამდვილად ძალიან ბევრს ვიცნობ – დაწყებული პატარა სოფლებიდან, ქალაქებიდან… მე ყოველთვის ვხედავ მათში ძლიერ ენერგიას, რაც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო წაიყვანონ მიზნებისკენ, ეს მიზანი კი არის ის, რისთვისაც საქართველო იღვწის ათწლეულებია – ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი.

მე ძალიან იმედიანად ვარ ქართველი ახალგაზრდების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნებით ის წამყვანი ძალა, რომელიც საქართველოს მიიყვანს თავის სანუკვარ მიზნამდე,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ელჩი ამ შეხვედრაზე რამდენჯერმე მიუბრუნდა ახალგაზრდების როლს.

„…დემოკრატია საფრთხეში დააყენა სხვადასხვა ავტოკრატიულმა რეჟიმმა და თქვენი თაობის გადასაწყვეტია, რა გსურთ თქვენ: ირჩევთ თუ არა წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, იმას, რომ სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ უფლება, თვითნებურად, ძალის გამოყენებით შეცვალონ სხვა ქვეყნის საზღვრები, წაართვან ქვეყანას სუვერენიტეტი. ეს არის შეთანხმებული პრინციპები და წესებზე დაფუძნებული წყობა, რამაც ბოლო 70 – 75 წლის განმავლობაში ნამდვილად მოუტანა მშვიდობა და წარმატება მსოფლიოს დიდ ნაწილს.

ეს ის არჩევანია, რაც სტუდენტებმა და ახალგაზრდა თაობამ უნდა გააკეთოს.

ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ვხედავ, რომ ქართველი ახალგაზრდობა, სტუდენტები არიან ერთგული და მოტივირებული ევროპისკენ მიმავალი გზის. მათ იციან, რა უნდა გაკეთონ, მათ სურთ თავიანთი ქვეყნის მომავალი ევროპაში, მათ სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი იდეები, საქმე წარმატებით განახორციელონ.

…ჩემი თხოვნა თქვენდამი იქნებოდა, არ დანებდეთ, ისე, როგორც საქართველო გამუდმებით იცავდა თავის კულტურას, რელიგიას, რწმენას, ენას, ტრადიციებს, მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა. დღეს საქართველო დგას ამაყად თავისი უნიკალური, ძლიერი კულტურით, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას.

თქვენ ხართ ის ძალა, რომლებმაც უნდა დაასრულოთ შენება იმის, რაც თქვენმა წინაპრებმა დაიწყეს,“ – აშშ-ის ელჩის ამ სიტყვას სტუდენტები ტაშით შეხვდნენ.

სტუდენტებმა ტაში მერეც გაიმეორეს, როცა თარჯიმანმა ელჩის პასუხი თარგმნა.

კიდევ ერთი სტუდენტის კითხვა:

„თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება ახლა რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ, ქართველებს, გვიწევს ამ საფრთხის პარალელურად არსებობა. ეს საფრთხეა ოკუპაცია, ადამიანების გატაცება, უკანონო ბორდერიზაცია… ეს არ არის სრული ჩამონათვალი. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, რა კონკრეტული ბერკეტები არსებობს აშშ-ის მხრიდან, საგულისხმოა სამხედრო მექანიზმებიც. ეს იმ პირობებში, რაც 2009 წლიდან საქართველოს და აშშ-ის შორის პარტნიორობის ქარტია გაფორმდა?“ – ჰკითხა მორიგმა სტუდენტმა კელი დეგნანს.

ელჩმა სტუდენტს უპასუხა, რომ განსაკუთრებით ბოლო 15 წლის განმავლობაში აშშ-ის და საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის თავდაცვის ძალების მხარდაჭერა.

„…იმისთვის, რომ რუსეთი უფრო მეტად დაფიქრდეს, რამდენად უღირს განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, როცა მას ჰყავს ძლიერი ძალა დაცვისთვის. ეს ყველაფერი არის მიმავალი გზა ნატოსკენ და ეს დახმარება და წვრთნები უზრუნველყოფილი იყო აშშ-ის, ნატოს და სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან,“ – თქვა კელი დეგნანმა და აქცენტი დემოკრატიის გაძლიერებაზე გააკეთა.

„ძლიერ დემოკრატიას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, როცა ვსაუბრობთ ნატოს წევრობაზე, სწორედ ამიტომ ბევრს ვსაუბრობთ და ვუჭერთ  მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას საქართველოში, მათ შორის, ძლიერი სასამართლო სისტემის მშენებლობას. ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი, ეს გასაკვირი არ არის… ძლიერი დემოკრატია არის ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის საშუალება ქვეყნისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ბსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე – 2023 წლის 18 აპრილი

აშშ-ის ელჩი სტუდენტებს ესაუბრა რუსულ დეზინფორმაციასა და მითზე „მეორე ფრონტის“ შესახებ, რაზეც ხშირად „ქართული ოცნება“ საუბრობს.

„ეს არის სიცრუე და ემსახურება ხალხის დაბნევის მცდელობას, რომ საქართველო აშშ-ს დააშორონ. ეს არის ზუსტად რუსული ნარატივი და რუსული დეზინფორმაცია…

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სენსიტიური სიტუაცია, როცა მის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ყოველდღიურად, მუდმივად ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე… ჩვენ დავინახეთ საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩს ჰკითხეს „რუსულ კანონზეც“: „ჩვენ გიხდით მადლობას თქვენი პოზიციისთვის…

იყო რამე დიალოგი თქვენს წარმომადგენლობას და საქართველოს შორის? თუ არსებობდა დიალოგი, სამომავლოდ რა გავლენას იქონიებს, შეცვლის თუ არა საქართველოს და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის სურათს?“ – ჰკითხა ბსუ-ს სტუდენტმა ელჩს.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან,“ – თქვა აშშ-ის ელჩმა და ახსნა, რამდენად დამაზიანებელი იქნებოდა „რუსული კანონი“ საქართველოსთვის. კელი დეგნანმა ირიბად ყურადღება გაამახვილა „ოცნების“ რიტორიკაზე ამ ნაწილშიც: თითქოს „რუსული კანონი“ ამერიკულია.

„…ამერიკული კანონის მიზნები, სამიზნე ჯგუფი, ეფექტი, სულ სხვა რამეს გულისხმობდა. განსხვავდებოდა იმისგან, რაც იყო ქართულ კანონში. ამ კანონზე ჩვენ გვქონდა საუბარი, გამოვთქვით ჩვენი შეფასება და რეკომენდაცია, როგორც საქართველოს მეგობარმა. საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო, რას მოიმოქმედებდა. მაგრამ ჩვენთვის, როგორც მეგობრისთვის, აუცილებელი იყო, ამ მოსაზრების გაზიარება,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

ბსუ-ს სტუდენტმა, სანდრო კიკნაძემ აშშ-ის ელჩს კითხვა „ჰაიმარსებზე“ დაუსვა – საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინისა და საქართველოსთვის.

„დღეს უკრაინა და მსოფლიო განსაკუთრებულ საშიშროებას ეჭიდება, რომელსაც საქართველო არაერთხელ შეეჩეხა. უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საჰაერო თავდაცვაა, რაც არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა თუ მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ამერიკა დღეს საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს განსაკუთრებული საფრთხე ჩვენთვის მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ვიდრე ჩვენ ნატოს კარს გაგვიღებენ?“ – იკითხა სტუდენტმა.

„ამ ომში ჩვენ განსაკუთრებით კარგად დავინახეთ საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობა,“ – თქვა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდეც, წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ამ მიმართულებით აშშ აქტიურად მუშაობს.

„საქართველოს მეზობლად ჰყავს აგრესორი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს თავდაცვის საშუალებები… ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და წვრთნა, როგორ გამოიყენეს ეს საშუალებები. ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ჩვენ ამ ურთიერთობაში, პირველ რიგში, ვუსმენთ მათ, რის სურვილი აქვთ… საქართველო განსაკუთრებულ სენსიტიურ მდგომარეობაშია და ცდილობს დაიცვას ბალანსი, შეინარჩუნოს მშვიდობა და მეორეს მხრივ, გაუძლოს რუსეთის ზეწოლას.

როდესაც საუბარია თავდაცვის სისტემებზე, ეს იქნება „პატრიოტი“, თუ „ჰაიმარსი,“ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქმედება განისაზღვრება ქვეყნიდან წამოსული სურვილით,“ – დასძინა კელი დეგნანმა.

როგორ აზიანებს მზე თვალებს და როგორია პრევენცია – ექიმის რჩევები

კანის მსგავსად, თქვენი თვალებიც დაუცველია მზის ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დამწვრობის მიმართ. მზის ულტრაიისფერი სხივებისგან ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო ადვილად აღწევს თვალის ქსოვილებში, ვიდრე ხილული სინათლე. ეს პოტენციურად ზრდის თვალის პრობლემების რისკს, წერს აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტი. 

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ ჭარბმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელიც თვალის ზედაპირზე ხვდება, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები და თვალის სტრუქტურის დაზიანება, როგორიცაა:

ბადურის ცენტრალური დეგენერაცია – ბადურის ცენტრალური ზონის პათოლოგია, რომელიც ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებაში; ფტერიგიუმი – რქოვანას ზედაპირზე თანმიმდევრული ლორწოვანი გარსის ცვალებადობა; პინგვეკულა – თვალის ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნი და კატარაქტა – ბროლის შემღვრევა, რომელსაც მხედველობის დაქვეითებამდე მივყავართ, ხოლო ზოგ შემთხვევაში სრულ დაკარგვამდე.

„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგი, ზარიმა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები ასევე შესაძლებელია ზემოქმედებდეს თვალზე, როგორც ალერგენი და გახდეს ალერგიული კონიუქტივიტის მიზეზი, დააზიანოს თვალის ბადურა და ამას გარდა, გახდეს კატარაქტის სწრაფი პროგრესირების ერთ-ერთი ფაქტორი. „თუ პაციენტს აქვს კატარაქტის დაწყებითი სტადია და, მაგალითად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ულტრაიისფერი სხივების დიდი დოზა მოხვდება თვალში, შეიძლება კატარაქტა ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდეს“.

აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტი: ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ცვლის [თვალის] ბროლის ცილებს, რაც იწვევს კატარაქტის წარმოქმნას და მხედველობის გაუარესებას. დროთა განმავლობაში, კატარაქტამ შეიძლება მხედველობა გახადოს ბუნდოვანი, ან ფერმკრთალი.

ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თვალების დაცვა სავალდებულოა. „რეკომენდებულია, რომ მზისგან დამცავი სათვალეები ატაროს ყველამ, ვინც დიდ დროს ატარებს ღია სივრცეში, ულტრაიისფერი გამოსხივების ჯამური ზემოქმედებას შესამცირებლად. ნებისმიერი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება მავნებელია თვალისთვის, რადგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიღებული დოზები გროვდება და დაავადების რისკს ზრდის“, – ამბობს ის.

ექიმის თქმით, მავნე ზემოქმედებისგან თვალის დასაცავად გამოიყენება სპეციალური დამცავი სათვალეები, რომლებიც აკავებენ 100 %-მდე ულტრაიისფერ გამოსხივებას და გამჭვირვალეა მხედველობის სპექტრისთვის, „როგორც წესი, ასეთი სათვალეების ლინზები მზადდება სპეციალური პლასტმასის ან პოლიკარბონატისგან“.

ზარიმა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ თვალზე მზის სხივების დამაზიანებელი ზემოქმედება განსაკუთრებით მაღალია გარკვეული ფაქტორების დროს, მაგალითად ასეთი ფაქტორია დღის მონაკვეთი. „დღის 11 სთ.-დან დღის 3-4 საათამდე, ანუ ჰორიზონტზე მაღლა რომ დგას მზე, უფრო პირდაპირი სხივი მაშინ არის“, – ამბობს ის.

ულტრაიისფერი სხივები არის დილის და საღამოს საათებშიც, მაგრამ ისეთ ზიანს არ აყენებს თვალს, როგორც დღის 11-დან 16 საათამდე მონაკვეთში – ზარიმა ჩავლეიშვილი.

ეკატერინე გვარიშვილის თქმით, წყლისა და თოვლის დიდი ფართობები დამაზიანებლად ირეკლავენ მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას. შესაბამისად, ისეთ ღია სივრცეებში, როგორიცაა მაგალითად პლაჟი – თვალის განსაკუთრებული დაცვაა საჭირო.

ზოგიერთი მედიკამენტი (ტეტრაციკლინი, შარდმდენები, ტრანკვილიზატორები და სხვა) ზრდის ულტრაიისფერი სხივების აღქმადობას თვალზე (რჩევისთვის მიმართეთ ექიმს) – ეკატერინე გვარიშვილი.

ოფთალმოლოგები ასევე განმარტავენ, რომ ღრუბლიანობა არ მოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობაზე, რადგან ულტრაიისფერი სხივები აღწევენ ღრუბლების ფენაში.

„ასაკოვან პაციენტებს ვურჩევ, თუ შესაძლებელია, ატარონ მესამე კატეგორიის მზის სათვალე. ეს კატეგორია ნიშნავს ისეთი სათვალის გამოყენებას, რომლიც 100 პროცენტით იცავს ულტრაიისფერი სხივებს. ფერს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მზის მავნე სხივები არ მოხვდეს თვალის ბადურასა და სხვა გარსებზე. თუმცა, თუ მეორე და მესამე კატეგორიის სათვალის ტარება არ არის შესაძლებელი, სულ არაფრის ტარებას, მაინც ჯობია ის იაფიანი სათვალე ატარონ, რომელიც მინიმალურად მაინც დაიცავს თვალს. 

პატარებს რაც შეეხება, ისინი სათვალეს ნაკლებად იჩერებენ, ამიტომ მშობლებს ვურჩევ ქუდის, პანამის, გარეშე ნუ გაიყვანენ მზეზე, რათა მზის პირდაპირი, უშუალო სხივი არ მოხვდეს ბავშვების თავლებს, ცხადია კანსაც. თუმცა, თვალისგან განსხვავებით, კანზე დამცავი კრემის წასმა შესაძლებელი“, – ამბობს ზარიმა ჩავლეიშვილი.

ბათუმის სტადიონთან მინიმუმ 4 თაუერის აშენებას გეგმავენ – პარლამენტიდან ბიზნესში

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ იაშა შერვაშიძე და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ბათუმში, ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს, ჰექტრობით ფართობს ფლობენ და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ.

იაშა შერვაშიძე საქართველოს VII – VIII  მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით, მაჟორიტარული სიით შევიდა. ის ქედის მაჟორიტარი იყო. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისიც „ოცნებაში“ გადავიდა. იაშა შერვაშიძეს პარლამენტში მუშაობის დროს თავი არც კანონპროექტებზე მუშაობით და არც სიტყვით გამოსვლით არ გამოუჩენია.

იაშა შერვაშიძე პრემიერთან ერთად ქედაში

პროექტის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა წინასწარი მონახაზით თუ ვიმსჯელებთ, იაშა შერვაშიძისა და მისი ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი ცოლისა და შვილის კომპანიები, აქ მინიმუმ ოთხი თაუერის აშენებას გეგმავენ.

ესკიზი

„საპროექტო ტერიტორიის გვერდით 25-სართულიანი მრავალბლოკიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ხოლო მოპირდაპირედ 28-30-სართულიანი სასტუმრო აპარტამენტები მდებარეობს. ქალაქმშენებლობის თვალსაზრისით გამართლებულია საპროექტო ტერიტორიებზე  მრავალსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება, რომელიც თავისი გაბარიტებით მასშტაბურად ჩაეწერება მიმდინარე განაშენიანებაში და არ იქნება შეუსაბამო“, – წერს მერიას პროექტის ავტორი.

ესკიზი

ყოფილი დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ნაკვეთები შერეულ ზონა 3-ში მდებარეობს, აქ დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [k2] 0.7- ა, კომპანიას მისი გაზრდა სურს 15.0 – მდე.

ასეთ შემთხვევაში სამშენებლო კოდექსი განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავებას ითვალისწინებს. ამის თაობაზე მერიას უკვე მიმართეს და შესაბამისი დავალების გაცემა მოითხოვეს.

ამ დროისთვის სამშენებლო ტერიტორიაზე ძველი ქარხნები და სხვა შენობებია განთავსებული.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

მერიისთვის გაგზავნილი ინფორმაციით, კომპანია შენობების I-IV სართულებზე საზოგადოებრივი ობიექტების განთავსებას გეგმავს:

„კომერციული ფართები, კლუბები, კინოთეატრი, სავაჭრო ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრები, საცურაო აუზები, ბანკები, აფთიაქები, კაფე-ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები. ასევე სკოლა, ბაგა-ბაღი და ბიბლიოთეკები“.

სარდაფის სართულში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა.

„ტერიტორიის ფართობი საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ ღია ავტოსადგომები, სკვერი და სპორტული მოედნები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დასამუშავებელ პროექტში მოთხოვნილი ნორმების მიხედვით“, – წერს პროექტის ავტორი.

სამშენებლო ტერიტორია რვა საკადასტრო ერთეულისგან შედგება და ჯამში 4.3 ჰეტარია [43 880 კვ.მეტრი] ნაკვეთებს სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავს.

სამშენებლო ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ, 10 787 კვ.მეტრი „მტზ კომპანის“ ეკუთვნის – ამ კომპანიას იაშა შერვაშიძე ხელმძღვანელობს. ასივე პროცენტის მფლობელი კი მისი მეუღლე ზინა ტურაშვილია.

17 778 კვ.მეტრი შპს „ხახუტას“ ეკუთვნის – ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ლევან შერვაშიძეა, იაშა შერვაშიძის შვილი, ხოლო იაშა შერვაშიძე ამ კომპანიის გენერალური დირექტორია.

1401 – შპს „ჯიი XXI“ – ს  აქვს დარეგისტრირებული – კომპანიის 90 პროცენტი იაშა შერვაშიძის საკუთრებაა.

შპს „ჯიი XXI“-მ ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 24-სართულიანი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა, რომელიც საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებს, სავაჭრო ცენტრს, კაფე-რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს მოიცავს.

„სთარ არ ჯის“ საკუთრებაშია 13 914 კვადრატული მეტრი მიწა – ამ კომპანიის დირექტორი და ხუთი პროცენტის მფლობელი  ყოფილი დეპუტატის შვილი ლევან შერვაშიძეა, 5 პროცენტს კი იაშა შერვაშიძე ფლობს – 84 პროცენტს თურქეთში [ 74] და სომხეთში [10] დაფუძნებული კომპანიები ინაწილებენ. 5 პროცენტს გერმანიის მოქალაქე, 3 პროცენტს კი თურქეთის მოქალაქე ფლობს.

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

ნახევრად დანგრეული სახლი, დაობებული, დამპალი იატაკი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული და სიცოცხლისთვის საშიში. ასეთ გარემოში ცხოვრობს 5 ბავშვი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი.

ქეთევან სურმანიძეს და აკაკი გაბუნიას საკუთარი სახლი არ აქვთ, ისინი დეიდის სახლში ცხოვრობენ, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკაიძეებშია. სახლში გაუსაძლისი პირობებია, თუმცა მრავალშვილიან ოჯახს, სხვა წასასვლელი არ აქვს. ეს სახლიც სადავოა, ამიტომ, ერთ დღეს, შესაძლოა ამის დატოვებაც მოუწიოთ.

როგორც ბავშვების დედა, ქეთევან სურმანიძე გვეუბნება, მას მე-5 კლასის შემდეგ სკოლაში არ უვლია და, შესაბამისად, არც სავალდებულო განათლება აქვს მიღებული.

ქეთევან სურმანიძე, 5 შვილის დედა

„დედა მყავდა ავად და მე ვუვლიდი, ამიტომ გამოვედი სკოლიდან“, – გვეუბნება ის.

მის მეუღლეს სავარაუდოდ სკოლა დასრულებული აქვს, თუმცა კონკრეტულ პროფესიას არ ფლობს. „თუ ვინმე დაუძახებს და ფიზიკურად იმუშავებს ეს არის, თუ არადა, არ აქვს სამუშაო“, – გვეუბნება ქეთევანი.

სახლი, სადაც 5 ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

ამავე სახლში ცხოვრობს ბავშვების ბებია ლეილა გაბუნიაც. მისი თქმით, ბავშვების მოვლა-პატრონობა ფაქტობრივად მას უწევს, რადგან მშობლებს, სავარაუდოდ შშმ სტატუსი სჭირდებათ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდე არავის შეუფასებია.

„მე არ მაქვს დრო, რომ ჯანდაცვაში გავყვე რძალს და დავეხმარო სტატუსის მიღებაში, რადგან 7 წლის გიგა, – ჩემი შვილიშვილი, ჟანგბადამოკიდებულია. მას ჯანმრთელობის ძალიან მძიმე პრობლემები შეექმნა და ახლა სულ მის გვერდით ვარ. ჟანგბადი მე უნდა დავურეგულირო და ყველა საჭიროებაში მე ვეხმარები.

უფროსი შვილიშვილი 17 წლისაა, სკოლაშიც დადიოდა, მაგრამ… ნერვიულია, ადვილად ვერ შედის ადამიანებთან კომუნიკაციაში. ვფიქრობ, მასაც სჭირდება შშმ სტატუსი, მაგრამ ვერც ის მიმყავს ექიმთან, რომ შეისწავლონ“, – გვეუბნება ლეილა გაბუნია.

იატაკი სახლში, სადაც 5 ბავშვი ცხოვრობს

მისი თქმით, მშობლების და ბავშვების საჭიროებაზე სოციალური მუშაკი ინფორმირებულია, თუმცა აცნობა თუ არა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს მათი საჭიროებების შესახებ, მისთვის უცნობია.

„სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ბავშვს მშობლები უნდა ახლდნენ ექიმთანო, ან ბებია მაინც უნდა ახლდესო. მე გიგას ვერ ვტოვებ და მშობლებს კიდევ არ აქვთ შესაბამისი უნარები, რომ წაიყვანონ ბავშვი და შეაფასებინონ. ამიტომ, ჯერ მშობლები არიან მისახედი, რომ მისცეს სახელმწიფომ სტატუსი და პენსიაც დაუნიშნონ“, – გვეუბნება ლეილა გაბუნია.

მცირეწლოვანი ბავშვები სიღარიბეში

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობა – 930 ლარია. ოჯახში სულ ათი ადამიანი ცხოვრობს, მათ  შორის ქეთევანის ძმა, რომელსაც ასევე შშმ პირია.

ათსულიანი ოჯახი ორ ოთახშია განთავსებული, თუმცა სახლი თითქმის ამორტიზებულია. იატაკი დამპალია, ფანჯრებზე ჩამსხვრეულია მინებიც.

„ერთხელ ბავშვიც ჩავარდა ამ ღრიჭოებში, მაგრამ კიდევ კარგი, ქვემოთ ქვები არ იყო და გადარჩა. ამის შემდეგ სულ რაღაცებს ვაფარებ ხოლმე, მაგრამ მაინც მეშინია“, – ამბობს ბებია.

სახლის სახურავი რამდენიმე წლის წინ ქობულეთის მერიამ გამოცვალა, თუმცა სხვა სამუშაოები სახლში არ ჩაუტარებიათ.

„რადგან სახლი სხვისია, ყველაფერზე მეპატრონის თანხმობაა საჭირო. სადაო სახლია და ესეც პრობლემაა“, – გვეუბნება ის.

ოჯახი საზოგადოების შემწეობის იმედაა დარჩენილი.

7 წლის გიგას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს.

„ოპერაციის შემდეგ, გიგას დასაწოლიც არ ჰქონდა და შემდეგ ვიღაც უცნობმა ადამიანმა გვიყიდა და თბილისიდან გამოგვიგზავნა. სპეციალური საწოლია, სამედიცინო. რადგან გიგას წონის გამო მოძრაობა უჭირს, სულ საწოლშია, ამიტომ სპეციალური საწოლი იყო მისთვის საჭირო. ტელევიზორიც უცნობმა ადამიანმა გვიყიდა და მოგვიტანა“, – ამბობს ბავშვების ბებია.

ლეილა გაბუნია, ბავშვების ბებია

მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა უსახლკარობაა, რადგან ერთ დღეს, შესაძლოა რძლის დეიდამ სახლის დატოვება მოსთხოვოთ, მათ კი წასასვლელი არსად აქვთ.

„კი, რაღაცას ვცდილობთ, მაგრამ სხვის სახლში ძალიან ძნელია. იქნებ ვინმეს ჰქონდეს მიტოვებული სახლი, ან სახელმწიფო მაინც რომ დაგვეხმაროს შეძენაში, კარგი იქნება. ბავშვებს ნორმალური პირობები ხომ უნდა ჰქონდეთ“, – ამბობს ლეილა გაბუნია.

ოჯახის ისტორია ვრცლად იხილეთ ვიდეოში:

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში

„ბათუმელები“ ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელს დაუკავშირდა აჭარაში და ჰკითხა, შეისწავლეს თუ არა სათანადოდ ქეთევან სურმანიძის და მისი შვილების საჭიროებები და რა ზომები მიიღო სააგენტომ ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც სააგენტოში გვითხრეს, ჩვენ კითხვებს მას შემდეგ უპასუხებენ, თუ წერილობით მივმართავთ სააგენტოს.

[სააგენტოს მიერ მოგვიანებით გაკეთებული კომენტარი, იხილეთ აქ].

რაც შეეხება ქობულეთის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ისინი ჩართული იყვნენ პროცესებში და შესაბამის უწყებებში შუამდგომლობაც გააკეთეს.

„ზუსტად იმიტომაც მივმართეთ შესაბამის უწყებას, რომ ჩვენი აზრით, მშობლებს არ აქვთ ის უნარები, რომ ბავშვებზე სათანადოდ იზრუნონ. თუმცა, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში იზრდებოდნენ.

შშმ სტატუსის დადგენის საკითხი კი ექიმის კომპეტენციაა და როგორც ვიცი, ოჯახის ექიმი ჩართული იყო ამ პროცესში, შესწავლილი აქვს ეს საკითხი და არ მგონია, რომ შესაბამისი მიმართვა არ გაეკეთებინა, თუკი ჩათვლიდა, რომ მშობლებს ან ბავშვს შშმ სტატუსი ესაჭიროებათ“, – ამბობს აღნიშნული სამსახურის უფროსი ხათუნა მამასახლისი.

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 370 ათას 500 ლარია გათვალისწინებული.

მეჩეთებს რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, იმ პროექტების მიხედვით ჩაუტარდება, რომლებშიც 2021 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, როგორც აქ განაცხადეს, ჯამში 49 450 ლარი გადაიხადა.

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთები / აპრილი, 2023 წელი

ზვარეს მეჩეთის სავალალო მდგომარეობაზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ, 10 აპრილს გამოაქვეყნა. სააგენტომ მაშინ უპასუხოდ დატოვა კითხვა – თუ რატომ არ გამოცხადდა ამ დრომდე ტენდერი ზვარეს მეჩეთის რეაბილიტაციაზე.

ტენდერი სააგენტომ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 12 აპრილს, გამოაცხადა. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პროექტებს, გვითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

პროექტების შესახებ ინფორმაცია არც ტენდერს ერთვის.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ „ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გადაეცემა გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმების დროს.“

პირობაში ასევე აღნიშნულია:

  • „თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.“
  • „შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 10 წელს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან“.
  • „სამუშაოების განხორციელებაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს რესტავრატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 3 საკულტო ან/და საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება“.

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 28 აპრილს და 3 მაისს დასრულდება. მეჩეთების რეაბილიტაცია კი, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

რატომ არ ასაჯაროებს პროექტებს სააგენტო, „ბათუმელებისთვის“ უცნობია.

„2021 წელს სააგენტოს მიერ შეძენილი იქნა ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი“, – აღნიშნულია სააგენტოს სატენდერო კომისიის ოქმში, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო ერთიანი ტენდერი ორივე მეჩეთის რეაბილიტაციაზე.

აქ საგულისხმოა, რომ 2021 წელს შესყიდული პროექტის მიხედვით, ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი სააგენტოს 2022 წელს გამოცხადებული ჰქონდა და სატენდერო დოკუმენტაციას მაშინ ამ მეჩეთის რეაბილიტაციის პროექტიც ერთოდა.

სხვათა შორის, ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი სააგენტომ გასულ წელს ორჯერ გამოაცხადა.

პირველი ტენდერი არ შედგა, მეორე ტენდერში კი, გამარჯვებულ შპს „მშენებელთა ჯგუფთან“ ხელშეკრულება სააგენტომ 187 009 ლარზე 2022 წლის 10 ოქტომბერს გააფორმა, თუმცა 28 ნოემბერს ეს ხელშეკრულება კომპანიასთან შეთანხმებით სააგენტომ შეწყვიტა.

მიზეზი, როგორც ამ შეთანხმების დოკუმენტიდან ირკვევა, იყო ის, რომ მეჩეთზე სამუშაოების დაწყება დამატებითი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპისთვის შეუძლებელია სამუშაოების დაწყება დამატებითი შესწავლის გარეშე, შეწყვეტილ იქნას სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და შპს „მშენებელთა ჯგუფს“ შორის 2022 წლის 10 ოქტომბრის გაფორმებული N149 ხელშეკრულება“, – ვკითხულობთ შეთანხმების ოქმში.

არადა, სააგენტოს გათვლებით ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია 2022 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაციაზე იყო ტენდერი გამოცხადებული. თუმცა, პროექტის ავტორთან კონსულტაცია რომ გავიარეთ და კლიმატური პირობებიც გავითვალისწინეთ, გადავწყვიტეთ, გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობისას რაიმე გაუთვალისწინებელი რომ გამოჩენილიყო, ეს ავტომატურად შემდეგ მოითხოვდა ცალკე დოკუმენტაციის შედგენას, ნებართვის აღებას და ზამთრის პერიოდი დაემთხვეოდა. ამიტომ აღარ გავრისკეთ ამ მიმართულებით და კომპანიასთან შეთანხმებით, შევწყვიტეთ ხელშეკრულება.

პროექტი ავტორთან ერთად ხელახლა განვიხილეთ, ფასებიც გადავახალისეთ, რაშიც დამატებითი ხარჯი არ გაგვიღია.

ამჯერად ტენდერი გამოვაცხადეთ უკვე ორივე მეჩეთის რეაბილიტაციაზე ერთად. ასე ჩვენთვისაც ადვილი იქნება და ზედამხედველისთვისაც, ვინაიდან ერთ მუნიციპალიტეტშია ეს მეჩეთები და ერთმანეთისგან არც ძალიან დაშორებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას გაუწევს პროექტის ავტორი.

შესაბამისი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც მიღებული გვაქვს. მონიტორინგს გავუწევთ ჩვენც [როგორც შემდგომში ხელშეკრულების მაკონტროლებელი ორგანო] და ეროვნული სააგენტოც [როგორც ნებართვის გამცემი]“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა კახიძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა.

რაც შეეხება ზვარეს მეჩეთს, „10-12 წლის წინ მივმართეთ ალბათ, მაგრამ უშედეგოდ… 3-4 წლის წინ გადახურეს, მაგრამ აქ საყრდენი ბოძი იყო საჭირო, არ არის, საჭიროა გამაგრება, რესტავრაცია და აღდგენა, ამას სჭირდება შესაბამისი სპეციალისტები, სათანადო მასალები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოფელ ზვარეში მცხოვრებმა დავით ფალავანდიშვილმა.

რა მდგომარეობაშია ზვარეს მეჩეთი დღეს, ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მარტივია – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა სამ წელზე მეტია ადამიანებს უმარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. აპის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად და მარტივად ჩაეწერონ ექიმთან, მიიღონ მიმართვა და ნახონ ინფორმაცია კლინიკებსა თუ სპეციალისტებზე. ამჯერად, პროცესის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ჩვენს მომხმარებლებს რამდენიმე სიახლეს ვთავაზობთ.

მედიკამენტებზე მიმართვის მიღება ოჯახის ექიმის გარეშე

ჩვენს მომხმარებლებს მედიკამენტების შეძენამდე ოჯახის ექიმთან ვიზიტი მიმართვის მისაღებად აღარ სჭირდებათ. ამისთვის საკმარისია აპში აირჩიოთ “მიმართვის მოთხოვნა”, შემდეგ – “მიმართვა მედიკამენტებზე” და ატვირთოთ სპეციალისტის მიერ გამოწერილი დანიშნულების ფოტო. მიმართვაზე დასტურს SMS-ის სახით მიიღებთ.

10 ვიწრო სპეციალობის ექიმი 50-ზე მეტ კლინიკაში

ჩვენს პროვაიდერ კლინიკებში ოჯახის ექიმის მიმართვა სპეციალისტებთან ვიზიტისთვისაც აღარ გჭირდებათ. მარტივად, აპით მოითხოვეთ მიმართვა ექიმთან. ამ სერვისით სარგებლობა 50-ზე მეტ კლინიკაში შემდეგ სპეციალისტებთან შეგიძლიათ:

● მამოლოგი
● უროლოგი
● ორთოპედი
● ნევროლოგი
● ჰემატოლოგი
● გინეკოლოგი
● პროქტოლოგი
● დერმატოლოგი
● ტრავმატოლოგი
● ოფთალმოლოგი

ჩაწერა რეიმანში სპეციალისტებთან

განსხვავებით სხვა პროვაიდერებისგან, რეიმანის კლინიკაში სასურველ სპეციალისტთან და კვლევაზე აპით შეგიძლიათ ჩაწერა.

მომსახურების მიღების გამარტივებული სქემა

თუ ჩვენს რომელიმე პროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის დანიშნულებით რომელიმე სამედიცინო სერვისით სარგებლობა მოგიწევთ, მიმართვის მოთხოვნა აღარ გჭირდებათ. საკმარისია რეგისტრატურაში აცნობოთ, რომ თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სასურველ ექიმთან შესვლას მაქსიმუმ 20 წუთში შეძლებთ.

თიბისი დაზღვევა განაგრძობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კიდევ მეტად გამარტივებას. ყველა სერვისით სარგებლობისთვის გადმოწერეთ აპი.

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები პირველ კლასში შესვლას შეძლებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევა, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

„აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით“, – ამბობს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ აირჩიონ: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

მიზანშეწონილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში დაწყებით საფეხურზე დამატებით მიღებულ იქნან ის ბავშვებიც, რომლებიც დაბადებულები არიან პირველ ნოემბრამდე“, – წერს სამინისტრო.

პირველ კლასში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: registration.emis.ge.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.

ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.

მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

დაზვერვამ დაადგინა რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც უკრაინელ ტყვეს თავი მოკვეთა – ბუდანოვი

რადიო NV-სთან ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ დაზვერვისთვის ცნობილია იმ რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც უკრაინელ სამხედრო ტყვეს თავი მოკვეთა.

„დიახ ასეა. … ჩვენ ვიცით, ის ვინ არის“, – განაცხადა ბუდანოვმა რადიო NV-ის კითხვაზე, აქვს თუ არა მონაცემები ამ სამხედრო დანაშაულის ჩამდენის შესახებ.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მის ადგილსამყოფელს არ გაამხელს.

„დავუბრუნდეთ თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს: სად არის ის და რატომ გეუბნებით, რომ არ შემიძლია გიპასუხოთ. არსებობს ოდნავ განსხვავებული მონაცემებიც – რატომღაც ისე ხდება, რომ ისინი, ყველა, ვინც მსგავსი რამ ჩაიდინა და რაც ჩვენთვის ნათელი გახდა, თითქმის აღარ არსებობენ. ამიტომ, არა ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანი იქნება გამონაკლისი“, – დასძინა ბუდანოვმა.

კითხვაზე, თუ „დაეხმარა“ ამაში დაზვერვა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა უპასუხა:

„უბრალოდ, ასე მოხდა“.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვა არ ადასტურებს ამ დანაშაულში „ვაგნერის“ მონაწილეობას.

11 აპრილს რუსულ Telegram არხებზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს თავი მოკვეთეს დანით. უკრაინის დაზვერვამ გამოძიება დაიწყო.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს არ არის ერთადერთი მსგავსი ამაზრზენი მტკიცებულება, რომელიც ბოლო დღეებში გამოჩნდა.

10 აპრილს რუსულ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს კადრები, სადაც სავარაუდოდ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის თავის ქალის ნარჩენები ჩანს. თავის ქალა, რომლის გვერდზეც რუს მებრძოლებს ცელი ჰქონდათ მოთავსებული, დაუზუსტებელ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ბახმუტში იყო.

ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW]ს ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ასევე გაიხსენეს 2022 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის შემთხვევები, როდესაც ლუგანსკში, კონკრეტულად კი პოპასნაიაში, თავის ქალები ჰქონდათ სარებზე ჩამოცმული. ეს ტერიტორია „ვაგნერელების“ სამოქმედო ზონა იყო.

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში CAMCA -ს აკადემიური კონსორციუმის წევრი გახდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში CAMCA (Central Asia, Mongolia, Caucasus, Afghanistan)-ს აკადემიური კონსორციუმის წევრი გახდა! ცენტრალური აზიის, კავკასიის, ავღანეთისა და მონღოლეთის აკადემიური ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ასოციაცია ერთობლივად მუშაობს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რათა უზრუნველყოს რეგიონის განვითარება.

ბრიტანული უნივერსიტეტი, როგორც კონსორციუმის წევრი, გააგრძელებს აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ დანერგოს სწავლების უახლესი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები და ხელი შეუწყოს CAMCA რეგიონის განვითარებას.

სტუდენტზე მორგებული განათლებით და ინოვაციურ სწავლებაზე ფოკუსირებით ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში ქმნის განათლების სფეროს ახალ ერას რეგიონში. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, ვიმუშაოთ კოლაბორაციულად კონსორციუმის წევრებთან ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და შევქმნათ უფრო მეტად ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი განათლების ეკოსისტემა, რომელიც მსოფლიო საჭიროებებს მოერგება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ნაწილი იმ ინსტიტუტებისა, რომლებსაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი უმაღლეს განათლებასა და კვლევების განვითარებაში.

თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენი საერთო სამომავლო ინიციატივებისა და კოლაბორაციების შესახებ!

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმსა და აჭარის მთაში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია; ტალღის სიმაღლე: 5-10დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, 20 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო ორ დღეს – 21 და 22 აპრილს, აჭარაში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 183 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 470]
  • ტანკი – 3 661 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 098 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 810 ერთეული [+6]
  • MLRS – 538 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 353 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 676 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 330 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 407 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 770 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 711 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 087 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 614 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 582 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სისასტიკით ცნობილმა პრიგოჟინმა უკრაინელ ტყვეებს გათავისუფლებამდე წარმატებები უსურვა – ISW

უმაღლეს საბჭოს საკმარისი დრო და რესურსი აქვს, რომ ხალხის მოთხოვნები შეისწავლოს – ინტერვიუ

ამომრჩეველმა ქობულეთში თავისივე არჩეულ საკრებულოს დაგვის კულტურის ცენტრის უნიკალური შენობის გადარჩენა, რეაბილიტაცია პეტიციით მოსთხოვა, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. ისევე როგორც სხვა ბევრი მოთხოვნა, აღნიშნულიც დარჩა უპასუხოდ.

პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, თავისივე რჩეულს პრობლემა მკაფიოდ და დასაბუთებულად დაანახოს.

რატომ ხდება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ამომრჩეველი პეტიციით ითხოვს, მერია ამბობს, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვს? ეს იმ ფონზე, როდესაც აუდიტი წლის ბოლოს სოლიდური აუთვისებელი თანხის შესახებ წერს. და ასე ხდება თითქმის ყოველი წლის ბოლოს. ამ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აჭარისა და გურიის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გვესაუბრა.

  • მალხაზ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ეხმარება მოქალაქეებს პეტიციების შედგენაში. თუ ადევნებთ თვალს შემდგომ პროცესს – რამდენად სერიოზულად უყურებს უმაღლესი საბჭო, მთავრობა პეტიციებს. ზოგადად, რამდენად დადგა შედეგი?

ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების ორგანიზებითა და თანაორგანიზებით მუნიციპალიტეტებსა და უმაღლეს საბჭოში 5 პეტიცია შევიტანეთ. უმრავლეს შემთხვევაში მიმართვის ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭო იყო. პირველი პეტიცია, რაც მუნიციპალიტეტში პეტიციის სახით დავარეგისტრირეთ და შემდეგ შევაგროვეთ 700-მდე მოქალაქის ხელმოწერა, გვქონდა ქობულეთში – ახალგაზრდებმა ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, არაფორმალური განათლების სივრცის მოწყობა მოითხოვეს.

სამწუხაროდ, ამ პეტიციას არ მოჰყოლია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება. საკრებულომ განიხილა, დადგენილებაც მიიღო, მიმართა ქალაქის მერიას, თუმცა ამ საკითხზე მერიას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის საპროექტო წინადადებაც კი არ აქვს მომზადებული. ჩვენ გვითხრეს, რომ როგორც კი გამოჩნდება დაფინანსება, შესაბამისი პროექტი იქნება გათვალისწინებული.

მერიასთან მაქვს კითხვა, საკუთარი დაფინანსების სიმცირის პირობებში, რატომ არ მიმართა ამ პეტიციის დასაკმაყოფილებლად აჭარის მთავრობას. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ აჭარის მთავრობას შემოსავლები ეზრდება ყოველთვიურად. აუდიტის სამსახურის დასკვნებში კი ჩანს, რომ მუნიციპალიტეტები კაპიტალური და სპეციალური დანახარჯებისთვის განკუთვნილ თანხას აჭარის მთავრობიდან ბოლომდე ვერ ითვისებენ. ძალიან ჩამორჩება გეგმა რეალური შესრულების მაჩვენებელს.

ჩვენთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ ქობულეთის მერიას თანხა არ აქვს, ამიტომ თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მუნიციპალიტეტს, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.

უმაღლეს საბჭოს რაც შეეხება, ჩვენ შარშან დავარეგისტრირეთ „სოლიდარობის თემთან“ და ქობულეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად 3 პეტიცია. ერთი ეხებოდა მუსლიმური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას – ხის მეჩეთების დიდი ნაწილი მაღალმთიან აჭარაში სავალალო მდგომარეობაშია.

„სოლიდარობის თემთან“ ერთად მოვითხოვეთ აჭარის მთავრობისგან, რომ მას მიემართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის და მოეთხოვა ამ მეჩეთების როგორც შესაბამისი აღწერა, ისე რეაბილიტაციის პროცესის დაწყება, რამდენსაც გასწვდებოდა ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტი.

ორიოდე დღის წინ ვინახეთ, რომ ქედაში, ზვარეს უნიკალური ხის მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს მეჩეთი გადახურა. შესაბამისად, ველით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან შესაბამის ქმედებას, რადგან უმაღლესმა საბჭომ მიმართა მას შუამდგომლობით. პროცესი უნდა გაგრძელდეს მეტი ინტენსივობით – აღწერა ნაწილობრივ არის გაკეთებული და რამდენიმე მეჩეთის რეაბილიტაცია დაწყებულია. ეს ინფორმაცია უშუალოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მოგვაწოდა.

რაც შეეხება დანარჩენ პეტიციებს, ერთი ეხებოდა მაღალმთიან დასახლებებში, განსაკუთრებით იალაღებზე დამატებით სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებისა და მოძრავი ამბულატორიების გამოყოფას. ესეც „სოლიდარობის თემთან“ ერთად შევიტანეთ. უმაღლესმა საბჭომ ამ პეტიციის განხილვა დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ 2023 წლის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ ეს საკითხი, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ დროზე არ განიხილა ეს პეტიცია. 2023 წელს მეტ აქტიურობას ველით.

  • ანუ, შედეგი არ დამდგარა?

შედეგი არ დამდგარა. შედეგი არ დამდგარა არც მესამე პეტიციასთან დაკავშირებით, რომლითაც მივმართეთ უმაღლეს საბჭოს, ეს არის აჭარის მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების ცენტრების გახსნა. შესაბამისმა კომიტეტმა დაიწყო განხილვა, წარმდგენი პირი იყო მისული დეპუტატების კითხვების საპასუხოდ უმაღლეს საბჭოში, თუმცა ეს პროცესიც დაიწყო ძალიან ნელა.

უნდა ვთქვა, რომ პეტიციებისგან განსხვავებით, უფრო ქმედითი შედეგები მოჰყვა მერიებში ჩვენი „სამოქალაქო საბჭოების“ განცხადებებს. 2022 წელს მიმართული 40 განცხადებიდან დაახლოებით ნახევარი ან გადაწყვეტილია, ან პროცესი დაწყებულია. ასე ხერხდება ვთქვათ ვაიოს სკოლის რეაბილიტაცია, კოკოტაურის სკოლის ეზოში სპორტული მოედნის გაკეთება, ხულოს რამდენი სოფელში მეწყერსაშიში ზონების გამაგრება სპეციალური ბეტონის კედლით. ასევე, ბათუმში მამია ვარშანიძისა და გოგოლის ქუცების რეაბილიტაცია.

ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ბოლომდე უგულებელყოფენ უმაღლესი საბჭო მოთხოვნებს: პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ხალხის მოთხოვნებიდან და მოქალაქეების ჩართულობიდან გამომდინარე რა შედეგიც გვინდა რომ იყოს, ამ შედეგთან ახლოს ვერ მიდის რეაგირება.

პირადად მე, როგორც საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგით დაკავებული ადამიანი, ვერ ვიგებ არგუმენტს – „საკმარისი რესურსები არ გვაქვს“ – მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი 2 საბიუჯეტო პროგრამის ფინანსურ რესურსებს ბოლომდე ვერ ითვისებენ. როგორც ვთქვი, ეს ეხება კაპიტალურ ხარჯებს და ასევე, სპეციალურ ტრანსფერებს, რომელიც აქვთ მუნიციპალიტეტებს. 33 მილიონიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ათვისებული. ეს ეხება როგორც 2020-2021 წლის მონაცემებს, ასევე 2022 წელსაც.

გამოდის, ან მუნიციპალიტეტები ვერ ამზადებენ საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი ხარისხის საპროექტო წინადადებებს, რომ მოითხოვონ ფულადი რესურსი მთავრობიდან, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდა, ან სხვა დაბრკოლებასთან გვაქვს საქმე. ეს აუცილებლად გამოსასწორებელია, რადგან სახეზეა მოსახლეობის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები, ინფრასტრუქტურული საჭიროებები, გაუხარჯავი ბიუჯეტი და არაჯეროვნად მომუშავე საჯაროს ადმინისტრირების სისტემა. ეს, საბოლოო ჯამში, აისახება ამ რეგიონში მცხოვრები თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაზე.

  • პეტიციების საკითხზე უმაღლეს საბჭოს პოზიცია ორი სიტყვით ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ – „ჩვენ გადავაგზავნეთ“. უმაღლესი საბჭოს მსგავსი ჩართულობა რამდენად საკმარისია?  

„ჩვენ გადავაგზავნეთ“ არ არის საკმარისი, არც პოლიტიკურ და არც ადმინისტრაციულ ჭრილში. საკმარისი არ არის მხოლოდ პეტიციის გადაგზავნა და მთავრობისთვის მითითება, ან რეკომენდაციის გაცემა, რომ ეს გააკეთოს.

უმაღლეს საბჭოს სასურველზე და საკმარისზე მეტი დრო აქვს და რესურსი, რომ საკითხი ჯეროვნად შეისწავლოს და ამაში ჩართოს სპეციალისტები.

ტექნიკურად უმაღლეს საბჭოს მიერ შემოთავაზებული პეტიციების წარდგენის პლატფორმა გამართულია და სასურველი რაოდენობის ხელმოწერების მიღება შესაძლებელია არათუ ერთი თვის, არამედ ერთი კვირის ვადაშიც კი – საამისოდ საკმარისია 200 ადამიანის ხელმოწერა. მაგრამ შემდეგ რა ხდება? უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული სამუშაო ხდება იმის წინაპირობა, რომ აჭარის მთავრობა, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, პეტიციით მოთხოვნილ საკითხებს აუცილებლად ითვალისწინებს?

  • დოკუმენტების თანახმად, უმაღლესი საბჭო კმაყოფილდება იმ პასუხებით, რასაც იღებენ მუნიციპალიტეტებისგან. მუნიციპალიტეტები კი ძირითადად იმას წერენ, რომ პეტიციის მოთხოვნებს მაშინ გაითვალისწინებენ, როცა შესაბამისი სახსრები ექნებათ. 

ეს პასუხი საკმარისი? ხომ შეიძლება, რომ უმაღლესმა საბჭომ ამ შემთხვევაში დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შეასრულოს სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის და თუ მუნიციპალიტეტს ნაკლები პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ნება აქვს, რაღაც ახალი ვალდებულება აიღოს კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.

უმაღლესი საბჭო, როგორც რეგიონის მთავარი საკანონმდებლო და, ამავდროულად, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველმყოფი ორგანო, უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მრავლად ჰქონდეს პროექტები, რომლებიც იწყება და სრულდება ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე. „ჩვენ მივმართეთ და მუნიციპალიტეტმა ეს პასუხი მოგვწერა“ – აბსოლუტური ფორმალობა და შინაარსისგან დაცლილი მიდგომაა.

  • „ბათუმელებმა“ შეისწავლა ერთი პეტიცია, როცა მოქალაქემ მიმართა მუნიციპალიტეტს სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით და რომ არაფერი გამოუვიდა, შემდეგ მიმართა უმაღლეს საბჭოს. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ უმაღლესმა საბჭომ პეტიცია ისევ მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა. ფაქტობრივად, მეორე წრეზე გაუშვეს მოქალაქე. უმაღლეს საბჭოს ამ შემთხვევაში არ უნდა გაეანალიზებინა, რომ ასე შედეგი ვერ დადგება და სხვა რამ არის საჭირო?

ბაღების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტს ექსკლუზიური კომპეტენცია და სხვა ამას ვერ აკეთებს, მაგრამ კაპიტალური დანახარჯების და სპეციალური ტრანსფერების მიზანი ხომ ის არის, რომ ვთქვათ, როდესაც ხელვაჩაურის მერიას უჭირს ფინანსურად და ვერ აშენებს, აჭარის მთავრობამ მას შესაბამისი რესურსი შესთავაზოს.

ბიუჯეტი, რომელიც ივსება გადასახადებიდან და ასევე სხვადასხვა ქონების გაყიდვიდან, რომლებიც მათ შორის ხელვაჩაურის ტერიტორიაზეც მდებარეობს, სწორედ მიზნობრივად უნდა მიმართონ იქ, სადაც ეს საჭიროა.

ამიტომაც ეს საკითხი უმაღლეს საბჭოს მეტი ყურადღებით უნდა გამოეკვლია – არაფერი უშლით ხელს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, მაჟორიტარებს თუ პროპორციული სიით არჩეულებს, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მუნიციპალიტეტთან. ტერიტორია არ აქვს შესაბამისი, არ იცის სად ააშენოს? არა აქვს საპროექტო წინადადება მზად, თანხა არ აქვს? – უმაღლეს საბჭოს, როგორც ორგანოს, შეუძლია დაეხმაროს მუნიციპალიტეტს, რომ მან უკეთესი სერვისი მიაწოდოს, ან გააჩინოს ის სერვისი, რასაც ხალხი ითხოვს.

მეტი რა არის საჯარო მმართველობის და ხალხზე ორიენტირებული მმართველობის მიზანი? საკანცელარიო ტიპის მუშაობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც მოსახლეობას აქვს ჭარბად – გაზიფიცირების ნელი ტემპი იქნება, ინტერნეტიზაციის პრობლემა, სარწყავი წყლების საკითხი, მეწყერსაშიში ზონებში მცხოვრებთა უსაფრთხოების, სტიქიურ ზონებში მოვლენების ცუდი განვითარება…

მართალია,  უმაღლესი საბჭო არ არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ზემდგომი ორგანო, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტები იღებენ მთავრობიდან დაფინანსებას, მას უჩნდება ბერკეტი, რომ მიმართოს, მოითხოვოს და ჩაერიოს  ხალხის ნებისა და ინტერესების საკეთილდღეოდ იქ, სადაც არ ერევა.

რა უნდა ვიცოდეთ ნაწიბურების პრევენციასა და მათ მკურნალობაზე – ექიმის რჩევები

მიუხედავად იმისა, რომ ნაწიბურის შემჩნევა და იმის სახელდება, რომ ეს ნაწიბურია, ძალიან მარტივია, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობამდე იგი დერმატოლოგმა გამოიკვლიოს და დაადგინოს, რა ტიპის ნაწიბურია. სხვადასხვა სახის ნაწიბური მოითხოვს განსხვავებულ მკურნალობას. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ არსებობს ნაწიბურების სახეობა, მაგალითად კოლოიდური ნაწიბური, რომელიც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება გაუარესდეს კიდევაც.

  • თათია, რა არის ნაწიბური, რატომ ჩნდება?

ნაწიბური არის კანის მამკვრივო კონსისტენციის წარმონაქმნი, რომელიც ჩნდება ტრავმის, დაზიანების, ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ან შეიძლება კანის ნებისმიერმა დაავადებამ დატოვოს ნაწიბური, თუ პაციენტი იწვალებს და იღიზიანებს [გამონაყარს]. ამ დროს ნაწიბური ჩნდება კანის ტრავმატიზაციის ადგილას კოლაგენის ბოჭკოების ჩალაგებისა და ფიბრობლასტების რაოდენობის შემცირების გამო. ზოგადად, კანს აქვს ასეთი მიდრეკილება. ყველა პაციენტს, ვინც იწვალებს გამონაყარს, ჩნდება ნაწიბური. შესაძლოა, ეს გენეტიკური განწყობითაც იყოს განპირობებული – მიდრეკილება ნაწიბურებისკენ.

  • რამდენად რთული სამკურნალოა აკნეს შემდეგ სახეზე დანატოვარი ნაწიბურები?

აკნეს შემდგომი ნაწიბურები საკმაოდ მტკივნეული და რთული თემაა. როდესაც აკნეს მკურნალობის შემდეგ სახეზე ჩნდება ნაჭდევები, ამოჭმული ადგილები კანზე, ე.ი. იმ ადგილზე ყველგან იყო გამონაყარი, რომელიც შემდგომ ნაწიბურად დარჩა.

პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესშიც ხშირად მექანიკურად, ანუ ხელით აღიზიანებენ გამონაყარს, რადგან შეიძლება იქ ჩირქოვანი კერა იყოს და ეს არ მოსწონდეთ. შედეგად უკვე ჩნდება ნაწიბური.

დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, ნაწიბურების მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია – არაერთი მკურნალობა ინიშნება ამ დროს, მათ შორის არის პლაზმოთერაპია, რაც აუმჯობესებს [კანის] სტრუქტურას. ასევე მკურნალობა შეიძლება დოტლაზერებით, როცა ხდება აბლაცია – ზედა ფენის აძრობა, მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს. ამ მეთოდით ნამდვილად უმჯობესდება მდგომარეობა, მაგრამ სრულად გლუვი კანის მიღწევა, რაც აკნემდე იყო, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ამიტომ აკნეს ხელი არ უნდა მოვიკიდოთ, არ უნდა ვიწვალოთ. ეს განსაკუთრებით უჭირთ მოზარდებს, მაგრამ ჯობია აკნე ტონალური კრემით ან პუდრით გადავიფაროთ, ვიდრე ვიწვალოთ. წავლების შემდგომ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ აღვადგინოთ კანი.

Mayoclinic: მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კონტრასტი დაუცველ კანსა და ნაწიბურს შორის.

  • რა პრინციპით მუშაობს პლაზმოთერაპია და დოტლაზერი?

პლაზმოთერაპიის დროს პაციენტისგან იღებენ სისხლს, სისხლიდან პლაზმას, რომელიც გაჯერებულია ერითროციტებით. შემდეგ ამ პლაზმის ინექციები კეთდება ნაწიბურებში, რომელიც ავსებს მას და აუმჯობესებს მდგომარეობას. რეკომენდებული პლაზმოთერაპიის 3-5 პროცედურა.

ასევე კეთდება ფილერი – ივსება ნაწიბურები.

დოტლაზერით კი ხდება აბლაცია, ანუ აცლა მკვდარი კანისა და ნაწიბურების. ამის შემდეგ თვე-ნახევარში, ორ თვეში პაციენტი ხელმეორედ მოწმდება, როგორ წავა პროცესი.

  • მკურნალობის შედეგზე თუ აქვს გავლენა იმას, ნაწიბურის გაჩენიდან რამდენ ხანში მივმართავთ ექიმს?

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდის მიმართავს პაციენტი ექიმს. როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში – თუ პირველ სტადიაზე მოვა, შანსი გადარჩენის და გაუმჯობესების მეტია. მნიშვნელოვანია, ნაწიბურები რა დროინდელია – 40 წლის პაციენტი რომ მოვა, რომელსაც 15 წლიდან აწუხებს აკნე და ნაწიბურები, რა თქმა უნდა, პროცესი დროშიც უფრო ხანგრძლივი იქნება და ალაგების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ამ ყველაფრის შესახებ პაციენტებსაც ვეუბნებით. ყველანაირად ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და ისინიც მოგვყვებიან.

  • რომელი ტიპის ნაწიბურია ყველაზე საყურადღებო?

აკნესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე რთული ე.წ. კელოიდური ნაწიბურია, რომელიც შედარებით დიდი ზომისაა სხვა ნაწიბურისგან განსხვავებით, მკვეთრად წამოწეულია კანის ზედაპირიდან და ზემოდან არის პრიალა. შეიძლება იყოს ხაზოვანი, შეიძლება იყოს ნაწიბუროვანი. აქვს წითელი ან მოიასამნისფრო შეფერილობა. ეს შეიძლება იყოს აკნეს შემდგომ დატოვებული კელოიდი, ან ქირურგიული განაკვეთის შედეგად ჩამოყალიბებული.

არ შეძლება ამ კელოიდური ნაწიბურის ალაგება ლაზერით, არც ქირურგიული ჩარევა არ შეიძლება, ერთადერთი რაც კეთდება კელოიდური ინექციაა, კონკრეტული წამლის ინექცია კელოიდში. მისი სრული ალაგება არ ხდება.

  • რა პრინციპით მუშაობს ეს ინექცია?

უშუალოდ კელოიდში კეთდება ინექცია, ოღონდ ამ ინექციის შემდგომ, სრული ალაგება არ ხდება, უბრალოდ, რადგან კელოიდი ამობურცულია, ინექციის შედეგად კანის ზედაპირს გაუსწორდება და აღარ იქნება იმდენად შესამჩნევი, ანუ კელოიდი უნდა ჩავიდეს კანზე.

ინექციები კეთდება ერთი თვის შუალედში, შეიძლება დასჭირდეს 3-5 [პროცედურა], თუ პატარაა კელოიდი შეიძლება ერთი ინექციაც იყოს საკმარისი, კელოიდს გააჩნია რამხელაა და როგორ გამოიყურება.

  • რატომ ტოვებს ჩუტყვავილა ნაწიბურებს?

იმდენად შემაწუხებელი ქავილი ახასიათებს ამ გამონაყარს, რომ წარმოუდგენელია მოთმენა, მით უმეტეს თუ პაციენტი ბავშვია. განსაკუთრებით რთულია, თუ ბუშტუკოვანი გამონაყარი – თავში, სახეზე, სასქესო ორგანოებზე საშინელი ქავილი ახასიათებს. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა დაითრგუნოს ქავილი, დაენიშნოს პაციენტს ქავილის საწინააღმდეგო პრეპარატები დღისითაც და ღამითაც. როდესაც ქავილისგან ეს ბუშტუკი სკდება, მერე უკვე ჩაღრმავებასავით ნაწიბური ჩნდება. შეიძლება ზოგან გაჩნდეს, ზოგან არა. სახეზე ძალიან ხშირად რჩება, ამოჭმულივით.

  • როგორია ჩუტყვავილას ნაწიბურების პრევენცია და მკურნალობა?

ჩუტყვავილას დანატოვარი ნაწიბურებისთვის ბევრი საშუალებაა დღეს, რაც შეგვიძლია მივაშველოთ, ბევრ ბრენდს აქვს სიკალფატი, რომელიც თუთიას შეიცავს და აღმდგენი კრემიცაა, ანუ კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. მისი გამოყენება, დღეში ერთხელაც რომ წაისვას პაციენტმა, ერთი-ორი თვით აუმჯობესებს მდგომარეობას. თუ ახალი ნაწიბურებია, ახალი გადატანილია [ჩუტყვავილა] შეიძლება აღადგინოს კიდეც ბოლომდე.

ასეთი კრემები იყიდება, ყველა ბრენდს აქვს, უნდა მოიკითხოთ აღმდგენი კრემი, ანტიბაქტერიული, ის თუთიასაც შეიცავს, კანის რეგენერაციას უწყობს ხელს და უსაფრთხოა; სტეროიდი, ანუ ჰორმონი არ არის, შესაბამისად, მისი გამოყენება ხანგრძლივად შეიძლება. რაც უფრო მალე დაიწყება გამოყენება, მით უკეთესი, როცა ბუშტუკი ჩაცხრება და პირი უჩანს, რომ უნდა აგვილაგდეს გამონაყარი, მალევე უნდა დავიწყოთ.

ჩუტყვავილას შემდეგ ლაქები ჩვეულებრივად იქერცლება და ლაგდება, შეიძლება ხანგრძლივად დარჩეს, თუმცა ლაქები ასევე ექვემდებარება პილინგის თერაპიებს.

მშობლები უნდა გავაფრთხილოთ, რომ ქავილის დასაცხრობად თავიდანვე ჩართონ მკურნალობაში ანტიჰისტამინები [ანტიალერგიული საშუალებები]. აღმდგენი კრემების გამოყენება, ჩუტყვავილას დროსაც შეიძლება, რადგან ძალიან კარგად ახმობს ბუშტუკოვან გამონაყარს და ეხმარება მოშუშებაში.

  • რატომ არის კელოიდური ნაწიბური განსაკუთრებით საფრთხილო?

კელოიდური ნაწიბურისგან თავს იმიტომ ვერ ავირიდებთ, რომ თუ კანს მიდრეკილება აქვს კელოიდისკენ, ის მაინც ჩამოყალიბდება. დავიმახსოვროთ, რომ თუ კელოიდურ ნაწიბურზეა საუბარი, ქირურგიული წესით არ უნდა ამოიკვეთოს. როგორც კი ამოვკვეთთ ქირურგიული წესით და ნაკერი დაიდება, ნაკერზე ისევ კელოიდი წარმოიქმნება. მას ხელი არ უნდა მოვკიდოთ.

გვქონდა ჩვენ რამდენიმე შემთხვევა, როცა პაციენტს პატარა, 5 მილიმეტრიანი კელოიდური ნაწიბური ჰქონდა და 4 თუ 5 ქირურგის არასწორი ჩარევის შედეგად, დღეს ლავიწიდან ლავიწამდე აქვს, ამხელა ზომის კელოიდი ჩამოუყალიბდა არასწორი მკურნალობით. ამ ადამიანს მუშაობაშიც კი ეშლება ხელი,იმდენად აწუხებს ტკივილი ვერ იმართება – გადაჭიმული აქვს ერთ ლავიწიდან მეორეზე და ახლა ვეხმარებით ინექციებით, რომ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, დაჭიმვისა და ტკივილის შეგრძნება ავარიდოთ.

დერმატოლოგმა უნდა დასვას დიაგნოზი, დაადგინოს პაციენტს აქვს კელოიდი თუ ჩვეულებრივი ნაწიბურია. თუ ქირურგი შესთავაზებს [ოპერაციას], გადამოწმება მაინც სასურველია.

80 წლის ვეტექიმი ქობულეთიდან, რომელიც 1800 პირუტყვს მკურნალობს

„ქობულეთში 17 სოფელს ვემსახურები, დაახლოებით 1800 საქონელია, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მივიდე თითოეულთან… მაგის გარდა, ძაღლია, კატაა, ღორი ცოტას ჰყავს ძალიან,“ – ამბობს 80 წლის ავთანდილ მიქელაძე. ის  ვეტერინარია და მის სამსახურზე გვიყვება.

„აჭიდან და ქაქუთიდან მოყოლებული, ჩამოვყვები სოფლებს: ლეღვა, სკურე, ჩეხედანა…“ – თითებზე ითვლის 17 სოფელს 80 წლის კაცი, სადაც მას გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. ვეტერინარი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემას ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც საქონლის უფასოდ აცრაზე უარს ეუბნებიან.

„ღმერთმა ქნა, ევროპა უფასოდ გვიგზავნის ამ წამლებს, ჩეხეთიდან მოდის ეს ვაქცინა, მეც უფასოდ ვემსახურები. ზოგი მეუბნება, არ უნდა აცრა, სახლში მყავს მაინც დაბმული, ჩემს ეზო-კარშიო.

შენს ეზო-კარშია ეგება, მარა ცოფიანი რომ იყოს, მაგალითად, ძაღლი და ბალახზე დატოვოს ნერწყვი? მერე ის ბალახი რომ შენმა საქონელმა მოძოვოს?

მაგას თავი დაანებე, ზღარბი და ვირთხაც ცოფის გადამტანები არიან,“ – ბრაზობს ავთანდილ მიქელაძე და შემდეგ კონკრეტულ ამბავს იხსენებს:

„ციხისძირში იყო შემთხვევა: უარი მითხრეს აცრაზე. რამდენიმე დღეში ის კაცი რეკავს ცხელ ხაზზე, საქონელი ცუდად გამიხდაო. ჩვენ ხელმოწერილი დოკუმენტი ვაჩვენეთ, რომ უარი განაცხადა. უარის თქმის უფლება არ აქვთ, მაგრამ როცა კატეგორიულად მოწინააღმდეგეა საქონლის პატრონი, ხელს ვაწერინებთ.

ბრუცელოზზე საჭიროა აცრა, ციმბირის წყლულია, „თურქულის“ სახელით ცნობილი დაავადება, წელიწადში ორჯერ მაინც სჭირდება საქონელს აცრა, რომ მისი რძე დაზღვეული იყოს, ბავშვებისთვისაც რომ სასარგებლო იყოს და უვნებელი.

ტურებიც ძალიან საშიშია, შარშან გვქონდა ჯიხანჯურში შემთხვევა – ცოფიანმა ტურამ დაკბინა საქონელი.

ძირითადად საღამოობით მივდივარ ოჯახებში, როცა საქონელი ასაცრელია. ზოგი მესაკუთრე ფეხს ითრევს, არაა ჯერ დასაბმელი, არ შემყვება ბოსელშიო, მერე იზლაზნება და ისე გამოაქვს პასპორტი. შეიძლება, ბოლოს, უარი თქვას მაინც აცრაზე, ესაა საქმე?“ – კითხულობს 80 წლის ვეტერინარი.

ვეტერინარის თქმით, მისი ხელფასი ხელზე 1200 ლარია,  თუმცა იხდის საპენსიო დანაზოგს. ამ ხელფასიდან უნდა დაიფაროს საწვავის ხარჯიც.

„2017 წელს დავსაქმდი და პენსია მომიხსნეს – პირიქით, მაჭრიან საპენსიოს თანხას, დაახლოებით 200 ლარს…

ახლა ტრანსპორტი დამინიშნეს, მეწყვილე მყავს, ფეხით ყველგან ვერ მიხვალ, არ მოესწრებაო. კი, ბატონო, მარა საწვავის ფული ჩემი ხელფასიდან უნდა დაიფაროს. აქამდე მოკლე-მოკლე გზები ვიცოდი და ისე დავდიოდი სოფლიდან სოფელში, სულ ფეხით დავდიოდი…“ – გვიყვება ავთანდილ მიქელაძე.

ვეტერინარი გვესაუბრა ომზეც. მისი აზრით, ახლა უკრაინისთვის დროული მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ამერიკამ რომ მოინდომოს, ორ კვირაში დაასრულებს ომს. რუსს მისი ტყვია-წამალი აქვს და ატომური ბომბები, ამიტომ მიხმარება უნდა. მე რუსეთში დავასრულე ვეტერინარული ტექნიკუმი და ვიცი ყველაფერი.

ევროპა იქნება ჩვენთვის კარგი. მიმოსვლა იქნება, ვაჭრობა, თავისუფლება, ომი არ იქნება და უბედურება, რაც ახლაა. ადრე რომ ყოფილიყო ეს ამბავი, უკეთესი იქნებოდა.

დროულად უნდა მხარის დაჭერა უკრაინას. მე ახლა ომში ვერ წავალ… ცოდვაა, ამხელა ბაღნები იხოცებიან,“ – ხელით გვაჩვენებს ბავშვების სიმაღლეს, რომელთა დახოცვაზე ვეტერინარს ამბავი ახალ ამბებში უნახავს.

არ დააკმაყოფილეს ყოფილი პატიმრის სარჩელი, რომელსაც ციხეში 10 წლით აბრუნებენ – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრების სარჩელი, რომლებსაც სულ ცოტა 10-10 წლით აბრუნებენ ციხეში.

პატიმრებმა – ლეონიდე მიქაბერიძემ და მირზა გიგლემიანმა ციხიდან გააგზავნეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმ სამართლებრივი ნორმის [სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე”] არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს, რომელიც ციხეში, სასჯელის მოხდის პერიოდში, ახალი დანაშაულის ჩადენას ეხება.

ამ სარჩელის არსებითი განხილვა 2020 წლის ივნისში დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის 3 წელი დააგვიანა. ამასობაში, მაგალითად, მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე, ვინც კანონის კონკრეტული ჩანაწერი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა, პატიმრობაში აღარაა, გარეთაა ბრალდებულის სტატუსით, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა ის ციხეში შეაბრუნონ.

ლეონიდე მიქაბერიძე 2022 წლის დეკემბერში „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულებულია, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოტანა გადადო. ყოფილი პატიმარი იმ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დროულად გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ლეონიდე მიქაბერიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ლეონიდე მიქაბერიძე პატიმრობის დროს ხშირად აპროტესტებდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას სასამართლო დავაც აქვს მოგებული სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ.

ლეონიდე მიქაბერიძე 6 წელი და 4 თვე იყო ციხეში. ის იურისტი არ არის, თუმცა ციხეში ყოფნის დროს კანონებს გაეცნო და დამოუკიდებლად დაწერა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

ლეონიდე მიქაბერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 10 ივლისს გამოუტანა განაჩენი, 2017 წლის 14 აგვისტოს კი, მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდების დადგენილების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 5 ივნისს, მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამავე წლის 4 დეკემბერს კი, მან ფიზიკურად შეურაცხყო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე. ორივე შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა გამოიხატა სახის არეში ხელის დარტყმაში.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, 2017 წლის 10 აპრილს ლეონიდე მიქაბერიძემ ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ამ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს ელექტრომადუღარადან შეასხა ცხელი წყალი, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ლეონიდე მიქაბერიძე ბრალს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მას ციხის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო სჯიან.

კიდევ ერთ მოსარჩელე, მირზა გიგლემიანი [მან ცალკე სარჩელით მიმართა საკონსტიტუციოს, შემდეგ კი, ორი პატიმრის სარჩელი გაერთიანდა] თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 21 ოქტომბერს გაუსამართლებია 108-ე მუხლის მიხედვით – მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

2016 წლის 17 ნოემბერს კი, მირზა გიგლემიანს ბრალი წარუდგინეს  სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ბრალდების დადგენილების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ამ მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა – მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა.

მათთვის პრობლემურია გასაჩივრებული ნორმით აკრძალული ქმედებისთვის არა ზოგადად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების შესაძლებლობა, არამედ სასჯელის კონკრეტული ზომა – თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.

ამ სარჩელზე მოპასუხე მხარე პარლამენტი იყო. პარლამენტის წარმომადგენლების თქმით, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები წარმოადგენენ გარკვეული რისკის მქონე პირებს.

„არსებული მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებში მსჯავრდებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება თანამშრომელთა რაოდენობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაცია თანაბრად იცავს როგორც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების შიგნით მომუშავე პირს, ასევე, ზოგადად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც მსჯავრდებულის გადაყვანისას ან ექსტრადიციისას აქვს მასთან უშუალო შეხება.

შესაბამისად, ასეთ დროს განსაკუთრებით უნდა მოხდეს იმ რისკების დაზღვევა, რომლებიც მომდინარეობს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისგან,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რატომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრების სარჩელი?

„…სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებელი მოქმედებს ფართო მიხედულების ფარგლებში. შესაძლებელია, კანონმდებელი კონსტიტუციის მე-9 მუხლით დასაშვებ ფარგლებში მოქმედებდეს ამა თუ იმ ქმედების ჩადენისთვის სასჯელის სახით როგორც 5 წლამდე, ასევე 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას.

კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ფასდება, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმით განსაზღვრული პატიმრობა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არა ის, თუ რამდენად თანასწორად ისჯებიან მსგავსი საფრთხის შემცველი დანაშაულის ამსრულებლები.

პირთა კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომელთან მიმართებითაც, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები არ ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება კონსტიტუციის მე-9 მუხლის საწინააღმდეგოდ, თუ მისი სიმძიმე მკვეთრად, უხეშად დისპროპორციული იქნება ქმედების უმართლობის ხარისხთან და მისგან მომდინარე საფრთხეებთან.

სადავო ნორმით დასჯადია აგრესიული, ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართულია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ფიზიკური ტკივილის ან ფსიქიკური ტანჯვის მიყენებისკენ.

ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას. პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ნების საწინააღმდეგოდ მოთავსებული არიან გარკვეული რისკის მქონე მსჯავრდებულები.

შესაბამისად, მსგავს გარემოში მომეტებულად არსებობს აგრესიული ქცევის რისკი. მაშასადამე, მუდმივია საფრთხე იმისა, რომ ძალადობის ცალკეული შემთხვევა გადაიზარდოს მასიურ არეულობაში და გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი.

შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობრივად გამოხატული წესრიგის დარღვევა, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ ძალადობის ფაქტს მძიმე შედეგი არ მოჰყვება, თავისთავად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული საფრთხეების პრევენციისათვის კანონმდებელი უფლებამოსილია, მიიღოს განსაკუთრებული ზომები, მათ შორის, შექმნას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები და მათი დარღვევისათვის გაითვალისწინოს მძიმე სასჯელი.

…ამავე დროს, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევი პირი სჩადის ახალ, განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს. დანაშაულის განმეორებით ჩადენა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც კანონმდებლის მიერ მძიმე სასჯელის განსაზღვრის ლეგიტიმაციას ზრდის.

ბუნებრივია, ასეთ დროს კანონმდებელმა, შეიძლება ლეგიტიმურად ჩათვალოს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა კონკრეტული პირის მიმართ შედარებით რთულად ხორციელდება და საჭიროა მიდგომის გამკაცრება. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნის უზრუნველსაყოფად თანამშრომელზე ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევების მძიმედ დასჯის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას.

საკონსტიტუციო სასამართლო აცნობიერებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დაწესებული სასჯელი არის ძალიან მძიმე და კანონმდებლის მიერ განხორციელებული მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს.

ბუნებრივია, მძიმე შედეგების გამოწვევის გარეშე, ძალადობის, დაახლოებით, იმ სიმკაცრით დასჯა, როგორც, მაგალითად, ყაჩაღობის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა ისჯება, შესაძლოა, აჩენდეს სასჯელის მომეტებულად მკაცრად აღქმის რისკებს, თუმცა სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, ამა თუ იმ სფეროში არსებული მომეტებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია კანონმდებლის პრეროგატივაა.

საფრთხის მნიშვნელობაზე, შესაძლოა გავლენას ახდენდეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, სპეციფიკურად საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მავნე ჩვევები ანდა ესა თუ ის პრობლემა, რომელთან ბრძოლა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. შესაბამისად, სწორედ კანონმდებელია კომპეტენტური, მიიჩნიოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის ძალადობრივი დარღვევა ყაჩაღობის მსგავს საფრთხეებს შეიცავს.

საკონსტიტუციო სასამართლო კი, პარლამენტის ხსენებულ დისკრეციაში არ ჩაერევა მანამ, სანამ კანონმდებლის მიდგომა აშკარად არაგონივრულ ფორმებს არ მიიღებს.

ბუნებრივია, მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას იხელმძღვანელოს პირადი განწყობებით ამა თუ იმ ქმედებასა და სასჯელს შორის შესაბამისობის შესახებ.

იმისათვის, რათა სასჯელის არაპროპორციულობა დადგინდეს, სახეზე უნდა იყოს ხელშესახები ფაქტორები, რომლებიც წარმოაჩენდა, რომ პარლამენტი გასცდა მის დისკრეციას, უფლებამოსილება გამოიყენა ისე, როგორც არ არის დასაშვები დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული კანონმდებლობისთვის.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო ნორმით დაცული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე. ამავე დროს, სასჯელი დგება იმ პირის მიმართ, რომელიც უპირატესადაა პასუხისმგებელი ხსენებული სიკეთის [პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის] ხელყოფაზე და, ამავე დროს, დანაშაულს სჩადის მაშინ, როდესაც წინა დანაშაულისათვის სასჯელი, ჯერ კიდევ, არ მოუხდია,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

სისასტიკით ცნობილმა პრიგოჟინმა უკრაინელ ტყვეებს გათავისუფლებამდე წარმატებები უსურვა – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ შესაძლოა 16 აპრილის სამხედრო ტყვეთა გაცვლა, რომლის შედეგადაც 130 უკრაინელი ტყვე დაბრუნდა სამშობლოში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან დამოუკიდებლად, პირდაპირ „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან შედგა.

როგორც ISW-ი წერს, უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს 130 უკრაინელი სამხედრო ტყვის უკრაინაში დაბრუნება, თუმცა არ აღუნიშნავთ, რამდენ რუს სამხედროში გაცვალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გადაუხვია თავის ჩვეულ რუტინას და სამხედრო ტყვეთა გაცვლა საერთოდაც არ დაადასტურა. „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კი გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც „ვაგნერელები“ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ამზადებენ გაცვლისთვის.

ISW-ის ანგარიშის მიხედვით, სამხედრო ტყვეების გაცვლაში პრიგოჟინის ჩართულობა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასიურობა შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ავტონომიურობას ინარჩუნებს და  სამინისტროსგან დამოუკიდებლად მოახერხა უკრაინის მთავრობასთან გაცვლაზე მოლაპარაკება.

გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ მან „ვაგნერის“ ძალებს უბრძანა უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის გათავისუფლებამდე წყალი და საჭმელი მიეცათ, პირადად კი წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა.

ამერიკელი ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ „ვაგნერი“ ცნობილია სამხედრო ტყვეთა მიმართ არასათანადო მოპყრობით, მათ შორის, მონაწილეობდა რამდენიმე გახმაურებულ სიკვდილით დასჯაში – როგორც უკან დაბრუნებული თავიანთი თანამებრძოლის, ასევე ტყვე უკრაინელი სამხედროსი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაჯგუფებასთან ასოცირებულმა სამხედრო ბლოგერმა გააკრიტიკა პრიგოჟინის გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა ამდენი უკრაინელი სამხედრო ტყვე მაშინ, როდესაც მოსალოდნელია უკრაინის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა.

თავად ომის კვლევის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ პრიგოჟინის გადაწყვეტილება ახლა, ამდენი უკრაინელი სამხედრო ტყვეს გათავისუფლებაზე, დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ სანაცვლოდ მან „ვაგნერის“ ძალიან მნიშვნელოვანი წევრები დაიბრუნა და მათ ბრძოლის ველზე დაბრუნებას გეგმავს.

ანგარიშში ასევე განხილულია პრიგოჟინის მიერ სისასტიკის წახალისების ტენდენცია, ტყვეთა ბოლო გაცვლის დროს გამოჩენილი „კეთილშობილების“ ფონზე. როგორც ვკითხულობთ, მან ადრე „ვაგნერელი“ სამხედრო ტყვეები მოღალატეობაში დაადანაშაულა და მათ სიკვდილით დასჯას დაუჭირა მხარი.

16 აპრილის ტყვეთა გაცვლის პირობები სავარაუდოდ მიუთითებს, რომ „მისთვის რუსი ულტრანაციონალისტების სიამოვნებისა და საბჭოთა სასტიკი ძალის გადმოღება-დემონსტრირების ნაცვლად, პრიორიტეტია „ვაგნერის“ შემცირებული დანაყოფების ხელახლა შევსება“.

ISW-ის ანგარიშში ასევე განხილულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის კომენტარი 16 აპრილის სამხედრო ტყვეთა გაცვლაზე. კადიროვმა განაცხადა, რომ 5 ჩეჩენი დაბრუნდა ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, მაგრამ მან უარი თქვა დაბრუნებულებთან შეხვედრაზე გროზნოში.

კადიროვის მტკიცებით, ამ ხუთმა ჩეჩენმა მებრძოლმა თავიანთი ღირსება ფრონტის ხაზზე დაბრუნებით უნდა დაამტკიცოს.

კადიროვის განცხადებით, ჩეჩნები ტყვეობას აღიქვამენ არა როგორც იარაღის დაყრის საბაბს, არამედ როგორც იძულებას.

„კადიროვი სამხედრო ტყვეთა გაცვლას სავარაუდოდ იმისათვის იყენებს, რომ გაიმყაროს ყოვლისშემძლე და სასტიკი ძალოვანის რეპუტაცია“, – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

მთავრობა საბჭოთადროინდელი უფუნქციო შენობების ნგრევას იწყებს – დაიხარჯება 5,6 მილიონი

ქონების ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ძველი, ძირითადად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დროს აშენებული და დღეისათვის სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობების“ დემონტაჟს იწყებს.

დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, სულ არის 372. მათი დემონტაჟისთვის კი, ბიუჯეტიდან 5 მილიონ 635 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვით ანუ ტენდერის გარეშე დაიხარჯება.

შესაბამისი თანხმობის მისაღებად ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, თუმცა არ არის მითითებული ამ ობიექტების კონკრეტული მისამართები.

  • „აღნიშნული შენობები დროთა განმავლობაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიღებული დაზიანებებისა და სიძველის გამო ამახინჯებს გარემოს იერსახეს და საფრთხის შემცველია სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის.
  • სტიქიური მოვლენები, რომელთა წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, მნიშვნელოვნად აუარესებენ აღნიშნული შენობა-ნაგებობის მდგომარეობას და კრიტიკულად ზემოქმედებენ მათზე, როგორც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ ობიექტებზე.
  • შესაბამისად, მიზანშეწონილია საფრთხის პრევენციის მიზნით ღონისძიებები განხორციელებულ იქნას მაქსიმალურად მოკლე ვადებში.“ – აცხადებს ქონების ეროვნული სააგენტო.

სააგენტო მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვას იმ საფრთხის პრევენციით ხსნის, რასაც ამ ობიექტების სიძველე და სტიქიური მოვლენებით მიღებული დაზიანებებითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია ისიც, რომ „სიძველის“ და „სტიქიის“ გარდა, ეს შენობები [ყოფილი ფაბრიკა-ქარხნები, კოლმეურნეობების და სხვა ობიექტები] უკვე წლებია იძარცვება [იტაცებენ, სხვადასხვა მასალას, მაგალითად, აგურს, რკინას და ა.შ.]

ქონების სააგენტო იმაზეც მიუთითებს, რომ „არ არის გამოკვლეული შენობა-ნაგებობების მიმდინარე მდგომარეობა/მდგრადობა, რაც შესაბამისი ექსპერტების მიერ უნდა შეფასდეს“.

მიუხედავად ამისა, ქონების სააგენტოში დარწმუნებულები არიან, რომ ეს შენობები „ერთი შეხედვით, სავარაუდოდ, უკვე ატარებენ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ რისკებს.“

ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია / 17.04.2023 / სუფსა, ლანჩხუთი

ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ

  • „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, საჭირო გახდება ტენდერების დაყოფა გეოგრაფიული ფაქტორის, სამუშაოების ტიპოლოგიისა და კლასიფიკატორების გათვალისწინებით – აღნიშნული წარმოქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ათეულობით სხვადასხვა ღირებულების მქონე ტენდერის გამოცხადების საჭიროებას.
  • ასევე შესყიდვის ობიექტის სპეციფიკურობა გაზრდის ტენდერების არ შედგომის ან უარყოფითი შედეგით დასრულების რისკებს, ყოველივე აღნიშნული კი მკვეთრად გაახანგრძლივებს ღონისძიებების განხორციელების ვადებს.
  • იმის გათვალისწინებით, რომ შენობა-ნაგებობები სიძველის, ასევე უკვე განვითარებული სტიქიური მოვლენებით მიღებული დაზიანებების შედეგად უკვე ატარებენ სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ რისკებს, მიზანშეწონილია ღონისძიების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შემაფერხებელი გარემოებების გარეშე მივიღოთ სადემონტაჟო სამუშაოები.“

დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა / წყარო: ქონების ეროვნული სააგენტო

ეს შენობები, სააგენტოს გათვლებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დაანგრიონ.

როგორ დაიხარჯება 5 635 000 ლარი:
  • 250 000 ლარი გათვალისწინებულია „საექსპერტო/საზედამხედველო მომსახურებისთვის“;
  • 385 000 ლარი – „საინჟინრო/საექსპერტო დასკვნის საფუძველზე დემონტაჟისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად“;
  • 5 000 000 ლარი კი – შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის.

ტერფის დაავადებების ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხსაცმელია – პოდოლოგის რჩევები

სხვადასხვა სახის მიკრო თუ საშუალო ინტენსივობის ტრავმა ფეხის ტერფზე საკმაოდ გავრცელებულია. ტერფის პრობლემებთან დაკავშირებულ სიმპტომებზე და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ რისკებზე „ბათუმელები“ კლინიკა „კანის“ ექიმ-პოდოლოგს, ნიკა ძნელაძეს ესაუბრა.

  • რა სიმპტომები მიგვანიშნებს ტერფთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

პოდოლოგია არის დარგი, რომელიც შეისწავლის ფეხის ტერფთან დაკავშირებულ დაავადებებს. ეს დაავადებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც კანზე, ისე ფრჩხილის ზედაპირზე.

პოდოლოგს უნდა მივმართოთ, როდესაც გვაქვს ისეთი ჩივილები და დიაგნოზი, როგორიც არის: ტერფის კოჟრი, გაუხეშებული გარქოვანებული ქუსლი (როცა ქუსლზე არის ნაპრალები), ვირუსული წარმოშობის მეჭეჭი, დიაბეტური ტერფი (როცა ტერფზე ჩნდება წყლული).

ფრჩხილს რაც შეეხება, შეიძლება იყოს სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციები, ფრჩხილის პოსტტრავმული დეფორმაცია (ონიქოდისტროფია), ჩაზრდილი ფრჩხილი, ფრჩხილის ფირფიტის გასქელება (ონიქოგრიფოზი), ფრჩხილებქვეშ მეჭეჭი და როცა პაციენტი საჭიროებს ფრჩხილის ფირფიტის ბრეკეტირებას.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ონიქოლიზისი, როცა ფრჩხილის ფირფიტა აწეულია, ჰაერშია და არ არის დამაგრებული თავის სარეცელზე. გამწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დაუდგენელი.

ასევე გავრცელებულია ტრავმისმიერი მდგომარეობა, მაგალითად, ფეხის ფრჩხილზე ფეხსაცმლისგან გამოწვეული, ხოლო ხელის ფრჩხილზე შეიძლება ეს მდგომარეობა მივიღოთ სალონებში ფრჩხილის გასუფთავებისას, ისეთი აგრესიული მანიპულაციის დროს, როგორიცაა ღრმა ამოჭრა ე.წ. შილაკის გაკეთების შემდგომ და ასე შემდეგ. 

  • რა იწვევს ქუსლზე ნაპრალებს?

ქუსლის ან ტერფის ჰიპერკერატოზი – ეს არის კანის გარქოვანებული, კერატოზური უბნები ტერფის საყრდენ წერტილებზე. ქუსლის შემთხვევაში ნაპრალებიც და სიმშრალე გამოხატულია ქუსლის რკალზე. გარქოვანების შემდეგ იწყება ნაპრალები და ნახეთქები ქუსლზე, რადგან გარქოვანებული კანი სკდება. 

გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ტერფის დგომა, კანის სიმშრალე და სხვა ბევრი რამ, მათ შორის ფეხსაცმელიც; ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფი როგორ დგას, შეიძლება გამოიწვიოს ბრტყელტერფიანობამაც.

ძირითადად ნახეთქები ვისაც აქვს, იხეხავენ, სილამაზის სალონებშიც აქვთ ასეთი სახეხი საშუალებები. ეს არ არის გამოსავალი, რადგან ამ გახეხვით ვაფართოებთ ნაპრალს. სადაც ნაპრალებია, იქ ქსოვილია გახსნილია, გახეხვით კი ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ინფექციის შეჭრას, ამიტომ უმეტესად ვასუფთავებთ სკალპელით, ვჭრით გარქოვანებულ კანს და ვამუშავებთ აპარატით – ვწმენდთ. სიმძიმის მიხედვით ვნიშნავთ შარდოვანას შემცველ სამკურნალო კრემებს. 

ქუსლები არ უნდა გაიხეხოს პაციენტმა, რადგან უფრო მეტი რისკია ჩამოყალიბდეს კერატოზი და გაიზარდოს არეალი. ამ დროს პაციენტს ვურჩევთ გამოიყენოს ორთოპედიული საფენები და ვამუშავებთ ქუსლს 3-4 კვირაში ერთხელ. 

  • რამდენად სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას პაციენტს ექიმთან დაგვიანებით მისვლის შედეგად?

მაგალითად, ფრჩხილის ფირფიტა შეიძლება დაზიანდეს ქრონიკული დაავადებების დროს და ტრავმით. ტრავმაში არ იგულისხმება მაინცდამაინც რაღაც მძიმეს დაცემა, ტრავმა შეიძლება მივიღოთ როგორც ფეხსაცმელთან პერმანენტული შეხებით, ისე ტერფის არასწორი დგომით, რადგანაც ეს იწვევს თითების არასწორ დგომას, რაც, რა თქმა უნდა, აზიანებს ფრჩხილის ფირფიტებს.

დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტები ზიანდება სხვადასხვანაირად. მაგალითად, იწყება ფრჩხილის ფირფიტის აცილება თავისი, ზედაპირიდან/სარეცლიდან. შემდეგ იწყება ფრჩხილის ფირფიტის არა პირდაპირი, არამედ ჰაერში ზრდა, იწყება გარქოვანება და გასქელება, იქვე შეიძლება გვქონდეს სისხლჩაქცევა.

ამიტომ ჩემი რეკომენდაციია, როდესაც უკვე შეგვაწუხებს ფრჩხილის ფირფიტის რომელიმე სიმპტომი, მივმართოთ პოდოლოგს, რომ შემდგომ გართულებები ავიცილოთ თავიდან. ეს ყველა გართულება ნელ-ნელა ეტაპობრივად ვითარდება, ჯერ ომიქოლიზისი – აცილება, შემდეგ ომიქოგრიფოზი – გასქელება ფირფიტის, რომელსაც ხშირად ახასიათებს ფრჩხილის ცალმხრივი დევიაცია, ანუ შემოგრეხა.

ასეთი პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს პარონიქია – პარონიქუმის (ფრჩხილის ირგვლივ ნაწილის) ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს ქრონიკული.

  • ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგვცეთ ფეხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?

ყოველთვის კარგია, თუ მივცემთ საშუალებას ფეხს, რომ ჟანგბადი მოხვდეს, ასე ვთქვათ, ისუნთქოს. ჩახუთული ფეხსაცმელი იწვევს სხვადასხვა ინფექციას, მუდმივად ჩაცმული ფეხსაცმელი აზიანებს ქუსლს, ფრჩხილის ფირფიტებს. ასევე, როცა ტერფი ოფლიანობს, თითებს შორის ხდება ქსოვილის დახეთქვა, ამიტომ მუდმივად არ უნდა გვეცვას ფეხსაცმელი. დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მივცეთ ფეხს სუნთქვის საშუალება, განსაკუთრებით სიცხეში.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ხშირია ფეხშიშველი სიარულის შემთხვევები, ასეთ დროს მეჭეჭის გავრცელების რისკი მაღალია. მეჭეჭი არის ვირუსული გენეზის დაავადება, რომელსაც იწვევს პაპილომა ვირუსის ერთ-ერთ ჯგუფი, ეს არის ვირუსი, ხდება თუ არა კანის ზედაპირზე, სადაც კანის ბარიერი არის გარღვეული (თუნდაც აქერცლილი), იწყებს ზრდას ღრმად ქსოვილებში.

მეჭეჭი უფრო მეტად გამოხატულია ფეხის ტერფზე, შესაძლოა იყოს ხელის თითებზეც. 

მეჭეჭი ადამიანიდან ადამიანზე გადამდებია, შესაბამისად გადადების რისკი მაღალია ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ადამიანებიც დადიან ფეხშიშველი, მაგალითად აუზზე, სპორტულ დარბაზში და ა.შ.

მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივიც შეიძლება იყოს პროცედურულად. ტერფის მეჭეჭი მუშავდება სკალპელით და ასევე, ვყინავთ აზოტით.

ტერფის მეჭეჭი არ არის სისხლში, მაგრამ არის ქსოვილში, მეჭეჭს აქვს ფესვები, რომლებიც ქსოვილში საკმაოდ ღრმად აღწევს და მოშორებაც ძალიან ძნელია.

  • რამდენად საზიანო შეიძლება იყოს მჭიდრო ფეხსაცმელი, განსაკუთრებით სიცხეში?

ფეხსაცმელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ხშირი მიზეზი ამ დაავადებებისა, სწორედ ფეხსაცმელია. პაციენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ფეხსაცმელი კარგად უნდა იყოს მორგებული ფეხზე და რაც მთავარია, ფეხსაცმლის ცხვირი უნდა იყოს ფართო, რაც შეიძლება ნაკლები შემხებლობა უნდა ჰქონდეს ფრჩხილის ფირფიტასა და ფეხსაცმელს. 

ფეხსაცმლით გამოწვეული კოჟრიც საკმაოდ ხშირია. ჩვენ ბევრი პაციენტი გვყავს, რომლებსაც სპეც (დამცავი) ფორმის ფეხსაცმლის ტარება უწევთ, ის ფეხსაცმელი კი აწვება ქსოვილს, შემდეგ ქსოვილი მაგრდება და წარმოიშობა კოჟრი.

ზოგიერთ შემთხვევაში ტერფის კოჟრი შეიძლება წარმოიქმნას მჭიდრო ფეხსაცმელში, როდესაც თითები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის მიდგმული. ამიტომ აუცილებელია, ჩვენი თითები იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები შემხებლობა იყოს ფეხსაცმელს, თითებსა და ფრჩხილის ფირფიტას შორის.

უკრაინაში ნაღმზე აფეთქებულ ყოველ 8 სამოქალაქო პირს შორის ერთი ბავშვია – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის 17 აპრილის ანგარიში უკრაინის ტერიტორიაზე ნაღმებთან დაკავშირებულ სამოქალაქო მსხვერპლს ეხება. როგორც უწყება ვარაუდობს, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მსგავსი შემთხვევები სავარაუდოდ იმატებს.

დაზვერვის ბრიტანელი ექსპერტების მონაცემების თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ნაღმის აფეთქების გამო სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა 750-ს აჭარბებს. მსხვერპლს შორის რვიდან ერთი ბავშვია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამოქალაქო პირებს შორის ნაღმის აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლი უკრაინაში ყოველდღიურად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმედ დაზარალებული რეგიონებია ხერსონი და ხარკოვი, ის ტერიტორიები, რომლებიც რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული.

„გაზაფხულის დადგომასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ხალხის რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება ნაღმებზე აფეთქების სამოქალაქო ინციდენტების რისკები“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის ექსპერტების შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას, სავარაუდოდ, მინიმუმ ათწლეული დასჭირდება.

 

_________

მთავარი ფოტო: უკრაინელი ჯარისკაცები განაღმვენ ჭურვის ნაშთებს ხარკოვის მახლობლად მინდორში, უკრაინა, 2022 წლის 8 მაისი. EPA-EFE/SERGEY KOZLOV

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 182 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 590]
  • ტანკი – 3 660 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 087 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 804 ერთეული [+9]
  • MLRS – 538 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 347 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 672 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 328 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 407 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 764 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 699 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 086 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 606 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 552 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის 17 აპრილის ანგარიში უკრაინის ტერიტორიაზე ნაღმებთან დაკავშირებულ სამოქალაქო მსხვერპლს ეხება. როგორც უწყება პროგნოზირებს, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მსგავსი შემთხვევები სავარაუდოდ იმატებს:

უკრაინაში ნაღმზე აფეთქებულ ყოველ 8 სამოქალაქო პირს შორის ერთი ბავშვია – ბრიტანეთის დაზვერვა

ქობულეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონი დაიხარჯება

ქობულეთის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციოდ აჭარის ბიუჯეტიდან 6,2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამუშაოების შესყიდვაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 6 მილიონ 298 ათასი ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.

ქობულეთის ცენტრალური პარკი / რენდერი პროექტიდან

პირობის მიხედვით, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 360 დღეში უნდა დასრულდეს; თუმცა, 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით [საზაფხულო სეზონზე] მიმწოდებელს, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, შესაძლებელია სამუშაოების შეჩერება მოუწიოს.

ტენდერი თუ შედგა, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო პროცედურებისა და აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ქობულეთში, განახლებულ პარკს, დიდი ალბათობით, 2024 წელს, წინასაარჩევნოდ გახსნიან. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო პროექტი მერიას 2021 წლის დეკემბერში უკვე შესყიდული ჰქონდა.

რაც შეეხება ტენდერში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს, მას „2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 13 აპრილამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების (ერთი პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 მილიონი ლარის სამუშაოები.“

ქობულეთის ცენტრალური პარკი / რენდერი პროექტიდან

პროექტში, რომლის მიხედვითაც ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ქობულეთის მერიას 60 ათასი ლარი აქვს გადახდილი შპს „მორფ 9.4“-ისთვის.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „მორფ 9.4“ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც მუნიციპალიტეტის მიერ, ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის N279-ში მდებარე ცენტრალური პარკის მოდერნიზაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა [კონკურსიც 60 ათასი ლარით იყო გამოცხადებული].

ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის 2021 წლის 19 ოქტომბერს დაიდო, პროექტი კი, ქობულეთის მერიას, იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ჩაჰბარდა.

2021 წელსვე, კონკურსის გამოცხადებამდე, ქობულეთის მერია ბაზარს იკვლევდა.

ამ თემაზე ვრცლად:

ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება

75 წლის კაცმა და 67 წლის ქალმა მართვის მოწმობა აიღეს – I კვარტალში 1739 მართვის მოწმობა გაიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1739 მართვის მოწმობა გაიცა.

ყველაზე ასაკოვანი პირები, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს 75 წლის კაცი იყო თბილისიდან და 67 წლის ქალი კახეთიდან.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს 6 732 მართვის მოწმობა გაიცა. აქედან ყველაზე ასაკოვანი პირები, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს – 71 წლის კაცი და 69 წლის ქალი იყო.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში მართვის მოწმობა საქართველოს მოქალაქეების გარდა აღებული აქვთ რუსეთის, უკრაინის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, აშშ-ის, ყაზახეთის, კანადის, გერმანიის, ბელარუსის, თურქეთის, ნიგერიის, შრი-ლანკის, ირანის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, სომხეთის, ლიბანის, პორტუგალიის, ლატვიის მოქალაქეებს.

Exit mobile version